მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია: პროექტი არ ითვალისწინებდა ბულვარში ბილიკის გაუქმებას

25.01.2016 • 3278
ბათუმის მერია: პროექტი არ ითვალისწინებდა ბულვარში ბილიკის გაუქმებას

ბათუმის ძველ ბულვარში ბილიკის გაუქმებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან გამოვითხოვეთ, თან ახლდა ბათუმის მერის 2015 წლის 29 ივლისის [N25/14704] წერილი, რომლითაც ქალაქის მერია თანახმა იყო ბულვარში სამუშაოების დაწყებაზე.

სსიპ ,,ბათუმის ბულვარი“-ს მიერ მერიაში წარდგენილი პროექტით იყო თუ არა გათვალისწინებული ძველ ბულვარში სამი პარალელური ალეიდან [სავალი ბილიკიდან] შუა ალეის გაუქმება და მის ადგილზე ბალახის კორდის მოწყობა და იყო თუ არა ამაზე გაცემული მერიის თანხმობა? – ამის შესახებ „ბათუმელებმა“ ჰკითხა ქალაქის მერიას.

,,ბათუმის ბულვარი“-ს მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია არ ითვალისწინებდა ალეების გაერთიანებას [გაუქმებას] და მის ადგილზე ბალახის კორდის მოწყობას“, – წერია ბათუმის მერიისგან ბათუმელებისთვის გამოგზავნილ წერილში, რომელიც დღეს, 25 იანვარს მივიღეთ. მერიიდან ასევე გვაცნობეს, რომ შეცვლილი პროექტი მათთან არც მოგვიანებით წარუდგენიათ.

ამონარიდი ბათუმის მერიის პასუხიდან:

„თქვენი 2016 წლის 20 იანვრის N2/003 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ სსიპ ,,ბათუმის ბულვარმა“ 2015 წლის 21 ივლისს წერილით მომართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას (N01-11/366; 21.07.2015წ.), რომელშიც აღნიშნავდა, რომ ბიუჯეტით გათვალისწინებული ჰქონდა თანხა ბულვარის ტერიტორიაზე, უნივერსიტეტის მოედნის ასასვლელიდან კაფე-ბარ „ტყუპებამდე“ ალეებში ასფალტის საფარის, დაზიანებული ფილების, ბრეგჩის საფარისა და ძველი ბორდურების აყრა-გატანის, სანიაღვრე ბუნებრივი წვიმმიმღები ჭების, ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბორდურების მოწყობისათვის, ასევე საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციისათვის და ზემოაღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ითხოვა თანხმობა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისაგან.

სსიპ ,,ბათუმის ბულვარი“-ს წერილს თან ერთვოდა საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ზემოთ მოცემული სარეაბილიტაციო სამუშაოები და პროექტი არ ითვალისწინებდა ალეების გაერთიანებას [გაუქმებას] და მის ადგილზე ბალახის კორდის მოწყობას.

სსიპ ,,ბათუმის ბულვარი“-ს წერილი განხილული იქნა მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 29 ივლისის N25/14704 წერილით მიეცათ თანხმობა ეწარმოებინათ პროექტით განსაზღვრული სამუშაოები. აქვე თანხმობის წერილით განემარტათ, რომ ვინაიდან, ობიექტი იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, აღნიშნულის თაობაზე დამატებით ნებართვა უნდა აეღოთ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სსიპ ,,ბათუმის ბულვარს“ შემდგომში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის შეცვლილი სახის პროექტით სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით არ მოუმართია“.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, მომართა თუ არა კომპანია ,ლიტომ“-მა ბულვარში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მშენებლობის წარმოების თანხმობის მიღებასა და ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ძველი ბულვარის ტერიტორია წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, შესაბამისად, სამუშაოების წარმოებასთნ დაკავშირებით მშენებლობის ნებართვის გაცემა არ წარმოადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანია ,,ლიტომ“-ს ან სხვა რომელიმე ორგანიზაციას, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის არ მოუმართავს“.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან „ბათუმელებისთვის“  მოწოდებული დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ „ბათუმის ბულვარმა“ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი გადაამუშავა და ხელახლა წარუდგინა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2015 წლის 11 სექტემბერს. ეს გადამუშავებული პროექტი კი [რაც ბილიკის გაუქმებას ითვალისწინებდა], როგორც მერიაში აცხადებენ, მათთან აღარ წარუდგენიათ.

ბათუმის ძველ ბულვარში მიმდინარე სამუშაოების დაწყებაზე ნებართვა აჭარის  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2015 წლის 16 სექტემბერს გასცა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – „ძველი ბულვარის“ მესაკუთრე ბათუმის მუნიციპალიტეტია.

ბულვარში ბილიკის გაუქმებას მოქალაქეთა პროტესტი და აქციები მოჰყვა. საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ აჭარის მთავრობას პეტიციით მიმართავს, ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვას. ამ დროისთვის პეტიციას 4794 ადამიანი აწერს ხელს.

აჭარის მთავრობის მხრიდან, ბულვარში სამთავე ბილიკის შენარჩუნების თაობაზე, ჯერ-ჯერობით მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ზეპირი განცხადება გაკეთდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: