ბათუმის საფეხბურთო სტადიონის პროექტი უეფას სტანდარტებს შეესაბამება, ამაზე დასტური შპს „სტადიონმა“ ფეხბურთის ფედერაციისგან უკვე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ „სტადიონის“ დირექტორმა გიორგი ზირაქიშვილმა მიაწოდა.
გიორგი ზირაქაშვილის განმარტებით: „არსებული რეგულაციის მიხედვით, კომპანიის მიერ წარმოდგენილ სტადიონის პროექტზე სამშენებლო ნებართვისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თანხმობაა საჭირო, რადგან უნდა აშენდეს მეხუთე კლასის შენობა. ამ დროისთვის უკვე არსებობს ორი ეტაპის ნებართვა, მესამე ეტაპის ნებართვის შემდეგ, რომელსაც უკვე ერთ კვირაში ველოდებით, ტენდერი გამოცხადდება და სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. სტადიონის პროექტის განხორციელება დადგენილ ვადებში მიმდინარეობს.“
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის ინფორმაციით 2016 წლის ბოლოსთვის სტადიონის საძირკველი უკვე დასრულებული იქნება, ხოლო 2018 წლის ბოლოს მშენებლობა უნდა დასრულდეს.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 30 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი დაიხარჯება.
დღეს 7 ივნისს, 17 :00 საათზე, ხულოს დრამატულ თეატრში გაიმართება პოლონური თეატრის ,,ქორეა“-ს პერფომანსი – ,,ენის რიტმი“ მსოფლიო ხალხთა მუსიკის თემაზე.
ინფორმაციას აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„პოლონური თეატრი ”ქორეა” დაარსებულია 2004 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ განსაკუთრებულ მაგალითს, როგორ ხდება რიტმისა და ვოკალის შერწყმითუნიკალური ეპიკური ნაწარმოებების წარმოდგენა, უძველესი ცივილიზაციების ვოკალური და მუსიკალური ტრადიციების აღდგენა სერიოზული კვლევისა და შესწავლის შედეგად. თეატრი მუშაობსგროტოვსკისა და სხვადასხვა არატრადიციული მეთოდების გამოყენებით და სრული სიახლეა ქართველი მაყურებლისთვის“- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ამავე ინფორმაციით, „თეატრს დიდი სურვილი აქვს უფრო კარგად შეისწავლოს ქართული კულტურა, რათა სამომავლოდ გამოიყენოს ეს ცოდნა თავის შემოქმედებაში“.
„ქორეამ“ პერმონასი 6 ივნისს ბათუმის ახალ სცენაზეც გამართა.
3 ივნისიდან ამოქმედა პარლამენტის დადგენილება, რომლითაც საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია დამტკიცდა.
საქართველოს მთავრობას დაევალა 2016 წლის 1 აგვისტომდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს 2016–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა – „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ განსახორციელებლად.
2016–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას კი, კოორდინაციას გაუწევს და მის მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
პარლამენტის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „მოსახლეობის დაბერება საქართველოში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. 2010 წელს 4,4 მილიონი ადამიანიდან 14 პროცენტზე მეტი იყო 65 წლის და 65 წელზე მეტი ასაკისა, ხოლო 1/3 − 50 წლის და 50 წელზე მეტი ასაკისა. მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 21 პროცენტამდე და 40 პროცენტამდე გაიზრდება. პროგნოზების მიხედვით, საქართველოში დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რომელიც 2010 წელს ქალებისთვის 78 წელი იყო, მამაკაცებისთვის კი − 71 წელი, 2030 წლისთვის ქალებისთვის 80 წლამდე გაიზრდება, ხოლო მამაკაცებისთვის − 73 წლამდე“.
დადგენილებაში ასევე ხაზგასმულია, რომ, 2002 წლის აპრილში მიღებულ იქნა დაბერების პრობლემების მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს 10 ვალდებულებას, რომლებშიც, თავის მხრივ, მოცემულია კონკრეტული ღონისძიებები და პოლიტიკური პრინციპები. ეს ვალდებულებებია:
პოლიტიკის ყველა მიმართულებით მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგი;
ხანდაზმულთა საზოგადოებაში სრული ინტეგრაციისა და ჩართულობის უზრუნველყოფა;
მოსახლეობის დაბერების საპასუხოდ ეკონომიკის თანაბარი და მდგრადი ზრდის ხელშეწყობა;
სოციალური დაცვის სისტემის მოწესრიგება;
შრომის ბაზრისთვის შესაძლებლობის მიცემა, რეაგირება მოახდინოს მოსახლეობის დაბერების ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებზე;
მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლების და განათლების სისტემის ადაპტირების ხელშეწყობა;
ყველა ასაკში ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფის და დამოუკიდებელი ცხოვრების (მათ შორის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის) ხელშეწყობა;
ხანში შემავალ საზოგადოებაში ძირითადი აქცენტის გენდერულ მიდგომაზე გაკეთება;
ხანდაზმულებზე მზრუნველი ოჯახების და მათ წევრებში თაობათაშორისი სოლიდარობის ხელშეწყობა;
ზემოაღნიშნული გეგმის განხორციელების რეგიონალური სტრატეგიის დანერგვის და რეგიონალური თანამშრომლობის კონტექსტში მისი შემდგომი მოქმედებების ხელშეწყობა.
„საქართველოს მთავრობამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თაოსნობით 2013 წელს თხოვნით მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკურ კომისიას, საქართველოს მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევის შემუშავებაში დახმარებოდა…. მოსახლეობის დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევი საქართველოს მთავრობას გადაეცა და ოფიციალურად იქნა წარდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის მოსახლეობის დაბერების საკითხზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მე-7 შეხვედრაზე, რომელიც 2014 წლის 20 ნოემბერს ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სასახლეში გაიმართა“ – აღნიშნულია პარლამენტის დადგენილებაში.
„მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ შიმშილობა, რადგან ის ავნებს თქვენს ჯანმრთელობას. მე გპირდებით, რომ საბოლოო შედეგი დადგება იმ მტკიცებულებებით, რომელიც წარმოდგენილი იქნება“ – მიმართა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა პოლიციის წინააღმდეგობაში ბრალდებულ ორ პატიმარს. მათ ქობულეთში, წყალსაცავის სახელმწიფო დაცვის პოლიციის თანამშრომლის დანით დაჭრაში ედებათ ბრალი.
საქმის მასალების მიხედვით, დაპირისპირება წყალსაცავის მიმდებარედ არსებულ კაკლის ბაღში მოხდა, სადაც პოლიციელის თქმით, ბრალდებულები კაკლის მოპარვას ცდილობდნენ. პოლიციელმა თემურ მოწყობილმა სასამართლოს უკვე მისცა ჩვენება და თქვა, რომ მას გულ-მკერდის არეში, მარცხენა მხარეს დანით ჭრილობა მიაყენეს.
„შესაძლებელია თუ არა, ეს ჭრილობა მიადგა პოლიციელს მავთულხლართისგან? – ადვოკატმა რამინ პაპიძემ ეს შეკითხვა სამხარაულის ბიუროს ექსპერტს, თამარ შოშიტაშვილს მას შემდეგ დაუსვა, როცა მან დაზუსტებით ვერ თქვა, რომ ჭრილობა დანით იყო მიყენებული. ექსპერტმა ადვოკატს მოკლედ უპასუხა: „არ გამოვრიცხავ“
ამ საქმეზე გამოძიებას მესამე ბრალდებულიც ჰყავს, რომელიც იძებნება და მის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი რამინ პაპიძე იცავს. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პოლიციელებმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს სასამართლოს: „გამოძიება ამბობს, რომ ამოცნობა ჩავატარეო, მაგრამ დაზარალებულად ცნობილმა თემურ მოწყობილმა თქვა, რომ ამოცნობა ხუცუბნის პოლიციის შენობაში შედგა, გამომძიებელმა მამუკა ღვინიანიძემ კი გამორიცხა ხუცუბანი და თქვა, რომ ამოცნობა ქობულეთის პოლიციის შენობაში შედგა“
ადვოკატები ასევე ეჭვობენ, რომ სისხლის ლაქებით დასვრილი მაისური, რომელიც საქმის მასალებში დევს, პოლიციელს საერთოდ არ ეკუთვნის: „გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა სისხლის ლაქა ჭრილობის ზემოთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ დაცვის პოლიციელი მათთან სამოქალაქო ფორმაში მივიდა და ეჩხუბა, თქვენ არ გეკუთვნით კაკალიო. ბრალდებულებმა ექსპერტიზის ჩატარებაც მოითხოვეს, რაც დაადასტურებდა, რომ პირიქით, ამ პოლიციელმა სცემა ბრალდებულები. ექსპერტიზის ჩატარებაზე პროკურატურამ საერთოდ რეაგირება არ მოახდინა, როცა ბრალდებულმა ს.ჩ.-მ თქვა, რომ მას არ აქვს ექსპერიტიზის ჩატარების ხარჯი და იქნებ ეს გამოძიებას დაეფინანსებია“ – გვიყვება ადვოკატი მერი ცინარიძე.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეებიც უნდა დაკითხულიყვნენ, მაგრამ ამ ეტაპზე მოსამართლე საქმის პროკურორის გამოუცხადებლობის გამო ვერ გადავიდა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აჭარის მთავარ პროკურატურას მიმართა და აღნიშნა, რომ პროკურორი დავით ჭარბაძე უკვე მერამდენედ არ გამოცხადდა სხდომაზე, რაც პროცესის გაჭიანურების მიზეზი ხდება. სასამართლო პროცესს დღეს დათო ჭარბაძის ნაცვლად, პროკურორი ადილარ წირღვავა ესწრებოდა. ის საქმის მასალებს მომდევნო სხდომისთვის გაეცნობა.
კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულის ვინაობა 2016 წლის 15 ივლისამდე გამოვლინდება.
გამარჯვებულებთან ერთად, გამოქვეყნდება ჟიურისთან ინტერვიუ. ჟიური პროფესიონალი ფოტოგრაფებისგან და საჯარო პირებისგანაა დაკომპლექტებული. გამარჯვებულის გამოსავლენად სულ 7-კაცი მუშაობს, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წინასწარ დადგენილი მეთოდებით აფასებენ საკონკურსო ფოტოებს.
თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება თითო გამარჯვებული:
საკონკურსო ნამუშევრებიდან ერთ გამარჯვებულს გამოავლენს კონკურსის ორგანიზატორი, კომპანია „ანაგი“, რომელიც თავის რჩეულს გადასცემს პრიზს, საგზურს ერთ-ერთ ყველაზე ძველ არქიტექტურულ ქალაქ რომში.
გარდა ამისა, 10 ივლისამდე გრძელდებასაკონკურსო ფოტოების LIKE მხარდაჭერა. like-ბის მიხედვით შეირჩევა 20 ფოტო, რომელთა გამოფენა-გაყიდვა გაიმართება პროექტის დახურვისას. გამოფენა-გაყიდვაზე გამოტანილი ფოტოების ავტორები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.
დაგეგმილია პროექტის საზეიმო დახურვა, სადაც კონკურსანტების გარდა მოწვეული იქნებიან დიპლომატიური კოპრუსის წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორიდან.
კონკურსში მონაწილეობა შეეძლო საქართველოში მოქმედ ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ერთ ნომინაციაზე, ერთი მონაწილისგან დასაშვები იყო მხოლოდ ერთი ფოტოს წარმოდგენა.
კომპანია „ანაგი“ უკვე 27 წელია საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მუშაობს და ამ ხნის მანძილზე არა ერთი სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია. წელს კომპანიის სოციალური პოლიტიკის მთავარი აქცენტი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობაა.
„საფრთხე არის ის, რომ არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას აქვს შესაძლებლობა ხელახლა გადააწყოს საარჩევნო მაჟორიტარული ოლქები ასეთი გათვლით: აქ მოვიგეთ, აქ – წავაგეთ. თქვენი გადაწყვეტილება კი იქნება სიგნალი ყველა მომდევნო ხელისუფლებისთვის“ – მიმართა დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ. ის სერგო რატიანთან, როლანდ ახალაიასთან, გიორგი ბარამიძესთან და დავით ბაქრაძესთან ერთად საარჩევნო კოდექსის 110-ე პრიმა ერთი მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. ამ მუხლის მიხედვით, ქვეყანა გასულ წელს 73 მაჟორიტარულ ოლქად დაიყო.
მოსარჩელეების აზრით, აუცილებელია კრიტერიუმების დაწესება მაჟორიტარული ოლქების ფორმირებისთვის, რადგან იგი მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ თავის სასარგებლოდ არ გამოიყენოს: „მაგალითად, გააერთიანეს ვანი და ხონი იმის მიუხედავად, რომ მათ საერთო საზღვარიც კი არ აქვთ, მათ შორის სამტრედიაა. გააერთიანეს იმიტომ, რომ წინა არჩევნებში ერთგან „ოცნებამ“ მოიგო, მეორეში – წააგო, მაგრამ თუ დავაჯამებდით ხმებს, მოიგებდა ჯამში „ოცნება“. ერთმანდატიან ოლქში ასეთი ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება აძლიერებს მმართველი პოლიტიკური ძალის უპირატესობას“ – უთხრა „ბათუმელებს“ სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა, ოთარ კახიძემ.
არსებით განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოში ესწრებოდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც. მათი განმარტებით, შეუძლებელია დაწესდეს ისეთი კრიტერიუმი, რომელიც ამ რისკს გამორიცხავს: „კრიტერიუმები არსებობს, ეს არის ხმების თანაბრობის პრინციპის დაცვა, ასევე მოსაზღვრეობა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. გამონაკლისი მხოლოდ ვანი და ხონია მოსაზღვრეობის ნაწილში და ესეც განმარტებულია კანონში, რის გამო მოხდა. თავის დროზე, როცა დადგა ხმების თანაბრობის პრობლემა ამ მუნიციპალიტეტებში და ჩვენი იდეა იყო, რომ სამტრედიის ნაწილი ხონს მიერთებოდა, მეორე – ვანს, მაშინ ამაზე ატეხეს ამბავი, რომ სამტრედიაში შედარებით კარგი რეიტინგი გაქვთ და ასე გინდათ მოგებაო. მივიჩნევთ, რომ სარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს“ – გვითხრა გიორგი კახიანმა, პარლამენტის წევრმა კოალიციიდან „ქართული ოცნება“
პოპ-როკ ჯგუფი, 1992 წელს ჩამოყალიბდა, როგორც Kara’s Flowers. 2002 წლიდან და ცნობილია როგორც Maroon 5. პოპ-როკ ჰგუფმა საერთაშორისო წარმატებას სადებიუტო ალბომით Songs About Jane მიაღწია.
Maroon 5 -ის კონცერტი ბათუმში „საოცრებათა მოედანზე“ გაიმართება
ცნობილი ჯგუფი საქართველოში პროექტის chek in Georgia -ს ფარგლებში ჩამოვიდა. კონცერტთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზამ ორი დამატებითი მატარებელი დანიშნა. ამ დროისთვის რამდენი ბილეთია გაყიდული სულ კონცერტზე, უცნობია. tkt.ge-ს მონაცემებით, 25 აპრილისთვის 9 500 ელექტრონული ბილეთი იყო გაყიდული.
Maroon 5 -ის კონცერტისტვის მზადება დილიდან მიმდინარეობს . ფოტო: თორნიკე თავაძე„საოცრებათა მოედანი“ კონცერტის წინა დღეს. ფოტო: თორნიკე თავაძე.„საოცრებათა მოედანი“ კონცერტის წინ. ფოტო: თორნიკე თავაძე
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის მოსამართლის – ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება გულნაზ ღლონტის საქმეზე. გულნაზ ღლონტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას დეკრეტული შვებულების დროს გათავისუფლებას ედავებოდა და დისკრიმინაციაში სდებდა ბრალს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გულნაზ ღლონტი უკანონოდ გათავისუფლდა და მას სრულად უნდა აუნაზღაურდეს ნაცდური, გათავისუფლებიდან აღდგენის დღემდე.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ხელვაჩაურის გამგეობის ნაცვლად, მისმა კონკრეტულმა თანამშრომელმა – ჯიმშერ ბერიძემ გაასაჩივრა. ის გამგეობაში გულნაზ ღლონტის ადგილზე მუშაობს და კონკურსის წესით შერჩეული თანამშრომელია.
გულნაზ ღლონტი ხელვაჩაურის გამგეობაში 2015 წლის 5 იანვარს გათავისუფლდა. ამავე წლის 21 იანვარს, მას შვილი შეეძინა. გულნაზ ღლონტი ხელვაჩაურის გამგეობის სოფელს განთიადის რწმუნებულად, 2013 წლის 15 თებერვლიდან მუშაობდა კონკურსამდე მოვალეობის შემსრულებლად. კონკურსის გამოცხადების დროისთვის კი, ის დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა.
„დაუკავშირდით იურისტებს და ისინი გაგცემენ პასუხს. მე არა ვარ მაგ საკითხში კომპეტენტური” – გვითხრა ნადიმ ვარშანიძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. მან „ბათუმელებთან” მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება ანომალიად შეაფასა და თქვა: „ეს იყო ანომალიური მოვლენა სასამართლოს მხრიდან, მსგავს გადაწყვეტილებას სხვაგან ვერ ნახავთ”.
ხელვაჩაურის გამგეობის იურისტმა დავით კოპინაძემ გვითხრა, რომ ის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას დაელოდება.
გაასაჩივრებს თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თავად ჯიმშერ ბერიძე, რომელიც დეკრეტული შვებულებიდან გათავისუფლებული ქალის ადგილას მუშაობს, უცნობია. მასთან დაკავშირება “ბათუმელებმა” დღის განმავლობაში ვერ მოახერხა.
8-10 ივნისს, ბათუმში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რიგით მე-8, გარემოსდაცვითი მინისტერიალი – „გარემო ევროპისთვის“ (Environment for Europe) გაიმართება. მინისტერიალში 56 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი და საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
მინისტერიალის ძირითადი თემები მწვანე ეკონომიკა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება იქნება. კერძოდ, კონფერენციაზე განიხილება – მწვანე ეკონომიკისთვის საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის საკითხი; სამოქალაქო საზოგადოების როლი მწვანე ეკონომიკის განვითარებაში, ქიმიური ნივთიერებების მართვა; ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და ა.შ.
მინისტერიალი “გარემო ევროპისთვის” გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეგიონის წევრი ქვეყნების, გაეროს სისტემაში არსებული ორგანიზაციების, მთავრობათაშორისი ორგანიზაციების, რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სხვა დაინტერესებული ჯგუფების თანამშრომლობის ფორმატს წარმოადგენს.
პირველად “გარემო ევროპისთვის“ მინისტერიალი 1991 წელს, ჩეხოსლოვაკიის გარემოს დაცვის სამინისტროს ინიცირებით, ქ. დობრისში ჩატარდა. აქამდე სულ 7 კონფერენციაა გამართული. ჩეხეთის შემდეგ კონფერენციები გაიმართა შვეიცარიაში (ლუცერნი, 1993), ბულგარეთში (სოფია, 1995), დანიაში (ორჰუსი, 1998), უკრაინაში (კიევი, 2003), სერბეთსა (ბელგრადი, 2007) და ყაზახეთში (ასტანა, 2011). მინისტერიალი 3-5 წელიწადში ერთხელ იმართება.
ხვალ 7 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების პროგრამის – „დაინახე მეტი ვიდრე ჩანს“, პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში პროექტის ორგანიზატორი, საინიციატივო ჯგუფი „დაინახე უფრო მეტი“ გამართავს.
საინიციატივო ჯგუფი 2016 წლის 1 აპრილს ჩამოყალიბდა. პროექტის მხარდამჭერი ბრიტანული არასამთავრობო ორგან იზაცია Human rights focus , ახალგაზრდული ალიანსი ადამიანის უფლებებისთვის და გაცვლითი პროგრამა Erasmus + და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი.
პროექტის ორგანიზატორთა ინფორმაციით, პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ ხელვაჩაურში მცხოვრები 14-იდან 25 წლის ახალგაზრდები. მათ შორის შშმ პირებიც.
პრეზენტაცია დღის ათ საათზე დაიწყება და სხვადასხვა აქტივობებით იქნება დატვირთული.
საზოგადოებრივ სივრცეში პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ხშირად გვესმის დებატები თემაზე, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა საქართველოს რიგითი მოქალაქეებისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში. ამ დებატების ფონზე, უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა თავად მოსახლეობის აზრი, რომელიც კარგად ჩანს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისთვის (NDI) CRRC-საქართველოს მიერ 2015-2016 წლებში საქართველოს მასშტაბით ჩატარებული წარმომადგენლობითი გამოკითხვების შედეგებში.
2014 წლის ივნისის შემდეგ საკუთარ ქალაქსა თუ სოფელში საცხოვრებელი პირობების ცვლილება დადებითად საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის მხოლოდ 9%-მა შეაფასა. 43%-ის აზრით კი, პირობები გაუარესებულია. ამავდროულად, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (47%) ამ მხრივ მდგომარეობის რამენაირ ცვლილებას არ აფიქსირებს. გამოკითხულთა მხოლოდ 28% ეთანხმება მოსაზრებას, რომ არჩეულ თანამდებობის პირს სწორი მიმართულებით მიჰყავს მათი ქალაქი/სოფელი. მოსახლეობის 80%-ის აზრით, მათი საცხოვრებელი ადგილი სათანადო დასაქმების შესაძლებლობებს არ იძლევა. (2015 წლის აგვისტოს გამოკითხვა).
დასაქმების არასათანადო შესაძლებლობებსა და ზოგადად ეკონომიკურ საკითხებზე უარყოფით მოსაზრებას სხვა კითხვებზე მიღებული პასუხებიც მიუთითებს. 2015-2016 წლებში რესპონდენტებისთვის და მათი ოჯახებისთვის დასახელებულ მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე მთავარი სწორედ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია (2015 წლის ნოემბრის და 2016 წლის მარტის გამოკითხვა).
შესაბამისად, ხალხი არც საკუთარი და თავისი ოჯახის მდგომარეობითაა კმაყოფილი. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ გაუმჯობესებას 10% აღნიშნავს, გაუარესებას – 42%, დანარჩენი კი თვლის, რომ მათი მდგომარეობა არ შეცვლილა (2016 წლის მარტის გამოკითხვა).
მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით შეცვლილ სიტუაციას მოსახლეობა ძირითადად უარყოფითად აფასებს. მაგალითად, მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით გაუარესდა სამუშაო ადგილებთან (55%), სიღარიბესთან (70%) და ფასების ზრდასთან (92%) დაკავშირებული მდგომარეობა (2016 წლის მარტის გამოკითხვა).
მოსახლეობა ასევე უკმაყოფილოა ქვეყანაში არსებული ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობით. 2016 წლის მარტის გამოკითხვის მონაცემებით, ქვეყანაში არსებულ ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობას მოსახლეობის 66% ცუდად აფასებს და მხოლოდ 3% – კარგად. ამის მიზეზად, უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეები ახლანდელი (81%) და წინა (59%) მთავრობების შეცდომებს, ხოლო 53% გლობალურ პრობლემებს ასახელებს. ამ კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია პასუხი კითხვაზე, ახორციელებს თუ არა ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაზეც დადებითად მოსახლეობის 39% პასუხობს.
შესაძლებელია ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს (ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის 4 მაისის ინტერვიუ რუსთავი 2-ზე) გრძელვადიანი ეფექტი ჰქონდეს და პოზიტიური შედეგები დაუყოვნებლივ ვერ მივიღოთ. თუმცა, ასეთი პროგნოზი დღეს არაფერს ცვლის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის, რომლის აზრით, ბოლო წლებში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა (42%) და მომავალი ერთი წლის განმავლობაშიც არ აქვს მისი გაუმჯობესების მოლოდინი (65%).
ხვალ, 7 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, დედამიწის მეგობრები – საქართველო“, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამართავს შეხვედრას თემაზე – „ევროპული დირექტივები და საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა“.
ორგანიზატორთა განცხადებით, შეხვედრის მიზანი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან მიმართებაში არსებული ხარვეზების გამოკვეთა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაა, რომელიც, ხელს შეუწყობს ამ დარგში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს ევროკავშირთან.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის I კვარტალში აჭარაში 98.7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდა. „წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციები 29%-ით გაიზარდა“- წერს სამინისტრო.
„ბათუმელები“ დაინტერესდა იმ მსხვილი ინვესტიციებით, რის საფუძველზეც სამინისტრო მიიჩნევს, რომ ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია კონფინდენციალურია, „თვითონ კომპანიებს უნდა მოთხოვოთ ეს ინფორმაცია“- გვეუბნებიან პრესსამსახურში, თუმცა რამდენიმე ინვესტიციას მაინც ასაჯაროებენ.
„მაგალითად „მარიოტი“, ახალ ბულვარში რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია „მეტროს“ ვგულისხმობ, ხეივანში სამი ობიექტი რომელიც ჯამში ერთად არის 22 მილიონის და კიდევ ორი პროექტი, რომელსაც მალე ჩაეყრება საფუძველი. დანარჩენი კომპანიები რომლებისგანაც ჩვენ ვღებულობთ ინფორმაციას, ეს არის კონფინდენციალური, იმიტომ რომ კომპანიებს ჩვენ ვთხოვთ ინვესტიციების დაჯამებისას ამ ინფორმაციას და მათ აქვთ თუ არა სურვილი ეს იყოს საჯარო, მათ უნდა ჰკითხოთ“- გვეუბნება სამსახურის უფროსი, თამუნა დიასამიძე.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთო ინვესტიციიდან 71.5 მილიონი აშშ დოლარი უცხოურია, ხოლო 27.2 მილიონი აშშ დოლარი ადგილობრივი კერძო ინვესტიციაა.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული კერძო ინვესტიციები ეკონომიკური სექტორების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: ენერგეტიკა (49.1%), ტურიზმი (29.4%), მშენებლობა (18.3%).“
დღეს, 6 ივნისს, 12 საათზე, ბათუმში იუსტიციის სახლის წინ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პატიმართა ახლობლებმა ის საკანონმდებლო ნორმა გააპროტესტეს, რითაც უვადო პატიმრობაში მყოფ პირებს ამნისტია არ ეხებათ.
„ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, სადაც ასამდე ადამიანი იყო მოსული. 2012 წელს გამოცხადდა ამნისტია, რომელიც არ შეეხო უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს, რაც არის კანონის უხეში დარღვევა. ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ეს არის საკანონმდებლო კაზუსი, მაგრამ არ არის გამოსწორებელი“, – ამბობს ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე.
მისი თქმით, დღეს 37 პატიმარი შიმშილობს: „აქედან 30 პატიმარი მე-8 დაწესებულებაში, 7 პატიმარი კი მე-6 დაწესებულებაში. ასევე გვაცნობეს, რომ ყველა უვადო პატიმარი, რომელიც შიმშილობს, უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურებაზე და გასეირნებაზე. ეს კიდევ უფრო გაართულებს მსჯავრდებულების მდგომარეობას“.
თამაზ ბაკურიძის თქმით, ამ საკითხზე უფრო მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვა გარემოსდაცვით მინისტერიალზე იგეგმება.
„მინისტერიალზე არის დაგეგმილი პრეზიდენტის და მთავრობის წევრების ჩამოსვლა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მათი ჩამოსვლის დღეს შევიკრიბოთ და ეს საკითხი გავაპროტესტოთ. მომდევნო საპროტესტო აქცია მომავალ კვირას, ისევ იუსტიციის სახლთან გაიმართება“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რეზო ხარაძის განცხადებით, 2013 წლიდან ქობულეთში ველოტერმინალების მოწყობა და მუნიციპალური ავტობუსების შესყიდვა იყო დაგეგმილი, რაც დღემდე არ განხორციელდა. მისი თქმით, ქობულეთისთვის შესყიდული 12 ველოტერმინალი დღემდე „ბათუმიველოს“ ტერიტორიაზეა დასაწყობებული.
„აჭარის მთავრობასთან იყო შეთანხმება, რომ ქობულეთისთვის უნდა შესყიდულიყო 15 მუნიციპალური ავტობუსი და 12 ველოტერმინალი. ამისთვის ადგილები გამოყოფილია და ტერმინალების შესყიდვაც მოხდა, თუმცა პროექტი არ განხორციელდა და ეს ტერმინალები მე როგორც ვიცი, დღემდე დასაწყობებულია“.
რეზო ხარაზის თქმით, ავტობუსების შესყიდვა და ველოტერმინალების მოწყობა ჯამში ორ მილიონამდე ლარი ჯდებოდა.
„გარდა იმისა, რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდა, უფრო მეტიც, ქალაქში მწყობრიდან არის გამოსული მოსაცდელები. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა ისე, რომ გადასასვლელები არ არის ადაპტირებული რაც პრობლემას უქმნის ეტლით მოსარგებლეებს“.
რეზო ხარაზის თქმით, გასხვისდა ავტოპარკირებისთვის გამოყოფილი ტერიტორიებიც.
„ფიჭვნარის და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ავტოპარკინგის მოწყობა დაგეგმილი, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ეს ტერიტორიები გასხვისდა“.
„რეზო ხარაზი ხელისუფლებაში რომ იყო, მაშინ მიეხედა მაგ საქმისთვის და მისი სოფლის გზა მაინც გაეკეთებინა და წყალი გაეყვანა სოფლებში. ჩიხში მყავს შეყვანილი და ახლა ველოსიპედებზე გადავიდა“.
გამგებლის თქმით, ველოტერმინალების მოწყობა დაგეგმილია, თუმცა ჯერ კონკრეტული ადგილები არ არის შერჩეული. „ბიუჯეტში თანხაც ხომ უნდა გვქონდეს. ქუჩების ადაპტირებას რაც შეეხება, ჯერ ასფალტია მხოლოდ დაგებული და ტროტუარების გაკეთება მომავალ წელს იგეგმებ. ადაპტირებული იქნება ყველა ტროტუარი. ტროტუარების გარდა, ჩვენ ზღვაზე გადასასვლელსაც ადაპტირებულს ვაკეთებთ“.
დღეს 6 ივნისს, 12:00 საათზე დაგეგმილი იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა, სადაც უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრობის კანდიდატებისთვის კენჭი უნდა ეყარათ. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომა ტექნიკური ხარვეზების გამო ჩაიშალა.
„დღის წესრიგი არა დამტკიცდა და სხდომა დაიხურა, ტექნიკური ხარვეზის გამო. ითქვა, რომ არ იყო სწორად დათვლილი კენჭისყრის ალტერნატიული ვადა. წინადადება დადგა კენჭისყრაზე რომ არ დამტკიცებულიყო დღის წესრიგი და 8 ხმით, დღის წესრიგი არ დამტკიცდა“ – აცხადებენ პრესსამსახურში.
უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატია დავით ქარცივაძე, წევრობის კანდიდატი კი მამუკა ჯაში. მათ კანდიდატურებს უმაღლესმა საბჭომ ერთხელ უკვე უყარა კენჭი, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ხმების საკმარისი ოდენობა ვერ დააგროვა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ონურ ო. დააკავეს.
შსს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 64 აბი და 5 აბის ნატეხები ამოიღეს, რომელიც 3,69555 გრ მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ონურ ო.-მ ნარკოტიკული საშუალება რამდენიმე პიროვნებას მიჰყიდა, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული“.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
2 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიხსნა ვაინახური კულტურის ფესტივალი, რომელსაც პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია და ანსამბლი „პანკისი“ მართავდა.
5 ივნისს კი ფესტივალს ბათუმმა უმასპინძლა.
რა მიზანს ემსახურებოდა, როგორ მიმდინარეობდა ფესტივალი და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გადაცემაში – „შეუზღუდავი სივრცე“ ისაუბრა გადაცემის სტუმარმა, ანსამბლ „პანკისის“ ხელმძღვანელმა, ბელა მუთოშვილმა.
გადაცემა მომზადდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის
„ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“ ფარგლებში,
ამერიკული ფონდის NED-ის დაფინანსებით.
ქართულ ცხვარზე მოთხოვნა არაბეთის ქვეყნებში, მათ შორის ეგვიპტეში, ასევე ირანსა და ერაყში მაღალია. წელს ქვეყნიდან უკვე გაყვანილია 30 ათასი სული ცხვარი. ცხვარი გაჰყავთ გემებით – ბათუმიდან და თვითმფრინავებით – ჩარტერული რეისებით, თბილისის აეროპორტიდან. ფერმერები კი ამბობენ, რომ ბაზრის არსებობის მიუხედავად მათი ცხვარი ძნელად იყიდება და გარკვეული მაქინაციებით შემოსავალს ერთეულები იღებენ. გასულ წელს საქართველოდან გაყვანილი იქნა 220 ათასი სული ცხვარი, 2014 წელს კი – 250 ათასი.
ბათუმის პორტში არც თუ იშვიათად დგანან სპეციალური გემები, რითაც ცხვარი გადაჰყავთ. ამ მარშრუტით სარგებლობენ სამეზობლო ქვეყნებიდან ცხვარის გადაყვანის დროსაც. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული ცხვრისადმი ინტერესი მაღალია და ეს, ძირითადად, უკავშირდება იმ ვეტერინარულ ღონისძიებებს, რასაც სახელმწიფო ატარებს:
„ქვეყნისადმი ნდობამ, მეცხოველეობის პროდუქტებისადმი ინტერესი არა მარტო არაბეთის, არამედ ევროპის ქვეყნების მხრიდანაც გაზარდა, რაზეც მეტყველებს ქართული მატყლის [ასევე თაფლის] დაშვება ევროპულ ბაზარზე“.
მიუხედავად ამისა, ქართველი მეცხვარეების პრობლემები მოუგვარებელი რჩება. გრიგოლ ბექურაიძე ახმეტაში, სოფელ ალვანში ცხოვრობს. ფერმერი ამბობს, რომ თუ სიტუაცია არ გამოსწორდა ახმეტაში, არც თუშური ცხვარი იქნება და არც მეცხვარე, ვინაიდან მათ ქონებას „ბანკი წაიღებს“: „ვისაც ცხვარი ჰყავს, ყველას ბანკის ვალი აქვს, ცხვარი კი არ იყიდება. რაც ახმეტაში ცხვარია, დიდიან-პატარიანად რომ გაყიდო, ბანკის ვალებს არ ეყოფა… ჩვენამდე არაბი მყიდველი ვერ აღწევს, არ უშვებენ. ჩვენამდე მოდის მეოთხე, მეხუთე კაცი… არადა, მე რაც ვიცი, არაბეთში 700 დოლარიც კი ღირს ერთი ცხვარი. 2-3 წლის წინ 100 დოლარად ვყიდდით ცხვარს, შარშან, შემოდგომაზე, 130 ლარად ვერ გავყიდეთ“.
გრიგოლ ბექურაიძე ვარაუდობს, რომ წელსაც იგივე სიტუაცია იქნება: „2500 ცხვარი მყავს, 12 მეცხვარეს თვეში 1300 ლარს ვუხდი ხელფასს და 250 ათასამდე ლარი ბანკის ვალი მაქვს. სახელმწიფოს წელიწადში 26 ლარს ვუხდით ერთი ჰექტარი საძოვრით სარგებლობაში. აქ კი სომხეთიდან და რუსეთიდან შემოჰყავთ ცხვარი და ის გაჰყავთ, როგორც ქართული… რაც შეეხება მატყლს, 40 თეთრადაც ვერ ვყიდით – ალბათ, გავპარსავთ ცხვარს და გადავყრით. თუ 100 დოლარად მაინც არ გაიყიდა ერთი ცხვარი, ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. ამ ფასზე გვქონდა გათვლილი, როცა სესხი გამოვიტანეთ“.
სამინისტროში კი ფიქრობენ, რომ ექსპორტიორებს, რომლებსაც საქართველოდან ცხვარი გაჰყავთ, დღეს ერთადერთი პრობლემა აქვთ: „ეს არის ცხვრის ნაკლებობა საქართველოში“.
„მათ სჭირდებათ მეტი ცხვარი. მეტი რომ იყოს, მეტს გაიყვანენ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ მიხეილ სოხაძემ.
მიხეილ სოხაძის თქმით, ქართველი მეცხვარეების ძირითადი მოთხოვნა გადასარეკი ტრასების კეთილმოწყობაა: „ამ ტრასებზე დაახლოებით 108 მონაკვეთი არსებობს, სადაც გადაფარვაა, ანუ ის მიწები, რომლებიც ისტორიულად გამოიყენებოდა როგორც გადასარეკი ტრასა, ასევე საძოვრები, წინა წლებში სახელმწიფომ გაასხვისა – ან იჯარით გასცა, ან გაყიდა“ [მთავარ და მცირე კავკასიონზე არაერთი გადასარეკი ტრასა არსებობს, თუმცა ძირითადი პრობლემებიც ამ მიმართულებზეა: დედოფლისწყარო-თეთრიწყარო-დმანისი-წალკა; აქედან კი სხვადასხვა მიმართულებაა-ნინოწმინდა, ახლაციხე, ბაკურიანის ჩათვლით].
ფერმერებმა „ბათუმელებთან“ აღნიშნეს, არიან მოიჯარეები [მესაკუთრეებიც], რომლებიც განკარგავენ გაცილებით მეტ ფართობს, ვიდრე ეკუთვნით. მეცხვარეები სახელმწიფოსგან ამ პრობლემაზე რეაგირებას ითხოვენ: „150 ჰექტარი თუ აქვს, მაგალითად, იჯარით, 500 ჰექტარს ეპატრონება. ხომ შეიძლება ის 350 ჰექტარი ჩვენ მოგვცეს სახელმწიფომ იჯარით? როცა საკითხი დავსვით, გვითხრეს, რომ ეს სახელმწიფოს მიწაა, გადაეცემა თვითმმართველობას და ისინი გასცემენ შემდეგ იჯარით. ჯერ არაფერი ამგვარი არ ხდება“.
ცხვრის გადარეკვა. სოფელი ბზუბზუ. ეკა ბარამიძის ფოტო
მეორე პრობლემა, რაც მეცხვარეებს აწუხებთ, არის ორმაგი დაბეგვრა. ისინი იხდიან როგორც საგაზაფხულო, ასევე ზამთრის საძოვრებზეც ცალ-ცალკე [ეს ყველას არ ეხება], ანუ ზოგიერთი ფერმერი წელიწადში ორჯერ იხდის ბეგარას. არის პრობლემები საგადასახადო კუთხითაც.
„ძირითადი საკითხები სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას სცილდება, თუმცა მეცხვარეთა ასოციაციას სამინისტრო გვერდში უდგას. საკმაოდ რთული პრობლემებია. მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო მეცხვარეთა ასოციაციის ჩართულობით, რომ ეს პრობლემა ეტაპობრივად მაინც აღმოიფხვრას“, – ამბობენ ასოციაციაში.
აღსანიშნავია, რომ ასოციაციის ინიციატივით ორი წლის წინ დაიწყო მუშაობა მეცხვარეობის სტრატეგიის შემუშავებაზე. თუმცა, მეცხვარეების თქმით, ამ კუთხით არაფერი გაკეთებულა. „დოკუმენტის სამუშაო ვერსია ასოციაციის ჩართულობით მზადაა და ამით განისაზღვრება ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებიც“, – აცხადებს მიხეილ სოხაძე.
როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, ამ ეტაპზე მეცხვარეთა ასოციაციაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და ასოციაციას ოფიციალური ხელმძღვანელი არ ჰყავს.
დედოფლისწყაროელი ბექა გონაშვილი, რომელსაც საკუთარი კომპანია [„ჯორჯიან ლაივსტოკ ექსპორტი“] აქვს და ცხვარიც ჰყავს, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არის კომპანიები, რომლებსაც ცხვარი სომხეთიდან შემოჰყავთ და აქედან გაჰყავთ, როგორც ქართული, რაც ქართული ბაზრის საერთო პრობლემაა:
„შარშან სომხეთიდან საქართველოს გავლით ექსპორტირებული იქნა 40 ათასი სული ცხვარი, შარშანწინ – 70 ათასი. ამჯერად, თითქოს შეჩერებულია, თუმცა მაინც ახერხებს ზოგიერთი შემოყვანას. წელს რუსეთიდანაც კი შემოიყვანეს და გაიყვანეს, როგორც ქართული ცხვარი. არადა, ქართულ ცხვარს, როგორც ბრენდს, ისედაც ბევრი პრობლემა აქვს, ჯერ ჩვენ სახელი გვაქვს დასამკვიდრებელი, რასაც ასეთი მაქინაციები ძალიან ვნებს“.
ბექა გონაშვილი ამბობს, რომ ცხვარი დღეს 100-150-180 ლარიც ღირს. მან ბოლოს ორი რეისით ცხვარი კატარში გააგზავნა. უფრო ადრე კი, საუდის არაბეთში შეექმნა ცხვრის გასაღების პრობლემა: „ჩვენსას არავინ ყიდულობდა. სომხური ცხვარი განსხვავდება ქართულისგან, თუმცა ძალიან ჰგავს არაბულ ცხვარს. ამით სარგებლობენ – იქაური ავასის ჯიშის ცხვარი იქ თუ ღირს, ვთქვათ, 400 დოლარი, აქედან შეყვანილ სომხურ ცხვარს ყიდიან 250 დოლარად. დაახლოებით ასეთი სხვაობაა“.
ქართველი მეცხვარეების თქმით, საქართველოდან იმდენი ცხვარი [მათ შორის სომხური, რომელიც სომხეთში ქართულთან შედარებით გაცილებით იაფია] შეიყვანეს იორდანიაში, რომ ამ ქვეყნის ფერმერებმა ქართული ცხვრის იმპორტის აკრძალვა მოითხოვეს. „შარშან, დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბრიდან იორდანიაში ცხვარი ვეღარ შეგვყავს“, – ამბობს ბექა გონაშვილი.
ფაქტს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ იორდანიის ბაზრის ჩაკეტვის ერთადერთი მიზეზი იქაური ფერმერების მოთხოვნა იყო.
ქართველი მეცხვარეები ამბობენ და სამინისტროშიც ადასტურებენ, რომ არაბეთი და სხვა ქვეყნები სომხურ ცხვარს არ იღებენ, რადგან სერტიფიკატს [ცხვრის ჯანმრთელობის შესახებ] ნაკლებად ენდობიან.
„მომავალში საქართველოდან გაგრძელდება როგორც ქართული, ასევე თუნდაც სომხური ცხვრის ექსპორტი, თუმცა წარმოშობის სერტიფიკატში აუცილებლად ჩაიწერება, რომ არის ქართული, სომხური ან რუსული წარმოშობის. ჯანმრთელობის სერტიფიკატი კი იქნება ქართული, ვინაიდან ენდობიან… რაც შეეხება სომხურ ცხვარს, ის კონკურენციაში არ მოდის ქართულ ცხვართან. შარშან სომხეთში დაფიქსირდა დაავადება თურქული. შესაბამისად, ვიდრე სომხეთი არ ჩაატარებს სრულ ვაქცინაციას და არ გვექნება ოფიციალური მომართვა, შეზღუდული იქნება შემოყვანა“, – აცხადებს მიხეილ სოხაძე.
ცხვარი აღარ გადის საქართველოდან აზერბაიჯანში, ვინაიდან იქ ცხვარი გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე აქედან შეყვანილი. ქართველი მეცხვარეები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ექსპორტიორები ცხვარს იაფად აზერბაიჯანიდან შემოიყვანენ და როგორც ქართულს, ისე გაიყვანენ არაბეთში, როგორც ადრე სომხური ცხვარი გაჰყავდათ.
ყაზბეგში მცხოვრები ვაჟა ღუდუშაური `ბათუმელებთან~ ამბობს, რომ შარშან თავიანთ ცხვარს სწორედ შემოყვანილი ცხვრის გამო ვერ ყიდდნენ:
„ცხვარი სომხეთის გარდა უკრაინიდანაც შემოიყვანეს და ქართულ ცხვრად გაასაღეს. ამ პრობლემას უნდა მიხედოს სახელმწიფომ. და კიდევ, მე პირადად და ჩემნაირებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება საზაფხულო საძოვრებთან მიმართებაში გვჭირდება – იქნებ იჯარით მოგვცენ [ზამთარში კასპში მყავს ცხვარი, ახლა კი თრუსოს ხეობაში]. სხვა მხრივ, ბუნებრივია, სახელმწიფო მე ცხვარს ვერ გამიყიდის – 3%-იანი აგროსესხი ავიღეთ სახელმწიფოსგან, კიდევ გვინდოდა, მაგრამ ბანკებმა სესხი არ მოგვცეს“.
ერთადერთი, რისთვისაც სახელმწიფოსადმი მადლიერები არიან, მეცხვარეები პირუტყვის ვაქცინაციას ასახელებენ, რასაც სახელმწიფო უფასოდ და დროულად ახორციელებს. უსაფრთხოებასთან ერთად ქართული ცხვრის უპირატესობა მისი საგემოვნო თვისებებიც ყოფილა. მეცხვარეები ამტკიცებენ, რომ ქართული [თუშური] ცხვრის ხორცი განსხვავებული და უკეთესია გემოთიც და ფერითაც.
„არაბებს, ვისაც ვიცნობ და ვისაც გასინჯული აქვს ქართული ცხვრის ხორცი, უფრო მოსწონთ გემოთი. ამასთან, ქართული ცხვარი უფრო კომპაქტურია, პატარა და სარეალიზაციოდ არის კარგი“, – ამბობს ბექა გონაშვილი.
მისივე თქმით, ლოჯისტიკა-ბაზარი-ტრანსპორტირების საკითხები თავისუფალი ეკონომიკის პირობებში ბიზნესმა უნდა მოაგვაროს: „თუმცა, არც ისეთი შემოსავლიანი დარგია, რომ წავიდეს ბიზნესმენი და საკუთარი თვითმფრინავი ან გემი იყიდოს. ამ ტრანსპორტს ვქირაობთ. ბათუმში ცხვარი ტრაილერებით ჩაგვყავს. გემზე როცა დაიტვირთება, გადამზიდავია პასუხისმგებელი ყველაფერზე. თვითმფრინავით ერთ რეისზე 1000-2700 ცხვრის გადაყვანა შეიძლება, გემით კი – 5 ათასი და მეტი. მინახავს გემი, რომელსაც 120 ათასი სულის გადაყვანა შეუძლია. სპეციალური გემებია და გაცილებით იაფი, თუმცა არც თვითმფრინავია ძვირი დღეს, საწვავის ფასებიდან გამომდინარე“.
საქართველოში 5-6 ძირითადი ექსპორტიორია, არიან სხვებიც, რომლებსაც ცხვარი აპრილიდან-ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში გაჰყავთ. რამდენიმე მეცხვარე, ვისაც „ბათუმელები“ ტელეფონით ესაუბრა, ამბობს, რომ არსებობს ბარიერები, რის გამოც ისინი ექსპორტიორს ვერ უკავშირდებიან.
ამ საკითხების გარკვევის მიზნით, რამდენიმე დღის წინ სამინისტროში მეცხვარეებს შეხვდნენ. მიხეილ სოხაძის განცხადებით, სააგენტოში ამ დღეებში ბაჰრეინის დელეგაციაც იმყოფებოდა, რომელიც ცხვრის გაყვანით არის დაინტერესებული: „ყველაზე დიდი ბაზარი კი საუდის არაბეთია, „ასევე ეგვიპტეში გაიყვანეს ცხვარი. ასევე საქართველოდან ცხვრის ხორცის გატანა აინტერესებთ ირანსა და ერაყში“.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012-2015 წლებში საქართველოდან გაყვანილია 74,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, ხოლო ამავე პერიოდში ქვეყანაში შემოყვანილია 10 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების ცხვარი.
იმავე სამსახურის მონაცემებით, ცხვრის სულადობამ 2014 წელს საქართველოში 865 900 შეადგინა, რაც 289 100-ით მეტი იყო 2011 წელთან შედარებით. 2015 წლის მონაცემს რაც შეეხება, საქსტატს, თხისა და ცხვრის რაოდენობა გამიჯნული არ აქვს. 2016 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით საქართველოში ცხვრისა და თხის საერთო რაოდენობამ ჯამში შეადგინა 1 272 800.
ცხვრის გადარეკვა. სოფელი ბზუბზუ. ეკა ბარამიძის ფოტო
5 ივნისს, 19:00 საათზე, ბათუმის საზაფხულო თეატრში ვაინახური კულტურის ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალზე დასწრება უფასოა.
ვაინახური კულტურის ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის ორგანიზატორები არიან პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია და ანსამბლი „პანკისი“.
5 ივნისს, მხოლოდ ერთი დღით, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ბათუმველო“ აქციას მართავს, „ბათუმველოს“ ერთწლიანი ბარათის შეძენა 50%-იან ფასდაკლებითაა შესაძლებელი, 20 ლარის ნაცვლად 10 ლარად. აქცია დღეს საღამომდე გაგრძელდება.
ბარათების შეძენა ტურისტულ ცენტრებშია შესაძლებელი.
„ბათუმველო” შპს ბათუმის ავტოტრანსპორტის პროექტია და 2011 წლიდან არსებობს. დაარსებიდან დღემდე „ბათუმიველოს“ 31 ათასზე მეტი აბონენტი ჰყავს დარეგისტრირებული. აქედან 1500-ზე მეტი აქტიური მომხმარებელია. „ბათუმიველომ“ ყველაზე მაღალი შემოსავალი – 197 ათასი ლარი, 2013 წელს მიიღო.
თავდაცვის სამინისტრომ ქართული ჯარის 25 წლის იუბილე სახალხო ღონისძიებით აღნიშნა
თავდაცვის სამინისტროში 2 თვის წინ გადაწყდა: შეიარაღებული ძალების 25წლის იუბილე უნდა ყოფილიყო უპრეცენდენტო დღესასწაული, რომელიც კიდევ ერთხელ გაუსვამდა ხაზს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობას და ყველა სტუმარზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენდა.
როგორც კი ღონისძიების ყველა დეტალი დაიგეგმა, უკვე ცხადი იყო, რომ ღონისძიება გამორჩეულად საინტერესო და ემოციური ბავშვებისათვის იქნებოდა. ამიტომ, სკოლის მოსწავლეების ინფორმირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა. სწორედ ამ მიზნით ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები თბილისის ყველა საჯარო სკოლას ესტუმრნენ და ღონისძიების შესახებ ინფორმაცია მოსწავლეებს პირადად გააცნეს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივ პრე-კამპანიას ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, ისე სწრაფად აჭრელდა სოციალური ქსელები სამხედრო ჰამერებთან ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით გადაღებული ფოტოებით, რომ ბოლომდე გავაანალიზეთ საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა: მათთვის იმედის გაცრუების უფლება არ გვქონდა!
„მხოლოდ 4 დღე დარჩაო“ – ღონისძიებამდე დარჩენილ დროს ითვლიდნენ კადეტები და იგივე სიტუაციაში ვიყავით ყველა, 27 მაისს ველოდით მოუთმენლად, როგორც დიდ გამოწვევას, როგორც კიდევ ერთ დღეს, დღესასწაულს, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გავატარებდით.
27 მაისი გამოვიდა სანახაობრივი, მეგობრული და ემოციური…
ღონისძიებების ფარგლებში ბრიტანელმა და ქართველმა სამხედროებმა საპარაშუტე შოუ მოაწყვეს, გამოიფინა “დელტას” მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სამხედრო შინაარსის თამაშებში ჩართულიყვნენ. სპეციალურად მათთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების კონკრეტულმა ქვედანაყოფებმა წვრთნის და სხვა სამხედრო აქტივობების ადაპტირებული, გასართობი ხასიათის ვერსიები წარმოადგინეს.
ორგანიზატორებმა პატარების მხიარულ განწყობაზე სხვა მიმართულებითაც იზრუნეს – მათ სახეები საქართველოს დროშებითა და სამხედრო სიმბოლოებით მოუხატეს. სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა იპოდრომის ტერიტორია თემატური ნახატებით გააფორმეს. ქართული ჯარისადმი დამოკიდებულება და მხარდაჭერა ასე გამოხატეს.
სპორტული ღონისძიებებისთვის მოწყობილი იყო რაგბის, ფრენბურთის, კალათბურთის, ჭადრაკის და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო მოედნები. ასევე, AIR SOFT-ის სათამაშო მოედანი და სიმულაციური სასროლეთი. სპეციალურად გამოყოფილ ისტორიულ კუთხეში აგვისტოს ომის თემაზე გადაღებული ფოტოები გამოიფინა. ასევე გაიმართა იუნკრებისა და კადეტების ნახატების გამოფენა-გაყიდვა.
გაიმართა წარმოდგენა ქართული საბრძოლო ილეთების ჩვენებით და მოეწყო სამთო-სწავლება. შეიარაღებული ძალების იუბილეზე მოსულ სტუმრებს საკვებით და გამაგრილებელი სასმელით კვებითი უზრუნველყოფის კომპანია გაუმასპინძლდა.
სამხედრო ჰოსპიტლის ექოსკოპიის კაბინეტში ნებისმიერ მსურველს, აბსოლუტურად უფასოდ რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება და კონსულტაციის მიღება შეეძლო. ხოლო ლაბორატორიიაში ნებისმიერ მსურველს შეეძლო, სისხლის ჯგუფისა და სისხლში შაქრის შემცველობა დაედგინა. დაინტერესებულმა პირებმა პირველადი სამედიცინო დახმარების თემაზე ლექციაც მოისმინეს და რეანომობილის აპარატურა და სამედიცინო ჯავშანმანქანა დაათვალიერეს. გაიმართა კიბერუსაფრთხოების საბაზისო ექსპრესკურსი და სახალისო ცდები ჩატარდა ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიებში. ახალგაზრდა გამომგონებლებმა კი საკუთარი მიგნებების შესახებ დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციები მიაწოდეს.
“ჩვენ ვდგავართ ქართული ჯარის გვერდით!”- ამ სიტყვებით დაიწყო შემაჯამებელი კონცერტი, რომელშიც ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო ორკესტრები, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი და ქართული მუსიკალური ჯგუფები მონაწილეობდნენ.
27 მაისი შედგა! ამაზე მეტყველებს ემოციები, რომელიც ჯერ კიდევ არ განელებულა, ფოტოები, რომლებზეც კარგად ჩანს მონაწილეებისა და სტუმრების ბედნიერი სახეები და, რაც ყველაზე ძვირფასია, ბავშვების ნახატები, რომლებიც მოზღვავებულ შთაბეჭდილებებს ჯერ ვერ გაუმკლავდნენ და საკუთარ ნამუშევრებში ხან პარაშუტისტებს, ხანაც სამხედრო ტექნიკასა და აღჭურვილობას ხატავენ, ნამდვილ ჯარისკაცებთან მეგობრობაზე კი დღესაც უყვებიან თანატოლებს, “ქართული ჯარი 25” ყოველთვის ემახსოვრებათ და ყველა შესაძლო სიტუაციაში ეტყვიან სამხედრო მოსამსახურეებს: მადლობა სამსახურისთვის!
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ-გვერდი: mod.gov.ge
პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირება საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული თანამედროვე და ისტორიული ფაქტების შესახებ
ნაწილი I
საქართველოში ქრისტიანობას ყოველთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა, ერთი მხრივ, ქრისტიანობა იყო ერის იდენტობის შენარჩუნების საშუალება, ხოლო მეორე მხრივ, დასავლეთთან ინტეგრაციის გზა, რომელიც ჯერ კიდევ მირიან მეფემ მეოთხე საუკუნის დასაწყისში აირჩია.
ქრისტიანობის განსაკუთრებული იდეოლოგიური მნიშვნელობა კარგად გამოჩნდა ერთიანი საქართველოს ფორმირების პროცესში, კერძოდ, შუა საუკუნეების იდეოლოგიურ ფორმულირებაში „ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, რომელსაცაშინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების“ – (გიორგი მერჩულე, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება) ანუ დაქუცმაცებული საქართველოს გამაერთიანებელ ძალად და გაერთიანების შემქმნელ იდეოლოგიურ ფონად ქართულ ენაზე ჩატარებული წირვა-ლოცვა ითვლებოდა. თითქმის 1700 წლის განმავლობაში სწორედ აღნიშნული იდეოლოგიური ფონი რჩებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მამოძრავებელ ბერკეტად.
1700 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დამპყრობელი დაუპირისპირდა ამ იდეოლოგიურ ფონს, თუმცა, მათგან ყველაზე უფრო წარმატებული რუსეთის იმპერია გამოდგა, რომელმაც საკუთარი ქრისტიანობა ფარად აიფარა და ისე შეეცადა ქართული ქრისტიანობის განადგურებასა და დამახინჯებას.
XIX საუკუნის დასაწყისში ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის გაუქმების შემდგომ, ფსევდო-ერთმორწმუნე, რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდს არაერთი დანაშაული მიუძღვის საქართველოს ეკლესიის წინაშე. რადგანაც ენა და რელიგია ქართული იდენტობის მთავარი საყრდენი იყო, 1811 წელს ერთმორწმუნე” მეფის რუსეთმა გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, რუსეთის სინოდი საეგზარქოსოდ გამოაცხადა და წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე შემოიღო. ენისა და რელიგიის განადგურების მთავარი მიზანი ქართული ერთიანობისთვის აუცილებელი კომპონენტების მოსპობა იყო. მეფის რუსეთის ამ პოლიტიკის შედეგად, 1811 წლიდან ეკლესიებში წირვა-ლოცვის რუსულ ენაზე წარმართვა ხალხში გაუცხოებას იწვევდა და იდენტობას ართმევდა.
მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებში დასავლეთ საქართველოს აჯანყების დროს, როდესაც რუსებმა განსაკუთრებული სისასტიკით ააოხრეს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და გურია, გარდა მოსახლეობის გაძარცვისა და დახვრეტისა, „ერთმორწმუნე” რუსებმა ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს უმაღლეს სასულიერო პირებს – სცემეს და თავზე ტომარაჩამოცმულები ამყოფეს ექვთიმე გენათელი და დოსითეოს ქუთათელი (რის შედეგადაც დოსითეოს ქუთათელი დაიხრჩო), ექვთიმე გენათელი კი რუსეთში გადაასახლეს.
რუსმა სასულიერო პირებმა გაძარცვეს ეკლესიები (სიონი, სვეტიცხოველი, ალავერდი, ნინოწმინდა, შემოქმედი, დიდუბე, დავით გარეჯის სავანე), რუსეთში გაიტანეს მტრების შემოსევებს გადარჩენილი ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უიშვიათესი ნიმუშები – მათ შორის, XI საუკუნის უძველესი ქართული სახარება, რომელიც ეგზარქოს ევსევის ნებართვით გელათიდან ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშოვმა გაიტანა. 1880-იან წლებში კი ეგზარქოსმა პავლემ ცეცხლში დაწვა ქართულ ენაზე დაბეჭდილი ათასობით წიგნი, გაძარცვა ჭყონდიდისა და მეტეხის ტაძრები. ეგზარქოს პავლეს დროს მეტეხის ეკლესიიდან გაქრა ოქროთი მოჭედილი მეტეხის ღვთისმშობლის (ბეთლემის) ხატი. 1860 წელს ეგზარქოსმა ევსევიმ გელათის მონასტერი გაანადგურა, იქ დასვენებულ ხახულის ღვთისმშობლის ხატს ძვირფასი თვლები დააძრო.
„ერთმორწმუნე” რუსეთის ეკლესიის ბარბაროსული ქმედებები ნიკოლოზ დურნოვს თავის ჩანაწერებში აქვს აღწერილი: `ქართული ეკლესიის ბედი~: „სინოდის მოხელეებმა მტკვარში გადაყარეს ყველა კანონები და დადგენილებანი,
რომელიც ქართულ ეკლესიას ეკუთვნოდა, დაწვეს აუარება უძველესი საეკლესიო დოკუმენტი, რაც გადარჩა პეტერბურგში წაიღეს. დაბოლოს, ივერიის ეკლესიას ავტოკეფალია წაართვეს.” იმპერატორ ნიკოლოზI-ის საქართველოში ჩამოსვლის წინ კი ეგზარქოსმა ევგენიმ, „სანიტარიული წესრიგის” საბაბით, თეთრად შეალესინა სვეტიცხოვლის, ალავერდისა და ერთაწმინდის უმნიშვნელოვანესი და უნიკალური ისტორიულ-კულტურული ფრესკები.
რუსეთის მხრიდან ქართული ეკლესიების ძარცვისა და ქართული საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების განადგურების მთავარი მოტივი ფინანსურ სარგებელში არ იყო, მათ სტრატეგიული მოტივი ჰქონდათ. ეს იყო კულტურული გენოციდი, რომლის მთავარი მიზანი ქართული კულტურული მემკვიდრეობის მოსპობით ეროვნული თვითშეგნებისა თუ ღირებულებების გარდაქმნა ან მთლიანად აღმოფხვრა იყო. იმ შემთხვევაში, თუ განადგურდებოდა ინსტიტუტი, რომელიც ქართული იდენტობის მთავარ ნაწილს წარმოადგენდა, უფრო მარტივად გახდებოდა ქართველთა „რუსიფიკაციის” პროცესი. ზუსტად ამ მიზნით ნადგურდებოდა ფრესკები, ქართული ხელოვნების ნიმუშები, ქართულ ენაზე დაბეჭდილი წიგნები, როგორც ქართული დამწერლობის შენახვისა და გავრცელების საშუალება.
რუსიფიკატორული პოლიტიკა საიდუმლო არც ყოფილა. მაგალითად, 1905 წელს რუსეთის ეკლესიის მიერ დანიშნულმა საქართველოს ეკლესიის მმართველმა ეგზარქოსმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისი მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის იდეის სისხლში ჩახრჩობა იყო.
იმდროინდელი ქართული საერო და სასულიერო ელიტა მიხვდა, რომ სარწმუნოების გადასარჩენად რუსული იმპერიული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლა იყო საჭირო. მაგრამ რუსეთის იმპერია მწარედ უსწორდებოდა ყველას, ვინც წინ აღუდგებოდა მის ბარბაროსულ ქმედებებს.
კირიონ II
1886 წელს ეგზარქოსმა პავლემ სიონის საკათედრო ტაძარში დაწყევლა ქართული ეკლესია და ქართველი ერი, რის გამოც დიმიტრი ყიფიანმა მას ბოდიშის მოხდა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ეგზარქოს პავლეს მითითებით, დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს, მოგვიანებით, 1887 წელს კი მოკლეს. სწორედ ამ პერიოდში გააქტიურდნენ ეპისკოპოსი კირიონი, დეკანოზი კალისტრატე, ნიკოლოზ დურნოვი და ისტორიკოსი თედო ჟორდანია და დაბეჭდეს ნაშრომები, რომლებშიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობას უსვამდნენ ხაზს. რუსებმა შეამჩნიეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები და მიზანში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ერთგული მცველი – კირიონ მეორე ამოიღეს. 1917 წელს რუსეთში დაძაბული შიდა სიტუაცია იყო, რამაც კირიონს საშუალება მისცა 1917 წლის 12 მარტსსაქართველოს ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უშუალო მმართველობისგან გამოეყვანა. თუმცა, ამისთვის 1918 წლის 26 ივნისს რუსეთმა ქართული ეკლესიის მცველი სიცოცხლეს გამოასალმა.
დღეს, რუსეთი სხვადასხვა მედიასაშუალებისა თუ საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების დახმარებით, საკუთარი პროპაგანდის მთავარ შემადგენელ ნაწილად ისევ იყენებს „ერთმორწმუნეობას” და დღემდე ცდილობს ხაზი გაუსვას საერთო მართმადიდებლურ ფასეულობებს, ერთმორწმუნეობის საკითხებს. რელიგია გამოყენებულია როგორც რუსული „ძალის” ერთ-ერთი ინსტრუმენტი. საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კულტურულ თუ რელიგიურ მსგავსებებზე საუბრისას, უნდა გავიხსენოთ თუ როგორ იყენებდა ის ერთმორწმუნეობის ნარატივს წარსულში და რა გამოცდილება მიიღო საქართველოს კულტურულმა, ეროვნულმა თუ ენობრივმა თვითმყოფადობამ რუსეთის მიერ გატარებული „ერთმორწმუნეობის” პოლიტიკით.
წყარო:
www.damoukidebloba.com
გაგრძელება იხილეთ შემდეგ ნომერში
NATO ევროატლანტიკურ სივრცესა და მის გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს” – გიორგი კვირიკაშვილი
24-25 მაისს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში რიგით მე-10 „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია” (GDSC) გაიმართა. კონფერენციის სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართეს.
„ჩვენ გვწამს, რომ NATO ევროატლანტიკურ სივრცესა და მის გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამ თვალსაზრისით, საქართველო ალიანსთან თავისი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნის ერთგულია. ათ წელზე მეტი ხნის მანძილზე ჩვენ საერთაშორისო მისიებში მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვსარგებლობთ უსაფრთხოების გარანტიებით, არამედ ვქმნით მათ. ეს შეეხება როგორც საგარეო, ისე საშინაო ვითარებას. ეროვნულ დონეზე, ვაგრძელებთ ამბიციურ რეფორმებს უფრო ძლიერი სახელმწიფოს ასაგებად, რომელსაც ძალუძს გაუმკლავდეს საფრთხეებს, რომლებიც ევროპას მის საზღვრებში და საზღვრებს მიღმა ემუქრება. საქართველო, შავი ზღვა და კავკასიის რეგიონი იმ თავსატეხის მნიშვნელოვანი ნაწილებია, რომელსაც NATO აგროვებს. ესაა წერტილი, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ხვდება. ესაა ტერიტორია, სადაც ალიანსი და მისი პარტნიორები პასუხისმგებლობას ინაწილებენ. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მომავალ თვეებში ამოქმედდება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ევროატლანტიკური მიზნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. პირიქით, ჩვენმა სწრაფვამ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა უნდა გააძლიეროს, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, უკანასკნელ წლებში გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ დაუპირისპირდეს დეზინფორმაციას და მზარდ საფრთხეებს, რაც შეუძლებელია დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე.
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის პირველი დღე მთლიანად ნატო-ს თემაზე მსჯელობას დაეთმო. პანელზე საუბარი საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივებს, ვარშავის სამიტის მოლოდინებს და რეგიონში არსებულ გამოწვევებს შეეხო. რეგიონში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება ჯეიმს აპატურაიმ და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე იმსჯელა. მისი თქმით, ალიანსი წვრთნების ჩატარებითა და ინფორმაციის გაცვლით რეგიონის გაძლიერებას ცდილობს.
„უელსის სამიტის შემდეგ, ნატო უფრო მეტად არის წარმოდგენილი საქართველოში და საქართველო უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატოში. ჩვენ პირველ რიგში ვახორციელებთ პაკეტით განსაზღვრულ მიმართულებებს. საქართველოში ჩამოვიდა ნატოს მრჩეველთა ჯგუფი, გავხსენით პირველი ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელმაც უკვე ჩაატარა პირველი წვრთნა. ვარშავის სამიტზე საქართველო უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი, ვიდრე ნებისმიერი სხვა პარტნიორი სახელმწიფო”- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ ჩვენ გვსურს მეტი საქართველო ნატოში. მის თქმით, „გაერთიანებული ნატო საუკეთესო პასუხი იქნება შეკავების პოლიტიკასა და ყველა არსებულ გამოწვევაზე.”
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის” (GDSC) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და ჯეიმს აპატურაის შორის ორმხირივი შეხვედრაც გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესი დეტალურად განიხილეს.
განვიხილეთ, თუ როგორ გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები, დავეხმაროთ რეფორმების განხორციელებისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში. ნატოს მომავალ სამიტზე ჩვენ საფუძველს ჩავუყრით საქართველოსთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოებას, ასევე, დავეხმარებით საქართველოს დამოუკიდებლად იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე და შეიტანოს საკუთარი წვლილი საერთაშორისო ოპერაციებში,”- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის” (GDSC) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიელ, ლიტველ და ესტონელ თავდაცვის მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრების დროს სამხედრო სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები იყო.
ის, რომ ისინი აქ იმყოფებიან, ცალსახა დასტურია საქართველოს ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერის, საქართველოს მოთხოვნების, საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების მხარდაჭერის. ჩვენ ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ერთიანი ხმით, ოთხივე ერთად, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, ერთი ხმით წარვდგებით ვარშავის სამიტზე, ერთი ტიპის ამოცანა გვექნება, რომ ამ სამიტიდან საქართველო გამოვიდეს კიდევ უფრო მეტად დაცული, უფრო მეტი თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობებით ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისთვის, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე მსჯელობისას.
ძირითადი აქცენტი ჩრდილოეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და უკრაინის კრიზისზე გაკეთდა.
„ჩვენ სურვილი გვაქვს ამ რეგიონში ნატო მეტად იყოს წარმოდგენილი, როგორც შემაკავებელი ფაქტორი, – განაცხადა რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტეფან ალექსანდრუ ტინკამ.
საერთაშორისო უსაფრთხოება და არაკონვენციური ომი; გლობალური და ევროპული უსაფრთხოების მთავარი გამოწვევები, არსებული საფრთხეების შეფასება და მათთან გამკლავების ხედვების განხილვა, რუსეთისა და აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხეები – ასეთი იყო 25 მაისს CDSC-ის კონფერენციის მეორე დღის ძირითადი თემები, რომელიც შემაჯამებელი გამოსვლებით ამავე დღეს საზეიმოდ დაიხურა.
კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეაჯამეს.
ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება. სრულყოფილებამდე დიდი გზაა, თუმცა განვითარების ზოგადი ტენდენცია დადებითად უნდა შეფასდეს, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.
რჩევების სერია საზოგადოებას, თუ როგორ ამოვიცნოთ პროპაგანდისტული ტექსტი მედიაში
ტექნოლოგიურმა განვითარებამ კიდევ უფრო გაზარდა ადამიანის ინფორმაციაზე დამოკიდებულების ხარისხი. დღეს უკვე არავის უჩნდება შეკითხვა, რაში სჭირდება სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რადგან ყველამ ვიცით, რომ ინფორმაციის სიზუსტე მნიშვნელოვანია, როგორც გლობალური გადაწყვეტილებების მიღებისას, ასევე, საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვის პროცესში. მაგალითისათვის, თუ გვეცოდინება ზუსტი ამინდის პროგნოზი, მაშინ იოლად მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ როგორ დავიცვათ მოსავალი მოსალოდნელი სეტყვისაგან ან როდის ჩავიცვათ საწვიმარი ლაბადა. ხოლო თუ თქვენი კონკურენტი თქვენზე ადრე დაეუფლება აღნიშნულ ინფორმაციას და თქვენთვის ინფორმაციის მოწოდების ერთადერთ წყაროდ იქცევა, მაშინ იგი შეეცდება არ გაგაგებინოთ სწორი ინფორმაცია და ამით მაქსიმალურად დიდი ზიანი მოგაყენოთ.
სწორედ მაქსიმალური ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად საქართველოში, უცხო ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების მიერ წარმოებული პროპაგანდისტული საქმიანობა, რომლის წინააღმდეგ თითოეული ბრძოლაც თითოეული ჩვენგანისთვის დადებითი შედეგების მომტანია. პროპაგანდასთან დაპირისპირების ყველაზე საუკეთესო მეთოდს კი, მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს. იბადება კითხვა, როგორ გავარჩიოთ როდის გვაქვს საქმე პროპაგანდასთან და როდის ხდება ჩვენი ინფორმირება პროპაგანდისგან დასაცავად?
პროპაგანდისგან თავის დაღწევის მიზნით გთავაზოთ რჩევების სერიას, როგორ განვასხვავოთ ყალბი ინფორმაცია რეალურისგან? ამის რამდენიმე მარტივი ხერხი არსებობს
ზოგადი ფრაზები
არ ენდოთ ზოგად ფრაზებს – პროპაგანდისტები ხშირად იყენებენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა „საყოველთაოდ ცნობილია, რომ…”, „საზოგადოებაში ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ…”, „დღეს უკვე ყველა თანხმდება… და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ფრაზები სწორედ იმისათვის გამოიყენება, რომ თქვენ შეგიყვანოთ შეცდომაში და ხშირად ფრაზა „საყოველთაოდ ცნობილია, რომ” სწორედ იმიტომ გამოიყენება, რომ რაიმე ინფორმაციას დამაჯერებლობა შესძინოს და დაგარწმუნოთ, რომ ეს უკვე ყველამ იცის და მხოლოდ თქვენ ხართ ის გამონაკლისი ვინც განსხვავებულად ფიქრობს. ამიტომ ნუ აყვებით ასეთ ხრიკებს და გამოიყენეთ პირველი ხერხი, რომელიც გეუბნებათ, რომ გადამოწმება პროპაგანდასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.
დავით ძიძიშვილი
თავდაცვის დაგეგმვისა და
პოლიტიკის დეპარტამენტი
„ნატო და უსაფრთხოება“ – საინფორმაციო შეხვედრები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს საქართველოს რეგიონების ინფორმირებას ნატოსა და უსაფრთხოების თემებზე. სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია მთელი საქართველოს მასშტაბით, უზრუნველყოს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და ინფორმირება საქართველოს დასავლური კურსისა და ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ. სწორედ ამ მიზნით 19 მაისს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით ვაზიანში აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
„ნატო და უსაფრთხოება”- ასე ერქვა შეხვედრას, რომლის მიზანი საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე რეგიონების წარმომადგენლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება იყო.
„შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს რეგიონების თვითმმართველობებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე მათ მომხსენებლები უტარებენ სემინარებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის შესახებ და აწვდიან ინფორმაციას, თუ რა ეტაპზე დგას საქართველო ნატოში ინტეგრაციის გზაზე, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის შიდა აუდიტორიისა და საინფორმაციო გარემოს მონიტორინგისა ანალიზის სამმართველოს უფროსმა შალვა თევდორაძემ.
ღონისძიებაზე საქართველოს რეგიონებში არსებულ საინფორმაციო გარემოზე, უსაფრთხოებაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობისა და სამშვიდობო მისიებში მიღებული გამოცდილებების საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე გამახვილდა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლელა ქიტესაშვილი: „მადლობა მინდა ვუთხრა თავდაცვის სამინისტროს ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობის როლი ქვეყნისა და რეგიონების მასშტაბით უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინფორმაციის მოსახლეობამდე მიტანის მხრივ. ძალიან საინტერესო პრეზენტაციები შედგა, როგორც მედიისა და საინფორმაციო გარემოს მხრივ, ასევე უსაფრთხოებისა და გამოწვევების შესახებ.
31 მაისს პროექტის მეორე ეტაპზე, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა სენაკის სამხედრო ბაზაზე მოიყარეს თავი. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია და ნატოსთან თავსებადობა, საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა და მიღებული გამოცდილება, ნატო-საქართველოს ურთიერთობები და არსებული გამოწვევები, ვარშავის სამიტის მოლოდინები – ეს იმ თემების ნაწილია, რომელიც ორგანიზატორებმა და სპიკერებმა შეკრებილ აუდიტორიას წარუდგინეს. ღონისძიების ბოლოს კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსიაც წარიმართა.
თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს მიერ, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინაციით ხორციელდება.
„ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად ვეტყვით არას ოკუპაციას, ვიდრე ამის საჭიროება იქნება“ – თინათინ ხიდაშელი
26მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის დღე ოცდამეხუთედ აღნიშნა. 432-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი წელს, პირველად, თბილისის გარდა საქართველოს ხუთ რეგიონში, კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში დადო. საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს პატაკი გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჩააბარა.
თბილისში ფიცის დადების ცერემონიალში წელს, ასევე პირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის, აშშ-ის საჰაერო ძალების და ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნული ორკესტრები მონაწილეობდნენ.
საქართველოს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცეს.
ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას და საქართველოს მოსახლეობას სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა. თინათინ ხიდაშელმა ყურადღება ეროვნული დღესასწაულის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„26 მაისი ჩვენია და დღევანდელი დღესასწაული, უპირველესად, იმ ქალების და კაცების, იმ ჯარისკაცების და მოქალაქეების დამსახურებაა, რომელთა თავგანწირვის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში მოვუყვებით ჩვენს შვილებს. ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად ვეტყვით „არას” ოკუპაციას, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. „არას” ვეტყვით პროპაგანდას, ფუჭ ნოსტალგიებს, აგრესიას და უახლეს ტრაგიკულ წარსულს. ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად დავამტკიცებთ ჩვენი ქვეყნის ერთგულებას, ყოველთვის, როცა ამის საჭიროება იქნება… ჩვენ ვიბრძოლებთ ძლიერი, უკეთესი, ბედნიერი და ევროპული საქართველოსთვის, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა ქართველ ჯარისკაცებს და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს გადაუხადა: „დღეს, პირველად, აქ დგას ნატოს ქართული ასეული და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ისტორიული მომენტი, რომელიც ჩვენს ბუნებრივ ისტორიულ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში დაგვაბრუნებს. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ამ ბიჭებს, ამ მიღწევისთვის, ამ შესაძლებლობისთვის და ამ სტატუსისთვის, რომელიც სულ უფრო გვაახლოებს ევროპულ საქართველოსთან.”
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. მათ შორის იყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების მთავარი საბრძოლო ტანკი „აბრამსი” და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი. სამხედრო ტექნიკა ასევე გამოიფინა თელავში, მარნეულში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ფოთში, ზუგდიდსა და ბათუმში. ხოლო რუსთავში, ფეხბურთის სტადიონზე სამხედრო ტექნიკის გამოფენის პარალელურად, მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, ბრიტანელი სამხედროების ავიაშოუსთვის ედევნებინა თვალი.
ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა თბილისის ცენტრალურ უბანში გამართული საზეიმო ღონისძიებები დაათვალიერა, მოსახლეობას შეხვდა და რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე პირადად მიულოცა. „ყველას ვულოცავ და რაც შეიძლება სწრაფად დამდგარიყოს ის დღე ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა იქნება ბედნიერი, იქნება წარმატებული, იქნება დასაქმებული და ქვეყანა იქნება უსაფრთხო\, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა
მოსაზრება, რომ NATO-ში გაწევრების შედეგად საქართველოში, კერძოდ სამცხე-ჯავახეთში, უცხო ქვეყნის ჯარი განთავსდება, მცდარია
სინამდვილეში, NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო შესაძლებლობების განთავსების შესახებ ალიანსის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება მხოლოდ თავდაცვის მიზნით, აღნიშნული ქვეყნის თხოვნის საფუძველზე და იმ შემთხვევაში, თუ წევრ ქვეყანას საფრთხე დაემუქრება. ამ გადაწყვეტილებას იღებს ალიანსი კონსენსუსის საფუძველზე, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს რომ გადაწყვეტილების მისაღებად თავად საქრათველოს, როგორც NATO-ს წევრი ქვეყნის, თანხმობა აუცილებელი იქნება.
NATO-ს სამხედრო შესაძლებლობების ძირითად მიზანს წარმოადგენს: კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; წევრ ქვეყნებზე შესაძლო სამხედრო თავდასხმის შეკავება და თავიდან აცილება; ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა. NATO-ში ქვეყნის გაწევრება, არ ითვალისწინებს რომელიმე ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგებას NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე.
თუ ხართ წვევამდელი ან 18-დან 35-წლამდე ახალგაზრდა და გავლილი გაქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთ შანსს გთავაზობთ, გახდეთ საქართველოს ჯარისკაცი და ღირსეულად ემსახუროთ ქვეყანას; შეიქმნათ სამხედრო კარიერა და მიიღოთ მაღალი თანამდებობრივი სარგო წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.
2016წლის 31 მაისიდან შეიარაღებულ ძალებში თავდაცვის სამინისტრო იწვევს მოქალაქეებს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს.
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში კანდიდატები 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.
ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით.
საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერული ზრდის საშუალებასაც იძლევა. სამხედრო მოსამსახურეს ასევე შეუძლია პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში.
იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს; ასევე გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას. რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიან კურსზე (BCT – Basic Combat Training). შერჩეული კანდიდატებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყება 2016 წლის 19 სექტემბერს. სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან რეკრუტი უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და განთავსებით.
10-კვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში რეკრუტი ქვედანაყოფში თანამდებობაზე ინიშნება.
საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალურ კურსზე რეკრუტი ელემენტარულ სამხედრო უნარ-ჩვევებს ეუფლება და მომზადებას სამხედრო დისციპლინებში გადის.
საბუთების მიღება წარმოებს 2016 წლის 31 მაისიდან, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ ,,კრწანისში”. მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფელი კრწანისი დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: ტელ: 595 050685; 595 050673.
განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს:
პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
ფოტოსურათი 3X4 – 2 ცალი;
სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი;
ჯანმრთელობის ცნობა;
სპორტული ფორმა (ფეხსაცმელი);
საკონტრაქტო სამსახურისათვის კანდიდატების შერჩევის პერიოდში მოქალაქეს აქვს კანდიდატის სტატუსი, რომლის დროსაც წარმოადგენს საბუთებს პირადი საქმის შესადგენად:
ნამსახურების ნუსხა (გაიცემა სამხედრო განყოფილებაში);
გასაწვევი პირის განცხადება;
ანკეტა (შეივსება სამხედრო განყოფილებაში);
ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და დაბეჭდილი);
დაბადების მოწმობის ასლი;
პირადობის მოწმობის ასლი;
განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი;
ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი;
შვილების დაბადების მოწმობის ასლი;
ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები;
მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო ჰოსპიტლის მიერ გაცემული);
ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (,MMR- წითელა, წითურა, ყბაყურა: TD-ტეტანუსი-დიფტერია);
ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (ლაბორატორიულად შემოწმებული);
ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან (სახელმწიფო გასაცემლების შესახებ);
შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
მიღებული სერტიფიკატის ასლი;
სამხედო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ასლი და დედანი);
ფოტოსურათი 3X4 – 4 ცალი (ფერადი და ელექტრონული ვერსია CD).
უცნობია განიხილავს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელს. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის მიმართვიდან წელიწად-ნახევარი გავიდა, სასამართლოს მისი დასაშვებობის საკითხი ჯერ კიდევ არ განუხილავს. „სასამართლო სათათბირო ოთახში… განჩინების გამოსატანად გასულია 2016 წლის პირველი თებერვლიდან“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც დასაშვებობის ვადასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოდან მივიღეთ.
სახარების რწმენის ეკლესია მთავრობის განკარგულების იმ წესის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც საბჭოთა რეჟიმმა ზიანი მიაყენა მხოლოდ ოთხ რელიგიურ მიმდინარეობას: ისლამურ, იუდეურ, რომაულ-კათოლიკურ და სომხურ სამოციქულო ეკლესიას (ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიყენებული ზიანი კონსტიტუციური შეთანხმებით არის გათვალისწინებული).
გარდა იმისა, რომ სასამართლო უკვე მეოთხე თვეა ვერ იღებს საქმის დასაშვებობაზე გადაწყვეტილებას, 2015 წელს ორჯერ გადაიდო სხდომა მოპასუხის – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მოთხოვნით. ამ სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, არჩილ მეტრეველმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გადადების მიზეზი ორივეჯერ ტექნიკური პრობლემა იყო: „ერთხელ წარმომადგენელს დაემთხვა სხვა სხდომა და ვერ გამოცხადდა. მიზანმიმართულად არ გაგვიჭიანურებია ჩვენ განმწესრიგებელი სხდომის გამართვა“.
„როცა წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვერ წყდება საქმის დასაშვებობა, ეს, რა თქმა უნდა, აჩენს კითხვებს. თუმცა არ ვიცი, რის გამო აღმოჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გასაზიარებელი მოპასუხე მხარის მოთხოვნები. შესაძლოა, სხდომის გადადების გონივრული მიზეზი არსებობდა… ამდენი დრო საქმის დასაშვებობის გადაწყვეტას არ უნდა სჭირდებოდეს“, – განმარტავს კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე.
„ვხედავთ, რომ პოლიტიკურად გახმაურებულ საქმეებს დაჩქარებული წესით განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო. ვერ ვიტყვი, რომ მიზანმიმართულად უარს გვეუბნებიან, რადგან ვადების დარღვევის სხვა შემთხვევებიც არსებობს“, – ამბობს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე. ის სასამართლოში სახარების რწმენის ეკლესიის ინტერესებს დაიცავს.
სარჩელში, რომელიც სასამართლოში 2014 წლის 10 დეკემბერს შევიდა, წერია, რომ რელიგიური ორგანიზაციებისთვის დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსება არასეკულარულია და დისკრიმინაციული.
„მთავრობის დადგენილება არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც დისკრიმინაციული“, – უთხრა „ბათუმელებს“ არჩილ მეტრეველმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა: „სახელმწიფომ საკუთარი შესაძლებლობებისა და რელიგიური თემების მიმდინარე საჭიროებების გათვალისწინებით შეიმუშავა ფინანსური მხარდაჭერის მოცემული ფორმა და ბენეფიციარად ამ ეტაპზე შეირჩა ის ოთხი რელიგიური გაერთიანება, რომლებიც სახარების რწმენის ეკლესიასთან შედარებით, უფრო რთულ პირობებში არიან“.
ამ არგუმენტს თამთა მიქელაძე „აბსოლუტურად დაუსაბუთებელს“ უწოდებს. მისთვის ასევე მიუღებელია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სიმბოლური დაფინანსება: „ამ დადგენილების მიხედვით, მთავრობა აცხადებს მზადყოფნას, რომ ამ რელიგიურ გაერთიანებებს ნაწილობრივ აუნაზღაუროს მატერიალური ზიანი, მაგრამ უცნობია ზიანის ანაზღაურების ზუსტი ოდენობა. ეს მექანიზმი პოლიტიკური ნების ამარად ტოვებს, ვინ რა ოდენობით მიიღებს დაფინანსებას“.
სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელში საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა არაერთი ისტორიაა აღწერილი. მათ შორისაა ერთი ცოლ-ქმრის ისტორია, რომელიც იმიტომ დააპატიმრეს, რომ ორმოცდაათიანელები იყვნენ (ამ მიმდინარეობის სამართალმემკვიდრეა სახარების რწმენის ეკლესია). ციხიდან გამოსულ ცოლ-ქმარს 5 შვილიდან 2 გარდაცვლილი დახვდა. სარჩელში ისტორიულ წყაროებზე დაყრდონობით ასევე აღწერილია 1951 წლის შემთხვევაც, როცა ამ ეკლესიის ასობით წევრი ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლი გახდა.
გამოკითხვაში სულ 1050 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პირველი სამეულის გარდა, ხმები ასე გადანაწილდა:
მეოთხე ადგილი – 6 მაისის პარკი (141 ხმა); მეხუთე ადგილი – პლაჟი (89 ხმა), მეექვსე ადგილი – პიაცა (57 ხმა); მეშვიდე ადგილი – ევროპის მოედანი (39 ხმა), მერვე ადგილი – ვარდების სკვერი (22 ხმა), მეცხრე ადგილი – ახალი ბულვარი (21 ხმა); მეათე ადგილი – საოცრებათა პარკი (18 ხმა) და მეთერთმეტე ადგილი – გმირთა ხეივანი იუსტიციის სახლთან (3 ხმა).