სიახლეები

ბათუმის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს

03.04.2015 • 1873
ბათუმის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს

 

„ვფიქრობ ყველაზე მეტი შანსი მე  მაქვს და მინდა საქმე წავიდეს წაღმა, როგორც არჩევნებზე ისე უნივერსიტეტში. დარწმუნებული ვარ უნივერსიტეტი თავისუფალ ნებას  გამოხატავს. დღევანდელი მდგომარეობის სიმბოლოა რექტორის  კაბინეტში გაჩერებული საათი და ვფიქრობ დღეს საღამოს ეს საათი ამოქმედდება და დაიწყება ახალი ერა უნივერსიტეტში“ – ამბობს რამაზ ხალვაში.

 

არჩევანი ამ დროისთვის ოცამდე ამომრჩეველმა  დააფიქსირა. ხმის მიცემის პროცედურა 5 საათამდე გაგრძელდება. 


უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს: ირაკლი ბარამიძე, რამაზ ხალვაში, მერაბ ხალვაში, მალხაზ ნაკაშიძე და ვლადიმერ ბალაძე.


ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, რომელთაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის თქმით,  საარჩევნო სიის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობას 312 ამომრჩეველი მიიღებს, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. 


 

გუშინ, 2 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტმა” ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების გადადება და შესაბამისი პროცედურების განსაზღვრის შემდეგ ჩატარებას მოითხოვა, თუმცა უნივერსიტეტის იურისტმა, გიორგი დიასამიძემ განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდებოდა. 

 

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მას შემდეგ დაინიშნა, რაც 16 მარტს გამართულ რექტორის არჩევნებზე აკადემიურმა საბჭომ რექტორი ვერ აირჩია.  ყოფილმა რექტორმა, ალიოშა ბაკურიძემ თანამდებობა ვადის ამოწურვამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით დატოვა. 


 

 

გადაბეჭდვის წესი