მთავარი,სიახლეები

რატომ უთვალთვალებენ კაფეები საკუთარ კლიენტებს & გამოკითხვა

20.01.2017 • 20186
რატომ უთვალთვალებენ კაფეები საკუთარ კლიენტებს & გამოკითხვა

რესტორნები და კაფეები ბათუმში საკუთარ კლიენტებს უთვალთვალებენ. ვიდეოკამერები ამ ტიპის დაწესებულების შიგნით იმდენია და ისეთ ადგილებში განთავსებული, რომ თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ კლიენტზე ინფორმაციის მიღება: ვის შეხვდით, ვის ესაუბრებოდით, რა მიირთვით, რა დროს… კაფე-რესტორნების მენეჯერები არ მალავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციას ვიდეოჩანაწერების შესახებ სამართალდამცველებს აწვდიან.

„ჩვენ ყოველთვის ვეხმარებით ჩვენს პოლიციას, კანონმორჩილი ხალხი ვართ“, – გვითხრა „გარდენსის“ მენეჯერმა, დავით აბგარიანმა. ვიდეოთვალთვალის მიზეზად ის მხოლოდ უსაფრთხოების ფაქტორს ასახელებს და მიიჩნევს, რომ ამ ფორმით თავისი მომხმარებლების პირად სივრცეში კი არ იჭრება, პირიქით, მათ დაცულობაზე ზრუნავს.

„თავისთავად უსაფრთხოება არის პირველი ამოცანა, მაგალითად, თქვენ თუ სალათს მიირთმევთ, ეს არავის აინტერესებს. მაგრამ, ვთქვათ,  დაკარგეთ მობილური ტელეფონი… ყოფილა ასეთი შემთხვევა, როცა ადამიანი მოვიდა და გვითხრა, მობილური თქვენთან დამრჩაო. ვნახეთ ჩანაწერები და იქ აშკარად ჩანდა, რომ ეს ადამიანი ჯიბეში იდებს ტელეფონს და ისე გადის. დარწმუნდა, რომ ჩვენთან არ დაუკარგავს ტელეფონი…“, – გვიყვება დავით აბგარიანი.

„გარდენსის“ მენეჯერი სხვა შემთხვევასაც იხსნებს, როცა პოლიციელებს აჩვენა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი: „გარეთ მოხდა რაღაც ზაფხულში და პოლიციელები დაინტერესდნენ ჩანაწერით. მოგვმართეს შესაბამისი ფორმით და ვაჩვენეთ“.

რას ამბობს კანონი – „პერსონალურ მონაცემთა შესახებ საქართველოს კანონის თანხმად, ვიდეოთვალთვალი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნით დასაშვებია, თუმცა იმ პირობით, რომ ვიდეოთვალის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშანი თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული… თუ გამაფრთხილებელი ნიშანი თვალსაჩინო ადგილას არ არის განთავსებული, შესაძლოა, საქმე გვქონდეს სამართალდარღვევასთან. ვიდეოთვალთვალის კანონით დადგენილი წესების დარღვევა იწვევს გაფრთხილებას ან ფულად ჯარიმას“, – უთხრეს „ბათუმელებს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში. ინსპექტორი მსგავს სავარაუდო დარღვევებს მიმართვის შემთხვევაში სწავლობს.

„გარდენსის" შესასვლელი

„გარდენსის” შესასვლელი

„გარდენსში“ ვიდეოთვალთვალის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ შესასვლელ კარებთანაა განთავსებული. მენეჯერი მიიჩნევს, რომ უმჯობესია ამ ფორმით იყოს მინიშნება, რომ მოქალაქეებმა დისკომფორტი არ იგრძნონ: „ადამიანი, როცა შემოდის, ჩანს… ყველა მაგიდასთან რომ იყოს მინიშნება, ან დარბაზში, თქვენ ეს გესიამოვნებათ?… მესმის, რაც გაინტერესებთ, მაგრამ თუ რამეს ვარღვევ, ეს უნდა მითხრას სახელმწიფომ და არა ჟურნალისტმა. ტურიზმის დეპარტამენტმა კი, გასულ წელს საუკეთესო მომსახურების ხარისხის გამო სპეციალური სიგელი მოგვანიჭა“.

მინიშნება საერთოდ არ აქვს და მთელ დარბაზს აკონტროლებს BK-ში განთავსებული ვიდეოკამერები. აქაც ვიდეოთვალთვალის მიზეზად უსაფრთხოება დაგვისახელეს და გვითხრეს, რომ მინიშნება საჭირო არ არის, რადგან კამერები ყველგან გვიღებენ.

„ისედაც ჩანს, რომ კამერები გვაქვს და ყველა ადამიანმა იცის, რომ ასეთ დაწესებულებებში არსებობს ვიდეოთვალთვალი. შესაძლოა, იყოს მითითებული, ამის წინააღმდეგიც არ ვარ და შევთავაზებ ამ წინადადებას მესაკუთრეს,“ – გვითხრა ია დუმბაძემ, BK-ის მენეჯერმა.

კითხვაზე, რა გამორიცხავს ადამიანების ფარულ კონტროლს, როცა ვიდეოსათვალთვალო კამერები აფიქსირებენ ყველაფერს და  ჩანაწერებზე წვდომა აქვთ სამართალდამცველებსაც? – ია დუმბაძემ რისკის გამომრიცხავი ფაქტორი ვერ დაგვისახელა. გვითხრა, რომ სამართალდამცველები ვიდეოჩანაწერზე წვდომის უფლებას მხოლოდ სპეციალური მიმართვის შემთხვევაში მოიპოვებენ, სხვა ადამიანებს კი, ჩანაწერზე წვდომის უფლება არ აქვთ.

ვიდეოსათვალთვალო კამერები დააფიქსირებენ თქვენს ნებისმიერ მოქმედებას რესტორან „ასკანელში“. აქაც ვიდეოკონტროლის მიზნად უსაფრთხოება დაგვისახელეს და მაგალითიც იგივე მოგვიყვანეს – „იქნებ მობილური ტელეფონი გაგვებნას“.

„ყოფილა ასეთი შემთხვევა, როცა კლიენტი ვეღარ პოულობდა მობილურს. გადავახვიეთ ჩანაწერი და ვნახეთ, სად დადო ტელეფონი. კამერები კარგია ასევე სამზარეულოს კონტროლისთვის, ვთქვათ, თქვენს მაგიდასთან არ მოვიდა რომელიმე კერძი, ან გაქრა მაგიდიდან რაღაც… კლიენტებს პირიქით უხარიათ, რომ გვაქვს ვიდეოთვალი და დაცულია უსაფრთხოების ნორმები,“ – გვითხრა ია ღაღაიშვილმა, „ასკანელის“ მენეჯერმა.

მოქალაქეთა ინფორმირებულობის პრობლემას ხედავს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ იურისტი გიორგი ჩიტიძე. იგი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო მექანიზმი უკვე არსებობს იმისთვის, რომ პირადი სივრცე დაცული იყოს. მთავარია, მომხმარებელმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართოს, თუკი კაფეში, ან რესტორანში დააფიქსირებს, რომ უღებენ და ამის შესახებ მან არ იცოდა:

„საქმე გვაქვს უფრო კერძო მესაკუთრეების მხრიდან პრაქტიკის გაუთვალისწინებლობასთან და კანონის სავარაუდო დარღვევასთან. თუკი მომხმარებლები მიმართავენ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ამ შემთხვევაში აუცილებლად შეისწავლიან თითოეული ობიექტის ვითარებას და დაჯარიმდება მესაკუთრე, თუკი მას მკაფიოდ არ აქვს მინიშნებული ვიდეო კონტროლის შესახებ. აუცილებელია, მინიშნება იყო თვალსაჩინო ადგილას გამოკრული და მკაფიო“.

„არ ვიცოდი, თუ ვიდეო კონტროლი არსებობდა რომელიმე კაფეში, არასდროს შემიმჩნევია“, – გვითხრა ტურიზმის სპეციალისტმა, ზვიად ელიზიანმა. იგი ამბობს, რომ ადამიანებს უნდა შეეძლოთ თვალთვალის გარეშე კაფეში შეხვედრა. მისი აზრით, კაფეების მენეჯერები არასდროს არ გამოაკრავენ მკაფიო მინიშნებას ამის შესახებ, თუკი კანონის მოთხოვნა მკაცრი არ იქნება:

„მენეჯერებს, რა თქმა უნდა, ეს არ აწყობთ. არავის სიამოვნებს, როცა ეუბნები, რომ ვიდეოთი გაფიქსირებენ. ფაქტია, რომ ეს ბევრ კლიენტს დააფრთხობს, მაგრამ მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, თუნდაც ის, რომ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ამა თუ იმ დარბაზში გვაფიქსირებს ვიდეოკამერა“.

მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში. 




16251546_1390623950956703_723933197_o

გადაბეჭდვის წესი


ასევე: