Batumelebi | ბათუმის მერის „თვითნებობა“ – ერმაკოვი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ითვალისწინებს ბათუმის მერის „თვითნებობა“ – ერმაკოვი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ითვალისწინებს – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის მერის „თვითნებობა“ – ერმაკოვი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ითვალისწინებს

ბათუმის მერია სასამართლოში საქმეებს ზედიზედ აგებს. სასამართლომ გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილებები კონკრეტული 5 პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, უკანონოდ ცნო. საქმეების წაგება სასამართლოში, ასევე ის, რომ ამ ადამიანებს საზოგადოების ჯიბის ხარჯზე უნდა გადაუხადოს მერიამ განაცდური ხელფასები, როგორც ჩანს, ბათუმის მერს – გიორგი ერმაკოვს არ ანაღვლებს. მან 29 იანვარს სასამართლოს გზით იძულებით აღდგენილი ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორი სულ რამდენიმე დღეში, 2 თებერვალს, ხელახლა გაათავისუფლა.

3 თებერვალს მერიამ ისევ წააგო საქმე, ამჯერად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. მერია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორი, ლაშა ბერძენიშვილი ბათუმის მერმა უკანონოდ გაათავისუფლა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მერიას კანონის ძალით ლაშა ბერძენიშვილის სამსახურში დაბრუნება მოუწია, თუმცა რამდენიმე დღეში იურისტმა მერმა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების თავის ასარიდებლად „სხვა გამოსავალი“ იპოვა: ააიპ-ის არასასურველ დირექტორს აუდიტის დასკვნა წარუდგინა. საუბარია მერიის შიდა აუდიტის სამსახურზე, რომლის ხელმძღვანელს ბათუმის მერი ნიშნავს და ათავისუფლებს.

ლაშა ბერძენიშვილს სამართლებრივად „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ეხმარება. ამ ორგანიზაციის იურისტი, ნინო სიორიძე ყურადღებას მოვლენების თანმიმდევრობაზე ამახვილებს, რაც ეჭვებს აჩენს აუდიტის დასკვნის მიუკერძოებლობის კუთხით: „როცა ლაშა ბერძენიშვილი პირველად, ანუ 2015 წლის 23 აპრილს გაათავისუფლეს, ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზებზე არაფერი ეწერა. სასამართლოში მერიამ ასევე ვერაფერი კონკრეტული ვერ წარმოადგინა თავის შესაგებელში იმის დასადასტურებლად, რომ ლაშას გათავისუფლებას რაიმე საფუძველი ჰქონდა. ამის შემდეგ მერიის შიდა აუდიტის სამსახური ინტერესდება ლაშა ბერძენიშვილის ააიპ-ით და დასკვნას დებს „ბათუმის სასაფლაოებზე“, რასაც მერია ლაშა ბერძენიშვილის ხელახლა გასათავისუფლად იყენებს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნინო სიორიძემ.

მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა მამუკა დარჩიამ კომენტარზე უარი გვითხრა. მისთვის უნდა გვეკითხა, რა გამორიცხავს მერის ზეგავლენას აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლად მუშაობაზე, როცა მერს კონკრეტული პირის – ლაშა ბერძენიშვილის გათავისუფლების აშკარად გამოხატული ინტერესი უკვე ჰქონდა და მერს აქვს უფლება გაათავისუფლოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსიც.

„ეჭვი ნამდვილად ჩნდება, რომ აუდიტის დასკვნა გარკვეული მითითებებით დაიწერა. მერიამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინა აუდიტის სამსახურის მიერ ობიექტური და მრავალმხრივი დასკვნის დადებაზე. ამ საკანონმდებლო მოცემულობით, რომელიც გვაქვს, ამის რესურსი ნამდვილად არსებობს. დეტალურად ჯერ არ შეგვისწავლია დასკვნა, მაგრამ ჩანს, რომ იგი მორგებულია კონკრეტულად დირექტორის – ლაშა ბერძენიშვილის საქმიანობაზე და არა ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ მიერ გაწეულ სამუშაოებზე. კანონით აუდიტი მთლიანად სამსახურის მუშაობას სწავლობს და არა კონკრეტული პირის“, – ამბობს ნინო სიორიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.

თავად ლაშა ბერძენიშვილი აუდიტის დასკვნას მერის, გია ერმაკოვის „ზღაპრებს“ უწოდებს: „ეს წმინდა პოლიტიკური თემაა. მე ვიყავი გიორგი კირთაძის სამდივნოს უფროსი. გია ერმაკოვი პირდაპირ მოითხოვდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ მქონოდა. გათავისუფლებამდე ერმაკოვმა თავის კაბინეტში დამიბარა და მითხრა, რომ საკრებულოს „ნაციონალების“ ფრაქციაში სიარულს თავი დავანებო“.

არც ამ შეხვედრის და არც მერიიდან სხვა გათავისუფლებულების შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს ბათუმის მერს – გია ერმაკოვს.

ლაშა ბერძენიშვილის გარდა სასამართლოში მერიის წინააღმდეგ საქმე ააიპ „ბათუმის კორპუსის“ სამმა თანამშრომელმაც მოიგო: ლაშა კილაბერიამ, თომა ხალვაშმა და ირაკლი მექვაბიშვილმა. მათ 11 თვის განაცდური ხელფასი უნდა აუნაზღაუროს მერიამ (რაც 22 880 ლარს შეადგენს). შესაძლოა, მეტიც გადაიხადოს მერმა თავისი შეცდომების გამო საზოგადოების ხარჯზე, რადგან ააიპ „ბათუმის კორპუსში“ ის სამი შტატიც გაუქმდა, რომლებზეც ზემოთ ხსენებული პირები მუშაობდნენ. მერია ამჟამად სასამართლოს განმარტებას ელოდება – რა უნდა ჩაითვალოს ამ სამი პირის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობად. განმარტების მიღების შემდეგ მერიას მათი სამსახურში დაბრუნება მოუწევს. თუ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არ დაიდება შიდა აუდიტის დასკვნები და მერი ხელახლა არ გაათავისუფლებს სასამართლოს მიერ სამსახურში აღდგენილ მოხელეებს.

მერიას ასევე მოუგო სასამართლო ირაკლი მოდებაძემ, რომელიც 2015 წლის 15 აპრილამდე ააიპ “სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის” დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ეს წაგებაც ბათუმის მერიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დადასტურა, რომ მერიამ საჯარო მოხელე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. ეს პირები მერიიდან გათავისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან.

მერიაში უკანონო გათავისუფლებების სერიას თვითნებობას არქმევს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“: „მერიის მოქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც უპასუხისმგებლო და თვითნებობა. გარდა იმისა, რომ მერიას მოუწევს განაცდურის ანაზღაურება, იხარჯება მერიის ადამიანური რესურსიც სასამართლოებში. მერის პასუხისმგებლობაზე, ალბათ, უნდა მოახდინოს რეაგირება როგორც სამოქალაქო საზოგადოებამ, ასევე თვითმმართველობამ“, – ამბობს იურისტი ნინო სიორიძე.

ბათუმის საკრებულოს მერიის „თვითნებობაზე“ ჯერ კითხვები არ დაუსვამს. საკრებულოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ჭეიშვილთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ის მივლინებით საზღვარგარეთ იმყოფება. სასამართლოს გზით აღდგენილი პირის ოთხი დღის შემდეგ ხელახლა გათავისუფლების შესახებ მერისთვის არაფერი უკითხავს არც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი ჩავლეიშვილს. „არაფერი მიკითხავს მერისთვის, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები იყო“, – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი ჩავლეიშვილმა.

საკრებულოს წევრი ამ პროცესში საკრებულოს, როგორც მერიის მაკონტროლებლის როლს, ვერ ხედავს. ირაკლი ჩავლეიშვილი: „ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. მე ვერ ვიქნები ვერც ლაშა ბერძენიშვილის და ვერც გია ერმაკოვის ადვოკატი, თუმცა, როცა საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, ლაშა ბერძენიშვილი კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობებს და მის მიმართ შენიშვნა არ მქონია. ლაშამ სამართლებრივი გზით უნდა დაამტკიცოს თავისი სიმართლე და თუ ვერ დაამტკიცა, მაშინ ერმაკოვი ყოფილა სწორი. თუ სასამართლოს მერი წააგებს ისევ, ქალაქი გააკეთებს შეფასებას მორიგ არჩევნებზე“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი