სიახლეები

კოკოტაურის მცხოვრები: სასაფლაოები გადათხარეს და მაღალი ძაბვის სადენები გაჰყავთ

28.04.2017
კოკოტაურის მცხოვრები: სასაფლაოები გადათხარეს და მაღალი ძაბვის სადენები გაჰყავთ

ამ წუთებში ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი სოფელში კომპანია „საქართველოს ენერგოსისტემის“ მიერ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების სოფლის სასაფლაოზე გაყვანას აპროტესტებენ. სოფლის მცხოვრებლების თქმით, გათხრების დროს სასაფლაოები დაზიანდა და ბოძების ჩასამაგრებელ ადგილზე მიცვალებულების ძვლები  გამოჩნდა.

„99 წლის კაცი ვარ და არავინ არ მისმენს. ადგილები არის იმისთვის, რომ ელექტროსადენები გაიყვანონ, მაგრამ პრინციპულად არ ცვლიან გეგმას. ელექტროსადენები სოფლის ძველ სასაფლაოზე გადის, ზოგი სასაფლაო ჩანს, ზოგი არა. ერთ ადგილზე მიწა ამოთხარეს და ძვლები გამოჩნდა, დატოვეს ასე და წავიდნენ,“- გვეუბნება სოფლის მცხოვრები ავთანდილ ბერიძე.

ის ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენლებს აქვთ ინფორმაცია, რომ ტერიტორია სოფლის სასაფლაოა, თუმცა სამუშაოებს ჯერჯერობით არ წყვეტენ.

„გვითხრეს, რომ სამარხებს სხვა ადგილზე გადაიტანენ. მათ უნდათ, რომ საფლავები ამოთხარონ და სხვაგან გადაიტანონ, ამის უფლებას კი ჩვენ არ მივცემთ“.

ავთანდილ ბერიძის თქმით, სოფლის ძველი სასაფლაო დაახლოებით 300 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.

აქციის მონაწილეებთან იმყოფება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე. მისი ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე ამ დროისთვის 60-მდე ადამიანია შეკრებილი. „ისინი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას და ელექტროგადამცემი ხაზების ადგილმონაცველობას მოითხოვენ“-ამბობს თამაზ ბაკურიძე.

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები სოფელ კოკოტაურის გარდა, კიდევ რამდენიმე სოფელში კეთდება.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: