მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

31.05.2016 • 1890
ბათუმის მერია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელახლა დაიწყო საქმის – ლაშა ბერძენიშვილი ბათუმის მერიის წინააღმდეგ- განხილვა. ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოების“ ყოფილი დირექტორის საქმეს მოსამართლე თამარ ბურჯანაძე განიხილავს. ლაშა ბერძენიშვილი ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის მიერ ხელმოწერილი ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს.

იმავე მოთხოვნებით ლაშა ბერძენიშვილმა უკვე მოუგო საქმე ბათუმის სასამართლოში მერიას და მიმდინარე წლის 29 იანვარს, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნით, სამსახურში დაბრუნდა. რამდენიმე დღეში, 2 თებერვალს კი, ლაშა ბერძენიშვილი გიორგი ერმაკოვმა ხელახლა გაათავისუფლა – ამჯერად, შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე.

დღეს, 31 მაისს, სასამართლო სხდომის გადადება ორივე მხარემ მოითხოვა. პროცესს ვერ დაესწრო ნინო სიორიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი, შვებულებაში ყოფნის გამო. ეს ორგანიზაცია წინა და მიმდინარე პროცესებზეც ლაშა ბერძენიშვილის სამართლებრივ ინტერესს იცავს. პროცესის გადადება მოითხოვა ბათუმის მერიამაც, რასაც მოსამართლე დაეთანხმა: „როგორც ვიცით, 10 ივნისს არის ჩანიშნული უზენაესი სასამართლოს სხდომა და თქვენ მას ელოდებით,“ – მიანიშნა მერიის წარმომადგენელს გადადების მოტივი მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ.

ბათუმის მერია უზენაეს სასამართლოში საქმის მოგებას ელოდება. „მერს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს ა(ა)იპ-ის ან შპს-ს დირექტორის გათავისუფლება“ – მიიჩნევს ბათუმის მერიის იურისტი, ვახტანგ გედენიძე. მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში მოქმედებს არა შრომის, არამედ სამეწარმეო კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც დამფუძნებლებს ნებისმიერ დროს, ახსნა-განმარტების გარეშე შეუძლიათ დაქირავებული დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლება, თუკი მასთან ვადიანი ხელშეკრულება არ არის გაფორმებული.

„ბათუმელებთან“ საუბრის დროს ვახტან გედენიძემ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განსხვავებული სამართლებრივი შეფასება ჰქონდა იმის მიუხედავად, რომ მერიამ ეს ინსტანციაც წააგო: „ბათუმის საქალაქო სასამართლომ თქვა, რომ ეს არის დავალების და არა შრომითი ხელშეკრულება, მაგრამ მიუხედავად ამისა, არგუმენტის და საფუძვლის გარეშე, დირექტორის გათავისუფლება არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ქუთაისმა გაიზიარა მოსაზრება, რომ გათავისუფლება იყო უკანონო, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს არის შრომითი ურთიერთობა. იმედი მაქვს, უზენაესი სასამართლოსგან მაინც გავიგებთ დასაბუთებას, რის გამო შეიძლება არ ჰქონდეს მერს უფლება გაათავისუფლოს ა(ა)იპ-ის დირექტორი დასაბუთების გარეშე.“ – ამბობს ვახტანგ გედენიძე.

ლაშა ბერძენიშვილი ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორად 2015 წლის 23 აპრილს გათავისუფლდა. ის გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ხელახლა გათავისუფლებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მის აქტიურობას უკავშირებს. თუკი გიორგი ერმაკოვის გადაწვეტილებას უზენაესი სასამართლოც უკანონოდ მიიჩნევს, მერიას ლაშა ბერძენიშვილისთვის დაახლოებით 30 ათასი ლარი ექნება გადასახდელი განაცდურის სახით.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: