ენმ: ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მთავრობამ ბინები უნდა უყიდოს

„ნაციონალური მოძრაობის“  და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის განცხადებით, მთავრობამ  იმ 12 ოჯახს, რომლებსაც  თამარის დასახლებაში გუშინ ხანძრის შედეგად სახლები დაეწვათ, ბინები უნდა შეუსყიდოს.

„2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს, ბიუჯეტის პროექტში ჩადებული იყო 25-მილიონიანი ფონდი და როცა ჩვენ დავსვით კითხვები, რისთვის იყო განკუთვნილი ეს თანხები, გვითხრეს, რომ საგანგებო შემთხვევებისთვის. ამიტომ, მოვუწოდეთ აჭარის მთავრობას, რომ ამ 25-მილიონიანი ფონდიდან დაუყოვნებლივ შეძენილ იქნას ბინები ამ ოჯახებისთვის, რომლებიც დღეს ღია ცის ქვეშ არიან“.

გია აბულაძის განცხადებით, არ არის საკმარისი დაზარალებული ოჯახების დროებით საცხოვრებელში გადაყვანა, რადგან ასეთ შემთხვევებში ისევ ოჯახები ზარალდებიან.

„ამ ბარაკულ დასახლებაში 60-ზე მეტი ოჯახია, სადაც არანაირი საცხოვრებელი და უსაფრთხოების პირობები არ არსებობს. ამჯერად ადამიანები გადარჩნენ, მაგრამ სხვა დროს შეიძლება უარესი შედეგით დასრულდეს. ამიტომ, მთავრობამ ეს პრობლემა საბოლოოდ უნდა მოაგვაროს და ბინები შეუსყიდოს, რადგან ბიუჯეტში ამის რესურსი არსებობს,“ – ამბობს გია აბულაძე.

ამ დროისთვის, როგორც ბათუმის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები  სასტუმროებშია გადაყვანილი: „მერიამ მათ დაუქირავა ბინები, ზოგი  ოჯახი სასტუმროშია გადაყვანილი და კარგ პირობებში არიან. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამაზე მერიაში მოგვიანებით იმსჯელებენ“.

მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის, გოგა ლომაძის განცხადებით,  დაზარალებულ ოჯახებთან  დაკავშირებით ჯერ კომისია იმსჯელებს: „მაინც და მაინც ბინების გადაცემაზე ხომ არ არის საუბარი, შეიძლება აღდგენით სამუშაოებზე იყოს საუბარი, აღდგენას რამდენად ექვემდებარება, ამაზეც კომისია იმსჯელებს“.

გოგა ლომაძის ინფორმაციით, 2017 წლის მერიის სარეზერვო ფონდი 700 ათასი ლარია.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 25-მილიონიანი ფონდი აჭარას არ გააჩნია: „ეს არის არასწორი ინფორმაცია.  25 მილიონი ლარია გათვალისწინებული აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. მთავრობის სარეზერვო ფონდი კი ორი მილიონი ლარია“.

 

სკოლებში შესაძლოა სწავლა შეწყდეს

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში შესაძლოა სწავლა შეწყდეს, რადგან მოსწავლეთა სწრებადობა დაბალია.

„ჩვენ თითოეულ სკოლაში ვრეკავთ და ვამოწმებთ ინფორმაციას. ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეწყვეტილი არც ერთ სკოლაში არ არის, თუმცა ძალიან დაბალია მოსწავლეთა სწრებადობა.

ჩვენ არ ვიცით რა იქნება ბათუმის შემთხვევაში, რადგან ორცვლიანი სკოლები გვაქვს. ამიტომ, დღის ბოლოს მივიღებთ გადაწყვეტილებას. იქნება თუ არა ხვალ სწავლა, იმის მიხედვით გადავწყვეტთ, სწრებადობის რა მაჩვენებლი იქნება დღის ბოლოს სკოლებში,“-აცხადებენ განათლების სამინისტროს პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, სწავლის შეწყვეტა ამინდის პროგნოზზეც იქნება დამოკიდებული.

 

როცა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ძალიან ცივა

სალომე დუმბაძე, ბსუ-ს სტუდენტი

გუშინ, 28 იანვარს, ანუ შაბათს, ჩვეულებრივ მოვემზადე უნივერსიტეტში წასასვლელად. სიცივე ძვლებში ატანდა არათუ ქუჩაში, არამედ შენობებშიც, მაგრამ ამ სემესტრში ბოლო ლექცია გვქონდა და გაცდენა არც მიფიქრია. ეს ლექცია აქამდე, ძირითადად, ოთხ საათზე გვიტარდებოდა, მაგრამ გუშინ, უბრალოდ, ადრე დაგვიბარა ლექტორმა და ჩვენც 11 საათზე უნივერსიტეტში ვიყავით.

ლექცია ჩვეულებრივზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, მალევე მოვრჩით სამუშაოს და ლექტორმაც – თავისუფლები ხართო. რადგან გარეთ საშინლად ციოდა, თან თოვდა, ამიტომ გადავწყვიტე დრო არ დამეკარგა და ჩემს კურსელს ბიბლიოთეკაში ასვლა შევთავაზე, ცხადია, სამეცადინოდ. ორშაბათიდან გამოცდები გვეწყება და ახლა ჩვენთვის თითოეული წუთი ძალიან მნიშვნელოვანია… ანუ ჩვენი სტრატეგია იყო ის, რომ ვიდრე თოვა გადაიღებდა, ვიმეცადინებდით.

თითქმის პირველის ნახევარი იყო, როცა ბიბლიოთეკაში ავედით. სამკითხველო დარბაზში, ჩვენდა გასაოცრად, საშინელი სიცივე დაგვხვდა. იქვე იყო წიგნებში თავჩარგული 12-მდე სტუდენტი. ყველა გამათბობელთან იყო მიმჯდარი, მაგრამ სახეზევე ეტყობოდათ, რომ სიცივეზე უფრო ბევრს ფიქრობდნენ, ვიდრე იმაზე, რასაც კითხულობდნენ. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენც  გამათბობელს მივუსხდებოდით… მართალია, ეს გამათბობლები იქეთ იყო გასათბობი, მაგრამ მოვიმარაგეთ წიგნები და მის გვერდით დავსხედით.

ერთ საათსაც კი ვერ გავძელით და წამოვედით. გავიყინეთ და იმიტომ. გზაში ვფიქრობდი ბიბლიოთეკის თანამშრომლებზე: კიდევ კარგი ისინი სამკითხველო დარბაზის სივრცეში არ სხედან-მეთქი. სამკითხველო დარბაზი მათ ოთახს კარებით უკავშირდება, შესაბამისად, ნამდვილად არ ვიცი მათთან არის თუ არა სითბო. იმედია, ისინი მაინც არ სხედან სიცივეში.

გუშინ არ იყო პირველი შემთხვევა, როცა უნივერსიტეტის შენობაში გავიყინეთ. ხშირად სწორედ სიცივის გამო ვერც აუდიტორიებში ვმუშაობთ. ჩვენს უნივერსიტეტში ნამდვილად არსეობს ისეთი აუდიტორიები, რომლებიც კარგად თბება, მაგრამ, მაგალითად, მე-15 აუდიტორიაში მთელი ლექცია გვიწევს ხელების გათბობა. სულ არ ვიქნები გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ აცახცახებულები ვისმენთ ამ აუდიტორიაში ლექციებს.

არ ვიცი რატომ არ გვაქვს გათბობა, ვერც ის გავარკვიე, რატომ არ მუშაობს აუდიტორიაში სამიდან ორი გამათბობელი. მე ვცადე, მაგრამ ამის გარკვევა არც ისე მარტივი ყოფილა.

ახლა არ დავიწყებ იმაზე წუწუნს, რამდენად ძვირი გვიჯდება სტუდენტებს ამ უნივერსიტეტში სწავლა და რომ ჩვენ მშობლები ძალიან ბევრს მუშაობენ ამ ფულის შესაგროვებლად. ახლა მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გათბობა გვჭირდება უნივერსიტეტის შენობაში.

ბათუმის მერია: თუ დააფიქსირებთ გადავსებულ კონტეინერებს, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე

ბათუმის მერია მოუწოდებს ქალაქის მოსახლეობას, თუ დააფიქსირებენ გადავსებულ ნაგვის კონტეინერებს, დარეკონ შპს „სანდასუფთავების“ ცხელ ხაზზე: 577-49-59-59 ან  577 -93-55-60.

„ქალაქში უხვი ნალექის გამო გართულებული იყო ნაგავშემკრებ კონტეინერებთან მისვლა, რის გამოც ვერ განხორციელდა გრაფიკისა და მარშრუტების დაცვა, რამაც შეფერხებები გამოიწვია ნარჩენების გატანის სამუშაოების განხორციელებაში. ამ წუთებშიც მიმდინარეობს დარჩენილ კონტეინერებთან მისასვლელი გზების გაწმენდა და ნარჩენების გამოტანა,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.


ამინდის პროგნოზი: აჭარაში 2 თებერვლამდე ითოვებს

ცვლილებები მუნიციპალური ტრანსპორტის სამ მარშრუტში

ბათუმის მერიის ინფორმაციით, #1, #1ა და #11 ხაზებზე ავტობუსები მოძრაობენ შეცვლილი მარშრუტით. მერიაში აცხადებენ, რომ მიზეზი დიდთოვლობაა და მიმდინარეობს მარშრუტების პერიოდული მონიტორინგი.

დროებითი მარშრუტი:

  • #1 სამარშრუტო ხაზზე ავტობუსები მოძრაობს შემდეგი მიმართულებით: აღმაშენებლიდან კობალაძის, ხიმშიაშვილის, რუსთაველის, გოგებაშვილის, შავშეთის, მაიკოვსკის, ნონეშვილის, მაიკოვსკის, წერეთლის, ჭავჭვაძის, მელიქიშვილის, ჯავახიშვილის, ორბელიანისა და ლეონიოძის ქუჩების გავლით ბრუნდება აღმაშენებლის ქუჩაზე.
  • #1ა სამარშრუტო ხაზი: აღმაშენებლის, ლეონიძის, ორბელიანის, ჯავახიშვილის, ბაგრატიონის, მელიქიშვილის, ჭავჭავაძის, წერეთლის, მაიკოკვსკის, შავშეთის, გოგებაშვილის, რუსთაველის, ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების გავლით ბრუნდება აღმაშენებლის ქუჩაზე.
  • #11 სამარშრუტო ხაზზე მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს აღმაშენებლის, ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანის, ჯავახიშვილის, პუშკინის, მელიქიშვილის, რუსთაველის, დემეტრე თავდადებულის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძის, შავშეთის, მესხის ქუჩების გავლით.

მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი

შსს: ბათუმში გამოძალვის, ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დავაკავეთ

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ე.ბ., 1988 წელს დაბადებული ს.ბ., 1977 წელს დაბადებული ფ.ე. და საქართველოს მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული მ.მ. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის, ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, შეუსაბამოდ დიდი თანხა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი მათ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, 2600 ლირა, 3040 ლირა, 7 172 ლარი და 1489 დოლარი გამოსძალეს“ – აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით].

ფოტო: შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან
ფოტო: შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან

თოვლი აჭარაში – უშუქობა და გადაადგილების პრობლემები სოფლებში

აჭარის მაღალმთიანეთში თოვის გამო გარკვეული პრობლემებია რიგ სოფლებში. გამგეობების ინფორმაციით ქედის, შუახევისა და ხულოს ზოგიერთ სოფლამდე მისასვლელი გზა თოვლისგან ვერ იწმინდება, ზოგ სოფელში კი მხოლოდ ორხიდიან ავტომობილებს შეუძლიათ ასვლა. გზებს ძირითადად დაბებამდე წმენდენ. პერიოდულად შეზღუდვებია ელექტროენერგიის მიწოდებაშიც. გამგეობებში აცხადებენ, რომ მეწყრული პროცესები არსად განვითარებულა. ხულოს გამგებლის თქმით, სტაბილური ვითარებაა სოფელ ქვემო თხილვანაშიც.

ქედის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფიო ხაბაზის განცხადებით: „მაღალ სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს, დაბაში კი 20 სანტიმეტრამდე აღწევს, დილიდან ათი მიმართულებთ იწმინდება სასოფლო გზები, რაც შეეხება ელექტროენერგიას – მახუნცეთის თემში შვიდ სოფელს და მერისის თემში ერთ სოფელს – ნამონასტრევს, არ მიეწოდება შუქი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ დროისთვის მეწყრული პროცესები არ ფიქსირდება.“

შუახევის მუნიციპალიტეტის  გამგებელი, ტარიელ ებრალიძე: „გუშინ საღამოს დაიწყო თოვა და ამ დროისთვის თოვლის საფარი დაბაში 10 სანტიმეტრი, მაღლობში 30-35 სანტიმეტრია.  ნებისმიერი მიმართულებით ორხიდიან ავტომობილს შეუძლია გადაადგილება, ზოგან  ჯაჭვების დახმარებით. შუქის მიწოდებაში პრობლემა დილით იყო წყალსაყრისა და ბარათაულის თემებში, თუმცა უკვე მოგვარდა. მეწყერი არ განვითარებულა. შტაბი მუშაობს და ნებისმიერ შემთხვევაზე დროულ რეაგირებას განვახორციელებთ“.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბესიკ ბაუჩაძე: „ახლაც თოვს, ბოლო დღეების განმავლობაში მაღალ სოფლებში 70-80, დაბლობში კი 30-40 სანტიმეტრია თოვლის საფარი; გზები იწმინდება ხიხაძირის, ღორჯომის მიმართულებით, იწმინდება დაბა ხულოში ქუჩები, თემების ცენტრებამდე გადაადგილებაში პრობლემა არც ერთი მიმართულებით არ არის, სოფლების შიდა საუბნო გზებზეა გადაადგილების პრობლემა. რადგანაც ინტენსიურად თოვს, ვფიქრობთ, გზები უნდა შევინარჩუნოთ თემის ცენტრებამდე. დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება დაახლოებით 12 სოფელს – საციხურის, ირემაძეების, რიყეთისა და დანისპარაულის თემებში. მიწოდების აღდგენას დაახლოებით ერთ საათში ვარაუდობენ. თხილვანაში კი ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია“.


უამინდობის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 – საათიან რეჟიმში მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 – 100 – 106. საჭიროების შემთხვევაში კი მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომრებზე: 25 93 17; 599 85 15 75; 591 98 32 61; 595 95 87 08.

დიდთოვლობის გამო პრობლემებია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. ქობულეთი-ოზურგეთის მიმართულებით გადაადგილება კი ამ დროისთვის შეფერხებულია და მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა რეკომენდებული.

ზურაბ პატარაძე: ყველა ბათუმელს ვთხოვ, ჩაერთოს ხე-მცენარეების გაწმენდის აქციაში

„ბათუმში მოვიდა უხვი ნალექი თოვლის სახით. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აღინიშნება თოვლის მასა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში და ბათუმში. ყველა სამსახური მობილიზებულია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. საკმარისი რაოდენობაა ტექნიკის. მინდა ყველა ბათუმელს ვთხოვო, გამოვიდნენ საზღვაო პარკში, ბულვარში, თავიანთი სახლების წინ და ჩაერთონ ხე-მცენარეების გაწმენდის აქციაში, დაასუფთაონ, გაწმინდონ ჩვენი ქალაქი. ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ მათ“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ დღეს ბათუმის ბულვარში.

მთავრობის თავმჯდომარემ ბულვარში ხე-მცენარეების თოვლისგან გაწმენდაში, დღეს, 29 იანვარს, ოჯახთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის, ძველ ბულვარში, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიამდე, მრავალწლოვანი ხეები ჩამობერტყილია. “მონიტორინგის შედეგად ბათუმის ბულვარში მძიმე დაზიანებები არ ფიქსირდება, ადგილი აქვს ძირითადად, მრავალწლიანი ნარგავების ტოტების დაზიანებას“.

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის განცხადებით, თოვლის გამო სამსახური საგანგებო  რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, აჭარაში 2 თებერვლამდე ითოვებს.

16402212_10209935647400111_2132946352_n
ბათუმის ბულვარი. 29.01.2017 / აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ფოტო

ბულვარის ადმინისტრაცია: თოვლის გამო მუშაობას საგანგებო მდგომარეობაში ვაგრძელებთ

ბათუმის ბულვარში ხეების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს: „მთელი ღამის განმავლობაში ადმინისტრაციის შესაბამისი მობილური ჯგუფები ხეებისა და დეკორატიული ნარგავების თოვლის საფარისაგან გათავისუფლების სამუშაოებს ახორციელებდნენ. სამუშაოები ამ წუთებშიც უწყვეტად მიმდინარეობს“.

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის განცხადებით, თოვლის გამო სამსახური საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

16388585_10155003895384600_1651344398_o
ფოტო: „ბათუმის ბულვარი“

16409972_10155003696559600_1210672245_o

ამინდის პროგნოზი: აჭარაში 2 თებერვლამდე ითოვებს

აჭარაში თოვა უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება – ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზი. როგორც “ბათუმელებს” ობსერვატორიაში უთხრეს, გამოდარება 2 თებერვლიდანაა მოსალოდნელი.

“29-30 იანვარს აჭარაში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით თოვა, ზოგან ძლიერი. მთაში მოსალოდნელია ქარბუქი და ზვავსაშიშროება. 31 იანვარს ღამით და დღის პირველ ნახევარში თოვის ინტენსივობა იკლებს, დროებით გაუმჯობესდება აიმინდი, მაგრამ 31 იანვარსვე, დღის მეორე ნახევარში და ღამით მოსალოდნელია ისევ ნალექი თოვლის სახით.

გამოდარებას უნდა ველოდოთ 2 თებერვლიდან. 2 თებერვალს უკვე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მაგრამ მოსალოდნელია ყინვის გაძლიერება” – უთხრეს “ბათუმელებს” აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. მათივე მონაცემებით, ზღვაზე შტორმი ამ დროისათვის 4-5 ბალია, ხოლო ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლე 35-50 სანტიმეტრს აღწევს.

 

 

 

დიდთოვლობა ქობულეთში – ოზურგეთის მიმართულებით გადაადგილება შეფერხებულია

ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ქობულეთი-ოზურგეთის მიმართულებით გადაადგილება ამ დროისთვის შეფერხებულია და მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა რეკომენდებული; რაც შეეხება ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალს, იყო შეფერხებები, თუმცა სატრანსპორტო მიმოსვლა უკვე აღდგენილია.

ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი

„თოვლის საფარი ქალაქში 40 სანტიმეტრია, მაღალმთიან სოფლებში კი 60-70სანტიმეტრს აღწევს. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და ელექტრიკოსთა ბრიგადები. მუნიციპალიტეტში 11 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. იწმინდება ცენტრალური გზები როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევესოფლების მიმართულებით“ – აცხადებენ გამგეობაში.

შეზღუდვებია ელექტროენერგიის მიწოდებაშიც. ამ დროისთვის 5 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება დაბა ჩაქვის, ხალას, ჩაისუბნის, კვირიკეს, დაბა ოჩხამურისა და ემტეესის დასახლებაში. „მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. სინოპტიკოსების პროგოზით კი ქობულეთში უამინდობა კიდევ ორ დღეს შენარჩუნდება.“ – აცხადებენ გამგეობაში.

სოფელი ლეღვა, ქობულეთის მუნიციპალიტეტი. 29 იანვარი, 2017 წ.
სოფელი ლეღვა, ქობულეთის მუნიციპალიტეტი. 29 იანვარი, 2017 წ.
ქობულეთი, 29 იანვარი, 2017 წ.
ქობულეთი, 29 იანვარი, 2017 წ.

თოვლიანი დილა ბათუმში [ფოტორეპორტაჟი]

ბათუმში მესამე დღეა თოვს. მიუხედავად იმისა, რომ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, თოვლმა ქალაქის ზოგიერთ უბანში პრობლემები მაინც შექმნა.  ქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა და ტროტუარი თოვლისგან მეტ-ნაკლებად იწმინდება, თუმცა გადაადგილება უჭირთ როგორც ავტომანქანებს, ასევე ქვეითებსაც. თოვლმა ხეებს ტოტებიც დაამტვრია.

123456789101112131415161718192021

ბათუმი, 29.01.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები.

დეპუტატის „წამოცდენა“ და „დაბოღმილი“ სამოქალაქო საზოგადოება

ტარიელ ცეცხლაძე, ჟურნალისტი 

ამ დღეებში უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა ფეისბუქზე სტატუსი დაწერა უმაღლესი საბჭოს დეპუტაციის მხრიდან დახარჯულ დიდი რაოდენობით საწვავზე და არგუმენტები მოიყვანა, თუ რატომ ხარჯავს ერთი დეპუტატი თვეში 400 ლიტრ საწვავს. არგუმენტები, ვაი, რომ არ იყო საფუძვლიანი. ის, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანო ქალაქიდან 15 კილომეტრშია და დეპუტატებს დღეში შეიძლება რამდენჯერმე მოუწიოთ ჩაქვი-ბათუმის გზაზე სიარული, სულაც არ ნიშნავს, რომ თვეში ერთ დეპუტატს 400 ლიტრი საწვავი უნდა მივცეთ და 3000-დან 5000 ლარამდე ხელფასი გადავუხადოთ, 

ეს არაფერი, საწვავის თემასაც მარტივად გადავიტანდით, რომ არა მანქანების თემა. 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატების უმრავლესობას “მიცუბიში აუტლენდერები” ემსახურება. ძალიან მაგარი მანქანებიაო ვერ ვიტყვით, მაგრამ საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ნამდვილად კარგია. ჩვენ, ვინც ვმუშაობთ უმაღლესი საბჭოს თემაზე, კარგად ვიცით, რომ ეს მანქანები შესაკეთებელია ან გამოსაცვლელია, რიგ შემთხვევაში სიძველის, დეპუტატების მხრიდან ცუდი მოპყრობის («ჩემი არაა და სახელმწიფო მაინც შეაკეთებს») ან სხვა ტექნიკური მიზეზების გამო. თუმცა ყიდვის ან შეკეთების შემთხვევაში უნდა დაუსაბუთო გადასახადის გადამხდელებს, რატომ არის საჭიროება და რატომ აჯობებს ერთჯერადად გაიღოს სახელმწიფომ შედარებით მეტი ხარჯი, ვიდრე რამდენიმე წლის მანძილზე.

თუმცა ვალდებულება, რომ აუხსნა ამომრჩეველს, ამას რატომ აკეთებ, იმ შემთხვევაში გექნება, თუკი იგრძნობ, რომ შენ ხარ არჩეული დეპუტატი და არა რჩეული. ჩვენთან კი ჰგონით, რომ ისინი რჩეულები არიან და, შესაბამისად, მოქალაქეების მიმართ ანგარიშვალდებულების გრძნობა არ აქვთ. 

ესეც «არაფერი», მაგრამ როცა დეპუტატი საჯარო სივრცეში საკუთარი კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო საჯარო მოხელეს, რომელიც არა პირდაპირ, მაგრამ ირიბად მის დაქვემდებარებაშია, უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, აი, აქ კი უკვე განგაშის სიგნალი უნდა ჩაირთოს. 

თუკი ავტოპარკის განახლებას გადავწყვეტთ, ეს თქვენთან შეთანხმებას არ საჭიროებს“,  ეს არჩეული დეპუტატის სიტყვებია, რომელიც საჯარო მოხელეს, სამოქალაქო საზოგადოებას თუ უბრალო მოქალაქეს გვეუბნება. ჩვენ არავინ გვეკითხება ჩვენს მიერ გადახდილი თანხით რას იზამს დეპუტატი. მისი ნებაა ივლის პრადოთი თუ ჰამერით. ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გავლა ხომ არავის უნდა. ყველას უნდა ბოლომდე მიიღოს სიამოვნება 4-წლიანი მანდატით და აღარავინ ფიქრობს, რა მოხდება 4 წლის მერე. 

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი არასამთავრობო სექტორიდან ხელისუფლებაში გადასულ, დღეისთვის საჯარო მოხელეს ეუბნება: „თუ მონიტორინგის განხორციელების სურვილი გაქვთ, მაგის გაკეთება საჯარო მოხელის პოზიციის სურვილიდან რთულია, სამოქალაქო სექტორში ყოფნა სჭირდება“. ვითომც არაფერი, ხომ? არადა ეს გზავნილია. რიგითი მოქალაქეები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესმენი და საჯარო მოხელეები – ყველა ვქმნით სამოქალაქო სექტორს. 

რატომ არ შეიძლება საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანს ჰქონდეს კრიტიკული დამოკიდებულება ვინმეს ან რაიმეს მიმართ? მონური მორჩილება აუცილებელი მოთხოვნაა საჯარო მოხელის შერჩევისას?

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის საჯარო მოხელე საფრთხის ქვეშ არაა. თუკი სამუშაოდან გაუშვებენ, ეს უფრო სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი კადრის დაკარგვის პრობლემა იქნება, ვიდრე იმ მოხელის უმუშევრად დარჩენა, თუმცა ეს კომენტარი, ალბათ, უფრო სხვა მიზანს ისახავდა. საჯარო მოხელეები, რომლებიც ამ კომენტარს წაიკითხავდნენ, მიხვდებოდნენ, რომ მათთვისვე აჯობებს ჩუმად იყვნენ, ვიდრე საკუთარი პოზიცია ან აზრი ჰქონდეთ.

აქამდე არ მივიდოდა საქმე თუკი იგრძნობდნენ, რომ დეპუტატები არიან არჩეულები და არა რჩეულები. ალბათ უპრიანი იქნება ორივე მხარე არგუმენტებით საუბრობდეს და განსხვავებული აზრის მქონეს დაუსაბუთო, რომ არ არის სწორი, მაგრამ ისევ მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებამდე მივდივართ, რაც ჩვენთან უცხო ხილია. 

კიდევ იცით რა განაცხადა დეპუტატმა? – ვინც დეპუტატებსა და მთავრობას აკრიტიკებს დაბოღმილები ხართო.

ვინც ხელფასებზე, პრემიებზე და მანქანებზე და მსგავს რამეებზე პრეტენზიას გამოხატავს, ჩემი მოკრძალებული აზრით აქ ძირითადად არის შურის მომენტი. ადამიანები დაბოღმილები არიან, რომ თვითონ არ არიან მსგავს პოზიციებზე, არ აქვთ მსგავსი ხელფასი და ასე შემდეგ და აპროტესტებენ გამწარებულები ამ ყველაფერს, მაგრამ საკმაოდ კარგად ნიღბავენ თითქოს ბიუჯეტის ხარჯვის შემცირება აინტერესებთ“.

ანუ, ვისაც გვაქვს კითხვა, რატომ ხარჯავს დეპუტატი ბათუმიდან ჩაქვამდე სიარულში თვეში 400 ლიტრ ბენზინს, რა დამსახურებისთვის იღებს სახელფასო დანამატს, რა მიზნით დადის უცხოეთში მივლინებაში, პასუხად გვეუბნებიან, რომ ბოღმიანები ვართ. და ეს ბრალდება იმ საკანონმდებლო ორგანოს მხრიდანაა, რომელსაც ბოლო ოთხ წელიწადში 20 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული და არც ერთი კანონი არ აქვს მიღებული. 

ზოგი იტყვის, რა მოხდა, ფეისბუქზე რაღაც დაწერა დეპუტატმა, არ ღირს ყურადღების გამახვილებადო. არადა, ასეთი წამოცდენა უფრო მეტად გულწრფელია და მხოლოდ ამ ერთი დეპუტატის პოზიციას არ წარმოადგენს. ფეისბუქი კი კარგა ხანია საჯარო სივრცეა და ისეთივე ძალა აქვს, როგორც მედიას, თუმცა ალბათ ბევრისთვის იგი კვლავაც პრივატულ სივრცედ რჩება, შესაბამისად, ადამიანების გულახდილობის ხარისხი ფეისბუქკომენტარში უფრო მაღალია, ვიდრე კამერების წინ, როცა პოლიტიკოსები უფრო მოზომილები და არაგულწრფელები არიან. 

ეს პრობლემები ახალი არაა. ყოველთვის იგივე დამოკიდებულება ჰქონდათ რჩეულ დეპუტატებს. ჩვენ კი, ვინც დაბოღმილებად კიდევ ერთხელ მოგვნათლეს, დროა რეალობას გავუსწოროთ თვალი – ჩვენ წრეზე ვტრიალებთ, მოდიან ახალი დეპუტატები ძველი მიდგომებით. მთავარია, არ დავკარგოთ შეგრძნება, რომ ხელისუფლება ეკუთვნის საზოგადოებას და არა საზოგადოება ხელისუფლებას.  

უამინდობა ქობულეთსა და ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის გამგეობის ინფორმაციით, საავტომობილო გზების თოვლისგან გაწმენდა ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის 20 სოფელში მიმდინარეობს: „ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია. ამჟამად ცენტრებიდან სოფლებში შესასვლელი გზები იწმინდება“.

„უამინდობის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში  მობილიზებულია სპეციალური ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება. შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ხელვაჩაურში მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 – 100 – 106. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომრებზე: 25 93 17; 599 85 15 75; 591 98 32 61; 595 95 87 08“ – აცხადებენ გამგეობის პრესსამსახურში.

ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის თოვს, თუმცა რაიმე შეტყობინება უამინდობით გამოშექმნილი პრობლემების შესახებ მუნიციპალიტეტის სოფლებიდან არ აქვთ: „დილით ქობულეთში არ თოვდა, ახლა თოვს, თუმცა რაიმე საგანგაშო მდგომარეობა არ არის. გზები სპეცტექნიკით ამ დროისთვის იწმინდება ხუთი მიმართულებით: საჩინო, ქაქუთი, აჭყვისთავი, კვირიკე და სოფელ ქობულეთი-ჭახათის მიმართულებით“.

 


ფოტო: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი.

 

ბათუმის მერია: თოვლის გამო საგანგებო შტაბის შექმნის აუცილებლობა არ არის

ბათუმის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები დილიდან ახორციელებენ გზებისა და ტროტუარების თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს. პარალელურად მიმდინარეობს ცხაურებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდა. ტექნიკური მარილი დაიყარა ძველ ბათუმში, ბარცხანის ხიდზე, ფარნავაზ მეფისა და გორგასალის ქუჩებზე.

ბათუმის მერიამ ასევე გაავრცელა განცხადება, რომ მოქალაქეებმა„ თავი შეიკავონ ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან, რათა სრულყოფილად განხორციელდეს გზებზე ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები“.

დღეს დილიდან ქალაქში ინტენსიურად თოვს.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯერჯერობით რაიმე საგანგებო შტაბის შექმნის, თუ ცხელი ხაზის ამოქმედების აუცილებლობა არ დგას. „თუ საჭირო გახდა დამატებით მივაწვდით ინფორმაციას მოსახლეობას. ამ დროისთვის თოვლს რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა ქალაქში არ შეუქმნია“ – გვითხრეს პრესსამსახურში.

ბათუმში თოვა გუშინ, 27 იანვარს, დაიწყო. გუშინვე დაიწყო ქალაქის თოვლისგან გაწმენდა.

IMG_20170128_134445
ბათუმი. 28.01.2017. მემედ აბაშიძის გამზირზე ტექნიკური მარილი დაყარეს / ფოტო: თედო ჯორბენაძე

IMG_20170128_135510

ბულვარში ხეებს თოვლისგან წმენდენ

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ბათუმის ბულვარში ხეები თოვლისგან იწმინდება. „ადმინისტრაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია ტექნიკური ზედამხედველობისა და აგრონომიული სამსახურის მობილური ჯგუფები“- აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოებში ბულვარის 60-მდე თანამშრომელია ჩართული: „გაწმენდითი სამუშაოები თოვის ინტენსივობის შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება“.

ბათუმი. 2017 წლის 28 იანვარი.
ბათუმი. 2017 წლის 28 იანვარი / ფოტო: „ბათუმის ბულვარი“

რა ვითარებაა აჭარის მაღალმთიანეთში

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია, დაბებში თოვლის ახალი საფარი ხუთ, მაღალმთიან სოფლებში კი 15-20 სანტიმეტრს აღწევს.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფიო ხაბაზის ინფორმაციით, ისეთ მაღალ სოფლებში, როგორიცაა უჩხითი და ზუნდაგა, უხვი ნალექის გამო გზები გუშინ გაიწმინდა: „ამ დროისთვის გადაადგილებაში პრობლემა არც ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზეა და არც შიდა სასოფლო გზებზე, ქედის მუნიციპალიტეტში“.

ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ ამ დროისთვის თოვამ გადაიღო, გადაადგილების და შუქის მიწოდების პრობლემა მუნიციპალიტეტში არ არის. გუშინ მაღალ სოფლებში 10-15, დაბაში კი 5 სანტიმეტრამდე თოვლი მოვიდა, გავწმინდეთ სხვადასხვა მიმართულებებით სასოფლო გზები. მხოლოდ ერთი პრობლემაა, ტემპერატურის ვარდნასთან ერთად გზები მოიყინა და გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე არ არის რეკომენდირებული, განსაკუთრებით ბაკი-ბაკოს, ღურტისა და ღორჯომის მიმართულებით“.

სიტუაცია უცვლელია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაშიც, სადაც 10 იანვარს მეწყერი განვითარდა, რის გამოც მთელ სოფელს საფრთხე ემუქრება.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელის, ტარიელ ებრალიძის განცხადებით, ამ დროისთვის ბათუმში უფრო დიდია თოვლის საფარი, ვიდრე შუახევის ცენტრში: „შუახევის დაბაში 3, მაღლობში კი 5-7 სანტიმეტრამდე აღწევს თოვლის საფარი, მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის არანაირი პრობლემა არ არის, მოვლენები კონტროლს ექვემდებარება“.

დარჩებიან თუ არა „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმები უხელფასოდ

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ  მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბათუმის „რესპუბლიკური საავადმყოფო“ 6 თვით მუშაობას შეაჩერებს [შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ 100% წილის მფობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა].

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, საავადმყოფოს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ სამედიცინო პერსონალი ინფორმირებული არ იყო. დარჩება თუ არა დასაქმებული პერსონალი  ხელფასის გარეშე და რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს საავადმყოფოს დირექტორი?  „ბათუმელებთან“ განმარტებებს აკეთებს შპს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორი მალხაზ ხალვაში.

ბატონო მალხაზ, რამდენი ადამიანია „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ დასაქმებული ექიმების ჩათვლით?

500-ზე მეტი.

6 თვის მანძილზე ისინი ხელფასს მიიღებენ თუ კომპენსაციას?

ჯერ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, როგორც წყვეტის პერიოდზე, ასევე სხვა დანარჩენ ქმედებებზე. დაწყებულია უბრალოდ ამ თემაზე მუშა პროცესი.

თუ გადაწყვეტილება არ იყო მიღებული, მინისტრმა რაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ საავადმყოფო მუშაობას შეწყვეტს?

შეწყვეტა გამოწვეულია მშენებლობით, არსებობს გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვით კორპუსის ნაწილი უნდა დაინგრეს, რომ იქ სხვა შენობები აშენდეს. ამიტომ, გარკვეული წყვეტა გარდაუვალია, თუმცა რამდენი თვის მანძილზე იქნება წყვეტა, ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ ვართ.

თუკი მშენებლობა ექვს თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება, მაშინ რა იქნება?

თანამშრომლების საკმაოდ დიდი ნაწილი შემთავსებელია და ისინი სხვა საავადმყოფოებშიც მუშაობენ.  რა თქმა უნდა ექიმების გარდა არის სხვა პერსონალიც, – ადმინისტრაცია, სამეურნეო ნაწილი და ა.შ.  ამიტომ მათთან მიმართებაში ჯანდაცვის სამინისტრო და ზოგადად მთავრობა, დგას კანონმდებლობის და შრომის კოდექსის შესრულების გარანტად.

შრომის კოდექსი გაძლევთ უფლებას რომ ექვსი, ან მეტი თვის განმავლობაში თანამშრომელი დატოვოთ ანაზღაურების გარეშე?

ამისთვის არ ვარ მზად რომ გიპასუხოთ. გააჩნია მუშაობის შეწყვეტის ფორმას. კანონში სხვადასხვანაირად წერია, იმ შემთხვევაში თუკი მიდის ლიკვიდაცია აუცილებელია პერსონალის ორი თვით ადრე გაფრთხილება, იმ შემთხვევაში თუ ხდება რეორგანიზაცია, აქაც საჭიროა თანამშრომლების წინასწარ გაფრთხილება და გარკვეული კომპენსაციის გადახდა.

მაგრამ, რამდენადაც ვიცით, ეს არც რეორგანიზაციაა და არც ლიკვდაცია.

გამომდინარე იქედან რომ ეს ხალხი ჩვენი თანამშრომლებია და ვსაუბრობთ მედიკოსებზე, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“  და ემსახურებიან პაციენტებს, ყველა მათგანის ბედი იქნება ძალიან ფრთხილად  გადაწყვეტილი.  იმ კვირში იქნება შეხვედრა თანამშრომლებთან ფინანსთა და ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრების, შემდეგ იქნება, ალბათ, შეხვედრები მშენებლებთან, იურისტებთან და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება თანამშრომლებთან მიმართებაშიც.

ბატონო მალხაზ, საავადმყოფოს მუშაობის შეწყვეტის შემთხვევაში თქვენ  თუ აიღებთ ხელფასს?

იმ შემთხვევაში, თუკი ხელფასი ყველა თანამშრომელზე გაიცემა, მეც ავიღებ და თუ არ გაიცემა, შესაბამისად, მეც დაჩაგრული ვიქნები და ყველას ერთად გვეტკინება გული.

სამუშაოს განახლების შემდეგ, ყველა თანამშრომელი დაბრუნდება, თუ ახალი ხელშეკრულებები გაფორმდება?

ახალი კორპუსი პრინციპულად სხვანაირადაა დაგეგმილი, თანამშრომლების რაოდენობა, ალბათ, იმაზე მეტი დაგვჭირდება ვიდრე გვყავს, ამიტომ დაბრუნების პრობლემა არ იქნება. რა თქმა უნდა, გარკვეული კომპეტენციების გადამოწმება მოხდება, იქნება სწავლება, გადამზადების პროცესი, მაგრამ შემცირებაზე არ არის საუბარი.

შსს: საპოლიციო კონტროლის დროს ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 26-27 იანვარს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა, რომლის დროსაც სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 57 დანაშაული, მათ შორის:

  • ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 9 ფაქტი;
  • ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 15 ფაქტი;
  • ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა-გატანის (სსკ-ს 262-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
  • სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) – 2 ფაქტი;
  • პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის (სსკ-ს 353-ე მუხლი) – 3 ფაქტი;
  • ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
  • ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლი) – 3 ფაქტი;
  • ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – 5 ფაქტი;
  • ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
  • პოლიციამ 2 ძებნილი პირი დააკავა.
  • დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 883 შემთხვევა, მათ შორის:
  • ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ს 45-ე მუხლი) – 28 ფაქტი;
  • წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) – 9 ფაქტი;
  • პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) – 21 ფაქტი;
  • პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) – 13 ფაქტი;
  • ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 21 ფაქტი.

შსს-ს ცნობით, საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა ასევე სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 პისტოლეტი, 2 შაშხანა, 1 რევოლვერი, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 სანადირო თოფი, 3 ხელყუმბარა, 1 დეტონატორი, 300 გრამი ტროტილი და 122 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა.

ასევე, ამოღებულია: 3 შეკვრა ჰეროინი, 1 შეკვრა „ბიო“, 100 აბი „გერალგინი“, 1 შეკვრა ამფეტამინი; 1 შეკვრა „მდმა“ და სხვა.

სამინისტროს ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 16, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 36 პირი დააკავეს.

დეპუტატის შენიშვნას საჯარო მოხელე ზეწოლად არ აფასებს

„მოდით რა, ყველამ მივხედოთ ჩვენს საქმეს. თუ მონიტორინგის განხორციელების სურვილი გაქვთ, მაგის გაკეთება საჯარო მოხელის პოზიციიდან რთულია, მაგას სამოქალაქო სექტორში ყოფნა სჭირდება“, – ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლადო მგალობლიშვილი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის, ირინე ურუშაძის კომენტარს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ირინე ურუშაძე მას შემდეგ გამოეხმაურა ლადო მგალობლიშვილს ფეისბუქზე, რაც დეპუტატმა  ვრცელი განმარტებით გააზიარა  „ბათუმელების“ სტატია უმაღლესი საბჭოს ავტომანქანების ხარჯების შესახებ.

16326896_1327064720647918_350599289_o

უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ლადო მგალობლიშვილის მიმართვა ირინე ურუშაძისადმი ფეისბუქზევე შეაფასეს, როგორც მინიშნება და ზეწოლა საჯარო მოხელეზე განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო, რასაც ლადო მგალობლიშვილი არ დაეთანხმა. დეპუტატმა მოგვიანებით გაზიარებული მასალა საერთოდ წაშალა ფეისბუქის გვერდიდან.

როგორ აფასებს ამას თავად ირინე ურუშაძე, რომელიც პროფესიით იურისტია და საჯარო სამსახურში მუშაობამდე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი იყო? – იგი ამბობს, რომ ლადო მგალობლიშვილს კარგად იცნობს და მისი კომენტარი ზეწოლად არ აღუქვამს, თუმცა, მისი აზრით, აქ სხვა ტიპის პრობლემა იკვეთება:

„იმდენად ზეწოლას ვერ ვხედავ, რამდენადაც იმას, რომ თუნდაც საჯარო მოხელემ თურმე არ შეიძლება აკონტროლოს ხელისუფლება, რომ საჯარო მოხელე არ უნდა იყოს…  კრიტიკულსაც ვერ ვიტყვი, არ უნდა ჰქონდეს საჯარო მოხელეს „ვოჩდოგის“ ფუნქცია, რომ რაღაც თუ არ მოეწონა, თქვას. საჯარო მოხელე სამოქალაქო სექტორის ნაწილია და სამოქალაქო სექტორი მაინც და მაინც „ენჯეოებს“ არ ნიშნავს. სამოქალაქო სექტორი ნიშნავს აქტიურ მოქალაქეებს. აქ უფრო ვხედავ პრობლემას.

ჩემი აზრით, ნებისმიერ მოქალაქეს არათუ შეუძლია [აკონტროლოს ხელისუფლება], არამედ უნდა აკეთოს ეს. მხოლოდ „ენჯეოებმა“ კი არ უნდა აიღონ საკუთარ თავზე ბიუჯეტის კონტროლი, არამედ მთელმა საზოგადოებამ. მითუმეტეს საჯარო მოხელემ, რომელმაც უკეთ იცის რას ნიშნავს ბიუჯეტის ხარჯვა. მე არასამთავრობო ორგანიზაციაშიც მიმუშავია და  საჯარო სამსახურშიც, გაცილებით მეტი იცი, როცა საჯარო სამსახურში ხარ, ტექნიკურად რა ხდება, როგორ იგეგმება, როგორ სრულდება ბიუჯეტი. უფრო კარგად შეძლებს საჯარო მოხელე ამის კონტროლს და უფრო ადვილად იტყვის რა პრობლემებია, რადგან გამოცდილებით იცის, სად რა შეიძლება გაკეთდეს.“

კითხვაზე, სხვა საჯარო მოხელეს როგორ შეეძლო აღექვა უმაღლესი საბჭოს წევრისგან მსგავსი კომენტარი, ირინე ურუშაძე ამბობს, რომ ეს ადრესატზე უფროა დამოკიდებული:

„თუ სხვა საჯარო მოხელე ამას ზეწოლად აღიქვამდა, ალბათ უფრო იმიტომ, რომ თვითონ ექნებოდა რაღაც დამოკიდებულება, თვითცენზურის მსგავსი. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა“.

_________________________________

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ლადო მგალობლიშვილისთვის ბიუჯეტით დაფინანსებული ორგანიზაციის თანამშრომლების მხრიდან კრიტიკული დამოკიდებულება მიუღებელია.

ლადო მგალობლიშვილი
ლადო მგალობლიშვილი

გასული წლის ივნისში ლადო მგალობლიშვილმა, რომელიც მაშინ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე იყო, საგანგებო ბრიფინგი გამართა  და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, შაბათს, დასვენების დღეს პედაგოგებისათვის გამართულ ტრენინგზე, სადაც სკაიპით ჩაერთო ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბათუმელი პედაგოგები თაღლითური გზით მიიყვანეს. მაშინ ერთ-ერთმა პედაგოგმა, რომელიც ამ ტრენიგს ესწრებოდა, „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ სკოლაში ამ ტრენინგზე ყოფნის შემდეგ ახსნა-განმარტებითი ბარათის დაწერა მოსთხოვეს.

„…პრობლემა ყველა ხელისუფლებას აქვს, რადგან ცდილობენ პედაგოგები, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანები თუ ის პირები, რომლებიც საქმიანობენ სახელმწიფოს მიერ დაქვემდებარებულ უწყებებში, გამოიყენონ მათი პოლიტიკური მიზნებისთვის. …ცდუნება აქვს ყველა ხელისუფლებას, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ვერც წინა ხელისუფლების შეცდომებზე ისწავლა მმართველმა გუნდმა და არც საკუთარი შეცდომებიდან მიიღო მაგალითი“ – აღნიშნა მაშინ „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერმა მალხაზ ჭკადუამ „ბათუმელებთან“ ფაქტის შეფასებისას.

როცა პროკურორის ვინაობა საიდუმლოა

„პროკურორს რა უნდა ჰქონდეს დასამალი? რა ლეგიტიმური მიზანი არსებობს იმისთვის, რომ პროკურორის ვინაობა დაიშტრიხოს?“, – ეს კითხვა დღეს მოსამართლე მერაბ ტურავამ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელს დაუსვა. საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს სარჩელს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს ნებისმიერ ღია სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას დაინტერესებული პირი ისე გაეცნობა, რომ იქ დაშტრიხული აღარ იქნება: პროკურორი, მსჯავრდებული, ან პროცესში მონაწილე რომელიმე სხვა პირი.

დღეს არსებული პრაქტიკით, სასამართლოების ერთი ნაწილი, პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, ასაიდუმლოებს ნებისმიერი პირის შესახებ ინფორმაციას, ვისზეც სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის საუბარი.

„ჩვენ მიგვიღია სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის ვინაობაც კი იყო დაშტრიხული“, – ამბობს ნინო მერებაშვილი, „ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი.

ეს ორგანიზაცია „მედიის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ ერთად ასაჩივრებს ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის სხვადასხვა მუხლს, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროვების დროს, პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემის დაფარვის საშუალებას იძლევა.

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ამ რეგულაციებით ირღვევა „საქართველოს კონსტიტუციის“ 41-ე მუხლი, სადაც წერია:

„საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“.

ნინო მერებაშვილის არგუმენტი მარტივია: ვინაიდან სასამართლოს სხდომა არის ღია და საჯარო, ხელმისაწვდომი უნდა იყოს მონაცემი ამ პროცესში მონაწილე ნებისმიერი პირის შესახებ.

„გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია, რომელიმე მხარემ მოითხოვოს სხდომის დახურვა. ამ დროს გასაგებია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მაინდენტიფიცირებელი მონაცემები დაიფარება,“- გვიყვება იურისტი ნინო მერებაშვილი.

„ეს არის ზოგადი ლეგიტიმური მიზანი, ეს არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინტერესი“, – ეს პასუხი პარლამენტის წარმომადგენელმა მოსამართლე მერაბ ტურავას გასცა.

პარლამენტის იურისტმა შემდეგი სხდომისთვის პასუხის გასაცემად მოსამართლის, მაია კოპალეიშვილის შეკითხვაც ჩაინიშნა:

„თუკი თვლით, რომ ეს პრივატული სფეროა, მაშინ მოსამართლე რატომ აცხადებს გადაწყვეტილებას საქართველოს სახელით? და კიდევ: არ ფიქრობთ, რომ ინფორმაციის თავისუფლების უფლების წართმევაა ეს?“

სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

ქედის საკრებულო 15 ათასი ლარით დააფინანსებს წიგნს – „დედაო ჩემო ქედავ“

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა დღეს, დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიდო. სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორმა წევრმა – ვაჟა ბოლქვაძემ და ბაქარ ბარამიძემ დატოვეს.

დეპუტატების პროტესტის მიზეზი დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი აღმოჩნდა – ქედის საკრებულოს 2017 წლის ქედის ბიუჯეტში ცვლილებები უნდა დაემტკიცებინა.

„ბიუჯეტში ცვლილების ისე შეაქვთ, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ მომხდარა, ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ. მოვითხოვეთ ადმინისტრაციული წარმოება მომხდარიყო და მერე მიეღოთ ცვლილებები ბიუჯეტში“, – თქვა ვაჟა ბოლქვაძემ.

მას შემდეგ, რაც ორმა დეპუტატმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, სხდომათა დარბაზში დარჩა 12 დეპუტატი. ეს რაოდენობა არასაკმარისი იყო იმისათვის, რომ საკრებულოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხზე ემსჯელა.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ცინცაძემ სხდომის გადადების თაობაზე მხოლოდ ის თქვა, რომ კონსულტაციები იყო გასავლელი. მოგვიანებით, სხდომა განახლდა უკვე 15 დეპუტატის მონაწილეობით [საკრებულოში უმრავლესობის ის სამი წევრი მოვიდა, რომლებიც თავდაპირველად სხდომას არ ესწრებოდნენ] და ქედის ბიუჯეტში ცვლილებებიც შევიდა: ამ ცვლილებებით გადაწყდა, რომ  ქედის გამგეობა წყალკანალს მანქანას უყიდის; გარდა ამისა, 15 000 ლარით დააფინასებს წიგნს – „დედაო ჩემო ქედავ“. ამ თანხით  500 ცალი წიგნი დაიბეჭდება, რომლის ავტორიც არის ადგილობრივი მწერალი შალვა აბაშიძე.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის, ჯემალ ტაკიძის განმარტებით, ბიუჯეტში ცვლილებების გატარების აუცილებლობა, ძირითადად, გარდამავალმა პროექტებმა გამოიწვია:

„137 000 ლარის გარდამავალი პროექტი იყო, სულ რვა პროექტი. მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული პროექტი – 32 000 ლარი დაბის კეთილმოწყობის პროექტია, ასევე აუცილებელი იყო წყალკანალისთვის ავტომობილის შეძენა, რაზეც 15 000 ლარი გამოვყეთ; 15 000 ლარიც წიგნის გამოსაცემად გაიწერა“.

ქედის საკრებულოში სულ 24 წევრი მუშაობს, მათი უმრავლესობა მმართველ პარტიას – “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს.

ქედის საკრებულო
ქედის საკრებულო

 

თურქეთში დასაქმებული: ყველას დაგვაკლეს ხელფასები

ქართველმა ქალებმა, რომლებიც თურქეთის ქალაქ სტამბულსა და მის შემოგარენში მუშაობენ, „ბათუმელებს“ აცნობეს, რომ ბოლო ორი თვეა მათ და მათ ყველა ნაცნობს დამსაქმებლებმა 80-100 დოლარით შეუმცირეს ხელფასები. მათივე თქმით, დამსაქმებლებმა ანაზღაურების გადახდა დაიწყეს დოლარის ნაცვლად ლირებში, მაშინ, როცა ლირა დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად უფასურდება.

ბათუმელი ქეთი შაინიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც უკვე შვიდი წელია სტამბულში, ერთ-ერთ ოჯახში მუშაობს. ის ამბობს, რომ ამ გარემოში თავდაპირველად დედა მუშაობდა, ბოლოს კი თავად ჩაენაცვლა, რადგან დედას აღარ შეეძლო.

„ცოტა ხნის წინ ჩემმა „პატრონმა“ მითხრა, რომ 700-ის ნაცვლად 620 დოლარს გადამიხდიდა, თანაც ლირებში. გვითხრეს, რომ ეკონომიკური კრიზისია და მეტს ვერ გადაიხდიან“, – ამბობს ქეთი.

ქეთის, ისე როგორც სტამბულში დასაქმებულ სხვა ქართველებს, ეს ტენდენცია აშინებთ, რადგან ფიქრობენ, რომ საქართველოში დაბრუნება მათთვის სრულ უმუშევრობას ნიშნავს, მაგრამ თურქეთში დარჩენაც აღარ უღირთ: „უკვე ჩემი ორი ნაცნობი დაბრუნდა საქართველოში. პატრონებმა უთხრეს, რომ ხელფასს უმცირებენ და პასპორტის ფულსაც არ გადაუხდიან. აქ ერთი წლით ბინადრობის და მუშაობის უფლება რომ მოიპოვო, 1800 ლირა უნდა გადაიხადო პასპორტში. აქამდე ამ თანხას დამსაქმებელი იხდიდა, ახლა ამბობენ, რომ ჩვენ უნდა გადავიხადოთ. მე, მაგალითად, ნახევარი გადავიხადე და ნახევარი დიასახლისმა, მაგრამ ვისაც ამაზე უარი უთხრეს, ვეღარ გაჩერდნენ, რადგან თავისთვის აღარაფერი დარჩებოდათ“.

ქეთი ყვება იმის შესახებაც, რომ თურქეთში ყველა სახის პროდუქტზე ფასები გაიზარდა, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს: „პური 5 მილიონით გაძვირდა, საწვავი – 45 მილიონით. განსაკუთრებით გაძვირდა ხილი და ბოსტნეული – 15 მილიონით. ასეთ დროს კი ხელფასებს გვაკლებენ. მე აქ ექვს თვეს კიდევ დავრჩები, რადგან პასპორტის ფული გადახდილი მაქვს, მაგრამ ის ხალხი, ვინც სამი თვით ჩამოდის, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში არიან, გზის ფულსა და სხვა ხარჯებს თუ გამოაკლებ, ფაქტობრივად, არაფერი რჩებათ“.

ქეთი ამბობს, რომ მის ქართველ ნაცნობებს სახლში დაბრუნება აქვთ გადაწყვეტილი: „გარდა საეკლესიო დღესასწაულებისა გარეთ არ გავდივარ. აქ გვაქვს ქართული ეკლესია და იქ მივდივარ მოსალოცად. სხვა გართობა და დასვენება ჩვენ არ გვაქვს. შვილებისგან იმიტომ ვართ მოშორებით, რომ საქართველოში სამუშაო ვერ ვნახეთ. ახლა კი ამ სამუშაოს დაკარგვაც გვემუქრება“.

40 წლის ქეთი შაინიძის შვილები და მეუღლე საქართველოში ცხოვრობენ.

აჭარის მთავრობის შერჩევითი პირობები ბიზნესმენებისთვის 

აჭარის მთავრობა ბათუმის სასოფლო-სამურნეო ინსტიტუტის ორ შენობას და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთებს ფორმალურად პირობით და ფაქტობრივად უპირობოდ ყიდის. მაშინ, როცა ანალოგიური მასშტაბისა და მდებარეობის ქონება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ცოტა ხნის წინ, გაცილებით უფრო სარფინად გაყიდა და ინვესტორს სახელწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებებიც დეტალურად, გეგმა-გრაფიკით გაუწერა.

ინფორმაცია, რომ აღნიშნული ქონებით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული, საკითხზე ინფორმირებული პირების ნათქვამს ემყარება. ადგილობრივები კი ყვებიან, რომ იქაურობას ყოფილი პრემიერი ძმასთან ერთად რამდენიმეჯერ სტუმრობდა.

შესაბამისად, აქტუალურია კითხვა, ხომ არ აყენებს სახელმწიფო მათ შორის ბიზნესმენებსაც არათანაბარ პირობებში? ამ კითხვის პასუხი შეიძლება ვიპოვოთ აუქციონის პირობებში, რომელიც უკვე გამოაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ მწვანე კონცხზე – უწყება სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ორ შენობასა და მასზე დამაგრებულ მიწის ფართობს 4 მილიონ 500 ათას ლარად, ფორმალურად პირობებით და ფაქტობრივად უპირობოდ ყიდის.

ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა. მწვანე კონცხი.
ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა. მწვანე კონცხი.

ამ შემთხვევაში პირობები ასე გამოიყურება: ხელშეკრულების გაფორმებიდან ოცდაათი დღის ვადაში ნასყიდობის საფასურის ნაწილის – 3 000 000 ლარის ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ბიუჯეტში, ხოლო დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის ბიუჯეტში გადახდა; ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე არანაკლებ 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

ქონების ახალ მესაკუთრეს არც ერთი ადამიანის დასაქმება არ ევალება, მაშინ როცა მსგავსი პირობა თითქმის ყველა აუქციონის მოთხოვნაშია ჩადებული. შესაბამისად, ინსტიტუტის ქონების შემძენი ინვესტორი გაცილებით მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე სხვა ინვესტორები, რომლებმაც თითქმის ანალოგიურ ქონებაზე გაცილებით მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელონ და პირობებიც შეასრულონ.

ამის მაგალითად გამოდგება თუნდაც შპს „სტატოტელი“, რომელმაც მახინჯაურისა და პანსიონატ მზისურის ტერიტორიები პირდაპირი მიყიდვის წესით და პირობებით 3 მილიონ 900 ათას ლარად შეისყიდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, მწვანე კონცხის აუქციონისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ინვესტორს დეტალურად გაუწერა, თუ როდის, როგორ და რა ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას „მზიურის“ ტერიტორიაზე.

ხელშეკრულების მიხედვით, „მზიურის“ ტერიტორიაზე 100-ნომრიანი სასტუმრო 38 თვეში, ხოლო სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი დაწესებულებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა, „მახინჯაურის“ ტერიტორიაზე [„გოგირდის აბანოები“] ექსპლუატაციაში 42 თვეში უნდა შევიდეს. მესაკუთრემ უნდა დაასაქმოს 120 მოქალაქე და ობიექტებს პროფილი 10 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს. კომპანიამ 3370 კვ/მ-ზე, 42 თვეში უნდა მოაწყოს სარეკრეაციო ზონაც. ამ ყველაფერში კი „სტატოტელმა“ 10 მილიონი დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ამ ამბის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ისაა, რომ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მწვანე კონცხზე არსებული უნივერსიტეტის ქონების საწყისი ფასი 4 მილიონ 500 ათასი ლარია. შესაბამისად, საწყისი ფასის მიხედვით, ინვესტორს ზღვისპირა ზოლში, 1 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთში 330 ლარის გადახდა მოუწევს. მაშინ, როდესაც, გასულ კვირას, ბათუმში, ჭაობის დასახლებაში [26 მაისისა და ბადრატიონის ქუჩების კვეთა], ანუ იმ უბანში, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა არც კი არსებობს, მერიამ ერთი კვარდრატული მეტრი 1016 ლარად გაყიდა. ამ ქონების საწყისი ფასი 18 500 ლარი იყო, ვაჭრობს შემდეგ კი მყიდველმა მასში 92 500 ლარი გადაიხადა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურისტის გელა ცინცაძის მტკიცებით, უსაფუძვლოა ეჭვი, რომ აუქციონი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის შენობებსა და მიწის ნაკვეთებზე, კონკრეტულ პირზეა მორგებული:

„პირობები გაწერილია საპრივატიზებო საფასურის გადახდასთან, ასევე ხუთი მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკაშირებით. გარდა ამისა, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადა შემცირებულია, შესაბამისად, იმის თქმა, რომ აუქციონი გამოცხადებულია საიმისოდ, რომ ვიღაცას მოეგო, სწორი არ არის. აუქციონი თავის თავში გულისხმობს გამჭვირვალე პროცესს, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ეს ვერ ჩააყენებს დაინტერესებულ პირებს არათანაბარ მდგომარეობაში. სააუქციონო პირობა ყველასთვის ერთიანია. ეს არის ელექტრონული აუქციონი, სადაც სამინისტრო ვერც კი ხედავს თუ ვინ ვაჭრობს. ამის ორგანიზებას აკეთებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, ჩვენ გამარჯვებულს ვგებულობთ მხოლოდ აუქციონის დასრულების შემდგომ. რატომ ხუთი მილიონი და არა მეტი? – იქ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება ვერც კი გამოიყენოს ინვესტორმა მშენებლობისთვის. მართალია 13 650 კვადრატული მეტრია, მაგრამ ნაწილი არავაკე ტერიტორიაა, ამიტომ შემდგომში რომ არ წარმოიქმნას პრობლემა, ამის გათვალისწინებითაც იქნა მიღებული გადაწყვეტიელბა. გეოლოგიური კვლევაა ჩასატარებელი, თუ რამდენად შესაძლებელია იქ მასშტაბური მშენებლობის წამოწყება.“

პირობიანი აუქციონი სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორის ერთგვარი კონტროლის მექანიზმია, რომელიც უმეტესწილად მოიცავს გეგმა-გრაფიკსაც, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ინვესტორი შეიძლება დაჯარიმდეს, თუ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მის მიმართ კეთილ ნებას არ გამოხატავს, აპატიებს და აღებული ვალდებულების შესრულების ვადებს არ გადაუვადებს. ამის უფლებას მთავრობის თავმჯდომარეს კანონმდებლობა ანიჭებს.

შესაბამისად, მთავრობა მოტივირებულია კარგად გაწეროს პირობები და მიიღოს მაქსიმუმი. „ბათუმელებმა“ რამდენიმეჯერ მოამზადა სტატია ბიზნესმენებზე, რომლებიც პირობების შეუსრულებლობისთვის დააჯარიმეს. ასევე მათზეც, რომლებსაც აპატიეს. ამ ფაქტებს თუ გავაანალიზებთ, სახელმწიფო ქონებით დაინტერესებული ხელსაყრელი პირობების მიმღები პირები, ძირითადად, მთავრობასთან არიან დაახლოებულები, ან სახელისუფლებო პარტიის შემწირველები არიან, ან სულაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილია.

ქონების აუქციონის წესით გასხვისებამ, ბიუჯეტში მეტი შენატანი, პირობების დაწესებამ კი სასურველი ინფრასტრუქტურის შექმნის გარდა, ინვესტორის კონტროლის შესაძლებლობა უნდა უზრუნველყოს, რაც სამუშაო ადგილების შექმნასაც ითვალისწინებს.

თუმცა, მწვანე კონცხის შემთხვევაში ხელისუფლებას მინიმალური მოთხოვნები აქვს და მცირედით კმაყოფილდება.

გამგებლის წარმომადგენლის თქმით, სოფელ თხილვანას ოთხკაციანი ჯგუფი მეთვალყურეობს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში ამ დროისთვის ახალი თოვლის საფარი 15 სანტიმეტრს აღწევს. თხილვანის თემის რწმუნებულის, მამუკა ქამაშიძის თქმით, სოფელში მისასვლელ საავტომობილო გზას ამ წუთებში სპეციალური ტექნიკა წმენდს და გადაადგილება შესაძლებელია.

მამუკა ქამაშიძის ინფორმაციით, „მეწყრული კერები სოფელში დღეს არ განვითარებულა. სოფელს ყოველდღიურად, მონაცვლეობით ოთხკაციანი ჯფუფი ვმეთვალყურეობთ, პრობლემა დღს არც გადადგილებაში არ არის და არც შუქის მიწოდებაში, რამდენიმე წუთის წინ სოფელში იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე, რომელიც მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მათ მოთხოვნაზე – მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით, იმუშავებს“.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მეწყერი მიმდინარე წლის 10 იანვარს განვითარდა. სპეციალისტების შეფასებით, მეწყერი შეიძლება ნებისმიერ დროს გააქტიურდეს, რაც სოფლის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

„ბათუმის ბულვარში“ დასაქმებულთა რაოდენობა 37-ით გაიზარდა

„ბათუმის ბულვარის“ ახალი დებულება დღეს, 27 იანვარს, აჭარის მთავრობამ დაამტკიცა. „სტრუქტურის შეცვლით ბათუმის ბულვარი უფრო ეფექტურად განახორციელებს თავის ფუნქციას,“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

შეცვლილი დებულების მიხედვით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის 7 სამსახურს კიდევ ერთი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური დაემატება. მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ სამსახურის დამატება პირიქით, შტატების შემცირებას გამოიწვევს და ხარჯები დაიზოგება.

შტატების რაოდენობა სსიპ „ბათუმის ბულვარში“ 94-დან 66-მდე შემცირდა, თუმცა ადმინისტრაციას 65 შტატგარეშე თანამშრომელი ეყოლება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ეთერ მაჭუტაძე ესაუბრა, „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი.

„მებაღეების რაოდენობა აქამდე იყო მხოლოდ 28 და ეს იყო შტატით გათვალისწინებული… მე ასეთი მუშაობა არ მიყვარს. ამხელა ტერიტორიას 28 მებაღე ვერ მოუვლის. მებაღე ამჯერად მეყოლება 65 და ისინი იქნებიან შტატგარეშე თანამშრომლები, ისინი გამომუშავებით მიიღებენ ხელფასს. ამისთვის მე ბიუჯეტიდან დამატებით არაფერი მომითხოვია“, – აცხადებს ეთერ მაჭუტაძე.

ბულვარის ადმინისტრაციის ახალი დირექტორის თქმით, მოახერხებს ახალი მებაღეებისთვის ანაზღაურების მიცემას. პირველი კვარტლის შემდეგ მონაცემების შეჯერების შემდეგ კი, ეთერ მაჭუტაძე არ გამორიცხავს ცვლილებებს, მათ შორის დაფინანსების კუთხით.

რით არის დასაბუთებული ახალი სამსახურის დამატება? – ამ კითხვაზე „ბათუმელებს“ ზურაბ პატარაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ასე უპასუხა:

„მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, თქვენ იქნებით მომსწრე ამის, რომ უახლოეს პერიოდში მთავრობის აპარატშიც დაგეგმილია ცვლილებები და იქნება ოპტიმიზაცია, იქნება უფრო მოქნილი სისტემა. უშუალოდ ბულვარის ადმინისტრაციას რაც შეეხება, ბულვარი არის ჩვენი პრიორიტეტი. იქ იქნება ეფექტური მართვა. ადმინისტრაციას ყავს ახალი დირექტორი და მალე ახალი პროექტებიც დაანონსდება“.

მთავრობის თავმჯდომარემ  ბულვარის ადმინისტრაციას ახალ უფროსად ეთერ მაჭუტაძე მიმდინარე წლის 10 იანვარს  წარუდგინა. ბათუმის ბულვარის მართვასა და ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისთვის კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წლისთვის 7 მილიონ 590 ათას 200 ლარი გამოყო.

„რესპუბლიკური საავადმყოფო“ მალე მუშაობას შეაჩერებს

„ისე არ უნდა მოხდეს, როგორც სპორტსკოლის შემთხვევაში. ყველა ექიმს უნდა ავუხსნათ და დაველაპარაკოთ ამის შესახებ“, – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს. რამაზ ბოლქვაძემ ინფორმაცია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ წარმოადგინა, მათ შორის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე. ზურაბ პატარაძეს სხდომაზე არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმებოდა „ექიმებთან დალაპარაკებაში“.

„ამაში იგულისხმებოდა ის, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო გარკვეულ პერიოდში ფუნქციონირებას შეწყვეტს“, – უთხრა „ბათუმელებს“ რამაზ ბოლქვაძემ სხდომის დასრულების შემდეგ. მინისტრის განმარტებით, ახალი კლინიკის მშენებლობა 2018 წლის 1 აპრილამდე უნდა დასრულდეს. მანამდე კი, დაახლოებით 6 თვე საავადმყოფო ფუნქციონირებას შეწყვეტს.

„უახლოეს დღეებში ჩვენ დავაანონსებთ, როდის შეწყვეტს ფუნქციონირებას საავადმყოფო. ჩვენ გვინდა ყველა ექიმს დაველაპარაკოთ და მოხდეს სრული ინფორმირება, რომ ამ პროცესმა რაღაც გაუგებრობა არ გამოიწვიოს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, სად შეიძლება დასაქმდნენ ამ პერიოდში იქ დასაქმებული ექიმები. ჩემი ინფორმაციით, მოთხოვნა სამედიცინო პერსონალზე ისედაც საკმაოდ დიდია და მათი ნაწილი ისედაც მუშაობს სხვადასხვა კლინიკაში“, – გვითხრა რამაზ ბოლქვაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა.

სათვალთვალო კამერების ჩანაწერების წვდომაზე ექსკლუზივი პროკურატურას აღარ აქვს

საკონსტიტუციო სასამართლომ ახლახანს დააკმაყოფილა მოქალაქეების, ნადია ხურციძის და დიმიტრი ლომიძის სარჩელი. ისინი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლს ასაჩივრებდნენ, რომლის მიხედვითაც ქუჩებსა და სხვადასხვა ობიექტებში განთავსებულ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე წვდომა აქამდე მხოლოდ პროკურატურას ჰქონდა.

დღეიდან, პროკურატურას რჩება უფლება ამოიღოს ვიდეოჩანაწერები სასამართლოს ნებართვით, თუმცა, ასეთივე უფლებით შესაძლოა სხვებმაც ისარგებლოს მომავალში, თუმცა ვინ? – ამაზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს.

ნადია ხურციძის შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის დეკემბერში წერდა.  ის ერთ-ერთი მსჯავრდებულია, რომელიც მოითხოვდა ვიდეო ჩანაწერის ამოღებას, რაზეც პროკურატურამ უარი უთხრა. სარჩელის ავტორების შემთხვევა არაა ერთადერთი, როცა გამოძიება მხოლოდ პოლიციელების ჩვენებას დაეყრდნო და პროკურატურამ სათვალთვალო კამერის ჩანაწერის ნახვაზე უარი თქვა.

გასულ წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერის საფუძველზე გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა. ამ შემთხვევებში პოლიციელების მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება ეჭვქვეშ დააყენა ვიდეოჩანაწერმა.

აქამდე კერძო ობიექტის მფლობელებს უფლება ჰქონდათ, საკუთარი სურვილის შემთხვევაში, მიეწოდებინათ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ადვოკატებისთვის. ერთ-ერთი ასეთი სააფთიაქო ქსელი „ფარმადეპო“ იყო, რომელმაც ჩანაწერი დაცვის მხარეს თავისი სურვილით გადასცა. გამამართლებელი განაჩენის დადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინსიტრომ ამ აფთიაქს პერსონალიური მონაცემების გამჟღავნების გამო უჩივლა.

დღიდან გაუქმებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მხოლოდ პროკურორებს ანიჭებდა უფლებამოსილებას ჰქონოდათ წვდომა ამ ტიპის ინფორმაციაზე. ამჯერად პარლამენტმა უნდა განსაზღვროს ამ სამართლებრივი ნორმის ახალი შინაარსი.

ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დატოვების შესახებ დღეს, 27 იანვარს, ბათუმში განცხადება გააკეთა ლევან ვარშალომიძემ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა აჭარაში.

ვარშალომიძემ განაცხადა, რომ მან უარი თქვა დიპლომატიურ პასპორტზე, რომელიც მას, როგორც დეპუტატს ეკუთვნის და გუშინ აიღო, თუმცა რატომ აიღო პასპორტი, რომლის დაბრუნებასაც მეორე დღესვე აპირებდა, მას არ დაუკონკრეტებია.

ლევან ვარშალომიძემ დეპუტატის მანდატზე ჯერ კიდევ გასულ წელს, არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მოკლე ხანში თქვა უარი, თუმცა უმაღლესი საბჭო ოფიციალურად მან დღეს დატოვა.

იმის მიუხედავად, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არც ერთ სხდომას არ დასწრებია, 2016 წლის დეკემბერში ლევან ვარშალომიძემ 4290 ლარი მიიღო ხელფასისა და დანამატის სახით. აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაცით, ხელფასი ვარშალომიძემ ხელფასი იანვრის თვეშიც მიიღო.

ლევან ვარშალომიძე საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო. მის ნაცვლად უმაღლეს საბჭოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პატრიული სიით ასმათ დიასამიძე შევა.

________________________________

ლევან ვარშალომიძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირია. 2004 წელს იგი აჭარაში სწორედ მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე და განაცხადა, რომ ვარშალომიძე მისი მეგობარი იყო.

ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობას ორი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირობებში ხელმძღვანელობდა, 2004 წლიდან 2012 წლამდე. იგი ახლაც მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრად და აჭარაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერად მიიჩნევა. პარტიაში ბოლო პერიოდში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ენმ-ის წევრების უმრავლესობა აჭარაში, მიხეილ სააკაშვილის გუნდში დარჩა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქლების ერთ-ერთი დასახელებული მიზეზი იყო განსხვავებული პოზიცია ექსპრეზიდენტსა და პარტიის სხვა ლიდერებს შორის იმის შესახებ, უნდა შესულიყო თუ არა პარტია არჩევნების შემდეგ პარლამენტში.

შოთა გუჯაბიძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

რატომ არ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ჯგუფი უმიზეზოდ

„ნუ დარეკავ უმიზეზოდ, ნუ წაართმევ სხვას სიცოცხლეს,” – ეს არის იმ საინფორმაციო კამპანიის მთავარი გზავნილი, რომელსაც ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს. კამპანიის მიზანია, მოუწოდოს მოქალაქეებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში გამოიძახონ და არა მაშინ, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ოჯახის ექიმთან ვიზიტითაც შეუძლიათ. აქტივობის ფარგლებში დაიბეჭდა სტიკერები, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებში განთავსდა.

„გამოძახებების დაახლოებით 60 პროცენტი არ არის გადაუდებელი შემთხვევა“ – ამბობს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსი მინდია კახიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან მაშინ, როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა სტაბილურ პაციენტს წნევას ან სიცხეს უსინჯავს და მარტივ რჩევებს აძლევს, სხვა პაციენტი, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება შველა, სასწრაფო დახმარების ჯგუგს ელის.

„300 გამოძახებაში რომ 65 გადაყვანა იქნება საავადმყოფოში, ეს მას ნიშნავს, რომ რეალურად სასწრაფო დახმარება სჭირდება 65 ან პლუს-მინუს – 30 ადამიანს. 60 პროცენტი არასაჭირო გამოძახებების, არის ძალიან დიდი მაჩვენებელი. 37 გრადუს ტემპერატურაზე ან როცა წნევა 130-ია, სასწრაფოს გამოძახება არასწორია. ან კიდევ ქრონიკული პაციენტების მხრიდან სასწრაფოს გამოძახება, რომელთაც აქვთ ოჯახის ექიმის დანიშნულება, იციან რა დროს რა უნდა მიიღონ, მაგრამ ხშირად ხდება, რომ ასეთ დროსაც იძახებენ სასწრაფოს, არასწორია,“ – ამბობს მინდია კახიძე.

ბათუმს ამჟამად სასწრაფო სამედიცინო დახმარების 15 ჯგუფი ემსახურება, ბათუმის მერიის პროგრამის ფარგლებში დამატებულ ორ ჯგუფთან ერთად.

ზამთარში განსაკუთრებით იზრდება გამოძახებები სეზონურ გრიპთან დაკავშირებით. მინდია კახიძის თქმით, იანვრის პირველ ნახევარში სასწრაფო დახმარებას დღეში საშუალოდ 350-400 გამოძახება ჰქონდა, ამჟამად გამოძახების რაოდენობა 230-250-ია.
რატომ მიმართავენ სასწრაფო დახმარების სამსახურს ადამიანები მაშინ, როცა უფასო სამედიცინო დახმარება პოლიკლინიკაშიც შეუძლიათ მიიღონ? ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი პირველად ჯანდაცვაში არსებული პრობლემებისა და საზოგადოების სამედიცინო სფეროში არაინფორმირებულობის გარდა, ისიცაა, რომ პაციენტს სახლიდან გაუსვლელად სურს მიიღოს სამედიცინო მომსახურება.

„შესამუშავებელია რეგულაციები, თუ რა დროს უნდა გავიდეს სასწრაფო დახმარების სამსახური პაციენტთან. ამას სჭირდება შესაბამისი კვალიფიკაციის ოპერატორები, რომლებიც სწორად განსაზღვრავენ გამოძახების საჭიროებას,“ – ამბობს მინდია კახიძე.

ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი სტიკერებს ქალაქის ქუჩებში აკრავს
ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი სტიკერებს ქალაქის ქუჩებში აკრავს
ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი სტიკერებს ქალაქის ქუჩებში აკრავს
ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი სტიკერებს ქალაქის ქუჩებში აკრავს

ენმ: სამინისტრო განზრახ აყოვნებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას

„საქართველოს განათლების სამინისტრო განზრახ აყოვნებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების პროცესს და შესაბამისად, მათთვის ხელფასის ზრდას,“ – ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს აჭარის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გია აბულაძემ, აჭარის განათლების ყოფილმა მინისტრმა. მისი თქმით, სამინისტროს ხელფასების ზრდისათვის საკმარისი თანხა არა აქვს.

„ბიუჯეტის პირველ პროექტში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის იყო გათვალისწინებული 555 მილიონი ლარი, რაც არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ უფროს მასწავლებელთა ხელფასები გაზრდილიყო 800 ლარამდე. ბიუჯეტის მეორე ვარიანტში, რომელიც ახლა დამტკიცებულია, თანხა გაიზარდა 575 მილიონამდე, თუმცა ესეც არ არის საკმარისი.

მასწავლებლები უნდა ჩაერთონ პროფესიული განვითარების სქემაში, მათ უნდა ჩააბარონ გამოცდები, გაიარონ ტრენინგები და მათ შორს არის ხუთი კრედიტი – სავალდებულო ტრენინგი, რომელიც უნდა გაიარონ ახლა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელოვნურად აყოვნებს ტრენინგებს, რომლის შემდეგ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი, რაც ავტომატურად ნიშნავს ხელფასის ზრდას. ახლა ხელოვნურად ყოვნდება ეს პროცესი, რომ ხელფასები არ გაიზარდოს, რადგან ამისათვის ბიუჯეტი არ ჰყოფნით,“ – განაცხადა გია აბულაძემ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ტრენინგების ხელოვნურად დაყოვნებაზე ინფორმაციას უარყოფენ:

„წელს შეიცვალა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, ცვლილებები სქემაში შევიდა წელს, იანვარში, რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა მთავრობამ, შესაბამისად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრენინგები შეფერხდა, სიცრუეა და ან შეგნებულად გაავრცელეს, ან არ იცოდნენ და ჩათვალეს, რომ ტრენინგებზე იყო ეს პროცესი დამოკიდებული. რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა ეს ცვლილებები. თებერვლიდან ყველა, ვინც ჩართულია ამ პროცესში, აქტიურად შეუდგება საქმეს, რომ არავინ შეფერხდეს და მიიღონ მასწავლებლებმა ეს სტატუსი,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ 2016 წლის მონაცემებით, საჯარო სკოლებში სრული დატვირთვით წამყვანი და უფროსი, მთლიანობაში, 7 965 პედაგოგი მუშაობს.

მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი ბათუმში [ანონსი]

წარმატებული ქალი – ძლიერი ეკონომიკა! – ამ სლოგანით ბათუმში, მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ფორუმს „აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია“ აჭარისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან ერთად მართავს.

ასეთი ბიზნეს ფორუმი აჭარაში პირველად იმართება და მასში ოთხმოცამდე მეწარმე ქალი მიიღებს მონაწილეობას.

ორგანიზატორთა განცხადებით, ბიზნეს ფორუმის მთავარი მიზანია „ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკაში, კერძოდ კი, მცირე და საშუალო ბიზნესში, მათი ჩართულობის გაზრდით, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებით და ახალი ბიზნეს კონტაქტების შეძენით“.

„აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციაში“ ასევე აცხადებენ, რომ მუნიციპალურ „ქალთა ოთახებთან“ პარტნიორობით უკვე დაიწყეს მუშაობა სოფლად მცხოვრები ქალების მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართვაზე. „ქალთა ოთახების“ კოორდინატორებს ჩაუტარდათ ბიზნეს გეგმისა და ბიზნეს პროექტის წერის ტრენინგები და სხვ.

ბიზნეს ფორუმი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ 31 იანვარს, 10 საათზე გაიხსნება.

დღეს ბათუმიდან სტამბულის მიმართულებით ავიარეისი გაუქმდა

დღეს, 27 იანვარს, უამინდობის გამო, სტამბულის მიმართულებით ავიარეისი ბათუმის აეროპორტიდან გაუქმდა. ინფორმაცია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაგვიდასტურეს. დღეს აეროპორტიდან მხოლოდ ეს ერთი ავიარეისი უნდა შესრულებულიყო.

როდის განახლდება ფრენები ბათუმიდან, აეროპორტში ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებენ.

დღეს დილიდან ბათუმში გადაუღებლად თოვს.

ზურაბ პატარაძის ხელფასი და პრემიები აჭარის მთავრობის აპარატში

აჭარის მთავრობის აპარატში გასულ წელს ხელფასის, დანამატისა და პრემიის სახით 2 მილიონ 454 ათას 27 ლარი გაიცა, აქედან 408 ათას 250 ლარი პრემიებში. მთავრობის აპარატში გასული წლის დეკემბერში, წინასაახალწლოდ, პრემია მიიღო თითქმის ყველა თანამშრომელმა აპარატის უფროსისა და მთავრობის თავმჯდომარის გარდა.

დეკემბერში აპარატის 99 თანამშრომელზე, ჯამში 99 ათას 610 ლარი პრემია გაიცა.

აჭარის სამინისტროებში გაცემულ პრემიებს თუ გადავხედავთ და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პრემია რაღაც დამსახურებისთვის უნდა გაიცეს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყოველ კვარტალში ერთხელ ყველა საჯარო მოხელე მუშაობს სანიმუშოდ, გარდა ხელმძღვანელი პირებისა. პრემიებიც, შესაბამისად, მინიმუმ კვარტალში ერთხელ რიგდება და მას უკლებლივ ყველა მოხელე იღებს. მართალია, თანამდებობის პირები უარს ამბობენ პრემიის აღებაზე, მაგრამ, თავად წყვეტენ თანამშრომლებიდან ვინ რამდენი პრემია მიიღოს.

პრემია არ აუღია, მაგრამ თანამდებობრივი სარგო და დანამატი ერთად – 5 792 ლარი აიღო დეკემბრის თვეში მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ;  მთავრობის აპარატის უფროსმა კი ამავე თვეში 3 727 ლარი.

ზურაბ პატარაძეს, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, 2016 წლის 15 ივლისიდან დეკემბრის თვის ჩათვლით, ხელფასის სახით სულ მიღებული აქვს 31 993 ლარი.

მიუხედავად მოთხოვნისა, მთავრობის აპარატიდან არ მოგვაწოდეს ინფორმაცია კონკრეტულმა საჯარო მოხელემ რამდენი აიღო დანამატი და რამდენი თანამდებობრივი სარგო. აპარატიდან  არც თანამშრომლების სახელი და გვარი მოგვაწოდეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს 2 თანაშემწე და 3 მრჩეველი ჰყავს. თითოეულს, მაგალითად, დეკემბრის თვეში, ხელფასისა და დანამატის სახით მიღებული აქვს 2 187 ლარი, ხოლო პრემია, ასევე თითოეულს – 1 250 ლარი.

მთავრობის აპარატში მთავარი სპეციალისტის ხელფასი 1 498 ლარია, ხოლო დეკემბრის თვის პრემია 1070 ლარი იყო. აპარატში სულ 40 მთავარი სპეციალისტი მუშაობს [აქედან სამს განსხვავებული ხელფასი აქვს – 1 905, 1 854 და 1 548 ლარი]. გაცილებით დაბალი ხელფასები და, შესაბამისად, პრემიები გაიცემა წამყვან სპეციალისტებზე, მაგალითად, 1 162 ლარი ხელფასი და დანამატი ერთად, დეკემბერში პრემია კი 830 ლარი თითოეულს.

აჭარის მთავრობის აპარატში დეპარტამენტის უფროსის ხელფასი 3 097 ლარია, ხოლო პრემია წინასაახალწლოდ – 1 770 ლარი იყო; განყოფილების უფროსებმა კი თვეში 2 464 ლარი, ხოლო პრემია დეკემბერში, 1 540 ლარი მიიღეს.

მთავრობიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, აპარატში 14 მძღოლი და ერთი ავტომანქანის მრეცხავია დასაქმებული [826-944 ლარი ხელფასები და 590 ლარი დეკემბრის თვის პრემია]. აპარატში მუშაობენ ცეცხლფარეშები, დურგალი და სხვ. გასულ წელს, სხვადასხვა თვეში, აპარატში დასაქმებული ჰყავდათ შტატგარეშე თანამშრომლებიც.

აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მიმდინარე წელს მთავრობის აპარატისთვის [119 თანამშრომელზე] 3 მილიონ 477 ათას 800 ლარია გაწერილი, რომლის 72 პროცენტი, ანუ 2 მილიონ 506 ათას 800 ლარი  ხელფასებისთვისაა გათვალისწინებული.

სიმფონიური მუსიკის საღამო ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში

დღეს, 27 იანვარს, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში სიმფონიური მუსიკის საღამო გაიმართება.
 პროგრამაში წარმოდგენილია ანტონიო ვივალდის „წელიწადის დრონი“ (ზაფხული); კარლ მარია ფონ ვებერის  – უვერტიურა ოპერიდან „ობერონი“ და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის – 36-ე სიმფონია (C –dur).
 კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
Exit mobile version