მთავარი,სიახლეები

ტურისტულ სეზონზე პლაჟს სამი ჯგუფი დაალაგებს

30.05.2016
ტურისტულ სეზონზე პლაჟს სამი ჯგუფი დაალაგებს

63 წლის ნატო ყურშუბაძე ბათუმის პლაჟის დასუფთავებაზე სამი წელია მუშაობს. მისი სამუშაო დღე დილის 5 საათზე იწყება და დილის ცხრის ნახევრამდე სანაოსნოდან უნივერსიტეტამდე სანაპირო ზოლს ასუფთავებს. ტურისტულ სეზონზე კი ნატოს პლაჟის დასუფთავება დღის განმავლობაში სამჯერ, რამდენიმე საათის განმავლობაში უწევს.  „ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, გასულ წელს პლაჟის დანაგვიანების გამო 107 ადამიანი დაჯარიმდა, თითოეული 80 ლარით. მძიმე ნარჩენებით პლაჟის დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკური პირი 500, ხოლო იურიდიული პირი 1500 ლარით ჯარიმდება. ტურისტულ სეზონზე „ბათუმის სანდასუფთავება“ დამლაგებელთა ერთ ჯგუფს ამატებს. ბათუმის პლაჟის დასუფთავებაზე ამ დროისთვის ორი ჯგუფი მუშაობს.

 ქალბატონო ნატო, ჯარიმების შემდეგ შეიცვალა მოქალაქეების დამოკიდებულება, თუ მაინც ხშირია პლაჟის დანაგვიანების შემთხვევები?

განსაკუთრებით არაფერი შეცვლილა, ისევ ანაგვიანებენ პლაჟს. რას არ ნახავთ პლაჟზე –  პოლიეთილენის პარკებს, მზესუმზირის, ნაყინის ქაღალდებს, ბოთლებს და რა ვიცი, სხვადასხვა რამეს. განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზეა მუშაობა რთული, რადგან ამ ყველაფერს სიმინდის, ხილისა და ბოსტნეულის ნარჩენებიც ემატება.

გქონიათ შემთხვევები, როცა დამნაგვიანებლისთვის მიგითითებიათ ან დაუჯარიმებიათ თქვენი შეტყობინების საფუძველზე?

კი, როგორ არა. ასეთი ფაქტებიც ყოფილა. ვცდილობ კონფლიქტში არ შევიდე ადამიანებთან, მაგრამ ზოგიერთი აგრესიულია და შენიშვნას არ იღებს, ზოგიერთი კი უსიტყვოდ აიღებს დაყრილ ნაგავს და დაჯარიმებაც აღარ უწევს. ყოფილა შემთხვევები, როცა დაცვის პოლიციისთვის მიმიწოდებია ინფორმაცია და დაუჯარიმებიათ.

 რა ასაკის ადამიანები შეგინიშნავთ უფრო ხშირად ნაგვის დაყრის დროს?

უფრო ხშირად ახალგაზრდები. ზოგჯერ დამსვენებლებიც ტოვებენ ნარჩენებს. ყველაზე მეტად პლაჟი ივლისის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე ნაგვიანდება, რადგან ხალხის რაოდენობა მატულობს.

რომელი მონაკვეთებია ყველაზე დანაგვიანებული?

სანაოსნოს ტერიტორია ყველაზე სუფთაა, ბათუმელების უმრავლესობა ამ მონაკვეთში დადის და შეიძლება ამიტომ. ყველაზე მეტად `შერატონისკენ~ ნაგვიანდება პლაჟი და ბევრი შრომა გვიწევს ხოლმე.

 რამდენ საათს მუშაობთ დღის განმავლობაში?

ტურისტულ სეზონზე უფრო დიდხანს ვმუშაობთ. დილით, ნაშუადღევს და საღამოს, 3-4 საათს გვიწევს მუშაობა. როცა ზღვა ხის ტოტებს ან მორებს რიყავს, მაშინაც რამდენიმე საათი გვემატება სამუშაო. შეიძლება დილის რვიდან პირველ საათამდეც ვიმუშაოთ. ხის ნარჩენები ძალიან მძიმე თუ არის, კაცებს გამოაქვთ, თუმცა ქალებიც მაგრები ვართ და ჩვენც ამოგვაქვს ხოლმე. საერთოდ, ჩვენი სამუშაო დილის 5 საათზე იწყება და დილის ცხრა საათამდე ვართ გარეთ. მეორედ საღამოს საათებში გამოვდივართ დასასუფთავებლად.

 დამატებით საათებს თუ გინაზღაურებენ?

არა, ანაზღაურება სტანდარტულია, მაგრამ ივლისის თვეში, ან როცა სეზონი სრულდება, პრემიასაც გვაძლევენ. სხვა მხრივ, იქნება ეს უნიფორმები, ხელთათმანები თუ ქუდები, ყველაფერს გვაძლევენ.

რამდენი ადამიანი მუშაობს ჯგუფში თქვენთან ერთად და რამდენად ხშირად იცვლებიან თანამშრომლები?

ამჟამად რვა ადამიანი ვართ ჯგუფში, მათგან ორი მამაკაცია. ცვლილებას რაც შეეხება, ზოგს ეზარება მუშაობა, ზოგი ავად თუ გახდება, ანებებს თავს და ასე შემდეგ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: