მატარებლების მოძრაობაში დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, შეფერხება არ იქნება – განაცხადა „ბათუმელებთან“ დაჩი ცაგურიამ „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.
დღეს ონლაი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მატარებლები 9 თებერვალს არ იმოძრავებს.
„უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობის გამო იყო თხოვნა რკინიგზაში, რომ გარკვეული დროით გაგვეჩერებინა მატარებლების მოძრაობა. თუმცა, ეს თხოვნა გააუქმა მშენებელმა კომპანიამ და რკინიგზა ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე“, – გვითხრა დაჩი ცაგურიამ.
რაც შეეხება იმას, რომ რკინიგზაზე მოძრაობის შეწყვეტა შესაძლოა აჭარიდან ურეკში ხეების გადატანას უკავშირდებოდეს, დაჩი ცაგურია ამბობს, რომ „ყოველთვის გამოინახება ფანჯარა, როცა მატარებელი არ მოძრაობს და იმ პერიოდში გადაიტანენ ხეს რკინიგზაზე“.
უმაღლესი საბჭოს წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის და ქობულეთის საკრებულოს წევრის, ბონდო თედორაძის საქმის განხილვა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ უკვე დაასრულა. მათ ადმინისტრაციული წესით პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ელგუჯა ბაგრატიონი და ბონდო თედორაძე გუშინ, საღამოს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს. გუშინ ამ გზაზე ციხისძირიდან ხეების გადატანის გამო მოძრაობა შეფერხებული იყო.
„გზა ჩვენ არ გადაგვიკეტავს, გზა ჩაკეტა ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ხეები გადააქვს. დღის განმავლობაში ვიდექით მეორეხარისხოვან გზასთან. საღამოს მოვიდა პოლიცია და მოგვთხოვა, რომ გზის იმ ნაწილიდანაც გაგვეყვანა მანქანა“, – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს მოწმეების ჩვენებები მოისმინა, მათ შორის, ორი პოლიციელის. მათი თქმით, ელგუჯა ბაგრატიონმა გზის გადაკეტვა სცადა, ხოლო ბონდო თედორაძემ წინააღმდეგობა პოლიციელებს გაუწია, როცა ისინი ელგუჯა ბაგრატიონს აკავებდნენ.
თუკი ელგუჯა ბაგრატიონსა და ბონდო თედორაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაუდასტურდებათ, მათ 250-დან 2500 ლარამდე ჯარიმის გადახდა, ან 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა მოუწევთ. მოსამართლე ლაშა თავართქილაძე გადაწყვეტილებას 13 თებერვალს გამოაცხადებს.
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის 16 სტუდენტი, ერასმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაემგზავრება.
გაცვლით პროგრამაში სტუდენტები სხვადასხვა ფაკულტეტიდან შეირჩა, რომლებიც იტალიის, ავსტრიის, ბულგარეთის, ლიტვისა და პოლონეთის ურნივერსიტეტებში ერთ სემესტრს გაივლიან.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროკომისიის სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტებმა სამეტაპიანი შესარჩევი კონკურსი გაირეს, რომელიც ინგლისური ენის ტესტირებას, აკადემიურ მოსწრებასა და გასაუბრებას მოიცავდა.
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტმა 2016-2018 სასწავლო წლებისთვის ერასმუს + საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის 22 სასწავლო გრანტი მოიპოვა.
ოფიციალური ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობდნენ როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები.
ერასმუს+ გაცვლით პროგრამაში გამარჯვებული სტუდენტები.ბსუ
ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაციას უჩერებენ, თუმცა ოფიციალური დოკუმენტი სკოლის ადმინისტრაციას ჯერ არ მიუღია. შაჰინის სკოლის ადმინისტრაცია ავტორიზაციის საბჭოს დასკვნას არ ეთანხმება და გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.„ბათუმელები“ აკრედიტაციის საბჭოს ერთ-ერთ წევრს, რეზო აფხაზავას ესაუბრა იმ მიზეზებზე, რის საფუძველზეც საბჭომ სკოლის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
ბატონო რეზო, რა გახდა მიზეზი, რომ შუა სასწავლო წელს სკოლის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეთ?
2015 წელს, როცა სკოლას მივეცით ავტორიზაცია, მაშინაც მივუთითეთ დარღვევებზე. მაშინ ითქვა, რომ დარღვევების გამოსასწორებლად გარკვეულ დროს მივცემდით, თუმცა მონიტორინგის საბჭო ისევ შეამოწმებდა მათ. იყო საუბარი იმაზე, რომ იმ ფართობზე, რომელზედაც ავტორიზაციას იღებდნენ, არაავტორიზებული პროგრამებს ვერ განახორციელებდნენ, მათ კი ჰქონდათ ასეთი მიმართულება.
თურქულ სექტორს გულისხმობთ? დირექტორი ამბობდა რომ იქ მხოლოდ 6 ბავშვი ჰყავდათ.
დიახ, მაგრამ აქ საუბარია არა 6 ბავშვზე, არამედ 85 მოსწავლეზე, რომელიც არასწორად ჰყავდათ ჩარიცხული.
დირექტორი ამბობს, რომ თურქული სექტორი 2016 წლის სექტემბრისთვის უკვე გაუქმებული ჰქონდათ. მერე რა შეიცვალა?
ჩარიცხვები ჰქონდა არასწორად გაკეთებული. ბავშვები არაფორმალურ განათლებას იღებდნენ და მათი განათლების უფლება ირღვეოდა. შემდეგ აიღეს და თურქული სექტორის მოსწავლეები მექანიკურად ჩარიცხეს ქართულ სექტორზე. ჩვენ ჩავუწერეთ, რომ მომდევნო მონიტორინგამდე ეს შენიშვნები უნდა გამოესწორებინათ, ამ პირობით მივეცით თავიდან აკრედიტაცია, ანგარიში გავუწიეთ.
სკოლის ხელმძღვანელი საუბრობს იმაზე, რომ უცხოენოვანი ბავშვების ქართულ სექტორზე გადასაყვანად გარკვეული ეტაპები იყო საჭირო, რადგან ქართული ენა უნდა ესწავლათ. ეს ეტაპები გავლილი იყო?
მანდ იყო კანონის დარღვევა. ბავშვს რომ რიცხავ სკოლაში, ის რაღაცის საფუძველზე ხომ უნდა ჩარიცხო. მაგალითად, მესამე კლასში რომ რიცხავ ბავშვს, მას დამადასტურებელი საბუთი ხომ უნდა ჰქონდეს, რომ პირველი ორი კლასი გაიარა. ამ ბავშვებს კი პირველი ორი კლასის გავლა ჰქონდათ არაფორმალურ განათლებაში. ისინი ვერ ადასტურებდნენ ოფიციალურად რა ფორმით ჩარიცხეს ეს მოსწავლეები, – ექსტერნით, აღიარებით… ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე პირველ ჯერზე, წელიწად-ნახევარი მივეცით და კიდევ გვაცალეთო ამბობდნენ. ან არ იციან როგორ უნდა მართონ სკოლა, ან განზრახ აკეთებდნენ ამას, არ ვიცი. ახლა უნდათ, რომ სასამართლოთი შექმნან აჟიოტაჟი. თუ რამე ისეთი იყო, გასცემს სასამართლო პასუხს.
შუა სასწავლო წელია, რამდენად კანონიერია ასეთ დროს სასწავლო პროცესის შეჩერება, მოსწავლეების უფლებები არ ირღვევა?
მათი უფლებები არ ირღვევა, რადგან ის ბავშვები მობილობით გადავლენ სხვა სკოლებში. სასამართლოში ისედაც გასაჩივრებული აქვთ და სასამართლო იმსჯელებს უნდა შეაჩეროს სკოლამ ფუნქციონირება თუ არა. ჯერ არ მისვლიათ აკრედიტაციის საბჭოს დასკვნა. ათი დღის განმავლობაში მიუვათ. თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საქმის წარმოების დასრულებამდე შეჩერდეს აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება, მაშინ გააგრძელებენ სასწავლო პროცესს.
დადებითი დასკვანაც ხომ დადო საბჭომ, ეს რას ეხებოდა?
ეს დადებითი დასკვნა არის ქართული სექტორის პროგრამებთან დაკავშირებით, მაგრამ საქმე იმაშია, რომ სექტორები მანდ არ არის სამართლებრივად დაყოფილი. მანდ არის ერთი იურიდიული პირი, რომელსაც ერთი ავტორიზაცია უნდოდა და იმ ერთ იურიდიულ პირს ჰქონდა დარღვევები. თურქული სექტორი, როგორც ასეთი, ოფიციალურად არ არსებობდა, ჰაერში იყვნენ ეს ბავშვები. იმ თურქულ სექტორზე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სწავლობდნენ, სხვა სკოლაში გადასვლა რომ სდომებოდათ, ვერანაირ დამადასტურებელ ოფიციალურ საბუთს ვერ მიიტანდნენ.
შაჰინის სკოლაში ხომ ირიცხებოდნენ ოფიციალურად და ამ საბუთს ვერ მიიტანდნენ?
ვერა, იმიტომ, რომ ეგ არ იყო ავტორიზებული. ეროვნულ სასწავლო გეგმას ისინი არ მიყვებოდნენ. თურქული ჯგუფი საერთოდ არ ჯდებოდა ქართულ იურისპრუდენციაში და ვერც კანონმდებლობას აკმაყოფილებდა. მე ზუსტად მახსოვს, რომ ავტორიზაციის წინა საბჭოზე ვუთხარი, ამჯერად გიწევთ ანგარიშს და გაძლევთ ავტორიზაციას, თუმცა დაგინიშნავთ მონიტორინგს და როცა მოვა, ყველაფერი უნდა იყოს გასწორებული-მეთქი. საბჭოს ჩანაწერიც არსებობს, სადაც ამბობდნენ – „რა მოხდა მერე, 85 ბავშვი კი არ იყო, ათი ბავშვია“.
ყოფილა მსგავსი პრეცედენტი, რომ აკრედიტაციის საბჭოს მიეღოს სკოლის ფუნქციონირების შეჩერების გადაწყვეტილება, თუ ეს პირველი შემთხვევაა?
ყოფილა ასეთი შემთხვევები, როგორ არა. სკოლების სახელები ზუსტად არ მახსოვს, „ლამპარი“ იყო ერთ-ერთი სკოლა თბილისში, კიდევ იყო ერთი სკოლა, მგონი ქობულეთში. სკოლას რომ შემოაქვს ავტორიზაციაზე განაცხადი, ეს ნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებას და ვაუჩერს. თუ სკოლას უნდა აღიარება, მაშინ სახელმწიფოს კანონები უნდა დაიცვას.
ბათუმში მწვანე კონცხზე მდებარე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობები პირობებიან აუქციონზე კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტმა“ შეიძინა. აუქციონში მხოლოდ ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც აღნიშნული ქონება 4 600 000 ლარად შეიძინა.
აუქციონზე ქონება 4 500 000 ლარად იყო გამოტანილი – ორი შენობა [3239,62 კვ.მ და 4912,07 კვ.მ] და მათზე დამაგრებული 13 640 კვ.მ მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, ინვესტორს, რომელსაც აუქციონზე კონკურენტი არ ჰყოლია, 1 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთში დაახლოებით 337 ლარის გადახდა მოუწევს. მაშინ, როდესაც ზღვისპირა ზოლში მიწის საბაზრო ფასი გაცილებით მაღალია.
რაც შეეხება პირობებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქონების საფასურის ნაწილის ჩარიცხვას [სამი მილიონი ლარი] ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტში ითხოვს. დარჩენილი თანხა კი მყიდველმა აჭარის ბიუჯეტში უნდა შეიტანოს. გარდა ამისა, მყიდველი იღებს ვალდებულებას, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე არანაკლებ ხუთი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ერთ-ერთი ინფორმირებული პირი, რომელიც საჯაროდ თავისი ვინაობის დასახელების წინააღმდეგი იყო, სასწავლებლის შენობის გაყიდვამდე ამბობდა, რომ ტერიტორიის ყიდვას ბიძინა ივანიშვილი აპირებდა. ივანიშვილის მწვანე კონცხთან დაკავშირებული გეგმების შესახებ “ბათუმელები” აქამდეც წერდა. მწვანე კონცხზე საქართველოს ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის პროექტის ე.წ. „პანორმა ბათუმის“ შესაძლო განხორციელებაზე არაოფიციალურად საუბრობენ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასწავლებლის ტერიტორიის ნაწილი 2015 წლის ბოლოს გაასხვისა. აუქციონში „ბიზნეს დეველოპმენტი“ მაშინაც უკონკურენტო იყო.
თავის დროზე, შესაძლებლობა, რომ „ბიზნეს დეველოპმენტის“ უკან ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იდგეს არ გამორიცხა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ.
ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის შესასვლელ ჭიშკარზე, დაახლოებით ერთი წლის წინ, პატარა დაფა იყო გამოკრული წარწერით: „მწვანე კონცხი, ბოტანიკური ბაღის ზედა შესასვლელის მიმდებარედ სასტუმრო კომპლექსი 300-320 ნომერზე“. აქ მშენებლობა უკვე დაწყებულია და დაფაც შეცვლილია. ახალი საინფორმაციო დაფა გვაუწყებს, რომ აქ „Magnolia – Resort & SPA“ შენდება, დამკვეთი კი „ბიზნეს დეველოპმენტია“.
შპს „ბიზნეს დეველოპმენტი“ 2015 წლის ივნისში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100% წილს შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ ფლობს. „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“, კომპანიის საიტის მიხედვით, 2005 წელს შეიქმნა და ის ინდუსტრიულ და კომერციულ სექტორებში კლიენტებს, ძირითადად, იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს.
თანამშრომლობს თუ არა კომპანია საპარტნიორო ფონდთან, რომელი კომპანიები არიან მისი პარტნიორები მწვანე კონცხის პროექტში, რა გეგმები გაქვთ და ან რა კავშირები იმ ფირმებთან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს სახელს უკავშირდება? – ამ კითხვების პასუხად, თავის დროზე კომპანიიდან შემდეგი SMS-ს შეტყობინება მივიღეთ: „სამწუხაროდ „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ ვერ მოგაწოდებთ ინფორმაციას თქვენს მიერ დასმული კითხვების და საკითხის გარშემო ვინაიდან ამ ეტაპისთვის ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია“.
ბათუმში შაჰინის სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმებას სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოხმაურება მოჰყვა ფეისბუქზე. სკოლის მხარდამჭერებმა ჰაშთაგიც შექმნეს – #შაჰინიჩემია.
შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე საქართველოს პრემირს გიორგი კვირიკაშვილს, განათლების მინისტრს ალესანდრე ჯეჯელავას და სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს მიმართავს და სთხოვს, დაიცვან 340 მოსწავლის უფლებები. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
იძულებული ვართ, თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ უკანონობაზე, რომელიც ხორციელდება ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მიმართ, რომელიც 23 წელია ფუნქციონირებს და დღეისათვის მასში 340 მოსწავლე სწავლობს.
2017 წლის 3 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართულ საბჭოზე მიიღებული იქნა გადაწყვეტილება შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე. ავტორიზაციის შეჩერება საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 6 არაქართველი მოსწავლე თურქულენოვანი კლასებიდან გადაყვანილ იქნა ქართულ კლასებში, მაშინ როდესაც ამგვარი კანონი ან რეგულაცია სექტორის ცვლასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს, ხოლო თურქული სექტორის გაუქმება და მოსწავლეების ქართულ სექტორზე გადაყვანა სწორედ ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 04 სექტემბრის გადწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა.
ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ წინასწარ დაუგეგმავი მონიტორიგის პროცესი, რომელიც სკოლაში ბოლო თვეების განმავლობაში რატომღაც მესამედ განხორცილდა. ხელოვნურად შექმნილი და არარსებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ეჭვს გამოვთქვათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია მხოლოდ რათა შეიზღუდოს და აიკრძალოს შაჰინის სკოლის მუშაობა საქართველოში.
მოგმართავთ თხოვნით, თქვენს პირად კონტროლზე აიყვანოთ და დაიცვათ სკოლის 340 მოსწავლის, მათი მშობლებისა და პედაგოგების კანონიერი უფლებები. არავის მისცეთ უფლება უკანონდ დახუროს სკოლა, რომელიც უკვე მრავალი წელია ქვეყნის სამსახურშია და არ შეიზღუდოს სკოლის მუშაობა, სადაც საქართველოს ღირსეული მოქალაქეები იზრდებიან.
ავტორიზაციის საბჭომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია შეუჩერა, ამასთან დაკავშირებით გუშინ, 4 თებერვალს, სკოლის დირექტორმა ელგუჯა დავითაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა. მისი ინფრომაციით, სკოლას ათი თურქი ეროვნების მოსწავლის ქართულ სექტორში ჩარიცხვას ედავებიან. მანამდე სკოლას ავტორიზაციის საბჭომ თურქული სექტორის გაუქმება მოსთხოვა, რასაც სკოლა დაემორჩილა.
ხარისხის კონტროლის სააგენტოს ინფორმაციით, სკოლას აღარ აქვს საქმიანობის გაგრძელების უფლება, თუმცა დირექტორის ინფრომაციით, სკოლა ხვალ, 6 თებერვალს, სასწავლო პროცესის გარძელებას გეგმავს, ვინაიდან ჯერ სკოლას ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით დოკუმენტი არ მიუღია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს წევრმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა და ქობულეთის საკრებულოს წევრმა, ბონდო თედორაძემ გზა გადაკეტეს, რის გამოც პოლიციამ ისინი დააკავა. საქმე აღძრულია ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ელგუჯა ბაგრატიონი და ბონდო თედორაძე დღეს, 5 თებერვალს, სოფელ ციხისძირში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.
უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულები გადაყვანილნი არიან წინასწარი დაკავების იზოლატორში.
დღეს ავტომაგისტრალი რამდენიმე საათით იმის გამო ჩაიკეტა, რომ ექსპრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, ციხისძირიდან ამოთხრილი ხე გაჰქონდათ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ციხისძირში ხეების გადატანას აპროტესტებდა.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ხეების გადატანის საპროტესტო აქციაზე ელგუჯა ბაგრატიონი დააკავეს. პირველად ის პარტიზანი მებაღეების სამ წევრთან ერთად გასული წლის სექტემბერში დააკავეს.
დღეს, 5 თებერვალს, სოფელ ციხისძირში გამართულ საპროტესტო აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი და ქობულეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდმარე ბონდო თედორაძე დააკავეს.
ელგუჯა ბაგრატიონი
უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის ინფორმაციით, დაკავებულები ამ წუთებში პოლიციის სამმართველოში გადაჰყავთ.
დღეს ავტომაგისტრალი რამდენიმე საათით იმის გამო ჩაიკეტა, რომ ექს-პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, ჩაქვიდან და ციხისძირიდან ამოთხრილი ხეები გაჰქონდათ.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ხეების გადატანის საპროტესტო აქციაზე ელგუჯა ბაგრატიონი დააკავეს. პირველად ის პარტიზანი მებაღეების სამ წევრთან ერთად გასული წლის სექტემბერში დააკავეს.
შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ ავტომანქანების შესყიდვას ტენდერის საშუალებით და ამასთან, ჩანაცვლების გზით განახორციელებს. სპეციალური დანიშნულების 9 ავტომანქანა [რაც ამჯერად აქვს ცენტრს] გადაეცემა ტენდერში გამარჯვებულს 6 ერთეული ახალი ავტომანქანის ცენტრისთვის გადაფორმების შემდეგ.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ჩანაცვლების გზით შესასყიდი 6 ახალი ავტომანქანის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 480 ათას ლარს. ამ თანხაში 143 ათასი ლარი ჩასანაცვლებელი 9 ავტომანქანის ღირებულებაა, 29 ათასი ლარი სამედიცინო დახმარების ცენტრის საკუთარი სახსრები, ხოლო 307 ათას 500 ლარი – ბათუმის მერიის სუბსიდირება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კანონი არ ადგენს ვინ უნდა შეასრულოს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობა მისი გადადგომის შემდეგ. როგორ უნდა გაგრძელდეს პროცედურა, თუ თავმჯდომარის ვეტო უმაღლესმა საბჭომ ვერ დაძლია… ამ და სხვა ხარვეზების გამოსასწორებლად უმაღლესმა საბჭომ უნდა იზრუნოს. რა ინციატივებით შევა უმაღლესი საბჭო საკონსტიტუციო კომისიაში? – ამ საკითხზე „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ესაუბრა, რომელიც ასევე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრია.
ბატონო დავით, რა ინიციატივებით შეხვალთ კომისიაში, როგორც ვიცით, საკითხები არასამთავრობო სექტორთან უკვე განიხილეთ.
ენჯეოებთან მე ის არ განმიხილავს, თუ რა ინიციატივებით ვაპირებ შევიდე კომისიაში. მე მინდოდა მათგან მომესმინა მოსაზრებები და იდეები ამაზე, მაინტერესებდა ისინი რა ხარვეზებს ხედავენ. მაქვს მოსაზრებები, რომლებსაც მაინცადამაინც არ ვაკონკრეტებ. თუმცა, რამდენიმე მათგანი გავასაჯაროვე და არც თქვენთან დავმალავ. ეს არის მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცესები, მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის შემდგომ ურთიერთობების საკითხი, რომელიც ხარვეზის სახით გამოჩნდა. ვეტოს მექანიზმი მთავრობის თავმჯდომარის ხელში და შემგომი დაუსრულებელი საკანონმდებლო პროცედურა, რომელსაც არ აწესრიგებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კონსტიტუციური კანონი.
გარდა ამისა, არის საკითხები, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ კომპეტენციას ეხება. თუ გადავხედავთ განსაკუთრებულ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, მათი დიდი ნაწილი თვითმმართველობის კოდექსით არის თვითმმართველობის განსაკუთრებული გამგებლობა, აქედან გამომდინარე ამ საკითხებს რაღაც ფორმით დახვეწა ან ამოღება სჭირდება, რომ არ მოხდეს დუბლირება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციების ჩამონათვალში უნდა მოხდეს კოდიფიცირება ან ფორმულირების შეცვლა. მაგალითად, გვაქვს ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული კომპეტენცია, ამ დროს ადგილობრივი მნიშვნელობის გზები მუნიციპლიტეტის კომპეტენციაა ორგანული კანონით. აქედან გამომდინარე ამას ან უნდა დაერქვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის გზები, ან საერთოდ უნდა იყოს ამოღებული და ასეთი ძალიან ბევრი ტექნიკური და არატექნიკური საკითხია, რომლებიც ცვლილებას საჭიროებს. შეხვედრის მიზანი იყო არამხოლოდ ჩემი მოსაზრებები გამეხმოვანებინა საკონსტიტუციო კომისიის წინაშე, არამედ საზოგადოების აზრიც ყოფილიყო გათვალისწინებული და საზოგადოებრივი აზრის გამომხატველია, ნაწილის მაინც, არასამთავრობო ორგანიზაციები.
იყო მათგან საინტერესო წინადადებები?
ვერ გეტყვი, რომ ბევრი, მაგრამ იყო. ასლან ლორთქიფანიძეს ჰქონდა წარმოდგენილი მოსაზრება ავტონომიური რესპუბლიკის მოწყობაზე, მისი პოზიციაა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის სახით კი არ უნდა იყოს მოწყობილი, არამედ პოლიტიკური ნაწილი უნდა ჩამოშორდეს და როგორც რეგიონი, ისე უნდა ჩამოყალიბდეს. ანუ სამართლებრივი ნიშნით უნდა იყოს მოწყობილი. ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული კონცეფცია და რაც შეეხება დანარჩენ მონაწილეებს, მათ წერილობით ჩამოყალიბებული მოსაზრებები არ ჰქონდათ, მაგრამ ჰქონდათ მინიშნებები ამა თუ იმ საკითხზე, რომელიც შესაძლოა, ჩამოყალიბდეს როგორც ინიციატივა კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და ეს ძირითადად დაკავშირებული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე. იმავე დღეს შევხვდი აჭარის სამინისტროების იურიდიული დეპარტამენტების ხელმძღვანელებს. ყველაზე კარგად ალბათ სწორედ იურიდიულ დეპარტამენტებში ხედავენ ამა თუ იმ საკითხის არასრულყოფილებას თუ დაუხვეწელობას, აქედან გამომდინარე მათგანაც მოვისმინე საქმიანი მოსაზრებები, რომლებიც ასევე შეიძლება გახდეს საკონსტიტუციო კომისიის მსჯელობის საგანი.
რამდენიმე ხარვეზზე რომ გვითხრათ, რომელთა გამოსწორებაზეც მუშაობა უკვე დაწყებული გაქვთ.
აი, მაგალითად, გადადგა მთავრობის თავმჯდომარე. გადადგომას კონსტიტუციური კანონი არ ითვალისწინებდა. გადადგომის შემდგომ ვის უნდა გაეგრძლებინა უფლებამოვალეობის შესრულება, ეს არ იყო განსაზღვრული. შესაბამისად, დავდექით დილემის წინაშე – ზოგადად, ჩაითვალა თუ არა გადამდგარად მთავრობის თავმჯდომარე, შემდგომ, მას უნდა გაეგრძელებინა მოვალეობის შესრულება, თუ უნდა დანიშნულიყო მოვალეობის შემსრულებელი და ასე შემდეგ. აი, ასეთი ტექნიკური ხარვეზები იყო ძალიან ბევრი. მთავარია შევთანხმდეთ, რომ ეს პრობლემაა და უნდა მოწესრიგდეს, ხოლო როგორ უნდა მოწესრიგდეს, ეს უკვე იურიდიული საკითხია. მთავარია დავინახოთ, რომ იყო პრობლემა და ამას სჭირდება შეცვლა.
ასევე მნიშვნელოვანია უმაღლესი საარჩევნო კომისიის არჩევასთან დაკავშირებული საკითხები. 2013 წელს მთავრობის თავმჯდომარემ გამოიყენა ვეტოს უფლება. ვეტო ვერ იქნა დაძლეული უმაღლესი საბჭოს მიერ, დაბრუნდა მთავრობის აპარატში ხარვეზებით. მაშინ ჩათვალეს, რომ ამას არ ითვალისწინებდა აჭარის ვტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობა და საკანონმდებლო პროცესი დაუსრულებლად შეწყდა შუა გზაში. არც ხარვეზი გამოსწორდა. ამან აჩვენა, რომ მოწესრიგების ეს სისტემა იყო არასრულყოფილი, რაც არ შეიძლება საკანონმდებლო რეგულაციებში იყოს. ეს საკითხებიც ზუსტდება და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხია, რომელზედაც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, როცა აღმასრულებელ ხალისუფლებაში ვიყავით. ამას ვამბობდი არა მხოლოდ მე, ზოგადად იურისტები ვთანხმდებოდით, რომ ასე იყო.
ზოგიერთი უწყება საუბრობდა კომპეტენციის ნაკლებობაზე და უფლებების დელეგირებას ითხოვდა. ასეთი ერთ-ერთი იყო, მაგალითად, გარემოს დაცვის სამმართველო.
აქ ჩვენ საკითხები უნდა გავყოთ ორ ნაწილად. ერთი, რომელიც აჭარის განსაკუთრებულ გამგებლობას უნდა მიეკუთვნებოდეს და მეორე, რაზეც დელეგირებას აკეთებს ცენტრალური უწყება. დელეგირების საკითხი და დელეგირების თემა გაცილებით იოლი გადასაწყვეტია და არ არის კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანით მოწესრიგებადი საკითხი.
კომისია კიდევ რა საკითხებზე მუშაობს?
კომისიაში, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რაზე იყო აქცენტი გაკეთებული, ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, რადგან სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იყო დახურული ფორმატის და შესაბამისად, არაეთიკური იქნება დეტალებზე აქცენტირება, თუმცა დაახლოებითი ჩარჩო გითხარით.
ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შესყიდული მრავალწლოვანი ხის გადატანის გამო სოფელ ციხისძირთან ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალი რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო, რამაც მოქალაქეების და მძღოლების პროტესტი გამოიწვია. როგორც თვითმხილველმა „ბათუმელებს“ აცნობა, ამ დროისთვის მაგისტრალი გახსნილია, თუმცა ავტომანქანები შეფერხებით გადაადგილდება.
ხის გადატანა / ციხისძირი / 5.02.2017 / გურამ მურვანიძის ფოტოხის გადატანა / ციხისძირი / 5.02.2017 / გურამ მურვანიძის ფოტოხის გადატანის გამო ავტომაგისტრალი, „ბათუმელების“ ინფორმაციით ღამის 3 საათიდან გადაიკეტა / ციხისძირი / 5.02.2017, 8:40 სთ. / გურამ მურვანიძის ფოტოხის გადატანის გამო ავტომაგისტრალი ღამით გადაიკეტა; დილის 9 საათისთვის მოძრაობა აღდგა / ციხისძირი / 5.02.2017 / გურამ მურვანიძის ფოტოხის გადატანა. სპეციალურ ტექნიკა, რომელზეც ხეა მოთავსებული ცენტრალურ მაგისტრალზეა გაჩერებული. ავტომანქანები მას გვერდს იქვე ასაქცევი გზით უვლიან. / ციხისძირი / 5.02.2017 / გურამ მურვანიძის ფოტო
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დახურვასთან დაკავშირებით დღეს სკოლის პედაგოგებთან ერთად მოსწავლეების მშობლებიც აპროტესტებდნენ.
„ … ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩემმა ერთმა შვილმა დაამთავრა უკვე და ახლა ევროპაში, უნივერსიტეტში სწავლობს. მეორე დამამთავრებელ კლასშია და ამ სკოლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. აქ აძლევენ უმაღლესი დონის განათლებას ბავშვებს და ყველაფერი საუკეთესოა. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, რომ სკოლას გვერდით დავუდგეთ“, – ამბობს თინათინ ხავლოშვილი.
თამილა ტყეშელაშვილის თქმით კი, ეს არის საკუეთესო სკოლა ბათუმში, სადაც მისი შვილი სწავლობს: „ ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა და მშობლები აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ სკოლამ მუშაობა გააგრძელოს. ჩვენ ვერაფერს ვიტყვით შესაძლო ზეწოლაზე, რომლის გამოც ავტორიზაციის საბჭომ შესაძლოა მიიღო კიდეც გადაწყვეტილება. ჩვენ ამაზე დაზუსტებით არაფერი ვიცით.“
შაჰინის სკოლაში 350 ბათუმელი მოსწავლე სწავლობს.
ამ თემაზე კომენტარი დღეს აჭარის განათლების მინისტრმაც გააკეთა. მან თქვა, რომ სამინისტრო მუშაობს სხვა სკოლებში ვაკანსიებზე ინფრომაციის მოძიებაზე, სადაც, სავარაუდოდ, შაჰინის სკოლის მოსწავლეები მობილობით გადანაწილდებიან. მოსწალეების მშობლები კი სხვა სკოლაში ბაშვების გადაყვანას არ განიხილავენ, მათ იმედი აქვთ, რომ შაჰინის სკოლა ფინქციონირებას გააგრძლებს.
4 თებერვალს ბათუმში, გამსახურდიას ქუჩის #35-ში ძველი, სომხურ-კათოლიკური ეკლესიის შენობა ჩამოინგრა.
საზოგადოება „ბათომის“ წევრის, შოთა გუჯაბიძის თქმით, შენობა ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის დროინდელ ბათუმში იყო აგებული, 1877 წელს. სამლოცველოს ფუნქცია შენობას გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა.
შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ძველი სომხურ-კათოლიკური ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზე იყო 2012 წლიდან. შენობა წლებია მოუვლელია.
„შენობის სახურავის ჩამონგრევის მიზეზი დიდთოვლობა გახდა. სასულიერო პირი და სომხური დიასპორა მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და მართლამდიდებლურ ეკლესიას, ეს შენობები გადაეცეს სომხურ კათოლიკურ ეკლესიას, რომ შესაბამისად მოვუაროთ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის სომეხთა კავშირის პრესმდივანმა, არტურ ოგანესიანმა.
აჭარაში მდებარე საკულტო ძეგლების მეთვალყურეობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ევალება.
„ჩვენგან გავა მონიტორინგის ჯგუფი, ოქმი შედგება და ოფიციალურად ეცნობება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ამის შესახებ. უნდა ჩამოვიდნენ სპეციალისტები, შეაფასონ და მათი კომპეტენციიდან გამომდინარე იმოქმედებენ. ნიკა ანთიძე, სააგენტოს ხელმძღვანელი, უკვე საქმის კურსშია“, – უთხრა “ბათუმელებს“ ლაშა ასლანიშვილმა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სამუზეუმო განყოფილების უფროსმა.
აჭარის განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ის ამბობს, რომ ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია და კითხვითი ნიშნები ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. მინისტრის თქმით, სამინისტრო უკვე აგროვებს ინფორმაციას სხვადასხვა სკოლაში არსებულ ვაკანსიებზე, სადაც შესაძლებელი იქნება შაჰინის სკოლის მოასწავლეები მობილობით გადანაწილდნენ.
„ჩემთვის როგორც ცნობილია ავტორიზაციის საბჭომ იმსჯელა ამ სკოლაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით, მან ჩაატარა გარკვეული მონიტორინგი და მიიღო გადაწყვეტილება. თუმცა არის ვადა, ვიდრე საბოლოო ბრძანება გამოიცემა ამ საკითხთან დაკავშირებით. საბოლოო ბრძანების მიღების შემდეგ ჩვენ მზად ვართ მობილობა განვახორციელოთ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში”.
აჭარის განათლების მინისტრი ამბობს, რომ “კონკრეტულად დარღვევებზე ამ შემთხვევაში ვერ ვიასაუბრებთ. იმდენად რამდენადაც საბოლოო დოკუმენტს არ ვიცნობთ…”
ინგა შამილიშვილის თქმით, რადგან ის ცოტა ხნის წინ დაინიშნა თანამდებობაზე, “არ ჰქონდა საშუალება, ჩაეხედა ამ სფეროში”:
“მე ვფლობდი გარკვეულ ინფრომაციას, მქონდა გარკვეული კითხვის ნიშნები, მქონდა გარკვეული დადებითი ინფორმაცია. მე ამ შემთხვევაში ჩემი სუბიექტური აზრის გამოხატვისგან თავს შევიკავებ. ჩვენ ვიმოქმედებთ განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად და გარწმუნებთ, რომ არც ერთ ბავშვს პრობლემა არ შეექმნება სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. ადგილები იქნება და ჩვენ უკვე ვაკეთებთ გარკვეულ მოთელვას, თუ რომელ სკოლაში რა ვაკანსიებია”.
რაც შეეხება სკოლაში დასაქმებულ საქართველოს 127 მოქალაქეს, რაჭარის განათლების მინისტრს მიაჩნია, რომ სკოლას უნდა ეზრუნა, მსგავსი პრობლემები რომ არ შექმნილიყო: “ის არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, ამიტომ პედაგოგეგბზე მე განცხადებას ვერ გავაკეთებ”.
შაჰინის სკოლის დირექტორის ელგუჯა დავითაძის ინფორმაციით, ავტორიზაციის საბჭომ სკოლას ავტორიზაცია შეუჩერა. მისივე ინფრომაციით, საბჭომ ძირითად დარღვევად სკოლაში თურქეთის ათი მოქალაქის ჩარიცხვა მიიჩნია.
შაჰინის სკოლის დირქეტორს ეჭვი აქვს, რომ “სკოლის დახურვა არის პოლიტიკური საკითხი”.
შაჰინის სკოლის დირექტორი: ეჭვი გვაქვს, სკოლის დახურვა პოლიტიკური საკითხია
ბათუმში არსებული სკოლა-ლიცეუმის – შაჰინის სკოლის დირექტორი ელგუჯა დავითაძე აცხადებს, რომ სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების პასუხად ყველა კანონიერ უფლებას გამოიყენებს.
დღეს, 4 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე, დავითაძემ განაცხადა, რომ სკოლის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე მუშაობს ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან და უფლებადამცველებთან და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ უფლებას, დაიცვას საკუთარი მოსწავლეების და თანამშრომლების უფლებები.
დავითაძის თქმით, სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაცია პროტესტს გამოთქვამს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რადგან მონიტორინგის განხორციელების დროს კანონები დაირღვა და უარყოფს იმ ფაქტებს, რომ იყო რაიმე საფუძველი სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებისა.
“ძირითადად ყურადღება გამახვილებული იყო აქ მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც ჩარიცხული არიან ჩვენს სკოლა-ლიცეუმში. საუბარი იყო იმაზე, რომ მოხდა ჩარიცხვა არაკანონიერი გზით. თუმცა, ეს ყველაფერი თუ როგორ უნდა მომხდარიყო მათი ჩარიცხვა ქართულ სექტორზე ჩვენ გავიარეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად [რისი ოქმიც არსებობს] და, შესაბამისად, განვახორციელეთ მათი ჩარიცხვა ქართულ სექტორზე”, – განაცხადა დავითაძემ.
შაჰინის სკოლის დირქეტორს ეჭვი აქვს, რომ “სკოლის დახურვა არის პოლიტიკური საკითხი”:
“18 იანვარს თურქეთის მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო მზად არის დარტყმა მიაყენოს, დახუროს ეს სკოლები და გადაუფორმოს [სკოლები] თურქეთის სახელმწიფოს მიერ გახსნილ საგანმანათლებლო ფონდს, რომელსაც ჰქვია მარიხი. ეს ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე მაღალტირაჟიან გაზეთ „საბახში“.
ელგუჯა დავითაძის თქმით, შაჰინის სკოლაში არსებული თურქული სექტორის გაუქმება მათ განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭომ მოსთხოვა:
“სკოლაში არსებობოდა თურქული სექტორი, რომელიც ფუნქციონირებდა 9 წლის განმავლობაში და დღემდე პრობლემა არ შექმნია. ბოლო ავტორიზაციის პერიოდში იყო საკითხი იმაზე, რომ ავტორიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებდით თუ გავაუქმებდით თურქულ სექტორს. ჩვენ იქვე განვაცხადეთ, რომ ამ სექტორს მეორე დღესვე გავაუქმებდით და ბავშვებს გავუშვებდით სხვა სკოლებში. საბჭოს წევრებმა თქვეს, რომ ეს იქნებოდა ამ ბავშვების უფლებების დარღვევა და ეს უნდა გაგვევლო ეტაპობრივად… თურქულ კლასებში უნდა გაძლიერებულიყო ქართულის სწავლება, სასწავლო პროცესში მშობლებისთვის უნდა მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ თურქული სექტორი უქმდებოდა”.
სკოლის დირექტორმა თქვა, რომ სკოლა ორშაბათიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, რადგან მათ არ ჩაბარებიათ ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
ამ სკოლაში 350 ბათუმელი მოსწავლე სწავლობს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, 3 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სკოლისთვის ავტორიზაცია გაეუქმებინათ მოსწავლეების ჩარიცხვის საკითხთან დაკავშირებით.
შაჰინის სკოლა მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.
კონსულმა მაშინ აღნიშნა, რომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით, რომელიც თურქეთის ხელისუფლებამ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.
მოგვიანებით კონსულმა ეს განცხადება უარყო და თარგმანის არასწორ ინტერპრეტაციას დააბრალა, თუმცა ვიდეომასალაში, რომელიც ტელევიზიებმა გაავრცელეს, ჩანდა, რომ კონსულის განცხადებას საკონსულოს თარჯიმანი თარგმნიდა.
კონსულის განცხადებას დიდი საპროტესტო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ბათუმის შაჰინის სკოლის კურსდამთავრებულები კონსულს პასუხობდნენ, რომ ისინი ტერორისტები არ არიან, ხოლო შაჰინის სახელობის ლიცეუმი ერთ-ერთი საუკეთესოა ბათუმში.
გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ყველა სახელმწიფოს მოსთხოვა ეგრეთ წოდებული გიულენის სკოლების დახურვა. სკოლები დახურეს აზერბაიჯანში.
2016 წლის აგვისტოში, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს თურქეთში ვიტის დროს დაგეგმილი იყო უმაღლეს დონეზე შეხვედრა, რომელზეც ასევე განიხილებოდა შაჰინის სკოლის საკითხი.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას. მოგეხსენებათ, რომ ხვალ არის პრემიერის ვიზიტი თურქეთში და იქნება შეხვედრები უმაღლეს დონეზე და მეც ვიქნები ამ გუნდში და ერთ-ერთ საკითხად განვიხილავთ ამას. ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ, ერთი მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენს მეგობრობას არაფერი არ ართულებდეს, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია და ერთი ადამიანის განცხადებაზე არ ავაგოთ გადაწყვეტილება”, – ამბობს განათლების მინისტრი.
ბათუმში არსებული სკოლა-ლიცეუმის – შაჰინის სკოლის დირექტორმა ელგუჯა დავითაძემ სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
ელგუჯა დავითაძის თქმით, “3 თებერვალს, თბილისში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართულ საბჭოზე განხილული იქნა შპს შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის საკითხი. შეხვედრაზე კომისიის წევრების უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე. თუმცა, ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ჩვენ ამ ეტაპისთვის ხელთ არ გვაქვს დოკუმეტაცია, რომ სკოლის ლიცენზია ან ავტორიზაცია შეჩერებულია”.
შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ეზოში, სკოლის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სკოლის ეზოში მოსწავლეები და პედაგოგები შეიკრიბნენ
ელგუჯა დავითაძის თქმით, სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაციამ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს: “პროტესტს გამოთქვამთ მიღებულ უსამართლო გადაწყვეტილებაზე, რადგან აქვს ადგილი კანონების დარღვევას მონიტორინგის განხორციელების დროს… ძირითადად ყურადღება გამახვილებული იყო აქ მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც ჩარიცხული არიან ჩვენს სკოლა-ლიცეუმში. საუბარი იყო იმაზე, რომ მოხდა ჩარიცხვა არაკანონიერი გზით. თუმცა, ეს ყველაფერი თუ როგორ უნდა მომხდარიყო მათი [სულ 6 მოსწავლე] ჩარიცხვა ქართულ სექტორზე ჩვენ გავიარეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად [რისი ოქმიც არსებობს] და, შესაბამისად, განვახორციელეთ მათი ჩარიცხვა ქართულ სექტორზე”.
შაჰინის სკოლის დირქეტორს ეჭვი აქვს, რომ “სკოლის დახურვა არის პოლიტიკური საკითხი”:
“18 იანვარს თურქეთის მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო მზად არის დარტყმა მიაყენოს, დახუროს ეს სკოლები და გადაუფორმოს [სკოლები] თურქეთის სახელმწიფოს მიერ გახსნილ საგანმანათლებლო ფონდს, რომელსაც ჰქვია მარიფი. ეს ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე მაღალტირაჟიან გაზეთ „საბახში“.
ელგუჯა დავითაძის თქმით, შაჰინის სკოლაში არსებული თურქული სექტორის გაუქმება მათ განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭომ მოსთხოვა:
“სკოლაში არსებობოდა თურქული სექტორი, რომელიც ფუნქციონირებდა 9 წლის განმავლობაში და დღემდე პრობლემა არ შექმნია. ბოლო ავტორიზაციის პერიოდში იყო საკითხი იმაზე, რომ ავტორიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებდით თუ გავაუქმებდით თურქულ სექტორს. ჩვენ იქვე განვაცხადეთ, რომ ამ სექტორს მეორე დღესვე გავაუქმებდით და ბავშვებს გავუშვებდით სხვა სკოლებში. საბჭოს წევრებმა თქვეს, რომ ეს იქნებოდა ამ ბავშვების უფლებების დარღვევა და ეს უნდა გაგვევლო ეტაპობრივად… თურქულ კლასებში უნდა გაძლიერებულიყო ქართულის სწავლება, სასწავლო პროცესში მშობლებისთვის უნდა მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ თურქული სექტორი უქმდებოდა”.
სკოლის დირექტორმა თქვა, რომ სკოლა ორშაბათიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, რადგან მათ არ ჩაბარებიათ ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
ამ სკოლაში 350 ბათუმელი მოსწავლე სწავლობს. ცენტრის განმარტებით, იმის გამო, რომ სკოლას ავტორიზაციის გარეშე არ აქვს ფუნქციონირების უფლება, მოსწავლეები მობილობის საშუალებით სხვა სკოლებში გააგრძელებენ სწავლას.
შაჰინის სკოლა მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.
კონსულმა მაშინ აღნიშნა, რომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით, რომელიც თურქეთის ხელისუფლებამ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.
მოგვიანებით კონსულმა ეს განცხადება უარყო და თარგმანის არასწორ ინტერპრეტაციას დააბრალა, თუმცა ვიდეომასალაში, რომელიც ტელევიზიებმა გაავრცელეს, ჩანდა, რომ კონსულის განცხადებას საკონსულოს თარჯიმანი თარგმნიდა.
კონსულის განცხადებას დიდი საპროტესტო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ბათუმის შაჰინის სკოლის კურსდამთავრებულები კონსულს პასუხობდნენ, რომ ისინი ტერორისტები არ არიან, ხოლო შაჰინის სახელობის ლიცეუმი ერთ-ერთი საუკეთესოა ბათუმში.
გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ყველა სახელმწიფოს მოსთხოვა ეგრეთ წოდებული გიულენის სკოლების დახურვა. სკოლები დახურეს აზერბაიჯანში.
2016 წლის აგვისტროში, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს თურქეთში ვიტის დროს დაგეგმილი იყო უმაღლეს დონეზე შეხვედრა, რომელზეც ასევე განიხილებოდა შაჰინის სკოლის საკითხი.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას. მოგეხსენებათ, რომ ხვალ არის პრემიერის ვიზიტი თურქეთში და იქნება შეხვედრები უმაღლეს დონეზე და მეც ვიქნები ამ გუნდში და ერთ-ერთ საკითხად განვიხილავთ ამას. ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ, ერთი მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენს მეგობრობას არაფერი არ ართულებდეს, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშნვნელოვანია, რომ ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია და ერთი ადამიანის განცხადებაზე არ ავაგოთ გადაწყვეტილება”, – ამბობს განათლების მინისტრი.
ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელია თუ არა სკოლას აკრედიტაცია შეუჩერონ, ალექსანდრე ჯეჯელავამ ასე უპასუხა: “კანონში კონკრეტულად გაწერილია აკრედიტაციის შეწყვეტის კრიტერიუმები. თუ მართლა აღმოჩნდა მტკიცებულებები, ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონობასთან ბავშვების ჩართვის შესახებ, აუცილებლად ეს იქნება როგორც ადმინისტრაციული, ასევე, შესაძლოა, სისხლის სამართლის დევნის საფუძველი, თუმცა ამ წუთას ასეთი მტკიცებულებები ჩვენ არა გვაქვს”.
გუშინ, 3 თებერვალს, გვიან ღამით ბათუმის ბულვარში 7 პირი დააკავეს – ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩხუბობდნენ და მათ ადგილზე მოსულ პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ისინი დაკავებული არიან ადმისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე [იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით] და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოების თანაშმრომლების მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
4 თებერვალს ბათუმში, შაფათავას 37 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლს მოედო ცეცხლი. ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა სახლის კედლის დაახლოებით 15 კვ.მ და 40 კვადრატამდე სახურავი.
ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია. სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ჯერ სწავლობენ.
დღეს, 4 თებერვალს, 15 საათზე ბათუმში, შაჰინის სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობას“ დირეტორი ელგუჯა დავითაძე პრესკონფერენციას მართავს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საკითხი შეეხება შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის საკითხს. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ოფიციალური საბუთი ავტორიზაციის შეჩერებაზე არ მიუღიათ, თუმცა სკოლაში შიშობენ, რომ შესაძლოა ასე მოხდეს.
სკოლის თანამშრომლები ამბობენ, რომ შემოწმების მიზნით მონიტორინგის ჯგუფი სკოლაში ორჯერ შევიდა:
„გასულ წელს მოითხოვეს თურქული სექტორის გაუქმება. ბრძანების შესაბამისად წელს თურქული სექტორი გაუქმდა. 10 მოწავლე გადმოვიდა ქართულ სექტორში და 85 მოწავლე საერთოდ გავიდა სკოლიდან. ეს ათი მოსწავლე თითქოს პრობლემას უქმნიდა დანარჩენ 350 ბავშვს. მათ აღირება არ გაუკეთებიათ, რადგან არ ჩაგვითვლია საჭიროდ ჩვენი სკოლის მოსწავლეს, ისევ ჩვენს სკოლაში მოსასვლელად აღიარება გაეკეთებინა. ეს ჩათვალეს დანაშაულად. სკოლას მატერიალური თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ აქვს. “ – უთხრა ბათუმელებს“ სკოლოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
„ბათუმელებმა“ აჭარის და საქართველოს განათლების სამინისტროებს მიმართა ინფორმაციის გადასამოწმებლად, თუმცა ამ დრომდე ვერ მივიღეთ პასუხი, უჩერდება თუ არა შაჰინის სკოლას ავტორიზაცია.
შაჰინის სკოლა მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.
კონსულმა მაშინ აღნიშნა, რომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით, რომელიც თურქეთის ხელისუფლებამ თურქეთის პრეზიდენტი ერდოსამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.
კონსულის განცხადებას დიდი საპროტესტო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ბათუმის შაჰინის სკოლის კურსდამთავრებულები კონსულს პასუხობდნენ, რომ ისინი ტერორისტებია არ არიან, ხოლო შაჰინის სახელობის ლიცეუმი ერთ-ერთი საუკეთესოა ბათუმში.
გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ყველა სახელმწიფოს მოსთხოვა ეგრეთ წოდებული გიულენის სკოლების დახურვა. სკოლები დახურეს აზერბაიჯანში.
შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი ბათუმში 1994 წელს გაიხსნა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს, დეკემბერში, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ სადამკვირვებლო პუნქტზე წარმოებდა. განისაზღვრებოდა ატმოსფერული ჰაერის შემდეგი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები: მტვერი, გოგირდისა და აზოტის დიოქსიდები, ასევე ნახშირჟანგი.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, „ბათუმის ჰაერში მტვრის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაცია შესაბამის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას აღემატებოდა 1.4-ჯერ, ხოლო აზოტის დიოქსიდისა – 1.1-ჯერ. გოგირდის დიოქსიდისა და ნახშირჟანგის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაციები კი ნორმის ფარგლებში იყო“.
სააგენტოს ინფორმაციით, დეკემბრის თვეში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი ბათუმში ასევე წარმოებდა ქათამაძის ქუჩაზე განლაგებულ ავტომატურ სადგურზე და აქაც განისაზღვრებოდა ატმოსფერული ჰაერის შემდეგი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები: გოგირდისა და აზოტის დიოქსიდები, ნახშირჟანგი, PM10 და PM2.5.
„ბათუმის ავტომატურ სადგურზე გაზომილი დამაბინძურებელი ნივთიერების საშუალო თვიური კონცენტრაციები, გარდა აზოტის დიოქსიდისა და ნახშირჟანგისა, ნორმის ფარგლებში იყო. აზოტის დიოქსიდის საშუალო თვიური კონცენტრაცია (0,150 მგ/მ3) 3.8-ჯერ, ხოლო ნახშირჟანგის – 1,3-ჯერ აღემატებოდა შესაბამის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას“ – აღნიშნულია მონიტორინგის შედეგებში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის დეკემბერში ქალაქ ბათუმში ჩატარდა ატმოსფერული ჰაერის ინდიკატირული გაზომვები. კერძოდ, ქალაქის 4 წერტილში ჩატარდა 9 ინდიკატორული გაზომვა.
„აქედან აზოტის დიოქსიდის – 4, გოგირდის დიოქსიდის – 1, ბენზოლის – 3 და ოზონის – 1 გაზომვა. შედეგები შედარებული იქნა ევროკავშირის ნორმატივებთან ჰარმონიზებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდექსებთან. ყველგან დაფიქსირდა გოგირდის დიოქსიდის, ოზონისა და ბენზოლის დაბალი ინდექსები. აზოტის დიოქსიდის ინდექსი მხოლოდ ერთ წერტილში იყო დაბალი, ხოლო სამ წერტილში – ტერმინალთან, რუსთაველის ქუჩაზე თეატრთან და ტექნიკურ უნივერსიტეტთან იყო საშუალო“.
2017 წლიდან, საწარმოები ვალდებულნი არიან ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობრივი მაჩვენებლები აღრიცხონ და შემდეგ ეს მონაცემები ელექტრონულად წარადგინონ ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს. ვადების დარღვევის ან ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, საწარმოები დაჯარიმდებიან.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3601 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 571 მლნ. აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3030 მლნ. აშშ დოლარი (20 პროცენტით მეტი).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 30 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 27 პროცენტი და იმპორტში 31 პროცენტი (2015 წელს შესაბამისად 32, 29 და 33 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 32 პროცენტი (2015 წელს 34 პროცენტი).
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წელს 2721 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წელთან შედარებით 3 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 739 მლნ. აშშ დოლარი (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1983 მლნ. აშშ დოლარი იყო (1 პროცენტით მეტი).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 23 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 35 პროცენტი და იმპორტში 20 პროცენტი (2015 წელს შესაბამისად 28, 38 და 25 პროცენტი). 2016 წელს დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 16 პროცენტი (2015 წელს 20 პროცენტი).
გადაწყვეტილება, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე აწერს ხელს, სასჯელის მნიშვნელოვნად გახანგრძლივებას ითვალისწინებს. რევაზ კარალიძეს, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, მანამდე, პირველი და მეორე ინსტანციისგან შეფარდებული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 11.5 წლამდე გაეზარდა.
რევაზ კარალიძესთან ერთად ამავე საქმეში კიდევ ერთი მსჯავრდებულია, მისი ნათესავი – ავთანდილ ცეცხლაძე. მას სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 3 წლიდან 11 წლამდე გაუხანგრძლივა. პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებმა ორივე მსჯავრდებულს „ზეგავლენით ვაჭრობა“ დაადასტურა. უზენაესმა სასამართლომ ამჯერად პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და კვალიფიკაცია შეცვალა – დიდი ოდენობით ქრთამის აღება. ნინო გვენეტაძესთან ერთად, ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის კიდევ ორმა მოსამართლემ მიიღო: პაატა სილაგაძემ და გიორგი შავლიაშვილმა.
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ კარალიძე და მისი ნათესავი, ავთანდილ ცეცხლაძე ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა 2013 წლის 22 ივლისს. გამოძიების ვერსიით, ვინმე რუსლან ცეცხლაძემ ავთანდილის [რევაზ კარალიძის ნათესავი] დახმარებით გაიცნო რევაზ კარალიძე და დახმარება სთხოვა – რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენისთვის ქობულეთში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის შეღავათიან ფასად შეძენა. რევაზ კარალიძე რუსლან ცეცხლაძეს 6 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის მიყიდვას დაჰპირდა. პროკურატურის მტკიცებით, თუ საბაზრო ფასი მიწის ნაკვეთზე 120 დოლარად ფასობდა, ბიზნესმენი ერთ კვადრატულ მეტრს 55 ლარად შეიძენდა, ხოლო ქრთამის სახით რევაზ კარალიძეს და ავთანდილ ცეცხლაძეს 120 ათასს ლარს გადასცემდა. პოლიციელებმა ავთანდილ ცეცხლაძე მაშინ დააკავეს, როცა მას რუსლან ცეცხლაძემ ქრთამის სახით მისაცემი ფულიდან 30 ათასი ლარი წინასწარ გადასცა. გამოძიებას არ წარმოუდგენია მტკიცებულება, სადაც ჩანს უშუალოდ რევაზ კარალიძის მხრიდან ქრთამის აღების ფაქტი.
„ეს არის საინტერესო, თუ რევაზ კარალიძე ქრთამის აღებას აპირებდა, მაშინ გადაეღოთ ესეც და პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა,“ – გვიყვება ელენე ლაზარიაშვილი, რევაზ კარალიძის ადვოკატი. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გამოძიების მიერ წარმოდგენილი აუდიო და ვიდეო ჩანაწერებიდან სასამართლო, ძირითადად, ერთ აუდიო ჩანაწერს დაეყრდნო, რომლის ნამდვილობა ექსპერტიზამ ვერ დაადასტურა:
„ამ ჩანაწერში ისმოდა რუსლან ცეცხლაძის და ავთანდილ ცეხლაძის საუბარი. ისინი ბათუმიდან ქობულეთისკენ მიემგზავრებოდნენ. ამ დროს რუსლანი აძლევს ფულს ავთანდილს და ეუბნება, თუ რამდენი უნდა გადასცეს რეზო კარალიძეს. ქობულეთში ავთანდილი პოლიციელებმა დააკავეს. ამ ჩანაწერით იქნებოდა შესაძლებელი ქრთამის აღების დადასტურება, მაგრამ თავად შსს-ს ექსპერტიზამ ვერ დაადგინა მისი ნამდვილობა. აუდიო ფაილი დისკზე იმ ფორმატით იყო ჩაწერილი, რომ მისი ავთენტურობის განსაზღვრა იყო შეუძლებელი. ექსპერტიზამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, თავდაპირველი ვერსია წარმომიდგინეო, მაგრამ შსს-ს პასუხი ამაზე იყო ის, რომ მოწმემ, რუსლან ცეცხლაძემ მათ ჩანაწერი გადასცა და გაუჩინარდა. ჩვენი ინფორმაციით, ეს რუსლან ცეცხლაძე იყო შსს-ს აგენტი, რადგან რთულია დაიჯერო, რაც პროკურორებისგან მოვისმინეთ: რუსლანი შეესწრო ქრთამის აღების შემთხვევას და საკუთარი სურვილით მივიდა არა, მაგალითად, პროკურატურაში, ან შსს-ში, არამედ პირდაპირ ანტიკორუფციულ სააგენტოში. გამოძიების ვერსიით, იმ ბიზნესმენის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა, ვისაც ფიჭვნარში თითქოს მიწის შეძენა სურდა“, – ამბობს ელენე ლაზარიაშვილი.
აუდიო ფაილის ჩანაწერის ნამდვილობას პასუხობს უზენაესი სასამართლოც თავის გადაწყვეტილებაში: „პალატას მიაჩნია, რომ ხსენებული ფარული აუდიო ჩანაწერის შინაარსის ნამდვილობა დასტურდება სხვა ფარული ვიდეო ჩანაწერებით, რომელთა შინაარსი სრულიად უდავოდ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულები სწორედ მართლსაწინააღმდეგო მიზნებით და მოტივებით ახორციელებდნენ თავიანთ დანაშაულებრივ ქმედებებს“.
ადვოკატის შეფასებით, საშიშ ტენდენციასთან გვაქვს საქმე, როცა უზენაესი სასამართლო, განსაკუთრებით კი მისი თავმჯდომარე დასაშვებად მიიჩნევს დაეყრდნოს მტკიცებულებას, რომლის ნამდვილობა ვერ დგინდება. „სისხლის სამართლის ამოსავალი პრინციპია არის ის, რომ ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც გამოიყენება ბრალდებულის წინააღმდეგ, უნდა იყოს უტყუარი. საიდან შეიძლება დადასტურდეს სხვა ვიდეო ჩანაწერით იგივე? მარტივი ლოგიკაა, რომ ასე ვერ იქნება. სხვა ჩანაწერებში არსად პირდაპირ ქრთამის აღებაზე საუბარი არაა. იმ ჩანაწერების მიხედვით, რევაზ კარალიძე საუბრობს ფულზე, მაგრამ ეს არის თანხა, რომელიც ბიზნესმენს უნდა გადაეხადა აუქციონში მისაღებად. რაც შეეხება ავთანდილ ცეცხლაძეს, ის ადასტურებს იმას, რომ შუამავლობისთვის უნდა მიეღო გარკვეული თანხა, მაგრამ ეს არ იყო ქრთამი და ამას არ ჰქონდა კავშირი რევაზ კარალიძესთან“, – გვიყვება ელენე ლაზარიაშვილი.
უზენაესმა სასამართლომ არ გაიზირა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება, რომლის მიხედვითაც: „რევაზ კარალიძის უშუალო უფლებამოსილებაში არ შედიოდა მიწის საკითხის გადაწყვეტა და მას არ შეეძლო ერთპიროვნულად გადაეჭრა ქობულეთის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრისა და პრივატიზაციის საკითხი.“
რევაზ კარალიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გარდა, იყო ქობულეთის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის და აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლის მიხედვითაც რევაზ კარალიძე ერთპიროვნულად მიწის შეღავათიან ფასად გასხვისებას ვერ მოახერხებდა. იმ დროისთვის არსებული რეგულაციით, საკუთრების კომისიას კოლეგიურად უნდა მიეღო გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, ქობულეთის საკრებულო იღებდა.
ეს გარემოება აღმოჩნდა მთავარი პირობა წინა ინსტანციების სასამართლოებისთვის, რის გამოც მათ პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვეს და ქრთამის აღების ნაცვლად, „ზეგავლენით ვაჭრობა“ დაადგინეს. ეს მუხლი გაცილებით მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს, ვიდრე დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
„რევაზ კარალიძის საქმეზე“ უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გასული წლის 28 ივლისს მიიღო. რეზო კარალიძის ოჯახის ინფორმაციით, მზადდება სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში შესატანად.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლაშა კომახიძესთან ერთად აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ და ლაშა კომახიძემ შეხვედრა გამართეს ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან ვასიფ თალიბოვთან.
„ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელება. გაგრძელდება გაცვლითი პროგრამები ავტონომიური რესპუბლიკების უნივერსიტეტებს შორის, გააქტიურდება ბავშვთა მკურნალობის პროგრამები ნახიჩევანის და აჭარის გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ცენტრებში. ახალი თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებს. განხილულ იქნა ნახიჩევანი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შემოღების საკითხი, წამყვანი ტურ-ოპერატორების რეგიონში სტუმრობა და ტურისტული ნაკადების ზრდის ხელშეწყობა. სოფლის მეურნეობის სფეროში აზერბაიჯანული მხარე მზად არის ითანამშრომლოს მთიან აჭარაში მეცხოველეობის, სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებში. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აჭარიდან ციტრუსის ექსპორტირების შესახებ“ – აღნიშნულია მთავრობის მიერ მოწოდებულ პრესრელიზში.
ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბში ტრაილერს ცეცხლი მოედო – ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს” თვითმხილველმა მიაწოდა. შს სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ მსხვერპლი არ არის, მძღოლი არ დაშავებულა.
ადგილზე მყოფი თვითმხილველის თქმით, ამ დროისთვის გადაკეტილია ბათუმიდან გამავალი გვირაბი და ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურები მუშაობენ.
„დევნილები აპირებენ წერილობით მიმართონ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ძალაში არ შევიდეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დევნილთათვის უქმდება 45-ლარიანი შემწეობა და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მათი, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი,“ – განაცხადა დღეს, 3 თებერვალს, ბათუმში „ერთიანმა ნაცონალურმა მოძრაობამ“.
ოპოზიციური პარტია ასე ეხმაურება დევნილთა ნაწილისათვის 45-ლარიანი შემწეობის შეჩერების საკითხს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამჟამად განიხილავს.
„დახმარების მოხსნა დაკავშირებულია სტატუსის მოხსნასთან, რამაც დევნილების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი აცხადებენ, რომ აპირებენ აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაბრუნებას და მათთვის მიუღებელია რაიმე ფორმით დევნილის სტატუსის შეწყვეტა, ამიტომ მათთან ერთად მომზადდა განცხადების ტექსტი პრემიერ-მინისტრის სახელზე, ჩვენ შემოვივლით კარდაკარ, შეგროვდება ხელმოწერები და გაეგზავნება პრემიერ-მინისტრს, რომ ამ საკითხის განხლვა შეწყდეს“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ გია აბულაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა 2 თებერვალს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დევნილების დახმარება არ შეეხება დევნილის სტატუსს. „სტატუსი არის პოლიტიკური სტატუსი და რჩება მანამ, სანამ არ მოხდება დაბრუნება,“ – აღნიშნა მინისტრმა. სამინისტრო აცხადებს, რომ ცვლილების მიზანი დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის დაჩქარებაა.
„ვინც არის სოციალურად დაუცველი და სახელმწიფოსგან ბინა ჯერ არ მიუღია, ის მიიღებს არა 45 ლარს, არამედ 90 ლარს. ვინც არის სოციალურად დაუცველი, თუმცა სახელმწიფოსგან ბინა აქვს მიღებული, იმას შეუნარჩუნდება 45 ლარი, ან მიიღებს სოციალურ დახმარებას, ისევე როგორც სხვა არადევნილი იღებს, ეს მისი არჩევანია. თანხა დაიზოგება რეფორმით. ჩვენ მოგვცემს ეს შანსს, რომ დაახლოებით გავაორმაგოთ ბინათმშენებლობაც. ეს იქნება 4000 ბინა წელიწადში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მრავალსართულიანი სახლების სახურავებზე თოვლდამჭერების მოწყობა დაიწყება.
სამონტაჟო სამუშაოები 120 შენობაზე ჩატარდება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტში 200 ათასი ლარია გათვალისწინებული.
გასულ წელს ბათუმის მერიამ 12 და 9-სართულიან სახლებზე ჯამში 33 თოვლდამჭერი დაამონტაჟა.
აჭარაში მოსული დიდი თოვლის გამო, ქალაქის მერიამ გუშინ გაფრთხილებაც გაავრცელა, სადაც მოსახლეობას მოუწოდა, მოერიდონ მკვეთრი დახრილობის მქონე სახურავებიან შენობებთან გავლას, ჩამოცურებული თოვლის მასის დაცემისგან თავის არიდების მიზნით.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, განსახლებას, საერთო ჯამში 774 ოჯახი ექვემდებარება, აქედან 218 ოჯახთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.
„ოჯახების უმრავლესობა დათანხმდა შეთავაზებულ პირობებს და განსახლების პროცედურები გრძელდება. დეპარტამენტმა, თავის მხრივ მოსახლეობის განცხადებები განიხილა და დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა“ – აცხადებენ დეპარტამენტში.
ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი, 14 კილომეტრიანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 19 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, 5 გვირაბისა და 57 წყალგამტარი მილის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტს, ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ.
„არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც პრობლემას უქმნის საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტს, რომელსაც ვიწრო ქუჩებში უწევს მოძრაობა. პრობლემის გადასაჭრელად უკვე აშენდა ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკვეთი და მიმდინარეობს მეორე მოანკვეთის მშენებლობა. აღნიშნულ მონაკვეთებს დაემატება ბათუმის შემოვლითი გზა, რაც სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბათუმის ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.
სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა გასული წლის დეკემბერში იწურებოდა, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, ეს ვადა 2017 წლის მარტამდე გაგრძელდა.
ქობულეთისა [ლურჯი ზოლი] და ბათუმის [წითელი ზოლი] შემოვლითი გზის პროექტი
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასწავლო პროგრამა მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნებში ექსპერიმენტების ჩატარებას ავალდებულებს, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა, მოძველებული ლაბორატოერიები და ექსპერიმენტებისთვის საჭირო ქიმიური რეაქტივების უქონლობა, მოსწავლეებს პრაქტიკული მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს. როგორია სახელმწიფოს როლი ამ პრობლემის მოგვარებაში და რა გამოწვევების წინაშე დგას სკოლა, მოსწავლე და მასწავლებელი 21-ე საუკუნის საქართველოში;
რას აკეთებს სახელმწიფო ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციისთვის – ჩვენს სიუჟეტში მოსწავლეები, მასწავლებლები და ლექტორები ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრებიან.
ციხეში შესვლის, გამოსვლის, ან სხვა საკანში გადაყვანის დროს, პატიმრებს ციხის ადმინისტრაცია გაშიშვლებას სთხოვს. ზოგიერთი პატიმრის თქმით, მათ ბუქნების გაკეთებასაც აიძულებენ. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს დღეს მოუწია პასუხის გაცემა კითხვებზე, რატომ არის ეს საჭირო, როცა არსებობს სკანირების მეთოდი და კიდევ – არის თუ არა ღირსების შემლახავი, როცა ადამიანს გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთებას აიძულებ.
პატიმრების გაშიშვლების ანტიკონსტიტუციურად მიჩნევის თხოვნით სასამართლოს ყოფილმა პატიმარმა, ნანა ფ.-მ მიმართა. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ [თეიმურაზ ტუღუში, ირინე იმერლიშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი] დღეს, 2 თებერვალს, არსებითად განიხილა.
სარჩელის დარეგისტრირების შემდეგ, 2017 წლის 5 იანვარს, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა ერთ-ერთ გასაჩივრებულ ბრძანებაში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს, ან მსჯავრდებულს უფლება აქვს სკანირების მეთოდი აირჩიოს [სკანირების აპარატი ამ ეტაპზე საქართველოში მხოლოდ სასჯელაღსრულების 3 დაწესებულებაში აქვთ]. უარის შემთხვევაში, საპატიმრო დაწესებულების ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, პატიმარს მოსთხოვოს სკანირება და ე.წ. „სრული შემოწმება“, რაც სხეულის ნაწილობრივ, ან სრულ გაშიშვლებას გულისხმობს.
„ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა მაინც ძალაში რჩება, რადგან არსებობს ბრძანება #200, სადაც სკანირების შესახებ არაფერი წერია და ციხის ადმინისტრაციას ისევ აქვს უფლება, მოსთხოვოს პატიმრებს გაშიშვლება. გააჩნია, რომელი ბრძანებით იხელმძღვანელებს ციხის ადმინისტრაცია, მათ არჩევანი ისევ აქვთ,“ – მიმართა სასამართლოს მოსარჩელის ინტერესების დამცველმა, გიორგი გოცირიძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა.
„რის გამო შევიდა ბრძანებაში ცვლილება?“ – კითხა მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა სასჯელაღსრულების სამინისტროს იურისტებს. მათი განმარტებით, „ცვლილება დროებითი რეგულაციაა იმისთვის, რომ საპატიმრო დაწესებულებას სკანირების აპარატის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი ჰქონდეს.“
„როგორ განსაზღვრავთ, რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოთ სკანირება და როდის „სრული შემოწმება“, რის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება? – ეს კითხვა მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა მოპასუხე მხარეს რამდენჯერმე გაუმეორა. სასჯელაღსრულების სამინისტროს იურისტმა მოსამართლეს უპასუხა, რომ დასკვნით სხდომაზე გასცემს პასუხს სამართლებრივი საფუძვლის შესახებ. იურისტებმა მანამდე აღნიშნეს, რომ სკანირებით, მაგალითად, ვერ აღმოაჩენ, აქვს თუ არა დაზიანება სხეულზე პატიმარს, ან ფარულად ჩაკერებულ ჯიბეს და ასე შემდეგ.
კონკრეტული პასუხი სასჯელაღსრულების სამინისტროს იურისტებმა ვერც „ჩაკერებული ჯიბეზე” დასმულ შეკითხვას გასცეს: „თქვენ ამბობთ, რომ ნებისმიერი პატიმარს შეიძლება ჰქონდეს აკრძალული ნივთი, რომ რისკი არსებობს ნებისმიერ შემთხვევაში. თუკი პატიმარი დათანხმდება სკანირებას, მაგრამ ეს მეთოდი ვერ ადგენს ჩაკერებულ ჯიბეს, როგორ ხდება ამ რისკის დაზღვევა? ხომ არ გამოდის, რომ სკანირებაც და „სრული შემოწმება“ აუცილებელია? იქნებ ასეთი პრაქტიკა არსებობს, რომ ორივეს თანაბრად იყენებთ?” – იკითხა თეიმურაზ ტუღუშმა, კოლეგიის თავმჯდომარემ.
სხდომაზე გიორგი გოცირიძემ ევროპის რამდენიმე ქვეყნის მაგალითი მოიყვანა, სადაც აქტიურად გამოიყენება სკანირების მეთოდი, ხოლო „სრული შემოწმება“ – იშვიათ შემთხვევებში. მორიგ სხდომაზე ის სასამართლოს სკანირების აპარატის ტექნიკურ შესაძლებლობებსაც წარმოუდგენს.
საკონსტიტუციო სარჩელში აღწერილია კონკრეტული შემთხვევაც, როცა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ პატიმრის გაშიშვლება ადამიანის ღირსების შემლახავ მოპყრობად მიიჩნია. ამის შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის ნოემბერში წერდა, როცა ბათუმის ციხიდან ერთ-ერთი პატიმრის წერილი მივიღეთ. პატიმარი დღემდე ვერ ესწრება საკუთარ სასამართლო პროცესებს, რადგან ის უარს აცხადებს სრულ გაშიშვლებასა და ბუქნების გაკეთებაზე, რის გარეშეც ადმინისტრაცია მას ციხიდან გასვლის ნებას არ აძლევს.
„თუკი სრული შემოწმება აუცილებელია, რატომ შემოგაქვთ მაშინ სკანირების აპარატები, რაც როგორც აღნიშნეთ, ძვირადღირებულია?“, – მიმართა კითხვით თეიმურაზ ტუღუშმა სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებს. მათი განმარტებით, სკანირების მეთოდის დანერგვა „გაზრდის სტანდარტს“.
სასჯელაღსრულების სამინისტრო აქცენტირებს იმაზე, რომ პატიმარს იმავე სქესის ადამიანი ამოწმებს გაშიშვლების დროს, ეს ხდება დახურულ ოთახში, რომელსაც არ აქვს ფანჯარა და პატიმარს შეუძლია გაასაჩივროს, თუკი მისი უფლება „სრული შემოწმების“ დროს დაირღვა.
„მსგავსი სარჩელი აქამდე ჩვენ არ გვქონია. ჩვენ წარმოვადგენთ იმ მონაცემებსაც, თუ რამდენი დანაშაულის აღკვეთა მოხდა ამ „სრული შემოწმების“ შედეგად. სკანერი, რაც უნდა დიდი სიმძლავრის იყოს და საუკეთესო ტექნიკური მონაცემების, ის ვერ შეცვლის სრულ შემოწმებას“, – მიმართა სასამართლოს სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთ-ერთმა იურისტმა.
„დაზიანების აღმოჩენა ხსეულზე, რაც მოსაპუხე მხარემ აღნიშნა, არ არის „სრული შემოწმების“ მიზანი. მიზანი პირდაპირ განმარტებულია ბრძანებაში და ეს არის კანონით აკრძალული ნივთების ამოღება, რომლის ტარებაც ეკრძალება ბრალდებულს, ან მსჯავრდებულს. სკანირებით ამ ნივთების აღმოჩენა თავისუფლად შეიძლება“, – განაცხადა სხდომაზე გიორგი გოცირიძემ, მოსარჩელის ინტერესების დამცველმა.
სარჩელის მიხედვით, პატიმრების გაშიშვლება, ან ბუქნების გაკეთების იძულება ეწინააღმდეგება „საქართველოს კონსტიტუციის“ მე-16 მუხლს [პიროვნების თავისუფალი განვითარება], მე-17 მუხლს [ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი, ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების აკრძალვა] და მე-20 მუხლს [პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება].
ბათუმის ამერიკული კუთხეში 12-დან 17 წლამდე ახალგაზრდებისთვის პროგრამირების საფუძვლების შესწავლის ონლაინტრენინგი ჩატარდება.
ერთსაათიან ონლაინსესიაზე ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან კოდინგის საფუძვლებს და გაიგებენ თუ როგორ მუშაობს ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია თუ კომპიუტერული პროგრამები.
ონლაინტრენინგზე გამოყენებული იქნება code.org-ზე განთავსებული სასწავლო მასალები. თებერვლის თვეში ჯამში ორი სესია გაიმართება (5 და 26 თებერვალი).
კვირას, 5 თებერვალს, 13:00 საათზე, ტრენინგი ჩატარდება ბათუმის ამერიკულ კუთხეში, რომელიც ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობაშია განთავსებული.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო აპლიკაცია. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 4 თებერვალი, დღის 12:00 საათი.
მაშინ, როცა თოვს, გარეთ ცუდი ამინდია და ბათუმში ფეხით სავალი ბილიკები თოვლისგანაა გასაწმენდი, ბათუმის ქუჩებში ნიჩბებით ხელში სტაფილოსფერჟილეტიანი ადამიანები გამოდიან. თოვლიან ამინდში ისინი სამუშაოს ჩვეულზე ერთი საათით ადრე იწყებენ: „ ასე უფროსობამ გადაწყვიტა“.
ისინი შპს „ბათუმის სანდასუფთავების“ თანამშრომლები არიან. ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ ხიბლავთ, კითხვებზე მოკლე პასუხებით შემოიფარგლებიან. მათ შორის ბევრს საუბარი საერთოდ არ უნდა, ბევრი კი განმარტავს, რომ ჟურნალისტთან მისი დალაპარაკების საკითხი ხელმძღვანელმა უნდა გადაწყვიტოს, რომელიც ამ დროს კაბინეტშია.
აქვე უმეტესობა მაფრთხილებს, რომ „გლახა არაფერი დავუწერო“. მოგვიანებით კი მიხსნიან, რომ ხელმძღვანელებით და ხელფასებით კმაყოფილები არიან. მთხოვენ დავპირდე, რომ ამაზე „აუცილებლად დავწერ.“
გორგილაძის ქუჩაზე ექვსი სტაფილოსფერჟილეტიანი მუშაობს, მათგან ორი ქალია. შენობასთან მისასვლელ ბილიკებს ასუფთავებენ. ერთ-ერთი ელგუჯაა, ის ამბობს, რომ თავისი სამუშაო მოსწონს: „დღეს დილის რვიდან სამამდე ვმუშაობ. როგორც რიგითი მუშა წესიერად და გემრიელად ვაკეთებთ სუფთა საქმეს.“
საუბარს ომარი აგრძელებს – მეკითხება, რა მაქვს მათთვის ინტერვიუს სანაცვლოდ. ვუხსნი, რომ მათ ამბავს გავაშუქებ, რაზეც ამბობს: „რათ მინდა გამოქვეყნება, ისეც ქუჩაში არ ვართ? – 24 საათი ქუჩაში ვაგდივართ, გამოქვეყნებული ვართ.“
ფეხი ყველას ცივი, მაგრამ მშრალი აქვს, სამსახურმა მათ რეზინის ბოტები და წყალგაუმტარი ქურთუკები შეუძინა.
ხელფასი 350 ლარია, ამ თვეში პრემია ექნებათ თუ არა, არ იციან. გასულ წელს თოვლისგან ქუჩებისა და ტროტუარების გაწმენდის სანაცვლოდ პრემიები აიღეს: „საგანგებო მდგომარეობა იყო, ღამეშიც ვიმუშავეთ“.
ომარი ამბობს, რომ გასულ წელს თოვლში მუშაობის შემდეგ ერთი ხელფასის ოდენობის პრემია აიღო. ელგუჯას 250 ლარი აუღია პრემიის სახით.
შპს „სანდასუფთავების თანამშრომლები გზას თოვლისგან წმენდენ. ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ქალები მუშაობას აგრძელებენ, მათ არც საუბარი უნდათ და არც კადრში გამოჩენის სურვილი აქვთ. საკუთარ სახელს არც ერთი არ ამბობს.მერი [პირობითად] გაბრაზებულია, არ მოსწონს, რომ მისი კოლეგები მესაუბრებიან. ჯერ აკაკი გააფრთხილა:
„დაგალაპარაკებს შენ, რომ გნახავს ტელევიზორში ზურიაი!“ – აკაკი გაფრთხილებას არ ითვალისწინებს, არც ელგუჯა.
რუსუდანმა [პირობითად] გადაწყვიტა ილაპარაკოს, „ოღონდ სახელის თქმის გარეშე“: „მე 150 ლარი ავიღე გასული წლის თოვლის შემდეგ პრემია. ომარიმ მეტი იმიტომ აიღო, რომ მობილურ ჯგუფში იმუშავა.“
ბილიკებს ტროტუარებზე დილის რვიდან სამ საათამდე წმენდენ. შესვენება არ აქვთ.
აკაკი ყვება, რომ ხალხი მათ შრომას არ აფასებს. „ტელევიზორში სიუჟეტი გავიდა, სანდასუფთავება არაფერს აკეთებსო. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ. ასე რატომ თქვეს. ცოდვა ვართ.“ ელგუჯაც იმავეს ამბობს.
ხელფასზე კითხვებს გაურბიან. ბოლოს მაინც გადაწყვიტეს ეთქვათ, რომ „ 350 ლარი ცოტაა და არაფერში ჰყოფნით“.
„სამასი ლარი ძალიან ცოტაა. მე ნაქირავებში ვცხოვრობ და 250 ლარს ვიხდი. დილის ცხრიდან გამოვდივარ და საღამოს ცხრამდე ვმუშაობ. დღეს რვიდან სამამდე. დილით რვაზე ისევ სამუშაოზე გამოვალ, ეს თოვლის პერიოდში. სხვა დროს დილის ექვსიდან რვამდე ვმუშაობ ყოველდღე, კვირის გარდა. ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე დილითაა“, – ამბობს ელგუჯა. მისივე თქმით„ სანდასუფთავების“ მუშებს გადადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა აქვთ, მას უნდა, რომ ამის შესახებ საზოგადოებამაც გაიგოს:
„ავტობუსით უფასოდ მგზავრობა გვეკუთვნის. სამსახურში გვეუბნებიან გეკუთვნითო. ავტობუსში კი – ბილეთი აიღეთო. ეს ვერავინ გაგვირკვია“.
მერი ისევ გაბრაზდა: „რა უნდა გიქნას ერთმა ჟურნალისტმა, მაგან რა უნდა ქნას!“
იგორი ბათუმის წყლის თანამშრომელია. როცა თოვს, ისიც მთელი დღე გარეთ მუშაობს. იმ ადგილებში, სადაც გადასასვლელზე წყალი დგას სანიაღვრე არხების მუშაობას ამოწმებს: „ვწმენდთ, რომ წყლისგან დაიცალოს.“
რთული სამუშაო აქვს, მაგრამ კმაყოფილია. მისი ხელფასი 520 ლარია, პრემიებიც აქვს, ხან ხელფასის ოდენობით და ხან ხელფასის ნახევარი.
ომარს ექვსი თვის შვილი ჰყავს. ჯერ პატარაა იმისთვის, რომ მამის საქმიანობით იამაყოს. იგორმა იცის, რომ „მომავალში ასე იქნება“. როცა ამინდი უარესდება, მეუღლე ხშირად ურეკავს: „მეკითხება ხომ არ დასველდი, ხომ არ შეგცივდა, ხომ არ დაიღალეო.“
როგორ ხვდება ქალაქი მათ, ვინც წმენდს ბილიკებს თოვლისგან, რომ უსაფრთხოდ ვიაროთ, ვინც წმენდს სანიაღვრე არხებს, რომ გადასასვლელებზე წყალი არ დადგეს? – იგორის თქმით, „ზოგი ამბობს ტყუილად დგახართ, არაფერს აკეთებთო. ზოგმა „გენაცვალეთ ბიჭებოო“, ელგუჯას თქმით, ხალხი მათ არ აფასებს, მათ შრომას არავინ ხედავს.
აკაკის ჩემთან აქვს კითხვა „ვთქვათ, თოვლი არ იყოს, ყოველთვის ხომ არ არის, როგორ ფიქრობთ თქვენ, ქალაქი დალაგებულია? – ვპასუხობ, რომ „დალაგებულია“. ამ დროს მას მერი ეძახის „წამოდი , მივდივართ“, – სხვა ქუჩაზე გადადიან.
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ჭვანის თემის ამბულატორიისთვის, მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი, სავარაუდო თანხით 27 000 ლარზე გამოაცხადა.
შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციის თანახმად, ავტომობილი, რომელსაც შუახევის გამგეობა შეისყიდის მარცხენა საჭიანი, სამ კარიანი, თეთრი ფერის და არანაკლებ 2016 წელს უნდა იყოს გამოშვებული, აღნიშნულ ტექნიკურ მახასიათებელთან ერთად ავტომობილი განბაჟებული უნდა იყოს და ძირითად აგრეგატებზე 12თვიანი გარანტია [ხელშეკრულების გაფორმებიდან] ვრცელდებოდეს.
შუახევის გამგეობის მიერ ამბულატორის ავტომობილის შესყიდვაზე 30 იანვარს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი ხვალ, 3 თებერვალს დასრულდება.
შუახევის მუნიციპალიტეტის ცხრა თემში სულ 12 ამბულატორია ფუნქციონირებს, შუახევის გამგეობის, ჯანდაცვის სამსხურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით ცხრა თემიდან შვიდ თემში არსებულ ამბულატორიას საკუთარი ავტომობილი აქვს, რომლებიც სოფლი მოსახლეობას საჭიროებისამებრ ემსახურება.
„აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წელს ამბულატორიებისთვის შვიდი ავტომანქანა გადმოგვცა, ჭვანისა და დაბის თემის ამბულატორიის გარდა, ყველა თემის ამბულატორიას საკუთარი ავტომობილი ემსახურება, ჭვანის ამბულატორიისთვის ავტომობილს კი ახლა ვყიდულობთ, რაც შეეხება დაბის ამბულატორიას, დაბაში ამბულატორია საავადმყოფოს შენობაშია განთავსებული და ექიმები საჭიროებისამებრ სასწრაფოს ავტომობილით სარგებლობენ, აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ დაბის თემში ისეთი დაშორებული სოფლები არ გვაქვს, როგორც შუბანში, წყალსაყარში, დღვანსა და სხვა თემებშია.
მიმდინარე წელს ჭვანის ამბულატორის გარდა, სხვა ამბულატორიისთვის ავტომობილის შეძენა გაწერილი არ გვაქვს“ – ამბობს ზაზა ზოიძე.
შუახევის ცხრა თემიდან, მხოლოდ სამ ადმინისტრაციულ თემში – ჭვანაში, უჩამბასა და ზამლეთში ორი ამბულატორია ფუნქციონირებს, დანარჩენ თემებში [წყალსაყრის, დღვანის, ოლადაური, შუბანი, ბარათაულსა და დაბაში] კი ერთი.
12 ამბულატორიიდან რვა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სამი ეკონომიკის სამინისტროს, ერთი კი კომპანია – „ალდაგი“ -ს ბალანსზე ირიცხება. ამბულატორიების ნაწილი მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე 2015 წელს გადავიდა.
გასულ წელს ყველა სახის მშენებლობაზე აჭარის მასშტაბით სულ 1309 ნებართვა გაიცა [საერთო ფართობი: 1,5 მილიონ კვ/მ-ზე მეტი], აქედან 1012 ნებართვა უშუალოდ ქალაქ ბათუმში.
შარშან ყველაზე მეტი – 804 ნებართვა – გაცემულია ბათუმში, საცხოვრებელი შენობების მშენებლობაზე. ამ ასაშენებელი სახლების საერთო ფართობი კი 1 მილიონ კვ/მ-ზე მეტია. საცხოვრებელ შენობებში იგულისხმება როგორც მრავალფუნქციური, ასევე ინდივიდუალური საცხოვრებელი შენობები.
2016 წელს გაცემული ნებართვები აჭარაში მუნიციპალიტეტების მიხედვით:
ბათუმი – 1039,
ქობულეთი – 169,
ხელვაჩაური – 99,
ხულო – 17,
შუახევი – 7,
ქედა – 5.
საქართველოს მასშტაბით გასულ წელს მშენებლობებზე გაიცა 11 031 ნებართვა [საერთო ფართობი თითქმის 6 მილიონი კვ/მ]. ქვეყნის მასშტაბით კი, შარშან გაცემული ნებართვებიდან 221 ნებართვა ადმინისტრაციული, ხოლო 6999 – საცხოვრებელი შენობების მშენებლობაზეა გაცემული.
მონაცემები მოგვაწოდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა. სამსახურის ინფორმაციით, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების სტატისტიკა დეკლარირებულ მონაცემებზე დაყრდნობით მოამზადეს.
ბათუმში, ახალი მშენებლობების პარალელურად, ისტორიული შენობები ნადგურდება:
ბათუმის მერია ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სახლებზე თოვლდამჭერების დამონტაჟებას იწყებს. უკვე დასრულდა ტენდერი 120 კორპუსზე მოწყობილობის დასამონტაჟებლად, რომელიც თოვლის მასის დაცურებას შეუშლის ხელს. თუმცა გასულ წელს ბათუმში, ბარცხანაში, მდებარე კორპუსზე დამონტაჟებული თოვლდამჭერმა მოწყობილობამ თოვლს ვერ გაუძლო და დღეს, 2 თებერვალს, მოსკდა და კორპუსის პირველ და მეორე სართულზე მიშენება, რომელსაც საცხოვრებელ ფართობად იყენებენ, დააზიანა.
„თოვლი მოაწვა თოვლდამჭერს, არ იყო “დასვარკული ტრუბები”, დამაგრებული იყო “ბოლტ-გაიკებით”, ვერ გაუძლო, მოქაჩა და წამოიღო ყველაფერი ქვემოთ. პირველ სართულზე მოშენებული ფართობი, რომელიც დაკანონებული აქვს მოსახლეს და საცხოვრებელი ფართობია, ჩაანგრია, თოვლის დამჭერები ჩაერჭო და დააზიანა ფართობი. ხალხი არ დაშავებულა, მაგრამ სახიფათო იყო, ბეწვზე გადარჩნენ ბავშვები. სტიქიის ბრალიაო ამბობენ, მაგრამ არაა კარგად დამონტაჟებული და მაგის ბრალია“, – აღნიშნა ცირა სურმანიძემ, ნონეშვილის #58-ში მცხოვრებმა „ბათუმელებთან.“
თოვლდამჭერები ბათუმში 33 მრავალბინიან სახლზე გასულ წელს, სახურავების გადახურვის პროგრამის ფარგლებში დამონტაჟდა. სამუშაოები შპს „ნ.მ.2007“-მა შეასრულა. რატომ დაზიანდა მოწყობილობა, რომელმაც თოვლი უნდა შეაკავოს? „ბათუმელები“ კომპანიას ვერ დაუკავშირდა, შპს „ბათუმის კორპუსის“ ხელმძღვანელმა, ზურაბ ნაკაიძემ კი “ბათუმელებს” უთხრა, რომ მიზეზს მას შემდეგ გაარკვევენ, როცა თოვლი გადნება, მანამდე კი კომპანიამ თოვლდამჭერი მოხსნა.
„უკვე მოხსნეს, საშიშროება აღმოფხვრეს. როგორც კი ამინდი გამოვა, გავარკვევთ რა გახდა ამის მიზეზი. სხვა არც ერთ თოვლდამჭერზე არ არის შემოსული შეტყობინება დაზიანების შესახებ“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ზურაბ ნაკაიძემ.
წელს ბათუმში მდებარე საცხოვრებელი სახლების სახურავებზე თოვლდამჭერების მოსაწყობად ბათუმის მერიის შპს „ბათუმის კორპუსმა“ გამოაცხადა ტენდერი. მერიაში ამბობენ, რომ ტენდერი უკვე დასრულდა და ამჟამად ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მერია 200 000 ლარს გადაუხდის შპს „საფუძველი 2014“-ს, რომელიც ბათუმში მრავალბინიან 120 სახლზე დაამონტაჟებს თოვლდამჭერს.
შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. დოკუმენტთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბათუმის მერიისა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს. ბლიც-ინტერვიუ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ნუგზარ ძნელაძესთან.
ბატონო ნუგზარ, რას გულისხმობს ახალი რეგლამენტი?
არის გარკვეული სიახლეები დაგეგმარებაში და მშენებლობაში, რაც მოეთხოვება ნებართვის გამცემს, მაკონტროლებელსა და მშენებელს. ახლა გაცნობითი ხასიათის შეხვედრებია [პარალელურად ამ პროცესში ჩართული იქნებიან მერიის მუნიციპალური სამსახურები და მუნიციპალიტეტები] ნათელი რომ იყოს ის სიახლეები, რა ცვლილებებსაც გულისხმობს ნებართვის გაცემა თუ ნებართვის მიღება.
უსაფრთხოების ისეთ რა საკითხებს ითვალისწინებს რეგლამენტი, რასაც ამ დრომდე სამშენებლო რეგულაციები არ ითვალისწინებდა?
ეს ძირითადად მესამე და მეოთხე კლასის შენობებს ეხება, მეხუთე კლასსაც თავისთავად, მაგრამ ბათუმში, ძირითადად, მეხუთე კლასის შენობები შენდება. ძირითადად სახანძრო უსაფრთხოებაზეა საუბარი. იმას, თუ სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე რა გეგმარებითი მოთხოვნები იქნება აუცილებელი; როგორ დაიგეგმოს შენობა, რომ რაღაც შემთხვევის დროს მაქსიმალურად იქნას შენობაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოება დაცული; ეხება ასევე გეგმარებით ნაწილს შშმ პირებისთვის; ეს უკავშირდება ასევე ფასადებს, შენობების განთავსებას და ასე შემდეგ.
მხოლოდ ის შენობები იგულისხმება, რომლებიც უნდა აშენდეს, თუ მიმდინარე მშენებლობებიც?
რაც ახლა იგეგმება, იქ მკაცრად რომ იყოს ეს ნორმები დაცული. რაც შეეხება უკვე აშენებულ შენობებს, რაიმე აუცილებლობა თუ იქნება, შეიძლება მერე დადგეს ეს საკითხი დღის წესრიგში. ალბათ უფრო სავარაუდოა, რომ საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებზე რაიმე მოთხოვნები შემოვიდეს. სასტუმროებზე, სავაჭრო ცენტრებზე და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე დოკუმენტი მხოლოდ ახლა მშენებარეს განიხილავს და არა უკვე აშენებულს.
ხომ არ ითვალისწინებს ეს რეგლამენტი მუშების უსაფრთხოების წესების დაცვის გამკაცრებასაც?
ამ საკითხს თავისთავად არეგულირებს შრომის უსაფრთხოების წესი, რომელიც უნდა დაიცვას ნებისმიერმა დეველოპერმა და ობიექტზე უნდა იყოს შრომის უსაფრთხოების ინჟინერი. მესმის, რომ რომ ბევრი სამწუხარო ფატი მოხდა სამშენებლო ობიექტებზე, თუმცა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეს დოკუმენტი არ ითვალისწინებს.
უკვე ამ რეგლამენტის მოთხოვნათა გათვალისწინებით გაიცემა ნებართვები?
დიახ. ეს დოკუმენტი მოთხოვნებსაც ითვალისწინებს. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესს გულისხმობს მთავრობის 57-ე დადგენილება, ამ დადგენილებაშიც უნდა შევიდეს ცვლილება და ეს ორი დოკუმენტი იყოს ურთიერთთავსებადი. გარდა ამისა, ყველა სხვა სამშენებლო წესიც, ამ დოკუმენტთან თანხვედრაში უნდა მოვიდეს.
კომპანია „ევექსის“ შუახევის ჰოსპიტლის ყოფილ დირექტორებს, რომან ხიმშიაშვილსა და რუსუდან ქამადაძეს პროკურატურა მოტყუებით ქონებრივ დაზიანებას ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შუახევში მცხოვრები 3800 ადამიანი „ევექსის“ კლინიკაში საკუთარი ინიციატივით დააზღვიეს. მათ ნაწილს დაზღვევაზე თანხმობაც არ ჰქონდა დამოწმებული. 2014 წლიდან დღემდე ამ ფორმით დაზღვევის ხარჯზე ჰოსპიტალმა 155 ათასი ლარი მიიღო. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს.
ბრალდებულების ადვოკატები – პაატა ბოლქვაძე და მირდატ ქამადაძე განმარტავენ, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება კონკრეტულ რეგულაციას არ განსაზღვრავს, ვინ ვის უნდა მიმართოს სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში მოსახვედრად. ირწმუნებიან, რომ პროკურატურა ვერ წარმოადგენს მტკიცებულებას, რაც დაადასტურებს, რომ ამ დაზღვევით სარგებელი უშუალოდ ბრალდებულებმა მიიღეს.
„ამით სარგებელი ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს არ მიუღიათ, მათ არც ხელფასი გაზრდიათ და არც პრემია მიუღიათ. ჩვენ გვეყოლება მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ დაზღვევა მოქალაქეების თანხმობით მოხდა“, – ამბობს ადვოკატი პაატა ბოლქვაძე.
როცა მოქალაქე კონკრეტული მომსახურებით არ სარგებლობს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მაინც ირიცხება თანხა იმ კლინიკის სასარგებლოდ, სადაც ადამიანი საკუთარი არჩევანის მიხედვით დაეზღვია. ქალაქში მცხოვრების დაზღვევის საფასური თვეში 1 ლარსა და 90 თეთრს შეადგენს, სოფლად – 1 ლარსა და 10 თეთრს.
დღევანდელ სასამართლო სხდომას სხვა პროცესის გამო ვერ დაესწრო პროკურორი დავით ჭარბაძე. მორიგ სხდომებზე ის სასამართლოს 50-მდე მოწმეს წარმოუდგენს, მათ შორის, „ევექსის“ შუახევის ჰოსპიტლის თანამშრომლებს, დაზღვეულებსa და რევიზორებს, ვინც საავადმყოფოში ფინანსური აუდიტი ჩაატარა.
რომან ხიმშიაშვილი „ევექსის“ შუახევის ჰოსპიტალს 2014 წლის ოქტომბრიდან მართავდა. ამავე წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე კი ჰოსპიტლის დირექტორი რუსუდან ქამადაძე იყო. ისინი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გასული წლის 9 დეკემბeრს დააკავა. ბრალდებულები სასამართლომ 30-30-ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათ დღეს „ბათუმელებთან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, „ევექსის“ შუახევის ჰოსპიტლის ყოფილ დირექტორებს ჯარიმის გადახდა ელოდებათ, ან თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე.