მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობა ბულვარში ბილიკის შესანარჩუნებლად ჩიხიდან გამოსავალს ეძებს

05.02.2016 • 1843
აჭარის მთავრობა ბულვარში ბილიკის შესანარჩუნებლად ჩიხიდან გამოსავალს ეძებს

5 თებერვალს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბულვართან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ბრძანებით შექმნილი სარეკომენდაციო კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, იონა წითელაძემ აღნიშნა, კომისიის მიზანია მთავრობას შესთავაზოს რეკომენდაციები, თუ რა ფორმით არის შესაძლებელი უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესრულება, რაც ძველი ბულვარის ტერიტორიაზე სამივე ხეივნის შენარჩუნებას გულისხმობს.

კომისიის სხდომას არ ესწრებოდა ბათუმის ბულვარის დირექტორი, არჩილ კახიძე, რომელსაც უკვე დაწერილი აქვს განცხადება თანამდებობის დატოვებაზე.

არასამთავრობო სექტორიდან სხდომას ესწრებოდნენ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები და საინიციატივო ჯგუფის ერთი წევრი.

სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, კომისიის წევრ გელა ცინცაძის მხრიდან გაჟღერებულ იქნა სარეკომენდაციო იდეა, რომელიც ერთ-ერთ სამუშაო ვერსიას წარმოადგენს.

აღნიშნული ვერსიით, მიმდინარე პერიოდისათვის მხარეებს შორის [ბულვარის ადმინისტრაცია და კომპანია “ЛИТОМ-ი”] გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი 249540,84 ლარის ფარგლებში, რაც ექვემდებარება ბათუმის ბულვარის მიერ ანაზღაურებას. აღნიშნული თანხიდან მე-3 ალეის მიზნებისთვის გახარჯულია 81 000  ლარი, საიდანაც 54 000 ლარი წარმოადგენს მიწის ღირებულებას, ხოლო 27 000 ლარი არის მიწის მომსახურებასთან [გასწორება] დაკავშირებული თანხა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომპანია თანახმაა ეს 27 000 ლარის ანაზღაურება არ მოითხოვოს ბულვარისგან, ხოლო 54 000 ლარი, როგორც მიწის ღირებულება, აუნაზღაურდეს. ბულვარი აღნიშნულ მიწას ვერ გამოიყენებს აღნიშნული პროექტისთვის, თუმცა გამოიყენებს სხვაგან დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად. ხოლო სხვა სამუშაოები აღარ განხორციელდება მე-3 ალეაში მწვანე ბალახის დასაგებად და შესაბამისად არც მისი ღირებულების ანაზღაურება მოუწევს ბულვარს და შევა შესაბამისი ცვლილებები ხელშეკრულებაში, ხოლო მე-3 ალეაზე ფილების დასაგებად საჭირო იქნება ახალი პროექტის მომზადება, მშენებლობის ნებართვაში ცვლილებების შეტანა, მთავრობისა და შესყიდვების სააგენტოს თანხმობა გამარტივებული  შესყიდვის საშუალებით განხორციელდეს სამუშაოების შესყიდვა, რათა სეზონის დაწყებამდე დასრულდეს სამუშაოები და მესამე ალეაც გაკეთდეს დანარჩენი ორის მსგავსად.

საია-ს აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ, გიორგი ხიმშიაშვილმა, განაცხადა, რომ საია არ ჩაერთვება კომისიის მუშაობაში: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაემიჯნა კომისიას. მიგვაჩნია, რომ ამ ფორმატში კომისიის მუშაობა იქნება უბრალოდ დროის დაკარგვა, ვინაიდან ეს პროცესი იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ ჩვენ შეიძლება საბოლოო ჯამში ხეივანი იქ ვეღარ შევინარჩუნოთ. თუ კომისია გააგრძელებს მუშაობას და გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს, აუცილებლად ამ პროცესის მონიტორინგს განვახორციელებთ და საბოლოო შეფასებას, კომისიის გადაწყვეტილებისას, აუცილებლად მოვახდენთ“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა, ნათია ზოიძემ სხდომაზე გაჟღერებულ იდეაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:  „მე სამშაბათს უნდა დავაფიქსირო ჩვენი ორგანიზაციის პოზიცია. ეს იდეა ერთ-ერთი სამართლებრივი გზაა, თუ როგორ გადაწყდეს ეს პრობლემა. თუმცა, ამ კომისიის შექმნა და საერთოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების ამ პროცესში ჩართვა, ჩემი აზრით, მოხდა ძალიან გვიან. აქედან გამომდინარე, კითხვაზე – ფინანსურად მოხდება თუ არა ზედმეტი ხარჯის გაწევა –  პასუხის გაცემა მთავრობის პრეროგატივაა“.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარემ, ასლან ჭანიძემ განაცხადა, რომ იგი მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთვება კომისიის მუშაობაში, ხოლო აღნიშნული იდეა, მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალია, რომ „ეს პროცესი დაჩქარდეს, მოხდეს კომპანიასთან მოლაპარაკება და შესაბამისად გამარტივებული წესით შესყიდვის განხორციელება. თუმცა, როგორ განხორციელდება ყოველივე დოკუმენტურად და როგორ მოხდება ამ ყველაფრის სამართლებივ ჩარჩოებში ჩასმა, ეს სხვა საკითხია“.

საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბულვარის“ წარმომადგენელმა დავით თოფურიძემ კი შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს როგორ და რა გზებით მოახერხებენ, მთავარია სეზონამდე მოასწრონ და გამოასწორონ თავისივე შეცდომა. რაც შეეხება კომისიაში მუშაობას, დავესწრებით უბრალოდ, იმიტომ, რომ თუკი შევძლებთ, დავეხმაროთ ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენი, საზოგადოების მოთხოვნა არის, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს პროცესი; აღდგენის გზები მაგათმა ეძებონ, სამართლებრივი და ფინანსური მხარეებიც მაგათი ვალდებულებაა, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვერ და არ ავიღებთ ჩვენ თავზე. რაც გააფუჭეს, ის გამოასწორონ რაც შიძლება სწრაფად“.

კომისიაზე ითქვა, რომ აჭარის მთავრობა მზად არის ბულვარი მართვაში გადასცეს   ბათუმის მერიას, რაზეც ქალაქის მერი ბულვარში მიმდინარე სამუშაოების დასრულებამდე უარს ამბობს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჟურნალისტებს თავდაპირველად უარი უთხრეს სხდომაზე დასწრებაზე, თუმცა შემდეგ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების სიტყვიერი რეკომენდაციის საფუძველზე, მაინც დაუშვეს.

არჩილ ხაბაძის ბრძანების მიხედვით „კომისიამ 2016 წლის 10 თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს ძველ ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებული შემდგომი ღონისძიებების გატარების თაობაზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის წარდგენა“.

ძველ ბულვარში სამი ბილიკიდან ერთი უკვე გაუქმებულია

ძველ ბულვარში სამი ბილიკიდან ერთი უკვე გაუქმებულია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: