მთავარი,სიახლეები

„არაკეთილსაიმედო“ სასმელი წყალი აჭარის სკოლებში

17.12.2016 • 2122
„არაკეთილსაიმედო“  სასმელი წყალი აჭარის სკოლებში

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2016 წელს აღებული სინჯების ანალიზის შედეგად, სასმელი წყალი აჭარის სამ სკოლაში დაბინძურებულია. გასული წლის შემოწმებამ კი აჭარის შვიდ საჯარო სკოლაში გამოავლინა სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტი. სახალხო დამცველისავე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 45 საჯარო სკოლაში აღებული სინჯები არ შეესაბამება ნორმას. ეს  „სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს“.

დაბინძურებული წყალი გამოვლინდა ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარის პირველ საჯარო სკოლაში, დაბა ქედის საჯარო სკოლასა და სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლაში.  „ბათუმელები“ აღნიშნულ სკოლებს დაუკავშირდა.

ქაქუთის სკოლის დირექტორის მანანა ჩხაიძის თქმით, წყლის ნიმუში სოფლის საერთო წყალსაცავიდან აიღეს. სკოლა ამ წყალს სასმელად არ იყენებს.  „ჩვენ პატარა აუზი გვაქვს, სადაც წყაროს წყალი შემოდის. სოფლის წყალს კი გათბობის სისტემაში და სველ წერტილებში ვიყენებთ. აუზიდან წყლის სინჯი არ აუღიათ“, –  გვეუბნება ის. დირექტორი დასძენს, რომ ბავშვების უმეტესობა სასმელ წყალს ყიდულობს.

დაბა ქედის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ თავდგირიძე ამბობს, რომ ლაბორატორიის კვლევის შედეგები მისთვის უცნობია:  „მე არ ვიცი როდის აიღეს სინჯი. არ ვიცი ამის შესახებ, თუმცა სკოლაშიც იგივე წყალია, რითაც დაბაში სარგებლობენ. თუ დაბინძურებული აღმოჩნდა, მაშინ გამოსავალი ფილტრის დაყენებაა“.

სასმელი წყლის დაბინძურების შემთხვევები გამოვლინდა აჭარის ხუთ საჯარო სკოლაში 2015 წელსაც. ესენია: შუახევის სკოლა-პანსიონის კვების ბლოკი, ნენიის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სოფელ ცეცხლაურის პირველი საჯარო სკოლა, სოფელ ახალშენის პირველი საჯარო სკოლა და სოფელ ლეღვას #2 საჯარო სკოლა.

შეიცვალა თუ არა სკოლებში ვითარება, დაბინძურებული წყლის გამოვლენის შემდეგ?

ხელვაჩაურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის შუშანა კონცელიძის თქმით, სკოლა იმ სასმელი წყლით სარგებლობს, რითაც სოფელი:  „ცალკე არ გვაქვს გამოყვანილი წყალი, ფილტრის შეძენას ვაპირებ და თუ ესეც არ გაამართლებს, მაშინ სხვა წყლის შემოყვანაზე უნდა ვიზრუნო“. ფილტრის დაყენებიდან წყალი ხელახლა  ერთი კვირის  შემდეგ უნდა შემოწმდეს.

ცეცხლაურის სკოლის დირექტორი ლილი აბაშიძე ამბობს, რომ ინფორმაცია გამგეობას მიაწოდეს და წყლის სათავე ნაგებობაში ფილტრები დააყენეს, თუმცა შემდეგ ახალი სინჯები არ აუღიათ:  „მე ვთხოვ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ხელმეორედ აიღონ სინჯები“.

ახალშენის სკოლის დირექტორის რევაზ გორაძის თქმით, სინჯების აღების შემდეგ წყლის სათავე ნაგებობები შეიცვალა და  „როგორც მეუბნებიან, ყველაფერი რიგზეა“. დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში წყლის სისტემა ახალია.

როგორც ლეღვას სკოლის დირექტორი, მანანა მახარაძე ამბობს, სკოლაში სოფლის წყალია შეყვანილი, რომელსაც დეზინფექცია უტარდება:  „ახალი ავზი ჩამოასხა სოფელმა, ახალი წყალსადენი გაკეთდა და ის წყალი შემოდის სკოლაში. სინჯი შეცვლამდე აიღეს თუ შემდეგ  – ვერ გეტყვით“.

დირექტორი ბავშვებს მაინც ნაყიდი წყლის გამოყენებას ურჩევს.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: