მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

დიდთოვლობა და გააქტიურებული მეწყერი – ვითარება აჭარის მუნიციპალიტეტებში

15.12.2016 • 3222
დიდთოვლობა და გააქტიურებული მეწყერი – ვითარება აჭარის მუნიციპალიტეტებში

აჭარის მაღალმთიანეთში რამდენიმე დღეა დროგამოშვებით თოვს. გუშინ რეგიონის ზღვისპირა ზოლშიც გათოვდა.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები იწმინდება, ხოლო ელექტროენერგია ყველა აბონენტს მიეწოდება.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის განმარტებით, დილის საათებში თოვდა, მაგრამ ამ დროისთვის შეჩერებულია,  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებისა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით კი მიმდინარეობს ჭვანის ხეობის რამდენიმე სოფელში ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. „რაც შეეხება მარეთის ხეობაში ოლადაური-მაწყვალთა-კარაპეტის მიმართულებით, რადგან თოვლის საფარი ძალიან დიდია და სხვა ტრაქტორებს გაუჭირდათ მუშაობა, ამიტომ ჩვენ იქ ჩავრთეთ სატყეოს მაღალი გამავლობის ტრაქტორი“ –  ამბობს გამგებელი.

გამგებლის ინფორმაციით, მაწყვალთა-ოლადაური-კარაპეტის მხარეს თოვლის საფარი სამ მეტრს აღწევს.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით დუმბაძის თქმით,  ამ დროისთვის ადგილები, სადაც მეწყერი იყო ჩამოწოლილი, გაწმენდილია: „თუმცა გობრონეთის გზაზე არის დიდი ლოდი ჩამოვარდნილი, სავარაუდოდ აფეთქება დაჭირდება,  ჩვენ უახლოეს პერიოდში აღვადგენთ აღნიშნული მიმართულებით გზას.“

დავით დუმბაძის ინფორმაციით, ელექტროენერგია ქედის მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს უწყვეტად მიეწოდება.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნადიმ ვარშანიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის  საავტომობილო გზების გაწმენდა 5 ერთეული ტექნიკით მაჭახლის, ჩხუტუნეთის, კირნათის, თხილნარისა და სალიბაურის მიმართულებით მიმდინარეობს. დიდთოვლობის გამო საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია ორთაბათუმში, კერძოდ, ჭირნალას დასახლებაში, ზედა ახალშენსა და ხეღრუში.

„რაც შეეხება ელექტროენერგიას, ამ დროისთვის არ მიეწოდება ჩხუტუნეთის, ახალშენისა და ქვედა სამების მოსახლეობას. ადგილზე უკვე მობილიზებულია „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ბრიგადები და  მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სასწავლო პროცესი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 3 საჯარო სკოლაში: გორაში, ზემო ახალშენში და მახოში მოსწავლეების გამოუცხადებლობის გამო შეჩერდა. იმავე მიზეზით შეჩერდა ახალშენის, ზედა ახალშენის, ორთაბათუმისა და სალიბაურის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი,“ –  ამბობს ნადიმ ვარშანიძე. მისივე ინფორმაციით,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე 70-90 სმ აღწევს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 800-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. რაც შეეხება გზებს, ყველა მიმართულებით გაწმენდილია.

თოვლის საფარის მატებასთან ერთად შუახევისა  და ქედის მუნიციპალიტეტების სოფლებში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის  ინფორმაციით,  გუშინ, 14 დეკემბერს,  გეოლოგიურმა სამსახურმა შუახევში შეისწავლა მეწყრული ადგილები, შესაბამისი დასკვნები უახლოეს პერიოდში მომზადდება  და შესაძლოა, ორი ოჯახი მუნიციპალიტეტმა გადაიყვანოს უსაფრთხო ადგილზე.

„შევეცდებით, რომ ბიუჯეტიდან მათ ვუქირაოთ ბინა ან საცხოვრებელი სახლი, რათა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი მანამ, სანამ იქ არ იქნება ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებები,  რასაც ჩვენ გეოლოგიური სამსახური მიგვითითებს. ამ ორი ოჯახიდან ერთ – ერთი, დავითაძეების ოჯახი ცხოვრობს სოფელ ოქროპილაუში, მეორე, ნუგზარ დავითაძის ოჯახი კი – დაბაში,“ – ამბობს ტარიელ ებრალიძე.

ფოტო შუახევის გამგეობის ფეიბუქგვერდიდან

ფოტო შუახევის გამგეობის ფეისბუქგვერდიდან.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით დუმბაძის თქმით,   სოფელ გეგელიძეებში, დავით  ბერიძის საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოწვა, რამაც საფრთხე შეუქმნა ხუთსულიან ოჯახს. საცხოვრებელ სახლებთან მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ გობრონეთსა  და კვაშტაშიც.  „აღნიშნულ ოჯახებს გადავიყვანთ დროებით უსაფრთხო ადგილზე და საჭიროების შემთხვევაში გადავუხდით ქირას,“ – ამბობს ქედის გამგებელი დავით დუმბაძე.

ფოტო ქედის გამგეობის ფეიბუქგვერდიდან

ფოტო ქედის გამგეობის ფეისბუქგვერდიდან.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: