ბათუმის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ბათუმის საკრებულომ, დღეს, 29 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 143  მილიონ 667 ათას 300 ლარით განისაზღვრა.

საკრებულოს ინფორმაციით, „ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებებიდან იფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია 80 მილიონ 20 ათას 700 ლარით დაფინანსდა, განათლება – 13 მილიონ 683 ათასი ლარით, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი – 14 მილიონ 274 ათას 300 ლარით, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 12 მილიონ 446 ათას 800 ლარით“.


როგორ განაწილდება ბათუმის ბიუჯეტი 2017 წელს

 

პიროტექნიკის ხარისხსა და უსაფრთხოებას ისევ არავინ აკონტროლებს

საახალწლო განწყობის „ხლაფუშკების“ აფეთქებით შექმნის პარალელურად, დაშავებულები წელსაც არსებობენ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მოზარდს „ხლაფუშკა“ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე აუფეთქდა და ქუჩაში მდგომი  წინასწარი დაკავების იზოლატორის დაცვის თანამშრომელი თვალის არეში მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში გვითხრეს. პიროტექნიკის გამოყენებაზე რეგულაციებს ხელისუფლება დღემდე არ აწესებს.

„ვინმეს არ მოუცია ნებართვა, ჩემით მოვედი და დავდექი“, – გვითხრა „ბათუმის კარიბჭესთან“ გამართულ საახალწლო ბაზრობაზე მალხაზ ტარიელაძემ. ის პიროტექნიკას ბათუმში წლებია ყიდის. გვარწმუნებს, რომ ასაფეთქებელ მოწყობილობას ბავშვები არ ყიდულობენ. ტარიელი პიროტექნიკაზე ქართულ ენაზე დატანილ ინსტრუქციას გვაჩვენებს: „აქ ყველაფერი ახსნილია, როგორ უნდა გამოიყენო. ხარისხიანია თუ არა, მე საიდან უნდა ვიცოდე…“

რამდენად ხარისხიანია პიროტექნიკა, რომელიც საქართველოში იყიდება, არავინ იცის. ლია თოდუა, momxmarebeli.ge-ს დირექტორი გვეუბნება, რომ საქართველოში ვერ იპოვა ლაბორატორია, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობების ხარისხს დაადგენდა. „კანონი ითვალისწინებს მხოლოდ იმას, რომ ნებისმიერი პროდუქცია, მათ შორის, პიროტექნიკა, უნდა იყოს უსაფრთხო. ასევე მოთხოვნაა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები არ მიყიდონ ბავშვებს და ინსტრუქცია უსაფრთხოების შესახებ უნდა იყოს ქართულ ენაზე. ეს მოთხოვნები არ სრულდება – ჩვენ არაერთი ფაქტი ვიცით, როგორ ჩნდება ხანძარი, როგორ შავდებიან ადამიანები. საქართველოში არ არსებობს ამ კუთხით მაკონტროლებელი უწყება“, – გვიყვება ლია თოდუა.

„კონკრეტულად პიროტექნიკის გამოყენებაზე არანაირი რეგულაცია არ არსებობს კანონმდებლობაში“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, პაატა დიასამიძე. იურისტი 2014 წელს ე.წ. ხოფის ბაზრობაზე, პიროტექნიკის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარს იხსენებს და დაპირებებს ხელისუფლებისგან, რომ რეგულაციები დაწესდებოდა:

„დისკუსია მაშინ აქტიურდება, როცა კონკრეტული უბედური შემთხვევა ხდება. ამ კუთხით კანონში არაფერი შეცვლილა. პიროტექნიკის უსაფრთხოდ გამოყენება დამოკიდებულია ხარისხსა და ვადების დაცვაზე, ასევე უსაფრთხოდ შენახვაზე. ამის შემოწმებასა და კონტროლს სპეციალური ცოდნის მქონე ადამიანი სჭირდება.“

ბრძანების მიღების ნაცვლად, შინაგან საქმეთა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებებით საზოგადოებას მოუწოდა, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები და გაუფრთხილდნენ საკუთარ თუ გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას.

momxmarebeli.ge -ს ხელმძღვანელი ლია თოდუა ამბობს, რომ ხელისუფლებას ჰქონდა დაპირება, პიროტექნიკის გამოყენებაზე ტექნიკური უსაფრთხოების ინსპექციის მიერ  კონტროლის განხორციელებაზე: „დღეს ეს ინსპექცია მხოლოდ ლიფტებისა და საბაგიროების კონტროლითაა დაკავებული. ინსპექცია ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება. როდიდან მიანიჭებენ მას პიროტექნიკის უსაფრთხოებაზე კონტროლის ფუნქციას, არავინ იცის. დღეს მომხარებელი აბსოლუტურად დაუცველია“.

ბათუმის მერიამ წელს, უკვე მეორედ, პიროტექნიკის გასაყიდად სპეციალური ადგილი ბათუმის კარიბჭესთან გამოყო. მერიაში გვითხრეს, რომ ამ კუთხით კონტროლის უფლებამოსილება არ აქვთ და ვერც რეგულაციებს დააწესებენ, მაგრამ კონკრეტული ადგილის გამოყოფით შესაძლებელია რისკების დაზღვევა: „ჩამოვლებს ვაკეთებთ და ვთხოვთ, რომ როცა გაყიდიან პიროტექნიკას, მოსახლეობას მიაწოდონ სრული ინსტრუქცია, ასევე არ მიყიდონ ასაფეთქებლები ბავშვებს. ისინი არც ნებართვებს იღებენ და არც მოსაკრებელს იხდიან, რადგან მხოლოდ წინასაახალწლოდ იმართება ეს ბაზრობა. გასაგებია, რომ მზის ქვეშაც არ უნდა ეწყოს პიროტექნიკა, მაგრამ აქვთ ქოლგები და იმას იყენებენ“, – გვითხრა მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის თანამშრომელმა, თამაზ გოგიტიძემ.

„ევროპის ქვეყნებში პიროტექნიკა ასე არ იყიდება. აუცილებლად მოწმდება ხარისხი და დიდი სიმძლავრის ასაფეთქებელ მოწყობილობას მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ორგანიზაცია ყიდულობს,“ – გვიყვება მომხმარებელთა უფლებების დამცველი ლია თოდუა. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ დაზარალებული მომხმარებელი ვერავის მოსთხოვს პასუხს, თუკი პიროტექნიკას ქუჩაში შეიძენს: „მაღაზიას შესაძლებელია სასამართლოში უჩივლოს, თუმცა ჩვენი კანონმდებლობით მწარმოებელია პასუხისმგებელი. ასეთი შემთხვევა არ მახსენდება, თუმცა დაზარალებული ძალიან ბევრია“.

პრემიების პოლიტიკა მაღალმთიანეთში

წელს პრემია აჭარის სამივე მთიან მუნიციპალიტეტებში გაიცა, სახელფასო დანამატი კი – მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტში.  როგორ გადანაწილდა საპრემიო ფონდი აჭარის მთაში და ვინ რა ოდენობის პრემია-დანამატი აიღო 2016 წელს?

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული თანამშრომლებიდან სახელფასო დანამატი წელს ყველაზე ბევრჯერ [რვაჯერ, თვეში 250 ლარის ოდენობით] გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის მძღოლმა მერაბ ცეცხლაძემ მიიღო.

მერაბ ცეცხლაძემ დანამატი აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში აიღო. დანამატთან ერთად მას პრემიაც აქვს მიღებული ექვსჯერ, სულ 2 000 ლარი. პრემია-დანამატი ერთდროულად ხულოს გამგეობაში მერაბ ცეცხლაძის გარდა კიდევ ცხრა თანამშრომელმა აიღო. ცხრიდან ექვსს დანამატი ექვსჯერ, ოთხს – ხუთჯერ და ერთს ოთხჯერ დაერიცხა.

პრემია წელს ხულოს გამგეობაში ყველა თანამშრომელზე ექვსჯერ გაიცა. გამგეობის თანამშრომლებზე გაცემულმა პრემიამ ჯამში 301 970 ლარი შეადგინა, ხოლო საკრებულოს აპარატის თანამშრომლებსა და თანამდებობის პირების პრემიამ – 107 980 ლარი. ყველაზე დიდი ოდენობის პრემია – 11 925 ლარი საკრებულოს თავმჯდომარეს, ჯამბულ ხოზრევანიძეს აქვს აღებული. 7 650 ლარი აქვს მიღებული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ოთარ ცეცხლაძეს.

რაც შეეხება გამგეობას, მიღებული საპრემიო თანხით – 10 600 ლარით აქ გამგებელი ლიდერობს. 6 000 აიღო გამგებლის პირველმა მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ, 4 000 ლარი კი სამსახურის უფროსებმა აიღეს. ხულოში წელს სულ 13 850 ლარი დანამატი და  409 950  ლარი პრემია გაიცა.

ხულოს გამგებლის თქმით, დანამატი გამგეობაში მხოლოდ ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფმა მიიღო.

„რადგან არ გვაქვს იმდენი ტექნიკური საშუალება, რომ ზედამხედველობის ჯგუფი გადაადგილდეს, მათი ტრანსპორტის ხარჯების დასაფარად, დანამატის სახით, გავეცით ეს თანხა. რაც შეეხება მერაბ ცეცხლაძეს, მას 24 საათის განმავლობაში უწევს მუშაობა და წავახალისეთ“, –  ამბობს გამგებელი.

კვარტალურად თუ სადღესასწაულოდ პრემიები-დანამატები არ მიუღიათ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ აიპებისა და შპს-ების თანამშრომლებს.

„მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს აქვთ ბევრი საქმე, შრომითი ანაზღაურება კი – მცირე. ჩემი აზრით, მათი წახალისება აუცილებელია. პრემიების გაცემის საკითხი კომისიურად გადაწყდა. რაც შეეხება აიპებსა და შპს-ების თანამშრომლებს, წლის დასაწყისში მათ ხელფასის 50% ოდენობის პრემია მიიღეს, წლის ბოლოსაც მიიღებენ 50%-ს“, – ამბობს გამგებელი.

შუახევის აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ორგანოში წელს დანამატი არ გაცემულა, პრემია კი ხუთჯერ დარიგდა – იანვარში, მარტში, აპრილიში, ივნისსა და აგვისტოში. პრემიებზე წელს აქ 334 699 ლარი დაიხარჯა, აქედან 100 380 ლარი საკრებულოს, 234 319 ლარი კი გამგეობის თანამშრომლებზე.

ყველაზე მეტი პრემია შუახევშიც გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღეს – 10 600 ლარი. გამგებლის მოადგილემ ავთანდილ დიასამიძემ – 5478 ლარი პრემია აიღო, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ – გურამ ზოიძემ კი – 6 800 ლარი. პრემია – 4 000 ლარი აიღო აპარატის უფროსმა. გამგეობა-საკრებულოს თანამშრომლებისგან განსხვავებით, აიპების თანამშრომლებს, რომელთა ხელფასი საშუალოდ 200-300 ლარია, პრემია მხოლოდ ერთხელ შეხვდათ.

გამგებელი ტარიელ ებრალიძე მიიჩნევს, რომ დასახვეწია თანამდებობრივი სარგო, პასუხისმგებლობისა და დატვირთვის მიხედვით:

„პრემიები კვარტალურად დატვირთვა-დამსახურების მიხედვით გავეცით, არის თანამდებობები, რასაც მეტი დატვირთვა აქვს და, ვფიქრობ, უფრო მეტსაც იმსახურებენ… აიპში დასაქმებულებს იმდენი დატვირთვა არ აქვთ, როგორც გამგეობაში, მაგრამ ჩვენ გვინდა ყველა ადამიანმა იგრძნოს შეღავათი სახელმწიფოსგან. ვფიქრობ, სამომავლოდ აიპებში რეორგანიზაცია გატარდება, – რამდენიმე გამსხვილდება. მე, პირადად, რა პრემიაც ავიღე, ყველა სახლში არ წამიღია, მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო ფონდი გვაქვს, ამ ფონდით კი ადამიანებს ვეხმარები“.

აჭარის მთის მუნიციპალიტეტების გამგებლებიდან ყველაზე ნაკლები პრემია ქედის გამგებელს აქვს აღებული – სულ 7 420 ლარი. 3 640 ლარის ოდენობის პრემია აიღეს გამგებლის მოადგილეებმა. რაც შეეხება საკრებულოს, ქედის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ იმავე ოდენობის პრემია აიღო, რამდენიც გამგებელმა. მის მოადგილეს გურამ ანანიძეს პრემიის სახით წელს 5 690 ლარი, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს კი 3 780 ლარი აქვთ მიღებული.

ქედის გამგეობასა და საკრებულოში  პრემია წელს ოთხჯერ გაიცა, სამჯერ – ხელფასის სრული ოდენობით. ქედაში პრემიებზე სულ 233 338  ლარი დაიხარჯა, აქედან 71 974 ლარი საკრებულოს თანამდებობის პირებმა და აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს. ქედის გამგებელი ამბობს, რომ საპრემიო ფონდს შესრულებული სამუშაოების შესაბამისად განკარგავს.

„პრემიების გაცემისას ვითვალისწინებთ რამდენი პროცენტით შესრულდა ბიუჯეტი. წელს, მაგალითად, ბიუჯეტის 100%-იანი შესრულება გვაქვს, ანუ ყველა რგოლმა წარმატებით იმუშავა და თანამშრომლებმაც დამსახურებით მიიღეს პრემია“.

აიპებისა და შპს-ების თანამშრომლებმა ხელფასის 50%-ის ოდენობის პრემია  ქედაშიც მხოლოდ ერთხელ, წლის დასაწყისში მიიღეს.

„რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოვებს“ – აქცია ბათუმში [ფოტო]

დღეს, 29 დეკემბერს, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წევრმა ორგანიზაცია „იალქანმა“ ბათუმის ქუჩებში მოაწყო წინასწარ დაანონსებული აქცია-მსვლელობა – „რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოებს“.

როგორც აქციის ორგანიზატორმა, თიკო აბაშიძემ განმარტა, აქციის მიზანია, აჩვენოს საზოგადოებას, რომ განსხვავებული აღმსარებლობა, ეროვნულობა და შეხედულებები ადამიანებს ჰარმონიულ ურთიერთობებში ხელს არ უშლის.

აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში სიმბოლური საჩუქრები დაარიგეს; ისინი იყვნენ ქალაქში არსებულ სხვადსხვა სამლოცველოებში.

აქცია-მსვლელობა „რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოვებს“ / 29.12.2016 / როინ გუნდაძის ფოტო
აქცია-მსვლელობა „რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოვებს“ / 29.12.2016 / როინ გუნდაძის ფოტო
აქცია-მსვლელობა „რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოვებს“ / 29.12.2016 / როინ გუნდაძის ფოტო
აქცია-მსვლელობა „რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოვებს“ / 29.12.2016 / როინ გუნდაძის ფოტო
აქცია-მსვლელობა „რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოვებს“ / 29.12.2016 / როინ გუნდაძის ფოტო
აქცია-მსვლელობა „რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოვებს“ / 29.12.2016 / როინ გუნდაძის ფოტო
აქცია-მსვლელობა „რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოვებს“ / 29.12.2016 / როინ გუნდაძის ფოტო
აქცია-მსვლელობა „რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოვებს“ / 29.12.2016 / როინ გუნდაძის ფოტო
აქცია-მსვლელობა „რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოვებს“ / 29.12.2016 / როინ გუნდაძის ფოტო
აქცია-მსვლელობა „რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოვებს“ / 29.12.2016 / როინ გუნდაძის ფოტო

ასი სკოლა ლაბორატორიით უნდა აღიჭურვოს

რეგიონებში 100 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ლაბორატორიებით აღიჭურვება.  „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის განცხადებით, 12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, 18 საჯარო სკოლაში კი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. ასივე სკოლის რეაბილიტაცია-აღჭურვა 2019 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება, რომელიც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება, 54 მილიონი დოლარია.

„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“  2013 წელს საქართველოს დაუმტკიცა 140 მილიონი დოლარის გრანტი, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარებაზე დაიხარჯება. მაგდა მაღრაძის ინფორმაციით, გრანტი მოხმარდება როგორც სკოლების რეაბილიტაცია-აღჭურვას, ასევე პედაგოგების პროფესიულ გადამზადებას.

გადამზადდება საბუნებისმეტყველო საგნების, – ფიზიკა-ქიმია, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიის, ინგლისური ენისა და გეოგრაფიის 22 ათასამდე მასწავლებელი.

როგორც მაგდა მაღრაძე გვეუბნება, პროექტი მიზნად ისახავს ამ სფეროებში სპეციალისტების მომზადებას:  „თუკი საჯარო სკოლებში არ გაუმჯობესდება სწავლა-სწავლების პროცესი, ბუნებრივია, შესაბამის კადრებს ვერც უმაღლესი სასწავლებლებიდან მივიღებთ. ამ პროექტის მიზანი ის არის, რომ ყველა სკოლას, რომლებშიც რეაბილიტაციას ვატარებთ, აღვჭურვავთ ლაბორატორიებით. ამ ლაბორატორიებში შესაძლებელი იქნება სამივე საგნის – ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის გამართული სწავლება ერთ ლაბორატორიაში“.

მაგდა მაღრაძის თქმით, ლაბორატორიების აღჭურვის შემდეგ, პედაგოგებს შეეძლებათ ყველა გაკვეთილი ცდების თანხლებით ჩაატარონ.

„ჩვენ შევიმუშავეთ ექსპერიმენტების ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც დავაკომპლექტეთ ლაბორატორიები. ჩვენ ვზრუნავთ იმაზეც, რომ ლაბორატორიებს რეაქტივებისა და რეკვიზიტების რეზერვი შევუქმნათ.“

მაგდა მაღრაძის აზრით, ლაბორატორიები ხარჯეფექტიანი უნდა ყოფილიყო, რადგან საქართველოს ძვირადღირებული მასალების შესყიდვის ფუფუნება არ აქვს.  „ერთი ტენდერი ჩავატარეთ, მაგრამ ძვირადღირებული მასალები შემოგვთავაზეს. ამიტომ, ტენდერს თავიდან ვატარებთ. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ძვირადღირებული მასალები ვიყიდოთ. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თუკი ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდება და დადებითად აისახება სწავლა-სწავლების პროცესზე, მთავრობას ექნება საშუალება, მსგავსი ლაბორატორიებით საქართველოს ყველა საჯარო სკოლა აღჭურვოს“, –  გვეუბნება მაგდა მაღრაძე.

სკოლების შერჩევის დროს, როგორც მაგდა მაღრაძე გვეუბნება, აქცენტი მაღალკონტინგენტიან სკოლებზე კეთდებოდა: „პროექტმა 35 ათასი მოსწავლე უნდა მოიცვას. კვლევების საფუძველზე შემუშავდა სისტემა, რის მიხედვითაც თავდაპირველად შეირჩა რეგიონის 400 სკოლა, შემდეგ კი, შემთხვევითობის პრინციპით ავარჩიეთ ასი საჯარო სკოლა. აქცენტი გაკეთდა იმ სკოლაზე, სადაც მეტი სოციალურად დაუცველი მოსწავლე სწავლობს. სკოლა, ფაქტობრივად, ჩონჩხის დონეზე დადის და მისი სრული რეაბილიტაცია კეთდება“.

როგორც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელმძღვანელი გვეუბნება, მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ყველა სკოლა მცირეკონტინგენტიანია, ის სკოლები შეარჩიეს, რომლებშიც ყველაზე მეტი მოსწავლე სწავლობდა.

„ზედა ლეღვას სკოლა სიცოცხლისთვის საშიშია და აუცილებელია რემონტის ჩატარება“  –  ამ შინაარსის წერილი აჭარის მთავრობამ ცოტა ხნის წინ მიიღო აჭარის უმაღლესი საბჭოდან. მთავრობამ კი პასუხად გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ  „ლეღვას და ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლებს, ასევე ბათუმის მე-18 სკოლის რეაბილიტაციის სურვილი  „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“  გამოთქვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მემორანდუმის პროექტზე მუშაობა“.

მაგდა მაღრაძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობის თხოვნით, აჭარაში რამდენიმე სკოლა შეამოწმეს, თუმცა სანამ არ შეისწავლიან ამ სკოლებს და საბოლოო შეთანხმება არ შედგება, მანამ სკოლების დასახელების უფლება არ აქვთ: „ჩვენ აჭარაში შევამოწმეთ სკოლები სამინისტროსთან ერთად, იყო ექვსი სკოლა რომელსაც სჭირდება რეაბილიტაცია და მოხვდნენ ჩვენს სიაში,  მაგრამ ვერ გეტყვით რომელი, იმიტომ რომ ამ სკოლებში ჯერ ინჟინრები უნდა ჩავიდნენ და შეამოწმონ. მას მერე, რაც მემორანდუმს გავაფორმებთ აჭარის მთავრობასთან,  უკვე დადასტურდება რომელი სკოლებია“.

მაგდა მაღრაძის თქმით, პირველ სარეაბილიტაციო სეზონზე 30 სკოლა შეირჩა. „არ გვინდა სკოლები დიდხანს დავკეტოთ, ამიტომ რეაბილიტაცია ცხრა თვეს გრძელდება. 12 სკოლა უკვე დავასრულეთ, 18 სკოლის რეაბილიტაცია კი ახლა მიმდინარეობს. აჭარის მთავრობასთან დადებული მემორანდუმის შემდეგ, აჭარიდან შერჩეული სკოლების რეაბილიტაცია 2018 წელს დაიწყება. 2019 წლის ზაფხულამდე ასივე სკოლა იქნება რეაბილიტირებული და ლაბორატორიებით აღჭურვილი“.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პროექტის ფარგლებში შვიდი ათასამდე საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგი საგნობრივ კომპეტენციებში გადამზადდა. ლაბორატორიაში მუშაობის ტრენინგები კი 2017 წლიდან იწყება – პედაგოგები, ცდების დაწყებამდე ისწავლიან ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობას,  „რადგან ბევრი ისეთი საშიში მასალა, რომლის სწორი გამოყენებაც უნდა იცოდეს მასწავლებელმა“.  ტრენინგების გავლის შემდეგ რეგიონის დონეზე პედაგოგებთან უცხოელი და ქართველი ტრენერები მუშაობას ისევ გააგრძელებენ.

მთავრობამ ფსიქიატრიულის 50 წლით შენარჩუნება გადაწყვიტა

აჭარის მთავრობამ შპს „ბათუმის რესპუბლიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ გასხვისებისთვის 16 დეკემბერს გამოცხადებული აუქციონის პირობები შეცვალა. მყიდველი 10 წლის ნაცვლად, ვალდებული იქნება, 50 წლით შეინარჩუნოს ფსიქიატრიული სააავადმყოფოს პროფილი. რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ მან ამ სფეროში მომუშავე ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაცია გაითვალისწინა, თუმცა მესამე სექტორის შენიშვნას „უსაფუძვლო შიშსა და ეჭვებს“ უწოდებს.

„რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობას წერილობით ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აუქციონის შეჩერების თხოვნით მომართა. როგორც ჩანს, არასწორად იქნა აღქმული ელექტრონული აუქციონის ერთ-ერთი პირობა, არსებული სამედიცინო პროფილის 10 წლით შენარჩუნებასთან დაკავშირებით და გაჩნდა უსაფუძვლო ეჭვი, რომ შესაძლოა 10 წლის შემდეგ რეგიონს აღარ ჰქონოდა ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო. გამომდინარე იქედან, რომ გვსურს პროცესის აბსოლუტური გამჭვირვალობა უზრუნველვყოთ და გავფანტოთ უსაფუძვლო შიში 10 წლის შემდეგ კლინიკის პროფილის შეცვლის თაობაზე, აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სამედიცინო დაწესებულების მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის ერთ-ერთ მთავარ პირობად სამედიცინო პროფილის არანაკლებ 50 წლის ვადით შენარჩუნება განისაზღვრა“ – ნათქვამია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინსიტრო ასევე აღნიშნავს, რომ  ქონების შეძენით დაინტერსებული პირებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, ელექტრონული აუქციონის დასრულების არსებულ ვადას (30 დეკემბერი) 2 კვირა დაემატა.

27 დეკემბერს რამაზ ბოლქვაძემ „ბათუმელებთან“ თქვა, რომ მან კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადა გამოიყენა, როცა პროფილის ვადათ 10 წელი განსაზღვრა. დღეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გვითხრა: „აღარ მახსოვს, ზუსტად როგორ ვთქვი… მე ვიგულისხმე პრაქტიკა, რომელიც ამ კუთხით არსებობდა. 10 წელი იყო მაქსიმალური ვადა, რაც გამოგვიყენებია და მაშინაც ვთქვი, რომ თუკი ინვესტორი ამ ხნის განმავლობაში ინვეტიციას ჩადებს, 10 წლის შემდეგაც აღარ იქნებოდა იმის საფრთხე, რომ საავადმყოფო დაეხურა“.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს პირობებიან, ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. საწყისი ფასი 100 ათასი ლარია. ინვესტორმა საავადმყოფოში მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

აჭარის განათლების მინისტრის ახალი მოადგილეები

აჭარის გაანთლების, კულტურის და სპორტის ახალ მინისტრის, ინგა შამილიშვილის მოადგილეები მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრის წარდგინებით დღეს დანიშნა.

პირველ მოადგილედ ისევ სულიკო თებიძე იმუშავებს. ის 2012 წლიდან განათლების მინისტრის მოადგილეა და საგანმანათლებლო მიმართულებას ხელმძღვანელობს.

სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი, თეონა ბერიძე  იქნება ინგა შამილიშვილის კიდევ ერთი მოადგილე. თეონა სამინისტროში 2014 წლიდან მუშაობს.

მოადგილეებს შორის ახალი სახე მირიან ქათამაძე იქნება. იგი სახელმწიფო შესწყიდვებსა და სამართლებრივი უზრუნველყოფის კუთხით იმუშავებს. მირიან ქათამაძე სამართლის დოქტორია და ბოლო წლებში ადვოკატად მუშაობდა.

აჭარის განათლების სამინსიტროში ამჟამად ერთი მოადგილის სავარძელია თავისუფალი. ამ ვაკანსიაზე დანიშნულმა პირმა სპორტის მიმართულებით უნდა იმუშაოს.

აჭარის მთავრობის მომავალი წლის პრიორიტეტები

აჭარის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 315 მილიონი ლარით განისაზღვრა და ის უმაღლესმა საბჭომ უკვე დაამტკიცა.

რეგიონის მომავალი წლის მთავარი საფინანასო დოკუმენტის მიხედვით 1 მილიონ 600 ათასი ლარით იზრდება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაფინანსება. მომავალ წელს დეპარტამენტის ბიუჯეტი 7 მილიონ 400 ათასი ლარი იქნება. ნამატი თანხა აჭარის ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენას უნდა მოხმარდეს.

თითქმის 8 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში 46 მილიონს შეადგენს საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დაფინანსება. აქედან 27 მილიონი ლარი გზების რეაბილიტაციას, 9 მილიონი ლარი კი საგზაო და სამელიორაციო სისტემების მოვლა-შენახვას მოხმარდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს ბიუჯეტი გასულ წელს 18 მილიონი ლარი იყო, მომავალ წელს კი 34 მილიონი ლარი იქნება. ძირითადი ზრდა არაფინანსურ აქტივებზე მოდის. სამინისტრომ მომავალ წელს 21 მილიონი ლარი გაითვალისწინა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და აჭარის მაღალმთიანეთის გაზიფიცირებისთვის, აქედან გაზიფიცირებაზე მხოლოდ 250 ათასი ლარი დაიხარჯება. დანარჩენი კი გზებს მოხმარდება.

ამავე სამინისტრომ ბათუმის ბულვარისთვის 7 მილიონ 500 ათასი ლარი გაითვალისწინა. აქედან მილიონ 55 ათასი ლარი ბულვარის მართვის, ხოლო 6 მილიონ 500 ათასი ლარი ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა -პატრონობისთვის გაწერეს. მომავალ წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შავი ზღვის სანაპირო ზოლში სარეკრეაციო ადგილების ურბანული განვითარების მიზნით 240 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.

გასულ წელთან შედარებით იზრდება ეკონომიკური ობსერვატორიის დაფინანსებაც და მისი ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 100 ათას ლარს შეადგენს. სამაგიეროდ თითქმის 200 ათასი ლარით მცირდება მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის პროგრამა.

მომავალ წელს 4 მილიონით იზრდება განათლების სამინისტროს ბიუჯეტი. ნამატი ძირითადად აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს.

ნახევარი მილიონი ლარით გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება.

ხუთ მილიონამდე ლარით იზრდება სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება. სამინისტრო მომავალ წელს სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით 6 მილიონ 500 ათასი ლარის, ხოლო ადგილობრივო პროდუქტის რეალიზაციისთვის 2 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამდენივეა გათვალისწინებული სასათბურე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის. თითქმის მილიონი ლარი დაიხარჯება მომავალ წელს ერთწლიანი კულტურების წარმოების დასაწყებად.

აჭარის ბიუჯეტიდან მომავალ წელს რეგიონის მუნიციპალიტეტებიც დაფინანსდება.

„მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“ აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამაზე „რევმატოლოგია“

სსმეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“ აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამაზე „რევმატოლოგია“  (ერთი მაძიებელი).

მოთხოვნები რეზიდენტურაში მისაღებად:

  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან შესაბამისი ცნობა,
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, PowerPoint, Excel, Internet),
  • ინგლისური ენის ფლობა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  1. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი მოწმობა
  2. ავტობიოგრაფია (CV);
  3. ფოტოსურათი 3X4 – 2 ცალი;
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ქსეროკოპია);
  5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის).

რეზიდენტურაში ჩარიცხვა მოხდება ერთიან დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდაზე მიღებული ქულების და გასაუბრების მიხედვით

  • პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღება განხორციელდება 2017 წლის 16 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით.
  • გასაუბრება სპეციალობაში და უცხო ენაში ჩატარდება 27 იანვარს.

მსურველებს საბუთების შემოტანა შეუძლიათ მისამართზებათუმი, ტაბიძის ქ #2ა  სს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“, პირველი სართულიკანცელარია, 10 სთ-დან 18 სთ-მდე, ტელეფონი – 422 242031 

sazRvao

 

კუთვნილი ულუფისთვის უფასო სასადილოში [ფოტო]

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო 6 სასადილოს ამუშავებს, სადაც სოციალურად დაუცველებს დღეში ერთხელ, უფასო სადილით უმასპინძლდებიან. „უფასო სასადილოთი“ მოსარგებლეთა უმრავლესობას  კუთვნილი ულუფა ძირითადად შინ მიაქვს, ზოგიერთი კი სადილს სასადილოში მიირთმევს.

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორის, ბადრი გოგიძის ინფორმაციით, აღნიშნული სასადილოებით ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 042 ადამიანი  სარგებლობს. ბენეფიციართა ყოველდღიურად ერთჯერადი კვებისთვის კი ქალაქის ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში 2,5 მილიონ ლარამდე იხარჯება.

„ჩვენ ასევე წინსაახალწლოდ გადავეცით საჩუქრები ჩვენს ბენეფიციარებს, რაშიც დაიხარჯა 57 ათასი ლარი. გავაკეთეთ 15-ლარიანი სასაჩუქრე პაკეტები და გადავეცით თითოეულ ბენეფიციარს“ – ამბობს ბადრი გოგაძე.

როინ გუნდაძის ფოტორეპორტაჟი ტაბიძის 2-ში მდებარე მუნიციპალურ სასადილოდან, რომელიც 880 ადამიანს ემსახურება:

დღის მენიუ „მწვადით“
დღის მენიუ „მწვადით“
სასადილო ტაბიძის ქუჩაზე (12)
სასადილო ტაბიძის ქუჩაზე (12)
წვნიანი სახლში წასაღებად
წვნიანი სახლში წასაღებად
სასადილოს საკვები შინ წასაღებად
სასადილოს საკვები შინ წასაღებად
4 ადამიანისთვის განკუთვნილი ულუფა
4 ადამიანისთვის განკუთვნილი ულუფა
ახალი ხილის კომპოტი 4 ადამიანისთვის
ახალი ხილის კომპოტი 4 ადამიანისთვის
2 ადამიანზე განკუთვნილი პურის დღიური ნორმა
2 ადამიანზე განკუთვნილი პურის დღიური ნორმა
სასადილო ტაბიძის ქუჩაზე (5)
სასადილო ტაბიძის ქუჩაზე (5)
სასადილო ტაბიძის ქუჩაზე - (1)
სასადილო ტაბიძის ქუჩაზე – (1)
სასადილო ტაბიძის ქუჩაზე
სასადილო ტაბიძის ქუჩაზე
სასადილო ტაბიძის ქუჩაზე
სასადილო ტაბიძის ქუჩაზე
სასადილო ტაბიძის ქუჩაზე
სასადილო ტაბიძის ქუჩაზე
სასადილო ტაბიძის ქუჩაზე
სასადილო ტაბიძის ქუჩაზე
სასადილო ტაბიძის ქუჩაზე
სასადილო ტაბიძის ქუჩაზე
სასადილო ტაბიძის ქუჩაზე
სასადილო ტაბიძის ქუჩაზე
სასადილო ტაბიძის ქუჩაზე
სასადილო ტაბიძის ქუჩაზე
ჩანაწერი სასადილოს მადლობის წიგნში
ჩანაწერი სასადილოს მადლობის წიგნში
სასადილოს საახალწლო სასაჩუქრე „კალათა“ ერთი ადამიანისთვის
სასადილოს საახალწლო სასაჩუქრე „კალათა“ ერთი ადამიანისთვის

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

დაიცავს თუ არა 30-მილიონიანი პროექტის განხორციელება ბათუმის სანაპირო ზოლს და გადაიჭრება თუ არა ამით ზღვის მიერ ნაპირის მიტაცების პრობლემა? როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, პლაჟების შენარჩუნებისთვის მომდევნო წლებში კვლავ უნდა გაგრძელდეს ზღვაში ნატანის ხელოვნურად ჩაყრა. ზოგიერთი სპეციალისტის თქმით კი, პროექტის განხორციელების შემდეგ ზღვა უკვე ძველი ბულვარის ტერიტორიას წარეცხავს.

წარეცხილი სანაპირო ახალ ბულვართან / თორნიკე თავაძის ფოტო
წარეცხილი სანაპირო ახალ ბულვართან / თორნიკე თავაძის ფოტო

ბათუმში ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება მომავალი წლის იანვარში დაიწყება და წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს. სამუშაოები აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ ჟილინის არხის მიმართულებით 1,8 კმ დამცავი კედლის – ქვანაყარი ბერმის აშენებას ითვალისწინებს. პროექტზე აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იმუშავებს. სამუშაოების ჩატარებაზე უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ჰოლანდიურ კომპანიასთან – STRUIJK GROUP-ი. კონტრაქტის თანხა დაახლოებით 30 მილიონი ლარია.

პროექტი, რომლითაც მშენებლობა განხორციელდება, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ შექმნა. პროექტით დაგეგმილია ჭოროხის აუზის შესწავლა/მონიტორინგი, ასევე ქვიშა-ხრეშის ჩრდილოეთ სანაპიროდან [ბათუმის კონცხი, ანბანის კოშკის მიმდებარედ ტერიტორია] სამხრეთში [ახალი ბულვარის მიმდებარედ] გადატანა, რაც „სამხრეთ ზოლში პლაჟის მოწყობას შეუწყობს ხელს“.

„იტალიური პროექტი სპეციალისტთა ჯგუფმა დავიწუნეთ. შემდეგ ჩვენ ამოგვაგდეს და  განხილვაზეც აღარ მიგვიწვიეს… მე მაშინ ხმამაღლა  ვუთხარი მთავრობას, რომ თუ ამ პროექტით ჩატარდება ნაპირდაცვითი სამუშაოები, ეს იქნება ბათუმის სანაპიროს დეგრადაციის დასაწყისი. ეს იქნება არა ნაპირგამაგრება, არამედ ეკოლოგიურად დასახიჩრება ნაპირების,“ – აცხადებს საშა ხორავა, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

საშა ხორავას თქმით, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს, ქართველი მეცნიერების მიერ შემუშავებული მეთოდით, ე.წ. ხელოვნური კვებით ინარჩუნებდნენ ნაპირს. ეს მეთოდი ზღვაში, ნაპირისგან მოშორებით ნატანის [ქვიშა-ხრეშის] ჩაყრას გულისხმობს, რასაც მერე ზღვა შტორმის დროს პლაჟებზე ანაწილებს.

„ჩვენ მცირედი ფინანსური ხარჯებით, ხელოვნური კვებით ვინარჩუნებდით ნაპირების მდგრადობას, რეკრეაციულ ზონას და ამით მთლიანობაში ეკოლოგიას. ამას ქართული მეთოდი ჰქვია და მას უცხოეთშიც იყენებენ. ნატანის შეტანა ზღვაში ბოლო წლებში შეწყდა. ახლა ერთი პატარა საინჟინრო ნაგებობაც რომ დაამატო, ბათუმის ნაპირის კვება ისედაც არ ხდება და წარეცხვა დაიწყება ძველ ბულვარში. ასეთი ტექნოგენური ჩართვები ზღვასთან მიმართებაში არ შეიძლება. ბერმის გაკეთება დასაშვებია მხოლოდ არარეკრიაციულ ზონაში,“ – ამბობს საშა ხორავა.

წარეცხილი სანაპირო ახალ ბულვართან / თორნიკე თავაძის ფოტო
წარეცხილი სანაპირო და დაზიანებული ინფრასტრუქტურა ახალ ბულვართან / თორნიკე თავაძის ფოტო

„აჭარის ხელისუფლებას ჰქონდა შუამდგომლობა, რომ მომზადებულიყო პროექტი სანაპიროს გამაგრებაზე. გაკეთდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და შემდეგ მუნიციპალური განვთარების ფონდმა [მგფ] დაიქირავა იტალიური საკონსულტაციო კომპანია „ტექნიტალი“, რომელმაც წამოაყენა თავისი წინადადებები. ეს განვიხილეთ რამდენჯერმე ყველა იმ სტრუქტურის მონაწილეობით, ვისაც ამ სფეროში სიტყვა ეთქმოდა. იყო კამათი, თუ როგორ იქნებოდა იჟინრული გადაწყვეტა, ექსპერტები გამოთქვამდენ სხვადასხვა აზრს, რის შემდეგაც ჩვენ მივეცით წინადადება „ტექნიტალს“ გაეკეთებინა თავისი წინადადების მოდელირება, ამის შემდეგ ვიქირავეთ კომპანია. „ტექნიტალი“ იქნება სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველი და პასუხს აგებს თავისი რეპუტაციით. კონტრაქტის მიხედვითაც პასუხისმგებლები არიან თავიანთ პროდუქტზე,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ რეზო გიგილაშვილმა, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მენეჯერმა.

რეზო გიგილაშვილის თქმით, განხილვის პროცესში ქართველი ექსპერტების აზრი იყო გაყოფილი: „ერთი ერთს ამბობდა, მეორე – მეორეს და ეს ყველაფერი ეფუძნებოდა მათ „მე ასე მგონიას“… ეჭვქვეშ არ ვაყენებ ამ ადამიანების კვალიფიკაციას, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვიყავით შეგვერჩია რომელიღაცა და ამოვარჩიეთ „ტექნიტალი“, რომელმაც წარმოადგინა ყველაზე არგუმენტირებული წინადადება. ჩვენი ექსპერტები უფრო ემპირულ შეფასებებს ეყრდნობიან, დღეს კი ზუსტ გათვლებს უნდა დაეყრდნო, ამ გათვლებს ცოდნა უნდა“.

რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთი სპეციალისტი ჩამოაშორეს საკითხის განხილვას. რეზო გიგალაშვილის თქმით, „ვერ ჩაერთვება ვერავინ. არის პროცედურები და ამ პროცედურებს მივყვებით – ვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვას, ვარჩევთ საკონსულტაციო კომპანიას და მას ვეყრდნობით; თუმცა პარალელურად რამდენჯერმე ჩატარდა შეხვედრა იმათი მონაწილეობით, ვინც არის ჩართული. ჩვენ შეიძლება ყველა ექსპერტი ვერ მოვიყვანოთ ახლა, ან ვერ მოვიწვიოთ“.

ბერმის აშენების შემდეგ დაცული იქნება თუ არა ნაპირი წარეცხვისგან ხელოვნური კვების გარეშე? „მერე ვინ გითხრათ, რომ ხელოვნური კვება არ არის,“ – ამბობს პროექტის მენეჯერი. – „პროექტში ორი კომპონენტია: ნაპირსამაგრი ნაგებობის აშენება და ნატანის ხელოვნურად შეტანა. კატასტროფული მდგომარეობაა აეროპორტთან. ნაპირსამაგრი ნაგებობა არის იქ ძველი და ეს გაგრძელდება აქეთ – 1800 მეტრ სიგრძეზე დაეწყობა ფლეთილი ქვები. ბათუმის კონცხიდან კი, სადაც ხდება აკუმულირება ნატანის, მოხდება ამ ნატანი მასალის გადატანა სამხრეთში და გაფართოება პლაჟის“.

საშა ხორავას თქმით, კონცხიდან ჭარბი მასალის ამოღება ყოველთვის არ შეიძლება: „ამან შესაძლოა შექმნას დეფიციტი კონცხთან და საკმაოდ აგრესიული ეროზიული პროცესები დაიწყება. მერე შესაძლოა კონცხსაც დასჭირდეს ხელოვნური კვება. როცა ყოველწლიურად შეგვქონდა 100 ათასი კუბ/მეტრი ნატანი და ვყრიდით ერთ ადგილზე ზღვაში, ეს ჰყოფნიდა ბათუმის პლაჟებს… შეწყდა შეტანა და ახალი ბულვარის მონაკვეთი წარეცხა ზღვამ. ბერმის აშენებით ტალღებს სამუშაო არეალს ვუკეტავთ. ეს ძალიან ცუდ მდგომარეობამდე მიგვიყვანს… ამბობენ, რომ ჩაყრა გაგრძელდება, მაგრამ ადრე თუ ერთ ადგილზე ვყრიდით, შემდეგ დასჭირდება მეტი და ბევრ ადგილზე. გარდა იმისა, რომ ეს გაზრდის ხარჯებს, ტალღა ვერ იმუშავებს ბუნებრივად და უკვე ბერმის აქეთა ტერიტორიების წარეცხვა დაიწყება“.

რა მოხდება ბერმის მშენებლობის პროცესში და მის შემდეგ – ამას გადაჭრით ვერც განვითარების ფონდში ამბობენ.

„ვაკეთებთ, ხომ არ ვაფუჭებთ… ახლა მთავარია შეწყდეს ნაპირის მიტაცება. ამ ქვის წყობიდან ზღვისკენ დაიყრება ნატანი და იქ გაჩნდება პლაჟი, გაკეთდება ჩასასვლელები პლაჟზე, ზღვასთან მისასვლელად. შემდგომ გათვალისწინებული უნდა იყოს მონიტორინგი. ეს ბუნებრივი პროცესია და უნდა დადგინდეს, თუ რა ინტენსივობით ვკვებოთ შემდგომში. მანდ კვება სულ იყო. დღეს ნატანის პრობლემაც არის აჭარაში… მონიტორინგი პროექტის განხორციელების მომენტშიც იქნება და განისაზღვრება, თუ რა მოცულობის კვება დასჭირდება და რა ინტენსივობით… არავინ ამბობს, რომ აი, ეს აშენდება, დაიყრება და ამით დამთავრდება. შემდეგაც იქნება საჭირო ჩაყრა,“ – აცხადებს რეზო გიგილაშვილი.

პროექტის მიხედვით, ბათუმის კონცხიდან ადლიის მიმდებარედ 30 ათასი კუბ/მ ხრეშს გადაიტანენ. ამას, პლაჟის წარმოქმნის მიზნით, დაახლოებით 130 ათასი კუბ/მ სანაპიროს გასწვრივ არსებული მასალა დაემატება [რომელსაც ბერმის მშენებლობის პეროცესში ამოიღებენ]. პროექტის ბოლო ვარიანტში ამოღებულია ბათუმის კონცხთან ტალღმტეხი ნაგებობის აგება.

რა მოცულობის სამუშაოები იქნება საჭირო პროექტის დასრულების შემდეგ, თუნდაც ხელოვნური კვებისთვის? – ფონდში ამბობენ, რომ „ამისი მუდმივი ციფრი არ არსებობს“ და დეტალები მონიტორინგის შემდეგ გაირკვევა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, არის შეთანხმება, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ზღვის ხელოვნური კვება აჭარის მთავრობამ დააფინანსოს. აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოში გვითხრეს, რომ ისინი ამ პროცესში ჩართული არ არიან და არც ნაპირდაცვის სპეციალისტები ჰყავთ.

ქალაქის მერია კი, ნაპირგამაგრებითი სამუშაოების დასრულებამდე ახალი ბულვარის გაგრძელებაზე შტორმის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურას არ აღადგენს.

„თავის დროზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკი [პრომინადი] ჭოროხის შესართავამდე  ისე გააკეთეს, რომ არ იყო ჩატარებული ნაპირგამაგრების სამუშაოები. ჭოროხიდან ჟილინის არხამდე ტერიტორია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადავეცით სარგებლობაში 2 წლით – პლაჟი და ის ადგილი, სადაც ბერმა არის გაკეთებული.  ტერიტორია სამშენებლო მოედნისთვის უკვე გამოვყავით. როგორც კი ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდება, ჩვენც გამოვაცხადებთ ტენდერს და დავიწყებთ კეთილმოწყობას,“ – განაცხადა ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა.

მისივე განცხადებით, მერიას ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტი მზად აქვს: „2 მილიონ 800 ათასამდე ლარის ღირებულების პროექტია გამზადებული. ამფითეატრის მიმდებარედ მოეწყობა ზღვაზე გადასახედი, პლატფორმები, მოაჯირები და სხვა, რასაც ნაპირგამაგრების შემდეგ გავაკეთებთ“.

დაზიანებული სანაპირო არსებული ბერმის მიმდებარედ [აეროპორტის ასაფრენ ზოლთან ახლოს] / თედო ჯორბენაძის ფოტო
დაზიანებული სანაპირო არსებული ბერმის მიმდებარედ [აეროპორტის ასაფრენ ზოლთან ახლოს] / თედო ჯორბენაძის ფოტო
ჭოროხის შესართავიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე მონაკვეთზე 1 კილომეტრი სიგრძის ქვანაყარი ბერმის აშენებაში 5 მილიონ 300 ათასი ლარი  2015 წელს დაიხარჯა აჭარის ბიუჯეტიდან. სამუშაოები საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეასრულა. ბერმის აშენების შემდეგ შეწყდა ნატანის ხელოვნური შეტანა, რის გამოც ეროზიული პროცესები ფართო მასშტაბით დაიწყო კედლის ბოლოდან ჟილინის არხის მიმართულებით. არსებული ბერმის გაგრძელება იქნება სწორედ ახალი ბერმა, რომელსაც ჰოლანდიური კომპანია ააშენებს.

ამ მონაკვეთში, შტორმის გამო ეროზირებულია ნაპირი, დანგრეულია საფეხმავლო და ველო ბილიკები, დაზიანებულია ელექტროგანათება… დაზიანებული ზღვისპირა ზოლის რეაბილიტაციისთვის ბათუმის მერიამ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მხოლოდ 2014 წელს გამოყო თანხა – 90 ათასამდე ლარი.

ახალ ბულვარში მდებარე ამფითეატრიდან ჭოროხამდე მონაკვეთი მერიას  ეკუთვნის. ამფითეატრიდან საოცრებათა პარკამდე ტერიტორიაზე კი შტორმის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნაწილის შეკეთება „ბათუმის ბულვარს“ მიმდინარე ხარჯებიდან უწევს. ბულვარის ადმინისტრაციისგან მიღებული ინფორმაციით, 2014 წლის ნოემბერში შტორმის შედეგად დაზიანდა ქანდაკება „ალი და ნინოს“ კვარცხლბეკი. ქანდაკების გადატანა ბულვარს 190 ათასი ლარი დაუჯდა. გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში შტორმის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ბულვარმა 180 ათასი ლარი დახარჯა.

„რაც შეეხება ბულვარის გასწვრივ სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოებს, აღნიშნული საკითხი არ გახლავთ სსიპ „ბათუმის ბულვარის“ პრეროგატივა, ვინაიდან პლაჟი მუნიციპალურია და დროებით სარგებლობაში მხოლოდ საზაფხულო სეზონზე გადმოეცემა „ბათუმის ბულვარს,“ – წერია ბულვარიდან მიღებულ წერილში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ზაფხულის სეზონისთვის ნაპირგამაგრების სამუშაოები შეჩერდება და შემოდგომაზე გაგრძელდება. მუნიციპალური განვითარების ფონდს ჰოლანდიური კომპანიისთვის მოწვევა სამუშაოების დაწყებაზე ჯერ არ გაუგზავნია.

დაზიანებული სანაპირო ახალ ბულვართან ~ თორნიკე თავაძის ფოტო
დაზიანებული სანაპირო ახალ ბულვართან ~ თორნიკე თავაძის ფოტო

ბათუმის პლაჟები საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული იყო მდინარე ჭოროხის მიერ ზღვაში ჩატანილი ნატანით. გასულ საუკუნეში მდინარის კალაპოტის შეცვლამ ნატანის რაოდენობა შეამცირა – დელტაში თავმოყრილი ნატანის ძირითადი მასა ზღვაში არსებულ ღრმა კანიონში იკარგება; ამას დაემატა მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობა თურქეთში, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა ნატანის რაოდენობა; ახლახან ამას დაერთო ჰესების მშენებლობა მდინარე აჭარისწყალზე და ასევე ჭოროხის დელტაში თავმოყრილი ინერტული მასალების მშენებლობებზე გამოყენება.

შესაბამისად, ზღვას პლაჟების შენარჩუნებისთვის საჭირო მასალა აღარ დარჩა, შეწყდა ხელოვნური კვებაც. ამან გამოიწვია კატასტროფული ეროზიული პროცესები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან, რაც დღესაც გრძელდება.


ზღვისგან მიტაცებული მილიონები

ბათუმის ნაპირგამაგრების ახალი პროექტი ოქროს ქვიშის გარეშე

ბათუმის ნაპირგამაგრებისთვის 12 მილიონამდე ევრო დაიხარჯება

სასჯელაღსრულების სამინისტრო ბათუმის ციხეში დაფიქსირებულ უკანონო სამედიცინო საქმიანობაზე

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ ბათუმის ციხეში უკანონო სამედიცინო საქმიანობის შემთხვევაზე მოგვწერა. საუბარია მსჯავრდებულ კახა მეცხვარიშვილზე, რომელიც წლის განმავლობაში ათეულობით წერილის წერით აპროტესტებდა მის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ამავე პატიმრის წერილის საფუძველზე და სახალხო დამცველის თხოვნით, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ ბათუმის ციხეში ერთ-ერთი ექიმის, თამილა ვარშალომიძის მიმართ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი დაადგინა. რამდენიმე ექიმის საქმიანობაში ასევე დაფიქსირდა სხვადასხვა სახის ხარვეზი.

სასჯელაღსრულების სამინისტრო ადასტურებს უკანონო სამედიცინო საქმინობის ფაქტს. უწყებიდან მიღებული წერილის მიხედვით, კონკრეტული ექიმი [ვინაობას სამინისტრო არ ამხელს], ვის მიმართაც დარღვევა დადგინდა, მიმდინარე წლის 11 აპრილიდან აღარ მუშაობს ბათუმის მე-3 დაწესებულებაში, ანუ მან მანამდე დატოვა თანამდებობა, ვიდრე სამედიცინო რეგულირების სააგენტო მის მიმართ დარღვევას დაადგენდა.

სამინისტროდან მიღებულ წერილში ვკითხულობთ: „მსჯავრდებული კ.მ. ისევე, როგორც ყველა სხვა მსჯავრდებული, უზრუნველყოფილია სრული სამედიცინო სერვისით.“

ანალოგიური შინაარსის წერილი მივიღეთ ჩვენ მარტშიც იგივე სასჯელაღსრულების სამინისტროსგან, როცა კახა მეცხვარიშვილი სამედიცინო მომსახურების ხარისხს აპროტესტებდა. მაშინ სამინისტროს წერილში არ აღუნიშნავს, რომ მსჯავრდებულის წერილის საფუძველზე მიმდინარეობდა მოკვლევა, ან რომელიმე სხვა უწყება შეისწავლიდა ბათუმის ციხეში გაწეულ სამედიცინო მომსახურებას. „ბათუმელების“ ხელთ ასებული ინფორმაციის მიხედვით, ის, რასაც პატიმარი აპროტესტებდა, ნაწილობრივ დაადასტურა სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ მხოლოდ სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ.

სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ დღეს, 28 დეკემბერს მოწერილი წერილიდან არ ირკვევა, ექიმმა, ვისაც სერთიფიკატი ერთი თვით შეუჩერეს, თავისი ნებით დატოვა თანამდებობა, თუ გაათავისუფლეს: „აღნიშნულ ექიმს N3 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმის თანამდებობა მიმდინარე წლის 11 აპრილიდან აღარ უკავია.  საბჭოს მიერ  დაწესებულების სხვა ექიმების მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა“, – ვკითხულობთ წერილში.

მსჯავრდებულ კახა მეცხვარიშვილის მიერ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ვიზიტს ადასტურებს სასჯელაღსრულების სამინისტრო: „მსჯავრდებულ კ.მ.-ს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში  კონსულტაციის შედეგად ექიმის მიერ დაენიშნა მედიკამენტები, რომლებიც არ შედის ბაზისური მედიკამენტების ნუსხაში. აღნიშნული მედიკამენტების შეძენის მიზნით, მთავარი ექიმის მიერ შესაბამისი მოთხოვნა უკვე გაგზავნილია.“

სამინისტროს მიერ მოწერილ წერილში არაფერია ნათქვამი, იყო თუ არა გადაყვანილი კახა მეცხვარიშვილი სამარტოო საკანში და მოექცა თუ არა მას აგრესიულად ციხის ადმინისტრაცია, რასაც მსჯავრდებული ამჟამად აპროტესტებს და წერს, რომ ამის გამო შიმშილობას აპირებს. სასჯელაღსრულების სამინისტრო წერილში მხოლოდ ამას აღნიშნავს: „მსჯავრდებული შიმშილობდა 16-17 დეკემბერს და 19-22 დეკემბერს.  კ.მ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად აკონტროლებს დაწესებულების სამედიცინო პერსონალი.“

კახა მეცხვარიშვილისგან ბოლო წერილი „ბათუმელებმა“ 26 დეკემბერს, ორშაბათს მიიღო. იმავე დღეს ჩვენ სასჯელაღსრულების სამინისტროს დავუკავშირდით. ამ უწყებისგან წერილობითი პასუხი დღეს, 28 დეკემბრის საღამოს მივიღეთ, მას შემდეგ, როცა ბათუმის ციხეში დაფიქსირებულ დარღვევებზე ინფორმაცია უკვე გავრცელებული გვქონდა.

ბობოყვათთან მომხდარ ავტოავარიას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქობულეთი-ბათუმის მაგისტრალზე, სოფელ ბობოყვათთან ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქტი ავტომანქანები დაეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქი ავტომანქანის მძროლი, სატვირთოს მძღოლი – საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია პაატა დუმბაძე. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად. პაატა დუმბაძე ბოლო 8 თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებოდა.

ადვოკატის, რამინ პაპიძის ინფორმაციით, მთავარი მტკიცებულება საქმეში სამხარაულის სახელობის ბიოლოგიური ექსპერტიზა აღმოჩნდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბრალდებულის თითის ანაბეჭდები ამოღებულ ნარკოტიკული ნივთიერების შეფუთვაზე საერთოდ არ აღმოჩნდა. პაატა დუმბაძე სამართალდამცველებმა სარფის საბაჟოზე დააკვეს.

ანაბეჭდების დასაგენად ექსპერტიზის ჩატარებაზე პროკურატურამ უარი თქვა. ექსპერტიზა დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა. რამინ პაპიძის ინფორმაციით, ექსპერტიზა, რომელიც მთავარი ფაქტორი აღმოჩნდა, დაცვის მხარეს დაახლოებით 3200 ლარამდე დაუჯდა.

ჯერ უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში.

პოლიციელს ზედაპირული დათვალიერებისთვის „ლეგიტიმური მიზანი“ უნდა ჰქონდეს

„კონსტიტუციური ნორმებით განმტკიცებული ადამიანის ძირითად უფლებებში ჩარევისათვის აუცილებელია არსებობდეს აუცილებელი წინაპირობა, ლეგიტიმური მიზანი, ხოლო უფლების დაცულ სფეროში ჩარევას უნდა ჰქონდეს დასაშვები, შესაბამისი და პროპორციული ხასიათი“, – ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია. სასამართლომ სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო შეწყვიტა საქმის განხილვა მოქალაქე ირაკლი კიკილაშვილის მიმართ, რომელსაც გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩიულებლობას ედავებოდა.

ირაკლი კიკილაშვილი მიმდინარე წლის 5 ნოემბერს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზედაპირული დათვალიერების მიზნით გააჩერეს. მოქალაქე პოლიციელს სთხოვდა, განემარტათ ზედაპირული დათვალიერების საფუძველი, თუმცა პოლიციელებმა მას განმარტება არ მისცეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ვკითხულობთ: „ზედაპირული დათვალიერების წინაპირობას წარმოადგენს ,,საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის”, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია, ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით, გულისხმობს იმას, რომ პოლიციელი უნდა მოქმედებდეს ობიექტურად შეცნობადი და არა სუბიექტურად აღქმული გარემოებების მიხედვით. სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი პოლიციელის მოთხოვნა, მის მიერ ჩატარებული ზედაპირული დათვალიერება იყოს კანონიერი.“

ირაკლი კიკილაშვილის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავდა. იურისტი ნონა ქურდოვანიძე მიიჩნევს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სხვა მსგავს შემთხვევებზეც მოახდენს გავლენას: „მოქალაქეებს შეუძლიათ შეახსენონ პოლიციელებს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება. ყველა შემთხვევა შეიძლება იყოს ინდივიდუალური, მაგრამ პოლიციელს უნდა ჰქონდეს განმარტება, სამართლებრივი საფუძველი, თუ რის გამო მოითხოვს პირის ზედაპირულ დათვალიერებას. დათვალიერება გულიხმობს ადამიანის ხელით ან რაიმე მოწყობილობით შემოწმებას“.

მიმდინარე წლის ივლისში ჩვენ ვწერდით შემთხვევებზე, როცა მოქალაქეებს ღამით პოლიციელები ფოტოებსაც უღებდნენ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, პაატა დიასამიძე ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვისაც პოლიციელმა ღამით ფოტოს გადაღება დაუპირა. პაატას შეფასებით, ფოტოს გადაღების უფლება პოლიციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუკი პირი ვინაობის გამხელაზე უარს ამბობს, ან მისი იდენტიფიცირება ვერ დგინდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სამართალდამცველები ისევ აჩერებენ ადამიანებს ქუჩებში და ფოტოებს უღებენ. იურისტების განმარტებით, სამართდამცველს უნდა შეეძლოს შემოწმების დასაბუთება, მაგალითად, თუკი პირი ატარებს კანონით აკრძალულ ნივთს და ასე შემდეგ.

საიას იურისტი, ნონა ქურდოვანიძე მოქალაქეებს ურჩევს ყველა მსგავს მსგავს სიტუაციაში, როცა პოლიციელი დასაბუთების გარეშე მოქმედებს, მიმართონ შსს-ს გენერალურ ინსპექციას, ან კონკრეტული სამართალდამცველის ზემდგომს.

 

 

 

 

სამუშაოები ბათუმის ქუჩებში [ფოტო]

თორნიკე თავაძის ფოტორეპორტაჟი ბათუმის ქუჩებიდან. ფოტოები წინასაახალწლო დღეებში იმ ქუჩებზეა გადაღებული, სადაც სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

მაიაკოვსკის ქუჩა (1)მაიაკოვსკის ქუჩა (2)ბაგრატიონის ქუჩაბაქოს ქუჩა (1)ჯორჯიაშვილის ქუჩა (2)ჯორჯიაშვილის ქუჩა (1)IMG_0636IMG_0634IMG_0632ლერმონტოვის ქუჩა (2)ლერმონტოვის ქუჩა (3)კაჩინსკების ქუჩაბაქოს ქუჩა (2)

„ეს არა მარტო ამ წლის, მომავალი წლის მარცხიც შეიძლება აღმოჩნდეს“

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება ან მარცხი ქვეყნის ცხოვრებაში 2016 წელს? რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, რომელიც მომავალშიც შეიძლება გაგრძელდეს; რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელიც მნიშვნელოვნად შეიცვალა? წლის მოვლენები  „ბათუმელებთან“  „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა, პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ შეაფასა.

თქვენი, როგორც პოლიტოლოგის შეფასებით, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2016 წელს საქართველოში და რატომ?

ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ წელს გვირაბის ბოლოს გამოჩნდა შუქი და დაიწყო ვიზალიბერალიზაციის პროცესი, საგარეო პოლიტიკასთან, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა, რაც შეძლო ქვეყანამ. თითქმის ყველა დარწმუნებული ვართ, რომ გაზაფხულზე საქართველო მიიღებს უვიზო რეჟიმს. ნაწილობრივ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები, მიუხედავად იმ ხარვეზებისა, რომლებიც ახლდა ამ პროცესს. თუმცა, ნეგატიური უფრო ბევრი გვაქვს.

არჩევნების შედეგად მოსულმა საკონსტიტუციო უმრავლესობამ რა ტიპის საფრთხეები შეიძლება შექმნას ქვეყანაში. ასევე, ლიბერალური ფრთის მარცხი შეიძლება განვიხილოთ წლის ნეგატიურ მოვლენებს შორის?

არჩევნების შემდეგ იყო ოპოზიციის სტრუქტურული დაშლა. თუ გადავხედავთ ოპოზიციური ფრთის პარტიებს, ისინი კრიზისში არიან და, ბუნებრივია, გარკვეულ გამოწვევებს ქმნის ქართულ პარტიულ პოლიტიკაში იმ კუთხით, რომ მმართველ პარტიას აღარ რჩება მეტოქე. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რა პროცესებიც მიმდინარეობს  „ნაციონალურ მოძრაობაში“  – უახლოეს ხანში იქნება ყრილობა, რომელიც შესაძლოა ამ პარტიის გაყოფით დამთავრდეს. ეს კიდევ უფრო დაასუსტებს ოპოზიციას და გაზრდის შანსს, რომ სახელისუფლებო გუნდი ხიბლში ჩავარდეს. მას შეიძლება ჰქონდეს ცდუნება, მით უმეტეს, რომ უკვე ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა. კონსტიტუციური უმრავლესობის მქონე ხელისუფლებები კი, მეტ-ნაკლებად ცდილობენ ხელისუფლების ყველა შტოზე კონტროლის მოპოვებას, რომელიც საბოლოოდ ძალიან ცუდად მთავრდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ხელისუფლება გაუძლებს ამ ცდუნებას. თუმცა, თუ გადავხედავთ წინასწარ განცხადებებს, რომლებიც კეთდება პრეზიდენტის ინსტიტუტთან თუ სხვა ცვლილებებთან დაკავშირებით, ჩნდება ეჭვები, რომ ამ მიმართულებით წავალთ.

ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველ პარტიას აძლევს შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს რეფორმისტული პროგრამა, განახორციელოს ცვლილებები როგორც ეკონომიკაში, ასევე საგარეო პოლიტიკაში. ამ ეტაპზე, ალბათ, ეს გამორიცხულია, იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც ქართულ ეკონომიკაში შეიქმნა. ამ ფონზე რამდენად მოახერხებს ხელისუფლება ახალი ტიპის რეფორმების დაწყებას, ეს კიდევ საკითხავია.

 ლარის კურსის ვარდნა შეიძლება ჩაითვალოს წლის ეკონომიკურ მარცხად?

კი, ეს არა მარტო წლის, იმედი მაქვს, რომ არ იქნება მომავალი წლის მარცხიც. გამომდინარე იქედან, რომ ყოველდღიურად ეცემა კურსი და იგივე პროცესები არ გადავა ახალ წელსაც. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მომავალი წლის რამდენიმე თვე  – პროცესები გვაჩვენებს სად დგას ქვეყანა, როგორც ეკონომიკურ რეფორმებთან, ასევე ეკონომიკურ სტაბილურობასთან დაკავშირებით.

 თქვენ ახსენეთ რეფორმები, თუ არ გაძლიერდა ეკონომიკა, არ უნდა ველოდეთ რეფორმებს?

ხელისუფლებას კი ჰყავს კონსტიტუციური უმრავლესობა, მაგრამ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ძალიან ფრთხილია და ცოტა არ იყოს, ნაკლებად რეფორმისტული. ისინი ერიდებიან ამომრჩევლის გაღიზიანებას, რადგან მათ დიდ ნაწილს სიტყვა  „რეფორმა“  არ მოსწონს და ხშირად ნეგატიურ კონტექსტშიც კი აღიქვამს. ბუნებრივია, ხელისუფლება არჩევნებამდე ცდილობდა სტატუს კვო მეტ-ნაკლებად შეენარჩუნებინა, მაგრამ ახლა საზოგადოება მათგან ითხოვს შედეგს. შექმნილი სიტუაცია როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ სფეროში აიძულებს ხელისუფლებას, რომ სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგას. ამ ნაბიჯების სისწორეზე იქნება დამოკიდებული ხელისუფლების წარმატება.

თქვენი აზრით, რა შეიცვალა არჩევნების შემდეგ სახელისუფლებო გუნდის მუშაობაში. რა ისწავლა ან ვერ ისწავლა ხელისუფლებამ წინა ოთხი წლის გამოცდილებით?

ამ ხელისუფლებას ემჩნევა, რომ ის თითქოს არ არის ერთიანი გუნდი. სახელისუფლებო სტრუქტურებში შეიმჩნევა სხვადასხვა პატარ-პატარა გუნდები და დაჯგუფებები, რომელთაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ, როგორც ეკონომიკურ რეფორმებთან, ასევე სხვა საკითხებთან მიმართებაში. ეს ხელს უშლის რეფორმების პაკეტის კონსოლიდაციას, თუკი ასეთი რამე არსებობს საერთოდ. გაჟღერებულია ოთხპუნქტიანი გეგმა, მაგრამ არ ჩანს ეს როგორ უნდა განხორციელდეს, ვინ იქნება ამის ინიციატორი, ვინ შეასრულებს ლიდერის როლს. ეკონომიკის მინისტრს და არც პრემიერ-მინისტრს არ სურს მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში აიღოს საკუთარ თავზე ინიციატივა.

 თუ ეს ლიდერი არ გამოიკვეთა, მაშინ რა მოხდება?

თუ არ გამოიკვეთა, მაშინ ფაქტია, რომ ვეყანა მიუახლოვდა კრიზისის დაწყების ნიშნულს. ამან ძალიან სერიოზული პრობლემები შეიძლება შეუქმნას ქვეყანას სტაბილურობასთან დაკავშირებით, შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების მხრიდან გარკვეული აქტიურობა ხელისუფლების წინააღმდეგ. პროცესები დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იქნება ხელისუფლება ქმედითი. ახალი ხედვებით, პროგრამებით კონკრეტული შედეგები თუ არ დაიდო, მაშინ ძალიან გაუჭირდებათ ნდობის შენარჩუნება.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ არჩევნებზე საზოგადოების 51 პროცენტი საერთოდ არ მისულა. მართალია, საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღეს, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი და შესაძლებელია ამ პროცესში პროტესტის მუხტი შემოიტანოს.

საგარეო პოლიტიკას რომ დავუბრუნდეთ, ამ ერთ წელიწადში საგრძნობლად შეიცვალა პოლიტიკური გარემო საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. როგორ აისახება რუსეთის გაძლიერება ან თურქეთში განვითარებული მოვლენები ჩვენზე? 

ბუნებრივია, საქართველო იზოლირებული კუნძული ვერ იქნება თანამედროვე გლობალურ, საერთაშორისო სისტემაში. თუ რეგიონს გადავხედავთ, საქართველო რჩება მეტ-ნაკლებად სტაბილურ კუნძულად, იგივე თურქეთში განვითარებული მოვლენების ფონზე. აზერბაიჯანში საშინელი მდგომარეობაა, ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის წინაშეა, სიტუაცია იქამდეა მოსული, რომ მოსახლეობა აღარ ენდობა ბანკებს და გამოაქვს თანხები. რუსეთში ვიცით რა მდგომარეობაა, სომხეთშიც სერიოზული კრიზისია, ამ ფონზე საქართველო, პრობლემების მიუხედავად, მაინც ინარჩუნებს სტაბილურობას. თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია გარე აქტორებზე, მათ შორის აშშ-ს ახალ ხელისუფლებაზე, თუ როგორი იქნება მათი ხედვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებით, სად და როგორ ხედავენ ისინი საქართველოს ადგილს.

რა ეტაპზე შეიძლება უფრო მეტად ნათელი გახდეს ეს?

ტრამპის წინასაარჩევნო რიტორიკას თუ მოვისმენთ, ჩვენთვის სასარგებლო არაფერი იკვეთება, რადგან აპირებს გადახედოს ურთიერთობებს რუსეთთან და ევროპელ მოკავშირეებთან, იგივე ნატოსთან მიმართებაში, რამაც შეიძლება ახალი გამოწვევები წარმოშვას ევროატლანტიკურ სივრცეში. მაგრამ რეალობას უფრო ნათლად დავინახავთ, როცა დაიწყებს საგარეო პოლიტიკის განხორციელებას აშშ-ს ახალი ხელისუფლება. წინასწარ რთულია პროგნოზი, რადგან ერთია წინასაარჩევნო რიტორიკა და მეორეა  –  რეალური პოლიტიკა, რადგან აშშ-ს პოლიტიკას მარტო პრეზიდენტი არ ქმნის, მთელი სახელმწიფო სისტემა მუშაობს და, ბუნებრივია, ამის შემდეგ, როგორც კი გამოიკვეთება კონტურები, უფრო მეტი კონკრეტიკა შეგვეძლება.

 რუსეთის აქტიურობა თურქეთ-სირიის მიმართულებით რა საფრთხეებს ქმნის საქართველოსთვის უსაფრთხოების კუთხით და რა პოზიციები სჭირდება ქვეყანას?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს ჰგონია, რომ სირიის კონფლიქტი ჩვენ არ გვეხება, ეს ასე არ არის, თუ გავითვალისწინებთ რუსეთს, რომელიც არა მარტო ჩართულია, არამედ მხარეც კი გახდა კონფლიქტში და მხარს უჭერს ასადის ხელისუფლებას. რუსეთი ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას და ამ ყველაფერმა ტრაგიკული მოვლენები გამოიწვია, მათ შორის რუსეთის ელჩის მკვლელობაც ანკარაში. ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენს რეგიონალურ უსაფრთხოებაზე და მათ შორის ჩვენზეც.

 ვიზალიბერალიზაცია დაეხმარება საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუ ამ მხრივ მხოლოდ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობაა გადამწყვეტი?

ევროკავშირისთვის საქართველო, სამწუხაროდ, ვერ არის ბოლომდე აღქმული. გამომდინარე იქედან, რომ რეგიონის მიმართ არ არის ერთიანი მიდგომა, თუ რა ადგილი უკავია სამხრეთ კავკასიას ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში. თუმცა საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის დაახლოება, გარკვეული სკეპტიციზმის მიუხედავად, მთლიანობაში მაინც დადებითად აღიქმება.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენ ნატოსთან დაახლოება გვჭირდება. თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს მხრიდან ახალი ხედვები და მიდგომები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით არ შეინიშნება, მეტი აქტიურობა მართებს ხელისუფლებას. ჩვენ გარშემო გეოპოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვალა, ამიტომ უფრო აქტიურები უნდა გავხდეთ. სტრატეგიული გარემო, რომელიც არ არის მაინცადამაინც ჩვენს სასარგებლოდ, უნდა შეიცვალოს. ამას სჭირდება როგორც ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ბიზნესწრეებისა და რგოლების ერთიანი ძალისხმევა, რადგან ევროინტეგრაციის გზა არ არის მხოლოდ ხელისუფლების ვალდებულება, საზოგადოების ვალდებულებაცაა.

1 273 მასწავლებელი სტატუსის გარეშე

საქართველოს სკოლებში 1273 უსტატუსო მასწავლებელი მუშაობს – ეს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებია. უსტატუსო მასწავლებლები მათ შორის ასწავლიან საბუნებისმეტყველო საგნებსაც. ყველაზე ბევრი – 222 უსტატუსო დაწყებითი საფეხურის პედაგოგია, 195 ინგლისურ ენას ასწავლის, 121 უსტატუსო პედაგოგი კი – ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს სკოლებში ისეთი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც მასწავლებლის კვალიფიკაციას არ შეესაბამებიან. ასეთი სულ 1 273 პედაგოგი ყოფილა სკოლებში. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის მიხედვით, პედაგოგი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. კვალიფიკაციის მიხედვით, არსებობს პედაგოგების ოთხი კატეგორია: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი. აქედან ყველაზე მაღალი კატეგორია – მენტორია. ამ კატეგორიის მასწავლებელი საქართველოში არც ერთ სკოლას არ ჰყავს.

„ის მასწავლებლები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სქემის მოთხოვნებსა და დადგენილ სტანდარტს, ვერ იღებენ სტატუსს იმ ეტაპამდე, სანამ სქემით დადგენილ სტანდარტებსა და კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებენ. ამიტომ, ასეთი პედაგოგები, ჯერჯერობით, უსტატუსოდ რჩებიან“, – გვითხრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  პიარ-კონსულტანტმა, თაია მახარაშვილმა.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენ ხანს შეიძლება იყოს პედაგოგი უსტატუსოდ? –  თაია მახარაშვილმა განმარტა, რომ კონკრეტული ვადა არ არის ცნობილი. „მანამ, სანამ სტანდარტს არ დააკმაყოფილებენ“,  –  გვეუბნება ის.  – „თუ ადამიანი მუშაობს სკოლაში, მაგრამ არ გააჩნია უმაღლესი განათლება, ის ვერ მიიღებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს. შეიძლება მუსიკალური ათწლედი აქვს დამთავრებული და არა კონსერვატორია, მაგრამ კარგი მუსიკოსია და მუშაობს სკოლაში. ასეთი პედაგოგი, რადგან არ აქვს დიპლომი, ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს, არის უსტატუსო“.

2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, პედაგოგების რაოდენობა სკოლებში კატეგორიების მიხედვით ასე გამოიყურება – იხილეთ ცხრილი.

მასწავლებელთა რაოდენობა საჯარო სკოლებში, პედაგოგთა კატეგორიების მიხედვით
მასწავლებელთა რაოდენობა საჯარო სკოლებში, პედაგოგთა კატეგორიების მიხედვით

უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი ბათუმის ციხეში

კახა მეცხვარიშვილი ბათუმის ციხიდან წლის განმავლობაში აგზავნის წერილებს. „ბათუმელებისთვის“ და სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებებისთვის მიწერილ წერილებში ის სამედიცინო მომსახურების ხარისხს უჩიოდა და დახმარებას ითხოვდა. მისი ერთ-ერთი წერილის საფუძველზე შემოწმება ბათუმის სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში სამედიცინო რეგულირების სააგენტომ ჩაატარა და სხვადასხვა ხარვეზთან ერთად, უკანონო სამედიცინო საქმიანობის შემთხვევაც დაადგინა.

მარტში, როცა „ბათუმელებმა“ კახა მეცხვარიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, გვქონდა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო ეს კომენტარიც: „მსჯავრდებული კ.მ, რომელიც სასჯელს N3 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფილია. მას უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევა და მედიკამენტები ექიმის დანიშნულებისამებრ მიეწოდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, მსჯავრდებულმა კ.მ-მ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მადლობის წერილით მომართა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ N3 დაწესებულებაში პროფესიონალი ექიმები არიან დასაქმებული, მადლობას უხდის მათ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს“.

რამდენიმე დღის წინ კახა მეცხვარიშვილმა კიდევ ერთი წერილი გამოგვიგზავნა, სადაც პატიმარი წერს, რომ პრეტენზია, რომელსაც სასჯელაღსრულების სამინისტრო კატეგორიულად უარყოფდა, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დასკვნით დაადასტურა.

ბათუმის ციხეში აღმოჩენილ დარღვევებზე ინფორმაცია დაგვიდასტურეს სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტოში. ამ უწყებას შემოწმება სახალხო დამცველის თხვნის საფუძველზე ჩაუტარებია. სააგენტომ უკანონო სამედიცინო საქმიანობა სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულების ექიმის, თამილა ვარშალომიძის მიმართ დაადგინა.

„საკითხი განიხილა პროფესიული განვითარების საბჭომ და მას ერთი თვით შეუჩერდა სახელმწიფო სერთიფიკატი. მას აქვს სერთიფიკატი ანესთეზიოლიოგიაში და ამ მსჯავრდებულის დაავადებებზე მას არ შეეძლო სამედიცინო მომსახურების გაწევა. ამ დროისთვის, ჩვენი ინფორმაციით, ეს ექიმი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღარ მუშაობს“, – გვითხრა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა, ინგა პაიჭაძემ.

სააგენტოს წარმომადგენელმა ასევე დაგვიდასტურა ხარვეზების დაფიქსირება სხვა ექიმების მიერ გაწეულ სამედიცინო საქმიანობაში, მაგალითად, ზურაბ ორაგველიძის, ვის შესახებაც მსჯავრდებული კახა მეცხვარიშვილი წლის განმავლობაში ხშირად წერდა.

„ამ ხარვეზებზე გავუგზავნეთ წერილი სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, განხორციელდა თუ არა რაიმე ზომები ამ კუთხით. რიგ შემთხვევაში, სამინისტრო გვაწვდის პასუხებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელაღსრულების სამინისტროს ჩვენთვის ინფორმაცია არ მოუწოდებია, რა რეაგირება მოყვა დაფიქსირებულ დარღვევებს“, – ამბობს ინგა პაიჭაძე.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ ამ დრომდე არ მოგვაწოდა ინფორმაცია რეაგირების შესახებ, რაც დაფიქისირებულ დარღვევებს წესით უნდა მოჰყოლოდა. სამინისტროს „ბათუმელებმა“ ორშაბათს, 26 დეკემბერს მიმართა.

სამინისტრომ არ უპასუხა ასევე კითხვას, შიმშილობს თუ არა ამჟამად კახა მეცხვარიშვილი. ბათუმის ციხიდან გამოგზავნილ წერილში, პატიმარი წერს იმასაც, რომ 22 დეკემბრიდან პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს.

მსჯავრდებული ამჯერად სამარტოო საკანში უსაფუძვლოდ გადაყვნას და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან აგრესიას აპროტესტებს. მისი თქმით, 16 დეკემბერს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ალერგოლოგს შეახვედრეს, რომელმაც კონკრეტული მედიკამენტების მიღება ურჩია. იმის გამო, რომ ციხეში კონკრეტული მედიკამენტი არ ჰქონდათ, პატიმარს ოჯახთან დაკავშირება უთხოვია ტელეფონით. ამონარიდი პატიმრის წერილიდან:

„ეს გავაპროტესტე, რადგან კანონებში ვერ ერკვევიან… შემომიცვივდნენ საკანში 5-6 თანამშრომელი და მითხრეს, ადექი, სამარტოვო საკანში გადადიხარო. რატომ მეთქი და მოვითხოვე ოქმი. ყველაზე აგრესიულად გამოირჩეოდა კორპუსის უფროსი, ირაკლი, რას ალაპარაკებთო, ამოუტრიალეთ ხელები და წამოათრიერთო და სადაც გინდა, იქ წერეო. კორპუსის კალიდორში დედაზე შემაგინა, ჩამიყვანა კარცერში, როცა ჩხრეკას მიტარებდნენ, ინსტიქტურად მომიხდა წყლის შლანგზე და საცვალი და მაისური, მთლიანად სველი ვიყავი, არც გამომაცვლევინეს, დამადეს ხელბორკილი და ორი საათი ვიყავი სველ სვიტერში. შემდეგ დღენახევარი სიცივეში გამატარებინეს უსაფრთხო საკანში… ადმინისტრაცია იმუქრება დასჯებით, მაგრამ მე მუქარის არ მეშინია“.

ორი მოადგილის ვაკანსია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინიტროში

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ დროისთვის მხოლოდ ორი მოადგილეა დანიშნული. ავთანდილ მესხიძემ თანამდებობა შეინარჩუნა, ხოლო მეორე მოდაგილედ აჭარის მთავრობის აპარატის ყოფილი ხელმძღვანელი რუსლან ქორიძე დაინიშნა.

აჭარის მთავრობის აპარატში გადასვლამდე რუსლან ქორიძე ბათუმის ვიცე-მერად მუშაობდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით ვიცე-მერის თანამდებობაზე რუსლან ქორიძეს რეკომენდაცია აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გაუწია. ის წლების განმავლობაში ბათუმის საზღვაო ბანკის ბუღალტერი იყო, იმ წლებში არჩილ ხაბაძეც საზღვაო ბანკში მუშაობდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში მინისტრის ორი მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია.

„მაგთიკომი” მომხმარებელს ინტერნეტის გათიშვაზე ინფორმაციას არ აწვდის

„მაგთიკომის“ ინტერნეტი დღეს დილიდან ბათუმში არ მუშაობს. კომპანიას არც წინასწარ და არც ამ დრომდე მომხმარებლისთვის ამის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია.

„ეს არის ტექნიკური ხარვეზი. უკვე მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. არ ვიცით, ზუსტი დრო, როდის აღდგება, დღის ბოლომდე ველოდებით ჩართვას“, – გვიპასუხა „,მაგთიკომის“ ოპერატორმა. მისი თქმით, მომხმარებელი წინასწარ ვერ გააფრთხილეს, რადგან ხარვეზი მოულოდნელად გაჩნდა და ეს არ იყო წინასწარ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაო.

კითხვაზე, რატომ არ ჩათვალა „მაგთიკომმა“ წარმოშობილი ხარვეზის გამო მომხმარებლისთვის მიეწოდებია ინფორმაცია, „მაგთიკომს“ ასეთი პასუხი აქვს: „მსგავსი სერვისი არ გვაქვს… შეტყობინება ეგზავნება მომხმარებელს იმ შემთხვევაში, როცა ჩვენი მხრიდან ხორციელდება რაიმე სახის ტექნიკური სამუშაოები. ასეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული“. „მაგთიკომის“ ოპერატორმა არ დაგვაკავშირა კომპანიის რომელიმე პასუხისმგებელ პირს, რომელიც გვეტყოდა, რატომ არ მიიჩნევს საჭიროდ „მაგთიკომი“ მომხმარებლის ინფორმირებას, რაც სერვისთან დაკავშირებულ პრობლემას უკავშირდება.

შპს „მაგთიკომმა“ საოპერაციო აქტივები შპს „კავკასუს ონლაინისგან“ 2016 წლის გაზაფხულზე შეიძინა. 

„დიასა ველო“ – მაღაზია ბათუმში, სადაც სანტა გემოვნებიან და ხარისხიან საჩუქრებს იაფად ყიდულობს

რამდენიმე დღე და ახალი წელიც დადგება. ამ დღის მოსვლა ყველაზე მეტად ბავშვებს ეჩქარებათ. პატარებს ერთი სული აქვთ, როდის გახსნიან მათთვის განკუთვნილ შეფუთულ პაკეტებს, სანტას რომ მოაქვს. საჩუქრების გახსნის წუთები არანაკლებ დღესასწაულია მშობლებისთვის.
ამიტომ:

  • თუ დატვირთული გრაფიკის გამო ჯერ კიდევ ვერ გამონახეთ დრო საჩუქრის შესარჩევად
  • თუ არ იცით, რით შეიძლება გაახაროთ ყველაზე მეტად თქვენი პატარა
  • თუ თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს შერჩეული სათამაშო იყოს ეკოლოგიურად სუფთა
  • თუ მნიშვნელოვანია ხარისხთან ერთად მასში გონივრული ფასი გადაიხადოთ

აუცილებლად უნდა ესტუმროთ „დიასა ველოს“-ს – სათამაშოების ახალ მაღაზიას ბათუმში, პუშკინის ქუჩის #110-ში.

saTamaSo

ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების მწარმოებელი ცნობილი თურქული ბრენდების „Pilsani“-ს და „Dolu“-ს სათამაშო სახლები, ატრაქციონები, მანქანები, საქანელები, თოჯინები, ზღაპრების პერსონაჟები, ასაწყობი კუბიკები, ბურთები და სხვა უამრავი ნივთი თქვენი პატარებისთვის – არასრული ჩამონათვალია, რაც შეიძლება ჩვენთან მოსულ მომხმარებელს დახვდეს.

satamashoebi

მაღაზია ქალაქში საუკეთესო არჩევანს სთავაზობს არა მხოლოდ პატარებს, არამედ ყველა ასაკის ადამიანს: მაგალითად, ვისაც ველოსიპედით სეირნობა ან ვარჯიში მოსწონს, ვისთვისაც სკეითბორდი, თვითგორიალა „სამაკატები“ და მოტოები ცხოვრების წესია.

satamasho

GianT, Skott, KTM, Sedona, Mosso, Merida, Fuji – მსოფლიოში ცნობილი ველოსიპედის მწარმოებელი ბრენდების მრავალფეროვანი პროდუქციას ბათუმში სწორედ „დიასა ველო“ შემოგთავაზებთ. აქ სასურველი ზომისა თუ სტილის ველოსიპედი შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველ ფასად. გაითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსიც – ჩვეთან თანხის დაფარვა  განვადებითაც შეიძლება.

veloebi

ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ სპეციალურად ჩვენი მაღაზიისთვის  ბრენდირებული ველოსიპედებით – „Diasa Bike“. მისი შერჩევა ფერის, ზომის, სავარძლის და ფასის მიხედვით ყველა ასაკისა და სქესის ადამიანს  შეუძლია.

diasa velo

ვისაც უკვე გაქვთ ველოსიპედი ან მოპედი, მას თქვენს უახლოეს მეგობრად თვლით და  მაღალი ხარისხის აქსესუარები გჭირდებათ, თქვენთვისაც განსაკუთრებული შემოთავაზება გვაქვს. CST – არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი მსოფლიოში, რომელიც  ველოებისთვის აწარმოებს საბურავებსა და „კამერას“, ხოლო Shimano და Sram სხვა საჭირო აქსესუარებს. მათი შეძენა აქვე შეგიძლიათ ყველაზე ხელსაყრელ ფასად, რადგან ამ ბრენდების პროდუქციის შემომტანები საქართველოში, უკვე ათი წელია, ჩვენ ვართ.

aqsesuari

mopedebi

ჯანდაცვის მინისტრის წარდგინებით სამი მოადგილე დაინიშნა

აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის სამი მოადგილე უკვე დანიშნულია. მეოთხე მოადგილის სავარძელი ამ დროისთვის ვაკანტური რჩება. მინისტრის წარდგინებით მოადგილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ნიშნავს.

ლელა სურმანიძე
ლელა სურმანიძე
გალოგრე
ნონა გალოგრე
რამაზ ჯინჭარაძე
რამაზ ჯინჭარაძე

 

მინისტრის პირველი მოადგილე ამავე უწყების სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ლელა სურმანიძე იქნება ის პროფესიით ექიმია და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს 2007 წლიდან.

საკადრო ცვლილება არ შეხებია მინისტრის ორ მოადგილეს: ნონა გალოგრეს და რამაზ ჯინჭარაძეს. ნონა გალოგრე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ 2008 წლიდან მუშაობს, მას სახელმწიფო და კერძო სექტორში საქმიანობის 31-წლიანი გამოცდილება აქვს. რამაზ ჯინჭარაძე კი უწყებაში 2004 წელს დასაქმდა. მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ის პირველად 2009 წელს დაინიშნა და მას შემდეგ თანამდებობა არ შეუცვლია.

რატომ ამბობს უარს მთავრობა ფსიქიატრიულისთვის პროფილის შენარჩუნებაზე

„როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, 10 წლის განმავლობაში განვითარდეს საავადმყოფო, ჩაიდოს ინვესტიცია და მერე შეიცვალოს პროფილი?“,  – გვითხრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს გასხვისებით მისი პროფილი არ შეიცვლება, თუმცა აუქციონის პირობებში მას არ ჩაუდია პირობა, რომლის მიხედვითაც 10 წლის შემდეგ კერძო მესაკუთრისთვის რაიმე პირობის წაყენების უფლება ექნება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს პირობებიან, ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. საწყისი ფასი 100 ათასი ლარია. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა მხოლოდ 10 წლის განმავლობაში უნდა შეინაჩუნოს საავადმყოფოს პროფილი.

„ეს არის მაქსიმალური ვადა, რაც შეიძლებოდა ჩაგვედო პირობად. აქამდე პრაქტიკაში ხშირად 5, ან უფრო ნაკლებ ვადას ვიყენებდით. კანონის შესაბამისად მოხდა ამის განსაზღვრა“, – ირწმუნება რამაზ ბოლქვაძე. კითხვაზე, კანონი უკრძალავდა თუ არა სამინისტროს პროფილის შესანარჩუნებლად უფრო ხანგრძლივი პერიოდის დაწესებას, მინისტრმა გვიპასუხა, რომ უკრძალავდა და მან კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადა გამოიყენა: „ჩვენ ავიღეთ კანონით განსაზღვრული 10 წელი, ეს მაქსიმუმია“.

„ამ კუთხით შეზღუდვა არ არსებობს. არსებული საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის საფუძველზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უფლებამოსილია ქონების განკარგვა მოახდინოს იმ პირობებით და ვადით, რასაც ის ჩათვლის მიზანშეწონილად,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე. მისი შეფასებით, რეალურია საფრთხე, რომ 10 წლის შემდეგ რეგიონში ფსიქიატრიული საავადმყოფო აღარ გვქონდეს: „ეკონომიკის სამინისტრო უნდა აკეთებდეს გრძელვადიან პროგნოზს საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე. ამ უწყებას უფრო მეტი დაცვის მექანიზმი უნდა შეემუშავებია. იგივე პროფილის შესანარჩუნებლად ვადები უნდა ყოფილიყო უფრო მეტი“.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ინვესტორი 10 წლის შემდეგ ფსიქიატრიული საავადმყოფოს პროფილის შენარჩუნებაზე უარს იტყვის? – კითხვაზე კონრკეტული პასუხი 10 წლის შემდეგ ექნება აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს, ზაალ მიქელაძეს. ეს მინისტრიც ადასტურებს, რომ ინვესტორს შეუძლია საავადმყოფო დახუროს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამას სამედიცინო ბიზნესში შემოსული პირი არ გააკეთებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, დღეს ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფო კრიტიკულ მდგომარეობაშია და სამინისტრომ ელექტრონული, პირობიანი ტენდერისთვის მინიმალური საწყის ფასად მხოლოდ 100 ათასი ლარი განსაზღვრა. აჭარის მთავრობა ამ ფასის გამო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკრიტიკა. პარტიის წევრის, მიხეილ ბოლქვაძის თქმით, ტერიტორია, სადაც ფსიქიატრიული მდებარეობს, მიწის ნორმატიული ფასი 65 ლარია, სამინისტრო კი მას დაახლოებით 3 ლარად ყიდის.

„ეს არის მინიმალური ფასი და იგი გაიზრდება ვაჭრობის შედეგად. ეს არის ელექტრონული აუქციონი, სადაც მონაწილეობა ნებისმიერ პირს შეუძლია“, – ამბობს რამაზ ბოლქვაძე. მინისტრი არ აკეთებს დაშვებას, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოზე შესაძლოა ვაჭრობა არ შედგეს და 65 ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი 3 ლარად გაიყიდოს.

აუქციონი შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოზე“ 30 დეკემბერს დასრულდება.

ქედის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა

დღეს, 27 დეკემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  რიგგარეშე სხდომაზე 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 17 ხმით სამის წინააღმდეგ დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი  8 მილიონ 157 700 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა საკრებულოს ოპოზიციამ, არგუმენტად ოპოზიცია იმ შენიშვნებს ასახელებს, რაც გამგებამ არ გაითვალისწინა.

„არასამეწარმეო იურიდიულ პირებში დასაქმებულ თანამშრომლებს მწირი ანაზღაურება აქვთ, მოვითხოვეთ მათი ხელფასები 30%-ით გაზრდილიყო, ასევე ვითხოვდით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 000 ლარი ქედის მუზეუმს გამოჰყოფოდა ექსპონატების შესასყიდად, გარემოს დაცვითი ღონისძიებებისა და სარეზერვო ფონდის დაფინასება  60 000 ლარამდე გაზრდილიყო, თუმცა ჩვენი არცერთი მოთხოვნა გამგეობამ არ გაითვალისწინა და წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარი არ დავუჭირეთ“, – ამბობს საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე, მურმან დავითაძე.

ოპოზიციის შენიშვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან  ცინცაძე:„ბიუჯეტი რაც დავამტკიცეთ, მოსახლეობის საჭიროებაზეა გათვლილი. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, აიპ-ების თანამშრომლების ხელფასების მატებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტეს არ აქვს შესაძლებლობა ხელფასები გავზარდოთ“

დამტკიცებული ბიუჯეტით ქედის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებისთვის მილიონ 608 000 ლარი, თავდაცვაზე – 76 000, ინფრაქტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად – 3 მილიონ 902 000, განათლებაზე მილიონ 219 000, კულტურა, რელიგიასა და სპორტული ღონისძიებებისთვის 960 000, ხოლო ჯანდაცვისთვის 390 000 ლარია გამოყოფილი.

„2017 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტულია ინფრაქტრუქტურის მოწესრიგება, აწჰესის ტერიტორიის მოწესრიგებისთვის 700 000, ხოლო დაბა ქედის კეთილმოწყობისთვის 740 000 ლარი გაიწერა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ,მუნიციპალიტეტში ყველა ადმიანისტრაციულ თემში 340 000 ლარის კეთილმოწყობითი ღონისძიებები გატარდება 2017 წელს“, – ამბობს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტის დაგეგმარებისა და ფორმირების განყოფილების უფროსი, გიორგი სურმანიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის მთავარი შემოსავალი სოფლის მეურნეობაზე მოდის, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ქედის ბიუჯეტში ერთი თეთრიც კი არ არის გამოყოფილი. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის პროგრამებს აჭარისა და ცენტრალური ბიუჯეტი აფინასებს.

ქედის მუნიციპალიტეტი 3 მილიონ ლარს აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, ხოლო 4 მილიონ 142 200 ლარს ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღებს.

 

პრემიები აჭარის მთავრობაში

პირველი იანვრიდან პირველ ოქტომბრამდე აჭარის მთავრობის აპარატსა და 6 სამთავრობო უწყებაში ჯამში პრემიებითვის 1 019 183 ლარი დაიხარჯა, დანამატებისთვის – 1 999 719, ხოლო ხელფასებში – 4 099 280 ლარი.

მონაცემები დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა წარმოადგინა. მან საჯარო ინფორმაცია ამ საკითხზე შვიდი სამთავრობო უწყებიდან მიიღო: აჭარის მთავრობის აპარატი, ეკონომიკის, ჯანმრთელობის, განათლების და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, ასევე ტურიზმის და სპორტის დეპარტამენტები.

ამ სამთავრობო უწყებებიდან მხოლოდ ორმა, აჭარის მთავრობის აპარატმა და ეკონომიკის სამინისტრომ არ გასცა დეტალური ინფორმაცია პრემიების შესახებ. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცემულ საჯარო ინფორმაციაში, პრემიების გრაფა 103 შტატით მომუშავე და 35 შტატგარეშე თანამშრომლის გასწვრივ ცარიელია. ცარიელი გრაფის „პრემია“ ბოლოს კი წერია დაჯამებული თანხა – 292,931. ამ ოდენობის თანხა გასცა სამინისტრომ პრემიებზე, თუმცა უცნობია, ვინ მიიღო იგი.

პრემიების გრაფა საერთოდ არაა გამოყოფილი აჭარის მთავრობის მიერ გაცემულ საჯარო ინფორმაციაში. აპარატმა ზოგადად მიუთითა, რომ მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში გაცემული პრემიის რაოდენობამ 308 640 ლარი შეადგინა.

სამინისტროებს შორის ყველაზე მეტი პრემიებისთვის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუხარჯავს – 292 931. ჯანდაცვის სამინისტრო –  109 577, განათლების სამინისტრო – 125 626, სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 120 766.

რეზო ხარაზი სხვა სამთავრობო უწყებებიდან ინფორმაციას პრემიებსა და დანამატებზე უახლოეს დღეებში ელოდება.

 

აჭარა შესაძლოა ფსიქიატრიულის გარეშე დარჩეს

30 დეკემბერს ელექტრონული აუქციონის წესით ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ახალი მესაკუთრის ვინაობას გავიგებთ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს პირობებიან, ელექტრონულ აუქციონზე ყიდის.

აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა უზრუნველყოს შენობისათვის საჭირო სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება, რაც არაუგვიანეს 36 თვეში დასრულდება. აუქციონის ერთ-ერთი პირობაა – 10 წლის განმავლობაში სამედიცინო პროფილის უწყვეტად შენარჩუნება.

რა მოხდება 10 წლის შემდეგ, თუკი სამედიცინო დაწესებულების მესაკუთრე პროფილს შეცვლის და აჭარას ფსიქიატრიული საავადმყოფო აღარ ექნება? – კითხვას აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ ასე უპასუხა: „10 წლის შემდეგ გიპასუხებთ კონკრეტულად, როცა დაგარწმუნებთ, რომ ამ სფეროში შემოსული ადამიანი ნაკლებად ფიქრობს პროფილის შეცვლას“.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ მესაკუთრე ფსიქიატრიულ დაწესებულებას პროფილს არ შეუცვლის, თუმცა არ აქვს პასუხი კითხვაზე: რატომ არის მითითებული აუქციონის პირობაში პროფილის შენარჩუნება მხოლოდ 10 წელი. მას ამ თემაზე ეკონომიკის სამინისტროსთან არ უსაუბრია. ზაალ მიქელაძე ბათუმის ონკოლგიური საავადმყოფოს გასხვისებას იხსენებს: „მაშინაც იყო ხმაური, მაგრამ დავინახეთ, რომ არათუ პროფილი შეინარჩუნა, პირიქით, გაფართოვდა კიდეც, მძლავრ ცენტრად ჩამოყალიბდა და ახალ კორპუსებს აშენებს. ჩვენი სახელმწიფო პროგრამები კიდევ უფრო ადაპტირებული ხდება ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით და დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება. ეს უქმნის მეტ მოტივაციას მყიდველს. არა მგონია, ფსიქიატრიულის შემთხვევაშიც ტერიტორიის გამო ჰქონდეს ინტერესი მყიდველს, ქალაქში ისედავ ბევრი საკურორტო დაწესებულებაა”

ჯანდაცვის მინისტრს შევახსენეთ, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფო ქალაქის ტერიტორიაზეა, ზღვასთან ახლოს, ხოლო ბათუმის მერმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა სასტუმროების სიმწირეზე, როცა „ორბი ჯგუფს“ კონკრეტული პირობებით მიწის ნაკვეთები გადასცა.

„მესმის, შეიძლება ასეცაა. მე არასდროს მიმუშავია ბიზნესში, მაგრამ დღეს ბიზნესია უკვე იქ მოზიდული კონკრეტული პროგრამები,” – გვიპასუხა ზაალ მიქელაძემ, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა.

ბათუმში, კახაბრის ქუჩა N36-ში მდებარე ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობების საერთო ფართობი 25459 კვ/მ, ხოლო მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის ფართობია 5232 კვ/მ. ამასთან „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ გააჩნია კრედიტორული [105 727 ლარი] და დებიტორული [398 394 ლარი] დავალიანება .აღნიშნულ პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში მყიდველმა არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. აუქციონის საწყისი ფასი 100 ათასი ლარია.

ბათუმის „ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ გასხვისება დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააპროტესტა. აქ მიიჩნევენ, რომ მთავრობა მოგების მომტან საწარმოს არ უნდა ყიდდეს. ასევე გაურკვეველია, როგორ განისაზღვრა აუქციონის საწყისი ფასი.

„გაურვეველია, რატომ ყიდის აჭარის მთავრობა კლინიკას, სადაც ყოველთვიური მოგება 20-30 ათასს ლარს შეადგენს. რატომ ყიდის აჭარის მთავრობა კვადარტულ მეტრს დაახლოებით 3 ლარად, როცა ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი ფასი – 65 ლარია. გარდა ამისა, აუქციონის პირობა მხოლოდ შენობის რემონტს ითვალისწინებს, ამაში ჩაიდება ინვესტიცია და არავინ იცის, რაში გამოიყენებს ინვესტორი ამ საავადმყოფოზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთს“, – აცხადებს მიხეილ ბოლქვაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

როგორ განისაზღვრა ფსიქიატრიული საავადმყოფოს აუქციონზე გასატანი საწყისი ფასი – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში ორი პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ი.პ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო 1975 წელს დაბადებული რ.ბ.  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, ი.პ.-ს პირადი ჩხრეკისას, 20 აბი ,,სუბოქსინი“, 17 აბი „მეტადონი“ და ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. რ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და აბი ,,სუბოქსინი“ ამოიღო„.

შსს ინფორმაციით, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ბათუმი-ახალციხის საავატომობილო მაგისტრალი ჩაკეტილია

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალი დღეს დილიდან ჩაკეტილია. მეწყერი დაახლოებით დილის 6 საათზე, ქედაში, სოფელ პირველ მაისთან ჩამოწვა. გზების დეპარტამენტის მონაცემით, მოძრაობა მაგისტრალზე დაახლოებით ნახევარ საათში აღდგება.

„გზების დეპარტამენტი დილიდან მუშაობს გზის გაწმენდაზე. დაახლოებით ნახევარ საათში ცალმხრივად აღდგება გზა. დღის განმავლობაში გაგრძელდება მუშაობა და რამდენიმე საათში სრულად გაიწმინდება მაგისტრალის მონაკვეთი, სადაც მეწყერი ჩამოწვა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საქართველოს საგზაო დეპარტამენტის აჭარის დირექციის დირექტორმა, ზურაბ სიხარულიძემ. მისი ინფორმაციით, მეწყრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეწყერი ისევ აქტიურია და ამ ეტაპზე ისინი მხოლოდ გზების დეპარტამენტის მონაცემებს ეყრდნობიან.

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის მონაკვეთი კურორტ გოდერძიდან  ახალციხის მიმართულებით დიდთოვლობის გამო გაზაფხულამდე ჩაკეტილია. 

 

 

გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა [ვიდეო]

ბათუმში ისტორიულ სახლებს ანრევენ და მათ ნაცვლად მაღალსართულიან კორპუსებს ან სასტუმროებს აშენებენ. უმეტეს შემთხვევაში მთავრობა კულტურულ მეკვიდრეობასა და ინვესტიციას შორის არჩევანს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ აკეთებს.

ერთსართულიანი ბელეტაჟები ბათუმში, რომლებიც ჯერ კიდევ მე-19-ე საუკუნის ბოლოს აშენდა ქალაქში თანდათან ქრება. ძველი ბათუმი იერსახეს კარგავს.

როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა ისტორიული ძეგლების დაცვის მიმართ, მაშინ როცა ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნის თანახმად ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდა ამ შენობების დაცვაზეც უნდა გადიოდეს. ვინ და რატომ ვერ ან არ იცავს კულტურულ მემკვიდრეობას? – ნახეთ ჩვენს გადაცემაში.

ევროპის მოედანი ბათუმში წინასაახალწლოდ

ხვალ 27 დეკემბერს, ევროპის მოედანზე საბავშვო კონცერტები გაიმართება. საბავშვო სტუდია „მულტი-პულტი“ თანამედროვე ცეკვების კონცერტს გამართავს. საღამოს ცოცხალი ბენდი  „Groove Phoenix“-ი დაუკრავს.

ევროპის მოედანი წინასაახალწლოდ. ფოტო: ლელა დუმბაძე
ევროპის მოედანი წინასაახალწლოდ.
ფოტო: ლელა დუმბაძე

28 დეკემბერის სარამოს  ედიშერ ლომაძის ბენდი  „ჯეოპლანტი“ დაუკრავს. გაიმართება ანსამბლ „ბათუმის“ კონცერტიც.

ბათუმი. ევროპის მოედანი 2016
ბათუმი. ევროპის მოედანი 2016

29 დეკემბრის საღამოს კი ევროპის მოედანზე  ცოცხალი ბენდის „„Four Seasons“-ის კონცერტი გაიმართება. დღის განმავლობაში კი მოედანზე საბავშვო ღონისძიებებია დაგეგმილი.

ბათუმი. ევროპის მოედანი 2016. ფოტო: ლელა დუმბაძის
ბათუმი. ევროპის მოედანი 2016.
ფოტო: ლელა დუმბაძის
ბათუმი. ევროპის მოედანი
ბათუმი. ევროპის მოედანი

30 დეკემბერს ევროპის მოედანზე კიდევ ერთი ცოცხალი ბენდის „Sound Lab“ის კონცერტია დაგეგმილი.

ბათუმი. ევროპის მოედანი
ბათუმი. ევროპის მოედანი
კლოუნი. ევროპის მოედანი ბათუმი.
კლოუნი. ევროპის მოედანი ბათუმი.

DSCN4278

ბათუმი. ევროპის მოედანი წინასაახალწლოდ.
ბათუმი. ევროპის მოედანი წინასაახალწლოდ.

ღამის 12 საათის შემდეგ, დაგეგმილ კონცერტზე სოფო გელოვანი, ნიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, გიორგი სუხიტაშვილის და სხვა ქართველი შემსრულებლები იმღერებენ.

ბათუმი. ევროპის მოედანი 2016
ბათუმი. ევროპის მოედანი 2016

აქცია ბათუმში – „რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოვებს“

29 დეკემბერს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წევრი, საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანი“ სააქციო საზოგდოება „მეტრო ჯორჯიას“ ხელშეწყობით საყოველთაო აქციას –  „რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოებს“ გეგმავს. აქციის ორგანიზატორის თიკო აბაშიძის განმარტებით, აქციის მიზანია, აჩვენოს საზოგადოებას რომ განსხვავებული აღმსარებლობა, ეროვნულობა და შეხედულებები ადამიანებს ჰარმონიულ ურთიერთობებში ხელს არ უშლის.

„ვაპირებთ დავამზადოთ სტიკერები – „მე ვარ ქრისტიანი“, „მე ვარ მუსლიმი“, „მე ვარ იუდეველი“ და ა.შ, რომელსაც დავიმაგრებთ ქურთუკებზე და გავალთ ქუჩებში.

ყველას, ვინც შეგვხვდება, გავუზიარებთ ჩვენს წინასაახალწლო განწყობას, დავარიგებთ ტკბილეულს და ნაძვის ხის სათამაშოებს“ – გვეუბნება „იალქანის“ ხელმძღვანელი.

29 დეკემბერს მსვლელობა დაიწყება დილით, 11 საათზე, ჭავჭავაძის ქუჩიდან.

ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები“- შუალედური კვლევის შედეგები ამ თემაზე „ახალგაზრდა იურიტთა ასოციაციამ“ წარმოადგინა. შედეგების გაცნობის პარალალურად მესამე სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა – ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში.

„ბათუმში გამართული ამ დისკუსიიდანაც გამოიკვეთა, რომ სავალდებულო კვოტირება უნდა დაწესდეს და განხორციელდეს ცვლილებები პარტიების ფინანსურად წამახალისებელ ფორმებში,“ -გვიყვება ირმა პავლიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების მენეჯერი.

ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ რეგიონებში გამართულ დისკუსიებზე ისმენს ქალთა ჩართულობის გაზრდაზე დაკვეთას, ამაზე საუბრობენ პოლიტიკური პარტიებიც, თუმცა საკანონმდებლო ნორმებიც კი ვერ უზრუნველყოფს მეტ წარმომადგენლობას პოზიციებზე, სადაც გადაწყვეტილებებს ქალები მიიღებენ: „ხშირ შემთხვევაში ჩანს, რომ არსებული ნორმები ვერ უზრუნველყოფს მეტი ქალის ჩართვას პოლიტიკურ პროცესში, ასევე არ ხდება მონიტორინგი, თუ რაში დახარჯა პარტიამ ამ კუთხით მიღებული თანხა, რამდენად მოხმარდა იგი ქალთა პოლიტიკური აქტივობების გაძლიერებას იგივე შიდაპარტიულ სიტუაციაში”.

საიას შუალედური კვლევის შედეგად სამი მიმართულებით გამოიკვეთა გამოწვევა. პირველი არის საკანონმდელო დონეზე მისაღები ცვლილებები, რადგან საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქალთა წარმომადგენლობას არჩევით ორგანოებში. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მეორე გამოწვევად შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერებას ასახელებს და მესამე: მუშაობა საზოგადოების ცნობიერების გაზრდის კუთხით იმ სტერეოტიპების დასამსხვრევად, რასაც პატრიარქალური საზოგადოება გვთავაზობს.

ამავე კვლევის მიხედვით, დღეს, საქართველოში, ადგილობრივი წარმომადგენლობით ორგანოებში ჯამში მხოლოდ 15,46 % ქალია, ხოლო 10 გუბერნატორიდან არცერთი არაა ქალი.

ხელისუფლების განშტოებებს შორის გენდერული ბალანსი მხოლოდ სასამართლოშია დაცული. აქ 238 მოსამართლიდან 128 ქალია. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ დროისთვის 19 მინისტრიდან 2 ქალია, ხოლო პარლამენტში 150 დეპუტატიდან 24 ქალია, რაც მთლიანი შემადგენლობის 16%-ს შეადგენს.

 

 

ბათუმის საკრებულომ და მთავრობამ „ორბი ჯგუფს“ მიწები გადასცა

დღეს 26 დეკემბრის სხდომაზე, ბათუმის საკრებულომ რიგგზარეშე სხდომაზე, ბათუმის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აჭარის მთავრობსთვის გადაცემის საკითხი განიხილეს.

მერიამ მთავრობას სამი მიწის ნაკვეთი გადასცა.  2 000 კვ/ მეტრი ბათუმში შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 2 352 კვ/მეტრი ფიროსმანის ქუჩაზე სპორტსკოლის მიმდებარედ და 207 კვ/მ ხიმშიაშვილის ქუჩაზე.  აღნიშნული მიწის ნაკვეთები გადაეცემა სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფს“. ამ მიწების ჩამონათვლაშია ის ტერიტორიაც, სადაც სპორტსკოლაა განთავსებული.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ეგარსლან ლომაძის განცხადებით, „ორბი ჯგუფს“ აღნიშნულ ტეროტორიებზე 200 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ბათუმი იქნება პირველი ქალაქი, რომელსაც სასტუმროების სიდიდის მხრივ მეხუთე ადგილი ექნება მსოფლიოში“-განაცხადა მან.

„ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის ირაკლი კვერღელიძის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სტანდარტების 5 400 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსები აშენდება. მშენერბლობაზე 3 ათასი ადამიანი დასაქმდება, მუდმივად კი 4 ათასი. „ბათუმი იქნება პირველი ქალაქი, რომელსაც სასტუმროების სიდიდის მხრივ მეხუთე ადგილი ექნება მსოფლიოში“-განაცხადა მან.

ქალაქის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ქალაქს სჭირდება ახალი სასტუმროები რადგან „სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა რომ ამაზე მოთხოვნა არსებობს“. ერმაკოვის განცხადებით, სამშენებლო კომპანიას დამატებითი წინადადებებიც შესთავაზეს – „ეს არის ხიდების მშენებლობა ხიმშიაშვილი და ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე. ეს იყო ძირითადი ამოსავალი და ის, რომ ამონაგები თანხების ქალაქის ბიუჯეტში შეტანა მოხდება.“

მერის განცხადებით, სპორტსმენები ახალი შენობის გამოყოფამდე, სავარჯიშოდ, სხვადასხვა სპორტულ ობიექტებში გადანაწილდებიან.

საკრებულომ „ორბი ჯგუფზე“ მიწების გადაცემას ერთხმად დაუჭირა მხარი.

 

 

ლაშა სირაბიძე საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს

დღეს 26 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე რამდენიმე საკითხია წარმოდგენილი განსახილველად. პირველ საკითხად საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა სირაბიძის თავმჯდომარედ არჩევის საკითხი განიხილეს.

საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ლაშა სირაბიძის კანდიდატურა, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ლევან კინწურაშვილმა დააყენა. სხვა კანდიდატურა არ დასახელებულა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკრებულოში გიორგი კირთაძემ, ნოდარ დუმბაძემ და ჯუმბერ კახიძემ. გიორგი კირთაძის განცხადებით, რადგან უმრავლესობაში „ქართული ოცნებაა“, ისინი არ დააყენებენ თავიანთ კანდიდატურას, „არც კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას და შესაბამისად, არც ლაშა სირაბიძის საქმიანობაზე ვიქნებით პასუხისმგებელი“- განაცხადა მან სხდომაზე.

საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი კობა ჩხეიძე.

ლაშა სირაბიძე 21 ხმით, საკრებულოს თავმჯომარე გახდა.

„არ მოველოდი ამ შედეგს და მადლობა ნდობისთვის. მე ყოველთვის ვიქნები ჩემი კოლეგების და ჩემი ქალაქის გვერდით“- განაცხადა ლაშა სირაბიძემ.

„აქტიურად ვითანამშრომლებთ, გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ“- განაცხადა ქალაქის მერმა, გიორგი ერმაკოვმა.

ლაშა სირაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა,  ის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად 2016 წლის 9 სექტემბერს დაინიშნა, ანუ მას შემდეგ, რაც ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ჩაერთო.

 

ნათია სირაბიძემ მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია სირაბიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც მან „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, თანამდებობის დატოვების მიზეზი ახალი მინისტრის გადაწყვეტილებაა.

„ჩვენ ხომ ისედაც გათავისუფლებული ვიყავით თანამდებობიდან მთავრობის ცვლილების გამო, უბრალოდ აღარ ვინიშნები. მინისტრის გადაწყვეტილება იყო. დღეს მითხრეს მე“ – ამბობს ნათია სირაბიძე.

ნათია სირაბიძემ  „ბათუმელებთან“ საუბარში ასევე აღნიშნა, რომ ის ახალ სამსახურს ელოდება: „ვიღებ სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობას,  თბილისში მაქვს ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში შეტანილი განცხადება დასაქმებაზე და ველოდები პასუხს, ბათუმში კი ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან გავდივარ კონსულტაციას“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით მინისტრის მოადგილის ადგილს სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეონა ბერიძე დაიკავებს.

ნათია სირაბიძე მინისტრის მოადგილედ კულტურის დარგში გასულ წელს დაინიშნა.

Exit mobile version