მთავარი,სიახლეები

უნივერსიტეტის კონკურსში, წინასწარი ინფორმაციით, აჭარის სუს-ის უფროსის ცოლმა გაიმარჯვა

15.05.2017 • 6235
უნივერსიტეტის კონკურსში, წინასწარი ინფორმაციით, აჭარის სუს-ის უფროსის ცოლმა გაიმარჯვა

ინგლისური ენის მიმართულებით ერთი ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი აპრილში, სასწავლო წლის მიწურულს, მოულოდნელად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა.

11 მაისს საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა, კანდიდატების საბუთებიც გადამოწმდა და გასაუბრებაც იმავე დღეს ჩატარდა. უნივერსიტეტი დღეს, 15 მაისს, დღის ბოლოს აპირებს კონკურსის შედეგების გამოქვენებას, თუმცა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის პრორექტორი თამარ სირაძე „ბათუმელებთან“ არ მალავს, რომ „ყველა დანარჩენზე უკეთესი გამოცდილება და ხედვა ჰქონდა თეონა თედორაძეს“.

თეონა თედორაძე უმაღლესი საბჭოს წევრის, დავით თედორაძის შვილი და აჭარაში სუს-ის უფროსის – ირაკლი ერისთავის მეუღლეა.

რატომ გამოაცხადა უნივერსიტეტმა ვაკანსია სასწავლო წლის ბოლოს, როცა ტრადიციულად პროფესორების შესარჩევი კონკურსი შემოდგომაზე ტარდება? – უნივერსიტეტის პრორექტორის და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, განათლების ფაკულტეტი ითხოვდა ინგლისური ენის სპეციალისტისთვის შტატის დაშვებას.

„მოულოდნელად გამოჩნდა ეს საშტატო ერთეული იურიდიულ ფაკულტეტზე, რაც ვერ აითვისეს და დაუთმეს განათლებას. რატომ იყო პრობლემა, რომ ამ დროს გამოცხადებულიყო კონკურსი? ჩავთვალეთ, რომ ეს შანსი არ უნდა გაგვეშვა ხელიდან… განათლების ფაკულტეტის დეკანმა წარმოადგინა საკონკურსო კომისიის წევრობის კანდიდატები და აკადემიურმა საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება კონკურსის გამოცხადებასა და კომისიის შემადგენლობაზეც,“ – გვითხრა თამარ სირაძემ.

კომისიის თავმჯდომარე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ერთ დღეში მოხერხდა აკადემიური საბჭოს შეკრება, საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება და კანდიდატებთან იმავე დღეს  გასაუბრებაც. იმავე დღეს, 11 მაისს, კომისიამ საბუთებიც შეისწავლა და 4 კანდიდატიდან ორს გაესაუბრა – თეონა თედორაძეს და თამარ დოლიძეს. „რა პრობლემა იყო, გასაუბრებას დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდა,“ – ამბობს თამარ სირაძე.

კონკურსში სულ 4 კანდიდატი მონაწილეობდა.

რა კრიტერიუმების მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება საკონკურსო კომისიამ? – თამარ სირაძის თქმით, კრიტერიუმი იყო იგივე, რაც, ზოგადად, პროფესორებისთვისაა გათვალისწინებული: პედაგოგიური გამოცდილება, გამოქვეყნებული სახელმძღვანელო, სამეცნიერო სტატიები… კითხვაზე, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რის მიხედვით აკეთებს არჩევანს კომისია, პრორექტორმა გვიპასუხა, რომ კანდიდატს კონცეფციაც უნდა წარმოედგინა.

თამარ სირაძე: „კანდიდატის ხედვა იყო ასევე მნიშვნელოვანი… გარედან არავის არაფრის დაჯერება არ სჭირდება. ყველა ფეხის ნაბიჯს ხომ არ აუხსნი ადამიანს, რა როგორ შეარჩია კომისიამ? კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას და მას ექნება დასაბუთებაც“.

დაიკავებს თუ არა ამ ვაკანტურ თანამდებობას თეონა თედორაძე და დაუშვა თუ არა ეს ვაკანსია უნივერსისტეტმა სპეციალურად მისთვის – საკონსკურსო კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკის და სუს-ის უფროსის გავლენას გამორიცხავს და ღიად აფიქსირებს, რომ უნივერსიტეტის უშტატო თანამშრომელს, თეონა თედორაძეს აშკარა უპირატესობა აქვს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კონკურსში მონაწილე თამარ დოლიძეს ბევრად მნიშვნელოვან საერთაშორისო პროგრამებში აქვს მონაწილეობა მიღებული. ორივე მათგანი ამ დრომე უნივერსიტეტში უფროსი მასწავლებლის სტატუსით ასწავლის უცხო ენას.

თამარ დოლიძემ კონკურსის შედეგის გამოქვეყნებამდე უარი თქვა „ბათუმელებთან“ გასაუბრებაზე. ამ დრომდე „ბათუმელები“ ვერც თეონა თედორაძეს დაუკავშირდა.

„მას [თეონა თედორაძეს] ყველა დანარჩენზე მეტი გამოცდილება აქვს, ვინც მონაწილეობდა. მას ასევე ჰქონდა გამორჩეული კონცეფცია. მოკლედ, ძალიან ბევრი უპირატესობა ჰქონდა… ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომისიის გადაწყვეტილებას ვახმოვანებ. ეს დღის ბოლოს გახდება ცნობილი,“ – გვითხრა თამარ სირაძემ.

თამარ სირაძე წლების წინ თეონა თედორაძის მეზობელი იყო. უნივერსიტეტის პრორექტორი ახლობლობს ქვეყნის ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან. ამბობს, რომ ორი წლის წინ ბიძინა ივანიშვილის შვილს ინგლისურში ამეცადინებდა და ახლო ურთიერთობა აქვს მის მეუღლესთან – ეკატერინე ხვედელიძესთან.

„ბიძინას არ ვიცნობ ახლოს, მხოლოდ გამარჯობა-გაგიმარჯოს. მეტი არაფერზე გვისაუბრია… თეონა ჩემი მეზობელი იყო და სტუდენტიც, ისევე, როგორც სხვა კანდიდატები, ამის გამო უნდა დაიჩაგროს, თუ კარგი სპეციალისტია, ეს უნდა დავუკარგოთ?“.

პრორექტორის თანამდებობაზე თავად თამარ სირაძე 2017 წლის თებერვალში დაინიშნა. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: