რეკლამა,სიახლეები

ანგიოქირურგია ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში

14.12.2016 • 8857
ანგიოქირურგია ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს თვიდან თვემდე სულ უფრო მეტი პაციენტი მიმართავს. ამ ჰოსპიტლის სამედიცინო სერვისებს შორის ანგიოქირურგიას განსაკუთრებული ადგილი უკავია. რა სერვისებს სთავაზობს ჰოსპიტალი პაციენტებს ისეთი მძიმე დაავადებების დროს, როგორიცაა: ათეროსკლეროზი, ანევრიზმა და სისხლძარღვთა სხვა პათოლოგიები – ამის შესახებ ჰოსპიტლის ანგიოქირურგი ლევან კოხრეიძე გვესაუბრა.

ლევან კოხრეიძე

– ბატონო ლევან, პირველ რიგში, რა დაავადებებს მოიცავს ანგიოქირურგია?

– ანგიოქირურგია დიდი დარგია და მოიცავს სისხლძარღვთა ყველა პათოლოგიას, გარდა, მკითხველისთვის გასაგებად რომ ვთქვათ, გულისა და გულიდან გამოსული ახლო სისხლძარღვების პათოლოგიებისა. დანარჩენ სისხლძარღვთა პათოლოგიებს მკურნალობს ანგიოქირურგია, იგივე – სისხლძარღვთა ქირურგია. ანგიოქირურგიაში ორი ძირითადი მიმართულება გამოიყოფა – ვენური და არტერიული პათოლოგიები. განსაკუთრებით ყურადსაღები და მნიშვნელოვანია არტერიული პათოლოგიები, რაც დაკავშირებულია ასაკთან, ათეროსკლეროზთან და მის გართულებებთან. თუნდაც ინფარქტი, ინსულტი, გამოწვეულია სისხლძარღვთა პათოლოგიით და ათეროსკლეროზით, მაგალითად, იგივე ინფარქტია კიდურის განგრენა, შესაბამისად, ეს პათოლოგიები არის ძალიან მძიმე.

ჩვენთან, აჭარაში, წინა წლების სტატისტიკის მიხედვით, წლის განმავლობაში კეთდებოდა კიდურის 100-150 ამპუტაცია, დღესდღეობით ეს ციფრი შემცირებულია მნიშვნელოვნად და 15, მაქსიმიმ 30 შემთხვევამდეა დასული. ამპუტაციის რაოდენების შემცირება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ და გამართულმა სამედიცინო კვლევებმა, სერვისმა გამოიწვია. ყველა ამ სამედიცინო სერვისის მიღება შესაძლებელია ჩვენთან, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში.

– კონკრეტულად, რა შეიცვალა ამ მიმართულებით?

– ჩვენი სტატისტიკა რომ გითხრათ, თანამედროვე ტექნოლოგიებით, ენდოვასკულარული ჩარევებით, გადავარჩინეთ დაახლოებით 50 პაციენტი ფეხის მოკვეთას ამ დღეებში და დაახლოებით ასი პაციენტი, რომლებიც ფეხის ამპუტაციის აუცილებლობის წინაშე დადგებოდნენ მოკლე ხანში. მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით ხუთი წლის წინ ასეთ შემთხვევებში მოხდებოდა ფეხის ამპუტაცია, დღეს კი, თანამედროვე ქირურგია გვაძლევს საშუალებას პაციენტს ფეხი შევუნარჩუნოთ.

შეიცვალა ქირურგიული ჩარევის სახე. ამჟამად ჩვენთან კეთდება ენდოვასკულარული (ოპერაციული მკურნალობა ღია ქირურგიული განაკვეთის გარეშე.) ჩარევა. ბევრ შემთხვევაში გაჭრაც კი არ ხდება, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შევდივართ სისხლძარღვში და შიგნიდან ვახდენთ მანიპულირებას, კედლების გაფართოებას, სტენტირებას, თრომბოლიზისს და ასე შემდეგ, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ აღვადგინოთ სისხლის მიმოქცევა. ასევე კეთდება ოპერაციები ღია მეთოდითაც, მაგალითად, როგორიცაა: შუნტირება, თრომბექტომია და ასე შემდეგ. ასევე, კეთდება ორივე ოპერაცია, ღია და დახურული. შედეგად ხდება სისხლის მიმოქცევის აღდგენა კიდურებში, რაც თავისთავად იწვევს მდგომარეობის გაუმჯობესებას და კიდურის შენარჩუნებას.

დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოსტიკას. დიაგნოსტიკა ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა კომპიუტერიული ანგიოგრაფია და სკანირება, გვაძლევს დიდ ინფორმაციას, რა ადგილას გვაქვს სისხლძარღვში პრობლემა და მარტივი გზით როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ადრე ეს კეთდებოდა პრაქტიკულად ბრმად, თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა საშუალებას, ნაკლები ტრავმით მივიღოთ კარგი შედეგი.

– რაც შეეხება ანევრიზმას, რა სიახლეებია ამ დაავადების მკურნალობაში?

– ანევრიზმა ვერაგი დაავადებაა. როგორც წესი, მისი აღმოჩენა ხდება ან შემთხვევით, ან გართულებულ შემთხვევაში, რადგან ის უსიმპტომოდ მიმდინარე პათოლოგიაა. ხშირ შემთხვევაში მისი აღმოჩენა მაშინ ხდება, როცა სისხლძარღვი სკდება და დიდი რაოდენობით სისხლი იკარგება, რადგან პაციენტს არ აწუხებს და არ მიმართავს ექიმს ჩივილებით. ან ხდება ისეც, რომ პაციენტმა შეიძლება მიმართოს რაღაც სხვა პათოლოგიის გამო ექიმს და გამოკვლევის დროს შემთხვევით აღმოჩნდეს ანევრიზმა. წლების წინ გამსკდარი ანევრიზმით პაციენტების თითქმის 90 პროცენტი იღუპებოდა, დღეს კი დაახლოებით 70 პროცენტის გადარჩენა ხერხდება. ჩვენთან გამსკდარი ანევრიზმის შემთხვევაშიც კეთდება ოპერაცია და ძირითადად, კარგი შედეგით სრულდება.

– რა ეტაპზე მოდიან თქვენთან პაციენტები სისხლძარღვების პათოლოგიებით?

– სხვადასხვა ეტაპზე, ეს დამოკიდებულია ადამიანზე. ზოგიერთი ცდილობს დროულად მიხედოს პრობლემას, ზოგიერთი საკმაოდ გვიან აკითხავს ექიმს, რაც თავისთავად იწვევს მკურნალობის გახანგრძლივებას და ზოგადად, შორს წასული პროცესის მკურნალობა უფრო ძნელია. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის მიმართავს პაციენტი ექიმს, რეფერალურიგანსაკუთრებით მწვავე შემთხვევებში. ახალგაზრდები ხშირად მოგვმართავენ ვენური პათოლოგიებით, განსაკუთრებით ორსულები, ხანდაზმულებში კი უფრო არტერიული პათოლოგიები გვხვდება. ყველა გამოკვლევა ხელმისაწვდომია ჩვენს კლინიკაში, ასევე, მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცალკეული პროგრამები და ქალაქის მერიის პროგრამაც. ასე, რომ პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი, მაღალი ხარისხის, კვალიფიციური მკურნალობა ანგიოქირურგიაში ჩვენთან გარანტირებულია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: