მთავარი,სიახლეები

„ტვ25“-ის დირექტორი ირინა ყურუას ტელევიზიიდან წასვლაზე

23.01.2017 • 4092
„ტვ25“-ის დირექტორი ირინა ყურუას ტელევიზიიდან წასვლაზე

„ტვ 25“-დან საინფორმაციო სამსახურის უფროსის და გადაცემა „დიალოგის“ წამყვანის წასვლას ტელევიზიის დირექტორი, მურთაზ ფრანგულაშვილი დღეს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოეხმაურა. მან ირინა ყურუას წასვლას „დრამატული“ და „თეატრალიზებული“ უწოდა. „ტვ 25“-ის დირექტორი დარწმუნებულია, რომ ირინამ არხი „აჭარის ტელევიზიაში“ გადასვლის გამო დატოვა და მენეჯმენტს ახალი მოდელის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

თავად ირინა ყურუა კი ამბობს, რომ შეთავაზება დასაქმებაზე რომელიმე ტელევიზიიდან ჯერ არ მიუღია და არხი დატოვა იმ მოდელის გამო, რასაც ტელევიზიის დირექტორი სთავაზობდა. მისი თქმით, არხს ფინანსური პრობლემები აქვს და მენეჯმენტი თანხის დაზოგვას საინფორმაციო სამსახურის რესურსის შემცირების ხარჯზე აპირებს. 

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ირინა იყო ჩემი დასაყრდენი ძალა ტელევიზიაში და მის გარდა მოდელის შეცვლაზე გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებდა,“ – ამბობს „ტვ 25“-ის დირექტორი, მურთაზ ფრანგულაშვილი „ბათუმელებთან“. გვიყვება, რომ ირინა ყურუას დაახლოებით ერთი თვის წინ ესაუბრა ახალი მოდელის შემუშავებაზე, რომელიც ფინანსების დაზოგვის საშუალებას მისცემდა ტელევიზიას: „ეს არ ნიშნავდა იმას, რომ საინფორმაციოში რეპორტიორები უნდა შეგვემცირებია აუცილებლად. მაშინ გამოვაცხადებდი პირდაპირ რეორგანიზაციას და ამას ისედაც გავაკეთებდი. გეუბნებით, რომ განვიხილავდით მოდელს, რა იქნებოდა უკეთესი. ასევე ვუთხარი ირინას, რომ რაზეც შევთანხმებოდით, იმ მოდელს გავაცნობდით მედია ექსპერტებს. ამის შესახებ მე ზვიად ქორიძესაც ვესაუბრე… თუკი შევიმუშავებდით ახალ მოდელს და ამას მოიწონებდნენ მედია ექსპერტებიც, მაშინ იქნებოდა შესაძლებელი მისი განხორციელება.“

მურთაზ ფრანგულაშვილს შევახსენეთ, რომ გადაცემა „დიალოგი“ უკვე აღარ გადის ეთერში და ირინა ყურუამაც არხიდან წამოსვლის მიზეზად ის დაასახელა, რომ ამ შემცირების პროცესის ავტორი არ უნდოდა ყოფილიყო.

ტელევიზიის დირექტორის თქმით, ირინა ყურუას ამ იდეების მიმართ კატგორიული მიუღებლობა მანამდე არ გამოუხატავს და მის გადაწყვეტილებას ამიტომაც უწოდა თეატრალიზებული: „შეიძლებოდა ეთქვა, რომ არ მოსწონდა და თუკი ამას მაინც გავაკეთებდით, წავიდოდა ტელევიზიიდან. მან მოულოდნელად, სხვა საკითხზე გამართულ თათბირზე გვითხრა, რომ უნდა წასულიყო ტელევიზიიდან და დაგვემშვიდობა. დარწმუნებული ვარ, მას ძალიან მალე ვიხილავთ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში… რაც შეეხება „დიალოგს“, ამაზეც ვიმსჯელებთ გუნდში. შეიძლება აღარ იყოს „დიალოგი“, მაგრამ იქნება სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა. მხოლოდ საინფორმაციო გამოშვების იმედად არ იქნება ტელევიზია“.

„ტვ 25“-ის დირექტორი არც იმას ადასტურებს, რომ ტელევიზია გასართობი გადაცემების გააქტიურებას აპირებს. მურთაზ ფრანგულაშვილი ამბობს, რომ არხს არ აქვს ისეთი ფინანსური პრობლემები, რაც თანამშრომლებზე აისახება. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ტელევიზია ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებს.

ირინა ყურუამ არხიდან წასვლის შესახებ განცხადება გუშინ, 22 იანვარს გააკეთა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: