განათლება,კვირის ამბები,მთავარი

როგორ ვასწავლოთ „ვეფხისტყაოსანი“ სკოლაში

30.05.2016 • 16994
როგორ ვასწავლოთ „ვეფხისტყაოსანი“ სკოლაში

როგორ ასწავლიან და როგორ უნდა ისწავლებოდეს „ვეფხისტყაოსანი“ სკოლაში? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ფილოლოგს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ლევან გიგინეიშვილს ესაუბრა.

  • ბატონო ლევან, რა/ვინ იყო ის, რამაც დაგაინტერესათვეფხისტყაოსნით“, იყო ეს სკოლა?

სკოლაში კარგი ქართულის მასწავლებელი მყავდა, მაგრამ, ზოგადად, სკოლის პროგრამა ისეა აწყობილი, რომ დამაინტრიგებელი შეიძლება არ გახდეს ტექსტი. უფრო იმისთვის გამზადებენ, როგორ დაწერო თემა ისე, რომ, დავუშვათ, მიგიღონ უმაღლეს სასწავლებელში. თემებიც სტანდარტიზებული იყო – „მეგობრობა ვეფხისტყაოსანში“, „ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში“… თან, საზეპიროებს გვაძლევდნენ: აუცილებლად უნდა გესწავლა ავთანდილის ანდერძი, ნესტანის წერილი… ვიღაც სწავლობდა, ვიღაც არ სწავლობდა. უბრალოდ, შინაარსის ცოდნაზე იყო აქცენტი.

დამაინტრიგებელი თემები – სხვადასხვა ხელნაწერში რატომაა განსხვავება, რას ნიშნავს ეს და რატომ არის ასე და ა.შ. ასეთი რამ არ იყო. ამიტომ სკოლაში არ ჩავარდებოდი ისეთ ინტერესში რომელიმე ავტორით, რომ შემდეგ კვლევა მოგნდომებოდა.

უნივერსიტეტში სხვა დონეზე ვსწავლობდით და იქ „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად დასწავლის აზრიც მომივიდა. დავიწყე სწავლა, – მივედი ავთანდილი ასმათს რომ ხვდება იქამდე. მერე უკვე მივხვდი, რომ ასე არ შეიძლება! ასე, ზეპირად სწავლას თუ აძალებ თავს, ტექსტი შეგძულდება. ძველ საქართველოში ხშირად და ბევრს კითხულობდნენ, ამიტომ იღებდნენ მერე ამ ზეპირ ცოდნას, მაგრამ ჩვენს ეპოქაში, როდესაც ამდენი სხვა ინფორმაციაა, ამდენი სხვა ტექსია, ძალადობა გამოდიოდა [„ვეფხისტყაოსნის“ დაზეპირება].

არის ასეთი გამოთქმა: ღმერთი ან ეშმაკი დეტალებშიაო და მეც აღმოვაჩინე, რომ „ვეფხისტყაოსანში“ ყველაზე საინტერესო რაღაცები სწორედ დეტალებშია.

აი, მაგალითად, იოანე პეტრიწზე რომ ვმუშაობდი, იქ არის [რუსთაველს იოანე პეტრიწისგან მიაქვს ტერმინოლოგია ძირითადად, თუმცა რაღაცებს ცვლის, მაგალითად, რუსთაველი არ ამბობს „ტრფიალებას“, ის ამბობს „მიჯნურობას“. რუსთაველი აღმოსავლურ სიტყვას იყენებს] სიტყვა „ნივთი“, რაც ნიშნავს მატერიას, მასალას. მასალა არის პოტენცია, რაც უნდა გახდეს, აქტუალიზირდეს მერე ნივთი. როდესაც ავთანდილი გადაწყვეტს ტარიელის მოძებნას, რუსთაველი ამბობს ავთანდილზე: „იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი“ – სოფელი არის მთელი სამყარო; აი, ბოლო სიტყვებზე: „იგია ნივთი და ვალი“ – რატომ არის ავთანდილი ნივთი და ვალი?! სულ ვფიქრობდი ამაზე და უცებ ამენთო თავში: აჰაა, პეტრიწს აქვს ეს „ნივთი“, ნივთი არის პოტენცია, „ვალი“ არის მოვალეობა. გამოდის, რომ ის პოტენცია, რაც ავთანდილშია – ავალდებულებს მას, გახდეს სრულყოფილი ადამიანი, ანუ „ლხინი სოფლისა“, მთელი სოფლის, კოსმოსის სიხარული.

რაღაც ასეთი უცებ აინთება, ფილოსოფიური აზრი და ძალიან საინტერესოა. ასევე საინტერესოა, როდესაც ხედავ განსხვავებებს სხვადასხვა ხელნაწერში. ამის შემდეგ უნდა ჩართო მთელი შენი დიალექტიკური, ლოგიკური უნარები – რომელია მათ შორის ავთენტური?!

  • ანუ, ძირითადად, ეს იყო უნივერსიტეტი, რამაც „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ ინტერესი გაგიღვიძათ?

უნივერსიტეტი და მერეც… ეს არის ტექსტთან ხშირი ურთიერთობით.

სკოლაშიც რომ დავიწყე სწავლება, მერე უნივერსიტეტშიც ვასწავლიდი „ვეფხისტყაოსანს“… აი, იქ ყოველ შეხებაზე არ შეიძლებოდა რამე ახალი არ აღმომეჩინა… დიდი სიხარულია, როდესაც შენ დაინახე ის, რაც სხვას შეიძლება არ დაუნახავს.

მაგალითად, გადასარევი ადგილია – ერთ ხელნაწერზე ნესტანის წერილში წერია: „მუნა გნახო, მანდვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი“, და ამავე ხელნაწერში გვერდით მიწერილია „მანდვე გსახოს“ ნაცვლად, „მადვე გსახო“. აქ გადამწერი ეტყობა ფიქრობს: „მანდვე“ უნდა ეწეროს, მაგრამ საიდანაც ვწერ იქ „მადვე“ წერია, მოდი „მადვესაც“ დავწერ, რომ წამკითხველმა ნახოს, შეიძლება ისიცაა სწორი, მაგრამ მე „მანდვე“ მგონია, თუმცა არ ვიცი, ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვარო… ამიტომ იქ „მადვეც“ დაწერა. ვფიქრობ, სწორედ „მადვე“ არის სწორი და გამოდის საინტერესო ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრი. ასეთი რამ სულ ხდება.

  • თქვენ რაც ისაუბრეთ სკოლის სისტემაზე, დიდად არაფერი შეცვლილა. დღეს მეექვსე კლასიდან იწყება პატარ-პატარა სტროფების სწავლება, მე-9 კლასში ანდერძს სწავლობენ და მეათეში უკვე მთლიანად „ვეფხისტყაოსანს“. ეროვნულ გამოცდებშიც შესაბამისად შეტანილია ეს საკითხი. თუმცა მოცემულობა ასეთია – მოსწავლეთა დიდ ნაწილს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ. ამას როგორ ახსნიდით, ასაკის პრობლემაა? რა არის გამოსავალი?

მასწავლებელმა უნდა ჩადოს ამ ყველაფერში ხალისი, ინტერესი.

„ვეფხისტყაოსანი“ რომ დაიწერა, მაშინ ბევრი არც არაფერი იყო, არც ტელევიზია იყო, არც კინოფილმები, არც თეატრი… ეს [„ვეფხისტყაოსანი“] იყო ძალიან დიდი თავშესაქცევი ტექსტი იმ დიდ თეოლოგიურ და ფილოსოფიურ მემკვიდრეობაში, რომელიც ძნელად იკითხებოდა და არ გაგართობდა/არ გაგახარებდა, თუ, ასე ვთქვათ, სპეციალისტი, პროფესიონალი ინტელექტუალი არ იყავი და მონასტერში არ ცხოვრობდი მთელი დღე და მოსწრება.

„ვეფხისტყაოსანი“ დაიწერა, რომ ყველას წაეკითხა, სიხარული მიეღო.

იქ ინტრიგა დევს, პოლიტიკური დაპირისპირებები, საბრძოლო, ბატალური სცენები, სიუჟეტის განვითარება, რაღაც დეტექტიური მომენტები… ეს ყველაფერი დიდ ხალისში აგდებდა მკითხველს. ახლა იმდენი სხვა რაღაცაა [ფილმები, თანამედროვე ლიტერატურა და ა.შ.], რომ ბავშვებისთვის „ვეფხისტყაოსანი“ აფეთქებად აღარ ჩანს, თუმცა თავის დროზე ეს იყო დიდი ბომბი. ახლა ჩანს, როგორც ანტიკვარული ტექსტი.

ამიტომ, უნდა ანახო მოსწავლეებს, რატომ იყო „ვეფხისტყაოსანი“ აფეთქება, რა უძღოდა წინ, რატომ დევნიდნენ თვითონ ტექსტს და ავტორს [ყველაზე ძველი ხელნაწერი გვაქვს XVI-XVII საუკუნიდან. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მანამდე ამ ტექსტს დევნიდა ოფიციალური ცენზურა]. როგორც ჩანს, რაღაც ისეთი ხედვები შემოიტანა რუსთაველმა, რაც მანამდე არ იყო და სახიფათოდაც ჩათვალეს. აი, ეს ყველაფერი რომ აუხსნა ბავშვებს, შეიძლება დაინტერესდნენ. თავზე მოხვევა არ შეიძლება.

  • განათლების სისტემა მოსწავლეებს თავს ახვევს „ვეფხისტყაოსანს“? 

შეიძლება, თუ საზეპიროებს მოსთხოვ და ამ საზეპიროების ანალიზი არ გექნება.

ჯობია არ იცოდეს ზეპირად, მაგრამ ესმოდეს რა ითქმება ამა თუ იმ პასაჟში. დავუშვათ, რომ იტყვის: „მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა თქმულსა, სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა“, – სად ამბობს ამას პლატონი?! მოდი ვნახოთ, პლატონის „დიალოგებში“ თუ არის სადმე მსგავსი… არის ამაზე კვლევები ხომ?! – აჩვენე! ზუსტად იმეორებს პლატონს რუსთაველი თუ თავისას ამატებს რაღაცას?! როგორი ინტერპრეტაციაა ეს – თავისუფალი თუ ზუსტი?! იქნებ ეს რუსთაველის თეორიაა, რომელიც მან ჩადო პლატონის ნათქვამში და სინამდვილეში პლატონს არ აქვს ეს ასე?!

უამრავი რაღაცაა… სოკრატე, მაგალითად, – ვეზირი არის სოგრატი [სოგრატი იგივე სოკრატეა, მაშინ ასე გამოითქმოდა, ბიზანტიური გამოთქმით ასე ესმოდათ ქართველებს], რატომ შექმნა ვეზირად რუსთაველმა სოკრატე?! რუსთაველს აქვს 4-5 ირონიული ადგილი [ერთს რომ ამბობ და სხვას გულისხმობ] და აქედან ორი ეკუთვნის სოგრატს [სოკრატეს]. სოკრატე კი ცნობილია თავისი ირონიით. აი, ვნახოთ ეს ორი ირონიული ადგილი სოკრატესი და დავსვათ საკითხი: ეს პედაგოგიური ირონიაა, როგორც სოკრატეს ჰქონდა პლატონის „დიალოგებში“, თუ ჩვეულებრივად გასართობი ირონიაა და არავითარი პედაგოგიური აზრი შიგნით არ დევს?!

ძალიან საინტერესო რამეზე შეიძლება გახვიდე. შეიძლება ნახო, რომ სწორედაც ფილოსოფიურ-პედაგოგიური ირონიაა ის ორი შემთხვევა, რომელიც არის სოკრატესთან.

  • ასე რომ იმსჯელო მოსწავლესთან, საჭიროა ის იყოს უფრო დიდი ასაკის? როგორ ფიქრობთ, როდის უნდა მივიყვანოთ მოსწავლე/ბავშვი „ვეფხისტყაოსანთან“? 

14 წლის ასაკიდან უკვე ზრდასრული აზროვნება შეუძლია ბავშვს, როგორ არ შეუძლია! ამდენ წიგნებს ისედაც კითხულობენ.

ყოველთვის, როდესაც მოდიან ხოლმე ჩემი მოსწავლეები არდადეგებიდან, ვეკითხები რა წაიკითხეს და ის აზრი, რომ კომპიუტერულ ეპოქაში ვცხოვრობთ და არაფერს კითხულობენ ახალგაზრდები, არ შეესაბამება სიმართლეს – გაგიკვირდებათ, მთელი ნობელის ლაურეატები, ფამუქი და რა ვიცი, კიდევ რამდენი რამ აქვთ წაკითხული 14-15 წლის ბავშვებს და რატომ არ უნდა იკითხონ „ვეფხსიტყაოსანი“?! უნდა იკითხონ და იმსჯელონ!

  • ანუ, დაბალ კლასებში შეტანილი რამდენიმე სტროფიც რომ იყოს მიწოდებული საინტერესოდ, გამოიწვევდა მოსწავლეთა დაინტერესებას?

ცხადია, აბა რა!

დეტექტივების კითხვა როდის დავიწყეთ?! სადღაც 12 თუ 11 წლის ვიყავი… შეიძლება უფრო ადრეც. არ მესმოდა ის ინტრიგა, რაც იყო?!

ახლაც შეიძლება მისცე რაღაც ასეთი გამოცანასავით: ვეფხისტყაოსანში არის ერთადერთი ოცმარცვლიანი სტროფი: „შეკრა წითელი ასი ათასი, პირად მზემან და ტანად სარომან, ასი ათასი…“ აქედან დასვი შეკითხვა: ეს სტროფი ზოგ ხელნაწერში არის, ზოგ ხელნაწერში არ არის. როგორ ფიქრობთ, ეს სტროფი [რუსთაველის სტროფია] ავთენტური არის თუ არ არის? დავუშვათ, რას იტყოდით, თუ გვაქვს ორი ხელნაწერი, ორივე ძველია და ხელნაწერის სიძველე არ გვაჩვენებს. იმსჯელეთ ლოგიკურად.

ზოგი იტყვის: რა თქმა უნდა, ეს ჩამატებულია, რადგან თუ ყველა სტროფი 16-მარცვლიანია ეს რატომ არის ოცმარცვლიანი, როგორ გამოტყვრებოდა მათ შორის?! – ესე იგი, ჩამატებულია! მერე სხვა იტყვის: არა! ეს რომ ჩამატებული იყოს, ჩამმატებელი ხომ დაამსგავსებდა?! არ მოინდომებდა ენახათ, რომ ჩამატებულია და 16-მარცვლიანს გააკეთებდა, ესე იგი, ეს თვითონ რუსთაველის ექსპერიმენტატორობაა! მერე ამაზე დაიწყება კამათი და იმის განხილვა, აუცილებელია თუ არა იმ ადგილას ეს სტროფი და მისი არყოფნით ირღვევა რამე თუ არა. ასე საინტერესო ხდება ეს ყველაფერი.

  • ესე იგი, სწავლების მეთოდიკაშია პრობელმა და არა იმაში, რომ ადრეული ასაკიდან… 

ცხადია, შენ უნდა ჩადო საინტერესო მომენტები და ბავშვები მიხვდნენ, რომ შეიძლება ამაზე ფიქრი, ისეთი რაღაცების მიგნება, რაც შეიძლება მანამდე მიგნებულიც არ იყო.

სკოლებში სტანდარტული თემები არ უნდა იყოს. უნდა მისცე მოსწავლეს უფლება დაწეროს თემა, რაც დააინტერესებს.

მაგალითად, დააინტერესა – „ყვავილები ვეფხისტყაოსანში“ – რამდენი ყვავილის სახელია, ეს ყვავილები დღეს რა ყვავილებია [სახელები იცვლება ხანდახან] ან რა ფერისაა ის [ყვავილი], რა ფერს გულისხმობს და რატომ გამოიყენა ავტორმა ეს ფერი ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილზე.

შეიძლება ეს თემები გაცილებით საინტერესო იყოს ბავშვებისთვის და ასეთი ინდივიდუალური პატარ-პატარა პროექტები რომ გააკეთონ კლასში, თითომ თითო, მეტი ინტერესი გამოიწვიოს. არა ზოგადი, არამედ ინდივიდუალურად [მოსწავლემ] თავისი რაღაც დაიჭიროს ტექსტში და რაღაც თავისი თქვას.

მე „ვეფხისტყაოსანს“ სკოლაშიც ვასწავლი და უნივერსიტეტშიც წამიყვანია ასეთი კურსი: ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ ძალიან დაწვრილებით, დეტალებს ვარჩევთ. ყველაზე საინტერესო ზუსტადაც დეტალებია!

მაგალითად, კლასში „ვეფხისტყაოსნის“ გაზეთი გავაკეთებინე და ვაკეთებინებდი რეპორტაჟებს. წერდნენ: აი, ინდოეთში მოვლენები ასე ვითარდება… ნამდვილი გაზეთები გვქონდა გაკეთებული. სახალისო მომენტებიც იყო, რა თქმა უნდა, ვითომ ახალი ამბები იყო: „ამას წინათ ჩვენს ტყეში გამოჩნდა ბენგალური ვეფხვი“! და ბევრი ასეთი. ბავშვებს რომ მისცემ თავისუფლებას, შენზე გაცილებით შემოქმედებითები არიან და ძალიან საინტერესო რაღაცებს მოგცემენ.

რა თქმა უნდა, მასწავლებელზეც ბევრია დამოკიდებული. არ უნდა გააფეტიშო ეს ტექსტი და ზედმეტად სუბლიმიზაცია არ უნდა მოახდინო – ღრუბლებს ზემოთ არ უნდა აიყვანო და თაროზე შემოდო.

რუსთაველს ძალიან კვიმატი გონება აქვს, ირონიზირება შეუძლია თვითონაც, შეთამაშება იცის… ეკლესიის მამა არ არის შოთა რუსთაველი. მხიარული გონება აქვს და ძალიან შემოქმედებითია. შეუძლია ადამიანების სისუსტეები დაგანახოს თვით ამ ადამიანების თვალსაზრისით.

შეიძლება მულტფილმიც, კინოც გადაიღო შოთა რუსთაველზე… „ილიადა“ „ტროა“ გადაიღეს… ჩემთვის წიგნი ჯობია, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან კარგი, რომ გადაიღეს „ტროაც“.

არ წამიკითხავს „ანტიტყაოსანი“ [პაატა შამუგიას პოემა], მაგრამ კარგია, რომ არის. რუსთაველს უფრო გაუხარდებოდა, რომ შემოქმედებითად იაზრებენ, თუნდაც დასცინიან, თუნდაც ამით ამჩნევენ მაინც. რაღაცას იწვევს ეს, ტექსტი ცოცხლდება.

როგორც კი თაროზე შედებ სქელყდიან წიგნებთან და გააძეგლებ, კლავ ამით!

შოთა რუსთაველსაც ასე ეუბნებოდნენ და განიხილავდნენ [როგორც შამუგიას]: „როგორ გარყვნა ჩვენი ქრისტიანული კულტურა, რა გვეშველება ქართველებს, ეს რა საშინელება მოიტანა, ეს გარყვნილი და საძაგელი კაცი შოთა რუსთაველი, დაწვით მისი ნაშრომები…“

რუსთაველი არის ბომბი, ყველანაირად, მსოფლმხედველობრივადაც… რუსთაველის მიჯნურობის თეორიას იმდროინდელი ეკლესია ჩათვლიდა სატანურად. მიჯნურობა რუსთაველამდე საქართველოში აღიქმებოდა როგორც დემონური სტიქია, ბოროტება. მერე რუსთაველმა გამოაცხადა: არა, ეს ბოროტება კი არ არის, არამედ ამაღლებს სულს და აჰყავს ღმერთამდე, ახალი ხედვა შემოიტანა სრულიად. იმდროინდელი ეკლესიისთვის ეს იქნებოდა სკანდალი.

მასწავლებელმა მოსწავლეები არ უნდა დაღალოს. მაგალითად, სამ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებს რომ წაიკითხავს ბავშვი, ძალიან იღლება. პაუზები თუ არ გააკეთე, სახალისო მომენტები თუ არ შეიტანე, შუაში სხვა თანამედროვე ტექსტი თუ არ წააკითხე ან ფილმი არ ანახე, ეს დატანჯავს ბავშვებს.

ტანჯვა არ უნდა იყოს სწავლა! „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“ არ არის სწორი. სწავლის ძირი ტკბილ-მწარეა იმიტომ, რომ სწავლა ტკბილ-მწარე თუ არ არის და მარტო მწარეა, ის სწავლა ცუდი იქნება, სწავლას მოიძულებს ადამიანი. რა თქმა უნდა, გურამიშვილი ამას არ გულისხმობს, მე ახლა მის სიტყვაზე გამოვეკიდე, მაგრამ სწავლაში ორივე ერთად უნდა იყოს, ეს ტკბილ-მწარე პროცესია.

მწარე იმ გაგებით, რომ რთულია, მაგრამ მეორე მხრივ, გსიამოვნებს, გიხარია ეს გამოწვევა და როცა დაძლევ რაღაცას, მიხვდები, აღმოაჩენ, ამას სიხარული უნდა ახლდეს, ანუ სწავლის პროცესი უნდა იყოს სახალისოც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: