მთავარი,სიახლეები

პედაგოგთა კონფერენციის გამარჯვებული აჭარიდან

30.05.2016 • 1661
პედაგოგთა კონფერენციის გამარჯვებული აჭარიდან

ხელვაჩაურის მუნიცპალიტეტის სოფელ თხილნარის საჯარო სკოლის პედაგოგი მზია სალაძე „მასწავლებელი –  მეგზური ევროპისკენ“ კონფერენციის გამარჯვებული გახდა.კონფერენციაზე საქართველოს მასშტაბით ათი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც სასწავლო კურსს ესტონეთში გაივლიან.

მზია სალაძე დაწყებითი საფეხურის მე-4 კლასის მასწავლებელია. მან საკონფერენციო თემად ეკოლოგია აირჩია. „ჩემი სოფელი და სოფლის მდინარეები“, – ასე ერქვა მის საკონფერენციო თემას, სადაც სოფელ თხილნარში არსებული ეკოლოგიური პრობლემები აჩვენა. როგორც პედაგოგი გვეუბნება, კვლევის პროცესში ჩართული ჰყავდა თავისი მოსწავლეებიც.

„როცა კონკურსი გამოცხადდა, ბევრ ლიტერატურას გავეცანი. წავიკითხე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ, სადაც გარემოზე ზრუნვას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ეკოლოგია ჩემთვისაც მნიშვნელოვანი საკითხია“, –  გვეუბნება ის.

მზია სალაძის თქმით, სოფელ თხილნარის ეკოლოგიური პრობლემა გაჩეხილი ტყეები და დაბინძურებული მდინარეებია. „მდინარეზე ბევრი ჩანჩქერია, სადაც ერთ კილომეტრზე მინიმუმ 15-17 რესტორანია განლაგებული და ესეც მდინარის დაბინძურების ერთ-ერთი კერაა. გარდა ამისა, ცუდ მდგომარეობაშია ტყეები. ბოლო წლებში ძალიან გაიჩეხა. როცა ლაშქრობაზე ვიყავი ბავშვებთან ერთად, იქ მეტყევეს ვესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ გაჩეხილ ადგილებში მაღალი ნარგავები აღარ იზრდება და მხოლოდ ბარდები და ნარ-ეკლებია მოდებული. მართალია, ახალ ნარგავებს რგავენ და ბევრი პროგრამა ხორციელდება, მაგრამ მაღალ ნარგავებს გაზრდა და გახარება უჭირთ.“

მზია სალაძე. კონფერენცია „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“- გამარჯვებული.

მზია სალაძე. კონფერენცია „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“- გამარჯვებული.

მზია სალაძის აზრით, ერთ-ერთი მთავარი ევროპული ღირებულება სწორედ გარემოზე ზრუნვა და ამ მიმართულებით საზოგადოების, მათ შორის ბავშვების ცნობიერების ამაღლებაა:

„ასოცირების ხელშეკრულება მკაცრად მოითხოვს, რომ ეკოლოგიური პრობლემები უნდა მოგვარდეს. ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რომ დედამიწა ადამიანების საერთო სახლია და მასზე თანაბრად უნდა ვიზრუნოთ ყველამ. თუ გვინდა, რომ ევროპის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ, ჩვენც უნდა გავიზიაროთ ის ღირებულებები, რაც ევროპას აქვს და ისევე ვიზრუნოთ გარემოზე, როგორც ევროპულ ქვეყნებში ზრუნავენ. ესტონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნებია და ჩვენ, პედაგოგები, თვალნათვლივ დავინხავათ რა შედეგი და რა სიკეთე მოაქვს ევროპას ჩვენნაირი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის.“

მზია სალაძეს მიაჩნია, რომ საბჭოთა თაობის ადამიანებს უჭირთ გარკვეული პასუხისმგებლობების გათავისება გარემოს მიმართ, ახალი თაობა კი ამ ყველაფერს უკეთ გაითავისებს: „ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ ყველა, რომ ეკოლოგია და გარემოზე ზრუნვა არის უპირველესი და უმთავრესი. ბავშვებმა ბუნება რომ შეიყვარონ, თვითონ უნდა მონაწილეობდნენ პროცესში. ბავშვებმა თვითონ დამარხეს საყოფაცხოვრებო ნარჩენები: პოლიეთილენი, ქაღალდი, რკინა და სხვა მასალები და დააკვირდნენ ნარჩენების გახრწნის პროცესს. თვითონ მოიძიეს ინფორმაცია და გაიგეს, თუ რამდენად დიდი დრო სჭირდება თუნდაც პოლიეთილენის პარკს, რომ გაიხრწნას და რამდენად დიდ ზიანს აყენებს ის გარემოს. ამიტომ, თითოეული ქაღალდი, თითოეული ფურცელი უნდა გამოვიყენოთ მომჭირნედ, უარყოფითად რომ არ აისახოს წლების შემდეგ გარემოზე“.

როგორც მზია სალაძე გვეუბნება, ისევ აპირებს გარემოს პრობლემების შესწავლის გაგრძელებას და მოსწავლეების ჩართვას აქტივობებში.  „დავაკვირდებით ნარგავებს, მათი ზრდის პროცესს, კონტროლი გაგრძელდება ხე-ტყის ჭრაზე სოფელში და ჩაფიქრებული გვაქვს, რომ მომავალში კლუბის სახე მივცეთ ამ ყველაფერს. ჩვენი ქვეყანა მომავალმა თაობამ უნდა ჩაიბაროს და ის შეცდომები, რაც უფროსებმა დაუშვეს გარემოსთან მიმართებაში, ახალმა თაობამ აღარ უნდა დაუშვას“.

კონფერენცია ევროპის დღეების ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: