მთავარი,სიახლეები

რას ლობირებს სვეტლანა კუდბა საქართველოს პარლამენტში

20.01.2017 • 12513
რას ლობირებს სვეტლანა კუდბა საქართველოს პარლამენტში

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის ამპლუა გასული ოთხი წლის განმავლობაში სვეტლანა კუდბას მთავარი მიზნის მიღწევაში ვერ დაეხმარა. მან ბათუმში ვერ გახსნა დღის თავშესაფარი უსალკაროებისთვის. ამის მისაღწევად ის წლების განმავლობაში იბრძოდა. ახლა საქართველოს პარლამენტისა და მმართველი გუნდის ფრაქციის წევრია. აპირებს თუ არა ისევ თავშესაფრის პროექტის ლობირებას პარლამენტში და რა გეგმები აქვს მომავალში?- ამ და სხვა თემებზე მან „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

ქალბატონო სვეტლანა, რა მიმართულებით იმუშავებთ საქართველოს პარლამენტში?

მე ვარ ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების, ასევე დიასპორისა და კავკასიური საკითხების კომიტეტის წევრი. როცა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვიყავი მქონდა კანონპროექტი, რაც ზოგად ადმინისტრაციულ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. ამ საკითხს დავუბრუნდი და იურისტებთან გავდივარ კონსულტაციას. კოდექსის 177-ე მუხლის მეორე პუნქტი ითვალისწინებს, რომ როდესაც განცხადება შედის ადმინისტრაციაში, თქვენ თუ არ მიიღეთ ერთი თვის ვადაში პასუხი, ეს ნიშნავს არას, უარს. მოსახლეობამ ეს არ იცის, ელოდება პასუხის და ამ ლოდინში გასაჩივრების ვადაც გადის, ვერც უჩივლებ. ვფიქრობ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მოქალაქეს გასცეს პასუხი, ამიტომ ვითხოვ გაუქმდეს ეს პუნქტი. ადმინისტრაციულმა ორგანომ გასცეს პასუხი, გადაამისამართოს ან მოქალაქემ იცოდეს, რომ აქვს ვადა და ამ ვადის განმავლობაში მას შეუძლია მიმართოს იმ სტრუქტურებს, რომელებიც დაეხმარება მას.

თქვენ უმაღლეს საბჭოში მუშაობისას ამბობდით, რომ არ გაკმაყოფილებდათ მოქალაქეებისთვის სტრუქტურების მიერ გაცემული პასუხების შინაარსიც.

დიახ, მართალია, როცა პასუხები მომდიოდა დავინახე, რომ ეს პასუხები იყო სტანდარტული, უმეტესობა ერთი და იმავე შინაარს შეიცავდა, იცვლებოდა მხოლოდ გვარი და თარიღი. ეს მე არ მაკმაყოფილებდა და თვითონ დავიწყე მოქალაქეებთან მისვლა. მართალი აღმოვჩნდი, რადგან, იმის გარდა, რომ გადაამისამართო ეს განცხადება, უშუალო კონტაქტის შემდეგ აღმოჩნდება, რომ გაცილებით მეტია პრობლემა, ვიდრე განცხადებაში წერია. ზოგჯერ აღმოჩნდება, რომ სულ სხვა პრობლემა აქვს და ვერ გამოხატა.

აპირებთ მოძებნოთ გზები, რომ ასეთი მიდგომა მოქალაქეების პრობლემების მიმართ შეცვალოთ?

რა თქმა უნდა ვაპირებ. ერთი განცხადებაა უკვე პარლამენტში ჩემს სახელზე შემოსული აჭარიდან. აუცილებლად გავაგრძელებ ამ საკითხებზე მუშაობას.

თქვენ დიდხანს ითხოვდით ბათუმში თავშესაფრის გახსნას, ამ საკითხის ლობრებას პარლამენტიდან შეეცდებით?

გავაგრძელებ ბრძოლას, მე ფარხმალს არ ვყრი. უბრალოდ ჯერ პირველი თვეებია, ჩემთვის პარლამენტის წევრობა არ არის იოლი, უნდა გავერკვიო სტრუქტურებში, რომ ცოტა გავძლიერდე. ფარხმალი არ დავყარე და არ ვარ თვითკმაყოფილი, რადგანაც მე პარლამენტის წევრი ვარ. სამწუხაროდ, უმაღლეს საბჭოში მუშაობის ოთხი წელი ისე გავიდა, რომ ვერ მივაღწიე თავშესაფრის გახსნას, მაგრამ კიდევ ოთხი წელი მაქვს და მე მგონია, რომ მივაღწევ. გარდა ამისა, მინდა აფხაზური კულტურისა და ფოლკლორის სახლის გახსნა აჭარაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: