Batumelebi | ფასები იზრდება, დაფინანსება არა – რა ხდება განათლების სამინისტროს პანსიონებში ფასები იზრდება, დაფინანსება არა – რა ხდება განათლების სამინისტროს პანსიონებში – Batumelebi
RU | GE  

ფასები იზრდება, დაფინანსება არა – რა ხდება განათლების სამინისტროს პანსიონებში

აჭარაში საპანსიონო მომსახურებას ოთხი საჯარო სკოლა ახორციელებს. ოთხივე სკოლა-პანსიონი აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან გასულ წელს ჯამში დაახლოებით 767 ათასი ლარით დაფინანსდა, მიმდინარე წელს კი ეს თანხა მხოლოდ 51 ათასამდე ლარითაა გაზრდილი. ამასთან, ერთ პანსიონს, მაგალითად ჩაისუბანში, დაფინანსება შეუმცირდა, სალიბაურში კი იგივე დარჩა, რაც შარშან.

pansionebi

„ბათუმელები“ დაინტერესდა, თუ რამდენად სრულყოფილად განახორციელებენ ეს სკოლები საპანსიონო მომსახურებას ინფლაციის პირობებში, როცა ქვეყანაში ფაქტობრივად ყველაფერი გაძვირდა. ამასთან, საკვები პროდუქტების შეძენაზე გამოცხადებული ტენდერების ჩავარდნის გამო, მაგალითად, ქედაში, ბაღების მუშაობის დაწყება 23 იანვრისთვის კითხვით ნიშნის ქვეშ დადგა. ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი კი, იძულებული გახდა და საკვების შეძენა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით მოითხოვა.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლის დირექტორი, რამაზ თურმანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პროდუქტების გაძვირება პანსიონში პრობლემას არ შექმნის: „წლის ბოლოს ეკონომიაც გვრჩებოდა, ვინაიდან 116 ბავშვზეა გათვლილი პანსიონი და შესაბამისად, დაფინანსებაც. ამდენი მოსწავლე კი, მობილობიდან გამომდინარე ყოველთვის არ არის პანსიონში. ამჟამად, მაგალითად, 104 ბავშვი გვყავს“.

კითხვაზე, მოხერხდება თუ არა იმ რაოდენობით პროდუქტების შეძენა, რაც შარშან შეიძინეს, წელსაც იგივე ფასად? – დირექტორი ამბობს, რომ ტენდერები ახლა გამოაცხადა და შედეგიც იქნება: „კონტინგენტი რომც შეივსოს, სატენდერო განაცხადში გვაქვს გათვალისწინებული ბავშვების რაოდენობაც და ეს ინფლაციაც გათვლილია. ამიტომ, ვფიქრობ მიიღებენ მონაწილეობას ტენდერში. თუ ადრე მეტი მოგება რჩებოდა მომწოდებელ კომპანიას და ახლა, ვთქვათ, ფასები რომ კიდევ გაიზარდოს და ნაკლები მოგება დარჩება, ეს პანსიონის პრობლემა არ არის“.

პანსიონში ბავშვები კვირაში 5 დღე რჩებიან შაბათ-კვირის გარდა და კვებაც ფაქტობრივად ხუთჯერადია [აქედან ორი სამხარი]. რამაზ თურმანიძე აცხადებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა „დადგენილი კვების ნორმების მიხედვით და რაც გათვლილია კალკულაციით, ამას მოსწავლე აუცილებლად მიიღებს, ხილის და კომპოტის ჩათვლით“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ჯემალ ბასილაძე კი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პანსიონს დაფინანსება რბილ ინვენტარზე დააკლეს და არა კვების პროდუქტების შეძენის მუხლში: „104 ათასი ლარის ინვენტარი შეგვიძინეს და კვებაზე იგივე რჩება თანხა, რაც შარშან. ტენდერები ჯერ არ გამომიცხადებია და ვნახოთ რა შედეგები გვექნება“.

შედგება თუ არა ტენდერი, როცა ფასები გაზრდილია დაფინანსება არა, ჯემალ ბასილაძე ამბობს: „არ ვიცი, ფასები თამაშობს და შეიძლება დაიკლოს კიდეც. მე ვფიქრობ, რომ მეყოფა თანხა. ან გადავათამაშებ, რადგან ადრე მომრჩა თანხა კვებაზე და საწვავი შევიძინე. დაფინანსება მაქვს 50 ბავშვზე და ამდენი არ მყავს, ფაქტობრივად, ზოგჯერ 40 ბავშვია, ზოგჯერ – 43“.

სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, სერგო ხოზრევანიძის განცხადებით, მან საკვები პროდუქტების შეძენაზე მომსახურება უკვე შეისყიდა: „ჩემდა გასაკვირად იღებენ ტენდერში მონაწილეობას და ვაჭრობის შედეგად ეკონომიაც მაქვს უკვე. 220 ბავშვზე გამოვაცხადეთ ტენდერი. პანსიონში კი ამჟამად 215 ბავშვი გვყავს“.

დაბა შუახევის საჯარო სკოლის დირექტორის, მაკა მაკარაძის განცხადებით, მიმდინარე წელს საკვები პროდუქტების შეძენაზე ტენდერები დასრულდა: „რაც შეეხება დაფინანსების გაზრდას, შარშან 36 მოსწავლეზე გვქონდა გათვლილი, წელს კი 60-ზე. ამ დროისთვის კი პანსიონში 42 მოსწავლე გვყავს“.

ქვეყნის მასშტაბით სკოლა-პანსიონები, სადაც ძირითადად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები ცხოვრობენ და სწავლობენ, ასეთი ფორმით მხოლოდ აჭარაშია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com