მთავარი,სიახლეები

რაზე ისაუბრა ზურაბ პატარაძემ „ბათომთან“

20.01.2017
რაზე ისაუბრა ზურაბ პატარაძემ „ბათომთან“

დღეს, 20 იანვარს შედგა შეხვედრა საზოგადოება „ბათომის“ წევრებსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შორის. დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბათუმელები“ შოთა გუჯაბიძეს ესაუბრა, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს.

შოთა, რაზე იყო შეხვედრაზე საუბარი?

შეხვედრა ძირითადად იყო გაცნობითი ხასიათის. ბატონმა ზურაბმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვართ ერთი მხარე და მოწინააღმდეგედ არ უნდა განვიხილოთ ხელისუფლება. ბოლო წლებში ბევრი მაგალითი გვქონდა, როცა ხელისუფლებისგან ვცდილობდით დაგვეცვა ძველი ბათუმი და მან აღნიშნა, რომ ეს ასე არ უნდა იყოს და ჩვენ ერთად უნდა ვიფიქროთ ამ თემაზე.

საუბრის ძირითადი ნაწილი მაინც ძველ ბათუმზე საუბარს და კამათს დაეთმო. მან თავადაც აღნიშნა, რომ ძველი ბათუმი ის აღარ არის.

იყო თუ არა საუბარი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურაზე?

მან თქვა, რომ ინტენსიურად ეძებს, განიხილავს ვარიანტებს და დაახლოებით ერთ კვირაში დასახელდება სააგენტოს ხელმძღვანელი. მას კონკრეტული სახელი და გვარი არ დაუსახელებია.

თუ ისაუბრეთ  კონკრეტულ პრობლემებზე, მაგალითად, ვაჟა-ფშაველას 13 ნომერზე და სხვა, გახმაურებულ შემთხვევებზე?

მაგალითები ბევრი მოვიყვანეთ, რომ ზოგადი სურათი შეგვექმნა. ბარათაშვილის #26 ვახსენეთ ყველაზე ხშირად, რომელიც ახალი შემთხვევაა. ბევრჯერ ვახსენეთ ბათუმის ბულვარის საკითხი. საუბარი საკმაოდ მშვიდი იყო, ზრდილობიანი კამათის ფარგლებს არ გაშორებია. ბატონმა ზურაბმა გვითხრა, რომ მსგავსი შეხვედრები იქნება სისტემატიური და „ბათომის“ აზრს გაითვალისწინებს.

ამ შეხვედრამდე ათი დღით ადრე საზოგადოება „ბათომმა“ ზურაბ პატარაძეს ღია წერილით მიმართა და ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე შეხვედრა სთხოვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: