Batumelebi | 100 ათასი ლარი არარსებული თანამდებობის პირის აპარატისთვის უმაღლეს საბჭოში 100 ათასი ლარი არარსებული თანამდებობის პირის აპარატისთვის უმაღლეს საბჭოში – Batumelebi
RU | GE  

100 ათასი ლარი არარსებული თანამდებობის პირის აპარატისთვის უმაღლეს საბჭოში

„უხერხულად ვარ, საქმეს ვერ ვაკეთებთ, მაგრამ გამოვიხურო კარი და წამოვიდე?“ – გვკითხა ალეკო ბაუჟაძემ უმაღლესი საბჭოდან, როცა გაიგო ჩვენი ინტერესის საგანი – რა საქმიანობას ეწევა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის აპარატი. ალეკო ბაუჟაძე იმ აპარატის ხელმძღვანელია, რომელიც არარსებულ თანამდებობის პირს ემსახურება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სავარძელი 2015 წლის 20 თებერვლიდან თავისუფალია, როცა დავით ბაციკაძე პოსტიდან გადააყენეს. ამ პერიოდში უმაღლესმა საბჭომ სწორედ იმიტომ, რომ ვიცე-სპიკერის არჩევა ვერ მოახერხა, არარსებულ საქმეში 103 950 ლარი უკვე გადაიხადა.

„პირდაპირ გეუბნებით, რა ქნას ამ ხალხმა, ადგეს და წავიდეს სამსახურიდან? არაფერს აკეთებენ, ჩემი აზრით, თუ აირჩევენ ვინმეს, მოემსახურებიან. პრობლემა არის ის, რომ უმრავლესობა არ არის და ვერ ვირჩევთ თავმჯდომარის მოადგილეს“, _ ამბობს დავით ბაციკაძე, უმაღლესი საბჭოს ყოფილი ვიცე-სპიკერი. მიუხედავად იმისა, რომ მისი კაბინეტი დაკეტილია, „მუშაობას განაგრძობს“ აპარატი სამი კაცის შემადგენლობით – აპარატის თავმჯდომარე, თანაშემწე და სპეციალისტი. ისინი ირწმუნებიან, რომ საქმე მაინც აქვთ და დავალებებს მათ უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი აძლევს. „კონკრეტულად რას ვაკეთებთ, ახლა ვერ ვიხსენებ, მაგალითად, კომისიებს ვეხმარებით იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებაში, ასევე მივლინებების დროს ვეხმარებით აპარატს. რადგანაც არ გვყავს თავმჯდომარის მოადგილე, ვემორჩილებით უმაღლესი საბჭოს აპარატს“, – გვეუბნება არარსებული ვიცე-სპიკერის აპარატის უფროსი, ალეკო ბაუჟაძე.

„დავით ბაციკაძესთან შეხება აღარ მაქვს. ჩვენ ვართ უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადით დანიშნულები და ველოდებით, როდის აირჩევენ ვიცე-სპიკერს“, – გვითხრა არარსებული ვიცე-სპიკერის თანაშემწე თეა ხოშტარიამ. ბოლო დროს გაკეთებული საქმეებიდან „ბათუმელებთან“ თეამ გაიხსენა, რომ ბოლოს საბჭოს აპარატის უფროსს დაეხმარა მივლინებაში გასამგზავრებლად: „ვიზასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოვამზადე.“

რამდენი იხარჯება ყოველთვიურად ვიცე-სპიკერის აპარატის შენახვისთვის? – საჯარო ინფორმაციაზე უმაღლესმა საბჭომ სრულად არ გვიპასუხა. საბჭომ მხოლოდ ამ სამი თანამშრომლის ჯამური შრომის ანაზღაურება გაგვიმხილა, რომელიც თვეში 6930 ლარია.

არარსებული თანამდებობის პირის აპარატის წევრები არ ფიქრობენ, რომ მათ ხელფასებში გადახდილი ფული არამიზნობრივი ხარჯია.

„ეს არის ვერარჩევის პრობლემა. ვთქვათ, აირჩიეს, მერე რა უნდა გაკეთდეს? რატომ ვერ აირჩიეს, ჯერ ეს გაირკვეს. აპარატი იყო, არის და იქნება. შეიძლება, ბევრ რამეზე ვერ მოხერხდეს შეთანხმება, ასე უმრავლესობაც არ არის საბჭოში, მაშინ უმაღლესი საბჭოც უნდა გაუქმდეს?“ – ასე დაგვიბრუნა კითხვები კითხვებზე ვიცე-სპიკერის აპარატის ხელმძღვანელმა ალეკო ბაუჟაძემ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ არაფერში გადახდილ ფულზე პასუხისმგებლობა უმაღლესი საბჭოს თითოეულ წევრს ეკისრება. „უმაღლესი საბჭოს ეს მოცემულობა აჩვენებს მათ დამოკიდებულებას როგორც საკუთარი ამომრჩევლის, ისე კანონის წინაშე. ეს არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობის შემთხვევა, რომელიც ნეგატიურად აისახება ჩვენს ბიუჯეტზე. ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი საბჭო უნდა იყოს მისაბაძი სახელმწიფო უწყება, ის ხდება საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის სუბიექტი“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

„ნებისმიერი ხარჯი, რომელიც არამიზნობრივია, ცუდია“, – ასე ხედავს დეპუტატის პასუხისმგებლობას იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძე. ამბობს, რომ ეს საკითხი არაერთხელ გააქტიურა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძესთან, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო: „მე მაინტერესებს ვის დავალებებს ასრულებს ეს ხალხი და რატომ. რადგან დარჩა ეს ხალხი სამსახურში, ავთანდილ ბერიძეს უნდა გაეკეთებინა ახსნა-განმარტება, მაგრამ ვერ მივიღეთ. ამიტომაც დღის წესრიგში სწორედ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი უნდა დადგეს“. ავთანდილ ბერიძემ ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ სასაუბროდ ვერ მოიცალა. უმაღლესი საბჭოს ამ მოწვევის უფლებამოსილების ამოწურვამდე კიდევ 5 თვეა დარჩენილი. გამოდის, უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერის აურჩევლობის შემთხვევაში, არაფრის გაკეთებისთვის, მინიმუმ 34 650 ლარი კიდევ დაიხარჯება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი