კვირის ამბები,მთავარი

ვიდეოსათვალთვალო კამერები პოლიციელების წინააღმდეგ

23.07.2016 • 2576
ვიდეოსათვალთვალო კამერები პოლიციელების წინააღმდეგ

აჭარის მთავარი პროკურორი ლევან პაქსაშვილი გამოძიების დაწყებას ბრალდებულების – გიორგი პაპიძისა და კარლო სურგულაძის ოჯახის წევრებს დაჰპირდა. შეხვედრა საპროტესტო აქციის შემდეგ შედგა. აქციის მონაწილეები იმ კადრების ამოღებას მოითხოვენ, რომელიც მათი მტკიცებით, პოლიციელებმა ბრალდებულების დაკავებისთანავე რამდენიმე ობიექტიდან ამოიღეს. გასულ კვირას ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაამართლა ბრალდებული სხვა საქმეზე, სადაც გადამწყვეტი აფთიაქის ვიდეოკამერის ჩანაწერი აღმოჩნდა – ჩანაწერმა გამორიცხა ის, რაც მანამდე პოლიციელებმა სასამართლოში თქვეს.

„ვაცხადებ უვადო შიმშილობას. მოვითხოვ იმ პოლიციელების დასჯას, ვინც იარაღი ჩამიდო,“ – მიმართა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ბრალდებულმა გიორგი პაპიძემ. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიების ვერსიით, გიორგი პაპიძეს ჩხრეკის დროს პისტოლეტი ამოუღეს. ამავე საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული კარლო სურგულაძეა. ჩხრეკის ოქმის მიხედვით, მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს. სურგულაძე დაკავებიდან, ანუ 27 მაისიდან გასული თვის ბოლომდე შიმშილობდა. სასამართლოს წინა სხდომაზე კარლო სურგულაძეს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, მიზეზი მისი ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება გახდა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

გიორგი პაპიძე და კარლო სურგულაძე ბათუმში, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების ადგილი სავარაუდოდ დააფიქსირა როგორც „პოლიგრაფ-სერვისის“, ისე „V TB ბანკის“ ვიდეოსათვალთვალო კამერებმა. ბრალდებულების ადვოკატი, პაატა ბოლქვაძე გვიყვება, რომ ვიდეოჩანაწერები ორივე ობიექტში პოლიციელებმა ამოიღეს და მიჩქმალეს:

„თავდაპირველად ბანკის მენეჯერს, ზაზა ფარსენაძეს ბრალდებულის სიმამრი შეხვდა. მას ფარსენაძე კადრების მიწოდებას დაჰპირდა. რამდენიმე დღეში მივედი და მითხრა, ჩანაწერები პოლიციელებმა წაიღეს და აღარ გვაქვსო, წერილიც მაჩვენა, სადაც პოლიცია ბანკს ვიდეოჩანაწერის მიწოდებას სთხოვდა…“

„ჩანაწერი ბანკში რამდენიმე დღის განმავლობაში ინახება, დანარჩენზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, უსაფრთოების სამსახურმა უნდა ისაუბროს ამაზე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ზაზა ფარსენაძემ, „VTB ბანკის“ ბათუმის ფილიალის მენეჯერმა. ამ ბანკის უსაფრთხოების სამსახურში, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც ბანკის მენეჯერმა მოგვცა, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

კომენტარზე უარი გვითხრეს პროკურატურაში, სადაც გვინდოდა გაგვეგო, რატომ არ ჩანს საქმეში ვიდეოჩანაწერები, როგორც მტკიცებულება, თუკი ვიდეოჩანაწერები ბანკისგან პოლიციელებმა ამოიღეს. ადვოკატი პაატა ბოლქვაძე ამბობს, რომ კადრების ამოღება „პოლიგრაფ-სერვისიდანაც“ სცადა, მაგრამ უშედეგოდ. იქ ადვოკატს უთხრეს, რომ ვიდეოსათვალთვალო კამერა საერთოდ არ იწერს.

„ასეა, ჩვენი კამერები ჩანაწერს არ აკეთებს. დღისით კამერიდან აკვირდება დაცვის თანამშრომელი მაღაზიის შესასვლელს, ხოლო ღამით დაცვის სპეციალური სამსახური მუშაობს უსაფრთხოებაზე, ღამით ჩვენ კამერას არ ვიყენებთ. შესაბამისად, კამერის ჩანაწერი არ გვჭირდება“, – გვითხრა ისმეთ ტანტიბამ, „პოლიგრაფ-სერვისის“ დირექტორმა.

„ვიდრე ოფიციალურად ამ პასუხს მივიღებდით, რომ კამერა ჩანაწერს არ აკეთებს, „პოლიგრაფშიც“ ბრალდებულის ნათესავი მივიდა და უთხრეს, კადრები პოლიციამ წაშალა, მაგრამ თქვენ თუ პროგრამისტს მოიყვანთ, შესაძლებელია მაგის აღდგენაო. შემდეგ ამაზეც უარი გვითხრეს. ორივე შემთხვევაში, ბრალდებულების ახლობლები არიან მთავარი მოწმეები, რაც ალბათ ნაკლებად დამაჯერებელია ვინმესთვის, მაგრამ რამდენად დამაჯერებელია ის, რომ კომერციული ობიექტები ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერს არ ინახავს?“ _ კითხულობს ადვოკატი, პაატა ბოლქვაძე.

IMG_0004კანონმდებლობის მიხედვით, მტკიცებულების მოპოვება, ამ შემთხვევაში ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერის ამოღება, ადვოკატს შეუძლია, თუკი მესაკუთრისგან თანხმობას მიიღებს. პროკურატურას კი შეუძლია შუამდგომლობა დააყენოს და მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, იძულების წესით ამოიღოს ვიდეოჩანაწერი, თუკი მესაკუთრე მის მიწოდებაზე ნებით უარს აცხადებს. ამ საქმეში ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულებები იმ პოლიციელების ჩვენებებია, რომლებიც ამბობენ, რომ ბრალდებულებს ნარკოტიკი და ცეცხლსასროლი იარაღი ამოუღეს.

„ორივე ბრალდებული ნასამართლევია წარსულში ნარკოტიკზეც და იარაღის უკანონო ტარებაზეც. ამას დადებითი სტატისტიკის შესაქმნელად აკეთებს პროკურატურა და თან იმ პირებს სჯიან, ვის შემთხვევაშიც წაყენებული ბრალი დამაჯერებელი იქნება“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, თამაზ ბაკურიძე.

პოლიციელების ჩვენებები იყო მთავარი მტკიცებულება თორნიკე ხარაზის საქმეშიც, რომლის მიმართაც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ. ხარაზს პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენას, შენახვას და გადაზიდვას ედავებოდა, რაც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე ვადით. პოლიციელთა ჩვენებების მოსმენის შემდეგ ადვოკატებმა სააფთიაქო ქსელ „ფარმადეპოს“ ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი წარმოადგინეს, რამაც პოლიციელთა ჩვენების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ახლო წარსულში 28 წლის თორნიკე ხარაზიც ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს.

ადვოკატი რამინ პაპიძე: „პოლიციელებმა თქვეს, სამმა დავაკავეთო, კადრებში კი შვიდი პოლიციელი ჩანს. ჩვენებების მიხედვით, გამომძიებელი დაკავების ადგილზე თითქოს ხუთ წუთში მივიდა, კადრებში კი ჩანს, რომ ის დაახლოებით ერთ საათს იგვიანებს… პროკურატურა ბოლომდე ამტკიცებდა, რომ კადრები არ იყო ავთენტური და ეს იყო მონტაჟი. თავისთავად ეს იყო ჩანაწერის ასლი და ვერ იქნებოდა ავთენტური, ასევე ნებისმიერი ჩარევა ვიდეოფირზე არის მონტაჟი – კადრების გადმოცემის დროს აფთიაქმა სახეები დაბურა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის გამო. სადავო არ გამხდარა ის, ნამდვილად ამ დაკავებას რომ ასახავდა ვიდეოჩანაწერი“.

ადვოკატები – რამინ პაპიძე და მერი ცინარიძე ვერ ასახელებენ რასთან გვაქვს საქმე, როცა პოლიციელების ჩვენება განსხვავდება ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებისგან. „თავად ბრალდებული ამბობდა, რომ მას პოლიციელებთან ჰქონდა კონფლიქტი და ამის გამო სჯიდნენ. ფაქტია, რომ ამ ტიპის საქმეები მომრავლდა, სადაც პოლიციელების ჩვენება მოსამართლეებისთვის დამაჯერებელი აღარ არის. გარდა ამისა, ადვოკატებსაც მოგვეცა უფრო მეტი მოქმედების საშუალება, მაგალითად, წლების წინ აფთიაქი ვერ გაბედავდა მოეცა ჩვენთვის ვიდეოკამერის ჩანაწერები“, – ამბობს რამინ პაპიძე.

პოლიციელების აშკარა ტყუილი გამოჩნდა შალვა ქორიძის საქმეშიც, რაზეც „ბათუმელები“ მიმდინარე წლის მარტში წერდა. მაშინ პოლიციელების ჩვენების სიყალბე თავად პოლიციის  მიერ გადაღებულმა ვიდეოკადრებმა გამოავლინა. კადრები შსს-ს საკუთარ ინტერნეტგვერდზე ჰქონდა ატვირთული. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსი მიხეილ ბარნოვი, ასევე დეტექტივ-გამომძიებლები მალხაზ დუმბაძე, მინდია მალაყმაძე და გიორგი ნაკაშიძე – ამ პირებმა მისცეს ჩვენება შალვა ქორიძის წინააღმდეგ. მათი პასუხისმგებლობის საკითხი დღემდე არ დამდგარა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: