სიახლეები

რას უპირებს მთავრობა აგრარულ უნივერსიტეტსა და უმაღლეს საბჭოს

18.11.2015
რას უპირებს მთავრობა აგრარულ უნივერსიტეტსა და უმაღლეს საბჭოს

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს დღეს, 18 ნოემბერს, ამ საკითხზე საუბრისას არაფერი უთქვას, თუ სად და როდის აპირებს მთავრობა უმაღლესი საბჭოსთვის შენობის აშენებას. შესაბამისად, ვიდრე მთავრობა უმაღლეს საბჭოს შენობას არ გადასცემს, აგრარული უნივერსიტეტი, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს იმ შენობას, სადაც ახლა უმაღლესი საბჭო არის განთავსებული. ეს, თავის მხრივ, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ აგრარულ უნივერსიტეტს საქმიანობაში შეიძლება ხელი შეეშალოს.

 

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, „გეგმა მთავრობას უკვე შემუშავებული აქვს და მასში მონაწილე „სამეული“ საბოლოო ჯამში კმაყოფილი დარჩება. არჩილ ხაბაძის შეხედულება „აჭარის ქონების კარუსელის“ შესახებ დღეს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა:

 

„უკვე არსებული სქემის მიხედვით, აგრარული უნივერისტეტის ყოფილი შენობა, რომელიც ბოტანიკური ბაღი მდებარეობს და არის ამორტიზებული, თუმცა საინვესტიციოდ მიმზიდველი – გასხვისდება. აგრარული უნივერსიტეტის შენობა საჭიროებს რეაბილიტაციას, თუმცა თავად უნივერსიტეტს ამისათვის ფინანსები არ გააჩნია.

 

ინვესტორის დაინტერესების  შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ უნივერსიტეტს 5 ათასი კვ/მ  უფრო კეთილმოწყობილი შენობა გადავცეთ, ანუ რასაც მოიცავს მთლიანობაში ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა.

 

მზად ვართ უნივერისტეტს უმაღლესი საბჭოს შენობა გადავცეთ, რომელიც განთავსებულია ჩაქვში და მოიცავს 3 ათას კვ/მ-ს. შენობა საკმაოდ კეთილმოწყობილია და შესანიშნავი ნაგებობაა სასწავლო დაწესებულებისათვის. დამატებით, ბათუმის ტერიტორიაზე გამოვყოფთ 2 ათას კვ/მ გარემონტებულ ფართს, რომელსაც უნივერსიტეტი შემდგომ  საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენებს.

 

საერთო ჯამში, ვგეგმავთ, რომ  5000 კვ/მ კეთილმოწყობილი ფართი შევთავაზოთ უნივერსიტეტს, სანაცვლოდ კი წამოვიღოთ 5000 კვ/მ ფართი – საინვესტიციო მიზნებისთვის. ამის შემდგომ გვინდა უმაღლესი საბჭოსთვის, ქალაქის ტერიტორიაზე გამოვყოთ ფართი და საბჭოს ავუშენოთ შენობა“.

ინვესტორი, რომელიც მწვანე კონცხზე ტურისტულ ობიექტის ასაშენებლად 200 მილიონ დოლარს დახარჯავს, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ – ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: