მთავარი,სიახლეები

როგორ გადანაწილდა ერთ მილიარდზე მეტი ლარი განათლებაში

17.12.2016 • 22394
როგორ გადანაწილდა ერთ მილიარდზე მეტი ლარი განათლებაში

განათლების ბიუჯეტი 2017 წელს ერთი მილიარდ 116 მილიონი ლარია. რა იქნება მომავალი წლისთვის განათლებაში პრიორიტეტული, ვის შეუმცირდა ბიუჯეტი და რატომ მიიჩნევენ სამინისტროში, რომ ცხრა თვეში პრემიებში დახარჯული ორი მილიონი ლარი  „საბიუჯეტო თანხის დაზოგვაა?“  „ბათუმელებთან“ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა ისაუბრა.

ქალბატონო ქეთევან, რომელი პროექტების დაფინანსება გაიზარდა, ან რას მოაკლდა თანხა და რატომ?

1 მილიარდ 116 მილიონი ლარიდან 80 მილიონი არის გრანტი და დაახლოებით ხუთი მილიონი –  კრედიტი. გრანტი მიღებული გვაქვს  „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ პროექტის ფარგლებში, კრედიტს რაც შეეხება, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გვაქვს 22 მილიონევროიანი შეთანხმება, რომელიც მოხმარდება თბილისის საჯარო სკოლების გამაგრებას, რეაბილიტაციასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას. დაახლოებით 25 სკოლაზეა საუბარი. ხუთი მილიონიდან ოთხი ამაზეა გათვალისწინებული, ერთი მილიონი კი ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის თანხაა. 2016 წლის დაზუსტებულ ბიუჯეტს რომ შევადაროთ, გრანტის გარეშე, მომავალ წელს ბიუჯეტი 130 მილიონ 584 ათასი ლარით გვეზრდება.

მთლიანი ბიუჯეტის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება იზრდება დაახლოებით 68,5 მილიონი ლარით. ამაში შედის გარკვეული კატეგორიის პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა, ასევე, მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგებისთვის გათვალისწინებულია დანამატების გაზრდა. 141 ლარია სრული დატვირთვის მქონე პედაგოგებზე, თუ ნაკლები დატვირთვა აქვს, შესაბამისად თანხა მცირდება. იზრდება სახელმძღვანელოების ბიუჯეტიც  –  8,9 მილიონი ლარით, რადგან დაგეგმილია სახელმძღვანელოების გრიფირება, ვგულისხმობთ პირველი და მეექვსე კლასის სახელმძღვანელოებს.

ახალი პროექტები თუ გაქვთ დაგეგმილი?

ახალი პროექტია სკოლების საგრანტო დაფინანსება, ეს არის დაფინანსება თავისუფალი გაკვეთილებისა და სხვა პროექტებისთვის. ოთხი მილიონი ლარი გვაქვს ამისთვის. ასევე ვგეგმავთ ელექტრონული სწავლების განვითარებას, ელექტრონული რესურსების შემუშავებას, შეიძლება გვქონდეს დისტანციური სწავლების კომპონენტებიც, ვინაიდან ელექტრონულ ფორმატში იქნება, თუმცა ეს პროექტი უნდა დამუშავდეს.

საშუალო სკოლებს ეხება ეს თუ მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებს?

ეს ეხება, ზოგადად, ელექტრონული სწავლების ფორმატის შემოღებას და მერე უკვე გავითვალისწინებთ ასეთ დეტალებს. 2017 წელს დაგეგმილია ფორმატის შემუშავებაც და განხორციელების დაწყებაც, რისთვისაც სამი მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული. ახალი პროექტია  „ვისწავლოთ საქართველოში“, –  ამ პროექტით უცხოელი სტუდენტების მოზიდვა იგეგმება.

რითი უნდა მოვიზიდოთ, გაქვთ რაიმე განსხვავებული კომპონენტი გათვალისწინებული მოტივაციისთვის?

ესეც პროექტია და მოზიდვის მექანიზმები ზუსტად ახლა მუშავდება  –  რა სფეროები აინტერესებთ, რომელი ქვეყნის სტუდენტები შეიძლება ჩამოვიდნენ… ვიცით, რომ სამედიცინო სფეროთი ბევრი ინტერესდება ჩვენთან, ბიზნესადმინისტრირების მიმართულებაც გამოიკვეთა. ვგეგმავთ, კარგად შევისწავლოთ ეს მიმართულებები, ზუსტი პროგნოზი რომ გვქონდეს. მოტივაცია იქნება ის, რომ ვმუშაობთ განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინტერნაციონალიზაციაზე. უცხოელებისთვის სწავლის გადასახადიც შეღავათიანი იქნება.

პროფესიული განათლების დაფინანსება 29,6 მილიონ ლარამდეა გაზრდილი. რა იცვლება განათლების ამ მიმართულებაში?

8,44 მილიონი ლარით იზრდება პროფესიული განათლების დაფინანსება წინა წელთან შედარებით. 16 მილიონი გვაქვს გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ვმუშაობთ იმაზე, რომ ფიზიკური გარემო იყოს სტანდარტების შესაბამისი, ინკლუზიური გარემო უზრუნველყოფილი.ასევე ვმუშაობთ გეოგრაფიული დაფარვის გაუმჯობესებაზე. წინა წლებში რვა მუნიციპალიტეტში სასწავლებლების კორპუსები გავარემონტეთ, მცხეთა-თიანეთში საერთოდ არ იყო პროფესიული სასწავლებელი და დავაფუძნეთ.

აჭარაში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებს შეეხება გაზრდილი ბიუჯეტი?

აჭარაში გვაქვს ორი პროფესიული სასწავლებელი, ბათუმსა და ქობულეთში. მათაც სტუდენტების ზრდის შესაბამისად გაეზრდებათ ვაუჩერული დაფინანსება. ვაუჩერის თანხა იმის მიხედვით განისაზღვრება, სტუდენტი რა პროგრამაზე სწავლობს. ევროკავშირთან ერთად ვმუშაობთ პროფესიული მასწავლებლის განვითარების სქემაზე და, შესაბამისად, თუკი რაიმე ხარჯი იქნება დაკავშირებული ამ სქემის განხორციელებასთან, ამასაც ვითვალისწინებთ. რაც ყველაზე მთავარია, აქ არის კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის ასპექტებიც გათვალისწინებული და ჩვენ დავიწყეთ დუალური განათლების მიდგომის დანერგვა პროფესიულ საგანმანათლებლო სისტემაში. ეს ძალიან დიდი სიახლეა  –  გულისხმობს კერძო სექტორთან თანამონაწილეობით საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. ეს იმას ნიშნავს, რომ კერძო სექტორი გარკვეული ხარჯების თანადაფინანსებაში შემოდის. ვგეგმავთ, გეოგრაფიული დაფარვაც გავაუმჯობესოთ მომავალში. თიანეთში, ყაზბეგში, სადაც წინამძღვრიანთკარის სასწავლო კორპუსია, დასრულდება მომავალ წელს სასწავლებლები. ვფიქრობთ, პროფესიული განათლება დავაკავშიროთ განათლების სხვა საფეხურებს.

 თნიკური  უმცირესობების პროფესიული გადამზადების პროგრამა არის შემცირებული, იყო 2 407 და მომავალი წლისთვის გათვალისწინებულია 2180 ლარი. რატომ?

ეს ეხება ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ქუთაისში, სადაც ტარდება სხვადასხვა სახის გადამზადების კურსები. აქ გადაითვალა ბიუჯეტი, პროგრამულ ნაწილს არ ვამცირებთ, თუმცა, ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში, რომელიც სამინისტროს სისტემაში შედის, ათ-ათი პროცენტით უმცირდებათ შრომის ანაზღაურების ფონდი და ადმინისტრაციული ხარჯები. ეს იმისთვის ხდება, რომ ბიუროკრატია და სახელმწიფო აპარატი უფრო ეფექტიანი იყოს და ეს ხარჯები მინიმალურ ტვირთად დააწვეს სახელმწიფოს.

 ბიუროკრატიული აპარატის შემცირება მხოლოდ სამინისტროში იგეგმება თუ სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ორგანიზაციებშიც?

საჭიროების მიხედვით. სადაც საჭიროებაა, იქ შეიძლება კადრები დავამატოთ. თუკი სადმე ადმინისტრაციული ზედმეტობა გვაქვს, იქ შევამცირებთ.

 ქალბატონო ქეთი, ითქვა, რომ განათლების სამინისტრომ ცხრა თვის განმავლობაში 2 მილიონი ლარი პრემიებზე დახარჯა. ეს დაზუსტებული ინფორმაციაა?

დაახლოებით გაცემულია. თუ გადავხედავთ განათლების სისტემის მთლიან ბიუჯეტს, ნახავთ რა პროცენტზეა საუბარი.

პრემია  – ორი მილიონი ლარი მხოლოდ სამინისტროს აპარატზე გაიცა?

განათლების სისტემაში მოიაზრება სამინისტროს აპარატიც, სსიპებიც და ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც შედის განათლების სისტემაში.

ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება რამდენად რეალური იქნება, თუკი პრემიებზე ამ ოდენობის თანხა დაიხარჯება?

პრემიები გაიცემა მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კვარტალში ერთხელ, ანუ წელიწადში ოთხჯერ, ასევე შესაძლებელია გაიცეს სამ სადღესასწაულო დღეს. თუმცა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვა უწყებებთან შედარებით ყოველთვის ხელმოჭერილად განკარგავს ამ თანხას და ვიყენებთ მაშინ, როცა საჭიროა თანამშრომლების მოტივირება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: