პრორექტორობიდან განათლების მინისტრის პოსტზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი ინგა შამილიშვილი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მისი კანდიდატურა განსახილველად გასულ კვირას წარუდგინა აჭარის უმაღლეს საბჭოს. მინისტრობის კანდიდატებს უმაღლესი საბჭოს კომისიებშიც მოუსმინეს. აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლესი საბჭო დღეს, 19 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს. როგორ ხედავს საკუთარ შესაძლებლობებს ინგა შამილიშვილი ახალ პოსტზე და რა მიაჩნია მას პირად წარმატებად? ამ თემაზე მინისტრობის კანდიდატმა „ბათუმელებთან“ ისაუბრა.

– ქალბატონო ინგა, როგორ ფიქრობთ, რატომ გაკეთდა თქვენზე არჩევანი და ვისი გადაწყვეტილება იყო ეს?

ინგა შამილიშვილი
ინგა შამილიშვილი

– საერთოდ, ჩემი კანდიდატურა რომ გაჟღერდა, ეს უკვე დიდი პასუხისმგებლობაა. სავარაუდოდ, არჩევანი ჩემზე იმიტომ  შეჩერდა, რომ მაქვს გარკვეული ბეგრაუნდი განათლების მიმართულებით – 1993 წლიდან უნივერსიტეტში ვარ და 2009 წლიდან ადმინისტრაციული თანამდებობები მიკავია, მათ შორის ხარისხის სამსახურის უფროსი ვიყავი, სანამ რექტორის მოადგილე გავხდებოდი. მაქვს გარკვეული კომუნიკაცია და საერთაშორისო ურთიერთობები. ის, რაც უნივერსიტეტში გავაკეთე ამ ხნის მანძილზე და, ზოგადად, ჩემ შესახებ რა  ინფორმაციაც არსებობს უნივერსიტეტში [მიმაჩნია, რომ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია], ამ ყველაფერმა, ალბათ, იმოქმედა იმაზე, რომ ჩემს კანდიდატურაზე შეჩერდა არჩევანი.

– ვინ იყო თქვენი კანდიდატურის დასახელების ინიციატორი?

– შიდა სამზარეულოზე ვერ ვისაუბრებ. ვიცი, რომ რამდენიმე კანდიდატურაზე იყო საუბარი და მე ვთვლი, რომ გარკვეული შეჯერების საფუძველზე მოხდა შერჩევა. მიმაჩნია, რომ ეს არის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის მიღებული გარკვეული კონსულტაციების საფუძველზე.

ანუ მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძისგან წამოვიდა ინიციატივა?

– არ ვიცი, მე ამას ვერ გეტყვით. ვიცი, რომ იყო სხვადასხვა კანდიდატურაზე საუბარი, უბრალოდ, შეჩერდა ჩემზე და ეს არ არის ერთპიროვნული გადაწყვეტილება.

– რატომ გაგიჩნდათ მინისტრობის სურვილი და როგორ ხედავთ თქვენს თავს ამ პოსტზე?

– ეს არ არის ჩემთვის უცხო სფერო. მე ვაცნობიერებ, რომ ეს არ არის მხოლოდ განათლების მიმართულება და არის კულტურა და სპორტიც. თუმცა ეს არის ის გამოწვევა, როცა შემიძლია გარკვეული შედეგი დავდო, რადგან მაქვს ადმინისტრაციული გამოცდილება და კომუნიკაციის უნარი ადამიანებთან, შინაგანი პასუხისმგებლობა და საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ. ეს ყველაფერი მაძლევს  იმის საფუძველს, რომ ეს გამოწვევა მივიღო. რატომაც არა.

– აჭარის განათლების სამინისტრო შეზღუდულია თავის უფლებამოსილებებში, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მნიშვნელოვანი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში?

–  მე, რა თქმა უნდა, მქონდა შეხება სამინისტროსთან, რადგან ვმუშაობდი უმაღლესი განათლების ხელშეწყობის კომისიაში, ამიტომ წარმოდგენა მაქვს. თუმცა კონკრეტულად ამ საკითხებზე გარკვეული დროის შემდეგ შემიძლია ვისაუბრო, თუკი ეს ყველაფერი ჩაივლის კარგად. მე ვიტოვებ უფლებას, მქონდეს ოპტიმალური ვადა იმისთვის, რომ შიგნიდან გავიცნო სისტემა და საკუთარი ხედვები ჩამომიყალიბდეს.

– თუკი აღმოჩნდება, რომ თქვენი ხედვები და სისტემა ერთმანეთს ვერ ეგუება, მაშინ რა მოხდება?

– მე არ ვამბობ, რომ არ ვიცი სისტემა, უბრალოდ, მჭირდება უფრო ღრმად ჩახედვა ამაში. მე ვხედავ ჩემს ადგილს აქ და ვთვლი, რომ ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება, უბრალოდ, შეფასებები შემიძლია გავაკეთო.

– რა იქნება თქვენი პრიორიტეტები განათლებაში, კულტურაში. თუ გაქვთ ნაფიქრი ამაზე?

– მთავარი პრიორიტეტი, რაზეც მიფიქრია, არის ინტერნაციონალიზაცია ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს კულტურა, განათლება თუ სპორტი და შესაძლებელია ამ ყველაფრის განხორციელება. ვთვლი, რომ ეს ის სამინისტროა, რომელიც მთლიანად უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ სიახლეებს. აქტივობები და ახალი იდეების გენერირება სამინისტროს ქვედა რგოლებიდან უნდა წამოვიდეს. ეს საკმაოდ საინტერესო პროცესი იქნება.

– თუ გამოყოფთ რომელიმე პროგრამას, პროექტს, რომელსაც უფრო მეტად უნდა მიექცეს ყურადღება ან აქამდეც უნდა ყოფილიყო, ვთქვათ, დაფინანსებული და განხორციელებული.

– მე ვისურვებდი, რომ ეს სამი მიმართულება, – სპორტი, განათლება და კულტურა დამოუკიდებლად კი არ არსებობდეს, არამედ ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს და განხორციელდეს ერთობლივი პროექტები, რაც საბოლოოდ შედეგს მოგვცემს. მაგალითად, სასკოლო სპორტული კლუბების არსებობა უცხოურ საგანმანათლებლო სისტემაში აუცილებელია. იგივე ამერიკის სკოლებში მიღებულია სასკოლო გუნდების არსებობა, რისი დამკვიდრება აქაც შესაძლებელია. ამიტომ, სპორტისა და განათლების თანხვედრაში მოყვანა სავსებით შესაძლებელია.

– კულტურაზე რას ფიქრობთ, არის ისეთი პროექტები, რომლებშიც, თქვენი აზრით, არ ღირს ფულის ხარჯვა ან პირიქით?

– ბიუჯეტზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან მე არ ვიყავი ჩართული ბიუჯეტის ფორმირებაში. ორ დღეში ძნელია ამაში გაერკვე და რაღაც პრიორიტეტები განსაზღვრო. ამიტომ პრიორიტეტებზე და ბიუჯეტურ გათვლებზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

– თქვენ საუბრობდით უნივერსიტეტში თქვენს მიღწევებზე. რისი შეცვლა შეძელით თქვენი პოზიციებიდან?

– ძალიან ბევრი რამის. ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით და გუნდური პრინციპი გვაქვს, თუმცა ჩემი ინიცირებით გაკეთდა თუნდაც იგივე ფაბლაბი, რომელიც უნივერსიტეტის სავიზიტო ბარათი გახდა. სწორედ ჩემი ინიცირებით დაიწყო თუნდაც ის, რომ დღეს უნივერსიტეტში არსებობს სატელევიზიო სტუდია, ამის ინიციატორიც თავის დროზე მე ვიყავი. თუმცა, რომ არ ყოფილიყო რექტორის, კანცლერის მხარდაჭერა, ვერ განვახორციელებდი. გარდა ამისა, მე ვიყავი თანამედროვე სწავლების ახალი მეთოდების სახელმძღვანელოს შექმნის ინიციატორი, მაშინ ხარისხის სამსახურის უფროსი ვიყავი და თავიდან ბოლომდე ჩართული ვიყავი პროცესში. მე ვთვლი, რომ ის, რაც გაკეთდა ამ ორი წლის განმავლობაში, მე ვიყავი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი და მხარდამჭერი ყველა იმ ინიციატივისა თუ სიახლის, რომელიც უნივერსიტეტში გვქონდა.

– სოციალურ ქსელში ზოგიერთმა სტუდენტმა უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ ზაფხულში თქვენ გამოფინეთ რუსეთის დროშა ერთ-ერთ შეხვედრაზე უნივერსიტეტში და არ გქონდათ მკვეთრი პოზიცია უნივერსიტეტში იარაღიანი პირის ყოფნის გამო. თუ შეიძლება, ამ ადამიანებს რომ უპასუხოთ.

– არ წამიკითხავს ეს კომენტარები. რაც შეეხება რუსულ დროშას, აქ აქცენტი გაკეთდა ვიზუალიზაციაზე და არა შინაარსობრივ მხარეზე, ამას მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაცია. იქ არ ყოფილა საუბარი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე, ეს იყო ურთიერთგაგების მემორანდუმი ნორვეგიის მხარის ინიცირებით, – ჩვენ ჩართული ვართ ნორვეგიასთან ბევრ პროექტში: ჩვენი სტუდენტები ტელემარკის უნივერსიტეტში გაივლიან კვალიფიკაციას – ოთხი სტუდენტი მოამზადებს საბაკალავრო ნაშრომს ნორვეგიაში. მათი ინიცირება იყო, რომ კონსორციუმში თანამშრომლობა ყოფილიყო.

– რუსეთის დროშა რა ნიშნით იყო წარმოდგენილი?

– რუსეთი კონსორციუმში იყო ნორვეგიასთან, ტელემარკის უნივერსიტეტთან ტურიზმის ფაკულტეტზე, ერაზმუს +-მაც ჩასვა რუსეთი კონსორციუმში… ამიტომ უარი ვთქვათ ამ პროგრამაში მონაწილეობაზე?

რაც შეეხება იარაღიან პირს უნივერსიტეტში, თავის დროზე ეს თემა გავიარეთ და მე აღარ ვაპირებ ამის ისევ წამოწევას. რაც შეეხება ჩემს პრინციპებს, ვარ ძალიან ობიექტური, გარკვეულწილად პრინციპული და ხშირად ვიცავ ჩემს პოზიციებს.

სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მხოლოდ პროკურორებისთვის

ვიდეო-სათვალთვალო კამერები, რომლებიც ქუჩასა თუ სხვადასხვა ობიექტის შესასვლელთან გვაფიქსირებენ, ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი ხდება სასამართლო პროცესში. რამდენჯერმე ვიდეოჩანაწერმა პოლიციელების მიერ ნათქვამის საპირისპირო სიმართლე დაადასტურა და პროკურატურამ საქმე წააგო. თუკი კერძო ობიექტის მფლობელი თანახმა არ არის, ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღების უფლება მხოლოდ პროკურატურას აქვს. ასეა იმის მიუხედავად, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის შესახებ პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში წერია. თავისი ნებით ერთ-ერთმა აფთიაქმა „ფარმადეპომ“ ვიდეოკამერის ჩანაწერი ადვოკატებს გადასცა. გამამართლებელი განაჩენის დადგომისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფთიაქს უჩივლა.

28 წლის თორნიკე ხარაზს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენას, შენახვას და გადაზიდვას ედავებოდა. გამოძიების ვერსიით, ხარაზი მელიქიშვილის ქუჩაზე „ფარმადეპოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ პოლიციელთა ჩვენებების მოსმენის შემდეგ, „ფარმადეპოს“ ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ნახა, რაც სასამართლოს ადვოკატებმა წარუდგინეს და რითაც სამართალდამცველების ნათქვამი საეჭვო გახდა.

კერძოდ, პოლიციელების მიერ აღწერილი დაკავების დეტალები, მაგალითად, რამდენი პოლიციელი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, დაკავებიდან რა დროის შემდეგ მივიდა გამომძიებელი, სად გამოკითხეს თორნიკე ხარაზი და ასე შემდეგ, არ დაემთხვა ვიდეოფირზე დაფიქსირებულს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, აქაც პროკურატურამ ვიდეოჩანაწერები არ წარმოადგინა. ბრალდების მხარე საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევდა პოლიციელთა ჩვენებებს. ვიდრე საქმის არსებითი განხილვა დასრულდებოდა, ადვოკატებმა – რამინ პაპიძემ და მერი ცინარიძემ „ფარმადეპოსგან“ ვიდეოჩანაწერის მოპოვება შეძლეს. სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველომ „ფარმადეპოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან უჩივლა.

„შეტყობინების საფუძველზე აპარატმა ჩაატარა შემოწმება და მიიჩნია, რომ ჩანაწერის გადაცემა კანონდარღვევით მოხდა. აღნიშნული გადაწყვეტილება აფთიაქმა გაასაჩივრა სასამართლოში და წარმოადგინა ახალი მტკიცებულება, კერძოდ ექსპერტიზის დასკვნა, რომ ჩანაწერით კონკრეტული ფიზიკური პირების იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა. სასამართლომ გაიზიარა აფთიაქის პოზიცია,“ – მოგვწერეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან.

„ჩვენ ეს ჩანაწერი გავეცით კანონმდებლობის სრული დაცვით. ეს დადასტურდა სასამართლო გადაწყვეტილებით,“ – გვითხრა სააფთიაქო ქსელის „ფარმადეპოს“ იურისტმა, შოთა იმნაძემ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან 500 ლარით დაჯარიმებულ „ფარმადეპოს“ თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიუმართავს. სასამართლომ დაადგინა, რომ აფთიაქიდან ვიდეოჩანაწერის გაცემა კანონის დაცვით მოხდა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილება მხოლოდ ერთჯერადად საჩივრდება. შესაბამისად, ამ საქმის წარმოება უკვე დასრულებულია.

„შსს-მ და პროკურატურამ სცადეს ხელები გადაეგრიხათ აფთიაქისთვის, რომელმაც საქმე წააგებინათ,“ – მიიჩნევს დამოუკიდებელი იურისტი, ემზარ პაქსაძე. მისი თქმით, სამართალდამცველები მსგავს სიტუაციაში იმის დასჯით კი არ უნდა დაკავდნენ, ვინც სიმართლის გამოაშკარავებას უწყობს ხელს, არამედ უნდა ინტერესდებოდნენ, რატომ არ ამბობენ პოლიციელები სიმართლეს: „ფაქტია, რომ პროკურატურა ავალებს  პოლიციელებს, თქვან ჩვენების სახით ის სიმართლე, რაც ბრალდების მხარეს სჭირდება. ამ გასაჩივრებით შეეცადა პროკურატურა თავისი სახის შენარჩუნებას, თითქოს უჩივლეს და რაღაც გააკეთეს… გარდა ამისა, თუკი საბოლოოდ სასამართლო ამ ჩანაწერის გადაცემაზე კანონდარღვევას დაადგენდა, პროკურატურა შემდეგი ინსტანციის სასამართლოში იტყოდა, რომ დაცვის მხარემ უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებით მოიგო საქმე პირველ ინსტანციაში“.

კამერები (3)გადასცემს თუ არა იგივე „ფარმადეპო“ ვიდეოჩანაწერს ადვოკატებს სხვა შემთხვევაში? – „ფარმადეპოში“ ჩვენს სხვა შეკითხვებს აღარ უპასუხეს. ადვოკატი მერი ცინარიძე იხსენებს, რომ აფთიაქის იურისტმა ხარაზის საქმისთვის ტელეფონით კონსულტაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან გაიარა და ჩანაწერში სხვა ფიზიკური პირების სახეები, რომლებიც საქმესთან კავშირში არ იყვნენ, დაიბურა. რამდენიმე დღის წინ თორნიკე ხარაზის საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ვერა დოლიძემ გამამტყუნებელი განაჩენით დაასრულა. თორნიკე ხარაზის ადვოკატებისთვის ჯერ უცნობია, რა დასაბუთებით შეცვალა ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომმა ინსტანციამ.

თორნიკე ხარაზის საქმე არ არის პირველი შემთხვევა, სადაც პოლიციელების ჩვენებები ვიდეოკამერის ჩანაწერებმა გახადეს საეჭვო. მარტში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა შალვა ქორიძეს გამოუტანა გამამართლებელი განაჩენი. ამ შემთხვევაში ვიდეოჩანაწერებმა დაადასტურეს სამართალდამცველების სიყალბე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამჟამად რამდენიმე საქმე განიხილება, სადაც ადვოკატები კატეგორიულად მოითხოვენ ვიდეო-სათვალთვალო ჩანაწერების ამოღებას, რაზეც პროკურატურა უარს ამბობს, ან ამტკიცებს, რომ ჩანაწერები აღარ არსებობს. თავად კერძო კომპანიები კი, სადაც კამერებია განთავსებული, ადვოკატებს ნებაყოფლობით ჩანაწერის გადაცემაზე უარს ეუბნებიან.

ერთ-ერთი ბოლო საინტერესო შემთხვევა ბათუმში, 6 მაისის პარკთან მომხდარი მკვლელობის საქმე იყო. მკვლელობის გარდა, არჩილ ფეტიძეს პროკურატურა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ფეტიძე გორგილაძის ქუჩაზე, საშაურმესთან დააკავეს, სადაც არის ვიდეო-სათვალთვალო კამერა. მოწმეებისა და კამერის არსებობის მიუხედავად, პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე  მხოლოდ პოლიციელების ჩვენებას დაეყრდნო. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ამ ნაწილში არ გაიზირია პროკურატურის მტკიცება და არჩილ ფეტიძე უდანაშაულოდ ცნო.

რატომ არ სურს ხელისუფლებას შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა

48437
საკონსტიტუციო სასამართლო

22 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლო ნადია ხურციძის საქმის არსებითად განხილვას იწყებს. ნადია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ პროკურატურას აქვს უფლებამოსილება, მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით და მოიპოვოს რომელიმე ობიექტიდან ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერის ამოღების უფლება შესაბამისი განჩინების საფუძველზე. ნადია ქუთაისში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მისთვის წაყენებული ბრალი უვადო თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. ნადია ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა და ამას დაკავების ადგილზე კომპანია „მაგთი კომის“ ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერი დაადასტურებს. საკონსტიტუციო სარჩელში მითითებულია, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის ნორმა, რომლის მიხედვითაც, „დაცვის უფლება გარანტირებულია“, ასევე „სამართალწარმოება ხორციელდება შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე“.

ბათუმში მომუშავე ადვოკატები მიიჩნევენ, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა ხელისუფლებას მიზანმიმართულად არ სურს.

ადვოკატი ზაზა პაპიძე: „ვიდეომტკიცებულება ხშირად თავიდან ბოლომდე ანგრევს საქმეს. ეს აშინებს პროკურატურას. ვიდეოკამერის ჩანაწერი არის ყველაზე მკაფიო და მყარი მტკიცებულება, რის შემდეგაც სადავო ხშირად აღარაფერი რჩება. მოქალაქეებში არსებობს განცდა, რომ ეს ჩანაწერი ადვოკატს არ უნდა მისცენ, ნებაყოფლობით ამის მოპოვება იშვიათია. ასევე არის შემთხვევები, როცა პოლიციელი შემთხვევის ადგილზე მიდის და ვიდეო-სათვალთვალო კამერების მფლობელებს ჩანაწერს აშლევინებს.“

ადვოკატი მერი ცინარიძე: „თუკი აქვს ბრალდების მხარეს მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობა, იმავეს უფლება რატომ არ უნდა ჰქონდეს დაცვის მხარეს? შეგნებულად ეს საჯაროდ დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან ჩანაწერის ამოღება მიაკუთვნეს კანონმდებლობით ფარულ საგამოძიებიო მოქმედებას, რომლის წარმოების უფლება პროკურატურას აქვს. ფარული საიდანაა, როცა აშკარად, პირდაპირ აფიქსირებს ესა თუ ის ობიექტის კამერა პროცესს და იქვეა მითითებული – „ვიდეოკონტროლი“.

ადვოკატი რამინ პაპიძე: „ამას მოსამართლეებს ვერ დავაბრალებთ. ფაქტია, რომ კანონმდებლობის მიხედვით ისინი ვერ მოგვანიჭებენ ვიდეოჩანაწერის კომპიუტერული სისტემიდან ამოღების უფლებას. სასამართლო პირდაპირ გვითითებდა, რომ თუკი მფლობელი ნებაყოფლობით გადმოგვცემდა ინფორმაციას, გვქონდა მისი მტკიცებულებად გამოყენების საშუალება, მაგრამ 99 % შემთხვევაში კერძო მესაკუთრეები უარს გვეუბნებიან. კანონს მიზანმიმართულად არ ცვლის პარლამენტი იმიტომ, რომ დაცვის მხარე უნდათ ხელ-ფეხშეკრული დარჩეს.“

ყოფილი ადვოკატი და ახლა უკვე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ სასამართლოებს უნდა დაედგინათ სწორი პრაქტიკა: „მხოლოდ პროკურორია უფლებამოსილი კომპიუტერული მონაცემის გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. ეს წინა ხელისუფლების დროს გაიწერა ასე… როგორც ვიცი, ამაზე საკონსტიტუციოშიც არის სარჩელი შეტანილი და საინტერესო იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. საჭიროა მხარეებს თანაბრად ჰქონდეთ შესაძლებლობა მოიპოვონ მტკიცებულებები. ამიტომ სხვა პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით სასამართლოებს უნდა დაედგინათ სწორი პრაქტიკა. რადგან არსებობს პრობლემა, რასაც დაცვის მხარე აყენებს, საჭიროა, ამ საკითხზე მუშაობა და მე მზად ვარ ვიმუშაო კომიტეტის ფარგლებში დაინტერესებულ მხარეებთან ერთად.“

ეკა ბესელიამ ეს განმარტება წერილობით მოგვაწოდა. სხვა კითხვებზე, რაც ამ კომენტარიდან გამომდინარე გაგვიჩნდა, მას აღარ უპასუხია.

სასამართლო პრაქტიკაზე იურიდიული ფირმების ასოციაციამ წელს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ დაფინანსებით კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ საერთო სასამართლოები ამ საკითხზე ერთნაირ გადაწყვეტილებებს არ იღებენ, მაგალითად, თუკი გორის სასამართლო დაცვის მხარეს ვიდეოჩანაწერის მოპოვებაზე უარს ეუბნება, იმავე უფლებაზე განჩინების გამოცემა არ უჭირს თელავის სასამართლოს. კვლევაში ასევე მოყვანილია თბილისის საქალაქო სასამართლოს შემთხვევაც, სადაც 2014 წელს დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერი მიაწოდეს ადვოკატს. 2015 წელს ანალოგიურ მოთხოვნაზე იგივე სასამართლომ დაცვის მხარეს უარი უთხრა, ჩანაწერის მოპოვება მხოლოდ პროკურატურის საქმეაო.

სათვალთვალო კამერები
სათვალთვალო კამერები

საქართველოს რკინიგზა: მატარებელში ხანძრის გაჩენის შედეგად არავინ დაშავებულა

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით ქუთაისი-ბათუმის მატარებელში ცეცხლის გაჩენის შედეგად არავინ დაშავებულა. მატარებელს ცეცხლი დღეს, 18 დეკემბერს, ლანჩხუთის მიმდებარედ, სოფელ ხაჯალიასთან გაუჩნდა. მატარებელი ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა.

„აალების დაფიქსირებისთანავე მოხდა მგზავრების უსაფრთხო ევაკუაცია. ხანძარი ლიკვიდირებულია. მოხდა მგზავრების გადაყვანა დანიშნულების ადგილებზე და მოძრაობა რკინიგზაზე აღდგენილია. ინციდენტისას არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება“ – განუცხადეს „ბათუმელებს“ „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურში.

ფოტო: კადრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეომასალიდან.
ფოტო: კადრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეომასალიდან.
ფოტო: კადრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეომასალიდან.
ფოტო: კადრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეომასალიდან.
ფოტო: კადრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეომასალიდან.
ფოტო: კადრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეომასალიდან.

ბათუმის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო 100 ათას ლარად, პირობებით იყიდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. საწყისი გასაყიდი ფასი 100 ათასი ლარია.

აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს შენობისათვის საჭირო სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება, არაუგვიანეს 36 თვის ვადაში დასრულება და 10 წლის განმავლობაში სამედიცინო პროფილის უწყვეტად შენარჩუნება;

აღნიშნულ პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში მყიდველმა არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ბათუმში, კახაბრის ქუჩა N36-ში მდებარე საავადმყოფოს შენობის საერთო ფართობი 25459 კვ/მ, ხოლო მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის ფართობია 5232 კვ/მ. ამასთან „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ გააჩნია კრედიტორული [105 727 ლარი] და დებიტორული [398 394 ლარი] დავალიანება.

ელექტრონული აუქციონი მიმდინარე წლის 30 დეკემბერს დასრულდება.

რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო
რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო

1

ვინ იბეგრება ქონების გადასახადით

ევროპის ქვეყნებში საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეების მიერ გადახდილი ქონების გადასახადი ბიუჯეტის მნიშვნელოვან რესურსად ითვლება. ქონების გადასახადს ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსიც საქართველოში, თუმცა უძრავი ქონების ფლობაზე გადასახადს ჩვენთან მესაკუთრე იმ შემთხვევაში იხდის, თუკი ოჯახის წლიური შემოსავალი 40 ათას ლარს აჭარბებს.

ბათუმის ბიუჯეტში 2014 წელს ფიზიკური პირებისგან გადახდილმა ქონების გადასახადმა ჯამში 861 800 ლარი შეადგინა, გასულ წელს – 920 ათასი. მიმდინარე წლის გადასახადი უძრავ ქონებაზე მესაკუთრეებმა მომავალი წლის პირველ აპრილამდე უნდა გადაიხადონ.

ქონების გადასახადის მაქსიმალური ზღვარი საგადასახადო კოდექსითაა განსაზღვრული. ამ კანონის საფუძველზე მოსაკრებლის ოდენობას თითოეული მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ადგენს. ბათუმის საკრებულომ 2011 წელს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადი 0.2 პროცენტით განსაზღვრა.

მაგალითად, თუკი ოჯახის წლიური შემოსავალი 40 ათას ლარს აღემატება, მაშინ მის უძრავ ქონების ღირებულებას შემოსავლების სამსახური საბაზრო ფასების მიხედვით განსაზღვრავს. თუ ბინის საბაზრო ფასი, პირობითად, 100 ათასი ლარია, ოჯახმა წლის ბოლოს ქონების გადასახადი – 200 ლარი უნდა გადაიხადოს. თუ ოჯახის შემოსავალი 100 ათას ლარზე მეტია, ამ შემთხვევაში ოჯახი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტს გადაიხდის.

ქონების გადასახადის ამოღების ადმინისტრირებას შემოსავლების სამსახური ახდენს. გადასახადი სახელმწიფო ხაზინაში შედის, ხოლო შემდეგ ადგილობრივ ბიუჯეტს უბრუნდება.

თენგიზ აფხაზავა, ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ევროპულ მენტალობას უნდა მიეჩვიოს საზოგადოება: „სხვადასხვა ხერხებით არიდებენ თავს ამ გადასახადს ადამიანები. ჩემი აზრით, გაცილებით მაღალი უნდა იყოს ეს გადასახადი და 40 ათასლარიანი ზღვარიც უნდა შემცირდეს. გარდა ამისა, უძრავი ქონება არის კაპიტალი. ბევრია შემთხვევა, როდესაც ადამიანები ყიდულობენ ბინებს და აქირავებენ, გაქირავებიდან მიღებულ შემოსავლებს კი მალავენ.

მაგალითად, 2014 წელს ბინების გაქირავებიდან შემოსული თანხა დაახლოებით 10 ათასი ლარია, 2015 წელს – თითქმის არაფერი… ამ კუთხით კონტროლი ძალიან სუსტია. ქონების ბაზარი უნდა არსებობდეს, ფასიანი ქაღალდების და კაპიტალის. ამ კუთხით საკრებულო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს პარლამენტის მიერ შესამუშავებელი დოკუმენტია.“

„ქონების გადასახადის ადმინისტრირება სუსტია ბევრი მიმართულებით,“ – ამბობს ტიტე აროშიძე, ეკონომისტი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტიდან~. ის მიიჩნევს, რომ 40 ათასლარიანი ზღვარი უნდა გაიზარდოს და შემოსავლების დიფერენციაცია მოხდეს: „საუბარია ოჯახზე და არა კონკრეტულ პირზე. შესაბამისად ასეთი ოჯახი ბევრია, ვისი წლიური შემოსავალიც 40 ათასს აჭარბებს. ეს ზღვარი უნდა გაიზარდოს დაახლოებით 60 ათასამდე და დადგინდეს, საიდან აქვს ოჯახს შემოსავალი, რა ინტენსივობით იღებს და რამდენად სტაბილურია იგი. შეიძლება, ადამიანმა ერთჯერადად მიიღოს ამ ოდენობის თანხა, შემდეგ ბიზნესი ჩაუვარდეს და ქონების გადასახადის გადახდა მაინც მოუწიოს. ასევე გასათვალისწინებელია ოჯახის წევრების შემადგენლობა. შეიძლება, ადამიანი, რომელიც მაღალშემოსავლიანი იყო, გადასახადის გადახდის დროს აღარ იყოს იმავე ოჯახის წევრი.“

ტიტე აროშიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქონების გადასახადისგან თავის არიდების გამო ოჯახებს პირდაპირ აჯარიმებენ, თუმცა მანამდე მათი შემოსავლების დეკლარირება არ ხდება და შესაბამისი სამსახურებიც არ აფრთხილებენ: „ადამიანმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ ოჯახის შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია. მაგალითად, მე არასოდეს დამითვლია, რამდენია ჩემი ოჯახის წლიური შემოსავალი. დღეს ძალიან იოლია  ნებისმიერი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადგენა და შეტყობინების გაგზავნა მისთვის, რომ მისმა შემოსავლებმა გადააჭარბა კანონით განსაზღვრულ 40 ათასს და საჭიროა მისი დეკლარირება. შეავსებს ადამიანი დეკლარაციას და ეცოდინება, რომ განსაზღვრულ დროს ქონების გადასახადი უნდა გადაიხადოს. დღეს ბევრი არც იხდის ამ გადასახადს, რადგან იცის, რომ შემთხვევითია ამის შემოწმება. შეიძლება გაიგონ, შეიძლება – ვერა, რომ ქონების გადასახადით დაბეგვრა ერგებოდა. შესაძლოა 4 და 5 წლის შემდეგ მონიტორინგის დროს ამოვარდეს მონაცემი, რომ ოჯახს ეს შემოსავალი ჰქონია და არ გადაუხდია ქონების გადასახადი. ამ დროს საკმაოდ დიდი ოდენობის ჯარიმების გადახდა უწევთ ადამიანებს.“

საგადასახადო კოდექსის მიხედვით, თუკი ოჯახი ქონების გადასახადს არ გადაიხდის მომდევნო წლის 15 აპრილამდე, მას მოსაკრებლის ათმაგი ოდენობით დააჯარიმებენ. ამას ემატება მოსაკრებლის ოდენობის 0.07 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ქონების გადასახადს იხდიან მიწის მესაკუთრეები და კერძო კომპანიის მფლობელებიც. ქონების გადასახადის საერთო მაჩვენებელში ყველაზე მაღალი სწორედ ბიზნესზე მოდის. მაგალითად 2014 წელს ბათუმის ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით 13 მილიონ 937 ათას 500 ლარი შევიდა, აქედან საწარმოებისგან გადახდილი ქონების გადასახადმა შეადგინა 11 მილიონ 365 ათას 500 ლარი. გასულ წელს ქონების გადასახადი ბათუმის ბიუჯეტში 18 მილიონ 350 ათასი ლარი შევიდა, აქედან საწარმოებისგან გადახდილი იყო 16 მილიონ 130 ათასი ლარი.

„ვითხოვ 108 ლარს, მდიდრისთვის ეს შეიძლება სიგარეტის ფული იყოს, ჩვენთვის კი მილიონია“

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში მცხოვრებ თებიძეების ოჯახს რთული მდგომარეობის მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტომ მოუხსნა როგორც სოციალურად დაუცველის სტატუსი, ისე 108-ლარიანი საარსებო შემწეობა.  ამ თანხით ოჯახი, ძირითადად, მედიკამენტებს ყიდულობდა.

სოფელ ჭინკაძეებში კრამიტით დახურული ხის ორსართულიან სახლში 85 წლის აიშე თებიძე შვილთან, თენგიზ თებიძესთან ერთად ცხოვრობს. აიშეს რამდენიმე დაავადება აწუხებს. მისი ერთადერთი მომვლელი კი თენგიზია.

TebiZeebi 2
აიშე თებიძე

„დედაჩემი წლებია ავადაა. სახლში მარტო ვერ ვტოვებ, ღამითაც კი. მუდმივი ზრუნვა სჭირდება, მე ვარ მისი მომვლელი.  სახლიდან გასვლასაც კი ვერ ვახერხებ, რომ ვიმუშაო“, – გვიყვება თენგიზი. მათი ერთადერთი შემოსავალი აიშეს პენსიაა. მას შემდეგ, რაც სოციალური შემწეობა მოუხსნეს, ოჯახი პენსიით სიცოცხლისთვის აუცილებელ წამლებთან ერთად პურის ფქვილის, შაქრის, ბრინჯისა თუ მაკარონის ყიდვას ახერხებს.

„საარსებო შემწეობას წლების განმავლობაში ვღებულობდით, მაგრამ წელს, თებერვალში, ოჯახის ხელახალი გადამოწმების შემდეგ მოგვიხსნეს. არ ვიცი, რა ნახეს აქ ისეთი, რამე თუ გვაქვს შეძენილი და ფუფუნების ნივთი თუ გაგვაჩნია. პირიქით, ჩვენი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, უარესდება დედაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ბოლო შემწეობა იანვარში ავიღე. თებერვლიდან დღემდე ჩემი მოთხოვნის საფუძველზე სამჯერ გადაგვამოწმეს, სამივეჯერ სარეიტინგო ქულა გაგვიზარდეს. პირველად რომ ვთხოვე ოჯახის ხელახალი გადამოწმება, მითხრეს, სანამ ერთი წელი არ გავა, ვერ გადაგამოწმებთო. ვუთხარი, მიჭირს, დედაჩემი მწოლიარე ავადმყოფია, რადგანაც მომვლელი სხვა არავინაა, სახლიდან გასვლას ვერ ვახერხებ, რომ ვიმუშაო-მეთქი. მოვიდნენ, შეისწავლეს ჩვენი მდგომარეობა ხელახლა და 100 000-ზე მეტი ქულა მოგვანიჭეს. შემდეგ წერილობით  მივმართე სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისში. სექტემბერის თვეში მოვიდნენ  და ისევ გაგვიზარდეს ქულები. რა ვქნა? ვის მივმართო? როგორ მოვიქცე? წამალი გვინდა, საკვები, მარტო ჩაით ხომ ვერ იარსებებ?“ – ამბობს თენგიზი.

„სანამ მოხვიდოდით, იმაზე ვსაუბრობდით, სად ვნახოთ თანხა,  წამლები რომ ვიყიდო. არ უნდათ, რომ ვიცოცხლო, სხვა რა ვიფიქრო…“ – ცრემლებს იწმენდს აიშე. თენგიზი ამბობს, რომ როცა საარსებო შემწეობა ჰქონდათ, მეზობლები თუ ნათესავები წამლებისთვის საჭირო თანხას სესხად აძლევდნენ, მას შემდეგ, რაც  შემწეობა მოუხსნეს, ვერც მეზობლები ეხმარებიან, რადგანაც სესხის დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ.

სახლი, სადაც აიშე და თენგიზი ცხოვრობენ, მხოლოდ ერთ მხარესაა თუნუქით გადახურული, დანარჩენი კი ალაგ-ალაგ ჩატეხილი კრამიტითაა დახურული, საიდანაც სახლში წვიმისა და თოვლის წყალი ჩადის. თენგიზი ამბობს, რომ თუნუქი მეგობარმა მისცა და სახლის ის ნაწილი გადახურა, სადაც „მისაღები“ ოთახია განთავსებული. სახლში ფერდობიდან ჩამოსული წყალიც შედის და გუბდება. თებიძეები წვიმის დროს სახურავიდან ჩამოსულ წყალს კასრებით უმკლავდებიან.

„თქვენც ხედავთ არაფერი გაგვაჩნია, ეს ოთახი ჩვენი სამზარეულოცაა, მისაღებიც და და საძინებელიც, ძველი „სტენკა“ და პატარა ტელევიზორი გვაქვს, შეშის ღუმელს თუ ვინმე სიმდიდრედ თვლის – ეს არ ვიცი. სააბაზანო ჩვენ არ გვაქვს და სამზარეულო. სახლი 80 წელზე მეტი ხნისაა. ქედის გამგეობაში ორჯერ დავწერე განცხადება, გაზაფხულზე მოვიდნენ, ნახეს, დამპირდნენ, გავაკეთებთო, სახურავსაც დამპირდნენ, უცდიდნენ არჩევნებს, არჩევნებმა ჩაიარა, ჩვენ კი დავრჩით დახმარების გარეშე, ისევ გვაწვიმს და ისევ მთელი ღამე ფიქრში უნდა გავათენო, სად ვიპოვო თანხა წამლისთვის. ვითხოვ სოციალურ დახმარებას, რომელიც მხოლოდ 108 ლარია, ეს შეიძლება მდიდრისთვის სიგარეტის ფული იყოს, ჩვენთვის კი მილიონია“, – ამბობს თენგიზი.

ოჯახის მძიმე სოციალური პრობლემების შესახებ ქედის გამგეობაში ინფორმირებული არიან. მეტიც, გამგეობამ ორჯერ უშუამდგომლა ოჯახს ჯანდაცვის სამინისტროში.

„გამგეობა თვლიდა, რომ ოჯახი ნამდვილად შეჭირვებულია და მათი ხელახალი გადამოწმების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ. გადამოწმების შემდეგ მათ ისევ მაღალი ქულა მიანიჭეს. ისევ მიმართა გამგეობამ წერილობით ჯანდაცვის სამინისტროს ხელახალი გადამოწმებისთვის“, – ამბობენ გამგეობაში.

გამგეობაში იმასაც დასძენენ, რომ სახურავით თებიძეებს გამგეობა ვერ დაეხმარა, რადგან თუნუქის ფურცლები მხოლოდ სოციალურად დაუცველ, მარტოხელა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახებს დაურიგდათ. თებიძეები კი არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან. „სახურავების პროგრამა გაგრძელდება და, სავარაუდოდ, გამონაკლისის სახით მსგავს ოჯახებს დავეხმარებით“, – აღნიშნა ქედის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, სოფიო ხაბაზმა. სოფიო აცხადებს, რომ  მუნიციპალიტეტი ეცდება ამ ოჯახს „შეძლებისდაგვარად გვერდში დაუდგეს“.

მშენებლობაზე გარდაცვლილი ერთ-ერთი მუშის საქმე სასამართლოში

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევის საქმეს განიხილავს. შემთხვევა 22 აპრილს, ორბელიანის ქუჩაზე მოხდა. სამშენებლო კონსტრუქციიდან ჩამოვარდნილი ვასილ უჩაძე გარდაიცვალა. ვასილის გარდა, წელს მშენებლობებზე კიდევ ოთხი ადამიანი მარტო ბათუმში დაიღუპა. რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ბრალდებულის სკამზე მშენებელი ჯდება?

ბრალდებულმა რეჯეფ ჯ.-მ დუმილით უპასუხა მოსამართლის შეკითხვას: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“ კითხვის დასმამდე ბრალდებულს მოსამართლემ გამოძიების ვერსია წაუკითხა, რომლის მიხედვითაც მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ის იყო უშუალოდ: „რკინის ნაჭრების შედუღებისას, მძიმე კონსტრუქციის ლითონის გადატრიალების დროს, არ იყო გამოყენებული ამწე მექანიზმი, რა დროსაც დაზიანდა ვასილ უჩაძე…“

ბრალდებული მშენებლობაზე დაქირავებული ტექნიკური ზედამხედველი იყო. სამუშაოებს ორბელიანის 7-ში კომპანია „იონფაშ ჯორჯია“ აწარმოებდა. გამოძიებას თავად კომპანიის მფლობელების პასუხისმგებლობის საკითხი აქამდე არ დაუსვამს. ბრალდებული მთელი პროცესის განმავლობაში დუმდა. გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მას უთქვამს, რომ რამდენჯერმე გააფრთხილა მესაკუთრეები უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემების შესახებ.

„როგორც ჩანს, მფლობელების ნაწილში გამოძიებას არ ჰქონდა შესაბამისი მტკიცებულებები. უნდა დადგინდეს, რომ მესაკუთრეები ნამდვილად იყვნენ ინფორმირებული იმაზე, რომ უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული. ბრალდებული ირწმუნება, რომ თვითონ იყო ნამდვილად უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე პასუხისმგებელი, მაგრამ ის აფრთხილებდა მფლობელს, რომ საჭირო იყო აღჭურვილობა და ასე შემდეგ. გამოძიება ეყრდნობა იმ მტკიცებას, რომ რადგან არ იყო დაცული უსაფრთხოების პირობა, არ უნდა გაეყვანა მუშები მშენებლობაზე,“ – გვიყვება გვანცა თურმანიძე, იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტი. ის რეჯეფ ჯ.-ს ინტერესებს იცავს.

სასამართლო პროცესის გადადება ადვოკატმა საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე ითხოვა. გვანცა თურმანიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ პროკურატურასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და შესაძლებელია საქმე შეთანხმებით დასრულდეს.

„ვფიქრობ, ჩვენს შორის საპროცესო შეთანხმება მიღწევადია“, – დაამატა პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა. მხარეების პოზიციების მოსმენის შემდეგ დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დააკმაყოფილა. მორიგ სხდომაზე მოსამართლე საქმის არსებით განხილვას დაიწყებს, თუკი პროკურორსა და ბრალდებულს შორის შეთანხმება ვერ შედგება. შეთანხმების მისაღწევად ბრალდებულის მხრიდან ბრალის სრულად აღიარება სავალდებულოა.

„დაზარალებული მხარე, ანუ გარდაცვლილის ოჯახი არ არის წინააღმდეგი, ბრალდებულის მიმართ გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული შეღავათები. იმის გამო, რომ ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მას პირობით მსჯავრს ვერ შეუფარდებენ კანონმდებლობიდან გამომდინარე“,  – გვითხრა პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა. მისი თქმით, პროკურატურასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება 10-დან 20 ათასამდე ლარი ჯარიმის გადახდაზე.

მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი ითვალისწინებს: თავისუფლების შეზღუდვა 5 წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთა – 5 წლამდე.

„მიმდინარეობს გამოძიება 240-ე მუხლით,“ – ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი  მუდმივად, როცა ადამიანები მშენებლობებიდან ვარდებიან და იღუპებიან. „ბათუმელებმა“ მიმდინარე წლის ივლისში მიიღო ინფორმაცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსგან, რომლის მიხედვითაც 2014 წლიდან დღემდე სასამართლომ სულ 12 შემთხვევა განიხილა 240-ე მუხლზე. თორმეტივე შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარა, თუმცა არც ერთი მშენებელი არ დაუპატიმრებიათ. მათ, ძირითადად, პირობითი მსჯავრი შეუფარდეს და დააჯარიმეს 1000-დან 7000-მდე ლარით.

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ კვლევის მიხედვით, 2011-2015 წლებში მშენებლობებზე ქვეყნის მასშტაბით სულ 695 ადამიანი დაშავდა, მათგან დაიღუპა – 212.

როგორ ემზადება მაღალმთიანი აჭარა ახალი წლისათვის

საახალწლო განწყობის შესაქმნელად აჭარის მთიანეთში წელს 51 332 ლარი დაიხარჯება. ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან საახალწლოდ ყველაზე მეტ  თანხას – 32 974 ლარს ხულოს მუნიციპალიტეტი დახარჯავს

მიუხედავად იმისა, რომ ქედის გამგეობამ მუნიციპალიტეტისთვის ნაძვის ხე აქსესუარებთან ერთად გასულ წელს შეისყიდა და ადგილობივი ბიუჯეტიდან ამისთვის დაახლოებით 7 000 ლარი დახარჯა, ნაძვის ხეს ქედის გამგეობა წელს ისევ ყიდულობს. ნაძვის ხისა და აქსესუარების შესასყიდად ქედის გამგეობა წელს 15 000 ლარს დახარჯავს.

2015 წლის საახალწლო ნაძვის ხე ქედის ცენტრში. ეკა ბარამიძის ფოტო
2015 წლის საახალწლო ნაძვის ხე ქედის ცენტრში. ეკა ბარამიძის ფოტო

საახალწლო-საშობაო ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებით ქედის გამგეობამ პირველი ტენდერი 7 დეკემბერს 9 083 ლარზე გამოაცხადა, სატენდერო პირობებით ქედის გამგეობა 764 ფუთა ტკბილეულს [შემადგენლობა: 3 ცალი თხილიანი შოკოლადი, 1 ცალი ვაფლიანი შოკოლადი, 1 ცალი შაქრის ნამცხვარი, 1 ცალი შოკოლადის კვერცხი, 2 ცალი შესქელებული რძიანი შოკოლადი, 1 ცალი რძიანი შოკოლადი არაქისით, 1 ცალი საღეჭი რეზინი ხილის გემოთი, 1 ცალი ბისკვიტი შოკოლადის შიგთავსით, 1 ცალი მარილიანი ჩხირი, 1 ცალი თეთრი მომინანქრებული შოკოლოდი ვანილის შიგთავსით და ა.შ.] შეისყიდის. ტკბილეულთან ერთად გამგეობას სატენდერო პირობებში ფეიერვერკი, სასცენო სათამაშოებისა და საახალწლო ბანერების დამზადება აქვს ჩადებული. ამ ტენდერის გარდა ქედის გამგეობამ მეორე ტენდერი რვა მეტრი სიგრძისა და ოთხი მეტრი დიამეტრის ნაძვის ხესა და მოსართავ აქსესუარებზე 15 000 ლარად 8 დეკემბერს გამოაცხადა. სატენდერო პირობებით გამარჯვებულმა კომპანიამ ნაძვის ხე ქედის ცენტრში 28 დეკემბრამდე უნდა დაამონტაჟოს.

ქედის გამგეობის განათლების სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსის მამია გვარიშვილის ინფორმაციით, 764 ფუთა ტკბილეულიდან 693 ფუთა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, 26 ფუთა – ქედაში მცხოვრებ 2005-2016 წლის 3 ნოემრამდე დაბადებულ შშმ ბავშვებსა და საახალწლო ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს დაურიგდებათ.

საახალწლო განწყობის შესაქმნელად ყველაზე ნაკლებ თანხას – 8 674 ლარს წელს შუახევის გამგეობა დახარჯავს. შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ თანხით შუახევის გამგეობა მხოლოდ ნაძვის ხისა და გარე განათების აქსესუარებს, ფეიერვერკს, 50 ფილა შოკოლადს, ამავე ოდენობის ორცხობილასა და 11 კილოგრამ შოკოლადს შეისყიდის. 6 დეკემბერს გამოცხადებული ტენდერი აქ 13 დეკემბერს დასრულდება.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ საშობაო ნაძვის ხის მოსართავ აქსესუარებსა და სხვა საახალწლო აქსესუარების შეძენაზე წელს 9 685 ლარს დახარჯავს. ამ თანხაზე ტენდერი ხულოს გამგეობამ 30 ნოემბერს გამოაცხადა, ტენდერი 6 დეკემბერს დასრულდა. ყველაზე ნაკლები თანხით, 8 740 ლარით, სატენდერო პირობების შესრულება გამგეობას ინდმეწარმე ზებურ აბულაძემ შესთავაზა, თუმცა ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებიათ. საახალწლო განწყობის შესაქმნელად ნაძვის ხისა თუ სხვა აქსესუარების შეძენის გარდა ხულოს გამგეობამ საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში კონცერტების ორგანიზების მომსახურებაზე 7 დეკემბერს 9 000 ლარზე გამოაცხადა ტენდერი, რომელიც 13 დეკემბერს დასრულდება.

სატენდერო პირობებით ტენდერში გამარჯვებულმა მიმწოდებელმა ხულოს გამგეობას საახალწლო ღონისძიება ჯგუფი „ურსას“ სოლოკონცერტი მოცეკვავეების შესრულებითა და მინიმუმ 14 მუსიკალური საკრავით, არანაკლებ 90-წუთიანი ხანგრძლივობით უნდა შესთავაზოს. გარდა ამისა, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს და საახალწლო ღონისძიებაზე ხულოელ მაყურებელს ამავე ხანგრძლივობით თორნიკე ყიფიანის ბენდის სოლოკონცერტი უნდა შესთავაზოს.

მომღერლებთან ერთად კომპანიამ ხულოს გამგეობას გახმოვანების აპარატურა და ღონისძიებაში მონაწილეებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და სასცენო აპარატურა 25-დან 31 დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს. ხულოს გამგეობა საახალწლოდ – სასაჩუქრე ამანათებსაც შეისყიდის, სულ 855, აქედან 605 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის, 205 ცალს კი – მრავალშვილიანი დედებისა და 18 წლამდე უნარშეზღუდული ბავშვებისთვის. სასაჩუქრე ამანათების შესყიდვაზე ტენდერი 17 611 ლარზე 25 ნოემბერს გამცხადდა, ყველაზე ნაკლები თანხით, 14 941 ლარით ამანათების შესყიდვას შ.პ.ს „ალსოფი“ სთავაზობს.  ხულოს გამგეობამ ნაძვის ხის, სასაჩუქრე ამანათებისა და საახალწლო ღონისძიებების მოსაწყობად სულ 36 296 ლარი გაითვალისწინა.

P.S. სტატია „ბათუმელებში“ 12 დეკემბერს დაიბეჭდა.

დენის გათიშვის გრაფიკი აჭარაში – 19-22 დეკემბერი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ დადგენილი გრაფიკის მიხედვით, აჭარის ტერიტორიაზე, 19-22 დეკემბერს ელექტროენერგია დროებით გაეთიშება 11 ათასზე მეტ აბონენტს:

19 დეკემბერს

1448 აბონენტს ბათუმში [ლერმონტოვის, ორბელიანის, ჯავახიშვილის, ბაგრატიონის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩები] 11:00-დან 14:00-მდე;

647 აბონენტს ქობულეთის გარეუბანში 11:00-დან 14:00-მდე;

20 დეკემბერს

1251 აბონენტს ბათუმში [განთიადი, მახინჯაური და მწვანე კონცხი] 11:00-დან 13:00-მდე;

281 აბონენტს ბათუმში [ხახულის ქუჩა და ურეხის ქუჩის ნაწილი] 11:00-დან 12:00-მდე;

628 აბონენტს ქობულეთის გარეუბანში 11:00-დან 13:00-მდე;

21 დეკემბერს

4992 აბონენტს ბათუმში [ურეხი, ინჯალო, ციხე და ხახულის ქუჩა] 11:00-დან   14:00-მდე;

22 დეკემბერს

1803 აბონენტს ბათუმში [აღმაშენებლის, ტაბიძის და რურუას ქუჩებზე] 11:00-დან 12:00-მდე.

ამავე თემაზე:

უშუქობა ტარიფის შენარჩუნების სანაცვლოდ? – რას უკავშირდება დენის ხშირი გათიშვა

„არაკეთილსაიმედო“ სასმელი წყალი აჭარის სკოლებში

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2016 წელს აღებული სინჯების ანალიზის შედეგად, სასმელი წყალი აჭარის სამ სკოლაში დაბინძურებულია. გასული წლის შემოწმებამ კი აჭარის შვიდ საჯარო სკოლაში გამოავლინა სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტი. სახალხო დამცველისავე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 45 საჯარო სკოლაში აღებული სინჯები არ შეესაბამება ნორმას. ეს  „სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს“.

დაბინძურებული წყალი გამოვლინდა ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარის პირველ საჯარო სკოლაში, დაბა ქედის საჯარო სკოლასა და სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლაში.  „ბათუმელები“ აღნიშნულ სკოლებს დაუკავშირდა.

ქაქუთის სკოლის დირექტორის მანანა ჩხაიძის თქმით, წყლის ნიმუში სოფლის საერთო წყალსაცავიდან აიღეს. სკოლა ამ წყალს სასმელად არ იყენებს.  „ჩვენ პატარა აუზი გვაქვს, სადაც წყაროს წყალი შემოდის. სოფლის წყალს კი გათბობის სისტემაში და სველ წერტილებში ვიყენებთ. აუზიდან წყლის სინჯი არ აუღიათ“, –  გვეუბნება ის. დირექტორი დასძენს, რომ ბავშვების უმეტესობა სასმელ წყალს ყიდულობს.

დაბა ქედის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ თავდგირიძე ამბობს, რომ ლაბორატორიის კვლევის შედეგები მისთვის უცნობია:  „მე არ ვიცი როდის აიღეს სინჯი. არ ვიცი ამის შესახებ, თუმცა სკოლაშიც იგივე წყალია, რითაც დაბაში სარგებლობენ. თუ დაბინძურებული აღმოჩნდა, მაშინ გამოსავალი ფილტრის დაყენებაა“.

სასმელი წყლის დაბინძურების შემთხვევები გამოვლინდა აჭარის ხუთ საჯარო სკოლაში 2015 წელსაც. ესენია: შუახევის სკოლა-პანსიონის კვების ბლოკი, ნენიის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სოფელ ცეცხლაურის პირველი საჯარო სკოლა, სოფელ ახალშენის პირველი საჯარო სკოლა და სოფელ ლეღვას #2 საჯარო სკოლა.

შეიცვალა თუ არა სკოლებში ვითარება, დაბინძურებული წყლის გამოვლენის შემდეგ?

ხელვაჩაურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის შუშანა კონცელიძის თქმით, სკოლა იმ სასმელი წყლით სარგებლობს, რითაც სოფელი:  „ცალკე არ გვაქვს გამოყვანილი წყალი, ფილტრის შეძენას ვაპირებ და თუ ესეც არ გაამართლებს, მაშინ სხვა წყლის შემოყვანაზე უნდა ვიზრუნო“. ფილტრის დაყენებიდან წყალი ხელახლა  ერთი კვირის  შემდეგ უნდა შემოწმდეს.

ცეცხლაურის სკოლის დირექტორი ლილი აბაშიძე ამბობს, რომ ინფორმაცია გამგეობას მიაწოდეს და წყლის სათავე ნაგებობაში ფილტრები დააყენეს, თუმცა შემდეგ ახალი სინჯები არ აუღიათ:  „მე ვთხოვ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ხელმეორედ აიღონ სინჯები“.

ახალშენის სკოლის დირექტორის რევაზ გორაძის თქმით, სინჯების აღების შემდეგ წყლის სათავე ნაგებობები შეიცვალა და  „როგორც მეუბნებიან, ყველაფერი რიგზეა“. დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში წყლის სისტემა ახალია.

როგორც ლეღვას სკოლის დირექტორი, მანანა მახარაძე ამბობს, სკოლაში სოფლის წყალია შეყვანილი, რომელსაც დეზინფექცია უტარდება:  „ახალი ავზი ჩამოასხა სოფელმა, ახალი წყალსადენი გაკეთდა და ის წყალი შემოდის სკოლაში. სინჯი შეცვლამდე აიღეს თუ შემდეგ  – ვერ გეტყვით“.

დირექტორი ბავშვებს მაინც ნაყიდი წყლის გამოყენებას ურჩევს.

 

 

 

როგორ გადანაწილდა ერთ მილიარდზე მეტი ლარი განათლებაში

განათლების ბიუჯეტი 2017 წელს ერთი მილიარდ 116 მილიონი ლარია. რა იქნება მომავალი წლისთვის განათლებაში პრიორიტეტული, ვის შეუმცირდა ბიუჯეტი და რატომ მიიჩნევენ სამინისტროში, რომ ცხრა თვეში პრემიებში დახარჯული ორი მილიონი ლარი  „საბიუჯეტო თანხის დაზოგვაა?“  „ბათუმელებთან“ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა ისაუბრა.

ქალბატონო ქეთევან, რომელი პროექტების დაფინანსება გაიზარდა, ან რას მოაკლდა თანხა და რატომ?

1 მილიარდ 116 მილიონი ლარიდან 80 მილიონი არის გრანტი და დაახლოებით ხუთი მილიონი –  კრედიტი. გრანტი მიღებული გვაქვს  „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ პროექტის ფარგლებში, კრედიტს რაც შეეხება, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გვაქვს 22 მილიონევროიანი შეთანხმება, რომელიც მოხმარდება თბილისის საჯარო სკოლების გამაგრებას, რეაბილიტაციასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას. დაახლოებით 25 სკოლაზეა საუბარი. ხუთი მილიონიდან ოთხი ამაზეა გათვალისწინებული, ერთი მილიონი კი ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის თანხაა. 2016 წლის დაზუსტებულ ბიუჯეტს რომ შევადაროთ, გრანტის გარეშე, მომავალ წელს ბიუჯეტი 130 მილიონ 584 ათასი ლარით გვეზრდება.

მთლიანი ბიუჯეტის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება იზრდება დაახლოებით 68,5 მილიონი ლარით. ამაში შედის გარკვეული კატეგორიის პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა, ასევე, მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგებისთვის გათვალისწინებულია დანამატების გაზრდა. 141 ლარია სრული დატვირთვის მქონე პედაგოგებზე, თუ ნაკლები დატვირთვა აქვს, შესაბამისად თანხა მცირდება. იზრდება სახელმძღვანელოების ბიუჯეტიც  –  8,9 მილიონი ლარით, რადგან დაგეგმილია სახელმძღვანელოების გრიფირება, ვგულისხმობთ პირველი და მეექვსე კლასის სახელმძღვანელოებს.

ახალი პროექტები თუ გაქვთ დაგეგმილი?

ახალი პროექტია სკოლების საგრანტო დაფინანსება, ეს არის დაფინანსება თავისუფალი გაკვეთილებისა და სხვა პროექტებისთვის. ოთხი მილიონი ლარი გვაქვს ამისთვის. ასევე ვგეგმავთ ელექტრონული სწავლების განვითარებას, ელექტრონული რესურსების შემუშავებას, შეიძლება გვქონდეს დისტანციური სწავლების კომპონენტებიც, ვინაიდან ელექტრონულ ფორმატში იქნება, თუმცა ეს პროექტი უნდა დამუშავდეს.

საშუალო სკოლებს ეხება ეს თუ მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებს?

ეს ეხება, ზოგადად, ელექტრონული სწავლების ფორმატის შემოღებას და მერე უკვე გავითვალისწინებთ ასეთ დეტალებს. 2017 წელს დაგეგმილია ფორმატის შემუშავებაც და განხორციელების დაწყებაც, რისთვისაც სამი მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული. ახალი პროექტია  „ვისწავლოთ საქართველოში“, –  ამ პროექტით უცხოელი სტუდენტების მოზიდვა იგეგმება.

რითი უნდა მოვიზიდოთ, გაქვთ რაიმე განსხვავებული კომპონენტი გათვალისწინებული მოტივაციისთვის?

ესეც პროექტია და მოზიდვის მექანიზმები ზუსტად ახლა მუშავდება  –  რა სფეროები აინტერესებთ, რომელი ქვეყნის სტუდენტები შეიძლება ჩამოვიდნენ… ვიცით, რომ სამედიცინო სფეროთი ბევრი ინტერესდება ჩვენთან, ბიზნესადმინისტრირების მიმართულებაც გამოიკვეთა. ვგეგმავთ, კარგად შევისწავლოთ ეს მიმართულებები, ზუსტი პროგნოზი რომ გვქონდეს. მოტივაცია იქნება ის, რომ ვმუშაობთ განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინტერნაციონალიზაციაზე. უცხოელებისთვის სწავლის გადასახადიც შეღავათიანი იქნება.

პროფესიული განათლების დაფინანსება 29,6 მილიონ ლარამდეა გაზრდილი. რა იცვლება განათლების ამ მიმართულებაში?

8,44 მილიონი ლარით იზრდება პროფესიული განათლების დაფინანსება წინა წელთან შედარებით. 16 მილიონი გვაქვს გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ვმუშაობთ იმაზე, რომ ფიზიკური გარემო იყოს სტანდარტების შესაბამისი, ინკლუზიური გარემო უზრუნველყოფილი.ასევე ვმუშაობთ გეოგრაფიული დაფარვის გაუმჯობესებაზე. წინა წლებში რვა მუნიციპალიტეტში სასწავლებლების კორპუსები გავარემონტეთ, მცხეთა-თიანეთში საერთოდ არ იყო პროფესიული სასწავლებელი და დავაფუძნეთ.

აჭარაში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებს შეეხება გაზრდილი ბიუჯეტი?

აჭარაში გვაქვს ორი პროფესიული სასწავლებელი, ბათუმსა და ქობულეთში. მათაც სტუდენტების ზრდის შესაბამისად გაეზრდებათ ვაუჩერული დაფინანსება. ვაუჩერის თანხა იმის მიხედვით განისაზღვრება, სტუდენტი რა პროგრამაზე სწავლობს. ევროკავშირთან ერთად ვმუშაობთ პროფესიული მასწავლებლის განვითარების სქემაზე და, შესაბამისად, თუკი რაიმე ხარჯი იქნება დაკავშირებული ამ სქემის განხორციელებასთან, ამასაც ვითვალისწინებთ. რაც ყველაზე მთავარია, აქ არის კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის ასპექტებიც გათვალისწინებული და ჩვენ დავიწყეთ დუალური განათლების მიდგომის დანერგვა პროფესიულ საგანმანათლებლო სისტემაში. ეს ძალიან დიდი სიახლეა  –  გულისხმობს კერძო სექტორთან თანამონაწილეობით საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. ეს იმას ნიშნავს, რომ კერძო სექტორი გარკვეული ხარჯების თანადაფინანსებაში შემოდის. ვგეგმავთ, გეოგრაფიული დაფარვაც გავაუმჯობესოთ მომავალში. თიანეთში, ყაზბეგში, სადაც წინამძღვრიანთკარის სასწავლო კორპუსია, დასრულდება მომავალ წელს სასწავლებლები. ვფიქრობთ, პროფესიული განათლება დავაკავშიროთ განათლების სხვა საფეხურებს.

 თნიკური  უმცირესობების პროფესიული გადამზადების პროგრამა არის შემცირებული, იყო 2 407 და მომავალი წლისთვის გათვალისწინებულია 2180 ლარი. რატომ?

ეს ეხება ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ქუთაისში, სადაც ტარდება სხვადასხვა სახის გადამზადების კურსები. აქ გადაითვალა ბიუჯეტი, პროგრამულ ნაწილს არ ვამცირებთ, თუმცა, ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში, რომელიც სამინისტროს სისტემაში შედის, ათ-ათი პროცენტით უმცირდებათ შრომის ანაზღაურების ფონდი და ადმინისტრაციული ხარჯები. ეს იმისთვის ხდება, რომ ბიუროკრატია და სახელმწიფო აპარატი უფრო ეფექტიანი იყოს და ეს ხარჯები მინიმალურ ტვირთად დააწვეს სახელმწიფოს.

 ბიუროკრატიული აპარატის შემცირება მხოლოდ სამინისტროში იგეგმება თუ სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ორგანიზაციებშიც?

საჭიროების მიხედვით. სადაც საჭიროებაა, იქ შეიძლება კადრები დავამატოთ. თუკი სადმე ადმინისტრაციული ზედმეტობა გვაქვს, იქ შევამცირებთ.

 ქალბატონო ქეთი, ითქვა, რომ განათლების სამინისტრომ ცხრა თვის განმავლობაში 2 მილიონი ლარი პრემიებზე დახარჯა. ეს დაზუსტებული ინფორმაციაა?

დაახლოებით გაცემულია. თუ გადავხედავთ განათლების სისტემის მთლიან ბიუჯეტს, ნახავთ რა პროცენტზეა საუბარი.

პრემია  – ორი მილიონი ლარი მხოლოდ სამინისტროს აპარატზე გაიცა?

განათლების სისტემაში მოიაზრება სამინისტროს აპარატიც, სსიპებიც და ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც შედის განათლების სისტემაში.

ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება რამდენად რეალური იქნება, თუკი პრემიებზე ამ ოდენობის თანხა დაიხარჯება?

პრემიები გაიცემა მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კვარტალში ერთხელ, ანუ წელიწადში ოთხჯერ, ასევე შესაძლებელია გაიცეს სამ სადღესასწაულო დღეს. თუმცა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვა უწყებებთან შედარებით ყოველთვის ხელმოჭერილად განკარგავს ამ თანხას და ვიყენებთ მაშინ, როცა საჭიროა თანამშრომლების მოტივირება.

ასამდე ადამიანი ბათუმის ღამის თავშესაფრებში

ბათუმში მდებარე ღამის თავშესაფრებში ზამთრის დადგომასთან ერთად უსახლკაროთა რაოდენობამ იმატა. ძირითადად ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ღამის გასათევი არსად აქვს და რომ არა ღამის თავშესაფარი, ქუჩაში მოუწევდათ ღამის გათევა.

ბათუმში ამჟამად ღამის ორი თავშესაფარი ფუნქციონირებს. ერთს მუნიციპალიტეტი აფინანსებს, ხოლო მეორეს საქველმოქმედო ორგანიზაცია – „საქართველოს კარიტასი“. ამ თავშესაფრებში მისულ ადამიანებს ცხელი ვახშამი, საწოლი და საუზმე გარანტირებული აქვთ.

საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ დაარსებული ღამის თავშესაფარი ბათუმში 2003 წლიდან ფუნქციონირებს და მეტაქსას ქუჩის #10ა-ში მდებარეობს. ღამის თავშესაფრის ხელმძღვანელი თამაზ მღებრიშვილი ამბობს, რომ ამჟამად მათთან დაახლოებით 28 ადამიანი ათევს ღამეს, მათგან ყველაზე ახალგაზრდა 22 წლისაა, ყველაზე ხანდაზმული კი – 70 წელს მიტანებული.

ღამის თავშესაფარი, რომელსაც „საქართველოს კარიტასი" აფინანსებს
ღამის თავშესაფარი, რომელსაც „საქართველოს კარიტასი” აფინანსებს

„ჩვენთან ზოგი ერთი თვე რჩება, ზოგი – სამ თვეს. უკვე რამდენიმე წელია ჩვენთან მუდმივად მოდის 10-მდე ადამიანი, დანარჩენები კი იცვლებიან. ძირითადად ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც ბინის ან ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, არიან პენსიონერებიც და ახალგაზრდებიც. დღის მანძილზე ეს ადამიანები ძირითადად ქუჩაში არიან და საღამოს მოდიან ჩვენთან. ზოგიერთი ახალგაზრდა მშენებლობაზე მუშაობს, ზოგს პენსია აქვს, ზოგი, რა დასამალია და მოწყალებას ითხოვს,“ – ამბობს თამაზ მღებრიშვილი. მისი თქმით, წელს ღამის გათევის მსურველთა რაოდენობა არც ზაფხულში შემცირებულა, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა:

„30-32 ადამიანზე მეტი არ გყოლია ამ ხანებში. საღამოს 7-ზე ვაღებთ და დილას ვკეტავთ. საღამოს ვახშამი გვაქვს. კვება, აბანო, თეთრეული – ყველაფერია. წამალი თუ სჭირდება, ვცდილობთ ყველანაირად მივაქციოთ ადამიანს ყურადღება. ჯანდაცვის სამინისტროშიც ვიყავით, მინისტრს შევხვდით, თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს ჯანმრთელობის მხრივ, ოპერაცია სჭირდება ან მკურნალობა, უფასოდ ეხმარებიან. 20 დღის წინ ქალმა გაიკეთა ოპერაცია, რომელიც ჩვენთან ათევს ღამეს. თავშესაფარს საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ აფინანსებს, სხვა შემომწირველები არ გვყავს, მაგრამ მთავარი დახმარება მთავრობის მხრიდან ის არის, რომ შენობა გადმოგვეცა უზურფრუქტით და ქირას არ ვიხდით.“

თავშესაფარში სულ 40 ადგილია. თამაზ მღებრიშვილი ამბობს, რომ ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა ადგილები არ იყო საკმარისი და საგანგებოდ შლიდნენ საწოლებს დერეფანში, თუმცა მუნიციპალური თავშესაფრის ამუშავების შემდეგ ეს პრობლემა აღარ დგას.

ბათუმის მუნიციპალური ღამის თავშესაფარი ურეხში, ვარშანაძის #74-ში მდებარეობს. თავშესაფარი 2014 წელს გაიხსნა და მას ქალაქის მერია აფინანსებს. თავშესაფრის ადმინისტრირებას კი მერიის აიპი, „სოციალური სერვისების სააგენტო“ ახორციელებს. „სოციალური სერვისების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ბადრი გოგიძე ამბობს, რომ თავშესაფარი სრული დატვირთვით მუშაობდა მთელი ზაფხულის განმავლობაში და ახლაც მზადაა ის ადამიანები შეიფაროს ღამით, ვისაც სახლკარი არ აქვს.

მუნიციპალური ღამის თავშესაფარი ბათუმში
მუნიციპალური ღამის თავშესაფარი ბათუმში

„ამ ბოლო დროს 40-45 ადამიანს შორის მერყეობს იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ჩვენთან ათევს ღამეს. დილის 7 საათზე მოდიან, დილის ათზე უნდა დატოვონ თავშესაფარი. ვახშამი, დილას – საუზმე, პირადი ჰიგიენური ნივთები, აბაზანა, გათბობა – თავშესაფარი ყველაფრით უზრუნველყოფს მათ. დღეში 13 ლარამდე იხარჯება ერთ ადამიანზე. არიან ისეთი ადამიანები, ვინც ციხეში იჯდა დიდი ხნის მანძილზე, გამოვიდნენ და სახლ-კარი არ გააჩნიათ. ზოგს იპოთეკაში გაუყიდეს სახლი და დარჩნენ გარეთ. თავშესაფარს ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები აკითხავენ, თუმცა ზოგი მოჰყავს პოლიციას, მას შემდეგ რაც დაადგენენ, რომ უსახლკაროა. გარეთ არავის დავტოვებთ. გვყოლია უცხოეთის მოქალაქეებიც, რომელთაც დაკარგეს პასპორტი, ასევე სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები. დილის ათ საათზე თავშესაფარი იხურება საღამომდე, რჩება დაცვა და ხდება შენობის დასუფთავება, დეზინფიცირება,“ – ამბობს ბადრი გოგიძე.

ორივე თავშესაფარში ამბობენ, რომ მოსახლეობა თავშესაფრებს პერიოდულად ტანსაცმლით ეხმარება, თუმცა ზამთარში ეს საკითხი უფრო აქტუალური ხდება, რადგან მიუსაფარ ადამიანებს, რომელთა ნაწილი უმეტეს დროს ქუჩაში ატარებს, თბილი ტანსაცმელი ესაჭიროებათ.

გაზის მიწოდება ბათუმსა და ხელვაჩაურში დღის ბოლომდე სრულად უნდა აღდგეს

„ბათუმელებს“ „სოკარ ჯორჯია გაზში“ განუცხადეს, რომ ბათუმსა და ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 17 დეკემბერს, დღის ბოლომდე სრულად უნდა აღდგეს.

„აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ვვარაუდობთ, რომ დღის 3 საათისთვის ყველა აბონენტს მივაწოდებთ ბუნებრივ აირს, თუმცა მეტი სიზუსტისთვის გეტყვით, რომ დღის ბოლომდე აირის მიწოდება სრულად აღდგება“ – გვითხრეს კომპანიაში.

აჭარაში, მათ შორის ქალაქ ბათუმში, აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება 16 დეკემბერს გამთენიისას შეუწყდა. გაზის მიწოდება გუშინ სრულად უნდა აღდგენილიყო, თუმცა კომპანიამ ეს ვერ მოახერხა და აბონენტების ნაწილი კვლავ გაზის გარეშეა დარჩენილი. კომპანიის ცხელ ხაზზე – 16114 – დაკავშირებას მოქალაქეები მეორე დღეა ვერ ახერხებენ.

აჭარის მთავრობამ კი განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას მოუწოდა განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას.

შეხვდი ახალ წელს სასტუმრო „ეიფორია ბათუმში“ ვარსკვლავებთან ახლოს

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, სასტუმრო „ეიფორია“ – რესტორან „ყაზბეგში“ თავბრუდამხვევ მუსიკალურ პროგრამას და დაუვიწყარ გართობას გპირდებათ. საახალწლო ღამის პროგრამა 23 საათიდან დაიწყება.

სტუმრების საახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ : ამიკო და სიკო, მარიტა როხვაძე, DJ ზუხა, GO GO და მუცლის ცეკვის შემსრულებლები.

საღამოს მიმდინარეობისას სტუმრებისთვის გათამაშდება ვიქტორინა, გრან-პრის მფლობელი კი მიიღებს ერთკვირიან საგზურს ანტალიაში.

NEW YEAR FLYER GEORGIAN

„ეიფორია“ რამდენიმე საახალწლო პაკეტს გთავაზობთ, რომელთაგან შეგიძლიათ შეარჩოთ სასურველი შემოთავაზება:

Silver: მისასალმებელი კოქტეილი, ქართული სუფრა, შვიდი ტკბილეულის კუთხე, შამპანურის პირამიდა, გასაოცარი ფეიერვერკი და უამრავი პრიზი.
შემოთავაზებული ფასი: 50 ლარი ოფიციალური გადასახადების ჩათვლით.

Gold: მისასალმებელი კოქტეილი, ქართული სუფრა, შვიდი ტკბილეულის კუთხე, ულიმიტო გამაგრილებელი სასმელები, ულიმიტო ქართული ღვინო, არაყი და შამპანურის პირამიდა, გასაოცარი ფეიერვერკი და უამრავი პრიზი.
შემოთავაზებული ფასი: 90 ლარი ოფიციალური გადასახადების ჩათვლით.

VIP Lounge: მისასალმებელი კოქტეილი, ქართული სუფრა, შვიდი ტკბილეულის კუთხე, ულიმიტო გამაგრილებელი სასმელები, ულიმიტო ქართული ღვინო და არაყი, შამპანურის პირამიდა, გასაოცარი ფეიერვერკი და უამრავი პრიზი.

შემოთავაზებული ფასი: 10 პერსონაზე 1500 ლარი ოფიციალური გადასახადების ჩათვლით.

ადგილების დასაჯავშნად დაგვირეკეთ ტელეფონის ნომრებზე:

 577 15 69 18, 577 15 69 19, 577 15 69 20.

ან მოგვწერეთ: reservation.batumi@euphoriahotels.com
მისამართი: ბათუმი, ახალი ბულვარი, მწვანე ქუჩის N1

www.batumi.euphoriahotels.com

სასტუმრო „ეიფორია ბათუმი“ გთავაზობთ კეთილმოწყობილ ნომრებსა და მდიდრულ საპრეზიდენტო აპარტამენტებს. სასტუმროში სულ 415 სასტუმრო და 108 საცხოვრებელი ნომერია.

euforia vebნომრები თანამედროვე სტილისაა, კონდიცირებული და ბგერაშეუღწევადი. ოთახები აღჭურვილია თხევადკრისტალური LCD ტელევიზორით, მინიბარით, ყავა-ჩაის მადუღარა კომპლექტით, ტელეფონითა და სეიფით. აბაზანები აღჭურვილია საშხაპეებით, საპირფარეშოთი, ფენითა და სხვადასხვა უფასო პარფიუმერული და ჰიგიენური საშუალებებით.

სასტუმრო „ეიფორია ბათუმი-ს“ საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზები გაძლევთ უნიკალურ და გამორჩეულ შესაძლებლობებს ნებისმიერი სახის ღონისძიებისთვის. 1200 კვ/მ ფართობის საკონფერენციო დარბაზი შესაძლებელია გამოყენებული იქნას საბანკეტო დარბაზად. დარბაზები უახლესი ფონეტიკური საშუალებებითა და მაღალი სიჩქარის ინტერნეტითაა აღჭურვილი.

უსკომ უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი დადგენილებით განსაზღვრა

დღეს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიამ (უსკო) დადგენილებით განისაზღვრა, აჭარის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი, რომლის მიხედვითაც უსკო ვალდებულია, პროპორციული წესით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უმაღლესი საბჭოდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებისათანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს უმაღლესი საბჭოს წევრობის შესაბამის კანდიდატს მისი ადგილმონაცვლეობის შესახებ.

უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატმა კი კანონით დადგენილ ვადაში განცხადებით უნდა აცნობოს უმაღლეს საარჩევნო კომისიას უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის შესახებ თანხმობის ან უარის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი. ადგილმონაცვლის მიერ თანხმობის მიღების შემთხვევაში კი, უსკოს თავმჯდომარე განკარგულებით ცნობს მას ადგილმონაცვლედ და დაუყოვნებლივ აცნობებს აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოს.

გუშინ აჭარის უმაღლესმა საბჭომ, „პატრიოტთა ალიანსის“  ლიდერს, დავით თარხან-მოურავს  უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა. „დავით თარხან-მოურავმა უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი განცხადებით უსკო-ს 28 ნოემბერს მიმართა.

უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარი განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემაც, რომელიც  უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიის პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იყო.  თუ ლევან ვარშალომიძე უარს იტყვის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე, პარტიული სიით საბჭოს წევრი ასმათ დიასამიძე უნდა გახდეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძეს უმაღლესი საბჭოსთვის შესაბამისი განცხადებით ამ დრომდე  არ მიუმართავს.

კომისიებსა და ფრაქციებში მთავრობის შემადგენლობის განხილვის პროცედურები დაიწყო

აჭარის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს კომისიებსა და ფრაქციებში განხილვის პროცედურები დღეს არის ჩანიშნული. განხილვის პროცედურებს მინისტრობის ოთხივე კანდიდატი დაესწრება. აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიებს, ფრაქციებსა და ბიუროს საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის 111-ე მუხლის თანახმად, ამ საკითხზე მსჯელობისთვის ჯამში 7-დღიანი ვადა აქვთ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის შემადგენლობა შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში წარუდგინა, მან ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე რამაზ ბოლქვაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრად ლაშა კომახიძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ზაალ მიქელაძე, ხოლო განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ინგა შამილიშვილის კანდიდატურები შეარჩია.

მინისტრობის კანდიდატებიდან ორი ახალია. ზაალ მიქელაძე აქამდე ამავე სამინისტროს საყოველთაო დაზღვევის პროგრამის რეგიონალური კოორდინატორი იყო, ხოლო ინგა შამილიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად მუშაობდა.

მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებას, ამავე კანონმდებლობით, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება. მთავრობის შემადგენლობას რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს.

 

ქედაში ღამით -6 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღამით -6 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა. დიდთოვლობის დროს მუნიციპალიტეტში 15 ერთეული ტექნიკა მუშაობდა. ამ წუთებში თოვლის საფარისაგან საავტომობილო გზა იწმინდება ზედა მახუნცეთში. რაც შეეხება საუბნო გზებს, ქედის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 6-მდე ლოკაციაა დარჩენილი და უახლოეს პერიოდში, პირობებიდან გამომდინარე დაიწყება გზების გაწმენდა.

მუნიციპალიტეტის პრესცენტრის ცნობით, ქედის მუნიციპალიტეტში გზები ყველა მიმართულებითაა გაწმენდილი, მოძრაობა შესაძლებელია როგორც მაღალი გამავლობის, ასევე მსუბუქი ავტომობილებისთვის.

ამ დროისთვის ელექტროენერგია სრული დატვირთვით მიეწოდება მუნიციპალიტეტს. სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს ყველა საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში.

გაზის შეწყვეტის გამო აჭარის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს

გაზის შეწყვეტის გამო აჭარის მთავრობა განცხადებას ავრცელებს:  “თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები”.

16 დეკემბერს ღამის საათებში ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიული მდგომარეობა შეიქმნა, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდა ბათუმისა და ხელვაჩაურის 50 ათასამდე აბონენტს. დღის ბოლომდე აბონენტთა უმრავლესობას გაზის მიწოდება აღუდგება. სრული აღდგენა ხვალ, დღის პირველ ნახევარში დასრულდება. გაზის გათიშვამ საჯარო სკოლებში და ბაღებში შეფერხებები გამოიწვია.

ბათუმში მხოლოდ 3 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. ბათუმში 24 საჯარო სკოლაში, ხოლო ხელვაჩაურში 7 საჯარო სკოლაშია დროებით შეწყვეტილი სწავლა. სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა იმ სკოლეში, სადაც გათბობა ბუნებრივ აირზე არ არის დამოკიდებული.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, მათ გააჩნიათ გათბობის ალტერნატიული წყარო, თუმცა ბავშვების გამოუცხადებლობის გამო რამდენიმე ბაღში სასწავლო პროცესი დროებიტ შეწყვეტილია.

ამავე თემაზე: აჭარაში გაზის მიწოდება, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში აღდგება

აჭარაში გაზის მიწოდება, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში აღდგება

ბათუმსა და მთლიანად აჭარაში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 16 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში სრულად უნდა აღდგეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ უთხრეს. კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი „წნევის დაწევა გახდა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები“.

აჭარაში, მათ შორის ქალაქ ბათუმში, აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება წუხელ შეუწყდათ.

გაზის შეწყვეტის გამო დღეს ბათუმის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესიც შეწყდა.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ნატალია ზაქარეიშვილის ინფორმაციით, ბათუმის ყველა ბაღი გათბობისთვის იყენებს ელექტროღუმელს და სააღმზრდელო პროცესი ყველგან მიმდინარეობს: „უბრალოდ, არის ბაღები, სადაც მშობლებმა არ მიიყვანეს ბავშვები და შესაძლოა, ასეთი ბაღები დაიკეტოს. რამდენიმე ბაღს კი უკვე გაზიც მიეწოდება“.

ბათუმში გუშინ, 15 დეკემბერს, დღისით თოვდა, საღამოს კი თოვა შეწყდა და ტემპერატურა დაეცა. ქალაქში მოყინულია გზები.

ამავე თემაზე:

გაზის შეწყვეტის გამო აჭარის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს

შსს მოუწოდებს მოქალაქეებს პიროტექნიკის გამოყენებისას უსაფრთხოების წესები დაიცვან

შინაგან საქმეთა სამინისტრო, შობა-ახალი წლის დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენების თაობაზე რეკომენდაციით მიმართავს.

„სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, სიფრთხილით მოეკიდონ სადღესასწაულო ასაფეთქებელ საშუალებებს, გამოიყენონ ისინი ინსტრუქციის მიხედვით და მოარიდონ პიროტექნიკას არასრულწლოვანი პირები, რადგან აღნიშნული საშუალებების არასწორად გამოყენება ხშირად სავალალო შედეგებით – ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სრულდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, პიროტექნიკის გამოყენებისას მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები და გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობას“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დიდთოვლობა და გააქტიურებული მეწყერი – ვითარება აჭარის მუნიციპალიტეტებში

აჭარის მაღალმთიანეთში რამდენიმე დღეა დროგამოშვებით თოვს. გუშინ რეგიონის ზღვისპირა ზოლშიც გათოვდა.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები იწმინდება, ხოლო ელექტროენერგია ყველა აბონენტს მიეწოდება.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის განმარტებით, დილის საათებში თოვდა, მაგრამ ამ დროისთვის შეჩერებულია,  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებისა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით კი მიმდინარეობს ჭვანის ხეობის რამდენიმე სოფელში ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. „რაც შეეხება მარეთის ხეობაში ოლადაური-მაწყვალთა-კარაპეტის მიმართულებით, რადგან თოვლის საფარი ძალიან დიდია და სხვა ტრაქტორებს გაუჭირდათ მუშაობა, ამიტომ ჩვენ იქ ჩავრთეთ სატყეოს მაღალი გამავლობის ტრაქტორი“ –  ამბობს გამგებელი.

გამგებლის ინფორმაციით, მაწყვალთა-ოლადაური-კარაპეტის მხარეს თოვლის საფარი სამ მეტრს აღწევს.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით დუმბაძის თქმით,  ამ დროისთვის ადგილები, სადაც მეწყერი იყო ჩამოწოლილი, გაწმენდილია: „თუმცა გობრონეთის გზაზე არის დიდი ლოდი ჩამოვარდნილი, სავარაუდოდ აფეთქება დაჭირდება,  ჩვენ უახლოეს პერიოდში აღვადგენთ აღნიშნული მიმართულებით გზას.“

დავით დუმბაძის ინფორმაციით, ელექტროენერგია ქედის მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს უწყვეტად მიეწოდება.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნადიმ ვარშანიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის  საავტომობილო გზების გაწმენდა 5 ერთეული ტექნიკით მაჭახლის, ჩხუტუნეთის, კირნათის, თხილნარისა და სალიბაურის მიმართულებით მიმდინარეობს. დიდთოვლობის გამო საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია ორთაბათუმში, კერძოდ, ჭირნალას დასახლებაში, ზედა ახალშენსა და ხეღრუში.

„რაც შეეხება ელექტროენერგიას, ამ დროისთვის არ მიეწოდება ჩხუტუნეთის, ახალშენისა და ქვედა სამების მოსახლეობას. ადგილზე უკვე მობილიზებულია „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ბრიგადები და  მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სასწავლო პროცესი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 3 საჯარო სკოლაში: გორაში, ზემო ახალშენში და მახოში მოსწავლეების გამოუცხადებლობის გამო შეჩერდა. იმავე მიზეზით შეჩერდა ახალშენის, ზედა ახალშენის, ორთაბათუმისა და სალიბაურის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი,“ –  ამბობს ნადიმ ვარშანიძე. მისივე ინფორმაციით,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე 70-90 სმ აღწევს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 800-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. რაც შეეხება გზებს, ყველა მიმართულებით გაწმენდილია.

თოვლის საფარის მატებასთან ერთად შუახევისა  და ქედის მუნიციპალიტეტების სოფლებში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის  ინფორმაციით,  გუშინ, 14 დეკემბერს,  გეოლოგიურმა სამსახურმა შუახევში შეისწავლა მეწყრული ადგილები, შესაბამისი დასკვნები უახლოეს პერიოდში მომზადდება  და შესაძლოა, ორი ოჯახი მუნიციპალიტეტმა გადაიყვანოს უსაფრთხო ადგილზე.

„შევეცდებით, რომ ბიუჯეტიდან მათ ვუქირაოთ ბინა ან საცხოვრებელი სახლი, რათა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი მანამ, სანამ იქ არ იქნება ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებები,  რასაც ჩვენ გეოლოგიური სამსახური მიგვითითებს. ამ ორი ოჯახიდან ერთ – ერთი, დავითაძეების ოჯახი ცხოვრობს სოფელ ოქროპილაუში, მეორე, ნუგზარ დავითაძის ოჯახი კი – დაბაში,“ – ამბობს ტარიელ ებრალიძე.

ფოტო შუახევის გამგეობის ფეიბუქგვერდიდან
ფოტო შუახევის გამგეობის ფეისბუქგვერდიდან.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით დუმბაძის თქმით,   სოფელ გეგელიძეებში, დავით  ბერიძის საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოწვა, რამაც საფრთხე შეუქმნა ხუთსულიან ოჯახს. საცხოვრებელ სახლებთან მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ გობრონეთსა  და კვაშტაშიც.  „აღნიშნულ ოჯახებს გადავიყვანთ დროებით უსაფრთხო ადგილზე და საჭიროების შემთხვევაში გადავუხდით ქირას,“ – ამბობს ქედის გამგებელი დავით დუმბაძე.

ფოტო ქედის გამგეობის ფეიბუქგვერდიდან
ფოტო ქედის გამგეობის ფეისბუქგვერდიდან.

 

 

დავით თარხან-მოურავს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსი შეუწყდა

დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ, „პატრიოტთა ალიანსის“  ლიდერს, დავით თარხან-მოურავს  უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა.

გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა 16 ხმით მიიღეს. კენჭისყრისას წინააღმდეგი მხოლოდ ორი დეპუტატი – ცოტნე ანანიძე და გია აბულაძე აღმოჩდნენ. საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარადგინა.

მისი განმარტებით, „დავით თარხან-მოურავმა უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი განცხადებით უსკო-ს 28 ნოემბერს მიმართა.  მისი ანალოგიური განცხადება, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში შემოვიდა, 30 ნოემბრით თარიღდება და ის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის სახელზეა“.

დავით თარხან-მოურავის ნაცვლად უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეორე ნომერი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი უნდა შევიდეს, თუმცა მისი უფლებამოსილების ცნობისთვის შესაბამისი წერილი [თარხან-მოურავის მონაცვლეობის შესახებ] უმაღლეს საბჭოში უსკომ უნდა წარადგინოს. უსკოს კი თავის მხრივ უმაღლესმა საბჭომ უნდა მიმართოს, რომ დავით თარხან-მოურავს უფლებამოსილება შეუწყდა.

უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარი განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემაც, რომელიც  უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიის პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იყო.  თუ ლევან ვარშალომიძე უარს იტყვის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე, პარტიული სიით საბჭოს წევრი ასმათ დიასამიძე უნდა გახდეს.

ნინო ჩხეტიას თქმით, ლევან ვარშალომიძეს შესაბამისი განცხადებით უმაღლესი საბჭოსთვის ამ დრომდე არ მიუმართავს.

15 დეკემბრის პლენარული სხდომით აჭარის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია დაიხურა. უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობისა თუ მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის დასამტკიცებლად საგანგებო სხდომებზე შეიკრიბება.

თოვლი „ოცნების ქალაქში“ [ფოტო]

როინ გუნდაძის ფოტორეპორტაჟი „ოცნების ქალაქიდან“ / 15.12.2016

„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016
„ოცნების ქალაქი“ / 15.12.2016

 

შეამცირებს თუ არა ადმინისტრაციულ ხარჯებს აჭარის მთავრობა

აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, ჯამში 6 მილიონი ლარით იზრდება, ხარჯები კი – 14 მილიონით. უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის დასკვნით, მომავალი წლისთვის საბიუჯეტო ორგანიზაციებში ადმინისტრაციული ხარჯებია გაზრდილი და მხარჯავმა დაწესებულებებმა ისინი უნდა შეამციროს. ბიუჯეტის პროექტის ჩასწორებულ ვარიანტს მთავრობა უმაღლეს საბჭოს უახლოეს დღეებში წარუდგენს.

აჭარის მთავრობას უმაღლესი საბჭოდან უკვე შეახსენეს, რომ აჭარის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის თხოვნა, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების თაობაზე.

საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2015 წელს მასზე დაქვემდებარებულ უწყებებს დაავალა, ხოლო დანარჩენებს [მათ შორის იმ დაწესებულებებს, რომლებიც აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან] სთხოვა, რომ „ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის პრინციპები გაითვალისწინონ 2017 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროსაც“.

„საქართველოს მთავრობის განკარგულება მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც არა მარტო ავტონომიურ რესპუბლიკას, არამედ ყველა ე.წ. „მხარჯავ დაწესებულებას“ ეხება ქვეყანაში. როგორც კომისიის თავმჯდომარე, როცა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის კანდიდატურის განხილვა იქნება უმაღლეს საბჭოში, ამ საკითხზე უფრო დეტალურად ვისაუბრებ ცხადია. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, გეტყვით, რომ ამ შენიშვნას, რაც წინა მოწვევის საბჭოს იურიდიულმა კომისიამ შეიმუშავა, ვიზიარებ, მით უმეტეს, თუ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ. ამასთან, კომისიის შენიშვნა სამართლებრივადაც გამყარებული იყო, ვგულისხმობ მთავრობის 2015 წლის შესაბამის განკარგულებას,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ჩხეტიამ.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სამომავლოდ აუცილებლად უნდა გაიზარდოს სარეზერვო ფონდი. ამასთან, ვინაიდან, პროგრამების შესრულების მაჩვენებელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან დაბალია, „სამინისტროს და მხარჯავ დაწესებულებებს მოუწევთ მეტი მუშაობა, რათა თანხები ამ კუთხით ზუსტად გადაანაწილონ“.

ნინო ჩხეტიას თქმით, ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს საშუალება გაცილებით მეტი ტრანსფერი გადაურიცხოს აჭარის მუნიციპალიტეტებს: „თუმცა, როგორც ჩანს, თვითმმართველობები ადგილზე ვერ ასაბუთებენ თუ რა პროექტებისთვის სჭირდებათ თანხა, შესაბამისად, მთავრობამ ამ კუთხითაც უნდა იმუშაოს მათთან.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, უკვე მქონდა კონსულტაციები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან და აბსოლუტურად ყველა უწყებაში ფაქტობრივად არის გადაწყვეტილება ამ ხარჯების შემცირებაზე.

შესაძლოა ეს არ აისახოს ხელფასებზე, მაგრამ შემცირდეს სხვა ხარჯები. კონკრეტულად როგორ აისახება ეს ბიუჯეტში, მონაცემები გვექნება, როცა პროექტი უკან, უმაღლეს საბჭოში დაგვიბრუნდება“.

„უმაღლესი საბჭოდან მიღებული შენიშვნები უკლებლივ ყველა მხარჯავ დაწესებულებაშია გადაგზავნილი. მათგან პასუხებს ეტაპობრივად ვიღებთ. ვინ რამდენს დატოვებს მოთხოვნას, მათ შორის ადმინისტრაციული ხარჯებისთვის და ვინ როგორ დაასაბუთებს ამ მოთხოვნას, ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება, როცა ყველა დაწესებულებიდან მივიღებთ მონაცემებს,“ – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ითხოვს ოპოზიციაც. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობამ ამ გზით „მიღებული ეკონომიები უნდა გამოიყენოს შეთავაზებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ“.

ბათუმის მერია: ქალაქში თოვლს პრობლემები არ შეუქმნია

ბათუმის მერიის განცხადებით, ბათუმში თოვლს პრობლემები არ შეუქმნია, მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები კი 24- საათიან რეჟიმში მუშაობენ.

„თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა. ამჟამად მიმდინარეობს ტროტუარების გაწმენდა. ასევე ხორციელდება დათოვლილი მცენარეების ჩამოფერთხვის ღონისძიებები. ხეების ჩამოფერთხვა, საჭიროებისამებრ, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამ დროისთვის გაწმენდილია ზღვაში შემავალი ყველა სანიაღვრე არხი. გაწმენდილია სანიაღვრე ცხაურების ზედაპირებიც. შეუფერხებლად გადაადგილდება მუნიციპალური ტრანსპორტი,“ – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში გუშინ საღამოს გათოვდა. ქალაქში ამ წუთებშიც თოვს. თოვლის საფარი 5-10 სმ-ს აღწევს.

ამავე თემაზე:

როგორ ემზადება მერია ზამთრისთვის

 

ბათუმი, 15.12.2016
ბათუმი, 15.12.2016

 

ახალი კადრები უმაღლეს საბჭოში

წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოს კომპეტენციის ნაკლებობას საყვედურობდნენ. ასევე ამბობდნენ, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს კვალიფიციურ მომსახურებას  ვერც აპარატებში დასაქმებული საჯარო მოხელეები უწევდნენ. „ბათუმელები“ დაინტერესდა რა გამოცდილება აქვთ მათ, ვინც ახალმა უმაღლესმა საბჭომ უკვე შეარჩია.

აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიებისა და ფრაქციების აპარატების თანამშრომლები ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე თანამდებობებიდან ავტომატურად გათავისუფლდნენ. ბევრიც, ჯერჯერობით, თანამდებობას ინარჩუნებს. უმაღლესი საბჭოს კომისიების ხელმძღვანელებს, ასევე ფრაქციებს, აქვთ უფლება თავიანთ საკურატორო სფეროებში სპეციალისტები თავად მოიწვიონ. აპარატების დაკომპლექტების პროცესი უმაღლეს საბჭოში ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა რამდენიმე თანამდებობაზე ახალი კადრი მუშაობას უკვე შეუდგა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, თავისი კაბინეტის უფროსად ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი ზაურ ახვლედიანი დანიშნა. უმაღლეს საბჭოში გადასვლამდე მან საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მოიხსნა და უარი თქვა ასევე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ნებართვების გაცემის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ზაურ ახვლედიანმა ჯერ „რესპუბლიკური“ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, შემდეგ კი პარტია.

დავით გაბაიძე ადასტურებს, რომ ზაურ ახვლედიანი მისი თანაკურსელი და მეჯვარეა: „ოცნების“ სიაში ჩემი ჩაწერის შემდეგ ზაურს პარტიაში უხერხულობა ჰქონდა და ეს გაცხადებული ჰქონდა კიდევაც.“

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს თავისი კაბინეტის უფროსად მეგობრის შერჩევა „უხერხულობას არ უქმნის“, რადგან ის დარწმუნებულია, რომ ზაურ ახვლედიანს შესაბამისი ცოდნა აქვს. „ნამდვილად მინდა ისეთი კადრები, რომლებიც იმ ყველაფრის შეცვლაში დამეხმარებიან, რისი შეცვლაც მსურს. ბათუმში თუ ვინმე, ერთი კაცი მაინც ფიქრობს, რომ მას არ აქვს შესაბამისი კომპეტენცია, თავს უხერხულად ვიგრძნობდი, მაგრამ მეც ამ ქალაქში ვცხოვრობ და ვიცი, როგორი წარმოდგენა აქვს ამ პიროვნებაზე საზოგადოებას,“ – ამბობს  დავით გაბაიძე.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თავის კაბინეტში დაასაქმა ასევე ირინე ბერიძე, ის ინგლისური ენის სპეციალისტია და აქვს როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილება. ირინე ბერიძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ოფიციალურ შეხვედრებზე თარჯიმნობას უწევს.

საკრებულოდან უმაღლეს საბჭოში გადაინაცვლა ასევე იურისტმა ბაკურ ბოლქვაძემ. ის ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის აპარატის უფროსად დაინიშნა.

უმაღლესი საბჭოს აპარატს ისევ რამაზ ბოლქვაძე ხელმძღვანელობს, თანამდებობა მისმა მოადგილემ რომან ბოლქვაძემაც შეინარჩუნა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ თუ აპარატის უფროსის თანამდებობაზე უკეთესი კანდიდატურა გამოჩნდება, რამაზ ბოლქვაძემ შესაძლოა მოადგილის პოზიციაზე გადაინაცვლოს:

„პირველივე დღეს გარანტირებულად არ ვიცოდი, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გავხდებოდი. აქედან გამომდინარე ვერ გეტყვით, რომ ბევრი მქონდა ნაფიქრი იმაზე, როცა დამხვდებოდა ამდენი თავისუფალი ვაკანსია, ვინ სად უნდა დამენიშნა. თუ არ იქნება რამაზ ბოლქვაძე, მასზე უკეთსი მენეჯერული უნარების მქონე ადამიანზე უნდა ვიფიქროთ“.

თავმჯდომარეს აქვს უფლება დანიშნოს უმაღლესი საბჭოს სამი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე აპარატის უფროსი და მისი მოადგილეები. აპარატების სპეციალისტებით დაკომპლექტება კი აპარატის უფროსის პრეროგატივაა. მას შეუძლია დანიშნოს და გაათავისუფლოს აპარატის სპეციალისტები.

საფინანსო-საბიუჯეტი კომისია გიორგი რომანაძემ ჩაიბარა. ის პროფესიით ეკონომისტია და იყო ქობულეთის გამგებელიც. მისი თქმით, ეს თანამდებობა  მეგობარმა, არჩილ ხაბაძემ შესთავაზა. 2014 წლიდან გიორგი რომანაძე აჭარის გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. აპარატი, რომელიც მის კომისიას უნდა დაეხმაროს, ქობულეთის გამგებლის უკვე ყოფილ მოადგილეს, ირაკლი ცეცხლაძეს ჩააბარეს. ის პროფესიით ეკონომისტია და ქობულეთის გამგეობაშიც საბიუჯეტო საკითხებს კურირებდა.

საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნა რუსუდან ბასკურიძე. კომისიის თავმჯდომარის, ნინო ჩხეტიას თქმით, რუსუდან ბასკურიძე ადვოკატია და მას სამოქალაქო სამართლის მომართულებით მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს.

„თანაშემწეც კი, რომელსაც აბსოლუტურად სხვა მოვალეობები აქვს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტი ავიყვანე. სხვაგვარად ამ კომისიის აპარატი არ წარმომიდგენია“, – ამბობს ნინო ჩხეტია.

საორგანიზაციო და საქმის წარმოების დეპარტამენტი გიორგი ბერიძეს, საერთო დეპარტამენტი კი თამაზ სალუქვაძეს ჩააბარეს.

ვაკანტურია იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა. დავით გაბაიძის თქმით, მან ამ თანამდებობაზე მუშაობა რამდენიმე ნაცნობ იურისტს შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო: „ბევრს არ უნდა საჯარო სამსახურში მუშაობა. ეს მათი არჩევანია. იყო პერიოდი, როცა მეც უარს ვამბობდი საჯარო სამსახურზე, თვითმიზანი არ არის ჩანაცვლება. წამსვლელმა უნდა იგრძნოს, რომ მასზე კვალიფიციური მოვიდა. ორმოცი წლის ასაკში დავასრულებ მე ჩემს უფლებამოსილებას, თუ მანამდე არ მომიწია. 40 წლის მერეც ვაპირებ მუშაობას და არ მინდა ისეთი რაღაცები გვაკეთო, რომ კიდევ ოცი წელი საყვედურები ვისმინო“, – ამბობს დავით გაბაიძე.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ აჭარის უმაღლეს საბჭოში სამი ფრაქცია შექმნა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნა მოახერხა. კომისიებთან ერთად ამ ფრაქციებმა უნდა მოამზადონ კანონპროექტები, რომლებსაც შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებს. ფრაქციებში თითო მოწვეული სპეციალისტი იმუშავებს.

როგორ ემზადება მერია ზამთრისთვის

არის თუ არა ქალაქი მზად ზამთრისთვის, როგორია მერიის გეგმები? ამ და სხვა დეტალებზე „ბათუმელებთან“ ბათუმის მერის მოადგილემ, ბაგრატ მანველიძემ ისაუბრა.

–  ბატონო ბაგრატ, იმ შემთხვევაში, თუკი ქალაქში ისევ მოვა უხვი ნალექი, შეძლებს თუ არა მერია დროულად ქუჩების გაწმენდას?

– 300 ტონა ტექნიკური მარილია შესყიდული, რომელიც მთელ ქალაქზეა გათვლილი. თოვლის მოსვლის შემთხვევაში, მარილი ყველა ქუჩაზე დაიყრება.

გასულ წელს თოვლის გამწმენდმა მანქანებმა დააზიანა ქვაფენილები, რის გამოც მეეზოვეებს მოუხდათ ქუჩების ნიჩბებით გაწმენდა. ხომ არ შეუძენია მერიას ისეთი ტექნიკა, რომელიც ქვაფენილს დაზიანების გარეშე გაწმენდს?

– ეს საკითხი განვიხილეთ კიდევ ერთხელ, „სანდასუფთავებას“ აქვს შეძენილი სპეციალური ტექნიკა, რომელიც წმენდს ქუჩებს თოვლისგან. ამ თვეში შევიძინეთ ორი ერთეული ტექნიკა, რომელიც კომბინირებულია, დამატებით ოთხი თოვლსაწმენდია კიდევ შეძენილი, ხუთი ე.წ. სპეციალური დანა შევიძინეთ, რომელიც ნაგვის მანქანებზე დამაგრდება და ტექნიკური მარილის მომბნევი ოთხი მანქანაა შეძენილი. თოვლის გადამყრელი მანქანები აპრობირებულია და ვფიქრობ, ქვაფენილს არ დააზიანებს. სხვანაირი ტექნიკა არ არსებობს. ამ ტექნიკის შეძენაზე მილიონამდე ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, კიდევ ველოდებით ორი `კამაზის~ ტიპის თოვლსაწმედს, რომლებიც იანვრის დასაწყისში შემოვა. დამატებითი საჭიროებისთვის გათვალისწინებული გვაქვს 600 ათასი ლარი და თუკი დაგვჭირდა, გამოვაცხადებთ ტენდერს ტექნიკის შესყიდვაზე.

რა ტიპის ტექნიკა შეიძლება დაგჭირდეთ და რა შემთხვევაში, რადგან როგორც მეუბნებით, თოვლსაწმენდი ტექნიკა საკმარისია.

– იმ შემთხვევაში, თუკი სტიქიური მოვლენები განვითარდება უხვი ნალექის გამო, შესაძლებელია დაგვჭირდეს დამატებითი ტექნიკის დახმარება. ასეთი შემთხვევებისთვის გვაქვს ტექნიკის დასაქირავებელი თანხა გათვალისწინებული.

სარეზერვო ფონდი თუ აქვს მერიას გამოყოფილი და რამდენი ლარია გათვალისწინებული?

– თუ არ ვცდები, 50 ათასი ლარია ფონდში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია გამოვყოთ თანხა.

გასულ წელს დიდთოვლობის შედეგად ბევრი მწვანე ნარგავი დაზიანდა. მოხალისეები ცდილობდნენ ხეების თოვლისგან გათავისუფლებას და მერიას არ აღმოაჩნდა რესურსი, რომ ხეები დროულად გაწმენდილიყო თოვლისგან. წელს თუ გაქვთ რაიმე გეგმა შემუშავებული?

–  ხეები, რომლებიც გასასხლავი იყო, გაზაფხულზე გაისხლა. რისი აკვრაც შეიძლებოდა, აკრულია. მომარაგებულია ბამბუკის ჯოხები, რომლებიც გამწვანების სამსახურმა შეიძინა და დიდთოვლობის შემთხვევაში მოხდება ხეების ჩამოფერთხვა. შრომითი რესურსები გვაქვს და იმედია, მოქალაქეებიც გამოიჩენენ აქტიურობას და დაგვეხმარებიან საჭიროების შემთხვევაში.

მეეზოვეებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, თოვლისგან ტროტუარებს ისინი წმენდენ ყოველ წელს, მათ დამატებითი გასამრჯელო ეძლევათ ამისთვის, თუ დამატებით, უსასყიდლოდ უწევთ ამ სამუშაოს შესრულება?

– არსებობს სპეციალური განკარგულება პრემიებზე, რომელიც გაიცემა ტროტუარების გაწმენდის შემთხვევაში, მაგრამ ყველა კომერციული დაწესებულება ვალდებულია მის წინ მდებარე ფართობი თავისი ძალებით გაწმინდოს. ჩვენ არ ვართ ვალდებული, რომ ამაზე დამატებითი რესურსები ვხარჯოთ. ამიტომ, მოვუწოდებ კომერციულ დაწესებულებებს, იქნება ეს კაფე, მაღაზია თუ სხვა ობიექტი, მათ წინ მდებარე ტროტუარები გაწმინდონ. ვალდებულებიც რომ  არ იყვნენ, ადამიანური ფაქტორია და ქალაქის სიყვარულია და სახალისოც არის. თუ არ გაწმენდენ, იძულებული ვიქნებით დამატებითი თანხები გავიღოთ, რაც ძალიან ცუდია.

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მომწოდებელ კომპანიებთან თუ გქონდათ შეხვედრა, როგორია მათი მზაობა და ხომ არ არის მოსალოდნელი გაზის ან ელექტროენერგიის გათიშვა თოვლის მოსვლის შემთხვევაში?

–  გვქონდა შეხვედრები და სადაც მოგვმართა ენერგოკომპანიამ კაბელების გამოცვლასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემაზე, ყველაზე მიღებული აქვს ნებართვა. აქედან ჩანს, რომ ემზადებიან ზამთრისთვის. დღეში ათ ნებართვას მაინც ვაძლევთ. ჩვენ გვეუბნებიან, რომ მზად არიან. გარე განათების ბოძებიც დავიარეთ და გამოვცვალეთ ნათურები, შეიღება ბოძები და მონიტორინგიც ყოველდღე მიმდინარეობს.

ბათუმი / 15.12.2016
პირველი თოვლი ბათუმში / 15.12.2016
ბათუმი / 15.12.2016
ბათუმი / 15.12.2016

აჭარაში ორი მინისტრი იცვლება – ზურაბ პატარაძემ კანდიდატები დაასახელა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე მან ინგა შამილიშვილი წარადგინა, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პრორექტორი.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე  მთავრობის თავმჯდომარემ ზაალ მიქელაძის კანდიდატურა წარადგინა.

თანამდებობაზე რჩება აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, რომელიც ბოლო წლების მანძილზე გაეროს განვითარების პროგრამის პროექტების მენეჯერი იყო აჭარაში.

არ შეიცვლება არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ამ პოსტზე რამაზ ბოლქვაძე რჩება, რომელსაც ამავე სამინისტროში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს.

 

 

მძღოლების საპროტესტო აქცია ბათუმში

ატომობილების შეძენაზე აქციზის დაწესება და საწვავზე ფასების მატება ბათუმში ათამდე ავტომობილის მძღოლმა გააპროტესტა. ისინი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ჩართული სიგნალის ფონზე, რუსთაველის ქუჩის გავლით აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ.

„აქციზის საფასურის გაზრდა ავტომობილების იმპორტს შეამცირებს. ამას გარდა, მანქანებზე გადასახადი რომ იქნება, მისი შენახვა უფრო ძვირი დაგვიჯდება“, – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა ასამბაძემ.

აქციას ესწრებოდა ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძეც: „მიუხედავად დღევანდელი უამინდობისა, მოხარული ვარ, რომ ბათუმში გამოჩნდა საზოგადოების ნაწილი და განსაკუთრებით ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებმაც ისედაც გაუსაძლისი და გაუარესებული ცხოვრების პირობების მიუხედავად,  ვგულისხმობ გაძვირებას, გამოხატეს ინიციატივა, გამაფრთხილებელი აქცია ამ ფორმით ჩაეტარებინათ.“

აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობის სახლთან უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბება, თუკი ხელისუფლება მოსახლეობის პროტესტს უყურადღებოდ დატოვებს.

მერია ბულვარზე უარს არ ამბობს, მაგრამ არც იბრუნებს

მერია ბათუმის ბულვარს მართვაში არ იბრუნებს, ამის მიზეზად კი ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სასამართლო დავებს ასახელებს. ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის ინიციატორი რატომღაც არა ბათუმის მერი ან მერიაა, არამედ საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქცია. სხდომაზე საკითხის წარდგენისას საკრებულოს იურისტს არ ჰქონდა არგუმენტირებული პასუხები კითხვაზე, რატომ ვერ შეძლებს ბულვარის საქმეების გაგრძელებას მერიის „აიპი“, რომელიც სპეციალურად ბულვარის სამართავად შექმნეს.

ბათუმის მერის, ასევე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების მოსაზრებით, უმჯობესია მერიამ ბულვარი მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ გადაიბაროს აჭარის ფინანსთა სამინისტროსგან. ამის შესახებ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა საკრებულოს სხდომაზე განმარტა:

„გახსოვთ თქვენ, თუ რამ გამოიწვია ჩვენი აღშფოთება, მათ შორის ჩემიც. ეს იყო გასული წლიდან დაწყებული პროექტი, რომელიც შეთანხმდა ბათუმის მუნიციპალიტეტთან და კაპიტალური პროექტების განხორციელებას ითვალისწინებდა, რაც არ ცვლიდა ბულვარის სტრუქტურას. იქ არ იყო გათვალისწინებული მესამე ხეივნის გაუქმება. ამან გამოიწვია ჩვენი სამართლიანი აღშფოთება და ზუსტად ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2016 წლის ბოლოს შეგვექმნა აიპი ბულვარის სამართავად, მაგრამ როდესაც მე ორი დღის წინ დავინტერესდი ბულვარში მიმდინარე პროცესებით, მივიღე ინფორმაცია დაუმთავრებელი პროექტების შესახებ, როგორც ფინანსთა სამინისტროსგან, ასევე ბულვარის ადმინისტრაციისგან. ახლა იქ ე.წ. „ტყუპებიდან“ „კემპინსკამდე“ ალეების კეთილმოწყობითი სამუშაოები, ასევე `საოცრებათა პარკიდან~ იახტკლუბამდე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს მერიასთან შეთანხმებით. მივიღე განმარტება და ეს დაანონსებულიც იყო, რომ უნდა მოხდეს დავის საგნად ქცეული „რვაფეხას“ მთლიანად აღდგენა და რესტავრაცია. ეს არის დაუმთავრებელი პროექტები, რომელთა დასრულებაც აუცილებელია.“

გიორგი ერმაკოვმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გადაწყვეტილება ბულვარში მესამე ხეივნის გაუქმებაზე გასულ წელს მასთან შეთანხმებული არ ყოფილა და რომ „თავადაც სხვებივით იყო აღშფოთებული“, თუმცა, ბათუმის მერის საჯარო აღშფოთება ამ თემაზე საზოგადოებას არ ახსოვს.

მერს არ დაუკონკრეტებია, რატომ დაინტერესდა ბულვარში მიმდინარე პროექტებით მას შემდეგ, რაც 2017 წლის ბათუმის ბიუჯეტში, ბულვარის სამართავი აიპის დასაფინანსებლად 3 მილიონზე მეტი ლარი და ასამდე საშტატო ადგილი გაითვალისწინა, ან რატომ მიაჩნია მას ამ სამუშაოების გაგრძელება მერიის აიპის მიერ შეუძლებლად.

საკრებულოს იურისტის, სულიკო შვენთიძის განმარტებით, ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაგრძელება და სასამართლო დავები მერიას ახალი აიპისთვის რომ გადაებარებინა, ეს სამართლებრივად პრობლემებს არ შექმნიდა. ასე მიიჩნევენ საკრებულოს ის წევრებიც ოპოზიციიდან, რომლებმაც ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საკითხს მხარი არ დაუჭირეს. „ჯამში ეს დავები ეხება მხოლოდ 180 000 ლარის ღირებულების შეუსრულებელ სამუშაოებს,“ – ამბობს გიორგი კირთაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“.

რატომ გადაიფიქრა გიორგი ერმაკოვმა ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნება 2017 წელს, მისი უფლებამოსილების მიწურულს, როცა ამას ბათუმელი ამომრჩეველი ითხოვდა? ან რატომ იყო წარმოების შეწყვეტის ინიციატორი საკრებულოს ფრაქცია `ქართული ოცნება~ და არა თავად მერი? – ეს კითხვები გიორგი ერმაკოვს ვერ დავუსვით. ტელეფონს არც მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი გოგა ლომაძე პასუხობს. გარდა ამისა, ბათუმის მერიის პრესსამსახურმა რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად მერიაში ვერ გამონახა კომპეტენტური პირი, რომელიც ამ საკითხებზე „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხებდა.

არაოფიციალურად კი [მთავრობასთან დაახლოებული რამდენიმე ინფორმირებული პირის განმარტებით], გიორგი ერმაკოვი მართლა გეგმავდა ბულვარის მერიისთვის დაბრუნებას, საკრებულოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე შეეწინააღმდეგა. ასე იქცეოდა პატარიძის წინამორბედი არჩილ ხაბაძე და მისი მთავრობის აწ უკვე ყოფილი ფინანსთა მინისტრიც.

ზურაბ პატარაძემ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად ისაუბრა ბულვარის კონსერვაციის შესახებ ინიციატივაზე, მაშინ, როცა ქონების მეპატრონე ბათუმის მუნიციპალიტეტია და არა აჭარის მთავრობა.

ბათუმი ბულვარი, ცაგო კახაბერიძის ფოტო
ბათუმი ბულვარი, ცაგო კახაბერიძის ფოტო

ბულვარის მერიისთვის დაბრუნების საკითხს საკრებულოში „რესპუბლიკელებიც“ ითხოვდნენ, თუმცა ამჯერად მათ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას მხარი დაუჭირეს იმ პირობით, რომ შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭო, რომელშიც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შევლენ როგორც საკრებულოს წევრები, ასევე მერიის მოხელეები და ის პირები არასამთავრობო სექტორიდან, რომლებიც ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის პირვანდელი სახის შენარჩუნებას ითხოვენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილის აზრით, ბულვართან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება შემდგომში ამ საბჭოსთან უნდა შეთანხმდეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა სირაბიძემ საკრებულოს წევრებს პირობა მისცა, რომ მოიწვევდნენ ფინანსთა სამინისტროს საკრებულოში ამ საბჭოს შექმნის მიზნით. გადაწყვეტილება საკრებულომ 2 დეკემბერს მიიღო. ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროში მსგავსი საბჭო არ შექმნილა.

ერთი თვის წინ მერიამ ბათუმის საკრებულოს განსახილველად 2017 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი წარუდგინა, სადაც ბულვარისთვის 3 მილიონ 400 000 ლარი გაითვალისწინეს. ვიდრე ბულვარის დამცველები მსჯელობდნენ [ისინი გასულ ზაფხულს ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აპროტესტებდნენ], საკმარისი იქნებოდა თუ არა ბულვარის მოვლა-პატრონობისთვის ეს თანხა, მერმა გადაწყვეტილება შეცვალა და საკრებულოს ბულვარის დაბრუნებასთან დაკავშირებით თითქმის დასრულებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა სთხოვა.

ბათუმის საკრებულოს იურისტის, სულიკო შვენთიძის განმარტებით, ამის მიუხედავად მერია ბულვარზე უარს არ ამბობს: „უნდა შეირჩეს ოპტიმალური დრო და ხდება მხოლოდ გადავადება ერთი წლით“.

ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ზურაბ პატარიძე არ არის ისე სახიფათო ბულვარისთვის, როგორც არჩილ ხაბაძე იყო. ზოგიერთის მოსაზრებით კი, შარშან თითქოს მერიისთვის ბულვარის დაბრუნებით საზოგადოების ის ჯგუფი დააშოშმინეს, ვინც ბულვარში მესამე ხეივნის გაუქმებას აქციებით აპროტესტებდა.

„ახლა ჩემი პოზიცია არ არის ისეთი მწვავე, რადგან შეიცვალა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი და ეკონომიკის მინისტრი. საფრთხეს უფრო მთავრობის წინა ხელმძღვანელების პერიოდში ვხედავდი. ვგულისხმობ ხაბაძე-ბალაძეს, მითუმეტეს ახლა, როცა ახალმა თავმჯდომარემ დააანონსა, რომ ბულვარის კონსერვაციის გეგმაზე აპირებენ მუშაობას,“ – ამბობს ნანა მეგრელიძე, ჯგუფის – „დაიცავი ძველი ბულვარის“ წევრი.

განსხვავებული მოსაზრება აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელს. ასლან ჭანიძე მიიჩნევს, რომ წინა მთავრობის ხელმძღვანელებმა, ბათუმის მერმა და საკრებულომ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს:

„ყველას კარგად გვახსოვს ქალაქის მერის განცხადება ბულვართან დაკავშირებით. მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობა თანახმა იყო, რომ ბულვარი დაბრუნებოდა მერიას და ვადაც დაასახელა. დღეს კი სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ თავის დროზე საზოგადოება შეჰყავდათ შეცდომაში. ეს არის ძალიან ცუდი. როცა გაცხადებულ გადაწყვეტილებას ცვლი, ამის შესახებ საჯაროდ უნდა განაცხადო და აუხსნა საზოგადოებას, თუ რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება.“

ბათუმელი აქტივისტები უკვე წლებია ითხოვდნენ ფინანსთა სამინისტროსთვის ბულვარის მართვის უფლების ჩამორთმევას, რადგან ამ უწყებაში ბულვარს, არც თუ იშვიათად, განიხილავდნენ, როგორც საინვესტიციო, ანუ სამშენებლო ზონად.

ამავე თემაზე: 

აჭარის მთავრობა ბულვარში ბილიკის შესანარჩუნებლად ჩიხიდან გამოსავალს ეძებს

ბათუმის მერია: პროექტი არ ითვალისწინებდა ბულვარში ბილიკის გაუქმებას

#სამივე – აქცია ფეისბუქზე ბათუმის ბულვარის დასაცავად

პეტიცია ბათუმის ძველი ბულვარის დასაცავად

„არ შეუცვალოთ ძველ ბულვარს იერ-სახე” – მორიგი აქცია ბათუმში

15 დეკემბერს ქობულეთის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეუწყდება

15 დეკემბერს, 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2100 აბონენტს ქობულეთის მუნიციპალტეტის შემდეგ სოფლებში: კოხში, ჭახათში და ხუცუბანში, 11:00-დან 15:00 საათამდე კი – 977 აბონენტს ქობულეთის სოფელ კვირიკეში.

ინფორმაციას ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგია ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაითიშება.

ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია: ბათუმში 17 დეკემბერს ითოვებს

ბათუმში 17 დეკემბერს ითოვებს – გვითხრეს გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საღამოს 9 საათიდან ხვალ საღამომდე აჭარის მაღალმთიანეთში დროგამოშვებით ძლიერი თოვაა მოსალოდნელი. ამ პერიოდში მთაში ღამით – 8-13 გრადუსი ყინვა იქნება, დღისით 0-5 გრადუსი სითბო. სანაპირო ზოლში +2 – +7 გრადუსი სითბო დღისით, ხოლო ღამით – 0-5 გრადუსი.

ნალექიანი ამინდი აჭარაში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლეს საბჭოში ზურაბ პატარაძე დღეს წარადგენს

აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას აჭარის უმაღლესი საბჭო სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოს დაამტკიცებს. ვინ შეარჩია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრთა კაბინეტის წევრებად – დღეს გაირკვევა. მთავრობის აპარატში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ უმაღლეს საბჭოს წერილი უკვე გაუგზავნეს. ვინ ჩაწერა წერილში კანდიდატებად ზურაბ პატარაძემ, ამას მთავრობის აპარატი ამ დრომდე არ ასაჯაროვებს.

„წერილი ჯერჯერობით უმაღლესი საბჭოს კანცელარიაში არ დარეგისტრირებულა,“ – გვითხრა ნინო ჩხეტიამ, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ. მისი თქმით, უმაღლესი საბჭო, სავარაუდოდ, ისარგებლებს კანონით განსაზღვრული ერთკვირიანი ვადით და მთავრობის ახალი შემადგენლობა რიგგარეშე სესიაზე, მომავალი კვირის ბოლოსთვის დამტკიცდება. მთავრობის თავმჯდომარეს მინისტრების ახალი შემადგენლობის წარსაგენად დრო 19 დეკემბრამდე ჰქონდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, არ იცვლებიან სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მინისტრები.

12 დეკემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა, ინგა შამილიშვილმა დაგვიდასტურა, რომ მას განათლების მინისტრობა შესთავაზეს. მიმდინარე წლის ივნისში ინგა შამილიშვილს უნივერსიტეტში გამოფენილი რუსული დროშის გამო მოუხდა პასუხის გაცემა. 29 ივნისს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მემორანდუმი რუსეთის ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააფორმა. მემორანდუმის ამსახველი ფოტოები, სადაც რუსული დროშაც ჩანდა, უნივერსიტეტმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. „ეს არის ჩვეულებრივი, დიპლომატიური ეტიკეტი“, – ასე უპასუხა ინგა შამილიშვილმა მაშინ „ბათუმელებს“ რუსული დროშების შესახებ. კომენტარის მიღების შემდეგ, უნივერსიტეტმა ფოტოები წაშალა.

„ბათუმელების“ინფორმაციით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზაალ მიქელაძის კანდიდატურა განიხილება. თავად ზაალ მიქელაძემ ეს ინფორმაცია „ბათუმელებთან“ არ დაადასტურა. ზაალ მიქელაძე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორია აჭარაში.

ხვალ, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭო საშემოდგომო სესიას დახურავს. დღის წესრგით მხოლოდ ორი საკითხია განსახილველი: „პატრიოტთა ალიანსიდან“ უმაღლესი საბჭოს წევრის, დავით თარხან-მოურავისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა და წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი.

კურორტ გოდერძიმდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 14 დეკემბერს, თოვისა და ლიპყინულის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 87-კმ 106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 87-კმ 106, ეს არის გზის მონაკვეთი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულიდან, კურორტ გოდერძის სათხილამურო ტრასამდე. სათხილამურო ტრასიდან ახალციხის მიმართულებით მაგისტრალი [გოდერძის უღელტეხილი] ჩაკეტილია.

ანგიოქირურგია ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს თვიდან თვემდე სულ უფრო მეტი პაციენტი მიმართავს. ამ ჰოსპიტლის სამედიცინო სერვისებს შორის ანგიოქირურგიას განსაკუთრებული ადგილი უკავია. რა სერვისებს სთავაზობს ჰოსპიტალი პაციენტებს ისეთი მძიმე დაავადებების დროს, როგორიცაა: ათეროსკლეროზი, ანევრიზმა და სისხლძარღვთა სხვა პათოლოგიები – ამის შესახებ ჰოსპიტლის ანგიოქირურგი ლევან კოხრეიძე გვესაუბრა.

ლევან კოხრეიძე

– ბატონო ლევან, პირველ რიგში, რა დაავადებებს მოიცავს ანგიოქირურგია?

– ანგიოქირურგია დიდი დარგია და მოიცავს სისხლძარღვთა ყველა პათოლოგიას, გარდა, მკითხველისთვის გასაგებად რომ ვთქვათ, გულისა და გულიდან გამოსული ახლო სისხლძარღვების პათოლოგიებისა. დანარჩენ სისხლძარღვთა პათოლოგიებს მკურნალობს ანგიოქირურგია, იგივე – სისხლძარღვთა ქირურგია. ანგიოქირურგიაში ორი ძირითადი მიმართულება გამოიყოფა – ვენური და არტერიული პათოლოგიები. განსაკუთრებით ყურადსაღები და მნიშვნელოვანია არტერიული პათოლოგიები, რაც დაკავშირებულია ასაკთან, ათეროსკლეროზთან და მის გართულებებთან. თუნდაც ინფარქტი, ინსულტი, გამოწვეულია სისხლძარღვთა პათოლოგიით და ათეროსკლეროზით, მაგალითად, იგივე ინფარქტია კიდურის განგრენა, შესაბამისად, ეს პათოლოგიები არის ძალიან მძიმე.

ჩვენთან, აჭარაში, წინა წლების სტატისტიკის მიხედვით, წლის განმავლობაში კეთდებოდა კიდურის 100-150 ამპუტაცია, დღესდღეობით ეს ციფრი შემცირებულია მნიშვნელოვნად და 15, მაქსიმიმ 30 შემთხვევამდეა დასული. ამპუტაციის რაოდენების შემცირება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ და გამართულმა სამედიცინო კვლევებმა, სერვისმა გამოიწვია. ყველა ამ სამედიცინო სერვისის მიღება შესაძლებელია ჩვენთან, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში.

– კონკრეტულად, რა შეიცვალა ამ მიმართულებით?

– ჩვენი სტატისტიკა რომ გითხრათ, თანამედროვე ტექნოლოგიებით, ენდოვასკულარული ჩარევებით, გადავარჩინეთ დაახლოებით 50 პაციენტი ფეხის მოკვეთას ამ დღეებში და დაახლოებით ასი პაციენტი, რომლებიც ფეხის ამპუტაციის აუცილებლობის წინაშე დადგებოდნენ მოკლე ხანში. მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით ხუთი წლის წინ ასეთ შემთხვევებში მოხდებოდა ფეხის ამპუტაცია, დღეს კი, თანამედროვე ქირურგია გვაძლევს საშუალებას პაციენტს ფეხი შევუნარჩუნოთ.

შეიცვალა ქირურგიული ჩარევის სახე. ამჟამად ჩვენთან კეთდება ენდოვასკულარული (ოპერაციული მკურნალობა ღია ქირურგიული განაკვეთის გარეშე.) ჩარევა. ბევრ შემთხვევაში გაჭრაც კი არ ხდება, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შევდივართ სისხლძარღვში და შიგნიდან ვახდენთ მანიპულირებას, კედლების გაფართოებას, სტენტირებას, თრომბოლიზისს და ასე შემდეგ, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ აღვადგინოთ სისხლის მიმოქცევა. ასევე კეთდება ოპერაციები ღია მეთოდითაც, მაგალითად, როგორიცაა: შუნტირება, თრომბექტომია და ასე შემდეგ. ასევე, კეთდება ორივე ოპერაცია, ღია და დახურული. შედეგად ხდება სისხლის მიმოქცევის აღდგენა კიდურებში, რაც თავისთავად იწვევს მდგომარეობის გაუმჯობესებას და კიდურის შენარჩუნებას.

დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოსტიკას. დიაგნოსტიკა ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა კომპიუტერიული ანგიოგრაფია და სკანირება, გვაძლევს დიდ ინფორმაციას, რა ადგილას გვაქვს სისხლძარღვში პრობლემა და მარტივი გზით როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ადრე ეს კეთდებოდა პრაქტიკულად ბრმად, თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა საშუალებას, ნაკლები ტრავმით მივიღოთ კარგი შედეგი.

– რაც შეეხება ანევრიზმას, რა სიახლეებია ამ დაავადების მკურნალობაში?

– ანევრიზმა ვერაგი დაავადებაა. როგორც წესი, მისი აღმოჩენა ხდება ან შემთხვევით, ან გართულებულ შემთხვევაში, რადგან ის უსიმპტომოდ მიმდინარე პათოლოგიაა. ხშირ შემთხვევაში მისი აღმოჩენა მაშინ ხდება, როცა სისხლძარღვი სკდება და დიდი რაოდენობით სისხლი იკარგება, რადგან პაციენტს არ აწუხებს და არ მიმართავს ექიმს ჩივილებით. ან ხდება ისეც, რომ პაციენტმა შეიძლება მიმართოს რაღაც სხვა პათოლოგიის გამო ექიმს და გამოკვლევის დროს შემთხვევით აღმოჩნდეს ანევრიზმა. წლების წინ გამსკდარი ანევრიზმით პაციენტების თითქმის 90 პროცენტი იღუპებოდა, დღეს კი დაახლოებით 70 პროცენტის გადარჩენა ხერხდება. ჩვენთან გამსკდარი ანევრიზმის შემთხვევაშიც კეთდება ოპერაცია და ძირითადად, კარგი შედეგით სრულდება.

– რა ეტაპზე მოდიან თქვენთან პაციენტები სისხლძარღვების პათოლოგიებით?

– სხვადასხვა ეტაპზე, ეს დამოკიდებულია ადამიანზე. ზოგიერთი ცდილობს დროულად მიხედოს პრობლემას, ზოგიერთი საკმაოდ გვიან აკითხავს ექიმს, რაც თავისთავად იწვევს მკურნალობის გახანგრძლივებას და ზოგადად, შორს წასული პროცესის მკურნალობა უფრო ძნელია. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის მიმართავს პაციენტი ექიმს, რეფერალურიგანსაკუთრებით მწვავე შემთხვევებში. ახალგაზრდები ხშირად მოგვმართავენ ვენური პათოლოგიებით, განსაკუთრებით ორსულები, ხანდაზმულებში კი უფრო არტერიული პათოლოგიები გვხვდება. ყველა გამოკვლევა ხელმისაწვდომია ჩვენს კლინიკაში, ასევე, მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცალკეული პროგრამები და ქალაქის მერიის პროგრამაც. ასე, რომ პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი, მაღალი ხარისხის, კვალიფიციური მკურნალობა ანგიოქირურგიაში ჩვენთან გარანტირებულია.

სახლის სარდაფში დამარხული გვამის ამბავი

სოფელ ჭარნალში ალექსანდრე ფუტკარაძის საცხოვრებელი სახლის სარდაფში დამარხული ცხედარი გამოძიებამ გაზაფხულზე იპოვა. იმ დილით პოლიციაში ქალმა დარეკა. მან პოლიციელებს უთხრა, რომ სარდაფში გვამი მისმა მეუღლემ ორი დღის წინ დამარხა და მას არც არავინ მოძებნიდა, თუკი პოლიცია არ დაინტერესდებოდა. საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ გასულ კვირას დაასრულა.

„ისინი ერთმანეთისთვის ბიძაშვილ-მამიდაშვილი იყვნენ,“ – გვითხრა ალექსანდრე ფუტკარაძის ადვოკატმა, ბადრი ბერიძემ. გარდაცვლილი თემურ მაკარაძე წარსულში ცოლის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ოჯახში აღარ დაბრუნებულა და ახლო ნათესავთან, ალექსანდრესთან ცხოვრობდა. იმ საღამოს ნასვამ თემურსა და ალექსანდრეს უჩხუბიათ.

„ამ დაპირისპირების დროს თემურს დანა ჰქონია ხელში,“ – გვიყვება ადვოკატი ბადრი ბერიძე. – „მაგრამ ცემის დროს დანა დაუვარდა და იმის საფრთხე, რომ ვინმე დაეჭრა, აღარ არსებობდა… ამის მიუხედავად ალექსანდრემ აივანზე დააგდო და ცემა განაგრძო. მერე დამშვიდდა, წამოაყენა, სახე მობანა და საწოლში ჩააწვინა. დილით როცა შეიხედა, უკვე გარდაცვლილი დახვდა. შეშინდა და ცხედარი მაშინვე საკუთარი სახლის სარდაფში დამარხა. იმავე დღეს ალექსანდრე სხვა ქვეყნის მიმართულებით გაფრინდა…“

ალექსანდრე ფუტკარაძე ბელორუსში ჩასულა. ორ ქვეყანას შორის წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, ბრალდებული საქართველოში დაბრუნდა. ბრალის წარდგენისთანავე მან ჩადენილი დანაშაული აღიარა. მას განზრახ მკვლელობის ნაცვლად, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

58 წლის ალექსანდრე ფუტკარაძეს გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გამოუტანა. მას სასჯელის სახით 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მსჯავრდებული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

„მან აღიარა დანაშაული, თანამშრომლობდა გამოძიებასთან და ნებაყოფლობით მიიღო მონაწილოება საგამოძიებო ექსპერიმენტშიც. ფაქტობრივად, ყველა პირობა არსებობდა, რომ მისთვის მინიმალური სასჯელი მიეცათ,“ – მიიჩნევს ადვოკატი ბადრი ბერიძე.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება კანონმდებლობით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Exit mobile version