მწვანე კონცხზე უნივერსიტეტის შენობას, სავარაუდოდ, ივანიშვილი ყიდულობს

აჭარის მთავრობა მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ორ შენობას [3239,62 კვ.მ და 4912,07 კვ.მ] და მათზე დამაგრებულ ფართობს [ჯამში 13 640 კვ.მ] პირობადებული აუქციონით ყიდის. ამ შენობებიდან ერთი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსია [თუმცა, სასწავლო პროცესი აქ აღარ მიმდინარეობს], მეორე კი ამავე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი.

ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა. მწვანე კონცხი.
ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა. მწვანე კონცხი.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების საწყისი ფასი 4 მილიონ 500 ათასი ლარია. შესაბამისად, საწყისი ფასის მიხედვით, ინვესტორს 1 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთში 330 ლარის გადახდა მოუწევს. მაშინ, როდესაც ზღვისპირა ზოლში მიწის საბაზრო ფასი გაცილებით მაღალია.

რაც შეეხება პირობებს, ამჯერად სამინისტრო ქონების საფასურის ნაწილის ჩარიცხვას [სამი მილიონი ლარი] ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტში ითხოვს. დარჩენილი თანხა კი მყიდველმა აჭარის ბიუჯეტში უნდა შეიტანოს. გარდა ამისა, მყიდველმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე არანაკლებ ხუთი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

რუსთაველის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი მწვანე კონცხი.
რუსთაველის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი მწვანე კონცხი.

მწვანე კონცხზე საქართველოს ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის პროექტის ე.წ. „პანორმა ბათუმის“ შესაძლო განხორციელებაზე არაოფიციალურად საუბრობენ. ერთ-ერთი ინფორმირებული პირი, რომელიც საჯაროდ თავისი ვინაობის დასახელების წინააღმდეგია, ამბობს, რომ ტერიტორიის ყიდვას სწორედ ბიძინა ივანიშვილი აპირებს. ივანიშვილის მწვანე კონცხთან დაკავშირებული გეგმების შესახებ “ბათუმელები” აქამდეც წერდა.

ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის შესასვლელ ჭიშკარზე ადრე პატარა დაფა იყო გამოკრული წარწერით: „მწვანე კონცხი, ბოტანიკური ბაღის ზედა შესასვლელის მიმდებარედ სასტუმრო კომპლექსი 300-320 ნომერზე“. აქ მშენებლობა უკვე დაწყებულია და დაფაც შეცვლილია. ახალი საინფორმაციო დაფა გვაუწყებს, რომ აქ „Magnolia – Resort & SPA“ შენდება.

საინფორმაციო დაფა მწვანე კონცხზე
საინფორმაციო დაფა მწვანე კონცხზე
მიმდინარე მშენებლობა უნივერსიტეტის ყოფილ ტერიტორიაზე. მწვანე კონცხი
მიმდინარე მშენებლობა უნივერსიტეტის ყოფილ ტერიტორიაზე. მწვანე კონცხი / ფოტო: თედო ჯორბენაძე

აგრარული უნივერსიტეტის შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტზე პირველად აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ გაახმოვანა. არჩილ ხაბაძე ამბობდა, რომ სანაცვლოდ უნივერსიტეტი მიიღებდა ჩაქვში მდებარე უმაღლესი საბჭოს შენობას, უმაღლესი საბჭო კი სამუშაოდ ბათუმში დაბრუნდებოდა.

აუქციონის ბიჯი არის 100 ათასი ლარი. აუქციონი 3 თებერვალს, 17:00 საათზე დასრულდება.

 

ბათუმში გიორგი ცერცვაძის მხარდასაჭერად აქცია იგეგმება

დღეს, საღამოს 5:30 საათზე, ბათუმში, იუსტიციის სახლთან, უკრაინაში დაკავებული გიორგი ცერცვაძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების შემდეგ კიევის აეროპორტში დააკავეს. 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ  მას 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აქციის ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციაა. აქცია დღეს პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ დააანონსა:

„თბილისის პარალელურად დღეს ბათუმშიც გაიმართება აქცია იმ აღმაშფოთებელი ფაქტის საწინააღმდეგოდ, რაც გააკეთა ქართულმა ხელისუფლებამ, როცა ითანამშრომლა რუს ოკუპანტთან, თავისი გმირი ადამიანის საწინააღმდეგოდ, რომელიც რუსეთის აგრესიისგან იცავდა საქართველოს და ახლა იცავს უკრაინას. ამაზე უფრო მძიმე დანაშაული არ ვიცი რა შეიძლება ჩაიდინოს ქართულმა სახელმწიფომ, ნაცვლად იმისა, რომ გმირებს პატივს ვცემდეთ და მათ ღვაწლს ვაფასებდეთ… ხალხის ვალდებულებაა ამოიღოს ხმა, გამოთქვას ხმამაღალი პროტესტი და აიძულოს ხელისუფლება, რომ არ ჩაიდინოს მსგავსი დანაშაული.“


როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ყვება, წარმოშობით სოხუმელი გიორგი ცერცვაძე საქართველოს შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე იყო შიდა ქართლში. იგი მონაწილეობდა ქართული მხარის პრაქტიკულად ყველა ბრძოლაში ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომშიც და დაჯილდოებულია სამხედრო მამაცობისთვის.

მისივე ინფორმაციით, გიორგი ცერცვაძე 2014-2015 წლებში მოხალისეობრივად იცავდა უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უკრაინის ერთ-ერთ ბატალიონში.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მართალია, გიორგი ცერცვაძე ამჟამად არ ირიცხება თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, თუმცა გასულ წლებში ნამდვილად მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმში.

2016 წლის ბოლოს ცერცვაძე „საქართველოში იყო ჩამოსული ოჯახთან, სადაც გაატარა, ასე ვთქვათ, საახალწლო არდადეგები. ერთი კვირის წინ ბრუნდებოდა კიევში, სადაც დააკავეს“, – განაცხადა კახიძემ.

გასულ წელს ტურისტული ცენტრების მომსახურებით 86 684-მა ვიზიტორმა ისარგებლა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის ტურისტული ცენტრების მომსახურებით 2016 წელს 86 684-მა ვიზიტორმა ისარგებლა, რაც 2015 წლის მონაცემზე  94%-ით მეტია.

დეპარტამენტის ცნობით, რეგიონში არსებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით ცენტრებში ძირითადად რუსი, თურქი, უკრაინელი,
პოლონელი და ებრაელი ტურისტები დაინტერესდნენ. მათ შორის განსაკუთრებული მოთხოვნა მაღალმთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებსა და პროდუქტებზე იყო.

ტურისტებსა და ვიზიტორებს აჭარის მასშტაბით, 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი ემსახურება, სადაც ისინი რეგიონში არსებული ტურისტული სერვისების, ადგილებისა და პროდუქტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრები განთავსებულია ყველა მუნიციპალიტეტსა და ბათუმში.

მკვლელობის მცდელობის საქმე

მოსამართლე ირაკლი შავაძე იაკობ ა.-ს საქმეს განიხილავს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გასული წლის 17 ივლისს სოფელ თხილნარის ერთ-ერთ კაფეში ცეკვის დროს გიზო დ. დაჭრა.

18 ივლისს პოლიციელებმა იაკობ ა. დააკავეს. დაცვის მხარე მოუყვა „ბათუმელებს“, რომ 19 ივლისს პოლიციაში თავისით გამოცხადდა სხვა ახალგაზრდა, დაზარალებულის ბიძაშვილის ქმარი, რომელმაც თქვა, რომ დანაშაული მან ჩაიდინა და პასუხი უნდა აგოს. ამ პირის გამოკითხვის ოქმი ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს წარუდგინა, როცა იგი ბრალდებულ იაკობ ა.-თვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავდა. მაშინ მოსამართლე გამოძიების მიერ წარდგენილ ამოცნობის ოქმს დაეყრდნო, სადაც იაკობ ა-ს. დაადეს ხელი და არა იმ პირს, რომელიც ამბობდა, რომ დანაშაული თავად ჩაიდინა.

დღეს სასამართლოს ჩვენება ბრალდების მხარის ერთ-ერთმა მოწმემ მისცა. მოწმის ჩვენების მიხედვით, შეკრებილები გიზოს დღეობას აღნიშნავდნენ. „საცეკვაოდ გიზო და მისი და გავიდნენ. მე დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით ვიყავი, როცა ყვირილის და წრიპინის ხმა გავიგე. არ დამინახავს ვინ დაჭრა… როცა მივედი, იწვა და სისხლი სდიოდა“, – მიმართა მოსამართლეს მოწმემ.

„დაახლოებით იგივეს ყვებიან ბრალდების მხარის სხვა მოწმეებიც. ვერც ერთი ადებს ხელს ბრალდებულს, დაზარალებული გიზო დ-ს დის გარდა. ის არის ბრალდების მხარის ერთადერთი რეალური მოწმე“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბრალდებულის კიდევ ერთი ადვოკატი, რამინ პაპიძე.

ბრალდების მხარის მოწმეებს მოსამართლე ირაკლი შავაძემ უკვე მოუსმინა. მორიგ სხდომაზე სასამართლო ექსპერტების ჩვენებებს მოისმენს.

„ამის შემდეგ დაცვის მხარე წარმოვადგენთ მოწმეს, რომელიც იტყვის, რომ მისმა სიძემ დაჭრა გიზო და არა ბრალდებულმა იაკობ ა-მ. ის, ვინც პოლიციაში გამოცხადდა თავის დროზე და დაკითხვა მოითხოვა, დღეს აღარ აცხადებს იგივეს და გამოძიებასაც არ სურს შეცვალოს თავისი ვერსია. გამომძიებლებს არ უნდათ გამოჩნდეს, რომ შეცდომა დაუშვეს“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

თუ რატომ არ დაკითხეს წინასწარი გამოძიების ეტაპზე პირი, რომელიც აცხადებდა, რომ თავად დაჭრა გიზო დ. „ბათუმელებისთვის” არ არის ცნობილი. ამის შესახებ სამართალდამცავებს განმარტება არ გაუკეთებიათ.

ბრალდებული იაკობ ა. გასული წლის 19 ივლისიდან დღემდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

 

აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის კომენტარი გია აბულაძის კრიტიკაზე

აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე, გია აბულაძის კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლებას მათ დებულება აძლევს.

„თუ გადახედავთ ევროპულ გამოცდილებასაც, ვნახავთ როგორ მუშაობს იქ  დასაქმების ცენტრები. მათი ერთ-ერთი ფუნქციაა იზრუნონ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა სამუშაოს მაძიებლების დასაქმების შესაძლებლობა გაიზარდოს. ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ უმუშევრობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის ის, რომ ადამიანები ნაკლებად კონკურენტუნარიანი არიან შრომის ბაზარზე  და კვალიფიკაციის დონე არის დაბალი“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ ვის გადამზადებას აპირებს დასაქმების სააგენტო ტენდერით, რომლის მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 140 ათასი ლარია, თემურ კახიძე ამბობს, რომ ეყოლებათ პრიორიტეტული ჯგუფები: „უპირატესი მონაწილეობის უფლება აქვთ რამდენიმე მოწყვლად ჯგუფს, ესენი არიან: სოციალური შემწეობის მიმღები ჯგუფი, იძულებით გადაადგილებული პირები, ეკომიგრანტები, შშმ პირები, მათი მეურვეები და ოჯახის წევრები. გასაუბრების დროს თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება ამ ჯგუფების წარმომადგენლებს.

პროგრამა ითვალისწინებს პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარებას, გადამზადება ხორციელდება იმ პროფესიებში, რომელზეც მოთხოვნაა  ბაზრის კვლევის მიხედვით. გარდა ამისა, გავაკეთეთ ანალიზი გასული წლის მანძილზე ჩვენთან შემოსული მოთხოვნების საფუძველზე და პოტენციურ დამსაქმებლებთან ჩავატარეთ გამოკვლევა“.

თემურ კახიძის თქმით, გადამზადების პროგრამა ითვალისწინებს უცხო ენის შესწავლას და გარანტირებული სამუშაო გამოცდილების მიღების მიზნით გარანტირებულ საწარმოო პრაქტიკას: „უცხო ენაში გადამზადებას დაეთმობა 120 საათი, ამდენივე საათი არის დათმობილი საწარმოო პრაქტიკაზე. 300 საათი აქვს დათმობილი სასწავლო კურსს, რომელიც შეიცავს სასწავლო თეორიას და სასწავლო პრაქტიკას.  ამ პროგრამას იმიტომ ვახორციელებთ, რომ არც ერთ პროფესიულ სასწავლებელს არ გააჩნია მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა, რომელიც იქნება უფასო.“

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენი ადამიანის დასაქმებას ვარაუდობს ამ პროგრამის დასრულების შემდეგ? – თემურ კახიძე ამბობს, რომ  ყველა დასაქმდება, ვინც პროგრამას სწორად აითვისებს: „ევროკავშირის სტანდარტი არის 30%, თუმცა შარშან ანალოგიური პროგრამის განხორციელების შემდეგ 57% იყო დასაქმებული“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, არის თუ არა  ეს პროგრამა იმ პროგრამის ანალოგი, რასაც ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს? – თემურ კახიძემ გვითხრა, რომ – „არა“: „ეს პროგრამა უმაღლეს საბჭოში ბიუჯეტის განხილვის დროს იყო წარდგენილი და თუ არ ეთანხმებოდნენ  და ეს პოლიტიკური დივიდენდების მიღების საფუძველი არაა, მაშინ უნდა მოეხდინათ რეაგირება“.

სულხან ღლონტი უმაღლესი საბჭოს წევრის კრიტიკაზე

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი, უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატი აცხადებდა, რომ ტურიზმის დეპარტამენტი და დასაქმების სააგენტო დუბლირებულ პროგრამებში არაეფექტურად ხარჯავენ თანხას. სულხან ღლონტს მიაჩნია, რომ  ამ ტიპის განცხადებები უფრო გააზრებულად უნდა გაკეთდეს.

„ტურიზმის სკოლის ძირითადი პრიორიტეტი არის ტურიზმის განვითარება მაღალმთიან აჭარაში.  იქ არსებობს  საოჯახო ტიპის სასტუმროები, რომლებსაც შეუძლიათ ავთენტურ გარემოში აჩვენონ მაღალმთიანი რეგიონის კულტურა და ამაზე არის მოთხოვნა ტურისტების მხრიდან.  ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანებს აინტერესებთ ძველი სოფლების ნახვა. ჩვენ ამ ბიზნესის მფლობელებს ვთავაზობთ გადამზადებას, მაგალითად, თანამედროვე ტექნოლოგიებში –  ინტერნეტში ინფორმაციის განთავსება რომ  შეძლონ ტურისტების მოსაზიდად. ასევე, პრობლემაა სტანდარტიზაციის საკითხები,  სწორედ  ამისთვის გახდა აუცილებელი სკოლის გაკეთება“- ამბობს სულხან ღლონტი.

დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპის ქვეყნები ძალიან დიდ თანხას ხარჯავენ მაღალმთიანი კურორტების განვითარებაზე: „ჩვენ საქმე არ გვაქვს დაწყებული და შედეგს ითხოვენ. ვერც გია აბულაძე და ვერც სხვა ვინმე ამის შედეგს ვერ განსაზღვრავს, ამის განსაზღვრა შეუძლიათ  მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც მიიღებენ  უფრო მეტ ტურისტს; განსაზღვრავს სარეკლამო ბაზარი და სტატისტიკური მონაცემები – მაღალმთიან რეგიონში ავიდა თუ არა უფრო მეტი ტურისტი. ახლა მივდივარ მაჭახლის ხეობაში სასტუმროს მეპატრონეებთან შესახვედრად, უნდა ავუხსნათ ამ ადამიანებს რა გვინდა. მათთვის ეს რესუსრი უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი“.

სულხან ღლონტის განცხადებით, ტურიზმის სკოლის პროექტი არსებული ფინანსური რესურსებით განხორციელდება და ისინი დამატებითი თანხის მოთხოვნას აჭარის ბიუჯეტიდან არ აპირებენ.

„ტვ25“-ის დირექტორი ირინა ყურუას ტელევიზიიდან წასვლაზე

„ტვ 25“-დან საინფორმაციო სამსახურის უფროსის და გადაცემა „დიალოგის“ წამყვანის წასვლას ტელევიზიის დირექტორი, მურთაზ ფრანგულაშვილი დღეს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოეხმაურა. მან ირინა ყურუას წასვლას „დრამატული“ და „თეატრალიზებული“ უწოდა. „ტვ 25“-ის დირექტორი დარწმუნებულია, რომ ირინამ არხი „აჭარის ტელევიზიაში“ გადასვლის გამო დატოვა და მენეჯმენტს ახალი მოდელის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

თავად ირინა ყურუა კი ამბობს, რომ შეთავაზება დასაქმებაზე რომელიმე ტელევიზიიდან ჯერ არ მიუღია და არხი დატოვა იმ მოდელის გამო, რასაც ტელევიზიის დირექტორი სთავაზობდა. მისი თქმით, არხს ფინანსური პრობლემები აქვს და მენეჯმენტი თანხის დაზოგვას საინფორმაციო სამსახურის რესურსის შემცირების ხარჯზე აპირებს. 

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ირინა იყო ჩემი დასაყრდენი ძალა ტელევიზიაში და მის გარდა მოდელის შეცვლაზე გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებდა,“ – ამბობს „ტვ 25“-ის დირექტორი, მურთაზ ფრანგულაშვილი „ბათუმელებთან“. გვიყვება, რომ ირინა ყურუას დაახლოებით ერთი თვის წინ ესაუბრა ახალი მოდელის შემუშავებაზე, რომელიც ფინანსების დაზოგვის საშუალებას მისცემდა ტელევიზიას: „ეს არ ნიშნავდა იმას, რომ საინფორმაციოში რეპორტიორები უნდა შეგვემცირებია აუცილებლად. მაშინ გამოვაცხადებდი პირდაპირ რეორგანიზაციას და ამას ისედაც გავაკეთებდი. გეუბნებით, რომ განვიხილავდით მოდელს, რა იქნებოდა უკეთესი. ასევე ვუთხარი ირინას, რომ რაზეც შევთანხმებოდით, იმ მოდელს გავაცნობდით მედია ექსპერტებს. ამის შესახებ მე ზვიად ქორიძესაც ვესაუბრე… თუკი შევიმუშავებდით ახალ მოდელს და ამას მოიწონებდნენ მედია ექსპერტებიც, მაშინ იქნებოდა შესაძლებელი მისი განხორციელება.“

მურთაზ ფრანგულაშვილს შევახსენეთ, რომ გადაცემა „დიალოგი“ უკვე აღარ გადის ეთერში და ირინა ყურუამაც არხიდან წამოსვლის მიზეზად ის დაასახელა, რომ ამ შემცირების პროცესის ავტორი არ უნდოდა ყოფილიყო.

ტელევიზიის დირექტორის თქმით, ირინა ყურუას ამ იდეების მიმართ კატგორიული მიუღებლობა მანამდე არ გამოუხატავს და მის გადაწყვეტილებას ამიტომაც უწოდა თეატრალიზებული: „შეიძლებოდა ეთქვა, რომ არ მოსწონდა და თუკი ამას მაინც გავაკეთებდით, წავიდოდა ტელევიზიიდან. მან მოულოდნელად, სხვა საკითხზე გამართულ თათბირზე გვითხრა, რომ უნდა წასულიყო ტელევიზიიდან და დაგვემშვიდობა. დარწმუნებული ვარ, მას ძალიან მალე ვიხილავთ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში… რაც შეეხება „დიალოგს“, ამაზეც ვიმსჯელებთ გუნდში. შეიძლება აღარ იყოს „დიალოგი“, მაგრამ იქნება სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა. მხოლოდ საინფორმაციო გამოშვების იმედად არ იქნება ტელევიზია“.

„ტვ 25“-ის დირექტორი არც იმას ადასტურებს, რომ ტელევიზია გასართობი გადაცემების გააქტიურებას აპირებს. მურთაზ ფრანგულაშვილი ამბობს, რომ არხს არ აქვს ისეთი ფინანსური პრობლემები, რაც თანამშრომლებზე აისახება. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ტელევიზია ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებს.

ირინა ყურუამ არხიდან წასვლის შესახებ განცხადება გუშინ, 22 იანვარს გააკეთა.

 

 

საკადრო ცვლილებები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში

შპს „სტადიონს“ ახალი დირექტორი ეყოლება. ამ პოსტზე გიორგი ზირაქაშვილს სულხან ხალვაში შეცვლის. სულხან ხალვაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ბოლო 5 თვის განმავლობაში, მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

გიორგი ზირაქაშვილმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ ის ახალ შეთავაზებას ელოდება.

მინისტრის მოადგილედ შესაძლო დანიშვნას არ ადასტურებს ჯემალ ბოლქვაძე, შპს „გოდერდზირესორტსის“ დირექტორი. „საუბრის დონეზეც კი არ ყოფილა მაგ თანამდებობის შემოთავაზება“ – განაცხადა ჯემალ ბოლქვაძემ „ბათუმელებთან“.

შპს „სტადიონისა“ და შპს „გოდერდზირესორტსის“ 100%-იანი წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

შპს „სტადიონი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის მიზნით შექმნა. სტადიონის მშენებლობაზე დღემდე ტენდერიც კი არ გამოცხადებულა.

აჭარა ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

20-22 იანვარს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები, ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ADVENTUR 2017”-ზე წარადგინა. აჭარის სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში გავრცელებული ტურიზმის სახეობების, პროდუქტებისა და დასვენების შესაძლებლობების შესახებ.

დეპარტამენტის ცნობით, წელს “ADVENTUR 2017”-ში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 350-მდე ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა, რომელთა ტურისტულ პროდუქტს 24 787 ადამიანი გაეცნო.
„აჭარის და ზოგადად, საქართველოს მიმართ ინტერესი გამოფენაზე დიდია. ლიტველი ვიზიტორები საზღვაო დასვენების გარდა სამთო, ეკო და გასტრონომიული ტურებით ინტერესდებიან. გამოფენის ფარგლებში ჩვენ  არაერთი საქმიანი შეხვედრა გავმართეთ ჩვენს პარტნიორებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით და ვფიქრობ, მსგავს გამოფენებში მონაწილეობა რეგიონის რეკლამირებას საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“ – თქვა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მიხეილ კოპლატაძემ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სტენდი ვილნიუსის გამოფენაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი და გამოფენის გახსნისას ის ქალაქ კლაიპედას მერმა და ეკონომიკის მინისტრმა მოინახულეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წლის ბოლომდე რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირებას 20-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გეგმავს. გარდა უკვე არსებული ტრადიციული სარეკლამო ქვეყნებისა, ახალი  ბაზრების აღმოჩენის მიზნით დეპარტამენტი მონაწილეობას მიიღებს გერმანიის, ლონდონის, იაპონიის, სეულისა და დუბაის საერთაშორისო გამოფენებში.

მემედ აბაშიძის ქუჩაზე ტრანსფორმატორი იწვის [ფოტო]

ამ წუთებში მემედ აბაშიძის 25 ნომერში [მ. აბაშიძის და კ. გამსახურდიას ქუჩების კვეთა] ტრანსფორმატორი იწვის. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით,  სახანძრო ჯგუფი გასულია ადგილზე. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სახანძრო სამსახური შემთხვევის ადგილზე. თედო ჯორბენაძის ფოტო

სახანძრო სამსახური შემთხვევის ადგილზე. თედო ჯორბენაძის ფოტო

სახანძრო სამსახური შემთხვევის ადგილზე. თედო ჯორბენაძის ფოტო
სახანძრო სამსახური შემთხვევის ადგილზე. თედო ჯორბენაძის ფოტო

ბათუმში სუპერმარკეტის ბუღალტრის დაყაჩაღების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

მიმდინარე წლის 3 იანვარს ბათუმში „იალჩინ მარკეტის“ ბუღალტერი დააყაჩაღეს. აღნიშნულ ფაქტზე, შსს-მ 1980 წელს დაბადებული გ.ა. და ამავე წელს დაბადებული  ს.ყ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 19 იანვარს დააკავა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ორი დღის წინ ამავე ფაქტზე და ანალოგიური ბრალდებით, პოლიციამ კიდევ ერთი პიროვნება დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მესამე პირის დაკავება დაგვიდასტურეს.

შსს-ს ინფორმაციით: „გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 3 იანვარს ბრალდებულები იარაღის მუქარით თავს დაესხნენ შპს „იალჩინ მარკეტის“ ბუღალტერს და აღნიშნული შპს-ს კუთვნილი 148 546 ლარი, ასევე, პირადი თანხა და ნივთები გასტაცეს. გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით]“.

უმაღლესი საბჭოს წევრი: ტურიზმის დეპარტამენტი და დასაქმების სააგენტო საბიუჯეტო თანხას არაეფექტურად ხარჯავენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“, გია აბულაძის განცხადებით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საბიუჯეტო თანხას არაეფექტურად, დუბლირებულ პროგრამებში ხარჯავს.

„ტურიზმის დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა გამართა პრეზენტაცია, რომ უნდა გახსნას ტურიზმის სწავლების სკოლა, რაც არასწორია, რადგან პირველ რიგში,  საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება განათლების სამინისტროს პრეროგატივაა.  რაც შეეხება სპეციალობებს, აჭარაში არსებობს  ტურიზმის მიმართულების პროფესიული სასწავლებლები ბათუმსა და ქობულეთში, რომლებიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება  და ნებისმიერ პირს  უფლება აქვს მიმართოს ამ სასწავლებელს და მიიღოს პროფესია.

ამ შემთხვევაში გამოდის, რომ  ტურიზმის დეპარტამენტი განათლების სამინისტროს კომპეტენციაში ერევა.  ბიუჯეტიდან დაიხარჯება თანხა, წლის ბოლოს ტურიზმის დეპარტამენტი გააკეთებს ანგარიშს,  რომ თითქოს რაღაც გააკეთა, მაგრამ სამწუხაროდ  კვალიფიციურ კადრებს ვერ მივიღებთ. ამას დაემატა ისიც,  რომ დასაქმების სააგენტომ გამოაცხადა 140 000 ლარზე ტენდერი, რომლითაც უნდა შეისყიდოს ისევ საგანმანათლებლო მომსახურება, ანუ ტურიზმის სფეროში კადრების მომზადება.

დასაქმების სააგენტოს ტენდერი გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რადგან მათ უნდა მოამზადონ  სასტუმრო საქმის სპეციალისტები, ამაზე სახელმწიფოს მიერ არის დამტკიცებული სტანდარტი, რომ  სტუდენტმა უნდა გაიაროს 60 კრედიტი ანუ 1 500 საათი, სწავლება ხორციელდება ათ თვეს და ბიუჯეტიდან  950 ლარით ფინანსდება ერთი სტუდენტი. სააგენტოს ტენდერის მიხედვით კი, იგივე სპეციალისტები უნდა მოამზადონ 30 კრედიტით ანუ 540 საათით და ერთ მსმენელზე დაიხარჯება 1 400 ლარი.

ეს ნიშნავს იმას, რომ ისევ წყალში გადაიყრება თანხები, თვის ბოლოს კი მივიღებთ სტატისტიკას, რომ გადაამზადეს ადამიანები, მაგრამ ვერ მივიღებთ იმის სტატისტიკას, დასაქმდნენ თუ არა ეს ადამიანები“.

როგორც გია აბულაძე ამბობს, საბიუჯეტო განხილვების დროს უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ხდებოდა საბიუჯეტო პროგრამების დუბლირება, რაც არ იყო შედეგებზე ორიენტირებული.

„ჩვენი წინადადებაა,  დაუყოვნებლივ შეწყდეს ქაოტურად საბიუჯეტო თანხების ხარჯვა და არაეფექტური პროგრამების განხორციელება.  გარდა ამისა, არაეფექტური იქნება ტურიზმის განვითარების სკოლაც, რომელსაც აანონსებს ტურიზმის დეპარტამენტი და მოვუწოდებთ, ეს თანხები მიმართული  იყოს  პროფესიული სასწავლებლების  როგორც პროფესიულ, ასევე ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, რაც უფრო ეფექტური  იქნება და უფრო კვალიფიციურ კადრებსაც მოვამზადებთ“.

გია აბულაძის თქმით, დასაქმების სააგენტოს პრეროგატივაა არა ტურიზმის სფეროს კადრების გადამზადება, არამედ დასაქმების ბაზრის კვლევა, – მან უნდა მიაწოდოს განათლების სამინისტროსა და პროფესიულ სასწავლებლებს მოთხოვნადი პროფესიები, რომ  შემდეგ  უზრუნველყონ ამ კადრების მომზადება.  „გარდა იმისა, რომ ეს არის არაეფექტური პროგრამები, ზოგიერთი სახელმწიფო დაწესებულება იჭრება მეორე დაწესებულების ფუნქციაში და საბიუჯეტო ქაოსთან ერთად ინსტიტუციური ქაოსიც იქმნება“.

 

„აფრენშენ“ – ახალი სპექტაკლი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში

დღეს, 23 იანვარს, მხოლოდ ერთი დღით, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება არჩილ გოგუაძის სპექტაკლი „აფრენშენ“, რომელიც მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნას ეძღვნება.

სპექტაკლი საღამოს 19:00 საათზე დაიწყება. მსურველებმა ბილეთების შესაძენად, ბათუმის მუსიკალურ ცენტრს უნდა მიმართონ.  ცენტრის ინფორმაციით, „სპექტაკლი ახალი და ორიგინალურია“.

ურეკში მამაკაცს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი საგარეუბნო მატარებელი ურეკში მამაკაცს დაეჯახა. მგზავრებით სავსე მატარებელი ამ დრომდე გაჩერებულია სადგურ „ურეკის“ მიმდებარედ.

16231396_1808113296121908_750037969_o
შემთხვევის ადგილზე გაჩერებული სამგზავრო მატარებელი

ერთ-ერთი მგზავრის თქმით, ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები: „აქ ამბობენ, რომ მამაკაცი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა 60-65 წლის იქნებოდა და სავარაუდოდ, გარდაიცვალა… მგზავრებს ჯერ გვითხრეს, რომ მატარებელი ნახევარი საათის შემდეგ დაიძვრება ადგილიდან, ახლა ამბობენ, რომ რაღაც საგამოძიებო ღონისძიება მიმდინარეობს და შესაძლოა საათნახევარი ან ორი საათი ვერ გავიდეთ ამ ადგილიდან“.

„ბათუმელები“ „საქართველოს რკინიგზას“ დაუკავშირდა. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაციას დააზუსტებენ და დაგვიკავშირდებიან.

„საქართველოს რკინიგზის“ კომენტარს მოგვიანებით მოგაწვდით.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ფაქტი დაგვიდასტურეს. „შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ასაკოვანი მამაკაცი. გამოძიება დაწყებულია სს კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“ – გვითხრეს შს სამინისტროს პრესსამსახურში.

ირინა ყურუამ „ტვ 25“ დატოვა

ჟურნალისტმა ირინა ყურუამ „ტელეარხი 25“ დატოვა. ის საინფორმაციო გამოშვება „მაცნეს“ მთავარ რედაქტორად და გადაცემა „დიალოგის“ წამყვანად მუშაობდა. ირინა ყურუა არხიდან წამოსვლის მიზეზად ტელევიზიის დირექტორის მხრიდან შეთავაზებულ მოდელს ასახელებს, რაც, მაგალითად, საინფორმაციო სამსახურში რეპორტიორების შემცირებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, ტელევიზიას ფინანსური რესურსის პრობლემა ნამდვილად აქვს, თუმცა მენეჯმენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ის მიიჩნევს, რომ ახალმა მოდელმა, რაც გასართობი გადაცემების გააქტიურებას გულისხმობს, საინფორმაციო სამსახურის რესურსის ხარჯზე, შესაძლოა საინფორმაციო გამოშვება არასფრისმთქმელი გახადოს.

„არ მინდოდა, სხვადასხვა გამართლებული ან გაუმართლებელი მიზეზით ავტორი ვყოფილიყავი ამ პროცესის, მიგვეღო არაფრისმთქმელი საინფორმაციო გამოშვება, ან შემცირებულიყო გამოშვებების რაოდენობა, შაბათ-კვირის საინფორმაციო გაუქმებულიყო. ეს რისკები დავინახე ახალ მოდელში… გარდა ამისა, ახალი წლიდან ეთერში არ გასულა გადაცემა „დიალოგი“. გვითხრეს, რომ ფინანსები არის პრობლემა, არ ვიცით, როდიდან გავალთ ეთერშიო. მე სხვა არჩევანი არ მქონდა… “, – გვითხრა ირინა ყურუამ.

ყოფილი მთავარი რედაქტორი მიიჩნევს, რომ საინფორმაციო სამსახურის რესურსის შემცირება ან გადაცემა „დიალოგის“ შეჩერება არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის თემას არ უკავშირდება. ამბობს, რომ არხს ნამდვილად აქვს ფინანსური პრობლემა, მაგრამ პრობლემის გადაჭრა მენეჯმენტმა არასწორი გზით დაინახა.

„თვეზე მეტია ტელევიზიის დირექტორთან [მურთაზ ფრანგულაშვილი-ავტ.] დაპირისპირების რეჟიმში მიწევდა მუშაობა. მათ უნდათ მოდელის შეცვლა და 5 ადამიანით კარგი საინფორმაციო გამოშვების კეთება, რაც წარმოუდგენელია. შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, ოპერატორები და მემონტაჟეებიც პარალელურად დასაქმდებიან სხვა პროექტებზე, რომლებიც იქნება გასართობი ხასიათის. მენეჯმენტის აზრით, ეს ფულს შემოიტანს. მე წარმატებას ვუსურვებ ამ არხს, მაგრამ ვფიქრობ, რომ არასტაბილური ვითარება შეიქმნება და კონკურენტუნარიანი კადრები ტელევიზიას დატოვებენ“, – ამბობს ირინა ყურუა.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა „ტვ 25“-ის დირექტორმა, მურთაზ ფრანგულაშვილმა.

„ტვ 25“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის თქმით, მას ამ დრომდე რომელიმე მედიასაშუალებიდან შეთავაზება არ მიუღია. „აჭარის ტელევიზიის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, გია ქარცივაძე ირინა ყურუას კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს, რომელიც ტელევიზიაში მალე გამოცხადდება.

ირინა ყურუა „ტელეარხ 25“-ის თანამშრომელი 2016 წლის დასაწყისში გახდა, როცა არხიდან ოთხი ჟურნალისტი მენეჯმენტმა უკანონოდ გაათავისუფლა. სასამართლოს მოთხოვნის შემდეგ, ტელევიზიამ ოთხივე მათგანი გასული წლის დეკემბრის დასაწყისში აღადგინა. „ტვ 25“-ზე დაბრუნების სურვილი მხოლოდ გადაცემა „დიალოგის“ პროდუსერმა, ირმა ზოიძემ გამოთქვა, თუმცა ეს გადაცემა ეთერში ამ ეტაპზე არ გადის.

 

 

განათლების მინისტრის „ამოცანა“ პედაგოგებისთვის – ვინ უნდა დარჩეს სკოლაში

ალექსანდრე ჯეჯელავამ ბათუმში სკოლის პედაგოგებთან შეხვედრის დროს პედაგოგთა პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესატან ცვლილებებზე, კრედიტქულების დაგროვების სისტემასა და საგნობრივ გამოცდებზე ისაუბრა. მისი თქმით, პედაგოგი  ვალდებული აღარ იქნება ჩააბაროს გამოცდა, თუმცა მას  გამოცდაზე მიღებული ქულები კრედიტების დაგროვებაში დაეხმარება.

შეხვედრაზე, რომელიც გუშინ, 21 იანვარს გაიმართა პედაგოგებსა და მინისტრს შორის, ასევე საუბარი შეეხო სკოლიდან მასწავლებლის გაშვების საკითხს, რაზეც ალექსანდრე ჯეჯელავამ  პედაგოგებს ერთგვარი გამოცანა-ტესტი შესთავაზა:

„მე ახლა სამი პედაგოგის შესახებ მოგიყვებით და თქვენ მითხარით, უნდა გავუშვათ ეს პედაგოგები სკოლიდან თუ უნდა დავტოვოთ.

ჩემმა ერთ-ერთმა პედაგოგმა თავისი საგანი იცოდა ნომინალურად, გაკვეთილს ხსნიდა, მაგრამ ცოტა ჩახუჭუჭებულ შეკითხვას თუ დაუსვამდი, გეტყოდა  – „ახლა მაგის დრო არ არის“.  ჩვენც ძალიან კმაყოფილები ვუღიმოდით ერთმანეთს, რომ  გამოვიჭირეთ მასწავლებელი. ოღონდ, შარში თუ გაეხვეოდი სახლში,  ქუჩაში ან  პოლიციაში, ამ ქალამდე უნდა მიგეღწია და გადარჩებოდი. თვალს ამოუღებდა ნებისმიერს თავისი მოსწავლის გულისთვის. პატარა „რემბო“ იყო. ჩვენი სკოლის ახლოს იყო პოლიციის განყოფილება, სადაც დევივით კაცი მუშაობდა პოლიციის უფროსად და ის ამბობდა:  – „ეგ ქალი არ დამანახოთ“,  ეშინოდა. ეს ქალი გამოცდას ვერ ჩააბარებს. რა ვქნათ, გავუშვათ თუ დავტოვოთ?

თუ არ დავტოვებთ,  ვინც ამისგან ისწავლა,  როგორ უნდა დაცვა, უშიშრობა, როგორ უნდა თავდადება, ისინიც უნდა მივაყოლოთ.  ბავშვის დაცვა და ბავშვის თავდადება რომ სკოლიდან გავიდეს, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ გამოცდაც,  ქიმიაც და ინფორმატიკაც.

მეორე მაგალითი  ჩემი ისტორიის მასწავლებელს ეხება. ბრგე კაცი იყო მე-14 საუკუნიდან. ფასეულობათა სისტემა ყოველ შემთხვევაში ჰქონდა მე-14 საუკუნის.  აკაკუნებდა წიგნზე თითს და ამბობდა,  – „მე ამ სისულელეს არ გასწავლით“ და გვიყვებოდა რაღაც  პატრიოტულ ამბებს. სულ ავიწროვებდნენ,  რადგან პროგრამას არ ასწავლიდა. მაგრამ ამ კაცმა შეაყვარა თავის მოსწავლეებს სამშობლო. რა ვქნათ, გავუშვათ თუ დავტოვოთ? – უნდა დავტოვოთ, რადგან  ფაქტობრივი ცოდნა არ გვიშველის პატრიოტიზმმა თუ დაგვტოვა.

მესამე პედაგოგი ძალიან მაგარი სპეციალისტი იყო, მეცნიერებას რომ გაჰყოლოდა ალბათ აკადემიკოსი იქნებოდა, მაგრამ იყო ძალიან ბრაზიანი. რომ გაბრაზდებოდა და აყვირდებოდა, ისე ყვიროდა, რომ გვერდით კლასებში გაკვეთილს ვერ ატარებდნენ, სანამ გაკვეთილი არ დამთავრდებოდა ვერ წყნარდებოდა.  სიზარმაცეზე, ხალტურაზე ნერვიულობდა. ფაქტია, რომ ცუდად იქცევა, ყვირილი, წივილი რა მოსატანია…  გავუშვათ თუ დავტოვოთ?  – მოკლედ,  მე იმის თქმა მინდა, რომ მთავარია სიყვარული. უყვარს კლასს მასწავლებელი და უყვარს სწავლა, არ უყვარს მასწავლებელი და არ უყვარს სწავლა.  თუმცა, ზედა კლასებში  ასე  არაა, როცა ბავშვი  ჩამოყალიბებულია. მაგრამ  სანამ ბავშვი არის ბავშვი, მასწავლებელთან პირადი დამოკიდებულება არის გადამწყვეტი“,- აცხადებს მინისტრი.

ამ მაგალითებისა და რიტორიკული კითხვების შემდეგ, მინისტრი პედაგოგებს დაჰპირდა, რომ გამოცდების ჩაუბარებლობისა თუ სხვა მინუსების მიუხედავად, მასწავლებელს სკოლიდან ვერავინ გააგდებს: „სანამ მე აქ ვარ, თქვენ უბატონოდ ხმას ვერავინ ვერ გაგცემთ“.

პედაგოგებთან შეხვედრა ბათუმის მე-3 საჯარო სკოლაში, 21 იანვარს გაიმართა.

 

დენის გათიშვის გრაფიკი აჭარაში – 23-26 იანვარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გამოქვეყნებული ელექტროენერგიის შეზღუდვების გრაფიკის მიხედვით, 23-26 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ბათუმში, ქობულეთში, ხულოში, ხელვაჩაურსა და ქედაში სულ 3572 აბონენტს. აქედან,

23 იანვარს

  • ბათუმში 650 აბონენტს, 11-დან 16 საათამდე;
  • ქობულეთში, გელაურის დასახლებაში 464 აბონენტს, 11-დან 13 საათამდე;
  • ხულოში 438 აბონენტს, 11-დან 14 საათამდე;
  • ხელვაჩაურში 356 აბონენტს, 11-დან 17 საათამდე;

24 იანვარს

  • ბათუმში 340 აბონენტს, 11-დან 14 საათამდე;

25 იანვარს

  • ქედაში 376 აბონენტს, 11-დან 13 საათამდე;
  • ქობულეთში 559 აბონენტს, 11-დან 13 საათამდე;

26 იანვარს

  • ხულოში 389 აბონენტს, 11-დან 15 საათამდე.

კონკრეტული ქუჩები [უბნები] – თუ რომელ დასახლებაში, რომელ მისამართზე შეეზღუდებათ ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლებს – „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გრაფიკში მითითებული არ აქვს. რაც მითითებული აქვს ისაა, რომ ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეეზღუდებათ.

ენერგოკომპანია ვალდებულია გააფრთხილოს აბონენტები მოსალოდნელი შეზღუდვების შესახებ. „ბათუმელები“ შეეცადა „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ გაერკვია,  კონკრეტულად რომელ ქუჩებზეა დაგეგმილი გეგმიური გათიშვები აჭარის ქალაქებსა და დაბებში, თუმცა კომპანიის ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ ამ ინფორმაციის მისაღებად სამუშაო დღეს და სამუშაო საათებში ადგილობრივ სერვისცენტრში მივიდეთ, ან კომპანიას წერილობით მივმართოთ.

როგორ გადაანაწილა ცესკომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოყოფილი 39 მილიონი ლარი

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორი დღის წინ განსაზღვრა.

ადგილობრივი არჩევნების ჩატარებისსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცესკოს 39 მილიონ 11 ათას 899 ლარი აქვს გამოყოფილი.

ცესკოს დადგენილებით, აქედან 17 მილიონზე მეტი [ანუ მთლიანი თანხის თითქმის ნახევარი – 44,8%], საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულთა ხელფასებში დაიხარჯება, დანარჩენი კი სხვა ხარჯებია.

ერთ მილიონზე მეტი დაიხარჯება არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებაში, 2,2 მილიონ ლარზე მეტი საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის, ხოლო 7,6 მილიონზე მეტი – საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დასაფინასებლად.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების ცესკოს მიერ დადგენილი წესი [ხარჯთაღრიცხვა]:

cesko

საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, მთლიანობაში [არჩევნებისთვის განკუთვნილი თანსხის ჩათვლით] 60,5 მილიონი ლარია გაწერილი. თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს.


ამავე თემაზე:

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უზრუნველსაყოფად ცესკომ სახელმწიფოსგან 30 მილიონ 888 ათას 46 ლარი მიიღო, საიდანაც 20 მილიონ 707 ათას 739 ლარი საარჩევნო მოხელეების ხელფასებისთვის გაითვალისწინეს.

ცესკო – არჩევნები 76 მილიონად და დაბალი კვალიფიკაციით

დამეწყრილ მოსახლეობას ხელისუფლება ბინებს უმიწოდ, ხულოს ცენტრში სთავაზობს

„მოვრიგდით, შედეგი უკვე გვაქვს. ნებისმიერ დროს, როცა ოჯახები თანხმობას განაცხადებენ, ჩვენ მზად ვართ მათი ტრანსპორტირება მოვახდინოთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ რამაზ ჯინჭარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. სოფელ თხილვანაში მეწყერი 10 იანვარს გააქტიურდა. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, აქ მცხოვრები 62 ოჯახის განსახლება აუცილებელია, რადგან მათ მეწყრისგან საფრთხე ემუქრებათ.

რამაზ ჯინჭარაძემ ვერ დაგვიკონკრეტა, რამდენმა ოჯახმა განუცხადა თანხმობა ქირით გასვლაზე სამთავრობო კომისიას. მისი თქმით, ოჯახების ერთი ნაწილი ეჭვობს, რომ სამი თვის შემდეგ, როცა მთავრობა ქირის ფულს აღარ გადაიხდის, ისინი ისევ ღია ცის ქვეშ დარჩებიან. მთავრობა თხილვანას მოსახლეობას სოციალურ სახლში შესახლებას ჰპირდება, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრში მდებარეობს და მიწის ნაკვეთი არ ახლავს.

„მიწის ნაკვეთი არაა, მაგრამ ქალაქში რომ უნდათ, იყო ამაზეც საუბარი, იქაც ხომ არ ექნებათ მიწა და ვერ წაიყვანენ საქონელს?… ქალაქში მათი დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება ამ ეტაპზე. ეს კარგი შეთავაზებაა. შეუძლიათ საკუთარი მიწები ისევ დაამუშაონ“, – ამბობს რამაზ ჯინჭარაძე. კითხვაზე, როგორ სთავაზობთ სამუშაოდ მეწყერსაშიშ ადგილებს ადამიანებს, გვპასუხობს: „ეს საფრთხე იქ არსებობს 1984 წლიდან. ღმერთმა დაგვიფაროს, რამე რომ მოხდეს…“.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რას შესთავაზებენ კონკრეტულ ოჯახებს, რადგან საფრთხის ქვეშ მყოფი ოჯახების ნაწილს მიღებული აქვთ სარგებელი წინა წლებში, როგორც ეკომიგრანტებს.

„მე არ დავეთანხმე ქირით გადასვლას,“ – გვითხრა თხილვანაში მცხოვრებმა ნათელა შაინიძემ. ამბობს, რომ მისი მიწის ნაკვეთი სრულად წაიღო მეწყერმა. ხულოს ცენტრში მდებარე სოციალურ სახლში გადასვლა მისთვის კატეგორიულად მიუღებელია: „იქ რა ვჭამო მერე?… მიწა რომც მქონდეს, რაფერ უნდა ვიარო იქიდან აქ? დილის რვაზე რომ წამოხვიდე იქიდან, 12-ზე თუ აქ იქნები, კაია. მერე საღამოს ვეღარ წახვალ. შენი მანქანა უნდა გყავდეს მაშინ. მირჩევნია, ფული მომცენ და მივხედავ ჩემს თავს, მიწის ნაკვეთს ვიყიდი სადმე, კიტრის დავრგავ, ლობიოს მოვიყვან…”

ნათელა შაინიძემ თავისი პირობა უკვე უთხრა სამთავრობო კომისიის წევრებს. ქირით გადასვლაზე ამ კომისიისგან პასუხის მიღებამდე ამბობს უარს.

 

ალექსანდრე ჯეჯელავა ბათუმში გახსნილ თურქული სკოლის სტატუსზე

აჭარაში მყოფმა საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ამჯერად ბათუმში გახსნილ თურქული სკოლის სტატუსის შესახებ გააკეთა განმარტება.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, „მიმდინარეობს პროცედურები, ეს სკოლა გაივლის აკრედიტაციას ჩვეულებრივი წესით. ახლა ისინი მხოლოდ თურქულ ატესტატს გასცემენ, დიპლომს გასცემენ… მას შემდეგ, რაც ჩვენი კანონმდებლობით გაივლიან აკრედიტაციას, ექნებათ ქართული ატესტატის გაცემის საშუალება“.

გასული წლის სექტემბერში ბათუმში თურქული სკოლის გახსნის საკითხს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. მაშინ საქართველოს განათლების სამინისტროში თქვეს, რომ მათთვის უცნობი იყო, რა ტიპის თურქული სკოლის გახსნის შესახებ გაავრცელა განცხადება თურქეთის საკონსულომ ბათუმში.

განათლების მინისტრი მანდატურის მიერ მოსწავლესთან სავარაუდო სქესობრივ კავშირზე

19 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მანდატურმა არასრულწლოვან მოსწავლესთან, სავარაუდოდ, სქესობრივი კავშირი დაამყარა, საქართველოს განათლების მინისტრი გამოეხმაურა. მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამდენად იქნება გამოსავალი, თუ ბრალდებული მამაკაცი იქორწინებს 15 წლის მოზარდთან.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, “დასჯა აუცილებლად მოხდება. სისხლის სამართლის კოდექსს არ აინტერესებს ცოლად მოყვანა და არ მოყვანა. სისხლის სამართლებრივი დევნა გაგრძელდება”.

განათლების მინისტრმა ასევე წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავს შემთხვევებში საზოგადოება ემხრობა ნაადრევ ქორწინებას: “ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინების მიმართ მაინც რჩება ტოლერანტული. ეს კარგი არ არის. ჩვენ უნდა შევეცადოთ განათლებით, ოჯახებთან მუშაობით და საზოგადოებასთან მუშაობით დავანახოთ, რომ მიუღებელია ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინება, მისი ხელშეწყობა თუნდაც ოჯახის მხრიდან. მარწმუნებენ, რომ ყველა ბედნიერია  ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ჩვენ ნამდვილად არ ვართ ბედნიერი და გვინდა აღვკვეთოთ მსგავსი შემთხვევები”.

განათლების მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს მანდატურის მხრიდან 15 წლის მოზარდთან სავარაუდო სექსუალურ კავშირთან, “ერთეული ცუდი შემთხვევების გამო პროფესიის მიმართ ნდობა არ უნდა შეილახოს”:

“მინდა გითხრათ, რომ მანდატურის სამსახურმა ძალიან ბევრი უბედურება აგვაშორა თავიდან – ძალადობა სკოლებში შემცირებულია რადიკალურად, თვითდაზიანებისა და დაზიანების შემთხვევები შემცირებულია რადიკალურად. ასე რომ ეს არის საამაყო სამსახური. ცალკეული შემთხვევები ნებისმიერ სისტემაშია – პოლიციაშიც ხდება ცუდი რაღაცეები, ჟურნალისტებშიც ხდება ცუდი რაღაცეები და ყველგან ხდება. ამის გამო პროფესიის მიმართ ნდობა არ უნდა შეილახოს. ეს არის ძალიან ღირსეული სამსახური, ღირსეული ადამიანები მუშაობენ. მე ძალიან ვწუხვარ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, რაც მოხდა, თუმცა აღარ მუშაობს ეს ადამიანი ჩვენს სამსახურში და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არის დაწყებული. ამის გამო ჩვენ მანდატურის გუნდს ჩრდილი არ უნდა მივაყენოთ”.

 

 

 

ფასები იზრდება, დაფინანსება არა – რა ხდება განათლების სამინისტროს პანსიონებში

აჭარაში საპანსიონო მომსახურებას ოთხი საჯარო სკოლა ახორციელებს. ოთხივე სკოლა-პანსიონი აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან გასულ წელს ჯამში დაახლოებით 767 ათასი ლარით დაფინანსდა, მიმდინარე წელს კი ეს თანხა მხოლოდ 51 ათასამდე ლარითაა გაზრდილი. ამასთან, ერთ პანსიონს, მაგალითად ჩაისუბანში, დაფინანსება შეუმცირდა, სალიბაურში კი იგივე დარჩა, რაც შარშან.

pansionebi

„ბათუმელები“ დაინტერესდა, თუ რამდენად სრულყოფილად განახორციელებენ ეს სკოლები საპანსიონო მომსახურებას ინფლაციის პირობებში, როცა ქვეყანაში ფაქტობრივად ყველაფერი გაძვირდა. ამასთან, საკვები პროდუქტების შეძენაზე გამოცხადებული ტენდერების ჩავარდნის გამო, მაგალითად, ქედაში, ბაღების მუშაობის დაწყება 23 იანვრისთვის კითხვით ნიშნის ქვეშ დადგა. ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი კი, იძულებული გახდა და საკვების შეძენა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით მოითხოვა.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლის დირექტორი, რამაზ თურმანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პროდუქტების გაძვირება პანსიონში პრობლემას არ შექმნის: „წლის ბოლოს ეკონომიაც გვრჩებოდა, ვინაიდან 116 ბავშვზეა გათვლილი პანსიონი და შესაბამისად, დაფინანსებაც. ამდენი მოსწავლე კი, მობილობიდან გამომდინარე ყოველთვის არ არის პანსიონში. ამჟამად, მაგალითად, 104 ბავშვი გვყავს“.

კითხვაზე, მოხერხდება თუ არა იმ რაოდენობით პროდუქტების შეძენა, რაც შარშან შეიძინეს, წელსაც იგივე ფასად? – დირექტორი ამბობს, რომ ტენდერები ახლა გამოაცხადა და შედეგიც იქნება: „კონტინგენტი რომც შეივსოს, სატენდერო განაცხადში გვაქვს გათვალისწინებული ბავშვების რაოდენობაც და ეს ინფლაციაც გათვლილია. ამიტომ, ვფიქრობ მიიღებენ მონაწილეობას ტენდერში. თუ ადრე მეტი მოგება რჩებოდა მომწოდებელ კომპანიას და ახლა, ვთქვათ, ფასები რომ კიდევ გაიზარდოს და ნაკლები მოგება დარჩება, ეს პანსიონის პრობლემა არ არის“.

პანსიონში ბავშვები კვირაში 5 დღე რჩებიან შაბათ-კვირის გარდა და კვებაც ფაქტობრივად ხუთჯერადია [აქედან ორი სამხარი]. რამაზ თურმანიძე აცხადებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა „დადგენილი კვების ნორმების მიხედვით და რაც გათვლილია კალკულაციით, ამას მოსწავლე აუცილებლად მიიღებს, ხილის და კომპოტის ჩათვლით“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ჯემალ ბასილაძე კი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პანსიონს დაფინანსება რბილ ინვენტარზე დააკლეს და არა კვების პროდუქტების შეძენის მუხლში: „104 ათასი ლარის ინვენტარი შეგვიძინეს და კვებაზე იგივე რჩება თანხა, რაც შარშან. ტენდერები ჯერ არ გამომიცხადებია და ვნახოთ რა შედეგები გვექნება“.

შედგება თუ არა ტენდერი, როცა ფასები გაზრდილია დაფინანსება არა, ჯემალ ბასილაძე ამბობს: „არ ვიცი, ფასები თამაშობს და შეიძლება დაიკლოს კიდეც. მე ვფიქრობ, რომ მეყოფა თანხა. ან გადავათამაშებ, რადგან ადრე მომრჩა თანხა კვებაზე და საწვავი შევიძინე. დაფინანსება მაქვს 50 ბავშვზე და ამდენი არ მყავს, ფაქტობრივად, ზოგჯერ 40 ბავშვია, ზოგჯერ – 43“.

სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, სერგო ხოზრევანიძის განცხადებით, მან საკვები პროდუქტების შეძენაზე მომსახურება უკვე შეისყიდა: „ჩემდა გასაკვირად იღებენ ტენდერში მონაწილეობას და ვაჭრობის შედეგად ეკონომიაც მაქვს უკვე. 220 ბავშვზე გამოვაცხადეთ ტენდერი. პანსიონში კი ამჟამად 215 ბავშვი გვყავს“.

დაბა შუახევის საჯარო სკოლის დირექტორის, მაკა მაკარაძის განცხადებით, მიმდინარე წელს საკვები პროდუქტების შეძენაზე ტენდერები დასრულდა: „რაც შეეხება დაფინანსების გაზრდას, შარშან 36 მოსწავლეზე გვქონდა გათვლილი, წელს კი 60-ზე. ამ დროისთვის კი პანსიონში 42 მოსწავლე გვყავს“.

ქვეყნის მასშტაბით სკოლა-პანსიონები, სადაც ძირითადად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები ცხოვრობენ და სწავლობენ, ასეთი ფორმით მხოლოდ აჭარაშია.

„საქართველოს ფოსტა“ ყოფილ თანამშრომელს უკანონო გაფიცვაში ადანაშაულებს

უკანონო გაფიცვას „საქართველოს ფოსტა“ ლელა რაზმაძეს ედავება. ლელა ფოსტის ყოფილი თანამშრომელია და ისიც სასამართლოში უჩივის ყოფილ დამსაქმებელს. საქმეს ხელვაჩაურის სასამართლოში მოსამართლე ნუგზარ მგელაძე განიხილავს.

ლელა რაზმაძემ ერთხელ უკვე მოუგო სასამართლოს სამივე ინსტანცია „საქართველოს ფოსტას“, თუმცა იგი ბათუმის ნაცვლად, ხულოში აღადგინეს. სამსახურში აღდგენილ თანამშრომელს „ფოსტასთან“ ხელშეკრულება აღარ გაუფორმებია. აცნობა, რომ ამ მანძილზე [ბათუმიდან ხულოში] სამსახურში სიარული შეუძლებელი იყო და ხელახლა მიმართა სასამართლოს – ტოლფასი თანამდებობის მიღების მოთხოვნით. ხელახლა დაწყებულ სასამართლო დავაზე „საქართველოს ფოსტის“ რეაქცია შეგებებული სარჩელით გამოიხატა, სადაც ჩაიწერა, რომ ლელა რაზმაძის სამსახურში გამოუცხდებლობა უკანონო გაფიცვაა.

„შრომის კოდექსით გათვალისწინებული ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დამსაქმებელს აქვს უფლება, უარი განაცხადოს სამუშაოს შესრულებაზე არის გაფიცვა. გაფიცვის დაწყებისას დასაქმებული ვალდებულია დაიცვას შრომის კოდექსით დადგენილი პროცედურები“, – ვკითხულობთ „საქართველოს ფოსტის“ სარჩელში.

„სასამართლოს მიერ სამსახურში აღდგენა არ წარმოშობს შრომით ურთიერთობას. ლელა რაზმაძეს არ ჰქონდა შრომითი ვალდებულება დამსაქმებელთან“, – ამბობს ნიკა დუმბაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისი განმარტებით, მას შემდეგ, როცა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლელა რაზმაძის გათავისუფლება სამსახურიდან და ის აღადგინეს, მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ მისაღებ პირობებზე: „სამსახურში აღდგენის შესახებ ბრძანება არ ნიშნავს ავტომატურად შრომითი ურთიერთობის წარმოშობას. ამის საფუძველია შრომითი ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს“.

ლელა რაზმაძე „საქართველოს ფოსტის“ ბათუმის სერვისცენტრში 2004 წლიდან მუშაობდა. 2013 წელს რეორგანიზაციის გამო, დამსაქმებელმა მასთან ვადიანი ხელშეკრულება გააფორმა. 2013 წელს ჩატარებულ ტესტირებაში მაქსიმალური 250 ქულიდან ლელა რაზმაძემ 237 აიღო. 2014 წელს „ფოსტამ“ ლელასთან გაფორმებული ვადიანი ხელშეკრულება შეწყვიტა, თუმცა ამის მიზეზი არ განუმარტავს. სასამართლოს სამივე ინსტანცია „საქართველოს ფოსტამ“ წააგო, თუმცა აღდგენის დროს „ფოსტამ“ განმარტა, რომ თანამდებობდა, სადაც ლელა რაზმაძე მუშაობდა, აღარ ჰქონდა. დამსაქმებლის მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ბათუმში მცხოვრები თანამშრომლის ხულოს სერვისცენტრში დასაქმებით გამოიხატა.

ლელა რაზმაძე გასული წლის პირველ ივლისს აღადგინეს ხულოს სერვისცენტრში. 29 ივლისს ის სამსახურიდან ხელახლა გათავისუფლდა – სამსახურში გამოუცხადებლობის გამო. მის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირი იცავს.

„სასამართლო პროცესზე ფოსტის იურისტებმა მორიგება შემოგვთავაზეს. მითხრეს, რომ 6 თვის განაცთურს გადამიხდიდნენ, თუკი სამსახურში აღდგენაზე უარს ვიტყოდი. ამ პირობას არ დავთანხმდი. მირჩევნია, ან სრულად მოვიგო, ან წავაგო“, – ამბობს ლელა რაზმაძე „ბათუმელებთან“.

„საქართველოს ფოსტა“ სასამართლოში იმაზე აქცენტირებს, რომ სამსახურში აღდგენილი თანამშრომელი თბილისში, სათაო ოფისში არ გამოცხადდა, სადაც ისინი ბათუმიდან ხულოში სიარულის გამო თანამშრომელს დამატებით ანაზღაურებას მისცემდნენ.

საქმის მასალებში დევს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბათუმიდან ხულოსკენ მიმავალი ტრანსპორტი დილით, ყველაზე ადრე – 8 საათზე გადის. ლელა რაზმაძე სამსახურში 9-ზე უნდა ყოფილიყო. ბათუმიდან ხულომდე კი მიკროავტობუსს გზაში მინიმუმ 2 საათი სჭირდება. გარდა ამისა, კანონმდებლობის მიხედვით, სამსახურში ორივე მიმართულებით მგზავრობის დრო 3 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

ლელა რაზმაძე არაა ერთადერთი, ვინც „საქართველოს ფოსტას“ სასამართლოში უჩივის. ბათუმიდან კიდევ 9 თანამშრომელი ხელახლა ედავება „ფოსტის“ ხელმძღვანელობას და ტოლფასს თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვს. ზოგიერთი მათგანი ფოსტამ შუახევში აღადგინა, ზოგი – ქობულეთში, ზოგიც – ოზურგეთში. ამ თანამშრომლების ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს, რომლის შეფასებითაც „საქართველოს ფოსტამ“ ყოფილი თანამშრომლების სხვა მუნიციპალიტეტში აღგენით თავი აარიდა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას და დასაქმებულები არაადამიანურ პირობებში ჩააყენა. 

2013 წელს „საქართველოს ფოსტამ“ რეორგანიზაციის მიზეზით 130 თანამშრომელი დაითხოვა. გათავისუფლებულთა ერთმა ნაწილმა სასამართლოს მიმართა. პროფესიული კავშირების ინფორმაციით, „ფოსტას“ უკანონო გადაწყვეტილებების გამო, დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი აქვს გადასახდელი განაცთურისთვის.

„საქართველოს ფოსტის“ წილის 100% სახელმწიფოს ეკუთვნის. ამ დრომდე ხელისუფლებას არ აქვს არანაირი რეაქცია იმ უკანონო გადაწყვეტილებაზე, რასაც ფოსტის ხელმძღვანელობა იღებს.

„კომენტარს ვერ გავაკეთებთ, ვიდრე სასამართლო პროცესი არ დასრულდება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ „საქართველოს ფოსტის“ პრესსამსახურში.

ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს: თუ არ ეყვარებით მოსწავლეებს, აღარ იქნებით ამ თანამდებობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს, 21 იანვარს, ბათუმში საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა ბათუმის მე-3 საჯარო სკოლაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

განათლების მინისტრი პედაგოგებს განვითარების სქემაში შეტანილ ცვლილებებსა და იმ სიახლეებზე ესაუბრა, რომელიც ახალი წლიდან დაინერგება.

„ყველა ცვლილება, რომელიც განათლების სისტემაში შევა, იქნება პედაგოგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მინისტრის მონოლოგის შემდეგ, პედაგოგების მხრიდან მხოლოდ ერთი შეკითხვა დაისვა.

მე-14 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მინისტრს ჰკითხა: „თქვენ ამბობთ, რომ ყველა მასწავლებელი, ვინც მშობელს და მოსწავლეს არ მოსწონს, სკოლიდან უნდა წავიდეს. ჩემი მოსწავლეებიდან ნაწილს არ მოვწონვარ, იმიტომ, რომ მეტს ვითხოვ, ამის გამო ღიზიანდება მოსწავლე და არ ვუნდივარ, ამიტომ სკოლიდან უნდა წავიდე?“.

განათლების მინიტრმა მასწავლებელს უპასუხა: „თუ მოსწავლეებს არ უყვარხართ, მაშინ კი“, –  რასაც პედაგოგების აპლოდისმენტები მოჰყვა, – „ზედმეტი სიმკაცრე, მოთხოვნა აჯავრებს მოსწავლეს სწავლას. როგორც ჩანს, არ მიიღეთ ეს მოსაზრება, თუმცა, აუცილებლად წავალთ ამ მიმართულებით.  ბავშვს თუ მასწავლებელი არ უყვარს, შანსი არ არის. ძალიან მომთხოვნი მასწავლებლები ვიცი, ტყავს რომ აძრობენ მოსწავლეებს, მაგრამ 35-ივე ამბობს, რომ უყვარს და მოსწონს ეს მასწავლებელი. ამიტომ თქვენი ამოცანაა რომ ეს პრობლემა მოაგვაროთ“- განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, სიმკაცრით ამ საუკუნეში არაფერი არ გამოვა: „ჩვენ გვჭირდება ისეთი პედაგოგები, რომლებიც სიმკაცრის და დაძალების გარეშე შეძლებენ, რომ ბავშვებმა ისწავლონ. მე თუ არ ვეყვარები ბავშვებს და მშობლებს, აღარ ვიქნები ამ თანამდებობაზე და თუ არც თქვენ ეყვარებით მოსწავლეებს, აღარ იქნებით ამ თანამდებობაზე“.

შეხვედრის შემდეგ პედაგოგებმა მინისტრთან ფოტოები გადაიღეს.

დამატებითი ანაზღაურება ექიმებს და ავტომანქანები ჯანდაცვის ცენტრებს აჭარის სოფლებში

2017 წელს აჭარაში სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამისთვის, ისევე როგორც გასულ წელს, 270 ათასი ლარია გამოყოფილი; რაც შეეხება სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებას, ის შარშანდელთან შედარებით 50 ათასი ლარითაა გაზრდილი და 250 ათას ლარს შეადგენს.

პროგრამებს მიმდინარე წელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა – სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურება – ითვალისწინებს:

  • მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების [ქედა, შუახევი, ხულო] სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 300 ლარის ოდენობით,
  • ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის – 150 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის პროგრამას, ის  ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრის  სოფლის ექიმებისათვის მაღალი გამავლობის ავტომანქანების შეძენას.

სამინისტრო, გასული წლის ანალოგიური პროგრამით შეძენილ 9 ავტომანქანას გადაუნაწილებს ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს, ხოლო წელს შეძენილ 13 ავტომანქას გადასცემს იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც დააკლდებათ და ყველაზე მეტად იქნება ასეთი მანქანების ქონა აუცილებელი.

ავარია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე [ფოტო]

ახლახანს ბათუმში, რუთაველის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და პალმა მოგლიჯა. შს სამინსიტროს ინფორმაციით, მძღოლი არ დაშავებულა.

ფაქტზე გამოძიება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით – სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რაც ჯარიმას ითვალისწინებს.

ავარია რუსთაველის ქუჩაზე
ავარია რუსთაველის ქუჩაზე

რაზე ისაუბრა ზურაბ პატარაძემ „ბათომთან“

დღეს, 20 იანვარს შედგა შეხვედრა საზოგადოება „ბათომის“ წევრებსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შორის. დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბათუმელები“ შოთა გუჯაბიძეს ესაუბრა, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს.

შოთა, რაზე იყო შეხვედრაზე საუბარი?

შეხვედრა ძირითადად იყო გაცნობითი ხასიათის. ბატონმა ზურაბმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვართ ერთი მხარე და მოწინააღმდეგედ არ უნდა განვიხილოთ ხელისუფლება. ბოლო წლებში ბევრი მაგალითი გვქონდა, როცა ხელისუფლებისგან ვცდილობდით დაგვეცვა ძველი ბათუმი და მან აღნიშნა, რომ ეს ასე არ უნდა იყოს და ჩვენ ერთად უნდა ვიფიქროთ ამ თემაზე.

საუბრის ძირითადი ნაწილი მაინც ძველ ბათუმზე საუბარს და კამათს დაეთმო. მან თავადაც აღნიშნა, რომ ძველი ბათუმი ის აღარ არის.

იყო თუ არა საუბარი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურაზე?

მან თქვა, რომ ინტენსიურად ეძებს, განიხილავს ვარიანტებს და დაახლოებით ერთ კვირაში დასახელდება სააგენტოს ხელმძღვანელი. მას კონკრეტული სახელი და გვარი არ დაუსახელებია.

თუ ისაუბრეთ  კონკრეტულ პრობლემებზე, მაგალითად, ვაჟა-ფშაველას 13 ნომერზე და სხვა, გახმაურებულ შემთხვევებზე?

მაგალითები ბევრი მოვიყვანეთ, რომ ზოგადი სურათი შეგვექმნა. ბარათაშვილის #26 ვახსენეთ ყველაზე ხშირად, რომელიც ახალი შემთხვევაა. ბევრჯერ ვახსენეთ ბათუმის ბულვარის საკითხი. საუბარი საკმაოდ მშვიდი იყო, ზრდილობიანი კამათის ფარგლებს არ გაშორებია. ბატონმა ზურაბმა გვითხრა, რომ მსგავსი შეხვედრები იქნება სისტემატიური და „ბათომის“ აზრს გაითვალისწინებს.

ამ შეხვედრამდე ათი დღით ადრე საზოგადოება „ბათომმა“ ზურაბ პატარაძეს ღია წერილით მიმართა და ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე შეხვედრა სთხოვა.

რომელ სკოლებს დაეხმარება სამინისტრო „თავისუფალი გაკვეთილების“ დაგეგმვაში

განათლების სამინისტრო მცირეკონტინგენტიანი სკოლებიდან „თავისუფალი გაკვეთილების“  შესახებ იდეებს მიიღებს, შემდეგ დაამუშავებს და დააფინანსებს. კონკურენციაში კი მხოლოდ მაღალკონტინგენტიანი სკოლები იქნებიან, რომელსაც სამინისტრო უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებს. როდის იწყებს სამინისტრო „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტების ოფიციალურ მიღებას, ამ თემაზე  „ბათუმელებს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტის მენეჯერი ლალი კალანდაძე ესაუბრა.

ქალბატონო ლალი, როგორც ვიცით მიმდინარეობს „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტების მიღება სამინისტროში, როგორია აქტივობა სკოლების მხრიდან და რამდენი პროექტია ამ დროისთვის წარმოდგენილი?

რეალურად, თებერვლიდან დაიწყებენ სკოლები ამ გაკვეთილების ადგილებზე დანერგვას, ამ ეტაპზე კი მასწავლებელთა ტრენინგები და ამ პროგრამების მონახაზების გაკეთება მიმდინარეობს.

როგორც „ბათუმელებთან“ საქართველოს განათლების მინისტრმა განაცხადა, ჯერ პროექტების განხილვა უნდა მომხდარიყო, რადგან თებერვლიდან იწყება დანერგვა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული პროექტები უკვე გამოვლენილია?

პროექტებს წარმოადგენენ, მაგრამ ჯერ ჩამოსაყალიბებელი იყო მიმართულებები, რომელიც იქნებოდა პრიორიტეტული. ძირითადად ოთხი მიმართულება გამოიკვეთა – ესაა სპორტი, კულტურა, ხელოვნება, წიგნიერება და ინტელექტუალურ-შემეცნებითი. ახლა მუშავდება სპეციალური პროგრამა, სადაც მოხდება ამ პროექტების ელექტრონულად ატვირთვა. შემდეგ ჩვენ დავუდასტურებთ და გამარჯვებული პროექტი მიიღებს დაფინანსებას.

როდის იქნება პროგრამა დასრულებული?

თებერვლის ბოლომდე იქნება პროგრამა შემუშავებული, თუმცა პროექტების მიღებას ჩვენ მანამდე დავიწყებთ. ასევე მუშავდება სპეციალური ვებ-გვერდი, რომელიც ასევე თებერვლის ბოლოსკენ ჩაეშვება და სადაც განთავსდება „თავისუფალი გაკვეთილების“ აღწერილობა, ფოტო და ვიდეო და ეს იქნება საჯარო. თავისუფალი პროექტების შემოტანის ვადა იქნება მაისის ბოლომდე, ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ კი დაიწყება გამარჯვებული პროექტების განხორციელება. პირველ ეტაპზე აქცენტი გაკეთდება მხოლოდ მე-7, მე-8 კლასებზე.

სოციალურ ქსელებში პედაგოგები წერენ, რომ მათ გამოაგზავნეს „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტები, თუ ჯერ პროგრამა არ არის გამართული და ოფიცილურად ატვირთვა ვერ ხერხდება, რა ფორმით ხდება პროექტების შემოსვლა სამინისტროში?

თუ ვინმე წერს, რომ პროექტი გამოაგზავნა, ალბათ იმას გულისხმობენ რომ ჩვენ მცირეკონტინგენტიან სკოლებს ვთხოვთ, რომ წარმოადგინონ თავიანთი საჭირობები პროექტის განსახორციელებლად. მაგალითად კულტურაში, ზოგი აკეთებს თოჯინებს, პირობითად რომ ვთქვათ და ზოგს ხეზე კვეთა ან თექაზე მუშაობა აქვს დაგეგმილი. იქედან გამომდინარე რომ რაღაც სკოლების ნაწილში ეს რესურსები ჩვენ უნდა შევიძინოთ და მივაწოდოთ სკოლებს, ამიტომ ვითხოვთ მათგან ინფორმაციას.

 მინისტრმა თქვა რომ ჯერ პროექტების წარდგენა მოხდებოდა და შემდეგ, გამარჯვების შემთხვევაში, დააფინანსებდა სამინისტრო გამარჯვებულ პროექტებს, თუ ჯერ არ არის პროექტების შერჩევა დასრულებული, სკოლებთან როგორ მიდის მოლაპარაკება რესურსების შეძენაზე?

მცირეკონტინგენტიან სკოლებს პროგრამაც მიწოდებული ექნება და პროექტის განსახორციელებელი რესურსიც, რადგან გვინდა რომ „თავისუფალი გაკვეთილების“ დანერგვა მცირეკონტინგენტიან სკოლებში ავტომატურად დაიწყოს. მაღალკონტინგენტიანი სკოლები კი პროექტის გამარჯვების შემთხვევაში, თვითონ შეიძენენ.

მცირეკონტინგენტიან სკოლებს თემებს თქვენ აწვდით თუ მათგან მოდის იდეები და შემდეგ აფინანსებთ?

ჩვენ რაღაც ფორმაში ვკრავთ მათ იდეებს, რადგან რესურსების ფორმატშიც ხომ უნდა ვიცოდეთ რამდენია საჭირო. რაც შეეხება მაღალკონტინგენტიან სკოლებს, სადაც 200 და მეტი ბავშვი სწავლობს და პარალელური კლასებია, მათგან მივიღებთ საპროექტო წინადადებებს, რომლებიც იქნება განხილული. პარალელური კლასების შემთხვევაში მასწავლებელმა შეიძლება გამოკითხოს მოსწავლეები თუ რაზე უნდათ „თავისუფალი გაკვეთილის“ გაკეთება და თუ გამოთქვეს სურვილი რომ უნდათ, მაგალითად, რობოტების გაკეთება და იქნება ამის გაკეთების რესურსიც, ჩვენი მხრიდან ამის დაფინანსება მოხდება. ერთ-ერთი პროექტი რაც ნამდვილად ვიცით რომ დაიწყება თებერვლიდან, ეს არის კოდირების შესწავლა. მოსწავლეების რაღაც ნაწილი ისწავლის როგორ იწერება პროგრამების კოდები. უნდა შეირჩეს ისეთი სკოლები, სადაც მოსწავლეთა ინტერესიც დიდი იქნება და კომპიუტერული კლასებიც იქნება გამართული. მასწავლებლების ტრენინგი დღეს დაიწყო, რამდენიმე მასწავლებელი გადატრენინგდება და თებერვლიდან შეიქმნება კოდირების კლუბი,  სადაც ჩატარდება „თავისუფალი გაკვეთილები“.

სად იქნება ეს კლუბი, რომელ სკოლაში?

დეტალურ ინფორმაციას, როცა პროექტი დაიწყება მაშინ გეტყვით, თუმცა ერთი სკოლა იქნება თბილისში და თითო ყველა რეგიონში.

სკოლებს სამინისტრო შეარჩევს?

მოთხოვნა რომელი სკოლებიდანაც წამოვიდა, ისინი იქნება. გარდა ამისა, სავალდებულოა რომ მინიმალური რაოდენობის კომპიუტერები ჰქონდეს, ინტერნეტ სიჩქარე უნდა ჰქონდეს, ტექნიკურად გამართული უნდა იყოს ინფრასტრუქტურა და ამასთან, მოსწავლეების ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. მოთხოვნა შეიძლება ბევრს ჰქონდეს, მაგრამ რადგან პროგრამა საპილოტეა, ამ ეტაპზე ეს რაოდენობა საკმარისია.

ერთი გაკვეთილის დაფინანსება 3 ათასი ლარია როგორც ვიცი, ხომ არ შეცვლილა რაიმე?

ჯამურად სკოლას მიეცემა 3 ათასი ლარი. ასევე დაფინანსებას მიიღებს ის სკოლა, რომელიც ახალ საგანმანათლებლო რესურს შექმნის და ეს შეიძლება გამოვიყენოთ სხვა სკოლებშიც. ასეთი ტიპის პროექტებს მიენიჭება უპირატესობა. თქვენ იცით რომ მინისტრის ინიციატივით სკოლებს მიენიჭებათ წამყვანი სკოლის სტატუსი და  წამყვანობის ერთ-ერთი კრიტერიუმი  შეიძლება იყოს ის, რომ საპროექტო წინადადებებს მივიღებთ მათგან, რომელიც სხვა სკოლების საგანმანათლებლო რესურსების შექმნაზე იქნება ორიენტირებული. მნიშვნელოვანი იქნება მეზობელი სკოლების დაპარტნიორება, მათი ერთობლივი ლაშქრობები, ღონისძიებები და ა.შ ანუ, წამყვანი სკოლებისგან უფრო ასეთი ტიპის პროექტები მიიღება. მათთვის უფრო მაღალი მოთხოვნები გვაქვს დაწესებული, ასე რომ ვთქვათ.

როცა ვებგვერდი ჩაეშვება, ყველა წარმოდგენილი პროექტის ნახვა იქნება შესაძლებელი, თუ მხოლოდ გამარჯვებულის?

საჯარო იქნება მხოლოდ ის, რომელ სკოლაში რა პროექტი ხორციელდება. თუ პროექტი დახარვეზდა ან უარი ეთქვა, ბუნებრივია ეს შიდა სამუშაოა და ამის გასაჯაროვება არ ხდება.

რას ლობირებს სვეტლანა კუდბა საქართველოს პარლამენტში

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის ამპლუა გასული ოთხი წლის განმავლობაში სვეტლანა კუდბას მთავარი მიზნის მიღწევაში ვერ დაეხმარა. მან ბათუმში ვერ გახსნა დღის თავშესაფარი უსალკაროებისთვის. ამის მისაღწევად ის წლების განმავლობაში იბრძოდა. ახლა საქართველოს პარლამენტისა და მმართველი გუნდის ფრაქციის წევრია. აპირებს თუ არა ისევ თავშესაფრის პროექტის ლობირებას პარლამენტში და რა გეგმები აქვს მომავალში?- ამ და სხვა თემებზე მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

ქალბატონო სვეტლანა, რა მიმართულებით იმუშავებთ საქართველოს პარლამენტში?

მე ვარ ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების, ასევე დიასპორისა და კავკასიური საკითხების კომიტეტის წევრი. როცა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვიყავი მქონდა კანონპროექტი, რაც ზოგად ადმინისტრაციულ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. ამ საკითხს დავუბრუნდი და იურისტებთან გავდივარ კონსულტაციას. კოდექსის 177-ე მუხლის მეორე პუნქტი ითვალისწინებს, რომ როდესაც განცხადება შედის ადმინისტრაციაში, თქვენ თუ არ მიიღეთ ერთი თვის ვადაში პასუხი, ეს ნიშნავს არას, უარს. მოსახლეობამ ეს არ იცის, ელოდება პასუხის და ამ ლოდინში გასაჩივრების ვადაც გადის, ვერც უჩივლებ. ვფიქრობ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მოქალაქეს გასცეს პასუხი, ამიტომ ვითხოვ გაუქმდეს ეს პუნქტი. ადმინისტრაციულმა ორგანომ გასცეს პასუხი, გადაამისამართოს ან მოქალაქემ იცოდეს, რომ აქვს ვადა და ამ ვადის განმავლობაში მას შეუძლია მიმართოს იმ სტრუქტურებს, რომელებიც დაეხმარება მას.

თქვენ უმაღლეს საბჭოში მუშაობისას ამბობდით, რომ არ გაკმაყოფილებდათ მოქალაქეებისთვის სტრუქტურების მიერ გაცემული პასუხების შინაარსიც.

დიახ, მართალია, როცა პასუხები მომდიოდა დავინახე, რომ ეს პასუხები იყო სტანდარტული, უმეტესობა ერთი და იმავე შინაარს შეიცავდა, იცვლებოდა მხოლოდ გვარი და თარიღი. ეს მე არ მაკმაყოფილებდა და თვითონ დავიწყე მოქალაქეებთან მისვლა. მართალი აღმოვჩნდი, რადგან, იმის გარდა, რომ გადაამისამართო ეს განცხადება, უშუალო კონტაქტის შემდეგ აღმოჩნდება, რომ გაცილებით მეტია პრობლემა, ვიდრე განცხადებაში წერია. ზოგჯერ აღმოჩნდება, რომ სულ სხვა პრობლემა აქვს და ვერ გამოხატა.

აპირებთ მოძებნოთ გზები, რომ ასეთი მიდგომა მოქალაქეების პრობლემების მიმართ შეცვალოთ?

რა თქმა უნდა ვაპირებ. ერთი განცხადებაა უკვე პარლამენტში ჩემს სახელზე შემოსული აჭარიდან. აუცილებლად გავაგრძელებ ამ საკითხებზე მუშაობას.

თქვენ დიდხანს ითხოვდით ბათუმში თავშესაფრის გახსნას, ამ საკითხის ლობრებას პარლამენტიდან შეეცდებით?

გავაგრძელებ ბრძოლას, მე ფარხმალს არ ვყრი. უბრალოდ ჯერ პირველი თვეებია, ჩემთვის პარლამენტის წევრობა არ არის იოლი, უნდა გავერკვიო სტრუქტურებში, რომ ცოტა გავძლიერდე. ფარხმალი არ დავყარე და არ ვარ თვითკმაყოფილი, რადგანაც მე პარლამენტის წევრი ვარ. სამწუხაროდ, უმაღლეს საბჭოში მუშაობის ოთხი წელი ისე გავიდა, რომ ვერ მივაღწიე თავშესაფრის გახსნას, მაგრამ კიდევ ოთხი წელი მაქვს და მე მგონია, რომ მივაღწევ. გარდა ამისა, მინდა აფხაზური კულტურისა და ფოლკლორის სახლის გახსნა აჭარაში.

შუახევის სოფლებში მაწანწალა ძაღლების გაყვანას ითხოვენ

შუახევში მოსახლეობა მაწანწალა ძაღლების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ითხოვს.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა უპატრონო, მაწანწალა ცხოველების ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის პროგრამას ახორციელებს, თუმცა პროგრამა მხოლოდ დაბა შუახევსა და ხიჭაურის ტერიტორიაზე მყოფი მაწანწალა ძაღლების ბათუმის თავშესაფარში გადაყვანაა გაწერილი.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ედნარ შარაშიძე ამბობს, რომ აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტის 3 000 ლარამდე გაზრდა აქვთ დაგეგმილი, გაზრდილი თანხა კი სოფლებიდან ძაღლების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას მოხმარდება.

„პროგრამის განსახორციელებლად წელს  5 000 ლარი გავითვალისწინეთ, ტენდერი დაბა შუახევსა და  ხიჭაურიდან 88 მაწანწალა ძაღლის გადაყვანაზე გამოვაცხადეთ, თუმცა აღნიშნულ ადგილებში მაწანწალა ძაღლების რაოდენობა გაცილებით მეტია,  150 – მდე აღწევს, რადგან სოფლებიდან ჩამოჰყავთ მაწანწალა ძაღლები და დაბებში ტოვებენ.   სოფლებიდან – ნაღვარევიდან, ბრილიდან, ხაბელაშვილებიდან, ქიძინიძეებიდან, ოლადაურიდან, მახალაკიძეებიდან და ცინარეთიდან მოსახლეობამ თხოვნით მოგვმართა  მაწანწალა ძაღლები გავიყვანოთ სოფლებიდან“ – ამბობს ედნარ შარაშიძე.

ჯერჯერობით გაურკვეველია ვინ გადაიყვანს შუახევიდან უპატრონო ცხოველებს ბათუმში. ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო.

ედნარ შარაშიძე ამბობს, რომ ტენდერს განმეორებით გამოაცხადებენ, ხოლო სოფლებიდან ძაღლებს მას შემდეგ გაიყვანენ, როცა საკრებულოსგან პროგრამის – „უპატრონო, მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის“ დაფინასების გაზრდის თანხმობას მიიღებენ.

 

ბათუმში გაზის გათიშვის მიზეზი მილის დაზიანება გახდა

დღეს, 20 იანვარს ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე აბონენტებს გაზის მიწოდება შეუწყდათ. „სოკარში“ ამის მიზეზად ქალაქში გზების შეკეთებისას დაზიანებულ მილს ასახელებენ.

„საგზაო კომპანიის მიერ, გზის შეკეთებისას დაზიანდა მილი და დღის ბოლომდე, თანდათან აღდგება გაზის მიწოდება“ – აცხადებენ „სოკარში“.

„კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ“ – ლექცია უნივერსიტეტში

ხვალ, 21 იანვარს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აუდიტორია #21-ში, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი პროექტის „კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართვა“ ფარგლებში, ორგანიზაცია „ბათომთან“ ერთად საჯარო ლექციას ჩაატარებს. პროექტი დაფინანსებულია შვედეთის ინსტიტუტის მიერ.

„ლექციის ფარგლებში, მონაწილეთათვის მიმოხილული იქნება კედლის მხატვრობისა და ისტორიული შენობის დეკორატიული ელემენტების კონსერვაცია-რესტავრაციის საკითხები – პროექტირება, მართვა და რესტავრაცია. ასევე, განხილული იქნება დაფინანსების შესაძლო ვარიანტები, წინასაკონსერვაციო კვლევის მნიშვნელობა, დესტრუქციული და არადესტრუქციული, თანამედროვე და ტრადიციული მეთოდები კონკრეტული მაგალითების გამოყენებით“.

ლექციის ხანგრძლივობა 2 საათია.

ლექციის ფორმატი თავისუფალია და ნებისმიერ დროს შესაძლებელი იქნება კითხვების დასმა და დისკუსიაში მონაწილეობის მიღება.

ლექციას გაუძღვება ლელა ნინოშვილი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მაგისტრი ქვის რესტავრაციისა და კედლის მხატვრობის მიმართულებით. ლელა ნინოშვილი სწავლობდა რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტში არქიტექტურის რესტავრაციას და შვეიცარიის ლუგანოს უნივერსიტეტში (SUPSI) ქვისა და კედლის მხატვრობის კონსერვაციას. გავლილი აქვს ICCROM-ის მე–19 საერთაშორისო საწვრთნელი კურსი ქვის კონსერვაციის მიმართულებით.

2006–2010 წლებში ის მუშაობდა შუასაუკუნეების კედლის მხატვრობის რესტავრაციის მიმართულებით. 2012 წლიდან მუშაობს ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნულ კომიტეტში (ICOMOS- საქართველო) კედლის მხატვრობის, ქვის რესტავრაციისა და სამშენებლო მასალების სპეციალისტის მიმართულებით.

მეწყერი ქვემო თხილვანაში – აჭარის მთავრობისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებისგან სასწრაფოდ რეაგირებას ითხოვს.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მეწყრული პროცესები 2017 წლის 12 იანვარს განვითარდა, რაც დღემდე საფრთხეს უქმნის 60-ზე მეტ ოჯახს. მოსახლეობა ხელისუფლებისგან სასწრაფოდ რეაგირებას და განსახლებას ითხოვს.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და აჭარის მთავრობის მიერ განხორციელდა გარკვეული მოქმედებები, რომლებიც მოიცავდა განვითარებული მეწყრული პროცესების ზოგად და ლოკალურ შესწავლას. ჩატარდა შესაბამისი გეოლოგიური კვლევები და მიმდინარეობს თითოეული ოჯახის მდგომარეობისა და საჭიროებების დეტალური შესწავლა.“

ორგანიზაციის ინფორმაციით, დეტალური შესწავლის დასრულებამდე და შესაბამის პროგრამებში ჩართვამდე, ხელისუფლებამ დაზარალებულ ოჯახებს შესთავაზა სამი თვით ქირით გაყვანა, რაზეც დაზარალებული ოჯახები უარს ამბობენ, როგორც ამას მედიასაშუალებებით მოსახლეობა საჯაროდ აცხადებს.

მოცემული მდგომარეობის გათვალისწინებით, პროცესების შემდგომი გაუარესებისა და სამომავლოდ უფრო მძიმე შედეგების თავიდან აცილების, ასევე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა თანასწორ პირობებში ჩაყენების მიზნით, „დემოკრატიის ინსტიტუტი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას /საკრებულოს მიმართავს რეკომენდაციით:

  • დაზარალებული ოჯახები უზრუნველყონ უსაფრთხო დროებითი თავშესაფრით, რის შესახებაც ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილობითი ფორმით, ინდივიდუალურად უნდა შესთავაზოს დაზარალებულ ოჯახებს და მისცეს არჩევანის უფლება: 1) გონივრული თანხა (ქირა), რაც საკმარისია ამავე მუნიციპალიტეტში დაზარალებული ოჯახის დროებით საცხოვრებლად: (საცხოვრისი, სათავსო, პირუტყვის დაბინავება); 2) ამავე წერილით თავად შესთავაზოს ასეთი დროებითი, ალტერნატიული საცხოვრებელი.
  • დაზარალებული ოჯახების დროებით საცხოვრებელში გადასვლის პროცესში უზრუნველყონ ყველა ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების მოგვარება (ავეჯის გადატანა, პირუტყვის გადაყვანა და ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა);
  • გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში დროებით საცხოვრებელში მოთავსებული დაზარალებული ოჯახები უზრუნველყონ მინიმალური საარსებო საშუალებებით (საკვები, გათბობა, პირუტყვის მოვლა და ა.შ.);
  • დაზარალებული ოჯახებისთვის, რომლებიც დროებით გადავლენ სხვა საცხოვრებელში უზრუნველყონ ადგილზე არსებული სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა (განათლების, სოციალური, სამედიცინო მომსახურების და სხვა);
  •  დაზარალებულ ოჯახებს, როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობითი ფორმით შესთავაზონ გრძელვადიანი უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობა, ისე რომ გამოირიცხოს სტიქიური მოვლენების შედეგად სხვა დაზარალებული ოჯახებისადმი განსხვავებული (დისკრიმინა-ციული, პრივილეგირებული) მიდგომა.

შესაძლო საფრთხის და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ასევე, მოუწოდებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, რომ გავიდნენ დროებით თავშესაფარში და მას შემდეგ გააგრძელონ სამომავლოდ უსაფრთხო გარემოში ცხოვრებაზე ზრუნვა მათთვის მისაღები ნებისმიერი ფორმით.

რატომ უთვალთვალებენ კაფეები საკუთარ კლიენტებს & გამოკითხვა

რესტორნები და კაფეები ბათუმში საკუთარ კლიენტებს უთვალთვალებენ. ვიდეოკამერები ამ ტიპის დაწესებულების შიგნით იმდენია და ისეთ ადგილებში განთავსებული, რომ თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ კლიენტზე ინფორმაციის მიღება: ვის შეხვდით, ვის ესაუბრებოდით, რა მიირთვით, რა დროს… კაფე-რესტორნების მენეჯერები არ მალავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციას ვიდეოჩანაწერების შესახებ სამართალდამცველებს აწვდიან.

„ჩვენ ყოველთვის ვეხმარებით ჩვენს პოლიციას, კანონმორჩილი ხალხი ვართ“, – გვითხრა „გარდენსის“ მენეჯერმა, დავით აბგარიანმა. ვიდეოთვალთვალის მიზეზად ის მხოლოდ უსაფრთხოების ფაქტორს ასახელებს და მიიჩნევს, რომ ამ ფორმით თავისი მომხმარებლების პირად სივრცეში კი არ იჭრება, პირიქით, მათ დაცულობაზე ზრუნავს.

„თავისთავად უსაფრთხოება არის პირველი ამოცანა, მაგალითად, თქვენ თუ სალათს მიირთმევთ, ეს არავის აინტერესებს. მაგრამ, ვთქვათ,  დაკარგეთ მობილური ტელეფონი… ყოფილა ასეთი შემთხვევა, როცა ადამიანი მოვიდა და გვითხრა, მობილური თქვენთან დამრჩაო. ვნახეთ ჩანაწერები და იქ აშკარად ჩანდა, რომ ეს ადამიანი ჯიბეში იდებს ტელეფონს და ისე გადის. დარწმუნდა, რომ ჩვენთან არ დაუკარგავს ტელეფონი…“, – გვიყვება დავით აბგარიანი.

„გარდენსის“ მენეჯერი სხვა შემთხვევასაც იხსნებს, როცა პოლიციელებს აჩვენა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი: „გარეთ მოხდა რაღაც ზაფხულში და პოლიციელები დაინტერესდნენ ჩანაწერით. მოგვმართეს შესაბამისი ფორმით და ვაჩვენეთ“.

რას ამბობს კანონი – „პერსონალურ მონაცემთა შესახებ საქართველოს კანონის თანხმად, ვიდეოთვალთვალი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნით დასაშვებია, თუმცა იმ პირობით, რომ ვიდეოთვალის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშანი თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული… თუ გამაფრთხილებელი ნიშანი თვალსაჩინო ადგილას არ არის განთავსებული, შესაძლოა, საქმე გვქონდეს სამართალდარღვევასთან. ვიდეოთვალთვალის კანონით დადგენილი წესების დარღვევა იწვევს გაფრთხილებას ან ფულად ჯარიმას“, – უთხრეს „ბათუმელებს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში. ინსპექტორი მსგავს სავარაუდო დარღვევებს მიმართვის შემთხვევაში სწავლობს.

„გარდენსის" შესასვლელი
„გარდენსის” შესასვლელი

„გარდენსში“ ვიდეოთვალთვალის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ შესასვლელ კარებთანაა განთავსებული. მენეჯერი მიიჩნევს, რომ უმჯობესია ამ ფორმით იყოს მინიშნება, რომ მოქალაქეებმა დისკომფორტი არ იგრძნონ: „ადამიანი, როცა შემოდის, ჩანს… ყველა მაგიდასთან რომ იყოს მინიშნება, ან დარბაზში, თქვენ ეს გესიამოვნებათ?… მესმის, რაც გაინტერესებთ, მაგრამ თუ რამეს ვარღვევ, ეს უნდა მითხრას სახელმწიფომ და არა ჟურნალისტმა. ტურიზმის დეპარტამენტმა კი, გასულ წელს საუკეთესო მომსახურების ხარისხის გამო სპეციალური სიგელი მოგვანიჭა“.

მინიშნება საერთოდ არ აქვს და მთელ დარბაზს აკონტროლებს BK-ში განთავსებული ვიდეოკამერები. აქაც ვიდეოთვალთვალის მიზეზად უსაფრთხოება დაგვისახელეს და გვითხრეს, რომ მინიშნება საჭირო არ არის, რადგან კამერები ყველგან გვიღებენ.

„ისედაც ჩანს, რომ კამერები გვაქვს და ყველა ადამიანმა იცის, რომ ასეთ დაწესებულებებში არსებობს ვიდეოთვალთვალი. შესაძლოა, იყოს მითითებული, ამის წინააღმდეგიც არ ვარ და შევთავაზებ ამ წინადადებას მესაკუთრეს,“ – გვითხრა ია დუმბაძემ, BK-ის მენეჯერმა.

კითხვაზე, რა გამორიცხავს ადამიანების ფარულ კონტროლს, როცა ვიდეოსათვალთვალო კამერები აფიქსირებენ ყველაფერს და  ჩანაწერებზე წვდომა აქვთ სამართალდამცველებსაც? – ია დუმბაძემ რისკის გამომრიცხავი ფაქტორი ვერ დაგვისახელა. გვითხრა, რომ სამართალდამცველები ვიდეოჩანაწერზე წვდომის უფლებას მხოლოდ სპეციალური მიმართვის შემთხვევაში მოიპოვებენ, სხვა ადამიანებს კი, ჩანაწერზე წვდომის უფლება არ აქვთ.

ვიდეოსათვალთვალო კამერები დააფიქსირებენ თქვენს ნებისმიერ მოქმედებას რესტორან „ასკანელში“. აქაც ვიდეოკონტროლის მიზნად უსაფრთხოება დაგვისახელეს და მაგალითიც იგივე მოგვიყვანეს – „იქნებ მობილური ტელეფონი გაგვებნას“.

„ყოფილა ასეთი შემთხვევა, როცა კლიენტი ვეღარ პოულობდა მობილურს. გადავახვიეთ ჩანაწერი და ვნახეთ, სად დადო ტელეფონი. კამერები კარგია ასევე სამზარეულოს კონტროლისთვის, ვთქვათ, თქვენს მაგიდასთან არ მოვიდა რომელიმე კერძი, ან გაქრა მაგიდიდან რაღაც… კლიენტებს პირიქით უხარიათ, რომ გვაქვს ვიდეოთვალი და დაცულია უსაფრთხოების ნორმები,“ – გვითხრა ია ღაღაიშვილმა, „ასკანელის“ მენეჯერმა.

მოქალაქეთა ინფორმირებულობის პრობლემას ხედავს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ იურისტი გიორგი ჩიტიძე. იგი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო მექანიზმი უკვე არსებობს იმისთვის, რომ პირადი სივრცე დაცული იყოს. მთავარია, მომხმარებელმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართოს, თუკი კაფეში, ან რესტორანში დააფიქსირებს, რომ უღებენ და ამის შესახებ მან არ იცოდა:

„საქმე გვაქვს უფრო კერძო მესაკუთრეების მხრიდან პრაქტიკის გაუთვალისწინებლობასთან და კანონის სავარაუდო დარღვევასთან. თუკი მომხმარებლები მიმართავენ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ამ შემთხვევაში აუცილებლად შეისწავლიან თითოეული ობიექტის ვითარებას და დაჯარიმდება მესაკუთრე, თუკი მას მკაფიოდ არ აქვს მინიშნებული ვიდეო კონტროლის შესახებ. აუცილებელია, მინიშნება იყო თვალსაჩინო ადგილას გამოკრული და მკაფიო“.

„არ ვიცოდი, თუ ვიდეო კონტროლი არსებობდა რომელიმე კაფეში, არასდროს შემიმჩნევია“, – გვითხრა ტურიზმის სპეციალისტმა, ზვიად ელიზიანმა. იგი ამბობს, რომ ადამიანებს უნდა შეეძლოთ თვალთვალის გარეშე კაფეში შეხვედრა. მისი აზრით, კაფეების მენეჯერები არასდროს არ გამოაკრავენ მკაფიო მინიშნებას ამის შესახებ, თუკი კანონის მოთხოვნა მკაცრი არ იქნება:

„მენეჯერებს, რა თქმა უნდა, ეს არ აწყობთ. არავის სიამოვნებს, როცა ეუბნები, რომ ვიდეოთი გაფიქსირებენ. ფაქტია, რომ ეს ბევრ კლიენტს დააფრთხობს, მაგრამ მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, თუნდაც ის, რომ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ამა თუ იმ დარბაზში გვაფიქსირებს ვიდეოკამერა“.

მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში. 

იცით თუ არა, რომ ზოგიერთ კაფეში ვიდეოკონტროლია?
მისაღებია თუ არა თქვენთვის კაფეში ვიდეოკონტროლი?

შეხვალთ თუ არა კაფეში, სადაც იცით, რომ გითვალთვალებენ?

16251546_1390623950956703_723933197_o

როდის განაახლებენ საბავშვო ბაღები მუშაობას აჭარაში

ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი ორშაბათს, 23 იანვარს, განახლდება.

როგორც „ბათუმელებს“ მუნიციპალიტეტების ბაღების გაერთიანებაში უთხრეს, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ყველა მუნიციპალურ საბავშვო ბაღში დაიწყება. ბათუმში სულ 30 ბაღია, ხელვაჩაურში – 13, ქობულეთში კი – 22.

სასწავლო პროცესი 23 იანვარს განახლდება მაღალმთიანი აჭარის  ორ მუნიციპალიტეტში, შუახევისა და ხულოს საბავშო ბაღებში,  ხოლო ქედაში ჯერ კიდევ არ იციან როდის შეძლებენ ბავშვების მიღებას, რადგან საკვებ პროდუქტზე გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა.

ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის აიშე თებიძის ინფორმაციით, თუ შესყიდვების სააგენტო ბაღების გაერთიანებას უფლებას დართავს პურ-ფუნთუშეული გამარტივებული წესით, ერთ პირთან მოლაპარაკებით შეისყიდოს, მაშინ  ბაღები მუშაობას ქედაშიც 23 იანვარს დაიწყებენ.

„საკვებ პროდუქტზე გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა, შესყიდვების სააგენტოს მივმართეთ წერილობით, რომ ერთ პირთან მოლაპარაკებით, დაგვრთოს საკვების შეძენის უფლება.  სააგენტოდან პასუხს დღის მეორე ნახევარში მივიღებთ. თუ დაგვთანხმდებიან, სასწავლო პროცესს 23 იანვარს განვაახლებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი კვირით გადაიდება,“ – ამბობს აიშე თებიძე.

ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში მონაწილეობის სურვილი არც ერთმა კომპანიამ არ გამოთქვა. 10 იანვარს გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 16 600 ლარი იყო, ამ თანხით გაერთიანებას მაკარონი, შაქარი, პურ-ფუნთუშეული და სხვა საკვები პროდუქტები უნდა შეეძინა.  ჩავარდა ქათმის კვერცხზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერიც, რომლის ღირებულება 3 680 ლარი იყო.

ქედაში სულ 15 ბაღია, შუახევში – 6, ხულოში კი – 13.

Exit mobile version