მთავარი,სიახლეები

ირინა ყურუამ „ტვ 25“ დატოვა

22.01.2017 •
ირინა ყურუამ „ტვ 25“ დატოვა

ჟურნალისტმა ირინა ყურუამ „ტელეარხი 25“ დატოვა. ის საინფორმაციო გამოშვება „მაცნეს“ მთავარ რედაქტორად და გადაცემა „დიალოგის“ წამყვანად მუშაობდა. ირინა ყურუა არხიდან წამოსვლის მიზეზად ტელევიზიის დირექტორის მხრიდან შეთავაზებულ მოდელს ასახელებს, რაც, მაგალითად, საინფორმაციო სამსახურში რეპორტიორების შემცირებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, ტელევიზიას ფინანსური რესურსის პრობლემა ნამდვილად აქვს, თუმცა მენეჯმენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ის მიიჩნევს, რომ ახალმა მოდელმა, რაც გასართობი გადაცემების გააქტიურებას გულისხმობს, საინფორმაციო სამსახურის რესურსის ხარჯზე, შესაძლოა საინფორმაციო გამოშვება არასფრისმთქმელი გახადოს.

„არ მინდოდა, სხვადასხვა გამართლებული ან გაუმართლებელი მიზეზით ავტორი ვყოფილიყავი ამ პროცესის, მიგვეღო არაფრისმთქმელი საინფორმაციო გამოშვება, ან შემცირებულიყო გამოშვებების რაოდენობა, შაბათ-კვირის საინფორმაციო გაუქმებულიყო. ეს რისკები დავინახე ახალ მოდელში… გარდა ამისა, ახალი წლიდან ეთერში არ გასულა გადაცემა „დიალოგი“. გვითხრეს, რომ ფინანსები არის პრობლემა, არ ვიცით, როდიდან გავალთ ეთერშიო. მე სხვა არჩევანი არ მქონდა… “, – გვითხრა ირინა ყურუამ.

ყოფილი მთავარი რედაქტორი მიიჩნევს, რომ საინფორმაციო სამსახურის რესურსის შემცირება ან გადაცემა „დიალოგის“ შეჩერება არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის თემას არ უკავშირდება. ამბობს, რომ არხს ნამდვილად აქვს ფინანსური პრობლემა, მაგრამ პრობლემის გადაჭრა მენეჯმენტმა არასწორი გზით დაინახა.

„თვეზე მეტია ტელევიზიის დირექტორთან [მურთაზ ფრანგულაშვილი-ავტ.] დაპირისპირების რეჟიმში მიწევდა მუშაობა. მათ უნდათ მოდელის შეცვლა და 5 ადამიანით კარგი საინფორმაციო გამოშვების კეთება, რაც წარმოუდგენელია. შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, ოპერატორები და მემონტაჟეებიც პარალელურად დასაქმდებიან სხვა პროექტებზე, რომლებიც იქნება გასართობი ხასიათის. მენეჯმენტის აზრით, ეს ფულს შემოიტანს. მე წარმატებას ვუსურვებ ამ არხს, მაგრამ ვფიქრობ, რომ არასტაბილური ვითარება შეიქმნება და კონკურენტუნარიანი კადრები ტელევიზიას დატოვებენ“, – ამბობს ირინა ყურუა.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა „ტვ 25“-ის დირექტორმა, მურთაზ ფრანგულაშვილმა.

„ტვ 25“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის თქმით, მას ამ დრომდე რომელიმე მედიასაშუალებიდან შეთავაზება არ მიუღია. „აჭარის ტელევიზიის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, გია ქარცივაძე ირინა ყურუას კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს, რომელიც ტელევიზიაში მალე გამოცხადდება.

ირინა ყურუა „ტელეარხ 25“-ის თანამშრომელი 2016 წლის დასაწყისში გახდა, როცა არხიდან ოთხი ჟურნალისტი მენეჯმენტმა უკანონოდ გაათავისუფლა. სასამართლოს მოთხოვნის შემდეგ, ტელევიზიამ ოთხივე მათგანი გასული წლის დეკემბრის დასაწყისში აღადგინა. „ტვ 25“-ზე დაბრუნების სურვილი მხოლოდ გადაცემა „დიალოგის“ პროდუსერმა, ირმა ზოიძემ გამოთქვა, თუმცა ეს გადაცემა ეთერში ამ ეტაპზე არ გადის.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: