მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლეს საბჭოში ზურაბ პატარაძე დღეს წარადგენს

14.12.2016
აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლეს საბჭოში ზურაბ პატარაძე დღეს წარადგენს

აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას აჭარის უმაღლესი საბჭო სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოს დაამტკიცებს. ვინ შეარჩია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრთა კაბინეტის წევრებად – დღეს გაირკვევა. მთავრობის აპარატში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ უმაღლეს საბჭოს წერილი უკვე გაუგზავნეს. ვინ ჩაწერა წერილში კანდიდატებად ზურაბ პატარაძემ, ამას მთავრობის აპარატი ამ დრომდე არ ასაჯაროვებს.

„წერილი ჯერჯერობით უმაღლესი საბჭოს კანცელარიაში არ დარეგისტრირებულა,“ – გვითხრა ნინო ჩხეტიამ, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ. მისი თქმით, უმაღლესი საბჭო, სავარაუდოდ, ისარგებლებს კანონით განსაზღვრული ერთკვირიანი ვადით და მთავრობის ახალი შემადგენლობა რიგგარეშე სესიაზე, მომავალი კვირის ბოლოსთვის დამტკიცდება. მთავრობის თავმჯდომარეს მინისტრების ახალი შემადგენლობის წარსაგენად დრო 19 დეკემბრამდე ჰქონდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, არ იცვლებიან სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მინისტრები.

12 დეკემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა, ინგა შამილიშვილმა დაგვიდასტურა, რომ მას განათლების მინისტრობა შესთავაზეს. მიმდინარე წლის ივნისში ინგა შამილიშვილს უნივერსიტეტში გამოფენილი რუსული დროშის გამო მოუხდა პასუხის გაცემა. 29 ივნისს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მემორანდუმი რუსეთის ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააფორმა. მემორანდუმის ამსახველი ფოტოები, სადაც რუსული დროშაც ჩანდა, უნივერსიტეტმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. „ეს არის ჩვეულებრივი, დიპლომატიური ეტიკეტი“, – ასე უპასუხა ინგა შამილიშვილმა მაშინ „ბათუმელებს“ რუსული დროშების შესახებ. კომენტარის მიღების შემდეგ, უნივერსიტეტმა ფოტოები წაშალა.

„ბათუმელების“ინფორმაციით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზაალ მიქელაძის კანდიდატურა განიხილება. თავად ზაალ მიქელაძემ ეს ინფორმაცია „ბათუმელებთან“ არ დაადასტურა. ზაალ მიქელაძე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორია აჭარაში.

ხვალ, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭო საშემოდგომო სესიას დახურავს. დღის წესრგით მხოლოდ ორი საკითხია განსახილველი: „პატრიოტთა ალიანსიდან“ უმაღლესი საბჭოს წევრის, დავით თარხან-მოურავისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა და წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: