მთავარი,სიახლეები

რომელ სკოლებს დაეხმარება სამინისტრო „თავისუფალი გაკვეთილების“ დაგეგმვაში

20.01.2017 • 37945
რომელ სკოლებს დაეხმარება სამინისტრო „თავისუფალი გაკვეთილების“ დაგეგმვაში

განათლების სამინისტრო მცირეკონტინგენტიანი სკოლებიდან „თავისუფალი გაკვეთილების“  შესახებ იდეებს მიიღებს, შემდეგ დაამუშავებს და დააფინანსებს. კონკურენციაში კი მხოლოდ მაღალკონტინგენტიანი სკოლები იქნებიან, რომელსაც სამინისტრო უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებს. როდის იწყებს სამინისტრო „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტების ოფიციალურ მიღებას, ამ თემაზე  „ბათუმელებს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტის მენეჯერი ლალი კალანდაძე ესაუბრა.

ქალბატონო ლალი, როგორც ვიცით მიმდინარეობს „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტების მიღება სამინისტროში, როგორია აქტივობა სკოლების მხრიდან და რამდენი პროექტია ამ დროისთვის წარმოდგენილი?

რეალურად, თებერვლიდან დაიწყებენ სკოლები ამ გაკვეთილების ადგილებზე დანერგვას, ამ ეტაპზე კი მასწავლებელთა ტრენინგები და ამ პროგრამების მონახაზების გაკეთება მიმდინარეობს.

როგორც „ბათუმელებთან“ საქართველოს განათლების მინისტრმა განაცხადა, ჯერ პროექტების განხილვა უნდა მომხდარიყო, რადგან თებერვლიდან იწყება დანერგვა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული პროექტები უკვე გამოვლენილია?

პროექტებს წარმოადგენენ, მაგრამ ჯერ ჩამოსაყალიბებელი იყო მიმართულებები, რომელიც იქნებოდა პრიორიტეტული. ძირითადად ოთხი მიმართულება გამოიკვეთა – ესაა სპორტი, კულტურა, ხელოვნება, წიგნიერება და ინტელექტუალურ-შემეცნებითი. ახლა მუშავდება სპეციალური პროგრამა, სადაც მოხდება ამ პროექტების ელექტრონულად ატვირთვა. შემდეგ ჩვენ დავუდასტურებთ და გამარჯვებული პროექტი მიიღებს დაფინანსებას.

როდის იქნება პროგრამა დასრულებული?

თებერვლის ბოლომდე იქნება პროგრამა შემუშავებული, თუმცა პროექტების მიღებას ჩვენ მანამდე დავიწყებთ. ასევე მუშავდება სპეციალური ვებ-გვერდი, რომელიც ასევე თებერვლის ბოლოსკენ ჩაეშვება და სადაც განთავსდება „თავისუფალი გაკვეთილების“ აღწერილობა, ფოტო და ვიდეო და ეს იქნება საჯარო. თავისუფალი პროექტების შემოტანის ვადა იქნება მაისის ბოლომდე, ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ კი დაიწყება გამარჯვებული პროექტების განხორციელება. პირველ ეტაპზე აქცენტი გაკეთდება მხოლოდ მე-7, მე-8 კლასებზე.

სოციალურ ქსელებში პედაგოგები წერენ, რომ მათ გამოაგზავნეს „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტები, თუ ჯერ პროგრამა არ არის გამართული და ოფიცილურად ატვირთვა ვერ ხერხდება, რა ფორმით ხდება პროექტების შემოსვლა სამინისტროში?

თუ ვინმე წერს, რომ პროექტი გამოაგზავნა, ალბათ იმას გულისხმობენ რომ ჩვენ მცირეკონტინგენტიან სკოლებს ვთხოვთ, რომ წარმოადგინონ თავიანთი საჭირობები პროექტის განსახორციელებლად. მაგალითად კულტურაში, ზოგი აკეთებს თოჯინებს, პირობითად რომ ვთქვათ და ზოგს ხეზე კვეთა ან თექაზე მუშაობა აქვს დაგეგმილი. იქედან გამომდინარე რომ რაღაც სკოლების ნაწილში ეს რესურსები ჩვენ უნდა შევიძინოთ და მივაწოდოთ სკოლებს, ამიტომ ვითხოვთ მათგან ინფორმაციას.

 მინისტრმა თქვა რომ ჯერ პროექტების წარდგენა მოხდებოდა და შემდეგ, გამარჯვების შემთხვევაში, დააფინანსებდა სამინისტრო გამარჯვებულ პროექტებს, თუ ჯერ არ არის პროექტების შერჩევა დასრულებული, სკოლებთან როგორ მიდის მოლაპარაკება რესურსების შეძენაზე?

მცირეკონტინგენტიან სკოლებს პროგრამაც მიწოდებული ექნება და პროექტის განსახორციელებელი რესურსიც, რადგან გვინდა რომ „თავისუფალი გაკვეთილების“ დანერგვა მცირეკონტინგენტიან სკოლებში ავტომატურად დაიწყოს. მაღალკონტინგენტიანი სკოლები კი პროექტის გამარჯვების შემთხვევაში, თვითონ შეიძენენ.

მცირეკონტინგენტიან სკოლებს თემებს თქვენ აწვდით თუ მათგან მოდის იდეები და შემდეგ აფინანსებთ?

ჩვენ რაღაც ფორმაში ვკრავთ მათ იდეებს, რადგან რესურსების ფორმატშიც ხომ უნდა ვიცოდეთ რამდენია საჭირო. რაც შეეხება მაღალკონტინგენტიან სკოლებს, სადაც 200 და მეტი ბავშვი სწავლობს და პარალელური კლასებია, მათგან მივიღებთ საპროექტო წინადადებებს, რომლებიც იქნება განხილული. პარალელური კლასების შემთხვევაში მასწავლებელმა შეიძლება გამოკითხოს მოსწავლეები თუ რაზე უნდათ „თავისუფალი გაკვეთილის“ გაკეთება და თუ გამოთქვეს სურვილი რომ უნდათ, მაგალითად, რობოტების გაკეთება და იქნება ამის გაკეთების რესურსიც, ჩვენი მხრიდან ამის დაფინანსება მოხდება. ერთ-ერთი პროექტი რაც ნამდვილად ვიცით რომ დაიწყება თებერვლიდან, ეს არის კოდირების შესწავლა. მოსწავლეების რაღაც ნაწილი ისწავლის როგორ იწერება პროგრამების კოდები. უნდა შეირჩეს ისეთი სკოლები, სადაც მოსწავლეთა ინტერესიც დიდი იქნება და კომპიუტერული კლასებიც იქნება გამართული. მასწავლებლების ტრენინგი დღეს დაიწყო, რამდენიმე მასწავლებელი გადატრენინგდება და თებერვლიდან შეიქმნება კოდირების კლუბი,  სადაც ჩატარდება „თავისუფალი გაკვეთილები“.

სად იქნება ეს კლუბი, რომელ სკოლაში?

დეტალურ ინფორმაციას, როცა პროექტი დაიწყება მაშინ გეტყვით, თუმცა ერთი სკოლა იქნება თბილისში და თითო ყველა რეგიონში.

სკოლებს სამინისტრო შეარჩევს?

მოთხოვნა რომელი სკოლებიდანაც წამოვიდა, ისინი იქნება. გარდა ამისა, სავალდებულოა რომ მინიმალური რაოდენობის კომპიუტერები ჰქონდეს, ინტერნეტ სიჩქარე უნდა ჰქონდეს, ტექნიკურად გამართული უნდა იყოს ინფრასტრუქტურა და ამასთან, მოსწავლეების ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. მოთხოვნა შეიძლება ბევრს ჰქონდეს, მაგრამ რადგან პროგრამა საპილოტეა, ამ ეტაპზე ეს რაოდენობა საკმარისია.

ერთი გაკვეთილის დაფინანსება 3 ათასი ლარია როგორც ვიცი, ხომ არ შეცვლილა რაიმე?

ჯამურად სკოლას მიეცემა 3 ათასი ლარი. ასევე დაფინანსებას მიიღებს ის სკოლა, რომელიც ახალ საგანმანათლებლო რესურს შექმნის და ეს შეიძლება გამოვიყენოთ სხვა სკოლებშიც. ასეთი ტიპის პროექტებს მიენიჭება უპირატესობა. თქვენ იცით რომ მინისტრის ინიციატივით სკოლებს მიენიჭებათ წამყვანი სკოლის სტატუსი და  წამყვანობის ერთ-ერთი კრიტერიუმი  შეიძლება იყოს ის, რომ საპროექტო წინადადებებს მივიღებთ მათგან, რომელიც სხვა სკოლების საგანმანათლებლო რესურსების შექმნაზე იქნება ორიენტირებული. მნიშვნელოვანი იქნება მეზობელი სკოლების დაპარტნიორება, მათი ერთობლივი ლაშქრობები, ღონისძიებები და ა.შ ანუ, წამყვანი სკოლებისგან უფრო ასეთი ტიპის პროექტები მიიღება. მათთვის უფრო მაღალი მოთხოვნები გვაქვს დაწესებული, ასე რომ ვთქვათ.

როცა ვებგვერდი ჩაეშვება, ყველა წარმოდგენილი პროექტის ნახვა იქნება შესაძლებელი, თუ მხოლოდ გამარჯვებულის?

საჯარო იქნება მხოლოდ ის, რომელ სკოლაში რა პროექტი ხორციელდება. თუ პროექტი დახარვეზდა ან უარი ეთქვა, ბუნებრივია ეს შიდა სამუშაოა და ამის გასაჯაროვება არ ხდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: