ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზაფხულისთვის ბათუმში ბრენდული სასტუმროები დაჯავშნილია

სასტუმროების მენეჯერების ინფორმაციით, წელს ბათუმში ყველაზე მეტი დამსვენებელი შვიდ ივნისს ჩამოვა. ამ დღეს ბათუმში ცნობილი ამერიკული ბენდის – Maroon 5 -ის კონცერტია დაგეგმილი. საკურორტო სეზონისთვის ნომრები სხვა დღეებისთვისაც უკვე დაჯავშნილია. რომელი ქვეყნიდანაა უფრო მეტი დაკვეთა – ამ ინფორმაციას სასტუმროები ასაიდუმლოებენ. ტურიზმის დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ ამაზე, ჯერჯერობით, ინფორმაციას არ ფლობენ.

სასტუმრო „გალოგრეს“ მენეჯერის ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების მეტი ნაწილი ზაფხულისთვის უკვე დაჯავშნილია. „ზარები ყოველდღიურად შემოდის, სეზონის დასაწყისისთვის შესაძლებელია ნომერი აღარ გვქონდეს თავისუფალი“, – ამბობს ასია ტატევოსიანი. „გალოგრე“ ოცდათოთხმეტნომრიანი სასტუმროა და სამოცდაათი სტუმრის მიღება შეუძლია ერთდროულად.

სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერის ინფორმაციით, ნომრები უკვე დაჯავშნილია „შერატონშიც“, თუმცა არ აკონკრეტებენ დაჯავშნილი ნომრების რაოდენობას.

მენეჯერებისა და ადმინისტრატორების ინფორმაციით, ნომრები ზაფხულისთვის უკვე დაჯავშნილია სასტუმროებში – „რადისონ-ბათუმში“, „ჰილტონში“, ასევე „ინტურისტსა“ და „ლეო გრანდში“.

გასულ წელთან შედარებით დადებით დინამიკაზე საუბრობენ ტურისტულ სააგენტო „არგოტურშიც“. სააგენტოს ხელმძღვანელის, ზურაბ ბარბაქაძის თქმით, ამ დროის მონაცემები უფლებას აძლევს თქვას, რომ „სეზონი ტურისტული თვალსაზრისით ცხელი იქნება“.

„ჩვენ უკვე გვაქვს შეკვეთები ექსკურსიებზე და მომხმარებელი ძალიან კმაყოფილია. იმ შეხვედრებითაც თუ ვიმსჯელებთ, რაც ამ ბოლო დროს სასტუმრო „რადისონსა“ და „კოლიზეუმში“ გვქონდა, შეიძლება ითქვას, რომ წელს უფრო მეტი ტურისტი გვეყოლება“, – ამბობს ზურაბ ბარბაქაძე. იმავეს ამბობენ სააგენტო „აჭარატურშიც“.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მერი ემირიძის ინფორმაციით, ძირითადად მოთხოვნა მოდის იმ პერიოდებზე, როცა ბათუმში ცნობილი ჯგუფების კონცერტებია დაგეგმილი: „ამ დროს [ცნობილი ჯგუფების კონცერტები] არც ერთ ბრენდულ სასტუმროში არ არის ადგილი. 4 ივნისიდან 8 ივლისამდე გვაქვს პრესტური და ჩვენც ძალიან გაგვიჭირდა ამ დროისთვის თავისუფალი ნომრების პოვნა, სამი ადამიანი გვინდოდა დაგვებინავებინა მაღალი კლასის სასტუმროში და ნომერი ვერ ვნახეთ. დავურეკეთ როგორც მაღალბიუჯეტიანებსა და ბრენდულებს, ასევე დაბალბიუჯეტიანებსაც, რომლებიც არის ნორმალური სასტუმროები.

რაც შეეხება დაბალბიუჯეტიან სასტუმროებს – ამ დღეებში [ივლისის დასაწყისი] იქაც ნომრების ოთხმოცდაათი პროცენტი უკვე დაჯავშნილი ან გაყიდულია. შემდეგი პიკი მოდის ჯაზფესტივალის პერიოდზე. მთლიანად სეზონს თუ გადავხედავთ, უკვე არსებული ჯავშნებისა და გაყიდვების მიხედვით მოთხოვნა არის მაღალი. განსაკუთრებით ეს ეხება ბათუმში არსებულ სასტუმროებს.“

რამდენიმე პატარა სასტუმროში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ წელს ისეთი მოთხოვნა არ არის, როგორიც გასულ წელს, ამ დროს იყო.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურისტების რაოდენობის ზრდას განსაკუთრებით 10 სამიზნე ქვეყნიდან ელოდება (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, პოლონეთი, ლიტვა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი).

დეპარტამენტის ცნობით, გარდა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისა, რომლებიც რეგიონის სტუმრებს წელს „ჰით ბათუმის“ ფარგლებში ელით, ტურისტებს საშუალება აქვთ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტებით ისარგებლონ, რომლებიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ შეიმუშავა. ესენია: მირვეთის ექსტრემალური ველომარშრუტი, მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტი, ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი და ქედა-შუახევის გასტრონომიული მარშრუტები.

სტატიის სათაური რედაქტირებულია.

ბათუმში მეტადონის მარილისა და ჰეროინის შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1970 წელს დაბადებული გიორგი დ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 19,096 გრ ჰეროინი და 0,45 გრ მეტადონის მარილი ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).


რატომ ეწევიან საჯარო მოხელეები სიგარეტს ტუალეტებში

ოთხსართულიან შენობაში, სადაც აჭარის სამინისტროებია განთავსებული, თითქმის ყველა სართულზე წააწყდებით გაფრთხილებას – „მოწევა აკრძალულია“. ნიშნების სიმრავლის მიუხედავად, სამი სამინისტროს დერეფნებსა და საპირფარეშოებში საჯარო მოხელეები სიგარეტს ეწევიან. ბათუმის მერიის შენობაში კი ე.წ. „მოსაწევი კუთხე“ საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან, ჰოლშია მოწყობილი.

დადგენილი წესის მიხედვით, საჯარო მოხელეები ღია სივრცეში, ამოსასვლელი კიბეების კუთხეში უნდა ეწეოდნენ, სადაც ერთი სანაგვე ურნა და საყვავილე დგას. თუმცა მწეველ საჯარო მოხელეებს სართულების ჩამოვლას დერეფნის ბოლოში ფანჯრებთან ან სამინისტროების ტუალეტებში მოწევა ურჩევნიათ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელიც სწორედ ასე იქცევა.

`მესამე სართულზე გვაქვს სპეციალური მოსაწევი, მაგრამ ზოგჯერ აქაც ვეწევით“, – გვეუბნება გიორგი მიქელაძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მისი აზრით, ყველა მოწევაზე ხუთი სართულის ჩავლა და ღია სივრცეში გასვლა არასასიამოვნოა. სიგარეტის მოსაწევად დერეფნის ბოლოსკენ მოემართებიან პაატა ბერიძე და ირაკლი ფილიაც. თუმცა, როცა „ბათუმელების“ სტუმრობის მიზეზს იგებენ, სიგარეტის ღერს აღარ უკიდებენ და კაბინეტში ბრუნდებიან.

ის, რომ შენობაში „მოწევა აკრძალულია“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმაც იციან. თუმცა რუბენ დუმბაძეც, რომელიც სამინისტროს მთავარი სპეციალისტია, დერეფნის ბოლოსკენ მიემართება. ხელში სიგარეტის ღერი უჭირავს, თუმცა ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ მოწევას არ აპირებდა. „ისე მიჭირავს ხელში. ძირითადად ქვემოთ ჩავდივარ, პირველ სართულზე და იქ ვეწევი“, – გვეუბნება ის.

სამინისტროს ტუალეტები მოსაწევ ადგილებად რომ არის გამოყენებული, ეს ღია კარებიდანაც ჩანს. ფერფლი და სიგარეტის ნამწვი ყველგან ყრია, როგორც ქალების, ასევე კაცების ტუალეტებში.

ანალოგიური ვითარებაა ჯანდაცვის სამინისტროშიც. მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე ამბობს, რომ ურჩი თანამშრომლების მიმართ სამინისტრო სანქციებსაც იყენებს, რომელიც მეტ-ნაკლებად ამართლებს: „მოწევაზე დავაწესეთ სასჯელები, პრემიას აღარ ვუწერდით იმ თანამშრომლებს, რომლებიც კანონს არღვევდნენ.“ მისი თქმით, ყველაზე ხშირად სამინისტროს აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ისჯებიან, რადგან ისინი სიგარეტის მოწევაზე უარს არც კაბინეტში ამბობენ.

„მიმაჩნია, რომ მკაცრად უნდა იყოს დაცული კანონი და ადმინისტრაციული დასჯის მეთოდებიც უნდა გამოვიყენოთ“, – ეს ლევან გორგილაძის აზრია. ასევე, მისი აზრით, შეუძლებელია კანონის შესრულება, რომელიც არ რეგულირდება და არ მოწმდება:

„სამართლებრივი აქტი უნდა იყოს შესრულებადი. თუ მეათე სართულზე მუშაობ და არ გაქვს მოწევის შესაძლებლობა, მწეველი აუცილებლად დაარღვევს კანონს. კანონი კრძალავს საპირფარეშოს გამოყენებას მოსაწევ ადგილად, ამიტომ, ადმინისტრაციულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ სპეციალური მოსაწევი კუთხეების მოწყობა“.

სტანდარტის მიხედვით, მოსაწევი კუთხე აუცილებლად უნდა იყოს ღია სივრცეში ან ფანჯარასთან, არ უნდა გადიოდეს სხვა ოთახში და არ უნდა იყოს საკვები, დასასვენებელი ოთახის გვერდით ან საპირფარეშოში. ეს ნორმები, ფაქტობრივად, იგნორირებულია ბათუმის მერიაში, სადაც მწეველები დახურულ ჰოლში, საკრებულოს თავმჯდომარის ოთახის გვერდით ეწევიან.

„დღეში სამ კოლოფ სიგარეტს ვეწევი, ერთი სიგარეტის მოწევას მინიმუმ ხუთი წუთი ხომ სჭირდება, ეს რომ 60 ღერზე გავამრავლოთ, გამოდის ხუთი საათი წინ და უკან სირბილს უნდა მოვანდომო, რომ მოვწიო“, – გვეუბნება საკრებულოს წევრი, ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე, დიმიტრი დარჩია.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რატომ არღვევს კანონს და სხვა, არამწეველი ადამიანების უფლებებს, დიმიტრი დარჩია მიიჩნევს, რომ საჯარო დაწესებულებებში სიგარეტის მოწევის აკრძალვით, მისი, როგორც მწეველის, უფლებაც დარღვეულია.

„მე ჩემს კაბინეტში მოწევის უფლებას ვაძლევ ყველას, მათ შორის მოქალაქეებსაც“, – გვეუბნება ის. მისი აზრით, ამის გამო მას არც ჯარიმა უნდა ეკუთვნოდეს, `ამის კონტროლი მაინც არც ერთ დაწესებულებაში არ ხდება.“

მერიის თანამშრომელს ნუკრი დეკანაძეს სიგარეტის კოლოფი მაგიდაზე უდევს. „ვინმე რომ მოვა, მივაწოდებ მოსაწევად“, – ამბობს ის და დასძენს, რომ მოსაწევად კაბინეტის გვერდით, ფანჯარასთან გადის.

„მართლა ეგ გაინტერესებთ, ვინ სად ეწევა სიგარეტს?“ – გვეუბნება მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც დერეფანში ასევე სიგარეტით ხელში მოდის. თუმცა შემდეგ დასძენს, რომ მეორე სართულზე „რაღაც საქმეზეა ამოსული“ და სიგარეტს მხოლოდ ეზოში ეწევა.

საკრებულოს წევრი თენგიზ აფხაზავა მიიჩნევს, რომ სიგარეტის მოწევა ადმინისტრაციულ შენობაში უნდა აიკრძალოს. თუმცა კანონი ამას ისედაც კრძალავს. „ჩემი ოთახი ნაკურთხია“, – გვეუბნება ის და კედელზე მიწებებულ ჯვრიან სტიკერს გვაჩვენებს: – „აქვეა ხატების კუთხეც. ესეც რომ არ ყოფილიყო, სიგარეტის მოწევის უფლებას აქ არავის ვაძლევ.“

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საკრებულოში არსებობს 2007 წლის 5 მარტის ბრძანება, რომლის მიხედვით ჩამოთვლილია ის ადგილები, სადაც სიგარეტის მოწევა აკრძალულია. მათ შორისაა ჰიგიენური წერტილები, კიბის უჯრედები, მოსაცდელი ოთახები, მცირე ზომის დახურული კონსტრუქციები და ა.შ. ბრძანებაში მითითებული არ არის ადგილი, სადაც მოწევა დაშვებულია.

170516-1233(002)პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ხნის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, საკრებულოს თავმჯდომარეს თამბაქოს კონტროლის წესების დარღვევის გამო რომელიმე პირის მიმართ სამართალდარღვევათა ოქმი შეედგინოს ან ინფორმაცია სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის მიეწოდებინოს.
`მოსაწევი ადგილების განსაზღვრას ადმინისტრაციულ შენობაში ან თამბაქოს კონტროლს კანონი თვითმმართველობას არ ავალდებულებს“, – გვეუბნებიან მერიის პრესსამსახურში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში კი ამბობენ, რომ სწორედაც პირიქით – იურისტ პაატა დიასამიძის განმარტებით, შენობაში თამბაქოს მოხმარების წესი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელებმა ბრძანებით უნდა განსაზღვრონ:

„თუ მოსაწევი სივრცეები ბრძანებით არ გამოიყოფა, მაშინ შენობაში მოწევა საერთოდ იკრძალება. კანონის დარღვევის შემთხვევაში, ხელმძღვანელმა პირებმა უნდა გამოწერონ სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც იგზავნება სამართალდამცავ ორგანოში, რათა მოხდეს ამ ოქმის სასამართლოში წარდგენა“.

„თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის“ მიხედვით, საჯარო დაწესებულებებში, სადაც მოსაწევი ადგილის გამოყოფის საშუალება არ არის, მოწევა იკრძალება. პირველ შემთხვევაში კანონის დამრღვევი 5 ლარით ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი – 50 ლარით.

`თამბაქოს კონტროლის შესახებ~ საქართველოს კანონის მიხედვით, დაწესებულებების ხელმძღვანელი ვალდებულია „შეიმუშავოს და დაამტკიცოს თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით შესაბამის დაწესებულებაში მოქმედი წესები ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სათანადო ზომების მიღება“.

იურისტ პაატა დიასამიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი კანონი ირღვევა და ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელი კანონდარღვევაზე არ რეაგირებს, ამით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ.

იარაღის უკანონო ტარების საქმეში პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი გაიშიფრა

იარაღის უკანონო ტარებას გამოძიება იაგო ც.-ს ედავება. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს, თუმცა სხდომა მიმდინარე წელს საერთოდ არ ჩანიშნულა, მას შემდეგ, რაც საქმეში პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი, ე.წ. კონფიდენტი გაიშიფრა. სამხარაულის ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნაჭერზე, რაშიც იარაღი იყო გახვეული, ბრალდებულის ნაცვლად კონფიდენტის თითის ანაბეჭდებია დარჩენილი. საქმით უკვე დაინტერესდა და მასში მონიტორინგის კუთხით ჩაერთო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

„გასული წლის მარტის ერთ საღამოს მოხდა ეს ამბავი“, – გვიყვება იაგო ც. ის ჭიდაობის მწვრთნელია. მისი ოჯახი დღემდე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მძიმე სოციალურ პირობებში. ბრალდებული საღამოობით ტაქსაობდა:

„იმ დღეს ერთ-ერთ მუდმივ კლიენტს დავურეკე და თანხის დაბრუნება მოვთხოვე. 65 ლარი მქონდა ასაღები. ვიღაც კაცმა გადმომირეკა, მე დაგიბრუნებ ამ ქალის ვალს, აღმაშენებელზე შემხვდიო. მივედი, ჩამიჯდა მანქანაში და მთხოვა, „ხოფის“ ბაზრობაზე შესასვლელშივე უნდა იყოს ჩემი მოვალე, ახალგაზრდა ბიჭი თუ დგას, აბა ნახე, შესაძლოა, მამამისი იყოს და არ მინდა, იმას შევხვდეო. ვნახე, მოხუცი კაცი იდგა და გამოვბრუნდი. მაშინ რურუას ქუჩაზე წავიდეთ და იქედან წამოვიღებ ფულსო. რურუაზე ერთ კორპუსში შევიდა და რამდენიმე წუთში ჩემთან სამოქალაქო ფორმაში მყოფი პოლიციელები გამოჩნდნენ. მანქანის ჩხრეკაზე უარი არ მითქვას. ჩემი სავარძელი როცა გადმოწიეს, ნაჭერი გამოჩნდა. ნაჭერში პისტოლეტი იყო გახვეული, ვაზნები ცალკე ეწყო.“

ბრალდებულის მტკიცებით, მისი მანქანა გაჩხრიკეს და დაკავების ოქმი შეადგინეს: ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილების მაშინდელმა უფროსმა გენადი მახარაძემ (ის ამჟამად ამ თანამდებობაზე აღარ მუშაობს. ავტ.) და მისმა მოადგილე ვაჟა დევაძემ. „კიდევ ორი თანამშრომელი იყო, მაგრამ სასამართლოში ჩვენება მათ ნაცვლად სხვა პოლიციელებმა – რუსლან გრიგოლიანმა და ირაკლი წივწივაძემ მისცეს. მხოლოდ ვაჟა დევაძე ვნახე სასამართლოში. ასე თქვა: ამბავი გავიგე და ჯგუფი გავგზავნეო, სინამდვილეში თვითონ იყო მოსული, მაგან დამაკავა“.
ბრალდებული დაკავებიდან რამდენიმე დღეში 3 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. იაგო ც.-მ სამხარაულის ექპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა დნმ-ს შესამოწმებლად: „მართალი რომ არ ვყოფილიყავი, 2550 ლარს არ გადავიხდიდი. ვერაფერი გავიგე რა ხდებოდა ჩემს თავს, რა უნდოდათ, ვის რა დავუშავე“.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცეცხლსასროლ იარაღზე, ასევე ნაჭერზე, რაშიც იარაღი იყო გახვეული, არ აღმოჩნდა ბრალდებულის თითის ანაბეჭდები. მორიგი ექსპერტიზა თავად გამოძიებამ დანიშნა. „ჩვენ მოვითხოვეთ შემოწმებულიყო ეკუთვნოდა თუ არა თითის ანაბეჭდი იმ პირს, ვისზეც ეჭვი გვქონდა, ანუ ვინც ბრალდებულის მანქანაში ჩაჯდა იმ საღამოს“, – ამბობს პაატა ბოლქვაძე, რომელიც ბრალდებულის ერთ-ერთი ადვოკატია: „ამ დროისთვის ამ პირს, გივა ა.-ს უკვე ჰქონდა მიცემული ჩვენება პოლიციისთვის. მან თქვა, რომ არავითარი საერთო ბრალდებულთან არ ჰქონდა და, უბრალოდ, ტაქსით ისარგებლა. მოგვიანებით, როცა ექსპერტიზამ დაადგინა ამ პირის თითის ანაბეჭდი ნაჭერზე, რაშიც იარაღი იყო გახვეული, მან სასამართლო სხდომის დახურვა მოითხოვა. მოწმემ სასამართლოს უთხრა, რომ ის პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი, ანუ კონფიდენტია და ინფორმაცია პოლიციას იარაღის შესახებ თვითონ მიაწოდა. რადგან გამოსავალი აღარ დარჩა, კონფიდენტმა თქვა, რომ ის შემთხვევით ჩაჯდა ბრალდებულის ავტომანქანაში და იაგო ც.-ს ჰკითხა, არაა საშიში ტაქსაობაო? ამის პასუხად, ტაქსის მძღოლმა იარაღი მაჩვენაო, ეს მაქვს და არ მეშინიაო. კონფიდენტი ირწმუნება, რომ იარაღს სწორედ ამ დროს შეეხო ხელით“.

ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

ბრალდებული იაგო ც. ამტკიცებს, რომ გივი ა-სთან მას მანამდე არავითარი ნაცნობობა არ აკავშირებდა და არც სამართალდამცავებთან ჰქონია პრობლემები.

საქმის მასალების მიხედვით კი, კონფიდენტი გივი ა. წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი ნარკოდანაშაულისთვის. მან სასამართლოს უთხრა, რომ სიმართლე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში იმიტომ ვერ თქვა, რომ საიდუმლო თანამშრომელია და არ ჰქონდა იმის თქმის უფლება, რომ ინფორმაცია სავარაუდო დამნაშავის შესახებ სწორედ მან მიაწოდა პოლიციას.

საქმის მონიტორინგი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ უკვე დაიწყო. აქ ამბობენ, რომ გაიზარდა იმ მოქალაქეთა მომართიანობა, რომლებიც პოლიციელთა მხრიდან კანონის გადაცდომაზე საუბრობენ [იარაღის, ნარკოტიკის ჩადება], რაც სერიოზულ რისკს შეიცავს. „იკვეთება მთელი რიგი საეჭვო გარემოებები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს იმ პოლიციელთა საქმიანობას, რომლებიც მონაწილეობდნენ ი.ც-ს დაკავებაში. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იარაღზე და იმ ნაჭერზე, რომელშიც გახვეული იყო იარაღი, არ აღმოჩნდა ი.ც-ს დნმ-ის კვალი. მაგრამ აღმოჩენილი დნმ-ს კვალი ეკუთვნის საქმის მთავარ მოწმეს, რომელიც ბრალდებულის განცხადებით არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო თანამშრომელი (კონფიდენტი). ამიტომ, აღნიშნული გარემოება აძლიერებს მოსაზრებას დანაშაულის იარაღის ხელოვნურად „ჩადებაზე“, – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ხიმშიაშვილმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.
გაშიფრული კონფიდენტის ჩვენება მოსამართლე ხვიჩა კიკალიშვილმა მოისმინა. ის იანვრიდან ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარე გახდა. საქმე მოსამართლე ირაკლი შავაძემ გადაიბარა. ბრალდებულმა კი გვითხრა ისიც, რომ ექპსპერტიზის დასკვნის შემდეგ, მას საქმის პროკურორი თორნიკე მარსაგიშვილი პირადად შეხვდა და განრიდება შესთავაზა. „ვიცი, რომ ასეთი შეთავაზება ჯერ არავისთვის გაუკეთებიათ, მაგრამ მაინც უარი ვთქვი, რადგან არ მინდა ის ვაღიარო, რაც არ ჩამიდენია“, – ამბობს იაგო ც.

ბრალდებულ იაგო ც-ს დაკავებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. გივი ა-მ თავისი კონფიდენტობის შესახებ სასამართლოში 2015 წლის ნოემბერში განაცხადა. მას შემდეგ, დღემდე, ამ საქმეზე სასამართლო პროცესი არც ერთხელ არ გამართულა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პოლიციაში მუშაობას კვლავაც აგრძელებენ ის პირები [გარდა ერთისა], რომლებიც, ბრალდებულის ინფორმაციით, მის დაკავებაში მონაწილეობდნენ.

დღეს დანდალოს თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ უფასო სამედიცინო აქციების ფარგლებში, მორიგი აქცია დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს თემში ჩატარდება.

ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურებას  ბათუმის N1 პოლიკლინიკის ექიმები გაუწევენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებულია: ლარინგოლოგით, ოფთალმოლოგით, უროლოგით, პედიატრით, ფტიზიატრით, კარდიოლოგით, ალერგოლოგით, ენდოკრინოლოგითა და ექოსკოპისტით. ისინი მოსახლეობას სხვადასხვა კვლევებს ჩაუტარებენ.

 

სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში [ფოტორეპორტაჟი]

სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე
სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში / 26.05.2016 / ფოტო: თორნიკე თავაძე

უცნობი ყადირ შერვაშიძე

სულხან სალაძე

დღეს 2016 წლის 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ვინმეს რომ ვკითხო, 1897 წლის 24 აგვისტოს შესახებ რამე ხომ არ ახსენდება, ალბათ პასუხი იქნება – არა. არადა, 1897 წლის 24 აგვისტოს აჭარაში სტუმრად მყოფმა თედო სახოკიამ ქედიდან ბათუმისაკენ აიღო გეზი.

ბათუმისკენ ცხენით მიმავალ ეთნოგრაფს ოთხი თანამგზავრი ახლდა თან. ორი თუფან ბეგის შვილი იყო, ორიც ბეგის ნათესავი. ოთხივე ყმაწვილი, რომლებიც შესანიშნავი ქართულით საუბრობდნენ, ბათუმში ახალგახსნილ გიმნაზიაში უნდა მიებარებინათ. თუფან ბეგის ორი შვილიდან ერთი ათი წლის ყადირ შერვაშიძე იყო. ის ყადირ შერვაშიძე, რომელმაც ამ ამბიდან 21 წლის შემდეგ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს მოაწერა ხელი. თუმცა, ყადირ შერვაშიძის შესახებ ბევრმა მაინც არაფერი იცის.

და ვინ იყო ყადირ შერვაშიძე? მშობლებზე თუ ვიტყვით, მამა თუფან ბეგი, ქვემო აჭარის მმართველი იყო, დედა – ავალიანის ქალი. თავად 1887 წლის ივნისის ბოლოს წინა დღეს დაიბადა. განათლება ჯერ ოჯახში მიიღო. 1897-1899 წლებში ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის მოსამზადებელ განყოფილებაში მიაბარეს. ამის შემდეგ 1905 წლამდე ბათუმის გიმნაზიაში სწავლობდა. მერე უკვე თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც 1909 წელს დაამთავრა და ჯერი სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელებაზე მიდგა. იმავე წელს ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში გადაწყვიტა სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაბარება. მატარებლით დაადგა ტარტუს გზას. მატარებლით მოგზაურობისას გაიცნო ნადეჟდა (ცუცა) ბახტაძე, ვისზეც 1914 წლის ოქტომბერში ტალინის რეველის კათოლიკურ ეკლესიაში დაიწერა ჯვარი. ჯვრისწერა კი უცნაური იყო, მუსლიმანი ქართველი, მართლმადიდებელ ქართველზე ქორწინდებოდა და ჯვარს კათოლიკურ ეკლესიაში იწერდა. ამავე დროს ორივე თავის რელიგიაზე რჩებოდა.

ყადირ შერვაშიძე
ყადირ შერვაშიძე
ქორწინებიდან მალე ბობოქარი და ფათერაკებით სავსე ცხოვრების დრო დგება. ამასობაში პირველი მსოფლიო ომიც ხურდება და ახალგაზრდა ექიმი, პრაქტიკულად, უნივერსიტეტიდან პირდაპირ ფრონტის ხაზზე მიდის. ძირითადად ართვინი-ერზერუმი-ყარსი-კაგიზმანის მონაკვეთზე. მერე პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა და 1916 წლის ბოლოს ბათუმში ბრუნდება, სადაც „ავადმყოფ და დაჭრილ მებრძოლთა დახმარების სრულიად რუსეთის ერობის კავშირის“ რწმუნებულად იწყებს მუშაობას. პარალელურად „წითელი ჯვრის“ საქმიანობაში მონაწილეობს და ქედაში არსებული ორსართულიანი სახლის იმ ნაწილს, რომელიც მას ეკუთვნის, უსასყიდლოდ უთმობს საავადმყოფოს.

1917 წლიდან სხვა ცხოვრება იწყება, ჯერ იყო და თებერვალში, ბათუმში, „აზიზიეს“ მეჩეთში შეკრებილ იმ ადამიანთა შორის ჩნდება, რომლებმაც „ქართველ მუსლიმანთა კომიტეტი“ დააარსეს. კომიტეტის წევრის სტატუსით ბევრს შრომობს საიმისოდ, რომ ბათუმი და მთლიანად აჭარა იქ იყოს, სადაც დანარჩენი საქართველო. იმავე წლის ნოემბერში, საქართველოს ეროვნული საბჭოს ყრილობის დელეგატად ირჩევენ აჭარიდან. ერთი შეხედვით, აჭარასაც ისევე უნდა ეზეიმა მოახლოებული საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც სრულიად საქართველოს. თუმცა, 1918 წლის აპრილის დასაწყისში ბათუმი ოსმალეთმა დაიკავა. ამას „ქართველ მუსლიმანთა კომიტეტის“ ნაწილის დაპატიმრება და ტრაპიზონის ციხეში გამოკეტვა მოჰყვა. შედეგად, ყადირ შერვაშიძე ქემალ ნოღაიდელის, სულეიმან დიასამიძის, ჰაიდარ აბაშიძისა და ხასან თხილაიშვილის ერთად თბილისში გადადის და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე 11 დღით ადრე „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ თანადამფუძნებელი ხდება. კომიტეტი ყადირს ახალციხეს აბარებს და ამით მისი ცხოვრების კიდევ ერთი ეტაპი იწყება.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ყადირს საგანგებო რწმუნებულის სტატუსს ანიჭებს ახალციხის, ზემო აჭარისა და ფოცხოვის უბანში. თუმცა ეს არ იყო ყველაფერი. ყადირის უშუალო მონდომებითა და მეცადინეობით სამუსლიმანო საქართველოს კომიტეტი ქედაში, ჭვანაში, დიდაჭარაში, ხიხაძირსა და ხულოში ერთმანეთის მიყოლებით ხსნის განყოფილებებს, რომლებსაც საბოლოოდ აჭარა საქართველოს შემადგენლობაში უნდა დაეტოვებინა.

სულ სხვა ამბავია მისი მოწოდება მუსლიმანი ქართველებისადმი და ბერლინში გამგზავრების ისტორია. დიდწილად სწორედ ბერლინში უნდა გადაწყვეტილიყო აჭარის საქართველოში შემადგენლობაში დარჩენა- არდარჩენის საკითხი. არადა, ამ დროს ოსმალეთი უკვე ბათუმში იდგა და მოჩვენებითი რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით საკითხსაც გადაწყვეტილად მიიჩნევდა. ათასი ხიფათისა და დაბრკოლების მიუხედავად, სამუსლიმანო საქართველოს კომიტეტის მიერ, 1918 წლის ზაფხულის ბოლო თვეს, ბერლინში ზია აბაშიძესთან ერთად ჩადის. მათი ძალისხმევითა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელთა მონდომების შედეგად, ოსმალეთს ბათუმიდან წასვლა მოუწია. ბერლინში ყადირის მიერ გაწეული ძალისხმევა იმდენად დიდი იყო, რომ იქვე, ბერლინში, ქართული ლეგიონის სამახსოვრო ორდენით დააჯილდოეს.

ბერლინი,1918 წელი. ფოტო: თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი. გურამ შარაძის კერძო კოლექცია. ყადირ შერვაშიძე - მარცხნიდან მეხუთე.
ბერლინი,1918 წელი. ფოტო: თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი. გურამ შარაძის კერძო კოლექცია. ყადირ შერვაშიძე – მარცხნიდან მეხუთე.

1919 წლის აპრილში, როცა არავინ არაფერს ელოდა და ისიც მორიგ სხდომაზე დასასწრებად ქუთაისის გავლით თბილისში უნდა გამგზავრებულიყო, ქუთაისში ჩასულმა თავი ცუდად იგრძნო. თბილისში მაინც ჩავიდა. მერე მდგომარეობა უფრო გართულდა და დამძიმდა, მაგრამ ავადმყოფობის მიზეზი ვერავინ გაიგო. 1919 წლის 8 მაისს, 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზის დაუდგენლობის მიუხედავად ზოგიერთ თანამებრძოლს მიაჩნდა, რომ ყადირ შერვაშიძე მოწამლეს.

ყადირის გარდაცვალებიდან მეორე დღეს დამფუძნებელმა კრებამ ფეხზე ადგომით მიაგო პატივი მათივე წევრის – ყადირ შერვაშიძის ხსოვნას. ოფიციალური ცნობა გამოაქვეყნა მთავრობამაც. სტატიები დაიბეჭდა „ერთობასა“ და „სახალხო გაზეთში“.

1919 წლის 10 მაისს, საღამოს ხუთ საათზე, თბილისში, სუდებნის (ზუბალაშვილის) ქუჩის #16-ში შეკრებილმა ზღვა ხალხმა ყადირ შერვაშიძე აჭარისაკენ გამოაცილა. ბათუმში, აზიზიეს მოედანი ხალხით გადაჭედილი დახვდა. მერე ქედაში წაასვენეს და მისივე სახლის გვერდით დაკრძალეს.

ბოლოსკენ ყველაზე მთავარი. მთავარი, რომელიც დღევანდელ დღეს და საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს უკავშირდება. 1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1918 წლის 26 მაისს – საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი დაადასტურა. დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა სიის მესამე რიგში, ზემოდან ქვემოთ, მეექვსე ხელმოწერა ყადირ შერვაშიძეს ეკუთვნის. იმ ყადირ შერვაშიძეს, რომელმაც სხვა ყველაფერთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის აქტსაც მოაწერა ხელი და რომლის დაუღალავი ბრძოლის შესახებაც ბევრმა არაფერი იცის.

aqti

27 მაისს ბათუმში 7 500 აბონენტს დენის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 27 მაისს, 11-დან 18 საათამდე, ბათუმში, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7500 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

ბათუმში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ  ჯავახიშვილის, აბუსერიძის, ჭავჭავაძის, რუსთაველის, გრიბოედოვის, პუშკინის, ოძელაშვილის, გორგილაძის, გორგასლისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების აბონენტებს.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა გათიშულ აბონენტს“, – აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებაში.

ბათუმს სტამბოლის მერი ეწვია

ქადირ თოფბაში ბათუმის აეროპორტში
ქადირ თოფბაში ბათუმის აეროპორტში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დღეს ბათუმს ქალაქ სტამბოლის მერი ქადირ თოფბაში ეწვია. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ეს ქადირ თოფბაშის პირველი ვიზიტია საქართველოში.  მას აეროპორტში დახვდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტამბოლის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღეს, 17 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ქართველი და თურქი ფოტოგრაფების გამოფენას გახსნიან. გამოფენა კონცერტით დასრულდება. კონცერტს გამართავენ თურქული და ქართული ანსამბლები.

„ანსაუნდი“ 27 მაისიდან – ბათუმი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის რუკაზე

27 მაისს, საღამოს 9 საათზე, ბათუმში, ანბანის კოშკის გვერდით მდებარე შენობაში [შესასვლელი ბულვარის მხრიდან] თანამედროვე მუსიკის ფესტივალი „ანსაუნდი“ გაიხსნება.

13 წლის წინ პოლონეთში, კრაკოვში დაარსებული მუსიკალური ფესტივალი ბოლო რამდენიმე წელია კრაკოვის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება, მათ შორის: ნიუ იორკში, ლონდონში, ტორონტოში, ადელაიდეში, კიევში, ბრატისლავაში, პრაღაში და ა.შ. ფესტივალი 2012 წელს თბილისშიც ჩატარდა, ბათუმი კი წელს პირველად მოინიშნა „ანსაუნდის“ რუკაზე.

ფესტივალს ბათუმში 27 მაისს გახსნის მსოფლიო პრემიერა – AGF-ის [გერმანია] და ნატალია ბერიძის [aka TBA] [საქართველო] პირველი ლაივ კოლაბორაცია. AGF – იგივე Antye Greie ვოკალისტი, კომპოზიტორი და ხმოვანი ინსტალაციების ავტორია.

ნატალია [ტუსია] ბერიძეს, ქართველ მუსიკოსს, ფსევდონიმით – TBA – კარგად იცნობენ საქართველოში და არა მხოლოდ. მისი სახელი ელექტრონულ მუსიკას უკვე წლებია უკავშირდება.


„მსგავსი კოლაბორაცია ადგილობრივ და უცხოელ მუსიკოსებს შორის არის სწორედ ფესტივალის მიზანი,“ – ამბობს ლევან ხუჯაძე, „ანსაუნდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი ბათუმში. „ტუსია ბერიძესა და AGF-ას შორის კოლაბორაცია საგანგებოდ „ანსაუნდისთვის“ კეთდება და ეს იქნება პირველად ბათუმში.

ფესტივალი გაგრძელდება სამ დღეს, ძირითადად, ეს არის ორდღიანი პროგრამა და მესამე დღეს წარმოდგენილი იქნება მცირე, დღის პროგრამა. დავიწყებთ საღამოს 9 საათზე. შემსრულებლების ნაწილი ქართველია და მათ შორის ბათუმში კარგად ცნობილი ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან რეზო ღლონტი და ირაკლი შონია.“

მთლიანობაში ფესტივალის პროგრამა ასე გამოიყურება:

პარასკევი, 27 მაისი

AUX FIELD Live (aka rezo glonti) [საქართველო]
AGF AND TBA Live [გერმანია/საქართველო]
NINA DJ [გერმანია]
MESH Live [გერმანია/დიდი ბრიტანეთი]
JORJICK Live [საქართველო]

შაბათი, 28 მაისი

NIKA J Live [საქართველო]
SEVERIANE Live [aka vincent volt] [საქართელო]
MESH DJ [გერმანია/დიდი ბრიტანეთი]
LOTIC DJ [გერმანია/აშშ]
OLIVIA DJ [პოლონეთი]
CHINO Live [პოლონეთი]

„ანსაუნდზე“ შესვლის ფასი 10 ლარია. ბილეთის ყიდვა ვებგვერდზე და ასევე, ფესტივალზე შესვლის წინ, ადგილზე შეიძლება. ლევან ხუჯაძე ამბობს, რომ ფესტივალის დროს იმუშავებს ბარიც და ეს იქნება ფესტივალი, რომლის უპირატესობაც საინტერესო, მრავალფეროვანი გარემო და კარგი მუსიკაა ცოცხალი შესრულებით:

„ანსაუნდზე“ შემსრულებლები უკრავენ ცოცხლად იმ მუსიკას, რაზეც ამ ბოლო დროს მუშაობენ. ეს არის მათი შემოქმედების სიახლეები. საინტერესოა იმაზე დაკვირვება, სად ვართ ახლა, რა ხდება მუსიკაში ჩვენთან და სად არიან ევროპის ცნობილი და კარგი შემსრულებლები, რა მუსიკას გვთავაზობენ. პარალელურად შეგიძლია გაერთო კარგ ხალხთან, თან ძალიან სასიხარულოა, რომ ბათუმი ჩაერთო ამ ფესტივალში,“ – ამბობს ლევან ხუჯაძე.

როგორ უნდა მოხვდეთ ფესტივალზე. რუკაზე მონიშნულია შენობა, სადაც ფესტივალი იმართება.
როგორ უნდა მოხვდეთ ფესტივალზე. რუკაზე მონიშნულია შენობა, სადაც ფესტივალი იმართება.

ფესტივალი ბათუმში თბილისის გოეთეს ინსტიტუტისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

„ანსაუნდი“ წელს ბათუმის შემდეგ ჯერ ტორონტოში ჩატარდება, 10 ივნისს ნიუ იორკში გადაინაცვლებს, 16-დან 24 ოქტომბრამდე კი „ანსაუნდი“ ფესტივალის მშობლიურ ქალაქში, კრაკოვში გაიმართება.

სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი ბათუმში [ვიდეო]

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში, წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა:

  • თბილისი – თავისუფლების მოედანი;
  • კახეთი – იყალთოს მონასტრის ეზო;
  • სამეგრელო – ნოქალაქევის ციხესიმაგრე;
  • სამცხე-ჯავახეთი – ვარძიის მიმდებარე ტერიტორია;
  •  იმერეთი – ქუთაისის თეატრის წინ;
  •  აჭარა – ბათუმის ბულვარი.

ცერემონიალმა ერთგვარი ფლეშმობის სახეც მიიღო. თბილისში, თავისუფლების მოედანზე მყოფ ქვეყნის პრეზიდენტს, საქართველოს უმაღლეს მთავარსარდლს, სამხედრო ფიცის დადების შესახებ რეგიონებიდან პირდაპირი ჩართვების მეშვეობით მოახსენეს.

ბათუმი, ბულვარი. სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი / 26.05.2016
ბათუმი, ბულვარი. სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი / 26.05.2016

რამაზ სურმანიძე ბათუმის საკრებულოს ტოვებს

ბათუმის საკრებულოს წევრი რამაზ სურმანიძე საკრებულოს ტოვებს. მის განცხადებას, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, საკრებულო ხვალ, 27 მაისს განიხილავს.

„ეს არის ჩემი პირადი სურვილი და იგი არანაირ პოლიტიკას არ უკავშირდება – უთხრა „ბათუმელებს“ რამაზ სურმანიძემ – ამჟამად 4 წიგნზე ერთდროულად ვმუშაობ და დრო საერთოდ არ მრჩება. მინდა, რომ სამეცნიერო საქმეს მივხედო.“

“მიიღეთ თუ არა შეთავაზება პოლიტიკური პარტიებისგან მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის?” – “ბათუმელების” ამ შეკითხვაზე რამაზ სურმანიძემ გვითხრა, რომ შეთავაზება ბევრი აქვს: “ასაკოვანი ვარ, მაგრამ ეტყობა, აწყობთ პოლიტიკურად  პარტიულ სიაში ჩემი ყოფნა. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, გააჩნია, რა პირობებს შემომთავაზებენ, არ გამოვრიცხავ, ისევ დავბრუნდე პოლიტიკაში”.

რამაზ სურმანიძე ბათუმის საკრებულოს წევრი 2014 წელს გახდა პარტიიდან “ერთიანობის დარბაზი”. მას საკრებულოში სავარაუდოდ გოჩა ხიმშიაშვილი ჩაანაცვლებს. ის პარტიის საარჩევნო სიაში რიგით მეორე იყო. პარტიას „ერთიანობის დარბაზი” არჩევნების შემდეგ არანაირი აქტივობა აღარ ჰქონია.

რამაზ სურმანიძე ბათუმის საკრებულოში იყო ფრაქცია „ახალი ოპოზიციის“”, ასევე ჯანმრთელობისა და განათლების კომისიების წევრი.

აჭარაში ფერმერებს მოტობლოკებს გადასცემენ

აჭარაში მცხოვრებ 292 ფერმერს სასოფლო სამეურნეო ტექნიკა თანადაფინანსების  ფარგლებში 70% ფასდაკლებით გადაეცემა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იტალიური წარმოების ,,Meccanica Benassi’’-ს   ფირმის მრავალფუნქციური მოტობლოკები დაკომპლექტებულია ნიადაგდამამუშავებელი აგრეგატებით: ფრეზი–კულტივატორი, ნიადაგის შემომყრელი [კვალგამყვანი], კარტოფილის ამომთხრელი, ნიორის სათესი და  სეგმენტურთათებიანი სათიბელათი.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლეში ფერმერებს თანაგადახდის პრინციპით [ღირებულების 30%] წელს 79 ერთეულ მოტობლოკს მისაბმელ ურიკასაც გადასცემენ.

შესყიდული ტექნიკა გადანაწილდება რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტსა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებზე.  აღნიშნული ქვეპროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 078 400  ათას ლარს. მოტობლოკი 106-მა ფერმერმა უკვე მიიღო.

ბათუმში ფესტივალი „ოქროს დელფინი“ გაიხსნა [ვიდეო]

26  მაისს ბათუმში საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი „ოქროს დელფინი – ხელოვნება მსოფლიოს გარშემო“ გაიხსნა.

საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობენ: უკრაინის, პოლონეთის, ლიტვას, თურქეთის, ინდოეთის, მოლდოვას, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ცალკეული რეგიონების შემოქმედებითი კოლექტივები.

ფესტივალ-კონკურსი მსოფლიო ფესტივალების საერთაშორისო ორგანიზაცია CIOFF-ის წევრია. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის საზოგადოება.

ფესტივალი ეწყობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

26 მაისს, 18:00 საათზე, ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება მელიტონ კუხიანიძის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის საკონცერტო დარბაზში.

 

ფესტივალის მონაწილეთა აღლუმი მემედ აბაშიძის გამზირზე / ბათუმი, 26.05.2016 / ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ფესტივალის მონაწილეთა აღლუმი მემედ აბაშიძის გამზირზე / ბათუმი, 26.05.2016 / ფოტო: ცაგო კახაბერიძე

დამოუკიდებელი ქვეყნის 25 წელი

26 მაისს შესრულდება 25 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის მეორედ გამოცხადებიდან. როგორ იცვლებოდა საზოგადოება ამ წლების განმავლობაში – კითხვებს ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ უპასუხა.

ზვიად, თქვენი შეფასებით, 25 წლის მანძილზე, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რა შეიცვალა ყველაზე მნიშვნელოვანი და რა არ შეიცვალა?

პირველ რიგში, არის ერთი ძალიან საინტერესო კაზუსი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ 26 მაისს და არა იმ დღეს, როდესაც 25 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობა ნამდვილად აღდგა – 9 აპრილს. ეს იყო სიმბოლური დამთხვევა – საქართველოს მაშინდელმა პარლამენტმა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღეს დაამთხვია დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ამიტომ 25 წელი ჩვენ 9 აპრილიდან უნდა ვიზეიმოთ.

მთლიანობაში, ეს 25 წელი არის იმის მაჩვენებელი, რომ დამოუკიდებლობა არა საჩუქრად, არამედ ბრძოლით არის მოპოვებული და იმის სურვილით, რომ ქართულ საზოგადოებას ჰქონდეს სახელმწიფო. საბჭოთა კავშირის დაშლით ბევრმა [თანამედროვე რუკაზე არსებულმა] სახელმწიფომ მიიღო დამოუკიდებლობა, საქართველომ კი ეს დამოუკიდებლობა მოიპოვა არა მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, რადგან მისმა მმართველობამ ვერ შეძლო ემართა ქვეყანა,  საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა იმიტომ, რომ ეს უნდოდა ქართულ საზოგადოებას და ამისთვის იბრძოდა.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც უნდა გავითვალისწინოთ და უნდა ვთქვათ კიდეც, რადგან არის კიდევ რამდენიმე ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებიდან, რომლებმაც გაცხადებული პოზიციით იბრძოლეს დამოუკიდებლობისთვის. ეს არის ის სასტარტო პოზიცია, რომელიც ქართულ საზოგადოებას არ აძლევს მოდუნების საშუალებას, არავის აძლევს ჩვენს სახელმწიფოში ბერკეტს იმისათვის, რომ შეეხონ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ქართულმა საზოგადოებამ 25 წლის მანძილზე დაადასტურა, რომ მას სურს დამოუკიდებლობა და თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ეს არის ყველაზე დიდი  მიღწევა, შედეგი.

საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლომდე გააზრება მოახერხა საზოგადოებამ, თუ ეს უფრო მთავრობის, რაღაც ჯგუფების დონეზე მოხდა? 

მე მიმაჩნია, რომ – კი, მოახერხა საზოგადოებამ. შეიძლება საზოგადოება დღეს კარგად ვერ ფლობს სამოქალაქო კონტროლის ბევრ მექანიზმს, ისე როგორც დასავლური დემოკრატიის პირობებშია, მაგრამ, როცა ქართული საზოგადოება ეფლობოდა კორუფციის ჭაობში, მას პროტესტი სწორედ ამაზე ჰქონდა. როდესაც პოლიტიკურმა მმართველობამ შესთავაზა საზოგადოებას კორუფციის გარეშე ურთიერთობები, ეს ქართულმა საზოგადოებამ კარგად მიიღო. ახლა თუ ვინმეს აქვს მცდელობა, რომ კორუფცია ისევ მოაბრუნოს ცხოვრების ნორმად ქვეყანაში, საზოგადოება მკაცრად უპირისპირდება ამას. საზოგადოებამ იბრძოლა იმისთვის, რომ ქართველი გაიშნიკის მაგივრად მიეღო კარგი, თანამედროვე პატრული. ის ამ პატრულს არამარტო ემორჩილებოდა, არამედ პატივს სცემდა. არაფრის დიდებით დაუშვებს ქართული საზოგადოება იმას, რომ პატრული მოდუნდეს, ფორმა დაკარგოს… საზოგადოებას მიაჩნია, რომ ეს არის მისი მონაპოვარი.

ჩვენ გვესმის მუდმივი უკმაყოფილება, რომ ქვეყანაში ძალიან სუსტია სასამართლო სისტემა და, შესაბამისად, სამართლიანობა არ მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ამ ეტაპის გამოწვევა და ქართულ საზოგადოებას სურს სასამართლოც შეცვალოს, ანუ აიძულოს მოსამართლეები, რომ ისინი იყვნენ სამართლიანები, მიუკერძოებლები და მიიღებენ მათ გადაწყვეტილებას უპირობოდ. ჩვენი საზოგადოება შინაგანად ამისთვის მზად არის. შეიძლება ნაივურად ჩათვალოთ ჩემი ეს  რიტორიკა, მაგრამ მე არც პოლიტიკურ რევერანსებს ვუკეთებ საზოგადოებას და არც თხის აღტაცება მეუფლება – მე, უბრალოდ, დინამიკაში მინდა განვიხილო ეს პროცესი და ვთქვა, რომ ეს საზოგადოების ზრდის მაჩვენებელია. ჩვენ საზოგადოებას მაღალი მგრძნობელობა აქვს ზუსტად იმ ინსტიტუციების გამართულ, სწორ მუშაობაზე, რომლებიც უზრუნველყოფს ძლიერ სახელმწიფოს.

როდესაც განათლების სისტემაში არსებულ კორუფციაზე იბრძოლა ამ საზოგადოებამ, როდესაც პოლიციაში, ადგილობრივ თვითმმართველობაში და, ზოგადად, მმართველობაში კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლა, ეს ამ საზოგადოების განაცხადი იყო. თუ საზოგადოება ამაში არ მიიღებდა მონაწილეობას, მმართველი პოლიტკური გუნდი [კი ბატონო, კარგია, რომ მან მოინდომა] მარტო ამას ვერ შეძლებდა. ამიტომ ვამბობ, რომ ქართული საზოგადოება მზად არის თანამედროვე სახელმწიფოს კეთებისთვის, მით უმეტეს, რომ ამ 25 წლის მანძილზე საზოგადოება გაახალგაზრდავდა, წამოვიდა ის თაობა, რომელსაც არ სურს საბჭოთა კავშირი, არ სურს კორუფცია, არ სურს ცენტრალიზებული მმართველობა, არ სურს ერთი მუშტი. და მეტიც, მათ აქვთ მიღებული თანამედროვე განათლება, ძალიან ფართო თვალსაწიერი და სურთ, რომ კონკურენტუნარიანები იყვნენ თანამედროვე სამყაროში. თანამედროვე სახელმწიფოს სწორედაც რომ ასეთი საზოგადოება აკეთებს.

მე მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანების ხვედრითი წილი საქართველოში იზრდება და არ მცირდება, ამიტომ მეტი მოლოდინი მაქვს, რომ ეს საზოგადოება შეძლებს,  მაგალითად, იმასაც, რომ იყოს თანამედროვე სასამართლო, თანამედროვე კონკურენტული ბიზნესგარემო, მიიღოს ინოვაციური საქართველო.

საბჭოთა მემკვიდრეობიდან ყველაზე მეტად რასთან გამკვლავება გაუჭირდა თანამედროვე ადამიანს საქართველოში?

სტალინიზმთან, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელთანაც მარტო დარჩა ჩვენი საზოგადოება. რა არის ყველაზე პრობლემური?! – ინსტიტუციები, რომლებიც უნდა ეხმარებოდნენ მოქალაქეებს საბჭოთა მემკვიდრეობის დაძლევაში. სამწუხაროდ, თავიანთი მმართველობის წესით, შიდა სტრუქტურით, მენტალობით, ეს ინსტიტუტები არიან უფრო მეტად სტალინურები. დღეს საზოგადოებას სწორედ ამასთან უწევს გამკლავება და მეტიც, ახსნა იმ ადამიანებისთვის, რომ კი ბატონო, თქვენ თუ გინდათ გქონდეთ ნდობის მაღალი ვოტუმი ჩვენს საზოგადოებაში, ერთად უნდა შევძლოთ დამარცხება სტალინიზმის. ესენი არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უნდა განვითარდნენ თანამედროვე იდეოლოგიითა და მეთოდოლოგიით. ისინი კი ისევ ეპოტინებიან სტალინს და ისევ აჯერებენ ქართულ საზოგადოებას, რომ სტალინი იყო მაგარი.

სტალინიზმი რას ნიშნავს, მხოლოდ სტალინის  პერსონას თუ…

ეს არ არის მხოლოდ სტალინის პერსონა, ის სიმბოლოა. სტალინიზმი, პირველ რიგში, ის არის, რომ ქვეყანაში გვაქვს ცენტრალიზებული მმართველოდა – ჩვენს ქვეყანაში მძიმედ წარიმართა ადგილობრივი თვითთმართველობის რეფორმა. დაინტერესებული პირები სწორედ ამას აჯერებენ ჩვენს მოსახლეობას, რომ უფრო მეტი დეცენტრალიზებით თუ წავალთ, ეს ქვეყანა დაიშლება? დეცენტრალიზაციისა და რეალური თვითმმართველობის განვითარებით ქვეყანა კი არ იშლება, ქვეყანა ძლიერდება. ვისაც ჰგონია, რომ ქვეყანას ადვილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება შლის, ის არის ზუსტად სტალინური მენტალიტეტის სივრციდან.

თუ ჩვენ ისევ ერთპარტიულ მმართველობაში აღმოვჩნდით, ეს არის სტალინიზმი. ერთპარტიული მმართველობა მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში იქნება ერთი პარტია, როგორც სტალინის დროს იყო. არა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მუშაობდა ერთი მატრიცა, რომ ხელისუფლებიდან წასული პარტია მთლიანად იშლება, მაგრამ მისი ბევრი წარმომადგენელი ახალი მმართველი პოლიტიკური ძალის რიგებში გადადის. ანუ პარტიული პლურალიზმი კი არ განვავითარეთ, არამედ გვყავს ადამიანები, რომლებიც ყოველთვის არიან და იქნებიან ხელისუფლებაში; უბრალოდ, სახელებს იცვლიან, იცვლიან იდეოლოგიასაც კი და არიან მმართველობაში.

ეს ძალიან სარისკო მომენტია და მიმაჩნია.

ახლა კი ჩვენ ეს მოცემულობა გვაქვს – 2016 წლის ოქტომბერში მოსალოდნელია არჩევნები და მაისში არ ვიცით, წინასწარი მოლოდინი არ გვაქვს, ვინ გაიმარჯვებს. ეს  ძალიან მნიშვნელოვანი რეალობაა; და მეორე – არ ვიცით, პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას იქნება თუ არა აქტორი არჩევნებზე, მეტიც – გაიმარჯვებს თუ არა. ეს არის სიგნალი პლურალისტური დემოკრატიის განვითარებისთვის და ვინც ამას ხელს შეუშლის, ის იქნება სწორედ სტალინური მენტალობის სივრციდან.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოება დაუპირისპირდა ქურდულ მენტალობას. შეიძლება გვყავს მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ ქურდობა მაგარია, მაგრამ მათი რიცხვი ძალიან მცირეა და ამ ადამიანებს საკმაოდ ესირცხვებათ საკუთარი აზრის ხმამაღლა თქმა. ქურდული მენტალობა ეს არის ალტერნატიული მმართველობა, ეს არის სტალინური მართვის მექანიზმი. სხვათა შორის, სწორედ ასეთი სუბკულტურის დაძლევით ჩვენ დავძლევთ სტალინიზმსაც.

უახლეს წლებში რამდენად ხედავთ სტალინიზმის დაძლევის შესაძლებლობას?

ეს არის პროცესი და ჩვენ ყოველ ჯერზე შეიძლება მივაღწიოთ წარმატებას. მაგრამ როდესაც ნიშნავენ, მაგალითად, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ მურუსიძეს და სრულიად სამოსამართლეო კორპუსი ამბობს, რომ მე ვარ მურუსიძე, ეს არის ზუსტად სტალინიზმი, – უნდათ ყველაფერი იყოს უნიფიცირებული, ერთ თარგზე მოჭრილი და თანაშეზრდილი მმართველობის წესთან. არ შეიძლება მოსამართლეები ასე აზროვნებდნენ, არ შეიძლება ასე აზროვნებდნენ მასწავლებლები, პოლიტიკოსები.

ამ დოგმების დანგრევა ეს არის პროცესი – ჩვენ გაქვავების პროცესში რომ ვიყოთ, ვიტყოდი, რომ ჩვენ მივდივართ დიქტატურისკენ, მაგრამ საქართველო არ მიდის დიქტატურისკენ, საქართველოს საზოგადოება მიდის უკეთესი სივრცისკენ, ევროკავშირისკენ, ევროპული ღირებულებებისა და კეთილდღეობისკენ, შესაბამისად, ამ პროცესში რაღაცები გვიშლის ხელს. ახლა მთავარი ამოცანაა, სწორად გამოვთქვათ რა არის ეს ხელშემშლელი პირობები და მერე გაცილებით ადვილი იქნება საზოგადოებისთვის ამ პრობლემის დაძლევა. ფაქტია, რომ, რაც ახლა ხდება, თუ ეს დაკრისტალდა, მაშინ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება.

დღეს რუსეთის გარდა რა უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობას ყველაზე დიდ საფრთხეს?

რუსეთი, რა თქმა უნდა, არის ობიექტური ხიფათი, ეს ხიფათი ჩვენ არ შეგვიქმნია, ეს არსებობს, ჩვენი მეზობელია. რუსეთი დღეს ხიფათია არამარტო მეზობლებისთვის, არამედ არამეზობლებისთვისაც. ამ პრობლემის მოგვარებაში საქართველოს მთავარი პოტენციალი არის სწორი საგარეო პოლიტიკური ვექტორი და სწორი პარტნიორების მოძიება. იმისათვის, რომ ჩვენ სწორად მოვძებნოთ ჩვენი პარტნიორები, დავიცვათ საქართველოს ხელშეუხებლობა, შიგნით გვჭირდება დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიბება. საქართველო თუ გახდა შეუქცევადი დემოკრატიული სახელმწიფო, მაშინ ის აუცილებლად იპოვის სანდო და ძლიერ პარტნიორებს და მათთან ერთად არ გაუჭირდება. ჩვენი მთავარი გამოწვევაა მივაღწიოთ ნორმალურ დემოკრატიას, არ ვთქვათ უარი დემოკრატიულ პროცესებზე იმ მოტივით, რომ რაღაც ხიფათები გვაქვს.

ხიფათები ჩვენ სულ გვექნება და მეტიც, ეს ჩვენ გვექცევა ცხოვრების წესად, თუ ჩვენ უარი ვთქვით დემოკარტიულ განვითარებაზე, თუ უარი ვთქვით ნორმალურ სასამართლოზე, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესზე. მაშინ, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავხდებით დაახლოებით ისეთივე ქვეყანა, როგორიც რუსეთია. ასეთი ქვეყანა გაცილებით მეტ საფრთხეს მიიღებს – რუსეთი საერთოდაც იმაზე იზრუნებს, რომ გაგვაქროს, როგორც სახელმწიფო.

ამას თავი რომ ავარიდოთ, გვჭირდება  ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება, ჩვენ არ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც რუსული პროპაგანდის მანქანები გვკარნახობენ, – არ შევქმნათ ქსენოფობიური და ძალადობრივი გარემო ქვეყანაში, არ შევქმნათ ერთპარტიული და დიქტატორული გარემო, უზრუნველვყოთ ძლიერი და სამართლიანი სასამართლო სისტემა.

ამ 25 წელში უფრო მეტის გაკეთება თუ იყო შესაძლებელი?

რა თქმა უნდა, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ ცოტა ნამდვილად არ არის… სადღაც მოვერიეთ, დავძლიეთ სტალინიზმი, სადღაც გვიჭირს, მაგრამ ხელს გვიშლის საგარეო პოლიტიკური ფაქტორი, არამდგრადი პოლიტიკური პარტიები. ისინი რომ უფრო სწორი იდეოლოგიით საუბრობდნენ, რა თქმა უნდა, უფრო სწრაფი იქნება ცვლილებები  საზოგადოებაში, რადგან ამომრჩეველი მათ აირჩევდა და ჩააბარებდა ძალაუფლებას.

საქართველომ იმდენად საფუძვლიანად გააკეთა თავისი ევროპული არჩევანი, რომ დღეს, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, გაწიწმატებული რუსული პროპაგანდისტული ინსტიტუციები ცდილობენ დაანგრიონ ეს არჩევანი, მაგრამ ვერ ანგრევენ, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი ფუნდამენტური განაცხადი ჩვენი საზოგადოებისა. ათას რამეს იგონებენ, მაგრამ ქართულ საზოგადოებას უნდა ევროპის სახლში დაბრუნება, ეს მისი ბუნებრივი განვითარების სივრცეა, კარგი სირცე. მე მაინც მგონია, რომ ბევრი მნიშვნელოვანი რამ ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა, თუმცა როგორც ერთი პოლიტიკური ლოზუნგი არის – გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

ბათუმის #2 საჯარო სკოლა „წიგნის კუთხის“ გამარჯვებული გახდა

ინტელექტუალური თამაშის  – „წიგნის კუთხე“ გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. 22 მაისს გამართულ ფინალურ თამაშზე, ერთმანეთს შეხვდნენ ბათუმის №2  [ანა გათენაძე; ირაკლი ხუხუნაიშვილი; სესილი მეტრეველი] და №10 [მაკა ვაშაკიძე; მეგი ქამაშიძე; ნინო ჭაღალიძე] საჯარო სკოლების გუნდები.

ფინალურ თამაშზე დაისვა 7 ძირითადი კითხვა, შემდეგი ნაწარმოებებიდან:

  • ოსკარ უაილდი – „დორიან გრეის პორტრეტი“;
  • უილიამ შექსპირი – „ჰამლეტი“;
  • ალბერტ კამიუ – „უცხო“;
  • ანტუან დე სენტ ეკზიუპერი – „პატარა უფლისწული“;
  • ვაჟა-ფშაველა – „ალუდა ქეთელაური“;
  • ჰომეროსი – „ოდისეა“;
  • ვირჯინია ვულფი – „საკუთარი ოთახი“.

გარდა ძირითადი შეკითხვებისა, მონაწილე გუნდებიდან თითო მოსწავლე ერთი წუთის განმავლობაში პასუხობდა ბლიც შეკითხვებს. თამაშის გამარჯვებული, ანგარიშით 16:9, ბათუმის #2 საჯარო სკოლა გახდა.

„წიგნის კუთხე“ წარმოადგენს ლიტერატურული კონკურსის ფორმატის ინტერნეტ გადაცემას, რომელსაც გაზეთ „ბათუმელებთან“ არსებული სტუდია „მედიალაბორატორია” საცდელ რეჟიმში ახორციელებდა ბათუმში.

პროექტის ფარგლებში ბათუმის რვა კერძო და რვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, სულ 16 გუნდი.  ფინალისტი  გუნდები დასაჩუქრდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. გამარჯვებულთა და მონაწილეთა დაჯილდოვება დაგეგმილია 4 ივნისს.

ამავე თემაზე იხილეთ:

„წიგნის კუთხეს“ პირველი და მეორე მერვედფინალური თამაში.

„წიგნის კუთხე“ – III და IV მერვედფინალური თამაშები

„წიგნის კუთხე“ – V და VI მერვედფინალური თამაშები

„წიგნის კუთხე“ – მერვედფინალური ეტაპის ბოლო თამაშები

„წიგნის კუთხე“ – მეოთხედფინალის I-II თამაში

„წიგნის კუთხე“ – ნახევაფინალში მონაწილე სკოლები გამოვლენილია

„წიგნის კუთხე“ – ფინალში ბათუმის #2 და #10 საჯარო სკოლები შეხვდებიან 

მოქალაქის განცხადების შესასწავლად ბათუმის საკრებულო დროებით კომისიას ქმნის

მოქალაქე ასლან სარიშვილის განცხადების შესწავლის მიზნით ბათუმის საკრებულო დროებითი სამუშაო კომისიის შექმნას აპირებს. გადაწყვეტილებას საკრებულო 27 მაისის სხდომაზე მიიღებს. ასლან სარიშვილმა საკრებულოს სხდომა მიმდინარე წლის 20 აპრილს ჩაშალა, როცა მან დარბაზში მყოფი მერისგან უშუალოდ მოითხოვა პასუხის მიღება მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე.

„რადგან მოქალაქე ამბობს, რომ მას არასწორად ექცევიან, ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს. კომისიის წევრები იქნებიან საკრებულოს წევრები და ასევე იურისტები საკრებულოს აპარატიდან” – ამბობს “ბათუმელებთან” ირაკლი მიქელაძე, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე.

“25 დეპუტატი მეუბნება, მართალი ხარო და იმედია, ახლა არ გავმტყუნდები” – გვითხრა ასლან სარიშვილმა: „სახლი სტიქიამ 2014 წლის 31 მაისს დამიზიანა. მაშინ მერია ქირის ფულს სამი თვის განმავლობაში მიხდიდა. წინასაარჩევნო პერიოდი იყო, ერმაკოვი დამპირდა, რომ სრულად ამინაზღაურებდნენ ზარალს. სახლი მე თვითონ გავარემონტე და დაახლოებით 25 ათასი დამიჯდა. კომისიის შესწავლით, მხოლოდ 14 100 ლარი უნდა ამინაზღაურონ, მაგრამ ამასაც არ მაძლევენ”

sarishvili
საკრებულოს სხდომა, 20 აპრილი, ნათია ზოიძის ფოტო

28 მაისს ბათუმში ტურისტული სეზონი გაიხსნება [პროგრამა]

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 28 მაისს ტურისტული სეზონო ბათუმში 11 საათზე, ისტორიულ ბულვარში, შადრევნებთან გაიხსნება „წყლის ფარდის“ შოუთი. დეპარტამენტის განმარტებით, მოეწყობა სპეციალური 3-მეტრიანი წყლის ფარდა, რომელზეც ბათუმის ხედების ვიდეოპროექციებს აჩვენებენ.

12 საათზე კი, ბათუმის ბულვარში ჯგუფი „მოსიარულე დრამერები“ გამოჩნდებიან, რომლებიც  ბულვარში იმოძრავებენ.

მთელი დღის მანძილზე დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათი უმრავლესობა ძველი ბულვარის ტერიტორიაზე გაიმართება. პროგრამა ასე გამოიყურება:

პროგრამა

ამ დროისათვის ბათუმში ზღვის წყლის ტემპერატურა 15 გრადუსზე მეტია. საბანაოდ საუკეთესო ტემპერატურად 21 გრადუსი მიიჩნევა. ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში ზღვის წყლის ტემპერატურა 21 გრადუსს 15 ივნისიდან მიაღწევს.

ბათუმში ზღვის წყლის ყველაზე მაღალი ტემპერატურა, სამი დღის მანძილზე, 2010 წლის აგვისტოში დაფიქსირდა – 33 გრადუსი.

სკოლის მოსწავლეებს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის სამ მოსწავლეს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ავტომანქანა დაეჯახა. „პარკინგზე დაყენების დროს მანქანა ოდნავ დაეჯახა ბავშვს, მეორემ კი ინერვიულა და შიშისგან დაეცა დაშავებულს. სამივე ბავშვი მაშინვე ავტომანქანის მძღოლმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ გაეწიათ სამედიცინო მომსახურება და კარგად არიან. მხოლოდ ნაკაწრი აქვს ერთ გოგონას,” – უთხრა “ბათუმელებს” მედეა გვენეტაძემ, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა.

მედეა გვენეტაძემ არ დაადასტურა “ბათუმელების” ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბავშვებმა თვითნებურად მიატოვეს სასწავლო პროცესი: “ასე არ ყოფილა, ერთ-ერთის მშობელმა დარეკა და ითხოვა ბავშვის გათავისუფლება. კლასის დამრიგებელიც იქვე იმყოფებოდა, სადაც შემთხვევა მოხდა. სამივე გოგონა მე-7 კლასის მოსწავლეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე.

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის ავტომანქანის შესაკეთებლად  2720 ლარია საჭირო

შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „ტოიოტა პრადო“ [სახ. ნომრით DCD-878] ამჟამად დაშლილ მდგომარეობაში დგას ქ. ქობულეთში, „ტოიოტა ცენტრი ჯორჯიას“ აჭარის სერვისცენტრში. გამგეობის ინფორმაციით, ავტომანქანა გაფუჭდა თბილისიდან გზად მომავალი და აუცილებელი იყო მისი ევაკუატორით გადაყვანა.

„აღნიშნული კომპანიის დახმარებით მოხდა მანქანის ქობულეთამდე ტრანსპორტირება და დაშლა დიაგნოსტიკის მიზნით. ავტომანქანის შესაკეთებლად საჭიროა 2720 ლარი. მანქანის ძრავი არის დაშლილი და დიდი ალბათობით, ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში თუ სხვა მიმწოდებელი მიიღებს მონაწილეობას, შეუძლებელი იქნება მისი შეკეთება [სირთულის გამო]“, – აცხადებენ მუნიციპალიტეტში.

შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ გამოსცა ბრძანება მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვაზე, რაც კანონმდებლობის თანახმად, შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებას საჭიროებს. სააგენტოს კი  გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 30 მაისამდე აქვს.

Untitled
ინვოისი

„ავტომანქანა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივ სარგებლობაშია, რომლითაც ხშირად უხდება გასვლა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში. გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა, აღნიშნული ავტომანქანით სარგებლობენ საკრებულოს სხვადასხვა კომისიები და სამუშაო ჯგუფები. შეკეთების მომსახურების შესასყიდად ტენდერის ჩატარება მოითხოვს გარკვეულ დროს, რაც სარეზერვო ავტომანქანების მცირე რაოდენობის  გამო შეაფერხებს საკრებულოს თანამშრომლების მუშაობას, აღნიშნული კი უარყოფითად აისახება მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ სხვადასხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებაზე. ტენდერის შემთხვევაში მომსახურების მოცულობა შესაძლებელია ნაკლები იყოს, მაგრამ გვაქვს გამოუვალი მდგომარეობა,“ – აცხადებენ შუახევის მუნიციპალიტეტში.

დეპუტატები აჭარის ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების ანგარიშს ისმენენ

აჭარის ბიუჯეტის 2016 წლის პირველი კვარტალის ანგარიშს უმაღლეს საბჭოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში ისმენენ. ანგარიშს დეპუტატებს რამაზ ბოლქვაძე აბარებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. აჭარის უმაღლესმა საბჭომ, კვორუმის არარსებობის გამო, დღემდე ვერ მოახერხა აჭარის ბიუჯეტის გასული წლის ანგარიშის ჩაბარება. 

„ყველა პარამეტრი კარგი გვაქვს“ – მოკლედ გვიპასუხა რამაზ ბოლქვაძემ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე და დეტალური ინფორმაციის მოწოდებას კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ დაგვპირდა. ბიუჯეტის შესრულებაზე შენიშვნები არ აქვს თავად საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს – „კომისიებში უკვე განიხილეს ბიუჯეტის შესრულება და წარმოდგენილია შენიშვნები. ვნახოთ, როგორ მოხდება მათი გათვალისწინება,“ – ამბობს ანზორ თხილაიშვილი.

დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკის სამინისტროსთან კითხვები აქვს ეკა თარგამაძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“: „მაგალითად, მაინტერესებს, რის გამო ვერ ხორციელდება ეფექტურად მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა. ეს პროგრამა ფაქტობრივად იპოთეკარებისთვის გაკეთდა. ჩვენ თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი ამ პროგრამის მიმართ. მგონი, ამჯერად თავადაც აღიარებენ, რომ ამ მიდგომამ არ გაამართლა. წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, ეს პროგრამა მხოლოდ 2 პროცენტით არის შესრულებული“.

ეკა თარგამაძეს რამაზ ბოლქვაძისგან ასევე აინტერესებს, რის გამო გაჭიანურდა ეკომიგრანტების პროგრამის ამოქმედება, რისთვისაც ბიუჯეტში 3 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული: „ჯანდაცვის კომისიის ამ შენიშვნას ეკონომიკის სამინისტრომ უკვე უპასუხა და აღნიშნა, რომ სამართლებრივი ბაზა მზადდება, თუ როგორ შეირჩეს ეკომიგრანტები“.

აჭარის ბიუჯეტის პირველი კვარტალის ანგარიშს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია ცნობად მიიღებს. უცნობია, როდის მოახერხებს უმაღლესი საბჭო გასული წლის ბიუჯეტის ანგარიშის ჩაბარებას. „ბიურომ უნდა გადაწყვიტოს და ჯერ არ გადაწყვეტილა,“ – გვიპასუხა ანზორ თხილაიშვილმა.

ირაკლი ჯაშის ინიციატივას უსკო-ს წევრების არჩევაზე, კომისია განიხილავს

ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარას“ თავმჯდომარის, ირაკლი ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივა უმაღლეს საბჭოში დღეს განიხილება. დეპუტატის ინიციატივაა, შევიდეს ცვლილება კანონში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“, რომლის შემდეგაც აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ასევე წევრის ასარჩევად 11-ის ნაცვლად, 7 დეპუტატის თანხმობა იქნება საკმარისი. ინიციატივას საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია განიხილავს.

„ეს აბსურდია, მაგრამ არ ვიცი წინასწარ, რა დასკვნას დადებს კომისია მსჯელობის შემდეგ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, თემურ კახიძე. მისი განმარტებით, უარყოფითი დასკვნის შემთხვევაშიც, კანონპროექტი კენჭისყრისთვის, შესაძლოა, პლენარულ სხდომაზე მაინც გავიდეს.

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, უმრავლესობის არქონის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ აღარ გაუჭირდება უსკო-ს თავმჯდომარის თუ წევრის არჩევა, რაც დღემდე ვერ მოხერხდა. უსკო-ს წევრობის ერთადერთი კანდიდატი ამჯერად მამუკა ჯაშია – კანონპროექტის ავტორის, ირაკლი ჯაშის შვილი, ხოლო უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი – დავით ქარცივაძე.

იურიდიული კომისია დღეს, 25 მაისს, კიდევ ერთ კანონპროექტს განიხილავს, რომლის ინიციატორები კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძე [„თავისუფალი დემოკრატებიდან“] და პეტრე ზამბახიძე [„ერთიანი ნაციონალოური მოძრაობიდან“] არიან. ინიციატივის მიხედვით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ვალდებულება, უსკო-ს თავმჯდომარეობის მინიმუმ 2 კანდიდატი მაინც წარმოადგინოს. გარდა ამისა, უნდა შეიცვალოს იმ საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების წესი, რომელიც კანდიდატებს მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს. კანონპროექტის თანახმად, კომისიის ნახევარი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა უნდა შეავსოს: „ეს გაზრდის ნდობას ამ პროცესის მიმართ,“ – აცხადებს თემურ კახიძე.

 

ბსუ-ში გერმანელი პროფესორის საჯარო ლექცია გაიმართება [ანონსი]

დღეს, 16 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის №55 აუდიტორიაში საჯარო ლექცია გაიმართება, თემაზე: „ნაციონალური და საერთაშორისო საჯარო სფეროები და ადამიანის უფლებათა დაცვა“.

საჯარო ლექციას წაიკითხავს მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, გეორგ ლომანი.

ღონისძიება ეწყობა, საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, რომლესაც სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა ფორმატის საჯარო აკადემიური დისკუსიების ორგანიზებას სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხების გარშემო, როგორებიცაა:

  • სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის ურთიერთმიმართება;
  • რელიგიის როლი სახელმწიფოში და რელიგიური პლურალიზმი;
  • საჯარო სივრცის მნიშვნელობა კონსტიტუციური სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.

მათემატიკაში საატესტატო გამოცდა 5 600-ზე მეტმა მოსწავლემ ვერ ჩააბარა

24 მაისს  მათემატიკის გამოცდაზე 42 700-ზე მეტი მოსწავლე გამოცხადდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მათგან ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა 86 პროცენტზე მეტმა.  ივა მინდაძის შეფასებით, გამოცდებზე ტექნიკური ხარვეზები არ ყოფილა.

დღეს, 25 მაისს, არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები  საატესტატო გამოცდას  ქიმიაში აბარებენ,  ივა მინდაძის განცხადებით, საბოლოო შედეგები გამოცდების დასრულების შემდეგ, რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.  მისივე ინფორმაციით,   ჩაჭრილებს შორის ის  მე-12 კლასელებიც არიან, ვინც გასულ წელს ვერ ჩააბარეს და ამჯერად გამოცდაზე განმეორებით გავიდნენ.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაჭრილთა ზუსტ რაოდენობას ამ დროისთვის ვერ ასახელებს, თუმცა, ივა მინდაძე ამბობს, რომ  გამოცდების შედეგებს დაახლოებით ასამდე მოსწავლე აპროტესტებს: „100-მდე სხვადსხვა ტიპის წერილი გვაქვს მეილზე,  ზოგი ითხოვს, რომ დავუმატოთ ქულა, უფრო მეტი ითხოვს ბარიერის დაწევას, რაც ჩვენი კომპეტენცია არ არის“.

გასულ წელს, მთლიანობაში საატესტატო გამოცდა  დაახლოებით 2 200-მა მოსწავლემ ვერ ჩააბარა, მიმდინარე წელს კი,  მარტო მათემატიკაში ჩაჭრილთა რიცხვი დაახლოებით 5 600-ზე მეტია.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა გადასახადის გადამხდელი სამართალდამრღვევად ცნო

შემოსავლების სამსახურის  ინფორმაციით „მას შემდეგ, რაც კონტროლის პროცედურის განხორციელებაზე უფლებამოსილმა პირმა გამოავლინა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ფაქტი და გადასახადის გადამხდელს, გ.შ.-ს, წარუდგინა სამსახურებრივი მოწმობა, გადასახადის გადამხდელმა წარდგენილ სამსახურებრივ მოწმობას გადაუღო ფოტოსურათი. შემდგომ ეს ფოტოსურათი, სამართალდამრღვევმა გადასახადის გადამხდელმა, მადისკრედიტებელ ტექსტთან ერთად, განათავსა სხვადასხვა ვებგვერდზე და თან დაურთო მოწოდება, რომ მეწარმეებს დაემახსოვრებინათ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის სახე და არ შეეშვათ სავაჭრო ობიექტზე“.

აღნიშნულ ფაქტზე შემდგომი რეაგირების მიზნით, შემოსავლების სამსახურმა მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ინსპექტორის გადაწყვეტილებით,  „ზემოხსენებული გადასახადის გადამხდელი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით და 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენაში,“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  43-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, – მონაცემთა ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე დამუშავება,  იწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ხოლო 44-ე მუხლის პირველი პუნქტით – ამავე კანონით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა იწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ასევე 500 ლარის ოდენობით.

ორი სარჩელი ერთი ოჯახიდან ძალადობაზე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 24 მაისს, ჯ.მ. ოჯახურ ძალადობაში დამნაშავედ მიიჩნია. მას ბრალად ედებოდა ძალადობა ცოლის, სიდედრისა და სიმამრის მიმართ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.

ხვალ ბათუმის საქალაქო სასამართლო ამავე ოჯახთან დაკავშირებულ სხვა საქმეს განიხილავს. ამ შემთხვევაში ჯ.მ. ედავება ცოლს, სიდედრს, სიმამრს და მათ მის მიმართ ძალადობაში სდებს ბრალს.

გამოძიების მასალების მიხედვით, ბავშვის თანდასწრებით ფიზიკურ შეხლა-შემოხლას სამჯერ ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთი დაპირისპირების შემდეგ კი, ჯ.მ. თავად მივიდა პოლიციაში და თქვა, რომ ცოლმა, სიდედრმა და სიმამრმა სცემეს. გამოძიებისგან დაინტერესების შემდეგ გაირკვა, რომ ჯ.მ-სთან პრეტენზია თავად ბრალდებულებს ჰქონდათ.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს სწორედ ჯ.მ.-ს წინააღმდეგ დაასრულა საქმის განხილვა და მას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – 300 საათის ოდენობით შეუფარდა. “მოსამართლემ გაითვალისწინა, რომ ისინი შერიგდნენ და ერთად ცხოვრებას განაგრძობენ” – ამბობს “ბათუმელებთამ” ლაშა რომანაძე, იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტი.

არასწრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახური ძალადობა სასჯელის სახით ითვალისწინებს 200 დან 400 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე.

ვის შეხვდება „იაფი სახლი”? – ჟურნალისტებისთვის დახურული სხდომა მერიაში

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს მერიაში ე.წ. ,,იაფი სახლით“ მოსარგებლეთა კრიტერიუმების დამდგენი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრზე შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილი კონსულტანტის დახმარებით შემუშავებული მეთოდოლოგიის პრეზენტაცია წარადგინეს. მეთოდოლოგია კრიტერიუმების საბაზისო დოკუმენტზე დაყრდნობით შემუშავდა.

სხდომას, რომელიც ჟურნალისტებისთვის დახურული იყო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ბათუმელები“ კომისიის თავმჯდომარეს, თამაზ თურმანიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ სხდომას თავადაც არ დასწრებია: „მე არ ვიყავი სხდომაზე, ქალაქში არ ვარ და ჩამოსვლა ვერ მოვახერხე.“

თამაზ თურმანიძემ არ იცის, ვინ მიიღო აღნიშნული სხდომის ჟურნალისტებისთვის დახურვის გადაწყვეტილება. 

13254833_1134211806639127_5029430255942072897_o

13247746_1134211913305783_2963113580304540136_o

სასამართლო მოქალაქისთვის სამსართულიანი სახლის ჩამორთმევას დათანხმდა

„ეს არ არის კომპენსაცია, ეს არის კონფისკაცია. მოთხოვნა არ არის ვალიდური და კომპეტენტური”, – ასე დაასრულა თავისი საპაექრო სიტყვა ადვოკატმა ირაკლი ჯაფარიძემ. ის სასამართლოში ჩაქვში მცხოვრები ირაკლი ჯაყელიძის ინტერესებს იცავს, რომლის ქონებაზეც ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებას სასამართლოსგან საავტომობილო გზების დეპარტამენტი ითხოვს.

ირაკლი ჯაყელიძის სამსართულიანი სახლი ჩაქვში მდებარეობს. იქვე მას მეტალოპლასტმასის კარ-ფარჯრების საამქრო აქვს გახსნილი, თუმცა საწარმო გზების დეპარტამენტის მიერ აღწერილ დოკუმენტში ვერ მოხვდა.

„ვერ დაფიქსირდებოდა ეს საწარმო, რადგან მისი კანონიერების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი”, – განმარტა სასამართლო სხდომაზე ლელა ლაზარიშვილმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის გზების დეპარტამენტი ექსპროპრიაციის უფლების [სახელმწიფოს მიერ საკუთრების იძულებითი ჩამორთმევა ან გასხვისება] მინიჭებას 293 კვ.მეტრ ფართობზე ითხოვდა, რომელზეც ირაკლი ჯაყელიძის სახლი დგას. ქონების სანაცვლოდ სახელმწიფო მოქალაქეს მხოლოდ 72 ათას ლარს სთავაზობს.

“ჩვენ გვესმის სახელმწიფო ინტერესი, მაგრამ ეს არ უნდა კეთდებოდეს პირადი საკუთრების ხელყოფის ხარჯზე. ჩვენ არ მოვითხოვთ უსაფუძვლო გამდიდრებას. უბრალოდ, ამ ადამიანმა უნდა მოახერხოს დარჩენილ მიწის ნაკვეთზე სახლის აშენება, ან ახლის ყიდვა”, – მიმართა მოსამართლეს ვაჟა ხახუტაიშვილმა, რომელიც ირაკლი ჯაყელიძის კიდევ ერთი ადვოკატია.

თავიანთ გამოსვლებში ადვოკატებმა ხაზი გაუსვეს კანონის მოთხოვნას ქონების დეტალური აღწერის შესახებ, რაც ექსპროპრიაციისთვის აუცილებელი პირობაა. „დეტალური აღწერის გარეშე როგორ შეიძლება დავადგინოთ საბაზრო ან რეალური ფასი? დოკუმენტებით ჩანს, რომ აუდიტი ადგილზე არც კი მისულა, მას ფოტომასალა თავად გზების დეპარტამენტმა წარუდგინა და ამის საფუძველზე შეფასდა ქონება“, – თქვა ადვოკატმა ირაკლი ჯაფარიძემ.

IMG_0005
სახლი, რომელზეც ექსპროპრიაციის უფლება საავტომობილო გზების დეპარტამენტს სასამართლომ მიანიჭა

„ჩვენ გამოვიყენეთ ის მეთოდოლოგია, რასაც სხვა შემთხვევებშიც ვიყენებთ”, – განმარტა ლელა ლაზარიშვილმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

“ვიდრე სამართლიან კომპენსაციაზე შეთანხმება არ მომხდარა, ექსპროპრიაციის უფლება მხარეს არ უნდა მიენიჭოს”, – მოითხოვა ადვოკატმა ვაჟა ხახუტაიშვილმა: “მოსარჩელემ თავის გამოსვლაში არაერთხელ გაუსვა ხაზი დაუყონებლივ აღსრულებას. მათ უნდათ ძალით დაათმობინონ მოქალაქეს კერძო საკუთრება. პირად საუბრებში გვეუბნებიან, თანხა თუ მიუღებელია თქვენთვის, ხელახლა მიმართეთ სასამართლოსო”.

დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ, მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. მოსამართლემ სარჩელი დააკმაყოფილა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს ირაკლი ჯაყელიძის ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა.

“ძირითადად, როგოც ვხვდები, სადავო მაინც კომპენსაციაა. ადმინისტრაციული წესით ამის განხილვა არ ხდება. ამ კუთხით დავა შესაძლებელია სამოქალაქო წესით. რაც შეეხება საწარმოს, ექსპროპრიაციის ფარგლებში მისი ჩამორთმევა არ ხდება და შესაძლებელია მისი გადატანა”, – განმარტა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ სხდომის დახურვის შემდეგ.

ირაკლი ჯაყელიძის ადვოკატები საქმის ისევ ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებას აპირებენ: “მნიშვნელოვანია ქონების დეტალური აღწერა, რომ შესაძლებელი იყო მისი რაციონალურად შეფასება”, – უთხრა “ბათუმელებს”  ადვოკატმა ირაკლი ჯაფარიძემ. ის იმედოვნებს, რომ გზების დეპარტამენტი წინა ხელისუფლების პრაქტიკას არ გამოიყენებს და ხვალვე ჯაყელიძის სახლთან ბულდოზერები არ გამოჩნდებიან:

“თუ სახელმწიფო ამოვა იმ პრინციპიდან, რომ საკუთრების უფლება არის შეუვალი და საყოველთაოდ აღიარებული, ამ შემთხვევაში, გზების დეპარტამენტმა ისევ უნდა დაელაპარაკოს მხარეს კომპენსაციის შესახებ და თუკი თანხმობას ვერ მიაღწევს, მაშინ თავად მიმართოს სასამართლოს სამოქალაქო წესით”.

IMG_0004
ვიდრე მოსმართლე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბირო ოთახში იმყოფებოდა, ირაკლი ჯაყელიძე გზების დეპარტამენტის წარმომადგენელს ესაუბრა

 

ომბუდსმენთან შეხვედრაზე თემურ ქარცივაძე ყველაზე უტაქტო საჯარო მოხელედ დაასახელეს

დღეს ბათუმში ჩართულობის ცენტრში სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან შეხვედრაზე სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ ქარცივაძე ერთ-ერთ ყველაზე რთულად საურთიერთო და უტაქტო საჯარო მოხელედ დაასახელეს.

სააგენტოს უფროსისა და მისი თანამშრომლების მხრიდან არასათანადო ქცევაზე „ფსიქოსერვისების ცენტრის“ ხელმძღვანელმა შორენა დოლიძემ ისაუბრა, მას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ და აღნიშნეს, რომ თემურ ქარცივაძესთან კონტაქტი შეუძლებელია.

თემურ ქარცივაძესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიუსაფარი ბავშვების კონტექსტში ისაუბრეს.

სახალხო დამცველს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რეგიონისთვის ყველაზე აქტუალური პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რაზეც, მათივე თქმით, ხელისუფლებას რეაგირება არ აქვს და, შესაბამისად, მათ მოსაგვარებლად ქმედითი ღონისძიებები არ ტარდება.

საკითხების ჩამონათვალში მოხვდა: იპოთეკარების, ე.წ. მუყაოს ქალაქის, ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებული, საკუთრების უფლების, სარფის საბაჟოზე შექმნილი რიგებისა და სხვა პრობლემები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები. სახალხო დამცველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საკითხებით დაინტერესებასა და რეაგირების მოთხოვნას შეჰპირდა.
დღესვე სახალხო დამცველი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა.
13301288_1206492536050787_4230039104009236610_o

ისტორიაში საატესტატო გამოცდა 2 100-მა მოსწავლემ ვერ ჩააბარა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ისტორიაში საატესტატო გამოცდაზე 42 ათასი მოსწავლე დარეგისტრირდა. ცენტრის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდა 95-მა პროცენტმა ჩააბარა, 5-მა პროცენტმა კი ბარიერი ვერ დაძლია.

დღეს, 24 მაისს, ქართულენოვან სკოლებში  საატესტატო გამოცდები მათემატიკის გამოცდით დასრულდება. მათემატიკის გამოცდის შედეგები, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ისტორიაში გამოცდები გუშინ, 23 მაისს ჩატარდა.

გიორგი მაისურაძის საჯარო მოხსენება ბსუ-ში

29 მაისს, 14 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის №55 აუდიტორიაში, გაიმართება დისკუსია თემაზე:  „სეკულარულობა და მისი კრიზისი თანამედროვე საქართველოში“. დისკუსიის თემაზე მოხსენებას წაიკითხავს ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მაისურაძე.  დისკუსიის მოდერატორი იქნება ბსუ-ს სტუდენტი მარიკა ფუტკარაძე.

დისკუსიის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის არასრული ვერსია გამოქვეყნდება გაზეთ „ბათუმელებში“. დისკუსია მზადდება ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“.

წიგნის პრეზენტაცია „დემოკრატიის სკოლაში“

27 მაისს ბათუმის 1დემოკრატიის სკოლა“  წიგნის პრეზენტაციას გეგმავს. „პოლიტიკა და დემოკრატია – აუცილებელი საკითხავი“ – ასე ჰქვია წიგნის ახალ სერიას, რომლის გამოცემა ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტმა (NIMD) დაიწყო. „ეს არის გავლენიანი პოლიტიკური სტატიების ქართული თარგმანების კრებული. აღნიშნული ციკლიდან პირველი წიგნის პრეზენტაცია 2015 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა,“-ინფორმაციას „დემოკრატიის სკოლა“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოცემაში შეკრებილი სტატიების უმრავლესობა სხვადასხვა დროს ავტორიტეტულ ჟურნალ Foreign Affairs-ში დაიბეჭდა და ისინი დღემდე განსაზღვრავენ დებატებს საერთაშორისო პოლიტიკასა და დემოკრატიზაციაზე.

„აღსანიშნავია, რომ წიგნში წარმოდგენილი მასალების უმრავლესობა აქამდე ქართულ ენაზე არ იყო ხელმისაწვდომი და დაინტერესებულ ადამიანებს, რომლებიც არ ფლობენ უცხო ენებს, რომლებზეც ეს სტატიები დაიწერა ან ითარგმნა, არ ჰქონდათ საშუალება, გაცნობოდნენ ამ გავლენიან პუბლიკაციებს. სწორედ ამ დეფიციტის შევსების იდეა უდევს საფუძვლად NIMD-ის ინიციატივას.

წიგნში შეტანილ ტექსტებს თითო სპიკერი წარადგენს.

70 ათასი ლარი ატრაქციონების ნაწილების შესაძენად

იტალიური წარმოშობის პანორამული [ე.წ. ეშმაკის] ბორბლისა და 6 მაისის პარკში მდებარე ატრაქციონების სათადარიგო ნაწილების შეძენაში, ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო 70 ათას ლარს გადაიხდის.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მომავალი გამართული და უსაფრთხო მუშაობისთვის ატრაქციონები საჭიროებს გარკვეული ნაწილების შეცვლას: „აღნიშნული ატრაქციონები ჩამოტანილი და დამონტაჟებული იქნა იტალიიდან, კომპანია „VISA INTERNATIONAL SRL“-ის მიერ. აღნიშნული კომპანია იძლევა რეკომენდაციას და ტექნიკურ დავალებაში მიუთითებს, რომ არსებული ატრაქციონების სარემონტო სამუშაოების ჩატარება, დეტალების გამოცვლა, მიზანშეწონილია განხორციელდეს მხოლოდ მწარმოებელი ქვეყნის სათადარიგო ნაწილების გამოყენებით“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო ატრაქციონის ნაწილების იტალიაში შეძენას გეგმავს.

პოლიტიკური სიუჟეტი რეკლამის ნიშნის გარეშე „25-ე არხის“ ეთერში

„ტელეარხი 25“-ის ეთერში რამდენიმე სიუჟეტი გავიდა ოლიგარქ ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური გეგმების შესახებ [გასულ პარასკევს მისმა შტაბმა პოლიტიკური აქტიურობის შეჩერებაზე გაავრცელა განცხადება], ასევე გავიდა ორი ვრცელი ინტერვიუ, რომელთაგან ერთ-ერთი ჩაწერილია 2013 წელს გადაცემაში „В гостях у дмитра гордона“. არც ერთ მათგანს არ აქვს მითითებული, რომ ეს რეკლამაა, როცა ტელეარხის დირექტორი გია სურმანიძე ამბობს, რომ ოლიგარქთან სარეკლამო ხელშეკრულებით თანამშრომლობს. ტელევიზია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ეთერში პოლიტიკურ რეკლამას განათავსებს, „საარჩევნო კოდექსით“ და “კანონით მაუწყებლობის შესახებ “ვალდებულია განათავსოს ტიტრიც -„პოლიტიკური რეკლამა“.

გია სურმანიძე
გია სურმანიძე
ბატონო გია, ლეონიდ ჩერნოვეცკის ინტერვიუები, რომლებიც თV 25-ის ეთერით გადაიცა, იყო თუ არა რეკლამა?

დიახ, ეს რეკლამაა, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით.

თუ საიდუმლო არ არის, რამდენი გადაიხადა პოლიტიკოსმა ამ ინტერვიუების ეთერში განთავსებისთვის?

კონფიდენციალურია ინფორმაცია, დავეკითხები იურისტებს, რამდენად გვაქვს ამის გათქმის უფლება. პირადად ჩემთვის ამ თანხის დასახელება არ არის ისეთი ამბავი, არ არის ეს ის თანხა, რომ რაღაც… საერთოდ, ვფიქრობ, რადგანაც გაჩნდა ამდენი კითხვა, ორშაბათს გავასაჯაროო ეს ხელშეკრულება, იურისტებს უნდა დავეკითხო, მაქვს თუ არა ამის უფლება.

რატომ არ ჰქონდა შესაბამისი წარწერა – „რეკლამა“ ამ ინტერვიუებს?

მაგი შეიძლება ისეც გაკეთდეს და ასეც. პრინციპში უნდა იყოს ხო, მაგრამ… ხელშეკრულებით ვმუშაობთ… ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, როგორც სარეკლამო ინტერვიუზე, ისე სიუჟეტებზე, მაგრამ სიუჟეტები იქნება არა საინფორმაციოში, არამედ ეს იქნება _ სარეკლამო სიუჟეტები. მაგრამ მანამდე რაც იყო, საინფორმაციომ გააკეთა ინტერესიდან გამომდინარე და ის სხვა საკითხია. აწი უკვე იქნება ის, რასაც ხელშეკრულება ითვალისწინებს, და ჩვენ ხელშეკრულებით გვაქვს გაწერილი თუ რა, როგორ უნდა იყოს.

ანუ მომავალში ჩერნოვეცკისთან ინტერვიუებისა და სიუჟეტების ჩვენება სარეკლამო ხელშეკრულების საფუძველზე იგეგმება?

რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ბატონ ლეონიდესთან, არამედ ნებისმიერ პარტიასთან, ვისაც სურვილი აქვს. ახლა წინასაარჩევნო ჩაწერები იქნება. ოფიციალურად უკვე გამოცხადდა, 8-ში [ივნისს] იწყება წინასაარჩევნო პერიოდი და ნებისმიერს ვთავაზობთ რეკლამას. წინასაარჩევნოდ უკვე ცალკე ფასები გვექნება.

ხომ არ დაინტერესებულა მარეგულირებელი ამ საკითხით – ვთქვათ იმით, რომ საქმე გვაქვს შეფარულ რეკლამასთან?

რაც შეეხება პირველ ინტერვიუს, რაც გაკეთდა, ჩვენი ინტერესი იყო, რადგან _ პიროვნება შემოდის აჭარაში, ფინანსურად ასე უზრუნველყოფილი ადამიანი, პლუს აპირებს პოლიტიკაში მოსვლას და ინტერესი იყო მაღალი, მაგრამ ამას მასიური ხასიათი თავისთავად არ ექნებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა სარეკლამო ჩაწერა და კომერციული წინადადება. შესაბამისად, უკვე დავიწყეთ კომერციული მომსახურება. პირველი ინტერვიუ ჩაიწერა ინტერესიდან გამომდინარე. ყველას ჰქონდა ინტერვიუ მაგ ადამიანთან.

პირველი ინტერვიუ ჩერნოვეცკის პრესსამსახურის მიერ არის ჩაწერილი. მისი ინიციატივა იყო, რომ მის პრესცენტრს ჩაეწერა ინტერვიუ და არა ჟურნალისტს? რატომ არ ჩაწერა არხმა ინტერვიუ?

ჩვენს ჟურნალისტსაც აქვს ინტერვიუ ჩაწერილი მასთან და ამ დღეებში მასაც შევთავაზებთ მაყურებელს.

ანუ მისი პრესსამსახურის მიერ ჩაწერილი ინტერვიუ არ იყო სარეკლამო?

არა. მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება, მასე რუსეთში 2013 წელს ჩაწერილი ინტერვიუც გავუშვით. ჩვენ გვაქვს ამ ადამიანთან ხელშეკრულება, რომელიც კიდევ რამდენიმე თვეს მოქმედებს. გვაქვს ყველაფერი ოფიციალურად. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩაწერა. არის ინტერვიუ, არის ჩვენი ჩაწერილიც, ჩასული იყვნენ ჩვენი ჟურნალისტებიც. ასე გადავწყვიტეთ, იყო რამდენიმე ვარიანტი ჩაწერილი, როგორც ჩვენი, ისე თავისი ჩაწერილი. ვიზუალურად და ხარისხის მიხედვით ვარჩიეთ ის გაგვეშვა. არ გვიფიქრია, ვინ იქნებოდა ამ სიტუაციაში, მთავარი იყო აზრი გადმოგვეცა.

ზოგადად, თქვენი ხედვა როგორია – უნდა უთხრას თუ არა მედიასაშუალებამ თავის მომხმარებელს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის რეკლამა?

კი, რა თქმა უნდა, უნდა უთხრას და ჩვენ ვალდებულება გვაქვს ამის. როცა დაიწყება წინასაარჩევნო პერიოდი, ვალდებულება გვაქვს ყველაფერი გადავაგზავნოთ მარეგულირებელში… ამას ყოველთვის ვაკეთებთ. სწორედ ამიტომ მინდა დავეკითხო იურისტებს და გავასაჯაროო ეს ხელშეკრულება, რათა ზედმეტი კითხვები აღარ გაჩნდეს.

საარჩევნო სუბიექტის რეკლამირებით და შესაბამისი წარწერის არ განთავსებით, ხომ არ ფიქრობთ, რომ დაარღვიეთ საარჩევნო კოდექსი?

წინასაარჩევნო პერიოდი არ არის ჯერ დაწყებული. აქედან გამომდინარე, არ ვიცი. ამიტომ ვამბობ, იურისტებს უნდა დავეკითხო მაქვს ვალდებულება თუ არ მაქვს. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მე მაქვს ვალდებულება, რომ სარეკლამო სიუჟეტი იქნება თუ ინტერვიუ, მივანიშნო, რომ ეს სარეკლამოა, რომელსაც გავაკეთებთ შემდეგ ჩვენებაზე.

თქვენ ადრე ჩვენთან საუბარში აღნიშნეთ, რომ ახალ სატელიტზე გადადიოდით, გადახვედით უკვე?

ჯერ ვერ შევიცვალეთ სატელიტი, მიდის მოლაპარაკება, ამ დღეებში ვაპირებ ბაქოში ჩასვლას ამ თემასთან დაკავშირებით და ალბათ იმ თვეში უნდა გადავიდეთ. მეორე სატელიტზე იმიტომ გადავდივართ, რომ იგი გაცილებით უფრო იაფია. ჩვენ ვთანამშრომლობდით `ობიექტივთან~, ახლა მათთან აღარ ვთანამშრომლობთ, შესაბამისად, შემოსავალიც შეგვიმცირდა და ამის გამო გვიდნა, რომ ნაკლებხარჯიან სატელიტზე გადავიდეთ.

თქვენ მაშინ ასევე აღნიშნეთ, რომ აპრილიდან ტელევიზია ახალი პოლიტიკური თოქ-შოუებისა და სერიალის მოამზადებას, ასევე, ტექნიკის შეძენასაც გეგმავდა, ამ მხრივ რა ხდება?

ტექნიკა შეკვეთილია, ველოდებით, თვის ბოლოს იქნება ადგილზე და ახალი ფორმატით გავალთ ეთერში. რაც შეეხება გადაცემებს, მიდის უკვე მუშაობა და ამ თვის ბოლოს ან იმ თვის დასაწყისში დავიწყებთ ყველაფერს განახლებულად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეკომენდაციით, თუ წინასაარჩევნო პერიოდამდე პოლიტიკური შინაარსის სარეკლამო ვიდეოზე არ იქნება მითითებული, რომ ის პოლიტიკური რეკლამაა, ტელეკომპანიების სარეკლამო ტარიფები იქნება არაგამჭვირვალე და ასევე, შესაძლოა, განსხვავებულიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისთვის. ეს კი, თავის მხრივ, უარყოფითად იმოქმედებს პლურალური წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებასა და ამომრჩევლის ინფორმირებულობაზე. „აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ „საარჩევნო კოდქსში“ არსებული ზოგიერთი რეგულაცია, რომელიც არჩევნებამდე მხოლოდ 60 დღით ადრე იწყებს მოქმედებას, სხვა პერიოდშიც უნდა მოქმედებდეს“, – წერია ანგარიშში.

ინტერვიუ გამოქვეყნდა გაზეთ „ბათუმელებში“. ინტერვიუს მომზადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პოლიტიკური საქმიანობა შეწყვიტა.

ბათუმის საკრებულო არჩილ ხაბაძისთვის k2-ზე რეკომენდაციის უფლების ჩამორთმევას გეგმავს

ბათუმის საკრებულო აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (k2) გაზრდის თაობაზე შუამდგომლობის [რეკომენდაციით მიმართვის] უფლების ჩამორთმევის საკითხს განიხილავს. ინიციატორი რესპუბლიკელი თემურ ყურაშვილია. დადგენილების პროექტის განხილვას, რომელიც უკვე მზადაა, საკრებულო 27 მაისს დაანონსებულ სხდომაზე გეგმავდა, თუმცა საკითხი უკვე გამოქვეყნებული დღის წესრიგიდან ამოიღეს.

რატომ გადაწყვიტა საკრებულომ მთავრობის თავმჯდომარეს მის მიერვე მინიჭებული უფლება ჩამოართვას? – საკითხის ინიციატორის თემურ ყურაშვილის არგუმენტი ასეთია:

„საკუთხი ითვალისწინებსს კ2-ის კონტროლს. სიმაღლეში სხვაობა არ უნდა იყოს, დაახლოებით 30 პროცენტამდე ზრდა შეიძლება მერიის გადაწყვეტილებით. მეტი არ შეიძლება – ეს არის მაქსიმუმი. დღეს განუსაზღვრელ ოდენობამდე შეუძლია გაუწიოს რეკომენდაცია არჩილ ხაბაძემ და შემდეგ მერმა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ ვამბობთ, რომ სამოც პროცენტზე მეტის ზრდა უნდა იყოს აკრძალული. ვფიქრობდით, ამაზე გადაწყვეტილება ხომ არ მიეღო საკრებულოს, მაგრამ ეს იდეა ამოვარდა, რადგან ძალიან ბევრია განსახილველი წინადადება, საკრებულო კი თვეში ერთხელ იკრიბება, ამიტომ რთული იქნება. ვიფიქრეთ ასევე, ხომ არ გადაწყვიტოს საკრებულოს თავმჯდომარემ, მაგრამ ერთი ადამიანისთვისაც ბევრი იქნება – ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკრებულოს ბიურომ. საბოლოოდ გადაწყვეტს მერი. ხაბაძეს ვართმევთ რეკომენდაციის უფლებას და ვაძლევთ საკრებულოს ბიუროს“.

რაც შეეხება საკითხის დღის წესრიგიდან ამოღების გადაწყვეტილებას, თემურ ყურაშვილი ამბობს, რომ ეს მისი სურვილი იყო: „ზოგი არ არის [საკრებულოს წევრი], ზოგი შვებულებაშია და პრობლემა რომ არ შეიქმნას.“ თემურ ყურაშვილს უნდა, რომ საკითხის წარდგენის დროს დარბაზში სრული შემედგენლობით იყვნენ „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მითუმეტეს, როცა არჩილ ხაბაძისთვის ამ უფლების ჩამორთმევას ისინიც ითხოვდნენ.

განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდა უკვე დამტკიცებულ სამშენებლო პროექტზე მშენებლისთვის შენობის სიმაღლეში გაზრდის უფლების მინიჭებას გულისხმობს. კოეფიციენტის დასაშვებ ნორმას ქალაქი ამა თუ იმ ზონაში ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული რეგულაცია ადგენს. ეს ნორმები ბათუმში განხილვის საგანი არაერთხელ გახდა. საქმე იმაშია, რომ მშენებელი კომპანიების უმეტესობას საცხოვრებელი კორპუსის აშენება ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ზღვასთან ახლოს სურს. რაც უფრო ახლოსაა დაგეგმილი ან მიმდინარე პროექტი ზღვასთან, უფრო მეტად ცდილობს დეველოპერი, რომ შენობა, რომელსაც ის მომავალში გაყიდვის მიზნით აშენებს, მაქსიმალურად მაღლივი იყოს, ეს გასაყიდ ფართობს რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრით ზრდის, შესაბამისად, რამდენიმე ასეული ათასი დოლარით იზრდება შემოსავალიც.

უკვე დაწყებულ ან დაგეგმილ სამშენებლო პროექტზე k 2-კოეფიციენტის, ანუ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდაზე მერიასთან შეთანხმებას დეველოპერები ძირითადად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დახმარებით აღწევენ. არჩილ ხაბაძე მერიას შუამდგომლობით მიმართავს, შედეგად კი დეველოპერი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2 -ის) გაზრდაზე თანხმობას იღებს. თუმცა, არც ამ შემთხვევაშია დადგენილი ის სტანდარტები, თუ ვის შეიძლება მისცეს შენობის სიმაღლეში გაზრდის უფლება არჩილ ხაბაძემ და ვისი – არა.

განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდის თაობაზე რეკომენდაციით მიმართვის უფლება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს იმავე საკრებულომ მიანიჭა, რომელიც ახლა მისი ჩამორთმევის საკითხს განიხილავს.

2013 წლის მარტში ამ მოწვევის საკრებულომ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებულ [2012 წლის ექტემბერში] დადგენილებაში – „ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ ცვლილება შეიტანა.

ცვლილების შემდეგ დადგენილებაში გაჩნდა ჩანაწერი:

„მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის (კ-2) გაზრდა მაქსიმუმ 60 %-ით. იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი შუამდგომლობის წერილი, მასზედ, რომ საინვესტიციო პროექტის განხორციელება განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია ქალაქთმშენებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, თავდაცვითი, კულტურული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით შესაძლებელია კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდა შეუზღუდავად. ასეთ შემთხვევაში სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება ხდება საერთო წესების საფუძველზე.“

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“ ბევრი პროექტი აღმოჩნდა და შუამდგომლობის წერილიც მერიაში არჩილ ხაბაძის ხელმოწერით ბევრჯერ მიიღეს.

2013 წლიდან 2015 წლის აპრილამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის საკრებულოსა და მერიას კონკრეტული პროექტის K2-კოეფიციენტის გაზრდაზე, რაც უმეტესწილად დაგეგმილი ან მიმდინარე მშენებლობის სიმაღლის გაზრდას გულისხმობს, შუამდგომლობით 95-ჯერ მიმართა. 56 შემთხვევაში კი კომპანია უარით გაისტუმრა. შუამდგომლობების დოკუმენტებში არჩილ ხაბაძე მერიას კომპანიის თხოვნის გათვალისწინებას პროექტის ეკონომიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობით უსაბუთებს, რიგ შემთხვევებში კი, მთავრობის თავმჯდომარე მერისადმი გაგზავნილ სარეკომენდაციო მიმართვაში პროექტის არქიტექტურაზეც ამახვილებს ყურადღებას.

ბათუმის საკრებულო
ბათუმის საკრებულო

 

ბათუმის საკრებულოში, რესპუბლიკური პარტიის მმართველი კოალიციიდან გასვლის შემდეგ, სახელისუფლო კოალიციას სულ 11 წევრი ჰყავს, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს, მთლიანობაში – 12 წევრი. შესაბამისად, თუ ოპოზიცია სრულად დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას, არჩილ ხაბაძეს შენობების სიმაღლეში გაზრდის რეკომენდაციის უფლებას ჩამოართვამენ.

ამავე თემაზე: ხელისუფლების მიერ ლობირებული სამშენებლო ბიზნესი

ორი დაკეტილი მუზეუმი ბათუმში

ბათუმში წინა ხელისუფლების დროს გახსნილი ცვილის მუზეუმი ისევ დაკეტილია. შენობა არქიტექტორთა სახლს ეკუთვნის, რომლისთვისაც ანალოგიური შენობის გამონახვა ბათუმის მერიამ ამ დრომდე ვერ მოახერხა. ოფიციალური ინფორმაციით, წლევანდელ საკურორტო სეზონზე ვერც „ბათუმის მუზეუმის“ გახსნა მოხერხდება, რომლისთვისაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ძველი აბანოების შენობა გაარემონტა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ გია თავამაიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცვილის მუზეუმს ბათუმში არც დირექტორი ჰყავს და არც თანამშრომლები. „ჩვენ გვევალება მოვლა და რამდენიმე ადამიანი გვყავს, რომლებიც იქ უზრუნველყოფენ კონდიცირებას, რომ ქანდაკებები არ დაზიანდეს“, – ამბობს მინისტრი.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ ახერხებს მთავრობა ამ დრომდე მუზეუმის გახსნას, გია თავამაიშვილი განმარტავს, რომ მუზეუმთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისმა უწყებებმა კოორდინაცია ვერ მოახერხეს: „რაღაც საკითხებია გასარკვევი არქიტექტორთა კავშირთან, რომელიც შენობის მესაკუთრეა და ასევე ბათუმის მერიასთან, რადგან ეს მუზეუმი არ არის უშუალოდ ჩვენს დაქვემდებარებაში. თუმცა ჩვენ გვაქვს მიზნები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვუაროთ იმ მასალას, რაც განთავსებულია ცვილის მუზეუმში. უბრალოდ, ახლა ვერ გიკონკრეტებთ, რადგან არ არის ეს ყველაფერი ჯერ ქაღალდზე გადატანილი.

არქიტექტორთა კავშირის აჭარის განყოფილებასთან უნდა გვქონოდა მოლაპარაკება. ქალაქის მერიას და ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ მოვუაროთ მუზეუმს. დიდი ხანია გახსნის საკითხთან დაკავშირებით პოზიტიურ შედეგს ვერ მივაღწიეთ. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ საკითხის სხვა სიბრტყეზე გადატანა. ქალაქის მერია და არქიტექტორთა კავშირი საუბრობდნენ ფართობზე, რომელიც მერიას უნდა გამოეყო“.

ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის, გოგა ლომაძის ინფორმაციით, მოლაპარაკება არქიტექტორთა კავშირთან შენობის გადაცემაზე აქტიურ ფაზაშია და საკითხი ქონების მონაცვლეობაზე ბათუმის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა. გოგა ლომაძე „ბათუმელებთან“ არ აკონკრეტებს თუ რა ქონებას შესთავაზებენ არქიტექტორთა კავშირს ცვილის მუზეუმის შენობის სანაცვლოდ.

ბათუმის ცვილის მუზეუმის პირველი სტუმარი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო. მუზეუმი 2012 წლის ოქტომბერში გაიხსნა და დიდი რეზონანსიც გამოიწვია, თუმცა მუზეუმი გახსნიდან ორ კვირაშივე დაიხურა. 2013 წლის ნოემბერში მუზეუმი გაძარცვეს, ხოლო ქანდაკებები დააზიანეს.

ცვილის ქანდაკებების მუზეუმი ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში გახსნეს, სადაც მანამდე რესტორანი ფუნქციონირებდა. სახლი, რომელიც ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, ცნობილ ვაჭარს, ლაზარე ბინიათოღლის, თამბაქოს მრეწველს ბათუმში, XIX საუკუნის ბოლოს აუშენებია.

სამუზეუმო ექსპონატების – ცვილის ფიგურების შექმნისთვის 2012 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 658.431 ლარი დაიხარჯა. მათ შორის – ცვილის ფიგურების დასამზადებლად – 290.400 ლარი, ხოლო დეკორაციული სცენების მოსაწყობად – 219.362 ლარი.

„ბათუმის მუზეუმის“ გაყინული პროექტი

უკვე სამ წელზე მეტია ბათუმში კიდევ ერთი – „ბათუმის მუზეუმის“ გახსნაზე საუბრობენ. 2014 წელს ამ მუზეუმისთვის ბიუჯეტში ფულიც გაითვალისწინეს და მუზეუმის გახსნის მიზნით ძველი აბანოების შენობის გასარემონტებლად ტენდერიც გამოაცხადეს. სარემონტო სამუშაოებისთვის 500 000-მდე ლარი დაიხარჯა, თუმცა მუზეუმის გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ახალი მუზეუმის დირექტორად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელსა და შემდეგ დირექტორის მოადგილეს ბიძინა აფხაზავას მოიაზრებდნენ. „ბათუმის მუზეუმის“ შექმნის იდეის ავტორიც ის იყო და მთავრობას ინიციატივის მოწონების შემთხვევაში მუზეუმისთვის საკუთარი კოლექციის ჩუქებასაც ჰპირდებოდა.

მინისტრ გია თავამაიშვილის ინფორმაციით, წლევანდელ საკურორტო სეზონზე ვერც ამ მუზეუმის გახსნა მოხერხდება: „ახლა მეორე ეტაპი უნდა დაიწყოს, რაც ინტერიერის მოწყობას უკავშირდება. ალბათ ამისთვის ტენდერი გამოცხადდება. ეს ხომ არ არის მუზეუმის რეაბილიტაცია.“

გია თავამაიშვილმა „ბათუმელებთან“ დაადასტურა ისიც, რომ მუზეუმის დირექტორად, მისივე თქმით, „დიდი კოლექციონერი ბიძინა აფხაზავა განიხილება, რომელიც ამ მუზეუმისთვის თავისი კოლექციის გადაცემას გეგმავს“.

Exit mobile version