ინვესტორი დანაღმულ ზღვისპირეთში – რა ელის გონიოს ყოფილ პოლიგონს

ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია გონიოში, რომელიც ქალაქ ბათუმის საზღვრებშია, დღემდე უფუნქციოდაა. ტერიტორიის განვითარებაზე ქალაქის მთავრობა არ ფიქრობს, ქვეყნის ხელისუფლება კი ტერიტორიას, რომლის განაღმვაც ჯერ არ დამთავრებულა, ინვესტორებს ადგილზე აცნობს. რა კუთხით უნდა განვითარდეს ზღვის პირას მდებარე 300 ჰექტარზე მეტი ფართობი? – საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის კონცეფციას არ ასაჯაროებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის საინვესტიციო პოტენციალი სამ მილიარდ დოლარს აღწევს.  აქ მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „უნდა მოხდეს აღნიშნული ტერიტორიის განვითარება საუკეთესო შესაძლო კონცეფციის შესაბამისად“, თუმცა „შესაძლო კონცეფციას“, რომელიც კერძო კომპანიას მოამზადებინეს, სამინისტრო არ ასაჯაროებს.

„ტერიტორია ტექნიკურ-ეკონომიკური კუთხით შესწავლილია, ინტერესი არის სხვადასხვა ინვესტორისა და კომპანიების მხრიდან, გვაქვს მოლაპარაკებები. არსებობს კონცეფციაც, როგორ განვითარდეს ეს ადგილი, მაგრამ კონკრეტულად გადაწყვეტილი არაფერია, სამუშაო პროცესია, შესაბამისად, დოკუმენტი საჯარო ვერ იქნება, შესაძლოა რაღაცები შეიცვალოს,“ – გვითხრეს სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ „კონცეფცია“ თავად მინისტრმა ადგილზე, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზევე გააცნო არაბული „დაბი ჯგუფის“ წარმომადგენლებსა და უშუალოდ მის თავმჯდომარე შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანს.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია

თუკი შესაძლებელია კონცეფცია, თუნდაც მისი სამუშაო ვარიანტი, ნახონ  ინვესტორებმა, რატომ არ შეიძლება მას გაეცნოს საზოგადოება? – ამ კითხვის პასუხად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ შეგვიძლია ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვოთ.

„ტერიტორია აუცილებლად ტურისტული მიმართულებით უნდა განვითარდეს, იმიტომ, რომ დიდი ნაწილი არის სარეკრეაციო ზონა, შესაბამისად, აქ წარმოების და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება შეუძლებელია. არც საცხოვრებელი სახლები,

მხოლოდ მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა აშენდეს, ისეთი ობიექტები, რაც მეტ ტურისტს მოიზიდავს და იქნება ეკონომიკურად მომგებიანი. სწორედ ამ დეტალებზე ვმუშაობთ აჭარის მთავრობასთან ერთად,“ – განაცხადეს სამინისტროში.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშიც ფაქტობრივად იგივე გვითხრეს: „არის სამუშაო პროცესი, რამდენიმე ვარიანტი განიხილება და კონკრეტული დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი“.

ყოფილი პოლიგონის ტერიტორიას, როგორც „სარეკრეაციო ზონას~ შეიხიც შეეხო. სამინისტროს მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით ინვესტორმა შემდეგი განაცხადა: „აქ მეგობრული გარემოა, რომელსაც ლმობიერი საკანონმდებლო რეგულაციები განაპირობებს… ჩვენ დავათვალიერეთ მიწის ნაკვეთი, რომელიც არა მხოლოდ უძრავი ქონების ბიზნესისთვისაა შესაფერისი, არამედ მრავალი დანიშნულებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორის რეკრეაციული, სავაჭრო, საფინანსო, სპორტული, მათ შორის გოლფის კორტების ან სხვა დანიშნულების ცენტრების მოსაწყობად… გვაქვს მთავრობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია“.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია

არაბულმა „დაბი ჯგუფმა“ შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო „Biltmore თბილისის“ მშენებლობაში 140 მილიონი დოლარი ჩადო. სასტუმრო რამდენიმე დღის წინ გაიხსნა დედაქალაქში.

სასტუმროს გახსნას არაბი შეიხიც ესწრებოდა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, „ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო სწორედ ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის ნახვა ადგილზე და მოლაპარაკებები ამ ჯგუფთან გაგრძელდება.~ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ორი წლის წინ გადასცა. რაც შეეხება განაღმვით სამუშაოებს, „2015 წლის სექტემბერში საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართა თხოვნით, ფეთქებადსაშიში საგნებისგან გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია [ფართობი: 265 ჰა] გაესუფთავებინა. მიმდინარე წლის 16 მაისს საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს და ოქტომბრამდე გაგრძელდება,“ – გვითხრეს თავდაცვის სამინისტროში.

სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ „უამინდობის, მცენარეული საფარის და 35 ჰა დაჭაობებული ტერიტორიის გამო, სავარაუდოდ, წელს მთლიანი ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები ვერ დასრულდება და მომავალ წელსაც გაგრძელდება“.

უსაფრთხოა თუ არა ტერიტორიაზე შესვლა? – ამ კითხვაზე თავდაცვის სამინისტრომ არ გვიპასუხა.

აჭარის მთავრობამ ორი თვის წინ განაცხადა, რომ განაღმვითი სამუშაოები საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება და ამისათვის  თავდაცვის სამინისტროს 470 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.

„ზედაპირული განაღმვა დასრულებულია და როგორც ვიცით, ღრმა განაღმვის სამუშაოები იყო დარჩენილი,“ – ამბობენ ეკონომიკის სამინისტროში.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია

ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, რომელიც დღეს ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია, რეესტრის ამონაწერების მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. ეს ტერიტორია კი, რომელიც ზღვის სანაპიროს გასწვრივ,  ჭოროხის დელტაშია, ფაქტობრივად, ხელშეუხებელია. ჩვენი ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოსა და მერიაში იყო საუბარი აქ ტყე-პარკის მოწყობის შესახებაც, თუმცა მუნიციპალიტეტში ეს არ დაგვიდასტურეს. აღსანიშნავია, რომ ბათუმს ბუნებრივი ტყე-პარკი, როგორც ასეთი, არ აქვს. ბულვარი და ბოტანიკური ბაღიც კი  ხელოვნურადაა გაშენებული.

ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „კონკრეტული ფუნქციური ზონირების რუკის“ მიხედვით, საკურორტო სარეკრეაციო და სარეკრეაციო ზონებშია მოქცეული. თუმცა, აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ასეთ ზონებში საკრებულოს თანხმობით, ბათუმის მერია ისე გასცემს მშენებლობის ნებართვებს, რომ ტერიტორიას დანიშნულებასაც კი არ უცვლის.

„ბათუმელებს“ ქალაქის საკრებულოსა და მერიაში უთხრეს, რომ ყოფილი პოლიგონის განვითარების კონცეფციაზე ისინი არ მუშაობენ და მათთან არც ამ ტერიტორიასთან დაკავშირებული სხვა წინადადება ან რაიმე პროექტი განიხილება.

„სარეკრეაციო ზონას არავინ შეეხება… კონცეფციით ლანდშაფტის შენარჩუნებაც გათვლილია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება,“ – განაცხადეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია

საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების ახალი კატალოგი დამტკიცდა. მასში 519 დასახელების პრეპარატია. მათ შორის: მარტივი სასუქები – 34 სახეობა, კომპლექსური სასუქები – 114, კომპლექსური სასუქები მიკროელემენტებით – 156, ორგანული სასუქები – 62, ორგანო-მინერალური სასუქები –  98,  მიკრო სასუქები – 54 და ბაქტერიული სასუქები – 1სახეობა.

კატალოგში მოყვანილია სასუქის სავაჭრო დასახელება, მწარმოებელი, რეგისტრაციის ნომერი,  რეგისტრაციის თარიღი; ასევე პრეპარატული ფორმა, საკვები ელემენტების შემცველობა %, გამოყენების თავისებურებები და იმ კულტურის დასახელება, რომლისთვისაც გამოიყენება ესა თუ ის პრეპარატი.

მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ აგროქიმიკატის ვარგისიანობის დასადგენად ტარდება მისი ლაბორატორიული კვლევა; აგროქიმიკატების გამოყენება ხდება ტარის ეტიკეტზე დატანილი რეკომენდაციების შესაბამისად (კულტურა, დოზა, ხერხი, ვადა, შეტანის  ჯერადობა). ამასთან, აგროქიმიკატის გამოყენება უნდა მოხდეს ნიადაგის აგროქიმიური მაჩვენებლების და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილების გათვალისწინებით.

“ოცნება” ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატად ნუკრი ბეჟანიძეს წარადგენს

დღეს, საღამოს 8 საათზე ევროპის მოედანზე მმართველი პარტია დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე. როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, ერთ-ერთი კანდიდატი ბათუმელი ექიმი, სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი ნუკრი ბეჟანიძე იქნება.

ნუკრი ბეჟანიძემ ინფორმაცია “ბათუმელებთან” დაადასტურა, თუმცა არ დააზუსტა, პარლამენტში მოხვედრისთვის იბრძოლებს, თუ უმაღლესი საბჭოსთვის: “დღეს, გაიგებთ ამის შესახებ, ევროპის მოედანზე” – აღნიშნა მან. ნუკრი ბეჟანიძის თქმით, პოლიტიკაში მოსვლა მისი პირადი ინიციატივა იყო და მომდევნო დღეებში პროგრამასაც გააცნობს ამომრჩევლებს.

ნუკრი (ლევან) ბეჟანიძე პროფესიით მეან-გინეკოლოგია. იგი ამ დრომდე ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორია.

„მარტო ამის გამო ღირს ჩემი მინისტრობა“

რა ცვლილებებს გეგმავს აჭარის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი  ლაშა კომახიძე და რა მიაჩნია წარმატების საზომად, რა სფეროებს აქვს მომავალი  აჭარის სოფლის მეურნეობაში და რის დეფიციტს განიცდიან ფერმერები? – ამ და სხვა თემებზე „ბათუმელები“  ლაშა კომახიძეს ესაუბრა.

ბატონო ლაშა, წინა მინისტრის მუშაობას უმაღლესი საბჭო არაეფექტურად მიიჩნევდა. რას შეცვლით თქვენ სოფლის მეურნეობაში?

მოლოდინი ჩემ მიმართ იმხელაა, რომ მე თვითონ მეშინია. მოლოდინია როგორც მთავრობის მხრიდან, ასევე არასამთავრობო სექტორის და იმ უცხოელი პარტნიორების მხრიდან, საიდანაც მოვდივარ. თუმცა, ეს ყველაფერი ამასთანავე გაცილებით მეტ პასუხისმგებლობასაც მაკისრებს.

თქვენი წარდგენის დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ თქვენი წვლილი  აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში საკმაოდ დიდია, რაც განაპირობებს 2016-2020 წლების მანძილზე ევროკავშირის მრავალმილიონიან საგრანტო პოლიტიკას. დაასახელეთ ყველაზე მნიშვნელოვანი გრანტები, რომლებიც ENPARD-ის ფარგლებში მიიღო აჭარამ და რას ველოდებით ამ გრანტებისგან?

ENPARD-ის ფარგლებში აჭარაში 3,3 მილიონი ევრო ჩაიდო. პირველი ფაზა უკვე დასრულებულია და ის ითვალისწინებდა ფერმერებისთვის მომსახურების სერვისების შექმნას და დანერგვას. ამ პროექტის ფარგლებში მოხდა ნერგების წარმოება, სადაც სამი ათეული წლის შემდეგ მეცნიერები პირველად ჩავრთეთ სანერგეების განვითარების პროცესში. ციტრუსების გარდა დავრგეთ კენკროვნები: ჟოლო, მოცვი და სხვა, რაც ძალიან წარმატებული გამოდგა. შავი მოცვის მოშენების მხრივ შეიძლება ისტორიული ცვლილებაც კი სოფლის მეურნეობაში, რადგან ძალიან წარმატებული გამოდგა. 1 კგ. ჩასაბარებელი მოცვის ღირებულება წელს 7 ლარი იყო. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ამ პროექტში ჩაერთო, ღვინის ქარხანაში მუშაობის დროს 250 ლარს იღებდა ხელფასს, მოცვის რეალიზაციით ყოველ მესამე დღეს იღებდა 200 ლარს. ხომ არის ეს სერიოზული ცვლილება?!

წარმატებით დაინერგა პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება, რაც ჯიშების გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის გაზრდისთვის არის მნიშვნელოვანი.  დაგეგმილია სისტემური ცვლილებები, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენი თანამშრომლები უნდა იყვნენ ველად, ფერმერებთან და მუდმივად უწევდნენ მათ საინფორმაციო დახმარებას სწორი აგროღონისძიებების გატარებისთვის. ENPARD-ის ფარგლებში დაიბეჭდა 15 წიგნი სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებაზე, რაც არასდროს არ ყოფილა ქართულ ენაზე. გამოიცა 31 სხვადასხვა თემატიკის ბროშურა.

ENPARD-ის ყველა პროექტი წარმატებული იყო, თუ არის ჩავარდნებიც?

მნიშვნელოვანია ის, რომ დაინერგა ისეთი მექანიზმები, როგორიც არის SMS ფერმერობა. დღეს ბაზაში დაახლოებით 20 ათასი ფერმერია, რომელსაც საშუალოდ კვირაში ერთხელ მისდის SMS, თუ როდის, რა სამუშაოები უნდა დაიწყოს. უკვე გურიიდან და სამეგრელოდანაც კი გვყავს ფერმერები ჩართული. მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ჩვენი თანამშრომლები აგზავნიან ფერმერებთან, რომლებიც მუშაობენ „აგროსერვისცენტრში“.

ეკოლოგიურად რამდენად სუფთად იწარმოება კენკროვანი პროდუქცია და რამდენად კარგად არის დაცული პესტიციდების გამოყენების ნორმები?

სწორედ ამაშია ჩვენი ჩართულობა საჭირო, რომ სწორად ვიმუშაოთ ფერმერთან. `ენპარდის~ ფარგლებში ხდება ნიადაგის ანალიზი, ჩვენს ყველა ფილიალს რაიონებში აქვს პორტაბელური ნიადაგის ლაბორატორია, რომ აიღონ სინჯები და გაანალიზონ.

როგორია შედეგები,  გამოვლინდა სასუქის გადამეტებული მოხმარება?

ეს რთული კითხვაა და ჩვენი კოლეგების, სურსათის უვნებლობის სამსახურის თემა უფროა, მაგრამ კატასტროფული ვითარება არ არის. ნამდვილად კარგი სიტუაცია იმ მხრივ, რომ ფერმერს სწორად ვუთხრათ, რა სჭირდება მის ნიადაგს და რა დოზებით, ასევე გავზომოთ პესტიციდების შემცველობა ნაყოფშიც.

მეცხოველეობის მიმართულებით არსებობს პრობლემები. კონკრეტულად, არის საუბარი იმაზე, რომ რძის  მწარმოებლები ვერ ახერხებენ პროდუქტის დროულ ტრანსპორტირებას, არ არის ლაბორატორიები, რძის ჩამბარებელი პუნქტების ნაკლებობაა და ა.შ  რა შეიცვლება მათთვის?

არის საუბარი მცირე და საშუალო საწარმოების შექმნაზე, დიდაჭარის ცენტრში მიმდინარეობს შენობის რემონტი და იქაც გაიხსნება მსგავსი საწარმო.

მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ხულოში ყოფნის დროს განაცხადა, რომ აპირებთ სასაკლაოების სუბსიდირებას, რა მიმართულებით სჭირდება  სასაკლაოებს  დაფინანსება?

სასაკლაოებზე არსებული ტარიფები არის სერიოზული ბარიერი მოსახლეობისთვის, რადგან ფასი არის მაღალი. ამიტომ ფერმერს აღარ უღირს ფასი გადაიხადოს დაკვლაშიც, შემდეგ ტრანსპორტირებაში და ა.შ. ჩვენი ინტერესია, რომ პირუტყვი დაიკლას სასაკლაოზე, სადაც ხდება ყველა ნორმის დაცვა. სუბსიდირების შემდეგ ფერმერი გადაიხდის პირუტყვის დაკვლის საფასურის მხოლოდ 20 პროცენტს. გარდა ამისა,  გაუმჯობესდება ცხოველების აღრიცხვიანობაც.

გარდა ამისა, მაღალმთიან რეგიონში ჩვენ ვგეგმავთ მეცხოველეობის ბირჟის ამოქმედებას, სადაც მოხდება ყველა პირუტყვის შემოწმება და აღრიცხვა  იმპორტიორებსაც ექნებათ ინფორმაცია ამის შესახებ, რაც გაუადვილებს ფერმერს მის რეალიზაციას.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ რეგიონში ვეტერინარების დეფიციტია. როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?

ჩვენ სომეხ კოლეგებთან ერთად, რეგიონში ვაპირებთ კონკრეტული პროექტის განხორციელებას, რომელიც სერიოზულად გააძლიერებს ვეტერინარიას. იგეგმება  ექვსი სადემონსტრაციო პროექტი და რამდენიმე ვეტერინარული სადგურის მომზადება მოხდება მაღალმთიან რეგიონში. პროექტებს ავსტრიული დონორი ორგანიზაცია აფინანსებს.

როგორც ვიცით, საუბარია სასურსათო პროდუქტების ბირჟის გახსნაზეც, რა პრინციპით იმუშავებს ეს ბირჟა?

ჩვენ ვაპირებთ ფერმერებს გავუჩინოთ ალტერნატიული წვდომა პირდაპირ მყიდველზე. სწორედ ამ ამოცანის გადაჭრას ემსახურება სასურსათო ბირჟა. ეს არ იქნება ბაზარი, სადაც ფერმერი მივა და დახლთან დადგება, არამედ ფერმერებისთვის გამოიყოფა ცალკე ადგილი, სადაც მას შესაძლებლობა ექნება შეხვდეს პოტენციურ მყიდველს. იქნებიან ეს რესტორნების, სასტუმროებისა თუ კვების ობიექტების წარმომადგენლები. მათთან კომუნიკაციას უზრუნველყოფს სამინისტრო. მოხდება ყველა ფერმერის აღრიცხვა და ბაზაში შეტანა. წლის ბოლომდე დაახლოებით 10 ათასი საოჯახო მეურნეობის ბაზებში განთავსებას და აღრიცხვას ვგეგმავთ, სადაც იქნება  ზუსტი ინფორმაცია, ვის რა პროდუქცია მოჰყავს და რამდენი. პოტენციურ მომხმარებელთან დასაკავშირებლად გამოყენებული იქნება სმს-ს სისტემაც. ჩვენ გვექნება შემსყიდველების ბაზებიც და მათაც მიეწოდებათ ინფორმაცია.

რა დრო დასჭირდება ამ სისტემის დანერგვას?

ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი, რადგან საჭიროა ადგილის შერჩევა ბირჟისთვის. ადგილი უნდა გამოიყოს ბათუმში ან პერიფერიებში.

თაფლის წარმოებასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ. ბოლო პერიოდში ფერმერები საუბრობენ ფუტკრის ოჯახების განადგურებაზე, რის მიზეზადაც ისინი ასახელებენ პესტიციდებს, რომლითაც სოფლის მეურნეობის პროდუქტები იწამლება.  იცნობთ ამ პრობლემებს?

ქიმიკატების წილი ფუტკრების პრობლემაში რეალურად ძალიან დაბალია, რადგან 21 მეფუტკრე კოოპერატივი დავაფინანსეთ „ენპარდის“ ფარგლებში და ძალიან კარგად შევისწავლეთ ეს პრობლემა. პრობლემა აქვთ მათ, ვინც სპონტანურად, ინფორმაციის მოძიების და შესწავლის გარეშე იწყებენ ფუტკრების მოშენებას. ყველაზე სერიოზული მიზეზი ფუტკრის დაღუპვის არის კლიმატური პირობები. წვიმიანი სეზონი არ ვარგა ფუტკრებისთვის, რადგან ვერ მუშაობენ და შესაბამისად, თუ თავისთვის სამყოფი თაფლი ვერ დააგროვა, ზამთარში მეფუტკრეს მისი ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა უწევს, რაც მას ღუპავს.

შეწამვლაც კლავს ფუტკარს, მაგრამ აქ არ არსებობს სხვა რეგულაცია, გარდა მეზობლური ურთიერთობებისა. ასეა მთელს ევროპაში და ჩვენც ასე უნდა ვიმოქმედოთ. როცა მეზობლად ცხოვრობენ მეფუტკრე ფერმერები, უნდა გააფრთხილოს მეზობელმა რომ შეწამვლას იწყებს და ფერმერი ერთი დღით ჩაკეტავს ფუტკარს. ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ წამალი გაიფანტოს და ფუტკარს ზიანი არ მიადგეს.

ბევრმა ფერმერმა ისიც კი არ იცის, რომ სკასთან ახლოს მარილიანი წყალი დადგას, ფუტკარმა წყურვილი რომ მოიკლას. როცა ის ვერ პოულობს წყალს, მიდის არაჰიგიენურ ადგილებში, რაც მას ზიანს აყენებს. ევროპელ ფერმერს აქვს უმაღლესი განათლება, რომელმაც იცის სოფლის მეურნეობის თანამედროვე მიღწევები, ამიტომ ჩვენთანაც ვიწრო სპეციალიზაციები უნდა განვითარდეს.

მანდარინთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ? 

რეგიონში უკვე მოქმედებს ორი მსხვილი ქარხანა და ლაპარაკია იმაზე, რომ ქობულეთის ქარხანა იწყებს მანდარინის წვენის ჩამოსხმას, რაც ენესზე ფასის მატებას გამოიწვევს. რამდენით _ ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა 20 თეთრზე მეტი იქნება. ვაპირებ შევისწავლო პავილიონების საკითხი და გავიგო, რა პოტენციალი აქვთ. ვაპირებთ ახალი პროგრამის დანერგვას, რომელიც ციტრუსის სტიმულირებას ეხება, თუმცა დეტალებზე ჯერ არ ვისაუბრებ.

არჩევნების შემდეგ იქნება სამთავრობო ცვლილებებიც. როგორ ფიქრობთ მოასწრებთ ამ დროში იმდენის გაკეთებას, რომ პოსტი შეინარჩუნოთ?

სამი თვე ძალიან მოკლე ვადაა იმისთვის, რომ ფიზიკურად რამე შექმნა, მაგრამ საკმარისია აჩვენო სისტემური ცვლილება. ამის დამტკიცებას, ვფიქრობ, შევძლებ. ასევე ის ორი პროექტი –  მეცხოველეობისა და სასურსათო ბირჟა – მთავარ ამოცანას წყვეტს. თუ ეს გადავწყვიტეთ, მარტო ამის გამო ღირს ჩემი მინისტრობა.

როცა მართლმსაჯულება წლობით იგვიანებს – დაუსრულებელი საქმეების ქრონიკა

16 აგვისტოს ზუსტად 8 წელი სრულდება სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობიდან. აგვისტოს ომის მონაწილე ბათუმში ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს ოფიციალურად ნარკოტიკების შენახვა-რეალიზებისთვის. ოფიციალური ვერსიით, როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის დროს მოხდა. 8 წლის წინ დაწყებული გამოძიება დღემდე არ დასრულებულა. შეიცვალა ის, რომ საქმე აჭარის პროკურატურიდან თბილისში გადააგზავნეს. საქმის ზედამხედველი პროკურორი, გიორგი გრატიაშვილი კი მოსამართლე გახდა. სასამართლოში არაერთია ისეთი საქმე, რომელსაც წლების განმავლობაში განიხილავენ – უსასრულოდ.

როინ შავაძის ცოლს, ციცინო შავაძეს, მიმდინარე წლის ივლისში მიანიჭა პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი. მანამდე ცოტა ხნით ადრე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ როინ შავაძის საქმე წარმოებაში მიიღო. სხვადასხვა დარღვევებთან ერთად, სარჩელში ევროპული კონვენციის მე-13 მუხლია ხაზგასმული, რაც სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარებას გულისხმობს. „ევროპის სასამართლოს საქართველოს სახელმწიფომ იუსტიციის სამინისტროს სახელით მისწერა, რომ არ არსებობს საქმეში მტკიცებულებები, რაც მატერიალურ და მორალურ ზიანს დაადასტურებსო“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

8 წლის წინ ციცინო შავაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მისი მეუღლე სასტიკად იყო ნაწამები: „როინის სხეული ტყვიებით იყო დაცხრილული, თითქმის ყველა თითი, მკლავები და ფეხები დამტვრეული, ხორცები დაგლეჯილი ჰქონდა…“

ციცინო შავაძეს საქმის მასალებს არც დღეს აცნობენ. დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ ციცინო შავაძეს აჭარის პროკურატურიდან უთხრეს, რომ მისი საქმე თბილისის პროკურატურამ წაიღო. რამინ პაპიძე, ადვოკატი: „ფაქტობრივად ისევ უარს გვეუბნებიან გავიგოთ, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. თბილისსაც არ მოუწერია ჯერ პასუხი. ამ საქმემ თითქმის ყველა პროკურორი მოიარა. მათ შორის იყო გიორგი გრატიაშვილი, რომელიც ახლა უკვე მოსამართლეა…“

„გამოძიება 8 წელი თუ ვერ ჩატარდა, ესე იგი, არ ჩატარებულა არაფერი. არ აქვთ საკმარისი უნარი, რომ გამოიძიონ, ან ამის ნება არ აქვთ… ამდენ ხანს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გრძელდებოდეს გამოძიება, როცა საქმე გაუხსნელია. როინ შავაძე ეს შემთხვევა ვერ იქნება,“ – ამბობს ადვოკატი ედიშერ მახარაძე.

გამოძიება არ დასრულებულა არც ქობულეთის მედრესეს საქმეზე, სადაც 2014 წლის სექტემბერში ქობულეთელებმა მედრესეზე ღორის თავი მიაჭედეს და იქ შესვლის უფლება მუსლიმ მრევლს არ მისცეს. 2014 წლის დეკემბერში საქმის განხილვა სასამართლომ დაიწყო, რაც დღემდე არ დასრულებულა.

„სოციალური შიში ამ საქმის მიმართ ალბათ სასამართლოს აქვს,“ – ასე ხსნის თამთა მიქელაძე სასამართლო პროცესის გაჭიანურებას. ის „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელია და სასამართლოში მუსლიმი მრევლის ინტერესებს იცავს. თამთა არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ შესაძლოა ხელისუფლებას ამ საქმის დასრულება არ აწყობდეს, განსაკუთრებით კი შედეგი, თუკი შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრიმინაციული მიდგომა დადასტურდება ამ საქმეში და ქობულეთში მუსლიმური მედრესე გაიხსნება: „ყოველ ჯერზე, როცა ხდებოდა საქმის გადადება, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძისგან ვისმენდით არგუმენტს, რომ გადატვირთულია სასამართლო, დარბაზები არ იყო საკმარისი და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ სასამართლოს სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ამ საქმის დროულად დასრულება. მით უმეტეს, განგრძობად უფლებების დარღვევაზე გვაქვს საუბარი – ამ ადამიანებს ისევ არ აძლევენ მედრესეს გახსნის უფლებას. რიგ შემთხვევებში, ორი და სამი თვით ხდებოდა საქმეების გადადება. ამ დროს ყოველთვის მქონდა განცდა, რომ მოსამართლეს შეეძლო უფრო დაჩქარებული წესით ემოქმედა.“

„მნიშვნელვანია საქმის დასრულება დროულად, გონივრულ ვადაში. ამ შემთხვევაში არ გაჩნდება კითხვები სასამართლოს მიუკერძოებლობასა თუ პოლიტიკურ გავლენებზე,“ – მიიჩნევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ხიმშიაშვილი. მისი აზრით, გაჭიანურებას ვერ ამართლებს ის, რომ მოსამართლე რამდენჯერმე შეიცვალა იგივე ქობულეთის მედრესეს საქმეში. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სამოქალაქო საქმის განხილვა სასამართლომ 2 თვეში უნდა დაასრულოს, გამონაკლის შემთხვევებში – 5 თვეში. სამოქალაქო კანონმდებლობის გარდა, ირღვევა „გონივრული ვადის“ პრინციპი, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის~ მე-6 მუხლი ითვალისწინებს.

სასამართლოში უფრო მეტად სისხლის სამართლის საქმეების განხილვა ჭიანურდება. მაგალითად, იაგო ც.-ს შესახებ „ბათუმელები“ მაისში წერდა. მას იარაღის უკანონო ტარება ედება ბრალად. ბრალდებულმა ექსპერტიზა საკუთარი ხარჯით დაუკვეთა და აღმოჩნდა, რომ ნაჭერზე, რაშიც იარაღი იყო გახვეული, პოლიციის საიდუმლო აგენტის თითის ანაბეჭდები იყო. პოლიციის თანამშრომლის გაშიფვრის შემდეგ, სასამართლო სხდომა ჯერ დაიხურა, შემდეგ – საერთოდ შეწყდა. ამ საქმეზე სხდომა გასული წლის ნოემბრის შემდეგ აღარ ჩატარებულა. გასული წლის ბოლოს საქმე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა [ის ხელვაჩაურის სასამართლოში გადაიყვანეს] მოსამართლე ირაკლი შავაძეს გადააბარა.

მოსამართლე ირაკლი შავაძეს კიდევ ერთი საქმე აქვს, რომლის საბოლოო გადაწყვეტილებაც გასული წლის დეკემბერში უნდა გამოცხადებულიყო: „ზაზა ნაჭყებია ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს უფროსად მუშაობდა. მას სამსახურებრივ გულგრილობაში ედება ბრალი,“ – გვიყვება ადვოკატი პაატა ბოლქვაძე: „გასული წლის 28 დეკემბერს უნდა მოესმინა მოსამართლეს დასკვნითი სიტყვები, მაგრამ პროკურორი გიორგი თორდია არ მოვიდა სხდომაზე. მანამდე პროკურორი გიორგი გაჩეჩილაძე ამ საქმეზე სასამართლოს უპატივცემულობისთვის მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გააძევა. მას შემდეგ სხდომა აღარ ჩანიშნულა.“

ზაზა ნაჭყებია და იაგო ც.-ც წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფებიან. ზოგიერთი ადვოკატი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით ის საქმეები ჭიანურდება, სადაც წინასწარი პატიმრობა ბრალდებულს შეფარდებული არ აქვს [წინასწარი პატიმრობის შემთხვევაში აუცილებელია საქმის განხილვა 9 თვეში დასრულდეს]. 2015 წლის 8 ივლისს შევიდა ცვლილება „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, რომლის მიხედვითაც საქმე, სადაც ბრალდებული პატიმრობაში არ იმყოფება, უნდა დასრულდეს მაქსიმუმ ორ წელიწადში.

„საქმის დაუსრულებლობა აწყობს პროკურატურას. ვერ ვიტყვი, რომ მათ პირდაპირი გავლენა აქვთ მოსამართლეებზე, მაგრამ ჩანს, რომ ისინი ანგარიშს უწევენ პროკურორებს,“ – ასე ხედავს სასამართლოში საქმის გაჭიანურების მიზეზს ადვოკატი ედიშერ მახარაძე: „თუ კარგად დავაკვირდებით, ჭიანურდება განსაკუთრებით ის საქმეები, სადაც დიდი ალბათობით გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს. ეს კი პროკურატურის სისუსტეს ნიშნავს. გამოდის, რომ სახელმწიფო მბრალდებელმა უსაფუძვლოდ დასდო ბრალი ადამიანს. გარდა ამისა, დრო როცა გადის, ის პროკურორი გადადის სხვაგან, აწინაურებენ, ზოგიერთი მოსამართლე ხდება… იკარგება ემოციური ფონიც, რაც კონკრეტულ საქმეს ახლავს, მტკიცებულებებსაც აღარ აქვს იგივე აქტუალობა. ვფიქრობ, ორწლიანი ვადის დაწესება მნიშვნელოვნად მოაგვარებს ამ პრობლემას,“ – ამბობს ადვოკატი ედიშერ მახარაძე.

2014 წლის 4 მარტიდან განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილი „ბათუმის ციხის საქმეს“. საქმეში ორი ბრალდებულია, ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი უფროსები – გიორგი ვეკუა და ზაზა ჯიქია. მათ ათობით პატიმარზე განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაში ედებათ ბრალი. ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფებიან. ამ საქმეში პროკურატურამ 116 პირის დაკითხვა მოითხოვა. ადვოკატი პაატა ბოლქვაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით დაახლოებით 30 მოწმეა დაკითხული: „ეს საქმე ორ ხელისუფლებას ალბათ კიდევ მოიცვლის…“

„ბათუმის ციხის საქმეზე“ ერთ-ერთმა მოწმემ, ყოფილმა პატიმარმა, ციხეში საკუთარი წამების ისტორიის მოყოლის შემდეგ მოსამართლეს ჰკითხა: „მე მაინტერესებს, რატომ არიან ისინი თავისუფლებაში? ჩვენ როცა დანაშაული ჩავიდინეთ, ორ თვეში გაგვასამართლეთ, ეს მწამებლები კი ორი წელია გარეთ არიან, ესაა სამართალი, ბატონო მოსამართლევ?…“

 „რეალურად არსებობს უამრავი მუხრუჭი ქალებისთვის“

რატომ უნდა იყოს მეტი ქალი პოლიტიკაში, რას ნიშნავს მისთვის ქორწინებისა და ოჯახის ცნება და დაუჭერს თუ არა სექსუალური უმცირესობების პრობლემის მოგვარებას საკანონმდებლო დონეზე გამარჯვების შემთხვევაში? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში ნინო ბერაძემ ისაუბრა. ნინო ბერაძე ამჟამად ბათუმის საკრებულოს წევრია.

მესამე წელია, რაც ბათუმის საკრებულოს წევრი ხართ, ამ დროის მანძილზე რა იყო თქვენთვის ყველაზე აქტუალური თემა და შეძელით თუ არა ამ საკითხების გატანა საკრებულოზე?

მე ვარ განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და პირველ რიგში ამ კომპეტენციის ფარგლებში მუშაობა მეხება. ძირითადად ისეთ პროგრამებზე ვაკეთებ აქცენტს, რაც განათლების ხელმისაწვდომობას, მის ხარისხს, ასევე პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. პირველი და მნიშვნელოვანი ინიციატივა ჩემთვის იყო ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია, რომელიც ჩემ მიერ იყო ინიცირებული და ძირითადად მაღალი აკადემიური მოსწრების მაგისტრანტებზეა გათვლილი, თუმცა დღეს ბაკალავრებზეც ვრცელდება. ჩემი მოთხოვნა იყო, რომ სტიპენდია დეფიციტურ პროფესიებზე – ინჟინერია, არქიტექტურის მიმართულებებზე გაცემულიყო, თუმცა შემდეგ სხვა მიმართულებებიც დაამატეს.

როგორ ფიქრობთ, თქვენი ინიციატივების გატანა იმიტომ შეძელით, რომ  ქართულ ოცნებასთან კოალიციაში იყავით, თუ მის მნიშვნელობაში დაარწმუნეთ საკრებულო? და თავისუფალი დემოკრატების მიერ კოალიციის დატოვების შემდეგ თუ ახერხებთ ინიციატივების გატანას?

მე ვარ კომისიის თავმჯდომარე, აქედან გამომდინარე, მაქვს მეტი ბერკეტი ნებისმიერ სხვა წევრთან შედარებით, რომ საკითხი გავიტანო. ჩემი კოლეგები ოპოზიციიდან, ძირითადად, მხარს მიჭერენ. კომისიურ გადაწყვეტილებას სხვა ძალა აქვს და უმრავლესობის წევრები ვეღარ გეწინააღმდეგებიან.

რომ არ ყოფილიყავით კომისიის თავმჯდომარე, მაშინ მიაღწევდით შედეგს?

ნინო ბერაძე
ნინო ბერაძე

მაშინ უკვე გიწევს საკრებულოს წევრების, მთლიანი შემადგენლობის დარწმუნება, რაც ძნელდება. თუმცა, ჯიუტად ვცდილობთ, რომ ერთი და იგივე საკითხი რამდენჯერმე გავიტანოთ და ასე მივაღწიოთ მიზანს. ასეთი პრინციპული საკითხი იყო „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მეტაქსას ქუჩაზე არსებული ცარიელი შენობა, რომელიც აჭარის მთავრობის საკუთრებაშია და მოვითხოვთ, რომ ეს შენობა გადმოეცეს ქალაქს საბავშვო ბაღისთვის. მოთხოვნა უკვე გადაგზავნილია ზურაბ პატარაძესთან. ასევე, მუნიციპალური აუზის საკითხი გვქონდა გატანილი და მივაღწიეთ იმას, რომ დაიწყება ადგილის გამონახვა და შესაბამისი ფინანსები გამოიყოფა ბიუჯეტიდან. სამჯერ გავიტანე და ჩავარდა საკითხი, რომელიც ექვსშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბინით უზრუნველყოფას შეეხება. მქონია შემთხვევები, როცა ვამჯობინებ, რომ საკითხი კონკრეტულმა ორგანიზაციამ გაიტანოს, ასე იყო მაგალითად ღია სივრცეში კინოჩვენებასთან დაკავშირებით და ეს მეთოდი კარგად ჭრის.

შესამჩნევია ტენდენცია, რომ პარტიები ძირითადად იმ ადამიანებს ასახელებენ კანდიდატებად, რომლებიც უკვე ჰყავთ ამა თუ იმ სახელმწიფო სტრუქტურაში. ნაციონალურმა მოძრაობამაც საკრებულოდან დაასახელა საქართველოს პარლამენტში თავისი კანდიდატი და თქვენმა პარტიამაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანური რესურსების პრობლემა აქვთ პარტიებს?

ადამიანური რესურსის პრობლემა არის პოლიტიკაში, რადგან სულ მგონია, რომ მხოლოდ ბოლო ეტაპზე იწყებენ ახალი სახეების ძიებას. ეს პროცესი ოთხწლიან ციკლშიც უნდა მიმდინარეობდეს. ჩვენი პარტია პარლამენტშიც და ზოგადად, მხარს უჭერს ქალების კვოტირების სისტემას იმიტომ, რომ ფინანსურმა დაინტერესებამ არ გაჭრა პარტიებთან, კვოტირების სამი ვარიანტი არსებობდა და ვერც ერთი ვერ გავიდა პარლამენტში, ამიტომ ცალკეული პარტიები ცდილობენ შიდა პარტიულ დონეზე მოაგვარონ ეს საკითხი.  შესაბამისად, მე მხოლოდ სიის გასალამაზებლად არ ვარ პარტიაში,  მაქვს ამბიცია, რომ შერჩეული ვარ პოლიტიკური გამოცდილების ნიშნით.

იმ შემთხვევაში, თუკი მოხვდებით პარლამენტში, რაზე გააკეთებთ აქცენტს, თუ გაქვთ უკვე პრიორიტეტების მონახაზი?

როცა პარლამენტის წევრი ხარ, მაშინ თავს ასე ვერ შეიზღუდავ.  თუმცა, ერთ-ერთი პრიორიტეტი აუცილებლად იქნება განათლება, რადგან ამ სფეროდან მოვდივარ. 30 წელია უნივერსიტეტში ვმუშაობდი და განათლების სამინისტროშიც ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელი ვიყავი. ასევე მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობა, შშმ პირების პრობლემებზე მეტი მუშაობაა საჭირო. ძალიან სენსიტიური თემაა ის, რომ არაადაპტირებული სკოლების გამო შშმ ბავშვები ვერ ახერხებენ განათლების მიღებას და ატესტატის აღებას. მარტო პანდუსით არ წყდება პრობლემა.

არსებობს სტერეოტიპი, რომ პოლიტიკა კაცების საქმეა. როგორ ფიქრობთ, რატომ არის ქალის ყოფნა პოლიტიკაში მნიშვნელოვანი?

როცა პოლიტიკაში ქალების მონაწილეობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი კონსტიტუციური უფლებაა. მაგრამ, რეალურად, ცხოვრებაში, ჩვენ ვხედავთ რომ არსებობს უამრავი მუხრუჭი ქალებისთვის. ქალებს და კაცებს მეტ-ნაკლებად განსხვავებული ინტერესები აქვთ. შეიძლება კაცისთვის შეიარაღება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ის, რომ ბაღი არ არსებობს, ქალი სამსახურში ვერ მიდის და ქალზე გადადის მეტი შრომა – ამ საკითხის წამოწევა ქალზე უკეთ არავის არ შეუძლია. სოციალურ საკითხებში მომვლელის ფუნქცია აკისრია ქალს და მისი განვითარება ამითაც ფერხდება, ამიტომ ამ კუთხით საკითხების ლობირება ქალებს უკეთ შეუძლიათ.

ამ პარლამენტმა ვერ შეძლო ფემიციდის შესახებ კანონის მიღება, თქვენი პოზიცია როგორია ამ თემის მიმართ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქალთა მკვლელობები შეჩერდეს ქვეყანაში?

არსებობს კანონი, რომელიც ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მუშაობს და სისხლის სამართლის კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული ოჯახურ ძალადობას. მხოლოდ კანონის გამკაცრება ვერ აღმოფხვრის პრობლემას თუ არ იქნა საზოგადოებრივი აზრის ცვლილება, რომელიც ხშირად ამართლებს მკვლელს და ბჭობს იმაზე, იყო თუ არა ქალის საქციელი მკვლელობის მაპროვოცირებელი. თუ არ მოხდა საზოგადოების მხრიდან ამ პრობლემის სხვა ხარისხში აყვანა, მხოლოდ კანონი ვერ იქნება ეფექტური. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მეტი ქალთა თავშესაფარიც, რომ კონფლიქტის პერიოდში იყოს ქალი იზოლირებული. ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანია რამდენად პრინციპულად სრულდება კანონი. უბნის ინსპექტორია თუ პატრულის თანამშრომელი, ის რამდენად სერიოზულად უდგება ამ საკითხს, ეს არის მნიშვნელოვანი. კარგად დაწერილ კანონს კარგი შემსრულებელი უნდა ჰყავდეს.

ამ საარჩევნოდ ხშირად მიდის საუბრები იმაზე, ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ განმარტება. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, რა არის თქვენთვის ქორწინება, ოჯახი?

ოჯახი არის ის, რაც აქამდე გვქონია, ანუ ქალისა და მამაკაცის ერთობა.  ოჯახსა და ქორწინებას ერთნაირად აღვიქვამ. თუმცა, ოჯახის შემადგენლობაში კაცია შვილებთან ერთად თუ ქალი, საზოგადოებაში ასე არ დგას საკითხი.  ის, რომ ქორწინება ქალისა და ქალის ერთობაა, კანონში არსებობს ჩანაწერი და ჩემთვის ეს სავსებით საკმარისია, მაგრამ თუ საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ საშიშროება ექმნება ოჯახს, მაშინ რატომაც არა.

სექსუალურ უმცირესობებზე მაინტერესებს თქვენი პოზიცია. ხშირად საუბრობენ ეს ადამიანები, რომ საკანონმდებლო დონეზე მათ პრობლემები ექმნებათ როგორც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის განსაზღვრასთან, ასევე ბავშვის აყვანასთან დაკავშირებითაც. როგორ ფიქრობთ, უნდა მიეცეთ თუ არა მათ ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა საკანონმდებლო დონეზე?

ჩემი დამოკიდებულება ასეთია, რომ კანონთან მიმართებაში ვიქნები მომხრე ყველა იმ საკანონმდებლო ცვლილების, რომელიც დაიცავს  მათ უფლებებს. სამსახურში მოწყობა იქნება, შვილად აყვანის თუ სხვა, მე მხარს დავუჭერ ასეთ საკითხებს.

პარკირების წესების დარღვევისთვის დღეს ბათუმში 510 ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე,  510 ადამიანი დაჯარიმდა.

მათ შორის 424 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომსთვის, 1 –  დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 52 – ნიშანში დგომისთვის, 11 – ტროტუარზე დგომის გამო, 9 – ტაქსის და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო, 8 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 4 –  ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

[1]

უსკოში 20 პარტია დარეგისტრირდა, 8 კი რეგისტრაციის პროცესშია

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში (უსკო) პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის ვადა დაახლოებით 1 საათის წინ ამოიწურა. უსკოს თავმჯდომარის პარმენ ჯალაღონიას ინფორმაციით საარჩევნო ადმინისტრაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისთვის სულ 28 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციაში შევიდა ორი ისეთი პოლიტიკური პარტიის განცხადებაც, რომელიც არ არის რეგისტრირებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, შესაბამისად მათ 19 აგვისტომდე უსკოში 3000 მხარდამჭერის ხელმოწერა უნდა წარადგინონ.

პარმენ ჯალაღონიას განმარტებით, ეს უპრენცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელია უსკოს არჩევნებში მონაწილე პარტიების რაოდენობისა. 2012 წელს უსკოს არჩევნებში 7 პარტია იყო რეგისტრირებული, 2008 წელს – 6 პარტია, 2004 წელს კი – 10 პარტია.

უსკოში რეგისტრირებული პარტიები:

  1. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
  2. “საქართველოს ლეიბორისტული პარტია” [შალვა ნათელაშვილი]
  3. “ცენტრისტები” [ბედუკაძე-ხაჩიშვილი]
  4. პარტია “საქართველო”
  5. “მემარცხენე ალიანსი” [კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე]
  6. “საქართველოს რესპუბლიკური პარტია” [დავით უსუფაშვილი]
  7. “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” [პაატა ბურჭულაძე]
  8. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” [დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი]
  9. “ჩვენი სამშობლო”
  10. “ეროვნული ფორუმი”
  11. “სახალხო პარტია”
  12. “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი”
  13. სახალხო ხელისუფლება”
  14. თავისუფალი დემოკრატები” [ირაკლი ალასანია]
  15. “სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო” [გიორგი ვაშაძე]
  16. “მამული, ენა, სარწმუნოება” სახელწოდებით “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”
  17. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”
  18. ” ახალი მემარჯვენეები”
  19. “საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია
  20. “ნეიტრალური საქართველო” სახელწოდებით “კვარაცხელია – სოციალისტები”

პარტიები, რომელლებიც რეგისტრაციის პროცესშია:

21. ,, ერთიანობის დარბაზი’’ (უნდა წარმოადგინონ მხარდამჭერთა სია 19 აგვისტომდე);
22. ,,დემოკრატიული განახლება-ჩვენი საქართველო გაბრწყინდება’’ (ჩვენები);
23. ,,საქართველოს მშვიდობისთვის’’;
24. ,,თავისუფალი საქართველო’’;
26. ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს;
27. ,,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა’’
28.  ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო’’.

ამავე თემაზე: უსკოში პარტიების რეგისტრაცია ერთ საათში დასრულდება

უსკოში პარტიების რეგისტრაცია ერთ საათში დასრულდება

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის ვადა დღეს, 12 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით უსკოში 11 აგვისტოს 18:00 საათის მონაცემებით 15 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული. 6 პოლიტიკური პარტიის განცხადება კი განხილვის პროცესშია.
პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებსაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია არ აქვთ გავლილი, უსკოში 3 000 მხარდამჭერის ხელმოწერა 19 აგვისტომდე უნდა წარადგინონ. ამ დროისთვის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ასეთი ერთი საარჩევნო სუბიექტის განცხადებაა შესული.
საარჩევნო სუბიექტებს პარტიული სიების წარდგენის ვადა არჩევნებამდე არა უგვიანეს 30 დღისა, 8 სექტემბრამდე აქვთ.

კომისიამ ეკომიგრანტი ოჯახების პროგრამაში ჩართვის საკითხი განიხილა

დღეს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა ჩატარდა.

ხდომაზე განიხილეს ხულოს, შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების გამგეობების შუამდგმლობა  – 25 ეკომიგრანტი ოჯახის სამინისტროს პროგრამაში ჩართვის მიზნით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სხდომის შედეგად 24 ოჯახს გაეგზავნება შეთავაზება მოიძიონ შესასყიდად სასურველი საცხოვრებელი ფართები, ხოლო ერთი ოჯახის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება ეთხოვა მუნიციპალიტეტს.

დღევანდელ სხდომაზე კომისიამ 4 ეკომიგრანტი ოჯახის მიერ, შესასყიდად მოძიებული საცხოვრებელი ფართების ტექნიკური მდგომარეობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, ინფორმაციის ექპერტიზაზე გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

„ყვითელი ჩემოდანი“ თბილისი-ბათუმის გზაზე – თეონა პაიჭაძის გამოფენა ხელოვნების გალერეაში

ბათუმში, ხელოვნების მუზეუმის გალერეაში, თბილისელი მხატვრის, თეონა პაიჭაძის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ჟანრობრივად მრავალფეროვანი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. მხატვარი იყენებს ისეთ მასალებს, როგორიცაა: პოლიგრაფიული საღებავი, თუნუქის ფირფიტები და პოლიეთილენი. „ყვითელი ჩემოდანი“ – ასე ეწოდება თეონა პაიჭაძის ნამუშევრების გამოფენას, რომელიც ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 14 აგვისტომდე დარჩება.

„იყო ასეთი სიმღერა ჩემს ბავშვობაში, ძალიან მოდური. შეიკრიბებოდნენ თუ არა ახალგაზრდები, ყველა მღეროდა: „ყვითელი ჩემოდანი, ის ყოველთვის შენთან არის….“ – მიყვება თეონა პაიჭაძე გამოფენის სახელწოდებაზე.

„ყვითელი ჩემოდანი“ გამოფენაზე წარმოდგენილი მისი ერთ-ერთი ნამუშევრის სახელწოდებაცაა, რომელზეც ბაქანზე, თბილისი-ბათუმის ძველი მატარებლის ფონზე, ორი, წითელი და ყვითელი ფერის ჩემოდანია. თეონას ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ეს გზაა, თბილისიდან ბათუმამდე და პირიქით. თეონას მამა მწერალი სოსო პაიჭაძეა, რომელიც ბათუმში ცხოვრობდა, ამიტომ თეონასათვის მოგონებები მამაზე და ბათუმზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ბათუმში არ გავზრდილვარ, მაგრამ წელიწადში ორი თვე აქ ვიყავი ყოველ წელს. სახლიც მაქვს აქ, ბებიას სახლი, ტელმანის ქუჩაზე. ისე მიყვარს აქაურობა… სოსოს შემოქმედება მთლიანად ბათუმითაა შთაგონებული. ამ ნახატს, „ყვითელ ჩემოდანს“, თავიდან ერქვა „ბაქანი – ბოტანიკური ბაღი~. მამას ერთ მოთხრობას ჰქვია ასე“, – ამბობს თეონა.

ხატვა ბავშვობაში დაიწყო. „სკოლის რვეულებში სულ ნაჯღაბნი მქონდა. მათემატიკის მასწავლებელი გიჟდებოდა, გადაშლიდა რვეულს და სულ შიშველი ადამიანების ფიგურები ეხატა. სულ მეჩხუბებოდა, ყვავილი და პეპელა მაინც დახატეო! წავიდოდა, დედაჩემს აჩვენებდა _ ნახე, რას ხატავსო. მეექვსე კლასში ვიყავი. მამა მაშინ ტელევიზიაში მუშაობდა და მიუტანა ჩემი ნახატები მხატვარ თემო გოცაძეს, ნახე, აბა, რას ხატავსო. თემომ გულდასმით დაათვალიერა და ფუნჯები, პასტელები, გუაში, აკვარელი, ფურცლები მაჩუქა, რაღაცები ამიხსნა. ეს არასდროს დამავიწყდება,“ – იხსენებს თეონა.

თეონამ თბილისის სამხატვრო აკადემია 1997 წელს დაამთავრა, დაზგური გრაფიკის განხრით, თუმცა პირველი პერსონალური გამოფენა წელს, აპრილში ჰქონდა. რამდენიმეწლიან წყვეტას თავისი მიზეზები აქვს, თეონას საკუთარი პოლიგრაფიული კომპანია აქვს და მისი ძირითადი საქმიანობაც ამას უკავშირდებოდა, თუმცა ორი წლის წინ სიტუაცია შეიცვალა, თეონა მთლიანად მოიცვა ხატვის სურვილმა და მისი პირველი პერსონალური გამოფენა წელს, მწერალთა სახლში, სოსო პაიჭაძის კრებულის პრეზენტაციაზე შედგა. კრებული „ქარჩხაძის გამომცემლობამ~ გამოსცა სერიაში: „ალტერნატიული ქართული პროზა“.

„დღესაც კარგად მახსოვს. ორი წლის წინ იყო მთავრობის განცხადება, ქამრები შემოვიჭიროთო. ხოდა, ვთქვი, თუ ქამრები შემოიჭირეთ და შეკვეთები მცირდება, მაშინ ავდეგები და ხატვას დავიწყებ. 2 იანვარი იყო, ბედობა, ავდექი, წავედი და ვიყიდე მთელი ჩემი ფულით ბევრი საღებავი, მოლბერტი და დავიწყე ხატვა. ორი წელი გავიდა და არ გავჩერებულვარ. სულ მინდოდა, რომ სოსოს წიგნი და გამოფენა ერთად ყოფილიყო და ასეც მოხდა. ნელ-ნელა ოფისი სახელოსნოდ ვაქციეთ. შეკვეთებსაც ვიღებ, მაგრამ ახლა მთავარი ხატვაა,“ – ამბობს თეონა.

პირველ პერსონალურ გამოფენას მოჰყვა მეორეც, სახელწოდებით – „E2E4~ „ვანდა გალერეაში“. „ყვითელი ჩემოდანი“ თეონას მესამე გამოფენაა და წინა ორისაგან გასხვავებული:

„ბოლო 3-4 თვის ნამუშევრებია. განსხვავებული ტექნიკაა, განსხვავებული მასალები, მათ შორის პოლიეთილენი და პოლიგრაფიული მასალები. ბოლო ექვსი წელია პოლიგრაფიული კომპანია მაქვს და ჩემი სამსახური უშუალოდ უკავშირდება ამ მასალებს. ვიფიქრე, რატომაც არა, გავაკეთებ პოლიგრაფიული მასალებით,“ – ამბობს თეონა.

„ეს სურათები ხასიათდება დახვეწილი ფერწერული გამით, მკაფიო ნახატით, ორიგინალური კომპოზიციური სტრუქტურით. ისინი აღბეჭდილია მხატვრის ინდივიდუალური ხედვით, შემოქმედებითი მიდგომით, თავისუფალი ინტერპრეტაციით, რაც ნაწარმოებს ესთეტიკურ გამომსახველობას, ექსპრესიულობასა და თავისთავადობას ანიჭებს,“ – ამბობს ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე. მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც თეონა პაიჭაძის ნამუშევრებია მნიშვნელოვანი, მხატვრის შემოქმედებითი მიდგომაა.

„ეს საოცარი შემოქმედებითი მიდგომა სახეზეა და ჩემი აზრით, ხელოვნებაში მთავარი სწორედ ესაა. ყველა კომპოზიცია არის ნაგრძნობი, გააზრებული, გადახალისებული. ეს არ არის უბრალოდ კლასიკური ჟანრები, სიუჟეტურობა ახასიათებს, რაც, როგორც ჩანს, მისი მამის მოთხრობებიდანაც მოდის,“ – ამბობს რატი.

თეონა კი ფიქრობს, რომ ჯერ ადრეა საკუთარ თავს მხატვარი უწოდოს, ეს სიტყვა მასში განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას იწვევს:

„მხატვარი ვარ-თქო – ვერ დავირქმევ, იქამდე დიდი გზაა გასავლელი. ჩემთვის ეს ძალიან დიდი სიტყვაა. ახლა ცოტას შევისვენებ. თავიდან ზუსტად რას ვხატავ, არადროს ვიცი. ვზივარ და ვუყურებ ტილოს. იქ რაღაცას ვხედავ. ნელ-ნელა ჩნდება ყველაფერი, თანდათან ვხვდები რა მინდა. ვეძებ რაღაც ახალს, ვინც არ უნდა შეგაქოს, რაც არ უნდა გითხრას, ყოველთვის ახალს ეძებ. ახლა გაჩერება გამორიცხულია.“
.

რუსული პროპაგანდა, ხელისუფლება და საზოგადოების რეაქცია

რას უკავშირდება ბოლო დროს პრორუსული ჯგუფების გააქტიურება საქართველოში? რატომ დუმს ხელისუფლება და რა არის რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

 ბოლო დროს რუსული პროპაგანდა საქართველოში გასცდა მედიის საზღვრებს, გასულ კვირას გამოჩნდა ჭიქა-სუვენირები რუსეთ-საქართველოს სიყვარულზე, ნაყინი სახელწოდებით  -„СССР“, სხვადასხვა ჯგუფმა ღიად გამოიტანა საბჭოთა სიმბოლიკაც… რას უკავშირდება საქართველოში პრორუსული პროპაგანდის გაძლიერება?

პირველ რიგში, ალბათ უნდა დავიწყოთ იქედან, რომ წინასაარჩევნო გარემოა და პრორუსული ძალები წინასაარჩევნოდ ცდილობენ გააქტიურებას, რადგან ამ პერიოდში მოსახლეობის პოლიტიზების დონე საკმაოდ მაღალია. ისინი ცდილობენ, გაახმოვანონ ის ძირითადი გზავნილები, რაც აქვთ, რადგან სხვა დროს შეიძლება ასეთი ინტერესი არ გამოიწვიოს საზოგადოებაში.

ამას ემატება საგარეო პოლიტიკური კონტექსტიც – რუსეთი ცდილობს ბოლო პერიოდში პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გავლენა გააძლიეროს. ეს იმაშიც აისახება, რომ ისინი საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ, რათა გარკვეულწილად მოხდეს საზოგადოებრივი აზრის ცვლილებები.

ვისზე და რაზეა გათვლილი ეს პროპაგანდა, ვინ არის სამიზნე ჯგუფი?

პროპაგანდა მუშაობს რამდენიმე მიმართულებით, პირველი ეს არის ნოსტალგია – მისი სამიზნე ჯგუფი 50 წელს გადაცილებული ადამიანები არიან, რომელთაც ჯერ კიდევ ახსოვთ და აქვთ საბჭოთა ნოსტალგია, მეორე მიმართულებაა რელიგიური სოლიდარობა, ამ მხრივ მართლმადიდებლობა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს (მათ შორის საქართველოს) შორის ძალიან ბევრი საერთო არსებობს, ისინი სწორედ ამის გაღვივებას ცდილობენ, რათა ამ ქვეყნების პოლიტიკურმა ლიდერებმა და საზოგადოებამ ზურგი აქციოს დასავლეთს. მესამე მიმართულებაა ეკონომიკა. თუ გადავხედავთ რუსეთისა და საქართველოს სავაჭრო დინამიკას, იგი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საკმაოდ შეიცვალა, რუსეთი საქართველოს უკვე ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი გახდა, რაც მთლიანობაში ცუდი არ იქნება, უბრალოდ ამან არ უნდა მიიღოს ისეთი ხასიათი, რომ ზედმეტად დამოკიდებულები გავხდეთ რუსულ ეკონომიკაზე. ამას ემატება პროპაგანდა სუფთა პოლიტიკური თვალსაზრისითაც, როცა ისინი ცდილობენ გარკვეული სოციალური და პოლიტიკური ჯგუფების საკუთარ მხარეზე გადაბირებას და მათ გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის. სამიზნე ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში, ქმნიან პრორუსულ ჯგუფებს, რომლებიც შექმნიან გარკვეულ პოლიტიკურ ამინდს და პარლამენტში მოხვედრის შემდეგ შეძლებენ გარკვეულწილად საგარეო პოლიტიკური კურსის კორექტირებას, იგივე ევრაზიულ კავშირთან მიმართებაში.

 საქართველოში ვინ დგას ამ ჯგუფების უკან? გასაგებია კრემლის ინტერესები, მაგრამ ფაქტია, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს ეს ჯგუფები არ ჩანდნენ, თუმცა ბოლო წლებში სურათი შეიცვალა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეიცვალა დამოკიდებულება ამ ჯგუფების მიმართ. თუ იქამდე მათ ეშინოდათ სერიოზული შეხვედრების ჩატარება, ახლა არაფერი აშინებთ, პირიქით შეტევაზე გადმოდიან კიდეც. იყენებენ ინფორმაციის მასობრივი გავრცელების სხვადასხვა საშუალებას. მთლიანობაში, ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს ამას, მაგრამ ხელსაც რომ არ უშლის _ ფაქტია.

ვერ ვიხსენებ ვერც ერთ შემთხვევას, გარდა პრემიერის უკანასკნელი განცხადებისა, ვალერი კვარაცხელიას მოძრაობასთან და საბჭოთა ატრიბუტიკის გამოყენებასთან დაკავშირებით. ბოლო დროს ამ ჯგუფების მხრიდან ხშირი იყო კანონის დარღვევის შემთხვევებიც და ხელისუფლების მხრიდან ამას არანაირი რეაქცია არ ჰქონია. ბუნებრივია იბადება ეჭვი, რომ ხელისუფლება თუ ხელს არ უწყობს, რატომ არ უშლის, ვინ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, თუ ეს ძალები კიდევ უფრო გააქტიურდებიან, რამაც შესაძლოა წინასაარჩევნოდ არც ისე კარგი პროცესები გამოიწვიოს. სწორედ ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი ამ პროცესებზე და გაუგებარია, თუ რატომ არ აქვთ მათ კონკრეტული პოზიცია ამ ჯგუფებთან დაკავშირებით.

 თქვენი აზრით, აქვთ თუ არა კავშირი პრორუსულ ჯგუფებს ერთმანეთთან? ერთი შეხედვით სხვადასხვა ჯგუფებია, იკითხება მათ მიღმა ერთი ხელწერა? ასევე, როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა პრორუსული ძალების გაერთიანება 2016 წლის არჩევნებზე?

ცოტა რთულია ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა, მაგრამ ფაქტია – ისინი ამ მომენტში ცდილობენ სხვადასხვა მესიჯებით სხვადასხვა სოციალურ ფენას გადასწვდნენ, თუმცა თუ საჭირო გახდება, ალბათ გაერთიანდებიან კიდეც. ამ ეტაპზე გაერთიანება არ არის მიზანი, რადგან უფრო ადვილი იქნებოდა მათი მარგინალიზება. იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდება სათანადო მომენტი, რა თქმა უნდა, ეს ხალხი მზად იქნება. აი, აქ არის ხელისუფლების ვალდებულება, თუ რას აკეთებს ის, იცის თუ არა მათი მიზნები და ა.შ. მაგალითად, როცა რუსეთის დუმის დეპუტატი ჩამოდის მეჭიაურთან ერთად, აკეთებს განცხადებას, ეს უკვე ყურადსაღები უნდა იყოს. ხელისუფლება თავს არიდებს იმას, რომ გააკეთოს მკვეთრი განცხადებები და ეს გაურკვევლობას იწვევს საზოგადოების დიდ ნაწილში.

რამდენად ადეკვატურია ამ დროს საზოგადოების რეაქცია რუსულ პროპაგანდაზე?

საბედნიეროდ საზოგადოებას კარგად ესმის ეს საფრთხეები, დამოკიდებულება ამ ჯგუფების მიმართ არის აბსოლუტურად ადეკვატური, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დაბრკოლება ამ ჯგუფებისთვის, იმიტომ, რომ მათ ვერ მოახერხეს ჯერჯერობით, მათი მესიჯები გახდეს მაინსტრიმი. ანუ ისინი თავიანთი ლოზუნგებითა და აქტივობებით ყურადღებას კი იპყრობენ, აქტიურდებიან, მაგრამ მათი მესიჯები ვერ გახდა დღის წესრიგი – ეს სწორედ საზოგადოების დამსახურებაა და არა ხელისუფლების.

აქედან გამომდინარე, საზოგადოების იმედზე უნდა ვიყოთ ამ ეტაპზე, იმიტომ, რომ ერთადერთი დამცავი მექანიზმი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, არის საზოგადოების ჯგუფების თვითორგანიზება, განსაკუთრებით ახალგაზრდების. არ არის აუცილებელი, რომ ეროვნული უსაფრთხოების დონის პრობლემის გაჩენის შემდეგ მიექცეს ამას ყურადღება, ამ ბოლო დროს ჩანს, რომ ისინი ცოტა უფრო აგრესიულები გახდნენ, წინათ ასე არ იყვნენ, ტონი შეიცვალა, ბუნებრივია ხელისუფლებას მოუწევს ამაზე გარკვეული რეაგირება, ჯობია, ეს დროზე მოხდეს.

თუ ამ მხრივ არაფერი შეიცვალა ხელისუფლების მხრიდან, რა არის რუსული პროპაგანდის მთავარი საფრთხე საქართველოს შემთხვევაში? რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის მაგალითი რომ გვითხრათ, სადაც ამ პროცესებს ცუდი შედეგები მოჰყვა.

თუნდაც ჩვენი მეზობელი სომხეთის მაგალითი ავიღოთ. მე არ ვამბობ, პროპაგანდის დამსახურებაა ის, რომ სომხეთი დღეს ევრაზიულ კავშირშია, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო. თავის დროზე სომხეთს ჰქონდა ასეთი საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ისინი კომპლიმენტარიზმის პოლიტიკას ეძახდნენ, ანუ მათ უნდოდათ დასავლეთთან დაახლოება და ამავდროულად სურდათ რუსეთთან შეენარჩუნებინათ კარგი ურთიერთობა. ბუნებრივია ეს დიდ ხანს ვერ გაგრძელდებოდა და სწორედ ასეც მოხდა, ისინი ორ სკამზე ვერ დაჯდებოდნენ და ერთი სკამის არჩევა მოუხდათ. ეს ყველაფერი მოხდა იმის გამო, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, სხვადასხვა წრეები და ელიტები მასმედიის პროპაგანდის საშუალებით ფაქტობრიად გადაბირებული იყო რუსეთის მხარეს. როდესაც ეს გადაწყვეტილება მათმა პრეზიდენტმა ერთ დღეში შეცვალა, ამას რეალურად არავინ შეწინააღმდეგებია, გარდა ერთი-ორი პატარა ჯგუფისა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სომხეთის შემთხვევაში ყარაბაღის კონფლიქტი იყო. საგულისხმოა, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების წამოწევას ცდილობს რუსული პროპაგანდა საქართველოს შემთხვევაშიც. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეცვლის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას ევრაზიული კავშირის სასარგებლოდ, თეორიულად მოდის თემები, თუ როგორ შეიძლება მოხდეს დაკარგულ ტერიტორიებთან ურთიერთობის დალაგება და ა.შ. მათ ეს კარგად გამოიყენეს სომხეთის შემთხვევაში და ახლა ცდილობენ ეს მტკივნეული თემები ჩვენთანაც გამოიყენონ, რადგან იციან, რომ საქართველოს საზოგადოებაში როგორც ძლიერია ევროატლანტიკური სივრცისადმი მისწრაფება, ისეთივე დიდი მხარდაჭერა აქვს ტერიტორიულ მთლიანობასაც.

რა მიიჩნევა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად?

პროპაგანდასთან ბრძოლის ყველაზე კარგი საშუალებაა სიმართლე და ფაქტები, რაც ადვილი არ არის, მაგრამ სხვა ეფექტური გზა, მით უმეტეს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, არ არის. საჭიროა საზოგადოებასთან პირდაპირი მუშაობა. მაგალითად, როცა ჟღერდება ნარატივი, რომ რუსეთმა კარგი გააკეთა საქართველოსთვის ამა და ამ დროს (იგივე გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით), ისტორიკოსებისა და პოლიტოლოგების ჯგუფებმა, რომელთაც გარკვეული ავტორიტეტი აქვთ საზოგადოებაში, ძალიან მოკლედ და გასაგებ ენაზე უნდა განუმარტონ მოსახლეობას, თუ რა არის რეალურად სიმართლე ამა თუ იმ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით და ეს უნდა გაჟღერდეს მასმედიის საშუალებით.

ფოტო: რადიო „თავისუფლება” 

ბრიკეტი – შეშის ალტერნატივა

„მოგვწონს, მაგრამ მთავარი პრობლემა ფასია“

„ოჯახებში მივიტანეთ და გამოვცადეთ ბრიკეტები – 15-20 წუთში ორი ჩაიდანი წყალი აადუღა“, – ყვება მაჭახელას ეროვნული პარკის დირექტორი გიორგი ქურიძე. იგი ბიომასის ბრიკეტებზე საუბრობს, დაპრესილ ბიოსაწვავზე, რომელიც სატყეო და სოფლის მეურნეობის ნარჩენებისაგან მზადდება, გამოირჩევა მაღალი თბოუნარიანობით და რაც მთავარია, საშეშე მერქნისგან განსხვავებით გარემოს დაბინძურების მინიმალური მაჩვენებლით. ბიომასის ბრიკეტები მოსახერხებელია საქართველოში გავრცელებული ნებისმიერი ტიპის შეშის ღუმელისათვის, სწორედ ამიტომ ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა შეშის ჩასანაცვლებლად, თუმცა ძვირი.

გიორგი ქურიძემ ბრიკეტები ოჯახებში, გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ერთობლივი პროექტის – „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ – ფარგლებში გამოსცადა. როგორც პროექტის მენეჯერმა, ირაკლი გორაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა, მათი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დაცული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების განვითარების ხელშეწყობაა. სწორედ ამიტომ პროექტი ახორციელებს კვლევას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში შეშის ალტერნატიული საწვავის გამოვლენა და ტესტირება.

მას შემდეგ, რაც მაჭახელას ეროვნულ პარკს სტატუსი მიენიჭა, ხე-ტყის მოხმარებაზე კონტროლიც გამკაცრდა. პარკის დირექტორის თქმით, ადრე ხეობაში რამდენიმე ოჯახი ხე-ტყის ბიზნესს ეწეოდა: „ვისაც დიდი მანქანები ჰყავდათ, გაჰქონდათ ხე-ტყე, სხვები კი, ვისაც ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა, სარგებელსაც ვერ ნახულობდნენ. შემდეგ უკვე მიხვდნენ, რომ გაფრთხილება სჭირდება ამ რესურსს და თავად მოსახლეობაც რეაგირებს დარღვევების შემთხვევაში. ახლა ცდილობენ ტურისტული ბიზნესების დაწყებას და სხვა კუთხით უდგებიან ყველაფერს“.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება ბრიკეტების შესახებ. კვლევას ენერგოეფექტურობის ცენტრი ატარებს. ზოგიერთ ოჯახში რამდენიმე ცალი დატოვეს კიდევაც და ძალიან მოეწონათ. ბრიკეტები უფრო დიდხანს იწვის და მეტად თბოუნარიანია. ასევე თავისი ფორმითა და ზომით უფრო მოსახერხებელიც“, – ამბობს პროექტის – „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ – მენეჯერი ირაკლი გორაძე.

სოფელ აჭარის აღმართის მკვიდრი მერაბ მოფინაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვის ოჯახშიც მოხდა ბრიკეტების ტესტირება: „სწორედ ახლა მეზობლებთან ერთად განვიხილავდით ამ საკითხს. ძალიან კარგია და მოგვწონს, მაგრამ მთავარი პრობლემა ფასია. როგორც გვითხრეს, ერთი ტონა 500 ლარი ღირს, ერთ ოჯახს კი ზამთარში ორი ტონა სჭირდება. ამდენი ფული ჩვენ საიდან უნდა მოვიტანოთ. ვნახოთ, თუ რამე დაფინანსება იქნება, შეიძლება ამაზე ფიქრი. თორემ სხვა ყველაფერში მოგვეწონა“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში და დასძენს, რომ შეშის მოტანა და მომარაგება ოჯახს ზამთრისთვის დაახლოებით 400-მდე ლარი უჯდება.

„ბათუმელების“ შეკითხვას, ღირს თუ არა დამატებითი ხარჯი, თუ კი ეს ამცირებს შეშის მოპოვებასთან დაკავშირებულ რისკებს და ფიზიკურ სამუშაოს, როგორიცაა ხის მოჭრა, დაჩეხვა, ტრანსპორტირება და ა.შ. მერაბ მოფინაძე პასუხობს, რომ სოფლის მოსახლეობისთვის იმ რისკების კონტროლი, რაც ხე-ტყის მოპოვებისას ფიზიკურად დგება, უცხო არ არის და ფასის განსხვავება ამად არ ღირს.

ფასთან დაკავშირებით მოსახლეობის უკმაყოფილების შესახებ ინფორმაციას ირაკლი გორაძეც ფლობს. მისი თქმით, ამ ზამთარში ერთჯერადად შეირჩევა რამდენიმე ოჯახი, რომლებსაც თანადაფინანსებით შეეძლება ბრიკეტების შეძენა და მისი პრაქტიკაში გამოყენება: „ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მოკვლევა და მოლაპარაკებები. ჩვენ აგვისტოს ბოლოსთვის გვეცოდინება ზუსტად, თუ რამდენ ოჯახს შეეძლება ტესტირებაში მონაწილეობა და რამდენი იქნება პროექტის თანადაფინანსება. ეს მსურველებზეცაა დამოკიდებული. ზუსტ რიცხვს ვერ დავასახელებ, თუმცა დაახლოებით საუბარია 50%-იან თანადაფინანსებაზე“, – ამბობს იგი და აღნიშნავს, რომ მაღალი ფასები ბიოსაწვავის ამ სახეობაზე იმითაცაა განპირობებული, რომ დამამზადებელი პუნქტები აჭარაში არ არის. თუმცა ირაკლი გორაძე ასევე აღნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ფასები შესაძლოა შემცირდეს, თუ კი მოხდება ბიომასის საწვავის წარმოებით ბიზნესის დაინტერესება.

„ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით და არ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია მთლიანად ჩავანაცვლოთ შეშის გამოყენება, მაგრამ ვცდილობთ შევამციროთ მაინც. შესაძლოა მუნიციპალიტეტები დაინტერესდნენ და ვთქვათ, მუნიციპალური შენობები გადავიდეს ბიოლოგიურად სუფთა რესურსების გამოყენებაზე, ან მოსახლეობასაც შესთავაზოს თანადაფინანსება. ყველაფერს ამ ზამთრის ტესტირების შედეგები გვაჩვენებს“, – ამბობს ირაკლი გორაძე.
როგორც ირაკლი გორაძემ თქვა, აჭარაში მოსახლეობის მიერ ბრიკეტების საყოფაცხოვრებო საქმიანობაში გამოყენების მაგალითი არ არსებობს. გათბობის ამ საშუალებას მხოლოდ სურსათის ეროვნული ცენტრის რეგიონულ – ქედის, შუახევისა და ხულოს ოფისებში იყენებენ. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, გარემოს დაცვის სფეროში უზრუნველყოს საერთაშორისოდ აღიარებული, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვის სტანდარტები და შეასრულოს მიღებული დირექტივები.

სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროგრამის პრეზენტაცია ბათუმში

დღეს, 11 აგვისტოს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

პროგრამის მიზანია სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა იურიდიული მომსახურება, გადამზადება, ასევე სამედიცინო მომსახურება, ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

„ეს არის სახელმწიფოს პროგრამა, რომელიც უკვე მეორედ და წარმატებით ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ჩვენ ვართ იმ ბენეფიციართა მომსახურების გამწევი ორგანიზაცია, რომელიც მოცემულ შემთხვევაში იურიდიული დახმარების უზრუნველყოფას უფასოდ ვთავაზობთ“, – ამბობს ახალგაზრდა ადვოკატების ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი. მისივე თქმით, მათი მიზანია საინფორმაციო კამპანია აწარმოონ არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს, შესაძლებლობა აქვთ საჭიროებების მიხედვით მიაკითხონ დევნილთა სამინისტროს ან გრანტის განმახორციელებელ ორგანიზაციას.

დევნილთა სამინისტრო მიგრირებულ მოქალაქეთა რეაბილიტაციის პროექტს 2015 წლიდან ახორციელებს, თუმცა აჭარისა და გურიის რეგიონები პროგრამაში წელს პირველად მოხვდა – „დევნილთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ გრანტში შედიოდა შემდეგი კომპონენტები – მიგრირებულ მოქალაქეთა პროფესიული სწავლება, გადამზადებისა და სტაჟირების დაფინანსება, მიკრობიზნესის დაფინანსება და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, აღნიშნულ პროექტში ჩვენმა ორგანიზაციამ გაიმარჯვა“, – განმარტავს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა გორგილაძე.

პროგრამის ფარგლებში მიკრობიზნესი 4 ათასი ლარით დაფინანსდება, სამედიცინო კომპონენტები დაფინანსდება 500 ლარით, რაც შეეხება სწავლება-გადამზადებისა და სტაჟირებას, მას დევნილთა და განსახლების სამინისტრო დააფინანსებს.

რკინიგზელები „საქართველოს რკინიგზას“ შეუსრულებელ პირობებს ახსენებენ და გაფიცვით იმუქრებიან

დღეს, 11 აგვისტოს, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციის წევრებმა, სადგურ „ბათუმის“ წინ გამაფრთხილოებელი აქცია გამართეს.

როგორც „ბათუმელებს“ სადგური ბათუმის რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გელა გოგელიამ უთხრა, დღეს მცირე აქციით შეახსენეს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას იმ ვალდებულებებისა და რვაპუნქტიანი შეთანხმების შესახებ, რომელიც 2014 წლის გაფიცვის დროს დაიდო.

„გაფიცვიდან მერვე დღეს შემოგვთავაზეს ლამაზი სიტყვებით დაწერილი რვაპუნქტიანი შეთანხმება, რომლის არცერთი პუნქტი დღემდე არ სრულდება. ერთ-ერთი მთავარი პუნქტი – ყოველ კვარტალში, სამი თვის ხელფასის 30%-ის პრემიის სახით გაცემა თავად შემოგვთავაზეს, შემდგომ 15%-ზე ჩამოიყვანეს და ამ 15%-საც გასცემენ თანამშრომელთა მხოლოდ 30%-ზე. ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა, როდესაც ხელმძღვანელი საკუთარი შეხედულებებით გასცემს პრემიებს“, – განაცხადა გელა გოგელიამ და იქვე აღნიშნა, რომ სხვა შეთანხმებებიც, რომლებიც ჯერ კიდევ 2013 წელს დაიდო რკინიგზის სადგურის ადმინისტრაციასთან, შეუსრულებელია.

„ჩვენ გვინდა მუშაობა და ჩვენი შრომის შესაბამისი ანაზრაურება. გაფიცვა არ წარმოადგენს ჩვენს თვითმიზანს, ამიტომაც დღეს მხოლოდ ის თანამშრომლები შევიკრიბეთ, ვინც ცვლაში არ ვართ. არ გვინდა, რომ სახელმწიფომ ნახოს ზარალი, გვესმის, რომ საქართველოს რკინიგზას სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე დიდი თანხა შეაქვს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი“, – თქვა გელა გოგელიამ და იქვე დაამატა, რომ მსგავსი გამარფრთხილებელი აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართება, ხოლო თუ შედეგს ვერ მიაღწევენ და იძულებულები გახდებიან, რკინიგზელები კვლავ გაიფიცებიან.

რკინიგზელების აქცია / 11.08.2016 / ფოტო: პროფკავშირები
რკინიგზელების აქცია / 11.08.2016 / ფოტო: პროფკავშირები 
რკინიგზელების აქცია / 11.08.2016 / ფოტო: პროფკავშირები
რკინიგზელების აქცია / 11.08.2016 / ფოტო: პროფკავშირები

სასამართლომ საიას სარჩელი უსკოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ. საჩივრის მიზეზი საიას განცხადება იყო, რომელიც უსკომ განუხილველი დატოვა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიჩნია, რომ უსკო არის იმ კომპეტენციის ორგანო, რომელმაც სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციის შემთხვევები უნდა განიხილოს.

სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციად საიამ 31 ივლისის შემთხვევა მიიჩნია, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პარტიული ოფისის წინ შეკრებილებს ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა.  “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საარჩევნო კანონმდებლობის იმ ნორმის დარღვევაზე მიუთითებდა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქე წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალება.

სასამართლომ უსკო დაავალდებულა ეს შემთხვევა განიხილოს, თუმცა უსკო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი განაცხადის შეტანიდან ორ დღეში უნდა განიხილოს. უსკო სარჩელით სასამართლოს ზემდგომ ინსტანციას დღესვე მიმართავს.

„მინიბიბლიოთეკის ყუთი“ ბათუმში

დღეს, 11 აგვისტოს ბათუმში, 6 მაისის პარკში „მინიბიბლიოთეკის ყუთი“ განთავსდა.

მსურველებს შეუძლიათ სასურველი წიგნების თხოვება, ადგილზე წაკითხვა ან თან წაღება და შემდგომ დაბრუნება. ასევე შესაძლებელია საკუთარი წიგნების დატოვება.

ყუთი არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი – საქართველოსთან“ დახმარებით, გამომცემლობამ „რადარამი“ დადგა და საკუთარი წიგნებით შეავსო.

იარე ნელა! – რას ითვალისწინებს შსს-ს ახალი სტრატეგია

საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კამპანია – „მართე ფრთხილად!“, „იარე ნელა!“, „იცოდე შენი სიჩქარე – ნუ მოისწრაფებ სიცოცხლეს“ და ა.შ. – სოციალურ ქსელებში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. აქედან ერთ-ერთი, ცნობილი მორაგბის მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ავტოკატასტროფის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე დასახელდა. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი სტრატეგია, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება, ავტოკატასტროფების რიცხვს 50 პროცენტით შეამცირებს.

1 389 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საქართველოში 2015 წლის მონაცემებით, აქედან ყველაზე მეტი წილი – 53,4 პროცენტი მსუბუქ ავტომანქანაზე შეჯახება მოდის. მიმდინარე წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, როგორც ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გვეუბნება, 10-15 პროცენტით არის გაზრდილი. დაზუსტებულ მონაცემებს შს სამინისტრო ყოველი წლის ბოლოს აქვეყნებს.

საქართველოს შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ მალე ამოქმედდება თანამედროვე ვიდეოანალიტიკური სისტემა, რომელიც ავტოკატასტროფების პრევენციას შეძლებს: „ახალი ვიდეოანალიტიკური სისტემა გამოცდილია ლიტვაში, რის შედეგადაც სამართალდარღვევათა რიცხვი 50 პროცენტით შემცირდა. ჩვენ მოვამზადეთ კანონპროექტთა პაკეტი, რომ მხოლოდ არსებული რესურსებით არ გვებრძოლა ამ პრობლემის წინააღმდეგ და შემოგვეტანა ახალი მეთოდოლოგია, ინოვაციური მიდგომები. თუმცა პარლამენტმა ისე დაასრულა მუშაობა, რომ ვერ მოასწრო ამ კანონპროექტის მიღება, ამიტომ სექტემბერში, როცა განახლდება სესიები, მისი განხილვა მოხდება.“

შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ახალი, თანამედროვე ვიდეოანალიტიკის სისტემის ტესტირება, რომელიც აფიქსირებს როგორც სიჩქარეს, შუქნიშნის დარღვევას, ზოლის გადაკვეთას, რადარსა და რადარს შორის  განხორციელებულ სიჩქარეს, ასევე ბევრ სხვა დეტალს.

„ამ სისტემას დიდი შესაძლებლობები აქვს და ყველა დეტალზე პრეზენტაციის დროს ვისაუბრებთ, რომელიც სექტემბრის ბოლოს გვაქვს დაგეგმილი. ვიდეოანალიტიკური სისტემა თბილისში რამდენიმე ადგილზე არის დანერგილი სატესტო რეჟიმში, ამიტომ ჯერ მისით ადმინისტრირებას არ ვახორციელებთ. როცა ტესტირება დასრულდება, დაინერგება ყველგან. შემოდგომიდან ბათუმიც აღიჭურვება ახალი ვიდეოანალიტიკური სისტემით,“ – გვეუბნება ის.

შალვა ხუციშვილის თქმით, ვიდეოანალიტიკური სისტემით ავტოკატასტროფის პრევენცია შესაძლებელია, რადგან როცა კამერა ან რადარი აფიქსირებს სიჩქარის გადაჭარბებას, რადარი ავტომატურად იძლევა  განგაშის სიგნალს, რასაც მოჰყვება რეაგირება პატრულის მხრიდან. „სისტემა ითვალისწინებს პოლიციელების სპეციალურ მომზადებას. მთლიანად იცვლება მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა მოახდინონ რეაგირება და მათი ქმედება გახდება უფრო ქმედითი. ფაქტობრივად, მთელი სისტემა იცვლება. გარდა ამისა, ინერგება ქულათა სისტემა, რომელიც მართვის მოწმობის სარგებლობის დღეს მოქმედ სისტემას ჩაანაცვლებს. მართვის მოწმობაზე ირიცხება ქულათა რაოდენობა, რომელიც ყოველ სამართალდარღვევაზე ჩამოიჭრება და ესეც კარგად იმუშავებს პრევენციაზე.“ მისი თქმით, პირველ რიგში ვიდეოანალიტიკური სისტემები ყველაზე კრიტიკულ ადგილებში დაინერგება, მათ შორის მუნიციპალურ გზებზე, სადაც ყველაზე სახიფათოა მოძრაობა.

ახალი სისტემის დანერგვამდე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტრატეგია, რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროა.

სტრატეგიის მიხედვით, სამინისტროებისგან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სფეროს მიხედვით აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას საგზაო უსაფრთხოების ამაღლებაზე.

„სტრატეგია გულისხმობს როგორც გზების ინფრასტრუქტურის გამართვას, ასევე სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას ავტოპარკინგების მოწესრიგებაზე, 2017 წლიდან ამოქმედდება ახალი პროექტი „უსაფრთხო ქალაქი“, რომლის შემუშავება მიმდინარეობს და რაც მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება,“ – გვეუბნება შალვა ხუციშვილი. მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში – „უსაფრთხო ქალაქი“ შეირჩა 30 საჯარო სკოლა, სადაც დაინერგება საგზაო უსაფრთხოების ინოვაციური სწავლება: „ჩვენ ვაკეთებთ პატარა ქალაქს, სადაც დაინერგება სიმულაციური სწავლება, ბავშვები მოვლენ  და ისწავლიან საგზაო მოძრაობის წესებს იმისათვის, რომ მათ ფსიქოლოგიაზე სწორი გავლენა მოვახდინოთ და თავიანთ მშობლებსაც ვუთხრათ, რომ არ დაარღვიონ წესები“.

პროექტის – „მეგობრული გზების“ ავტორი დაორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ გარდა სისტემური ცვლილებებისა, ავტოავარიების შესამცირებლად დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალიზაციასაც, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში მიმართავენ. დიდი ზომის ბილბორდების დამონტაჟება გამაფრთხილებელი ტექსტითა და შესაბამისი ფოტოებით ისეთ ადგილებში, სადაც მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

„ადამიანებს საკუთარი თვალით უნდა ვაჩვენოთ, რა შეიძლება მოჰყვეს გადაჭარბებულ სიჩქარეს, ამიტომ აქვს გარკვეული ეფექტი გზებზე ბილბორდების განთავსებას. ამ პრაქტიკას ბევრი ქვეყანა იყენებს და ჩვენც შეგვიძლია გამოვიყენოთ კლიპებთან ერთად“ – ამბობს გელა კვაშილავა.

ის მიიჩნევს, რომ სისტემურ ცვლილებებთან ერთად მნიშვნელოვანია საზოგადოების მენტალური ცვლილება: „საზოგადოება არ უნდა იყოს ინდიფერენტული და „ეს მე არ დამემართება“ – მსგავსი მიდგომა უნდა შეიცვალოს“.

ასლან აბაშიძეს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

“ასლან აბაშიძის საქმის” განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს დასრულდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას და კიდევ ხუთ მაღალჩინოსანს სისხლის სამართლის კოდექსის 16 მუხლის დარღვევაში ჰქონდათ ბრალი წაყენებული. ასლან აბაშიძეს ბრალად ედებოდა ნოდარ იმნაძის მკვლელობაც. ამ ნაწილში მოსამართლემ პროკურატურის კვალიფიკაცია შეცვალა და ასლან აბაშიძეს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადამეტებისთვის 2,5 წელი მიუსაჯა.

ადვოკატ პაატა ბოლქვაძის თქმით, ასლან აბაშიძეს ასევე დაეკისრა 100 ათასი ლარის გადახდა ნოდარ იმნაძის ოჯახის სასარგებლოდ, ხოლოდ 30 ათასი ლარის გადახდა იმ დროისთვის უკანონო პატიმრობაში მყოფი  –  თენგიზ ასანიძის სასარგებლოდ. სისხლის სამართლებრივი დავის პარალელურად, სამოქალაქო წესით სასამართლოსთვის დაზარალებულების ოჯახის წევრებს ჰქონდათ სარჩელი შეტანილი.

ამავე საქმეში ბრალი ჰქონდა წაყენებული ასლან აბაშიძის მთავრობის უშიშროების მინისტრს – იოსებ გოგიტიძეს. მას სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ნაწილობრივ გამართლა მაშინდელი უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი – ამირან კურცხალიძე. მას მხოლოდ სამსახურებრივი გულგრილობისთვის დაეკისრა 6 თვით პატიმრობა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა დავით ხალვაშს, იგივე „ქელფეთას“. ის ასლან აბაშიძის პირადი დაცვის უფროსად მუშაობდა და ერთადერთია ამ საქმეში, ვინც სასჯელს უკვე იხდის.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ სასჯელი არ შეუფარდა აბაშიძის მთავრობის კიდევ ორ მაღალჩინოსანს – ჯემალ გოგიტიძეს და ელგუჯა  ჯინჭარაძეს. ისინი “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოსკოვში გარდაიცვალნენ.

ადვოკატ პაატა ბოლქვაძის თქმით, განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ ასლან აბაშიძე, ამირან კურცხალიძე და დავით ხალვაში.

პარაშუტი, დელტაპლანი, იახტა თუ დაივინგი? ექსტრემალური გართობის ფასი ბათუმში

„ბათუმში ყველაზე ექსტრემალური გასართობი ბატუტია. დიდი ადრენალინია, როცა ადიხარ დიდ სიმაღლეზე და შემდეგ ეშვები. განსაკუთრებით ზღვაშია კარგი, შეგიძლია მაღლა ახვიდე და წყალში ჩახტე. ეს ექსტრემალებისთვის ძალიან მაგარია“, – ამბობს ინდირა ევგენიძე და წყლის ბატუტს უბრუნდება. ის ამ გართობისთვის საათში 15 ლარს იხდის, თუმცა ამბობს, რომ განცდილი ამად ღირს.

ბათუმში დასასვენებლად ჩამოსულ ექსტრემალებსა და აქტიური დასვენების მოყვარულებს სანაპიროზე სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ. სახეობები და ფასები განსხვავებულია, შეგიძლიათ ექსტრემალურობის დონეც თავად განსაზღვროთ, ხანგრძლივობაც და სახეობაც. ძირითადად გასართობი საშუალებების არჩევა საჰაეროსა და საზღვაოს შორის მოგიწევთ.

სერვისების დიდ ნაწილს სანაპიროზე ბათუმის იახტკლუბი სთავაზობს დამსვენებლებს. თუმცა არიან კერძო პირებიც, რომლებმაც დამოუკიდებლად შემოიტანეს სიახლეები სანაპირო გართობის ბაზარზე.

ბათუმის იახტკლუბს წელს ჰიდროდელტა პარაპლანების სახით სიახლე აქვს. აპარატის ნახვისას თვალწინ წარმოგიდგებათ ძველი ფილმები პირველ საფრენ აპარატებსა და მფრინავებზე, რომლებიც სპეციალური სათვალით და კომბინიზონით მართავდნენ პაწაწინა, ორფრთიან საფრენ აპარატს. ბათუმის იახტკლუბიდან აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიამდე შეგიძლიათ დელტა პარაპლანით შვიდი წუთის მანძილზე იფრინოთ და ბათუმის სანაპიროს ზემოდან დააკვირდეთ. ასე გართობა 100 ლარი დაგიჯდებათ. კომპანიაში ამბობენ, რომ უსაფრთხოება გარანტირებულია და მსურველს გამოცდილი მფრინავი მიჰყვება.

ზღვაზე კიდევ ერთი საფრენი საშუალება პარაშუტია. პარაშუტი კატერზეა ჩაბმული, რომელიც თქვენი ფრენის სიჩქარესა და მიმართულებას განსაზღვრავს. ასე გასეირნებისთვის 15 წუთში 80 ლარი უნდა გადაიხადოთ.

თუ კი გსურთ ფრენა და ამის კადრებზე ასახვა, დიდი თავგადასავლის მოწყობა საკუთარი თავისათვის და ხედებით ტკბობა, მაშინ მოემზადეთ და გეზი გონიოს ციხისკენ აიღეთ. მოტოპარაპლანი განსხვავებული საფრენი მოწყობილობაა, თუმცა არანაკლებად ექსტრემალური. 20 წუთის განმავლობაში ფრენა სანაპიროს თავზე და ვიდეოგადაღება 300 ლარი ღირს. კომპანიაში ამბობენ, რომ შეგიძლიათ დრო და მასთან ერთად ფასიც შეამციროთ.

რაც შეეხება წყალქვეშა სამყაროს, აქ მთავარი გასართობი დაივინგია. როგორც დაივინგჯგუფში თქვეს, დარეკვის შემთხვევაში ისინი ადგილზე მოგაკითხავენ და ავტომობილით კვარიათში წაგიყვანენ,  სადაც წყალი უფრო სუფთაა. კვარიათის წყალქვეშა სამყაროს დათვალიერებისთვის 150 ლარი უნდა გადაიხადოთ, ხოლო თუ გადაწყვეტთ, რომ კვარიათამდე საზღვაო ტრანსპორტით მიხვიდეთ, ამ შემთხვევაში 150 დოლარი დაგჭირდებათ.

ცისა და წყალქვეშა სამყაროს მონახულების შემდეგ შეგიძლიათ წყლის ზედაპირზე გაერთოთ და ცოტაც დაისვენოთ. ხვიჩა ფანცხავას გემი ერთ-ერთია იმ გემებს შორის, რომლებიც მსგავს სერვისს სთავაზობენ დამსვენებლებს. გემზე კაფე, მუსიკა და გასართობი შოუებია. საერთო გასეირნების შემთხვევაში ერთ ადამიანზე 10 ლარის გადახდა მოგიწევთ. გემი იახტკლუბიდან სასტუმრო ჰილტონის მიმდებარე ტერიტორიამდე ჩადის და შემდეგ უკან ბრუნდება. თუმცა თუ მეგობრებთან ერთად გსურთ გასეირნება, მაშინ შეგიძლიათ გემი იქირაოთ სამი სხვადასხვა: გონიოს, ქობულეთის ან მწვანე კონცხის მიმართულებით. ტური ორსაათიანია და ზაფხულის სეზონზე ერთი საათი 400-500 ლარი ჯდება, სხვა დროს კი, როგორც ხვიჩა ფანცხავა ამბობს, შესაძლოა კიდევ უფრო დაბალ ფასად გასეირნება. მისი გემი 75-80 ადამიანს იტევს.

იახტკლუბში შესაძლებელია მაქსიმუმ ას ადამიანზე გათვლილი გემის დაქირავებაც, რაც საათში 600 ლარი ღირს.

წყალზე მცურავ საშუალებებს შორის შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი იახტა ბათუმის იახტკლუბში შეარჩიოთ. იახტით გასეირნება ხუთი ადამიანისთვის საშუალოდ საათში 60 ლარი ჯდება, ხოლო VIP იახტის ფასი, რომელიც 15-20 ადამიანზეა გათვლილი, საათში 700-900 დოლარია.

რაც შეეხება კატერით გასეირნებას, ეს სერვისი რვა ადამიანისთვის საათში 350 ლარი ღირს, სკუტერი/ჰიდროციკლი ერთი ადამიანისთვის წუთში – 6 ლარი, წყლის ზედაპირზე ბანანით გასეირნება კი 15 წუთით 5 ლარი დაგიჯდებათ.

წყლის ჭავლით ჰაერში გადაადგილება თუ გაინტერესებთ, ფლაიბორდი ისაა, რაც უნდა გამოსცადოთ. ეს 5 წუთით 50 ლარი დაგიჯდებათ. დროის ზრდასთან ერთად მოქმედებს ფასდაკლებაც, მაგალითად, 15 წუთში 150-ის ნაცვლად 130 ლარს გადაიხდით.

იახტკლუბის დირექტორის, დავით ფირცხალაიშვილის თქმით, ყველაზე მოთხოვნადი გასართობი სანაპიროზე ამ ეტაპისთვის, გემით გასეირნება და  დელტა პარაპლანებია, თუმცა გასართობთა უმეტესობა სეზონურია და სანამ ზაფხული გრძელდება, შეგიძლიათ გაფრინდეთ, ჩაყვინთოთ, წყლის ჭავლით გადაადგილდეთ, ყველაფერი ეს „აუცილებლად მოსასწრებთა“ სიაში თუ არ გაქვთ, დროა სია შეასწოროთ.

ზემოთ ჩამოთვლილი გასართობი სერვისების უმრავლესობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სპეციალურ ვებგვერდზე: www.gobatumi.com

ჩამოთვლილთაგან წყლის ექსტრემალური პარკი, ბატუტებითა და სხვა გასართობით მელიქიშვილის ქუჩის გასწვრივ სანაპიროზე მდებარეობს, მოტოპარაპლანებით გონიოს ციხის ტერიტორიაზე მოგემსახურებიან, დანარჩენი სერვისები კი ბათუმის იახტკლუბში უნდა იკითხოთ.

იახტკლუბი / ფოტო: თორნიკე თავაძე
იახტკლუბი / ფოტო: თორნიკე თავაძე

როგორ აარიდა თავი სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას „საქართველოს ფოსტამ“

„საქართველოს ფოსტას“ სასამართლოში საქმე ბათუმიდან ათმა ყოფილმა თანამშრომელმა მოუგო. ათივე მათგანმა ხელახლა უჩივლა ფოსტას. ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ, „საქართველოს ფოსტამ“ ბათუმის ნაცვლად აჭარის და გურიის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღადგინა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, „საქართველოს ფოსტამ“ ამ გზით აარიდა თავი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას და დასაქმებულები არაადამიანურ პირობებში ჩააყენა. ფოსტის 100-პროცენტიანი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის. ფოსტის უკანონო გადაწყვეტილებებს, რაშიც საზოგადოებამ დაახლოებით ნახევარი მილიონი უნდა გადაიხადოს, წლების განმავლობაში ხელისუფლება რეაქციის გარეშე ტოვებს.

„საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლების შეხვედრა პროფკავშირებთან
„საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლების შეხვედრა პროფკავშირებთან

ბოლო თანამშრომელი, ვინც „საქართველოს ფოსტას“ სასამართლო მოუგო, ლელა რაზმაძე იყო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლელა რაზმაძის გათავისუფლება იყო უკანონო, ის უნდა აღედგინათ სამსახურში და მიეცათ განაცდური. ბათუმელი ლელა რაზმაძე „საქართველოს ფოსტამ“ ხულოს სერვისცენტრში აღადგინა. „ხელშეკრულების მიხედვით, ხულოს სერვისცენტრში უნდა ვყოფილიყავი ყოველ დილით 9 საათზე, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთ დღეს ავედი მხოლოდ ბათუმიდან და შევინახე მგზავრობის ბილეთები. ორივე მიმართულებით გზა დღეში 10 ლარი ღირს. „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ გამოვართვი ცნობა, რომლის მიხედვითაც, დილით, ყველაზე ადრე, 8 საათზე გადის ბათუმიდან მიკროავტობუსი ხულოსკენ. ცნობაში წერია ისიც, რომ მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2.5 საათს შეადგენს,“ – გვიყვება ლელა რაზმაძე. მას ხელახლა გათავისუფლების ბრძანება 29 ივლისს უკვე ჩააბარეს. მიზეზი მარტივია – „სამსახურში უმიზეზოდ გამოუცხადებლობა“.

თუკი ლელა რაზმაძე ხულოს სერვისცენტრში ივლიდა სამუშაოდ, ანაზღაურების სახით ხელზე 625 ლარს აიღებდა. ის „საქართველოს ფოსტის“ ბათუმის სერვისცენტრში მუშაობდა 2004 წლიდან ეკონომისტის, მოგვიანებით საორგანიზაციო ჯგუფის ოპერატორის პოზიციაზე. 2012 წლის 27 ნოემბერს მასაც, ისევე, როგორც ფოსტის ყველა თანამშრომელს, ვადიანი ხელშეკრულება გაუფორმეს და უთხრეს, რომ რეორგანიზაცია იყო დაგეგმილი და ტესტირება ჩატარდებოდა. 2013 წელს ლელამ ტესტირებაში 250 მაქსიმალური ქულიდან 237 აიღო. წარმატებული შედეგის მიუხედავად, ლელა რაზმაძეს ფოსტის ადმინისტრაციამ ვადიანი ხელშეკრულება 2014 წლის დეკემბერში შეუწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი „საქართველოს ფოსტას“ გათავისუფლებული თანამშრომლისთვის არ განუმარტავს.

„საქართველიოს ფოსტამ“ 2013 წლიდან 130 თანამშრომელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს გაათავისუფლა. ფოსტის გაერთიანებული პროფესიული კომიტეტის ხელმძღვანელი, მარინა რაზმაძე მიიჩნევს, რომ ეს ადმინისტრაციის სტრატეგია იყო – „პროტესტის დასაკარგავად“. გათავისუფლებული თანამშრომლებიდან სასამართლოს მხოლოდ 57-მა მიმართა. ამათგან 22-მა სასამართლო დავა მოიგო. დანარჩენი საქმეები ჯერ კიდევ სასამართლო განხილვის სხვადასხვა სტადიაზეა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ფოსტის ბათუმის სერვისცენტრში არავინ აღუდგენიათ. თანამშრომლების ნაწილი ფოსტის ადმინისტრაციამ ხულოში გაუშვა, ზოგიერთი შუახევში, ზოგიც – ოზურგეთში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ხულოს სერვისცენტრში აქამდე მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობდა, ფოსტამ კი ამჯერად ოთხი საშტატო ერთეული მოულოდნელად დაამატა.

„უფრო საინტერესო შემთხვევას გეტყვით. თბილისის აეროპორტის სერვისცენტრიდან გათავისუფლებული კაცი ქუთაისში აღადგინეს. სასამართლოს ხელახლა მიმართავს ნუნუ ჯიბლაძეც, რომელიც, მართალია, იმავე მისამართზე აღადგინეს, სადაც მუშაობდა, მაგრამ მხოლოდ სამთვიანი ხელშეკრულება შესთავაზეს,“ – გვიყვება მარინა რაზმაძე, „საქართველოს ფოსტის“ გაერთიანებული პროფესიული კომიტეტის თავმჯდომარე.

„საქართველოს ფოსტიდან“ თანამშრომლების უკანონო გათავისუფლება მოხვდა სახალხო დამცველის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშებში. მწვავე შეფასებების შემდეგ „საქართველოს ფოსტას~ სასამართლომაც თავისი გადაწყვეტილებებით არაერთხელ უთხრა, რომ ამ გზით თანამშრომლების გათავისუფლება არის უკანონო. ფოსტის პროფესიული კავშირის დაანგარიშებით, ამ დროისთვის სამსახურში აღდგენილი თანამშრომლებისთვის გადასახდელი თანხა დაახლოებით 440 ათას ლარს შეადგენს.

„საქართველოს ფოსტა“ ცდილობს, რომ დაღალოს ხალხი,“ – მიიჩნევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ნიკა დუმბაძე. ორგანიზაცია ფოსტიდან ხელახლა გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეებს სწავლობს და სასამართლოში მათი ინტერესების დაცვას აპირებს: „სასამართლომ განმარტა, რომ ეს ადამიანები უნდა აღდგნენ ტოლფასს თანამდებობაზე. ტოლფასობა ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ გათავისუფლებამდე არსებული ანაზღაურება მიიღო ისევ, არამედ ეს გულისხმობს აღდგენას ისეთ თანამდებობაზე, სადაც გექნება ანალოგიური დატვირთვა. ფოსტამ სპეციალურად შექმნა ისეთი პირობა, რომ ადამიანებს უნებურად დაერღვიათ შინაგანაწესი სამსახურში გამოუცხადებლობით და გათავისუფლების პირობა შექმნილიყო. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა.“

იურისტის განმარტებით, დამსაქმებელს აღდგენამდე მინიმუმ წინასწარ წერილობით უნდა მიემართა აღდგენილი თანამშრომლისთვის და ეკითხა, იყო თუ არა ვინმე თანახმა, მაგალითად, ბათუმიდან ოზურგეთში ემუშავა. შრომის კოდექსის მიხედვით, სამუშაო ადგილამდე მგზავრობის ხანგრძლივობა ორივე მხარეს არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს.

რატომ არ ახდენს რეაგირებას ფოსტის უკანონო გადაწყვეტილებაზე სახელმწიფო? – შეკითხვას ვერ უპასუხეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. პრესსამსახურის უფროსმა თეა ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ პასუხი თავად ფოსტის დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ უნდა გაგვცეს. ეკონომიკის სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა კითხვა – რაში გამოიხატება ეკონომიკის სამინისტროს პასუხისმგებლობა, როცა უკანონო გადაწყვეტილების გამო არავინ ისჯება და ფოსტის პასუხისმგებელი პირების თვითნებობის გამო დაახლოებით ნახევარი მილიონით ზარალდება საზოგადოება?

„ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქართველოს ფოსტამ შეასრულა იგი,“ – გვითხრა ლევან ჩიკვაიძემ, „საქართველოს ფოსტის“ დირექტორმა სატელეფონო საუბრის დროს. კითხვაზე, რა იგულისხმება გადაწყვეტილების შესრულებაში, როცა ადამიანს ასაქმებ ბათუმიდან ხულოში? ლევან ჩიკვაიძემ გვითხრა, რომ თანამშრომლების ნაწილი აღადგინეს ხელვაჩაურშიც, რომელიც ბათუმთან ახლოსაა. ლევან ჩიკვაიძემ ტელეფონი მას შემდეგ გამორთო, როცა შევახსენეთ, რომ ხელვაჩაურში არავინ აღუდგენიათ. მას ვთხოვეთ, გვესაუბრა საქმიანად და ნუ ცდილობდა ჩვენს მოტყუებას: „გატყუებთ? … კარგად ბრძანდებოდეთ.“

ვინ არის ვალდებული ფული დაგვიხურდავოს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი ლარის ბანკნოტების გადაცვლაზე სხვა ნომინალის ლარის ბანკნოტებზე უარს ამბობს.

ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ბათუმში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელმა 50- ლარიანის წვრილ კუპიურებად დაშლაზე უარი განუცხადა და უთხრა, რომ ამას შიდაგანაწესი უკრძალავდა.

“მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ აქვთ ვალდებულება ფულის გადაცვლაზე, კომერციულ ბანკებს – კი,”- უთხრეს “ბათუმელებს” საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახურში.

ბანკისგან მიღებულ წერილში ვკითხულობთ:  „დადგენილი წესი არ ავალდებულებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ლარის ბანკნოტების გამოცვლას და ეს დამოკიდებულია თითოეული საფინანსო ორგანიზაციის შიდა პროცედურაზე. ამასთან, „კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის“ თანახმად, კომერციული ბანკი ვალდებულია ყოველგვარი შეფერხებისა და საზღაურის გარეშე უზრუნველყოს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გამოცვლა, ან გადაცვლა სხვა ნომინალის ლარის ბანკნოტებზე ან მონეტებზე (გარდა ყალბი ან/და გადასახდელად უვარგისი ლარის ბანკნოტების და მონეტებისა). გასათვალისწინებელია, რომ ეროვნული ბანკის მიერ არ არის დადგენილი რაიმე აკრძალვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გადაცვლის აკრძალვასთან დაკავშირებით.“

საია უსკოს სასამართლოში უჩივის

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” [საია] სარჩელი. ადმინისტრაციული წესით საია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას [უსკო] ედავება. საჩივრის მიზეზი საიას განცხადებაა, რომელიც უსკომ განუხილველი დატოვა.

საუბარია 31 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პარტიული ოფისის წინ შეკრებილებს ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა.  “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, ეს ვიდეომიმართვა წინასაარჩევნო აგიტაცია იყო, რაც უცხოეთის მოქალაქეს საქართველოში ეკრძალება.

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ საიას განცხადების განხილვაზე უარი თქვა, რის მიზეზადაც შესაბამისი უფლებამოსილების არქონა დაასახელა. უსკოს შეფასებით, საკითხი ცესკომ უნდა განიხილოს.

„ვფიქრობთ, რომ ეს პასუხი იყო უკანონო. საჩივრის განხილვა არის მნიშვნელოვანი იმისთვისაც, რომ წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევაზე იქნას გადაწყვეტილება მიღებული,” – უთხრა “ბათუმელებს” გიორგი ხიმშიაშვილმა, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ.

საიას სარჩელის მოთხოვნაა სასამართლოში უმაღლესი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უსკოს ასევე მოუწევს სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაციის შემთხვევაზე გადაწყვეტილების მიღება.

ბულვარი ველოსიპედის გაქირავების წინააღმდეგ

ზურაბ ზანდარაძე ბათუმის ბულვარის სამართალდარღვევათა ოქმის გასაჩივრებას აპირებს, რომლითაც ის 500 ლარით დაჯარიმდა. ჯარიმის კანონიერება ბათუმის საქალაქო სასამართლომაც დაადასტურა. ზურაბ ზანდარაძე მეოთხე წელია ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ველოსიპედებს აქირავებს.

“თუკი დარღვევაა, აქამდე რატომ არ მოვიდა ვინმე? ჩემი დაც აქირავებს ველოსიპედებს მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისში. ის ადგილი ქალაქის მერიას ეკუთვნის და ყოველთვიურად იხდის გადასახადს, დაახლოებით 40 ლარს. მეც მივედი მერიაში და ნებართვა მოვითხოვე, გადასახადსაც გადავიხდიდი, მაგრამ უარი მითხრეს. განმიმარტეს, რომ ადგილი, სადაც ველოსიპედს ვაქირავებ, ანბანის კოშკს ეკუთვნის,” – გვიყვება ზურაბ ზანდარაძე.

“დარღვევა დაფიქსირდა მონიტორინგის შედეგად და შევადგინეთ სამართალდარღვევის ოქმი. თუკი ზურაბ ზანდარაძე თვლის, რომ მისი კანონიერი ინტერესი შეილახა, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს,”- აცხადებს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, გიორგი წიკლაური. მან დაგვიდასტურა, რომ ზურაბ ზანდარაძეს სხვა ადგილს ბულვარის ადმინისტრაცია ვერ შესთავაზებს. მიზეზი ასეთია – აუქციონი ველოსიპედების გაქირავების ადგილის მოსაწყობად არ ცხადდება.

გიორგი წიკლაურმა ვერ გვიპასუხა, რის გამო არ ცხადდება აუქციონი ველოსიპედების მფლობელებისთვის. “მარკეტინგის სამსახური მუშაობს ამაზე და ის განსაზღვრავს მიზანშეწონილობას. ალბათ, იმიტომ არ ცხადდება, რომ გადატვირთულია ველობილიკები,” – ამბობს გიორგი წიკლაური.

ბულვარის ადმინისტრაციის უფროსმა, ცისკარი გოგიტიძემ “ბათუმელებს” იმავე შეკითხვაზე უთხრა, რომ ამ ველოსიპედების გვერდით ელექტრომობილები ქირავდება: “ხელი ეშლება იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენ მიერ გამოცხადებული აუქციონი მოიგო. მას დაახლოებით 4 ათასი ლარი აქვს გადახდილი 6 თვისთვის”.

რატომ არ ახდენდა ბულვარის ადმინისტრაცია რეაგირებას აქამდე ზურაბ ზანდარაძის ველოსიპედებზე? – ცისკარი გოგიტიძემ გვითხრა, რომ ის ახალი თანამშრომელია ადმინისტრაციის და ამ შეკითხვას ვერ უპასუხებს. გიორგი წიკლაურის თქმით კი, გასულ წელს მონიტორინგის სამსახურს იმავე ადგილზე ველოსიპედების გაქირავება არ დაუფიქსირებია.

IMG_0022

„ბეშუმობის ინციდენტზე“ ენმ უწყებათშორის კომისიას მიმართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უწყებათშორის კომისიას და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით მიმართავს და ბეშუმის ინცინდენტის შესწავლას მოითხოვს. პარტიის განცხადებით, საუბარია 6 აგვისტოს, ბეშუმში გამართულ სახალხო დღესასწაულზე, სადაც ტრიბუნაზე გამოსვლის შესაძლებლობა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს არ მისცეს.

„მოვისმინეთ, რომ იქ გაჟღერდა პოლიტიკური შინაარსის დაპირებები „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან. წინასაარჩევნო პერიოდში თანაბრად უნდა ჰქონდეს ნებისმიერ პარტიას საშუალება, მიმართოს ხალხს. ეს უფლება ბეშუმობაზე ლევან ვარშალომიძის შემთხვევაში დაირღვა,“ – ამბობს პეტრე ზამბახიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი შეფასებით, სახალხო ზეიმზე ტრიბუნის გამოყენება პოლიტიკოების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად არ უნდა ჩაითვალოს.

„სახალხო ზეიმი ეწყობა ბიუჯეტის ხარჯზე და ამ დროს ტრიბუნის გამოყენების საშუალება აგიტაციისთვის არც ერთ პოლიტიკოსს არ უნდა მიეცეს, – ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი, მადონა ბერიძე – ჩვენ ვიკვლევთ ამ ფაქტს. როგორც გავიგეთ, ზეიმის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათთვის წინასწარ არ მიუმართავს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ღონისძიების განრიგში ჩაესვათ ლევან ვარშალომიძის გამოსვლა. პარტიაში საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. ამის დადასტურება ამ ეტაპზე რთულია”.

მადონა ბერიძის შეფასებით, ბეშუმობაზე სახალხო ზეიმისთვის განკუთვნილი ტრიბუნა არც „ქართულ ოცნებას“ გამოუყენებია აგიტაციისთვის: „იქ იყო ზოგადი ხასიათის დაპირებები, არ ყოფილა მოწოდებები. ეს ვერ ჩაითვლება წინასაარჩევნო აგიტაციად“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კონკრეტულ პოლიციელს ასახელებს, ვინც ლევან ვარშალომიძეს ხალხისთვის მიმართვის საშუალება არ მისცა: „ეს იყო ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი ზაზა დიასამიძე. ჩვენ მივმართავთ ხულოს გამგეობასაც, რადგან ამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო საქმიანობაზე ხელშეშლა,“ – ამბობს პეტრე ზამბახიძე.

„სმარტი“ ბათუმში კიდევ ერთი წელი არ გაიხსნება

ტბელ აბუსერიძის ქუჩის მიმდებარედ, ტერიტორიაზე, სადაც სუპერმარკეტ „სმარტის“ მშენებლობა მიმდინარეობს, სამშენებლო მოედნის დამცავი ღობე აიღეს.

მშენებელი კომპანიის, „ველაჯიო დეველოპმენტის“ წარმომადგენლის, ზურაბ ოდილავაძის განცხადებით, ღობის აღება მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება – ტერიტორიაზე უნდა დაიგოს ბეტონის საფარი.

13931509_1143946882345170_461582519_o
მშენებარე ობიექტი / ფოტო: როინ გუნდაძე

ობიექტი 2013 წელს უნდა ჩაბარებულიყო, შემდეგ ვადა 2015 წლამდე გადაიწია. შენობის [სუპერმარკეტის] გახსნის თარიღი კომპანიისთვის ამ ეტაპზეც უცნობია. მშენებლების თქმით კი, ობიექტზე დარჩენილია სამუშაოები, რომელთა დამთავრებას კიდევ ერთი წელი დასჭირდება.

13977946_1143951962344662_468631171_o
მშენებარე ობიექტი / ფოტო: როინ გუნდაძე

ობიექტი „ვისოლ ჯგუფს“ ეკუთვნის. აქ, როგორც გასულ წელს „ბათუმელებთან“, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, „სმარტი“, „ვენდი“ და „დანკინ დონატსი“ უნდა განთავსდეს. ობიექტის გახსნის ზუსტი თარიღი მაშინ ვერც სოსო ფხაკაძემ დაასახელა: „გაძლევთ გარანტიას, რომ ბათუმში კარგ და თბილ სამ ბრენდს მოვიყვანთ ძალიან მალე.“

რას ჰპირდება „გირჩი“ მდიდრებსა და ღარიბებს

სწრაფად გამდიდრება – ეს ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ მთავარი გზავნილია. „გირჩის“ ბათუმის ოფისში არ მალავენ, რომ ბიზნესია მათი მთავარი აქცენტი, შემდეგ კი: „კაპიტალისტები, ვის ხელშიც მოიყრის ფული, დაეხმარებიან ღარიბებს“, – გვითხრა ჯემალ ბერიძემ, „გირჩის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა. ახალი პოლიტიკური ცენტრის ბათუმის ოფისში შეკრებილების ხედვებს „ბათუმელები“ მანამდე გაეცნო, ვიდრე „გირჩი“ გიორგი ვაშაძის „ახალ საქართველოსთან“ და პარტია „ახალ მემარჯვენეებთან“ ერთად საერთო საარჩევნო ბლოკში გაერთიანდებოდა.

„მოვედი, რადგან მომწონს ბიუროკრატიის 40 პროცენტით შემცირების იდეა. არ გვჭირდება ამდენი საჯარო მოხელე,“ – გვითხრა გოჩა შაინიძემ, რომელიც „გირჩის“ ერთ-ერთი აქტივისტია. რატომ იქნება ეფექტური საჯარო მოხელეების რაოდენობის შემცირება და კონკრეტულად რომელ უწყებებს უნდა შეეხოს შემცირებები? – გოჩამ ამ კითხვაზე კონკრეტულად ვერ გვიპასუხა. მას ლიდერების გამოცდილების სჯერა: „ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ყოველთვის მქონდა სიმპათია. ის ყოველთვის ხალხის კეთილდღეობისთვის ზრუნავს… ამ ლიდერებს ეკუთვნით წარმატებული პოლიციის რეფორმა, იუსტიციის სახლი და კიდევ ბევრი სხვა“. კითხვაზე, რატომ არ შეარჩია „ნაციონალური მოძრაობა“, თუკი წინა ხელისუფლების რეფორმები მოსწონს, მან გვითხრა, რომ „აგრესიული პოლიტიკის დრო უნდა დასრულდეს“. გოჩა შაინიძე „ნაციონალურ მოძრაობის“ ყოფილი აქტივისტია.

„მთავარი შეცდომა წინა ხელისუფლების დროს იყო ფსევდოდემოკრატია ყველაფერში. მე ელჩი ვიყავი და სადღაც უკვე 2005 წლიდან აშკარად ჩანდა, რომ ყველაფერი ფსევდო იყო…“ –  ამბობს ტარიელ ლებანიძე. ის „გირჩის“ ბათუმის ოფისის აღმასრულებელი მდივანია და ყოფილი ელჩი თურქეთში, ასევე ბოსნია-ჰერცოგოვინაში. „რატომ ენდობით ადამიანებს, ვინც თქვენთვის „ფსევდოდემოკრატიას“ ქმნიდნენ?“ – ამ კითხვაზე ტარიელ ლებანიძემ გვითხრა, რომ მისთვის მისაღებია ადამიანები, ვინც შეცდომებს გულღიად აღიარებენ, გარდა ამისა: „ზურაბ ჯაფარიძე თუ პავლე კუბლაშვილი არ იყვნენ ლიდერები. ისინი პარტიის წევრი იყვნენ. მე არ მახსოვს პავლე კუბლაშვილი პარტიის სახე ყოფილიყო… მათ არ შეუქმნიათ ფსევდოდემოკრატია“.

„გადასახადების გაუქმებით ჩვენ ვუმსუბუქებთ ბიზნესს არსებობას“, – გვითხრა ჯემალ ბერიძემ, „გირჩის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა. მას პოლიტიკური წარსული არ აქვს. ჰქონდა სამშენებლო ბიზნესი და მუშაობდა არჩილ ხაბაძის მთავრობის აპარატის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსად. 2014 წელს მთავრობამ დეპარტამენტი გააუქმა. მაშინ ჯემალ ბერიძემ საჯაროდ თქვა, რომ გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად მურმან დუმბაძის პოლიტიკური გუნდის წევრობა დაუსახელეს: „მურმან დუმბაძემ შემახვედრა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ამას დაუკავშირდა მოსაზრება, რომ მურმან დუმბაძის გუნდის წევრი ვიყავი.“

„გირჩი“ ეტაპობრივად, სამ წელიწადში აპირებს სრულად გააუქმოს საშემოსავლო, მოგებისა და ქონების გადასახადი. „კაპიტალისტური მოდელია ჩვენი შეთავაზება. სხვა გზა არ არსებობს. დავარქვათ ამას თუნდაც „შოკური თერაპია“ ან ბენდუქიძის მოდელი… ბენდუქიძის მოდელმა ვერ იმუშავა, გეთანხმებით, რადგან მთავრობა რაღაც ეტაპზე აყვა მოსახლეობის უკმაყოფილების ტალღას და უკან დაიხია. ბოლომდე პრინციპული რომ ყოფილიყო მაშინდელი მთავრობა, ახლა მოსახლეობა კმაყოფილი იქნებოდა,“ – ამბობს ჯემალ ბერიძე.

კახა ბენდუქიძის მსგავსად, იქნება თუ არა „გირჩიც“ აქცენტირებული მსხვილ ბიზნესზე? – ჯემალ ბერიძე ამბობს, რომ არა, თუმცა პარტიის პროგრამებში არ გვხვდება კონკრეტული შეთავაზებები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში მთავარი ეკონომიკური დოვლათის შემქმნელია. ჯემალ ბერიძემ გვითხრა ის, რასაც „ოცნება“ ამბობდა წინა არჩევნებზე და ვერ შეასრულა: „მთავრობა იქნება მთავარი გარანტიორი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხის მიღების დროს. ფაქტია, რომ საშუალო ბიზნესია განვითარებული ქვეყნის ხერხემალი. ამჯერადაც მსხვილი ვითარდება, რადგან ბანკი არ მოდის მხოლოდ მთავრობის ზეპირ დაპირებებზე. მან უნდა დაინახოს რეალური ინტერესი მცირე ბიზნესის მიმართ. ჯერჯერობით ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი მცირე ბიზნესი ვერ გახდა“.

„ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას მოვითხოვთ იმიტომ, რომ შემთხვევით დამალა ბიზნესმენმა გადასახადი თუ სპეციალურად, ამის დადგენა რთული აღმოჩნდა,“ – ამ არგუმენტით ცდილობს ჯემალ ბერიძე ბიზნესისთვის კიდევ ერთი შეღავათის დაწესების გამართლებას. ამბობს, რომ ბიზნესმენს მთავრობის არ უნდა ეშინოდეს და „ეკონომიკური დანაშაულის“ გამო ხშირად ბიზნესმენები წნეხის ქვეშ ექცეოდნენ, თუმცა მან ვერ აგვიხსნა, რატომაა ეს იმის მიზეზი, რომ, მაგალითად, გადასახადების დამალვა დანაშაულად აღარ მიიჩნეოდეს და ბიზნესმენის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დგებოდეს.

„გირჩის“ ბათუმის ოფისი
„გირჩის“ ბათუმის ოფისი

„როცა ამდენს სთავაზობთ მდიდრებს, რას სთავაზობთ ღარიბებს?“ – კითხვაზე ჯემალ ბერიძემ გვიპასუხა, რომ კაპიტალისტებს ხელისუფლება სთხოვს და მდიდარი ოჯახები დაეხმარებიან ღარიბებს. „გირჩში“ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს გაჭირვებულებს და არა – ყველას. ჯემალ ბერიძე ფიქრობს, რომ საბიუჯეტო ფული ბიუროკრატიის ხელში არ უნდა რჩებოდეს, რაც სოციალური ფონის გაუმჯობესების მთავარი პირობა გახდება: „ბიზნესის განვითარება თავისთავად ნიშნავს ბევრ სამუშაო ადგილს. ასევე ვაპირებთ ვაუჩერიზაციის პრინციპის ამოქმედებას, მაგალითად, ხომ ვთანხმდებით იმაზე, რომ ანბანის კოშკი ბიუჯეტის გასაკეთებელი არ იყო? ჩვენ ამ ტრასნფერებს, რაც ცენტრიდან რეგიონებს უბრუნდება, მივცემთ მოქალაქეებს და ისინი გადაწყვეტენ, რაში დახარჯონ ფული. მათ შეეძლებათ სხვადასხვა აქციის მფლობელები გახდნენ და განავითარონ ბიზნესი. ანალოგიური მიდგომა გვექნება სახელმწიფო ქონებაზეც, რომელიც გაიყიდება და ფული, თუნდაც მინიმალური რაოდენობით, მოქალაქეებს დაურიგდებათ“.

„გირჩში“ უფიქრიათ საზღვაო ფლოტზეც. მიაჩნიათ, რომ თუკი სახელმწიფო იქნება გარანტორი, შესაძლებელია რამდენიმე გემის შეძენა მოახერხოს სანაოსნომ: „თურქეთში, მაგალითად, სახელმწიფო გარანტორია არა მხოლოდ სანაოსნოს, იქ კერძო კომპანიებსაც უდგება თავდებად სახელმწიფო. ამ რესურსის გამოუყენებლობა საქართველოში დანაშაულია,“ – მიაჩნია „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, ჯემალ ბერიძეს.

5 აგვისტოს „გირჩი“, „ახალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. პარტიის ლიდერებმა ახალი პოლიტიკური ბლოკის პრეზენტაციაზე აღნიშნეს, რომ მათ აქვთ განსხვავებული მოსაზრებები წარსულის შეფასებასთან დაკავშირებით, მაგრამ აქვთ ერთიანი ხედვა მომავალთან მიმართებაში, რაც გახდა გაერთიანების მიზეზი.

ახალი ბულვარი ტურისტებისა და კონცეფციის გარეშე

აგვისტოში, ტურისტული სეზონის პიკზე, განსაკუთრებული დატვირთვით სანაპირო ზოლი და ბულვარი გამოირჩევა. თუმცა ბულვარის ახალი და ძველი ნაწილი კონტრასტულ სურათს ქმნის. მაშინ, როდესაც ძველ ბულვარში სიცოცხლე დუღს, ახალ ბულვარში ადამიანები კანტიკუნტად დადიან.

დღის განმავლობაში ძველ ბულვარში შესამჩნევი ხალხმრავლობაა. სკამებზე, მინდვრებსა და ხეივანში დასასვენებლად გამოსულ უამრავ ადამიანს შენიშნავთ. დიდი დატვირთვით მუშაობს სხვადასხვა კვების ობიექტი, ჯიხური თუ მაღაზია. ხშირად შეხვდებით ქუჩის მუსიკოსებს, მხატვრებს, ფოტოგრაფებს, ხელნაკეთი სუვენირების გამყიდველებს, რომლებიც თქვენს თვალწინ ამზადებენ ნივთებს.

სულ სხვა ვითარებაა ახალ ბულვარში. სეირნობისთვის ეს ადგილი არც ისე შესაფერისია, რადგან სიცხე აჭერს და ჩრდილის პოვნა რთულია. აქ ხალხი პლაჟზე გადმოსვლისა და გადასვლის დროს თუ გაივლის, არც ბევრი სავაჭრო ცენტრი და გასართობია. ახალ ბულვარში მდებარე საბავშვო-გასართობ პარკში საღამოს საათებში თუ ნახავთ ბავშვებს, ისიც, ძირითადად, ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსებიდან. ძველ და ახალ ბულვარს შორის მსგავსი კონტრასტი არც ღამის საათებში იცვლება. ახალ ბულვარში მხოლოდ ერთი კლუბია, რომლის კლიენტებიც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ზემოთ აღნიშნულ სურათს ვერ ცვლიან.

IMG_20160807_164858
ახალი ბულვარი

ბათუმელი სტუდენტი, ელზა გელაძე ამბობს, რომ ახალ ბულვარში იშვიათად დადის. „თავიდან, როდესაც გაიხსნა, რამდენიმე კონცერტი იყო, საღამოობით გამოვდიოდით მეგობრები. ვერთობოდით. ახლა ძირითადად კონცერტებიც ძველ ბულვარშია გადატანილი. დღისით ცხელა, ღამით გასართობი არ არის, თან ცენტრისგან მოშორებითაა, ამიტომ აქ იშვიათად თუ გამოვალ, საღამოობით თუ მშვიდად სეირნობა მინდა, მაგალითად“, – ამბობს ელზა და დასძენს, რომ მასთან სტუმრად ჩამოსული მეგობრებიც არ დაინტერესებულან ბულვარის ამ ნაწილის მეორედ მონახულებით.

ახალი ბულვარი
ახალი ბულვარი

ბათუმის შვიდი კილომეტრი სიგრძის ბულვარში, 1200 მეტრი ე.წ. ახალ ბულვარს უკავია. ბულვარის ეს ნაწილი 2009 წელს ესპანელი არქიტექტორის დაპროექტებით გაშენდა და როგორც ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამინდელი მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძე ამბობს, ახალი ბულვარის დანიშნულება ძველი ბულვარის განტვირთვა უნდა ყოფილიყო:

„კლუბები და ხმაურის გამომწვევი გასართობი დაწესებულებები უნდა გადასულიყო ახალ ბულვარში და ძველი ბულვარი დასასვენებელ, წყნარ ნაწილად დარჩენილიყო. მაშინ იქ ორი დიდი კლუბი – „ბამბა რუმსი“ და „აჭარა მიუზიქჰოლი“ გადავიდა, იმართებოდა კონცერტებიც და რომ გაგრძელებულიყო მისი განვითარების ტენდენცია იმავე ტემპებით, ამ დროისათვის უკვე  ხალხმრავალი და ხმაურიანი ადგილი იქნებოდა“, – ამბობს ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და აღნიშნავს, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებით გარკვეული შეზღუდვები დაწესდა ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ხოლო ახალ ბულვარს ეს შეზღუდვები სპეციალურად არ შეეხო.

ახალი ბულვარი
ახალი ბულვარი

გიორგი კირთაძის მიერ დასახელებულ კლუბებს, რომლებიც 2010 წელს ახალ ბულვარში გადავიდა, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მარკეტინგის სამსახურის უფროსი, დავით გამრეკელაშვილიც იხსენებს. მისი თქმით, ერთი წლის მუშაობის შემდეგ კლუბებს აღარ გაუჩნდათ იმ ტერიტორიაზე მუშაობის სურვილი.

„დღემდე არაერთხელ გამოვაცხადეთ ტენდერები, მაგრამ ბიზნესმენები არ არიან დაინტერესებულები. ამ დროისათვის მუშაობს ერთი დიდი კლუბი და რამდენიმე მცირე კვების ობიექტი, ჯიხურების სტილში. ფასების შეღავათიც აქვთ – ძველ ბულვართან შედარებით ახალ ბულვარში თითქმის სამჯერ დაბალ ფასებს ვთავაზობთ, მაგრამ არ არის დაინტერესება“, – აღნიშნავს დავით გამრეკელაშვილი. მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ხალხი არ დადის აღნიშნულ ტერიტორიაზე.

„ნარგავები პატარაა და შესაბამისად მთელ ახალ ბულვარში არ არის ჩრდილი. ასეთ პირობებში ზაფხულის სიცხის დროს, რა თქმა უნდა, არც ადგილობრივები და არც დამსვენებლები იქ არ წავლენ, თორემ ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, არის ბავშვთა გასართობი პარკიც“, – ამბობს ბულვარის ადმინისტრაციის მარკეტინგის სამსახურის უფროსი.

შეკითხვას, როგორ გეგმავს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ახალი ბულვარის განვითარებას და აქვს თუ არა კონკრეტული სტრატეგია შემუშავებული, დავით გამრეკელაშვილი პაუხობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები იქ რამდენიმე კონცერტის ჩასატარებლად. კონცერტები ამ სეზონზე იგეგმება, ხოლო დანარჩენი, კონკრეტული საკითხები, რომლებზეც იმუშავებს ბულვარის ადმინისტრაცია, ამ დროისათვის განსაზღვრული არ არის: „მომავალი წლიდან ალბათ უკვე გამოკვეთილი გვექნება გეგმაც და საკითხებიც, როგორ უნდა განვითარდეს ახალი ბულვარი. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით“.

ახალი ბულვარი
ახალი ბულვარი

საკონსტიტუციო სარჩელი უმაღლესი საბჭოს ბიურომ მომზადებულად ჩათვალა

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია უმაღლესი საბჭოს წევრის პეტრე ზამბახიძის მიერ წარდგენილმა პროექტმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის თაობაზე“. პროექტს ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს 5 წევრი.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 1 ივლისის განკარგულების გაბათილებას ითხოვს. ამ განკარგულებით პრეზიდენტმა აჭარის მთავრობა გადააყენა და იმავდროულად დანიშნა პრზიდენტის რწმუნებული აჭარაში.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით უხეშად დაირღვა საქართველოს საკონსტიტუციო კანონი „აჭარის სტატუსის შესახებ“.

საკითხის ინიციატორებმა პროექტს თან დაურთეს შესაბამისი საკონსტიტუციო სარჩელიც, რომელიც აღნიშნული საკითხის კანონიერების დადგენას ისახავს მიზნად.

აღნიშნული საკითხი ბიუროზე განხილულად და მომზადებულად ჩაითვალა. იქნება თუ არა აღნიშნული საკითხი იმ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მოიწვევს, უცნობია. თუ არ იქნება, მაშინ რიგგარეშე სხდომის მოწვევა აღნიშნულ საკითხზე 7 დეპუტატს შეუძლია, რისი რესურსიც ოპოზიციას უმაღლეს საბჭოში აქვს.

„პატრიოტთა ალიანსი“ უსკოს გადაწყვეტილებაზე

პატრიოტთა ალიანსის ბათუმის ოფისი, საიას საჩივართან დაკავშირებით უსკოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.  „ჩვენ არ ვეთანხმებით უსკოს გადაწყვეტილებას,  საიას საჩივართან დაკავშირებით, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიას ცალსახად  შეეძლო ან სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა, ან კიდევ ფულადი ჯარიმა გამოეწერა უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისადმი, რომელიც ერევა აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო კამპანიაში“, – განაცხადა ბრიფინგზე პატრიოტთა ალიანსის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა ირაკლი ბარამიძემ.  მისივე თქმით, ალიანსი აპირებს ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარებას: „ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ასეთი ფაქტები აღკვეთილი იქნას.“

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ [საია] საჩივარი არ განიხილა. საია, პირველ აგვისტოსმათ მიერ უსკოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას და სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდა. საუბარია, 2016 წლის 31 ივლისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო-ჩანაწერის ჩვენებაზე.

 

უსკომ საიას საჩივარი არ განიხილა

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ [საია] საჩივარი არ განიხილა. საია ბათუმის N-79-ე ოლქის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, უსკოში მათ მიერ პირველ აგვისტოს წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას და სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდა.

საუბარია, 2016 წლის 31 ივლისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო-ჩანაწერის ჩვენებაზე.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად წინასაარჩევნო აგიტაციის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ორგანიზაციას. აქედან გამომდინარე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ უსკოს პირველ აგვისტოს მიმართა განცხადებით და ადმინისტრაციული წარმოების დაწყება მოითხოვა.

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ განცხადება განსახილველად ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიას გადაუგზავნა. ოლქის გადაწყვეტილებით საიას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ფაქტობრივად შეუძლებელია პირზე, თუ ის არ იმყოფება საქართველოში.

რაც შეეხება უსკოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, კომისია განმარტავს, რომ უმაღლესი საარჩევნო კომისია არ არის უფლებამოსილი განიხილოს შესაბამისი საჩივარი, რადგანაც კანონმდებლობით პირდაპირ არის დადგენილი სუბიექტთა წრე, ვინც უფლებამოსილია განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება ამ სახის სამართალდარღვევებზე: „საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებს. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები. უმაღლესი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, ერთი დღის ვადაში, შესაძლოა გასაჩივრდეს სასამართლოში“.

უსკოს წევრებმა საიას საჩივარზე დღეს გამართულ სხდომაზე იმსჯელეს.

ოპოთეკით დაზარალებულებმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს

იპოთეკით დაზარალებულები დღეს, 9 აგვისტოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის მოთხოვნით  შეიკრიბნენ. მათი სურვილია უშუალოდ გიორგი პაპუაშვილისგან მოისმინონ პასუხი კითხვაზე, რატომ მიიღო სასამართლომ წარმოებაში სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ოჯახების გამოსახლების უფლება ისევ პოლიციას ექნება.

„სარჩელის ავტორი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლებიც იპოთეკარების ანუ გამსესხებლების ინტერესებს იცავენ. მათ სურთ გაუქმდეს პარლამენტის მიერ 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის ბრძანება გაუქმდა. პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ადამიანის გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თამაზ ბაკურიძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დღეს ოპეთეკით დაზარალებულებს არ შეხვდა. სასამართლოს პრესსამსახურის განმარტებით, მოსამართლე არ ხვდება მხარეებს, ხოლო სარჩელი, რასაც დაზარალებულები აპროტესტებენ, ჯერ-ჯერობით მხოლოდ დარეგისტრირებულია და მისი დასაშვებობის საკითხი სასამართლოს არ განუხილავს.

თამაზ ბაკურიძემ აქცია მომავალი კვირის სამშაბათს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან დააანონსა. მისი თქმით, საერთო სასამართლოები არ იზიარებენ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას: „უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე თქვა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს გამოსახლების შესახებ მოთხოვნა, თუკი არ იქნება გამორკვეული გარემოებებიო. პოლიციას დღეს აღარ შეუძლია პირდაპირ გამოასახლოს ვინმე, მაგრამ სასამართლო აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას დეტალური შესწავლის გარეშე და მოცემულობა მაინც არ შეცვლილა.“

სარფში 50 აბი “ექსტაზი” ამოიღეს

სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული ნ. შ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 7,4071 გრ ნარკოტიკულ საშუალება „მდმა“-ს შეიცავს. შსს-ს იფორმაციით ნ. შ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

მათივე ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ვინ შეძლებს ბათუმში ბინის იაფად ყიდვას

ბათუმის მერიის პროგრამას, რომელსაც ბათუმში „იაფი სახლის“ სახელით იცნობენ, რამდენიმე წელია ათასობით ბათუმელი ელოდება. პროგრამამ სახელი შეიცვალა, ახლა მას „ხელმისაწვდომი სახცოვრისი“ ჰქვია, გაირკვა ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში აგებულ კორპუსებში ბინის შეძენას არა სოციალურად დაუცველები, არამედ გადახდის უნარის მქონე ადამიანები შეძლებენ, რომელთაც ხელფასი იმდენი არ აქვთ, რომ ახალი ბინა იყიდონ, თუმცა შეუძლიათ მინიმალური ყოველთვიური შენატანი უზრუნველყონ. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომ პროგრამით ისარგებლოს? – ამ საკითხზე შერეულმა კომისიამ დოკუმენტი უკვე მოამზადა და საკრებულოს გადასცა დასამტკიცებლად. დოკუმენტში გაწერილ კრიტერიუმებთან დაკავშირებით  „ბათუმელები“ კომისიის წევრს, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტების მენეჯერს, ტიტე აროშიძეს ესაუბრა.

ბატონო ტიტე, ვისთვის არის გათვალისწინებული ხელმისაწვდომი საცხოვრისი? რა არის მთავარი კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომ ამ პროგრამით ისარგებლოს?

მთავარი კრიტერიუმია ის, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი მაინც უნდა იყოს ბათუმელი [მინიმუმ ერთი წელი ცხოვრობდეს ბათუმში] და უნდა ჰქონდეს შემოსავალი, იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ეს არის ბინის თვითღირებულებით გადაცემა და თუ ადამიანს ყოველთვიური შემოსავალი არ აქვს, ის ვერ შეძლებს თანხის გადახდას. მინიმალური შემოსავალი ერთ სულზე უნდა იყოს 400 ლარი, მაქსიმალური [ხუთ და მეტსულიანი ოჯახის შემთხვევაში] – 3000 ლარი.  თუ ამაზე მეტი შემოსავალი აქვს ოჯახს, ის თავად შეძლებს ბინის შეძენას, ამიტომ განისაზღვრა ასე. შესაბამისად, გადასახდელი თანხის ნახევარი მაინც უნდა დარჩეს მას საარსებოდ. მაგალითად, თუ ადამიანს ოთხასი ლარი აქვს ხელფასი, მას 200 ლარი უნდა დარჩეს, საუბარია ერთ სულზე.

ბინების კატეგორია არის დაყოფილი სამად – არის ერთოთახიანი, ორ და სამოთახიანი ბინები.

პროგრამით მოსარგებლე პირს არ უნდა გააჩნდეს უძრავი ქონება, არ უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი, კომერციული ფართობი – 10 კვ/მ-ზე მეტი. ეს დავუშვით, რადგან თუ 10 კვ/მ კომერციული ფართობი აქვს ადამიანს, შეიძლება ეს იყოს შემოსავლის წყარო მისთვის.

თუ ადამიანს აქვს მემკვიდრეობით მიღებული სახლი სოფელში?

არ უნდა გააჩნდეს, რადგან უძრავი ქონება არის კაპიტალი, რომელიც ადამიანს შეუძლია გაყიდოს და იმ თანხით შეიძინოს ბინა ქალაქში. არც მას უნდა გააჩნდეს სახლი და არც იმ პირს, ვისთან ერთადაც აპირებს ხელმისაწვდომ საცხოვრისში ცხოვრებას. ასევე, არ უნდა ცხოვრობდეს მშობლებთან, მეუღლის ბინაში და ასე შემდეგ. ესენი არიან ოჯახის წევრები და თუ გააჩნიათ საცხოვრებელი ბინა, მათ ეკრძალებათ პროგრამაში მონაწილეობა. ასევე, პროგრამით მოსარგებლე პირს არ უნდა გააჩნდეს სასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ესეც ჩვეულებრივი კაპიტალია.

ტიტე აროშიძე
ტიტე აროშიძე

უპირატესობა მიენიჭება იმ ოჯახს, რომელშიც არის შშმ პირი ან ომის ვეტერანი/ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირი, ახალდაქორწინებულ წყვილებს, მრავალშვილიან ოჯახებს და ა.შ. ასევე, უპირატესობა მიენიჭება მათ, ვინც უფრო დიდხანს ცხოვრობს ბათუმში. მაგალითად, შეიძლება იყოს ორი ოჯახი, ორივე იყოს თანაბარი პირობებით, მაგრამ ერთი იყოს ბათუმში ჩაწერილი 50 წელი, მეორე – 2 წელი. ასეთ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმას, ვინც უფრო მეტ ხანს ცხოვრობს ბათუმში.

ასევე, პირს არ უნდა ჰქონდეს კრედიტორული დავალიანება ბანკებში. თუ ის ვერ არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, პროგრამიდან არ გამოირიცხება, თუმცა მისი კოეფიციენტის მნიშვნელობა მცირდება და შესაბამისად, პროგრამაში მონაწილეობის ნაკლები შანსი ექნება.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ერთი წევრი დიდი ხანია ცხოვრობს ბათუმში, მაგრამ უმუშევარია, თუმცა მუშაობს მეუღლე, რომელიც ბათუმელი არ არის? შეუძლიათ ასეთ ოჯახებს პროგრამაში მონაწილეობა?

რა თქმა უნდა. ითვლება ოჯახის შემოსავლები და არა ინდივიდუალური შემოსავალი.

ეს არის გადახდისუნარიან მოსახლეობაზე ორიენტირებული პროექტი, თუმცა არ გამორიცხავს იმას, რომ სოციალურად დაუცველმა ოჯახმაც მიიღოს მონაწილეობა. სოციალურად დაუცველის ორი კატეგორია არსებობს: ერთ კატეგორიას სახელმწიფო ეხმარება მატერიალურად, მეორე კატეგორიას – არა და ასეთ, მეორე კატეგორიას, რა თქმა უნდა, შეეძლება მონაწილეობის მიღება, თუმცა ოჯახი გადახდისუნარიანი უნდა იყოს. თუ, მაგალითად, ოჯახს 200 ლარი აქვს შემოსავალი და ეს თანხა მთლიანად გადაიხადა ბინაში, გამოდის, რომ საარსებოდ მას არაფერი რჩება.

თუ ვერ გადაიხდის მოქალაქე ყოველთვიურ შენატანს, რა მოხდება? რა მექანიზმია დოკუმენტში ჩადებული ამ შემთხვევაში?

ეს დოკუმენტი ითვალისწინებს პროგრამაში მონაწილეობის მიღებისათვის პირობებისა და კრიტერიუმების დადგენას. საჯარიმო სანქციებზე არის რამდენიმე ვერსია, ერთ-ერთი ვერსიაა, რომ ბინაში მცხოვრებისთვის, თუ ის ვერ გადაიხდის თანხას, ჯერ მოხდება პირობების გაწერის შეთავაზება, მაგალითად, გადავადება და ა.შ. ან მოხდება მისი გამოსახლება, მაგრამ თანხის დაახლოებით 70-50 პროცენტის დაბრუნებით, რომ არ დარჩეს გარეთ და არ გაუარესდეს მისი საცხოვრებელი პირობები.

რამდენი უნდა იყოს თვეში მინიმალური შენატანი? ასევე, მაქსიმუმ რა დროში უნდა შეძლოს პროგრამაში ჩართულმა ადამიანმა ბინის საფასურის დაფარვა?

დაახლოებით გეტყვით თანხას. ერთოთახიანის შემთხვევაში, 35 კვადრატამდე ფართობის ბინაში, ეს არის თვეში დაახლოებით 200-მდე ლარი, 15 წლის განმავლობაში. ოროთახიან ბინაზე – 250-270 ლარი და სამოთახიან ბინაზე – 370 ლარი. რეალურად, პროგრამით მოსარგებლე არ იხდის პროცენტს და დამატებით თანხას, ძირითადად იხდის ბინის თვითღირებულებას.

როგორ იქნება საკუთრების საკითხი განსაზღვრული?

საკუთრებაში გადასვლის საკითხებზე უფრო მერია იმსჯელებს, როგორ უნდა მოხდეს ეს, თუმცა ლოგიკურია, რომ როცა დაასრულებს მოქალაქე თანხის გადახდას, შემდეგ გადაეცეს მას ბინა საკუთრებაში.

თუ შეუძლია ერთ ადამიანს პროგრამაში მონაწილეობა?

ცხადია. ერთსულიან ოჯახსაც შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და მიიღოს ერთოთახიანი ბინა. არანაირი პრობლემა არ არის, მთავარია ჯდებოდეს იმ კრიტერიუმებში, რომლებიც მოთხოვნილია პროგრამის შესაბამისად.

რამდენ ადამიანზეა პროგრამა გათვლილი?

პირველ ეტაპზე შენდება 80-ბინიანი ოთხი კორპუსი ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოს. ეს პროგრამა გაგრძელდება და ეს იქნება შეუქცევადი პროცესი, სანამ ამ კატეგორიის ადამიანები მაქსიმალურად არ იქნებიან დაკმაყოფილებული. იყო მოსაზრება, რომ „მოდი გავაკეთოთ ისე, რომ სოციალურად დაუცველებს მივცეთ უფასოდ ან მიზერულ თანხად ბინები“. ამ შემთხვევაში დაკმაყოფილდებოდა, პირობითად, 300 ადამიანი და პროექტი შეჩერდებოდა. მსგავსი პროექტი კი იძლევა იმის საშუალებას, რომ პროგრამა გაგრძელდეს წლების განმავლობაში.

როგორც ცნობილია დოკუმენტი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. გქონდათ თუ არა კონსულტაციები საკრებულოს წევრებთან, ფრაქციებთან ამ თემაზე?

კომისიამ იმსჯელა პირობებზე, კრიტერიუმებზე და დოკუმენტი გადაეცემა საკრებულოს საბოლოო დამტკიცებისათვის, თუმცა მინდა ვთქვა, რომ დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობდნენ საკრებულოს წევრებიც, რომლებიც თავად იყვნენ კომისიაში.

ვთქვათ, არ დაამტკიცა საკრებულომ დოკუმენტი, რა მოხდება? კომისია გააგრძელებს მუშაობას?

საკრებულო რას გააკეთებს, ჩემთვის ძნელია ამის თქმა, თუმცა ამ შემთხვევაში სამართლებრივად სწორი იქნება, თუ კი შენიშვნებით მიწერს საკრებულო კომისიას, თუ რატომ არ ამტკიცებს დოკუმენტს. შეიძლება საკრებულომ მიიჩნიოს, რომ დოკუმენტში არის ხარვეზები და უზუსტობები, ასეთ შემთხვევაში ალბათ საკრებულო კომისიას დაუბრუნებს დოკუმენტს და შემდეგ უკვე კონსულტაციების საფუძველზე მოხდება საბოლოო ვერიის შეთანხმება.

ჩემი, პირადი მოსაზრებით, უნდა შეიქმნას ახალი „აიპი“ მერიაში, რადგან არ შეიძლება ამ პროგრამის რომელიმე სამსახურზე ან არსებულ „აიპზე“ მიბმა. აქ იქნება ბენეფიციარების დიდი რაოდენობა, რომელთა ფილტრაცია უნდა მოხდეს, ანკეტები უნდა შეივსოს, ბინების გადაცემის ტექნიკური მხარე იქნება მოსაგვარებელი და ალბათ დამოუკიდებელი „აიპი“ უფრო მოახერხებს ამას, ვიდრე რომელიმე სამსახურზე მიბმული პროგრამა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა.

პროექტზე მუშაობა დროში გაიწელა და მოვიდა არჩევნებამდე. ბევრი ამ პროგრამას უკავშირებს სწორედ მოახლოებულ არჩევნებს. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამას, როგორც კომისიის წვერი?

პროგრამის იდეა გაჩნდა 2012 წლის დასაწყისში. იქედან დღემდე რამდენიმე არჩევნები ჩატარდა. პროცესი გაიწელა, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო დოკუმენტი ყოფილიყო კარგად მომზადებული, რადგან თავიდანვე ბევრი ხარვეზის არსებობას პროგრამაში, სჯობია, რომ პროგრამა უფრო დახვეწილი იყოს. ახლაც, დარწმუნებული ვარ, ხარვეზები იქნება და იქნება გამოსასწორებელი. ვფიქრობ, ეს არ არის არჩევნებთან დაკავშირებული.

ბათუმში საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობა შეჩერდა

„ჩემი ხელით დავანგრიე, მივშალე, მოვშალე და ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მერიაში განცხადება შემაქვს,” – უთხრა “ბათუმელებს” ინდმეწარმე თამილა თოფურიძემ. ის ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე სკვერში საზოგადოებრივ ტუალეტს აშენებდა, რაც 5 აგვისტოს “მამულიშვილთა კავშირმა” გააპროტესტა. 

თამილა თოფურიძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ ის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მთლიანად მოშლას აპირებს. ხელშეკრულების მიხედვით, ბიზნესმენს წლის ბოლომდე ქალაქის 6 სხვადასხვა სკვერში უნდა აეშენებია საპირფარეშოები. მერიამ ტუალეტებისთვის ადგილები თამილა თოფურიძეს 15 წლის ვადით გადასცა, ყოველწლიურად ბიუჯეტში კი 3200 ლარი უნდა გადაეხადა.

ასევე საზოგადოებრივი პროტესტის გამო, ივლისში, თამილა თოფურიძეს საპირფარეშოს აშენების ნება აღარ მისცა მერიამ  ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერშიც. მერია აუქციონში გამარჯვებულ თოფურიძეს სხვა მისამართის შერჩევას დაჰპირდა.

“საერთოდ აღარ მინდა სადმე ავაშენო საპირფარეშო… დღეს შემაქვს მერიაში განცხადება და მოვითხოვ ხელშეკრულების მოშლას. მერე რა იქნება, ჯერ არ ვიცი. თუ ასე უნდა ხალხს, ასე იყოს, სადარბაზოებს და ეკლესიის ღობეს იყენებს ხალხი ტუალეტებად,” – ამბობს თამილა თოფურიძე.

მერიის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ მოიჯარეს მერიამ მისცა წერილობითი მითითება, შეეჩერებინა სამუშაოები ეკლესიასთან მდებარე სკვერში საზოგადოებრივი პროტეტის გამო. მოიშლება თუ არა ხელშეკრულება და ვინ ააშენებს საზოგადოებრივ ტუალეტებს ბათუმში – ჯერ უცნობია.

tualeti 1

Exit mobile version