რატომ ვერ გაიხსნა 4 საბავშვო ბაღი, რომელიც ხელვაჩაურის გამგეობამ 4 თვის წინ ჩაიბარა

ხელვაჩაურის სოფლებში – ქედქედში, კირნათში, ფერიასა და მახინჯაურში საბავშვო ბაღების ახალი შენობები გამგეობამ გასული წლის ოქტომბერში ჩაიბარა. ბაღები დღემდე არ გახსნილა და იქ სარემონტო სამუშაობი გრძელდება.

„ჩვენ მოვითხოვთ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დასმას. რატომ გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები, თუკი მშენებლობა დასრულებული არ იყო?“, – განაცხადა მიხეილ ბოლქვაძემ, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

„მშენებლობა დასრულებულია. რაღაც გაფუჭდა და იმას არემონტებენ თავად კომპანიები. თქვენ სახლში არაფერი გიფუჭდებათ?“ – გვკითხა ხელვაჩაურის გამგებელმა, ნადიმ ვარშანიძემ, როცა მას ვკითხეთ, რატომ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები უკვე ჩაბარებულ ბაღებში.

ნადიმ ვარშანიძე ამბობს, რომ „მიხეილ ბოლქვაძის ჭკუით ვერ ივლის“ და გასულ წელს ბაღების ინვენტარისთვის საკმარისი თანხა ვერ გამოიძებნა. „ახლა გამოვაცხადეთ ტენდერი, შევიძენთ ამ ნივთებს და დაახლოებით მაისისთვის გავხსნით ბაღებს“.

მიხეილ ბოლქვაძისთვის გაუგებარია გამგებლის არგუმენტი. ის ამბობს, რომ ხელვაჩაურის გამგეობას გასულ წელს ბიუჯეტში ნაშთი მორჩა. ეფექტური მართვის პირობებში კი, შესაბამისი ინვენტარის შეძენაც მოხერხდებოდა.

„გასულ წელს როგორ გავიგებდი, რა დარჩებოდა ნაშთი? ტენდერებიდან დაიზოგა ეს თანხა და ამ წლის ბიუჯეტში გაიწერა ბაღებისთვის ინვენტარის შეძენა“, – ამბობს ნადიმ ვარშანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

გასულ წელს ხელვაჩაურში 5 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, ამ დროისთვის მხოლოდ ერთია გახსნილი – ახალსოფელში.

baga bagi ori
საბავშვო ბაღი მახინჯაურში. ფოტო: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერის ჯგუფურად ცემის საქმე

ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას პროკურატურა სამ პირს ედავება. საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, სამივეს 7-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

მთავარი მოწმე ბათუმში მდებარე ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერია, რომელსაც ჩვენება გამოძიებისთვის არ მიუცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა და საუბარი უჭირს. მენეჯერი აზერბაიჯანის მოქალაქეა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებს თავდაპირველად შელაპარაკება ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორთან მოუვიდათ, მოგვიანებით კამათში სადგურის მენეჯერი ჩაერთო, რომელსაც ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ბრალდებულები.

ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ბენზინგასამართ სადგურზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერია.

„ამ ჩანაწერზე ჩანს, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც დაპირისპირებამდე მანქანაში სხვებთან ერთად იჯდა, კონფლიქტში საერთოდ არ მონაწილეობს. პირიქით, იგი გაშველებას ცდილობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი, დავით საფარიძე.

ამ ეტაპზე ბათუმის საქალაქო სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევს. ვიდეოჩანაწერს მოსამართლე მოწმეთა ჩვენების მოსმენის შემდეგ ნახავს.

 

 

კომპანიები, რომლებსაც k2-ის გაზრდაზე ზურაბ პატარაძემ მერიასთან უშუამდგომლა

კომპანია „ორბი ჯგუფი“ ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდაზე [k2] უშუამდგომლა. კომპანია ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის #7-ში, სადაც ადრე „ადელის“ სტადიონი იყო, მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსს აშენებს. კომპანია k2 კოეფიციენტის გაზრდას 15,0-მდე ითხოვდა.

საუბარია „Orbi Twin Tower“-ზე, რომლის მშენებლობაც „ორბი ჯგუფმა“ გასული წლის მაისში დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, რომლის შესახებაც მან მერიას შუამდგომლობის წერილში მიწერა, შენობა 50-სართულიანი ბლოკისგან შედგება და მისი სიმაღლე 150 მეტრი იქნება. საერთო ჯამში კი, კომპანიამ 200 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, კომპანიამ მშენებლობის პროცესში 300- მდე მოქალაქის, ხოლო შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ 1500 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება აიღო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ქალაქმშენებლობის, საზოგადოებრივი და ეკონომიკური ამოცანების გადაჭრის კუთხითაც.

„ორბი ჯგუფ ბათუმის“ 70%-ს ფლობს „ორბი 2005“, 25 %-ს ზვიად ზოიძე და 5 პროცენტს – გრიგოლ ჩხარტიშვილი. კომპანიის დირექტორია ირაკლი კვერღელიძე. მან 2014 წელს “ქართულ ოცნებას” 60 000 ლარი შესწირა.

ზურაბ პატარაძემ k2 კოეფიციენტის 10.0-მდე გაზრდაზე მერიასთან უშუამდგომლა კომპანია „ეიჩ გრუპსაც“. კომპანია ტბელ აბუსერიძისა 15/17-სა და ფიროსმანის #5-ს შორის არსებულ ნაკვეთზე მრავალფუნქციურ შენობას, საცხოვრებელსა და სასტუმროს აშენებს.

ზურაბ პატარაძე მერიისთვის მიწერილ შუამდგომლობის წერილში წერს, რომ ნაკვეთი, რომელზეც კომპანია მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობიანი აუქციონის წესით გაყიდა, „რომლის ძირითადი პარამეტრების გათვალისწინებით განისაზღვრა, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის სიდიდის გაზრდა 10.0-მდე“, – ნათქვამია მთავრობის თავმჯდომარის წერილში. ეს იმას ნიშნავს, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კომპანიასთან პირობების შეთანხმებისას დარწმუნებულია, რომ ინვესტორი მერიისგან კოეფიციენტის გაზრდაზე თანხმობას მიიღებს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ეიჩ გრუპის“ წილები შვიდ პირზე ნაწილდება, მათ შორის ერთი რუსეთის და ორი უკრაინის მოქალაქეა. კომპანიის 15 %- ს ბათუმის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, ჯონი ბაკურიძე ფლობს.

კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარემ უშუამდგომლა შპს „ბათმშენია“. კომპანია ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე 5ბ-ში მრავალფუნქციურ შენობას აშენებს. “ბათმშენის” 100%-იან წილს როინ დუმბაძე ფლობს.

მოწმე: პოლიციელებმა ძალით მომაწერინეს ხელი ჩვენებაზე

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დღეს იმ მოწმის ჩვენება მოისმინა, რომელიც 13 თებერვალს უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოში. 13 თებერვალს მოწმე გ.მ.-მ თქვა, რომ მას პოლიციელებმა სასამართლო დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცეს და იძულებით წაიყვანეს ნარკოლოგიური ტესტის ჩასაბარებლად.

14 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს,  რომ უწყების გენერალურმა ინსპექციამ ამ საქმეზე მოკვლევა დაიწო.

მოწმე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქურდობის საქმეზე დაკითხა. მან დღევანდელ პროცესზე თქვა, რომ ქურდობის საქმესთან დაკავშირებით მას გასული წლის ივნისში აიძულეს ჩვენების მიცემა:

„სარფის საბაჟოზე მოულოდნელად მოვიდნენ პოლიციელები და წამიყვანეს ტაბიძეზე, პოლიციის პირველ განყოფილებაში. მითხრეს, ახლა ჩვენ რასაც დავწერთ, ხელს მოაწერო. უარი ვუთხარი და დამიწყეს გინება… ბოლოს იძულებული გავხდი ხელი მომეწერა ჩვენებაზე. მე ბრალდებულს საერთოდ არ ვიცნობ“.

პროკურორმა ალექსანდრე წულუკიძემ მოწმეს ჰკითხა, რატომ არ განაცხადა სადმე, ან არ მიმართა ვინმეს გასული წლის ივნისიდან დღემდე, თუკი მასზე პოლიციელებმა იძალადეს. მოწმემ პროკურორს უპასუხა, რომ არ ეგონა, თუ საქმე გაგრძელდებოდა და ამის გამო სასამართლოში დაიბარებდნენ.

აიძულეს თუ არა მოწმე 13 თებერვალს არ შესულიყო სასამართლო დარბაზში და არ მიეცა ჩვენება? – ამ ეტაპზე უცნობია.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ გვითხრეს, რომ პროკურატურისგან ამ დრომდე არ მიუღიათ პასუხი, დაიწყო თუ არა გამოძიება. პირი, რომელიც პოლიციელებს გატაცებაში სდებს ბრალს, გამომძიებლები მხოლოდ გაესაუბრნენ. მისი ჩვენება პროკურატურაში ჯერ არ მოუსმენიათ.

უცნობია, ამოიღო თუ არა გამოძიებამ სასამართლოსთან განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რითაც შესაძლებელია დადგინდეს, აიძულეს თუ არა მოწმეს 13 თებერვალს პოლიციელებმა მანქანაში ჩაჯდომა.  პროკურატურაში „ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებას არ უპასუხეს.

მოწმე გ.მ.-ს 13 თებერვალს, დღის პირველ საათზე, უნდა მიეცა ჩვენება. იმავე დღეს გ.მ.- ოთხის ნახევარზე გაიარა ნარკოლოგიური ტესტირება. მას ნარკოტიკული საშუალების გამოყენება არ დაუდასტურდა.

მოწმეზე პოლიციელებისგან სავარაუდო ზეწოლის შემთხვევას იკვლევს სახალხო დამცველის აპარატიც.

დუმბაძის ქუჩაზე დაგეგმილი რვასართულიანი პროექტი ერთი წლით შეაჩერეს

ბათუმში, ევროპის მოედნის გვერდით, დუმბაძის #12-24-ში დაგეგმილი პროექტის მშენებლობას კომპანია „ახალი ერა“ ერთი წლით შეაჩერებს. ამის შესახებ ინფორმაცია “ბათუმელებს” “ახალი ერას” ერთ-ერთმა მფლობელმა, ლევან ხიმშიაშვილმა დაუდასტურა.

დღეს, 28 თებერვალს, კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან პროექტი გაითხოვა. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.

„ … პროექტი შეთანხმებული გვქონდა, მაგრამ შემდეგ მერიამ გვთხოვა, იქნებ ფასადი შეცვალოთ და ძველი ბათუმის იერსახეს მიამსგავსოთო. ჩვენ შევცვალეთ ფასადი და შესათანხმებლად ისევ სააგენტოს ზონალურ საბჭოს მივმართეთ. სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა [ლაშა ასლანიშვილი – ავტ.] გვითხრა, რომ პროექტს მხარს არ უჭერს. ჩვენ შეგვეძლო მშენებლობა ძველი, უკვე შეთანხმებული ფასადის მიხედვით დაგვეწყო, მაგრამ გადავწყვიტეთ ერთი წლით გადავდოთ“, – განაცხადა ლევან ხიმშიაშვილმა, “ახალი ერას” ერთ-ერთმა მფლობელმა.

დუმბაძის #12-24-ა-ს გვერდით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ყოფილი პირველი აფთიაქის სამსართულიანი შენობა მდებარეობს, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. ეს იმას ნიშნავს, რომ დეველოპერი მშენებლობას ძეგლის დაცვის ზონაში გეგმავდა.

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ირაკლი ახალაძის თქმით, კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ აქვს.

„ის ჩართული იყო ბარაკების ათვისების პროგრამაში და მას უნდა მოეტანა მემორანდუმი, რომელიც იქნებოდა გაფორმებული ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანიას შორის. კომპანიას მემორანდუმი არ მოუტანია. არჩილ ხაბაძემ მას უშუამდგომლა არასტანდარტული საცხოვრისის ათვისების პროგრამაში ჩართვასა და კ2 კოეფციენტის გაზრდაზე“.

დეველოპერს, რომელიც ბარაკული დასახლების ათვისებით დაინტერესდება, მთავრობა ფინანსურ თავდებობას, მშენებლობის სანებართვო დოკუმენტების მოპოვებისას კი, გამარტივებულ პირობებს ჰპირდება. ეს პირობები ე.წ. K1-K2 კოეფიციენტის გაზრდასაც ითვალისწინებს, რაც პროექტის სიმაღლეში გაზრდას გულისხმობს.

 

ახალი ნაგავსაყრელი და მითვისებული მილიონები

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 3 აპრილს დასრულდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენა 2009“-ში გვითხრეს, რომ ტენდერი EBRD-მა გამოაცხადა და მასში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის კომპანიას შეუძლია. ამასთან, თითოეული განაცხადი იმ სატენდერო წარმომადგენლების წინაშე გაიხსნება, რომლებიც დასწრებას გადაწყვეტენ.

ტენდერი მშენებლობაზე 2017 წლის 10 თებერვალს გამოცხადდა. 22 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰიგიენა 2009“-ის ხელმძღვანელობამ სახელმწიფო შპს-ს ანგარიშზე არსებული დიდი ოდენობით თანხა მიითვისა და მიიმალა [საუბარია 5 მილიონ ლარზე].

„ჰიგიენა 2009“-ის ახალი დირექტორი გიორგი ლომთათიძე, „ბათუმელებთან“ არ აკონკრეტებს, თუ რა თანხაა გატანილი სახელმწიფო შპს-დან, „ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება“.

რაც შეეხება ნაგავსაყრელის პროექტს, დირექტორის თქმით, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყება მშენებლობა, რომელიც 2018 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.

გიორგი ლომთათიძის განცხადებით, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილ ყველა ოჯახზე შესაბამისი კომპენსაცია გაცემულია: „პროექტი შეეხო 153 ბენეფიციარს და მათზე კომპენსაციის გაცემა მიმდინარე წლის 20 იანვარს დასრულებული იყო. აქედან, ორი ოჯახია ისეთი, რომლებსაც საცხოვრებელი სახლის დატოვება უწევთ, დანარჩენი კომპენსაცია, ძირითადად, მიწის ნაკვეთებზე გაიცა. ამ ორმა ოჯახმა კი ტერიტორია 6 თვის განმავლობაში უნდა დატოვოს“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში, ეკონომიკურ საბჭოზე განაცხადა, რომ განსახლების გეგმაზე მუშაობა დასრულებული იყო და კომპენსაციის გაცემა დადგენილი საბაზრო ფასების მიხედვით მოხდებოდა.

რამდენიმე დღის წინ, მოსახლეობის ერთმა ნაწილმა საკონპენსაციო თანხის ოდენობა გააპროტესტა. „მათ კომპენსაცია მიღებული აქვთ და გადახედვა არ მოხდება. ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ყველა კომპენსაცია კანონის ფარგლებში გაიცა,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ გიორგი ლომთათიძემ.


ნაგავსაყრელის პროქტის განხორციელების დროში გაწელვის გამო ბიუჯეტი აქამდეც ზარალდებოდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არც აუდიტის რეკომენდაცია გაითვალისწინა: „არ განხორციელებულა შესაბამისი ხელშეკრულების ცვლილება, რითაც მოხდებოდა საგრანტო თანხის სრულად ათვისება და, შესაბამისად, დაიზოგებოდა საბიუჯეტო სახსრები…  შედეგად, 2015 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, გამოყოფილი 3 მილიონი ევროდან თანხის ათვისება არ მომხდარა და, შესაბამისად, აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულების გადასახადის სახით, 2011-2014 წლებში, გადახდილია 153 ათას 800 ლარი“.

შპს „ჰიგიენა 2009“-მ ამ პროექტთან დაკავშირებით ტენდერები მხოლოდ 2016 წელს გამოაცხადა. სულ ოთხჯერ, თუმცა აქედან ორი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

პირველი ტენდერი „ჰიგიენამ“ აპრილში გამოაცხადა –  საარსებო გარემოს აღდგენისა და განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადებაზე. ხელშეკრულება შპს „ეკო-სპექტრთან“ 86 500 ლარზე გააფორმდა. მიღება-ჩაბარების აქტი ივნისში გაფორმდა, კომპანიას კი თანხა 2016 წლის 4 ნოემბერს გადაურიცხეს.

პარალელურად, „ჰიგიენამ“, სამშენებლო სამუშაოების პროექტის მართვისა და ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გასული წლის ივნისში, ივლისსა და შემდეგ აგვისტოში გამოაცხადა. წინა ორი ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით, ვინაიდან ტენდერში მონაწილეებს დისკვალიფიკაცია მისცეს. აგვისტოში გამოცხადებულ ტენდერში კი გამარჯვებულად შპს „ფორმა 2-ის ფილიალი საქართველოში“ გამოავლინეს და მასთან ხელშეკრულება 349 ათას 999 ლარზე გაფორმდა. სატენდერო თანხა 400 ათასი ლარი იყო.

ეს კომპანია წინა ორ ტენდერშიც მონაწილეობდა, თუმცა ორივეჯერ დისკვალიფიკაცია მისცეს. ამავე ტენდერში მონაწილე მეორე კომპანია „ეკო სპექტრი“ იყო, რომელმაც „ჰიგიენას“ „ფორმა 2“-თან შედარებით 1 ლარით მეტი, 350 ათასი ლარი შესთავაზა.

ამასთან, შპს „ფორმა 2-ის ფილიალი საქართველოში“, ტენდერის გამოცხადებამდე დაახლოებით 2 თვით ადრე, 2016 წლის 25 აპრილსაა თბილისში დარეგისტრირებული  და მისი დამფუძნებელია ლატვიური კომპანია „ფორმა 2“.

„ფორმა 2-ის ფილიალის“ დირექტორმა, ირაკლი ჭანტურიამ „ბათუმელებთან“ სატელეფონო ინტერვიუზე უარი თქვა, აღნიშნა, რომ კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს იმ პირობებით, რაც ამ ხელშეკრულებაშია: „სხვა ინფორმაცია არც მაქვს… ვალდებულებებიც და ვადებიც გაწერილია“.

„ფორმა 2-ის ფილიალმა“ მომსახურება ხელშეკრულების მიხედვით, 2018 წლის 22 ივნისის ჩათვლით უნდა განახორციელოს.

ამავე ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დადო ხელშეკრულება SWECO-სთან ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისა და არსებული ნაგავსაყრელების დახურვის ტექნიკური პროექტის მომზადებაზე… რომელთანაც სახელშეკრულებო ვადები დასრულდა 2015 წლის 31 დეკემბერს“.

„ჰიგიენა 2009“-ის დირექტორის, გიორგი ლომთათიძის განცხადებით „ფორმა 2-ის ფილიალი“, ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყებისთანავე ჩაერთვება პროცესებში, როგორც ზედამხედველი.

შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილ ხელმძღვანელებს დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის მითვისება ედებათ ბრალად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 21 თებერვალს დაიწყო გამოძიება, სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელი პირები კი იმყოფებიან მიმალვაში.

„მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, იმ ხუთ მილიონს ძალიან შორსაც ნუ მოძებნის, მოძებნოს აჭარის ეკონმიკისა და ფინანსთა სამინისტროს ყოფილი მინისტრ ბალაძეს, „მამა ხაბაძესა“ და მთავრობის ყოფილ თამჯდომარეს შორის“, – ასე გამოეხმაურა პარტია „ემსახურე საქართველოს“ წევრი მედეა ვასაძე აღნიშნულ ფაქტს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი დირექტორი ირაკლი ცეცხლაძე, რომელსაც 5 მილიონი ლარის მითვისება ედება ბრალად, მინსკში გაფრინდა.

„მე ვიცი, რომ ბრალდება წაუყენეს ირაკლი ცეცხლაძეს, ამ საწარმოს დირექტორს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არ დავუშვებთ კორუფციას ჩვენს რეგიონში. პასუხისმგელობა დადგება ყველა იმ თანამდებობის პირის, ვინც იყო ჩართული ამ დანაშაულში. ჩვენ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე და ბოლომდე ვიბრძოლებთ კორუფციის წინააღმდეგ“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი EBRD-ის და SIDA-ს მხარდაჭერით ხორციელდება და საერთო ინვესტიცია 7 მილიონი ევროა. ნაგავსაყრელის პროექტი ითვალისწინებს ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას.

ფოტო: ბათუმის ნაგავსაყრელი / მანანა ქველიაშვილის ფოტო /

სასჯელი ბებიასა და დედის ცემისთვის

მოსამართლე ირაკლი შავაძემ დაასრულა მინდია ქ.-ს საქმის განხილვა. მას საკუთარი დედასა და ბებიაზე ფიზიკურ ძალადობაში, ასევე საბრძოლო მასალების უკანონო შენახვაში ედებოდა ბრალი.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ იარაღის ტარების ნაწილში მინდია ქ. უდანაშაულოდ ცნო. არაერთხელ ოჯახში ძალადობისთვის კი, მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ბრალდებული მე-9 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. შესაბამისად, მას მხოლოდ სამი თვე მოუწევს ციხეში ყოფნა.

სასამართლო პროცესების მიმდინარეობის პერიოდში, მოსამართლე ირაკლი შავაძემ მინდია ქ.-ს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა, თუმცა მალევე ისევ საპატიმროში დააბრუნა – დედაზე ხელახლა ძალადობის გამო.

ყაჩაღობაში ბრალდებული „სანტას“ გასამართლება

„თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან“, – უპასუხა მოსამართლეს ბრალდებულმა ჯ.მ.-მ კითხვაზე: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“. ბრალდებულს ედავებიან იმას, რომ ის სანტას ფორმაში გამოეწყო და ახალი წლის ღამეს, ფიროსმანის ქუჩაზე, მარკეტ „იალჩინში“ სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა.

„შემოსულია საქმე 394 ფურცელზე“, – თქვა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ. მან დღეს წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილა. საქმეზე 26 მოწმე დაიკითხება.

მთავარი მოწმე მარკეტის ოპერატორია, რომელმაც გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ ბრალდებული მასთან იარაღით მიიჭრა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

იარაღი, რომელიც „სანტამ“ გამოიყენა, სათამაშო აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა იგი 14 იანვარს დააკავეს.

ბრალდებული 26 წლისაა და სამი შვილი ჰყავს. მან მოსამართლეს უთხრა ისიც, რომ წარსულში ნასამართლევი არ არის.

საქმის პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძეა. მან დღეს მოსამართლეს უთხრა, რომ საპროცესო შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.

ადვოკატებმა  – თამაზ ბერიძემ და მიხეილ მიქანაძემ წინასწარი პატიმრობიდან ბრალდებულის გათავისუფლება 15-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვეს. მოსამართლე მოთხოვნას არ დაეთანხმა. მისი შეფასებით, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

თუკი „სანტას“ ბრალი დაუდასტურდბა, მას 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

“სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის“ – ევროკავშირის პროექტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის

ამ წუთებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია საკონსულტაციო შეხვედრას მართავს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საგრანტო კონკურსით – „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“.

პროექტს ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს და მისი მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩაერთონ სოციალურ რეფორმებში, ასევე შეიტანონ თავიანთი წვლილი სოციალური დაცვისა და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების გაძლიერებაში.

პროექტი განსაკუთრებით ორიენტირდება  ოჯახის გაძლიერების კომპონენტის მხარდაჭერაზე – სოციალური მუშაობის პრაქტიკის, თემის მონაწილეობის გაზრდისა და სააგენტოთაშორისი, სისტემათაშორისი და დისციპლინათაშორისი პარტნიორობის მეშვეობით.

პროექტს  საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰილფსვერკ ავსტრია“ ახორციელებს შემდეგ ოთხ ადგილობრივ პარტნიორთან თანამშრომლობით: საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, აზერბაიჯანის სოციალური მუშაობის საზოგადოებრივი კავშირი და მოლდოვის რესპუბლიკის ექთნების ასოციაცია.
მითითებები განაცხადის შესატანად, ასევე, სააპლიკაციო ფორმები ყველა დანართისა და დეტალის ჩათვლით პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებისა და განაცხადების ჩაბარების პროცედურის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

პარკირების წესების დარღვევაზე დღეს 500-მდე ადამიანი დაჯარიმდა

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 478 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის 424 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 2 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 21 – ნიშანში დგომისთვის, 11 – ტროტუარზე დგომისთვის, 1- ტაქსისა და სპეცტექნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 15 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, კიდევ 4 კი  ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის.


ფოტოების ნაწილი გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

პარკირების დარღვევა – 93 ათასი დაჯარიმებულიდან ჯარიმა მხოლოდ 25 ათასმა გადაიხადა

2016 წელს ბათუმში, პარკირების წესების დარღვევისთვის 93 161 ადმიანი დააჯარიმეს. მათგან ათლარიანი ჯარიმა მხოლოდ 24 906-მა გადაიხადა.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს იურისტის შორენა ავჯიშვილის განმარტებით, პარკირების წესების დარღვევისთვის დაჯარიმებულ პირს, ავტომობილის საქარე მინაზე უტოვებენ საჯარიმო ქვითრის ერთ ეგზემპლარს. თუ ავტომობილის მესაკუთრეს საჯარიმო ქვითარი  არ დახვდება საქარე მინაზე (ან თავისით გადამალავს მას), ან კიდევ რაიმე სხვა მიზეზით 30 დღის ვადაში არ გადაიხდის ჯარიმას, სააგენტო მას საჯარიმო ქვითრის მეორე ეგზემპლარს უკვე ფოსტის მეშვეობით, რეგისტრირებულ მისამართზე უგზავნის.

კანონის თანახმად, საჯარიმო ქვითრის ჩაბარება ხდება სამართალდამრღვევზე ან აღნიშნულ მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრზე. ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმებულმა საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღეში, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. კიდევ ერთ თვეში ამ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი,  სააგენტოს მიერ გაიცემა სააღსრულებო ფურცელი და საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროს იძულებითი აღსრულების მიზნით გადაეგზავნება.

როგორც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში გვითხრეს, გასულ წელს 68 255 გადაუხდელი ჯარიმის ძირითადი მიზეზი დაჯარიმებული პირის არასწორი მისამართი და ნაწილობრივ ფოსტის არაეფექტური მუშაობა იყო.

„ხშირად, როცა ფიზიკური პირი არ არის ადგილზე, არ ცხოვრობს რეგისტრირებულ მისამართზე, ფოსტით გაგზავნილი საჯარიმო ოქმები გვიბრუნდება უკან. ბარდება გაგზავნილი ჯარიმების დაახლოებით 20-25%. ან ფოსტა ვერ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა, ან ის ფიზიკური პირი, ვის სახელზეც ჯარიმაა გაგზავნილი არ იმყოფება ადგილზე, ან სხვაგან არის ჩაწერილი“, – ამბობს პარკირების ადმინისტრირების განყოფილების უფროსი გენადი ჩხაიძე.

საჯარიმო ქვითრის უკან დაბრუნების შემთხვევაში, დაჯარმებულ პირს საურავი აღარ დაერიცხება, რადგან, ასეთ დროს დაჯარიმების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად არ ითვლება.

ბათუმის საკრებულომ საწვავის ლიმიტი წელს 10 ტონით გაზარდა

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის იანვარში საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე სულ 70 678 ლარი ხელფასი, პრემია და დანამატი გაიცა. აქედან, უშუალოდ საკრებულოს წევრ თანამდებობის პირებს ხელფასთან [21 160 ლარი] ერთად პრემიის სახით დაერიცხათ 10 580 ლარი.

საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე, იანვარში, მართალია პრემიები არ გაცემულა, თუმცა ხელფასთან [ჯამში 26 378 ლარი] ერთად დაერიცხათ დანამატი, სულ 12 560 ლარის ოდენობით.

ლაშა სირაბიძე [მარცხნივ] და ირაკლი ჩავლეიშვილი
ლაშა სირაბიძე [მარცხნივ] და ირაკლი ჩავლეიშვილი
ყველაზე მაღალი ხელფასი და პრემია მიმდინარე წლის იანვარში, საკრებულოს თავმჯდომარეს, ლაშა სირაბიძეს დაერიცხა, ხელფასის [განაკვეთი] სახით – 2 200 ლარი, ხოლო პრემია – 1 100 ლარი. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, შესაბამისად, ხელფასი – 1 880 და პრემია – 940 ლარი.

2017 ianvari sakrebulo

ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტში საკრებულოს 36 თანამშრომლის ხელფასისთვის ჯამში 1 მილიონ 150 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ხელფასი, პრემია და დანამატი 2016 წელს

შარშან, საკრებულოს წევრ თანამდებობის პირებზე ხელფასის, პრემიისა და დანამატის სახით ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტიდან 868 843 ლარი დაიხარჯა. აქედან ნახევარ მილიონზე მეტი – 567 995 ლარი ხელფასებში, 277 244 ლარი – პრემიებში და 23 604 ლარი დანამატებში.

საკრებულოს წევრ თანამდებობის პირებს, შარშან პრემიის სახით 136 ათასამდე ლარი დაერიცხათ, აპარატის თანამშრობლებს კი – 141 ათასზე მეტი ლარი.

გასულ წელს, ხელფასის სახით, 100 ათასზე მეტი ლარია დარიცხული ბათუმის საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომლებზეც.

ბათუმის საკრებულოში 25 წევრია. აქედან, ხელფასს თანამდებობის პირები იღებენ. საკრებულოს რიგით წევრებს კი მხოლოდ სადეპუტატო უფლებამოსილების თანხა ეძლევათ, თვეში 400 ლარის ოდენობით.

საწვავის ხარჯი

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს, ასევე კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს 12 ავტომანქანა ემსახურება. არის კიდევ ერთი სათადარიგო ავტომანქანაც. 13 ავტომანქანაზე, საკრებულოს ინფორმაციით, გასულ წელს მთლიანობაში 33 731 ლიტრი საწვავი დაიხარჯა, ღირებულებით – 50 544 ლარი.

წლიური ლიმიტით საკრებულოს თავმჯდომარის ავტომანქანისთვის 3600 ლიტრი საწვავია გათვალისწინებული [შარშან გახარჯულია 2738 ლიტრი], ამდენივეა მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარის ავტომანქანისთვისაც [გახარჯულია 2880], მოადგილეების ავტომანქანებისთვის – 2400 ლიტრია წლიური ლიმიტი, ხოლო კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეებისთვის  – 1800 ლიტრი წელიწადში.

მიმდინარე 2017 წელს, ბათუმის საკრებულო 10 ტონით მეტი, ანუ სულ  43 ტონა საწვავის ყიდვას აპირებს.

„საწვავის შეძენა ხორციელდება კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე, გადახდა – უნაღდო ანგარიშსწორებით; საწვავის გაცემა წარმოებს „აგაი“ სისტემით [პლასტიკური ბარათების მეშვეობით]. 2017 წლისთვის გათვალისწინებულია 43 300 ლიტრის, 64 000 ლარის საწვავის შეძენა“, – მოგვწერეს საკრებულოდან.

მიზეზი, თუ რატომ აპირებს საკრებულო 10 ტონით მეტი საწვავის შეძენას წელს, გასულ წელთან შედარებით, საკრებულოს წერილში არ არის განმარტებული. 2017 წელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელია. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გაზარდა საკრებულომ საწვავის ოდენობა.

მერია სასამართლოში „დარ ბილდინგის“ დაჯარიმებას ამ თვეში მეორედ ითხოვს

ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ დაიწყო სასამართლო სხდომა საქმეზე, სადაც მერია კომპანია „დარ ბილდინგის“ დაჯარიმებას ითხოვს. კომპანია ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ გამოცხადდა.

მერიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კომპანიის წინააღმდეგ ერთ-ერთი გარე რეკლამის გამო შეადგინა, რომელიც „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.

ბათუმის მერია კომპანია „დარ ბილდინგის“ დაჯარიმებას ითხოვს ჯამში 10 ათასი ლარით უნებართვო დემონტაჟის გამოც. საუბარია ბარათაშვილის 24-ში უნებართვოდ დანგრეულ ისტორიულ სახლზე. 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილის განმარტებით, მერიის მიერ წარმოდგენილ ოქმში არ არის მითითებული კომპანიის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. „ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ამ კომპანიის მისამართის შესახებ და შეტყობინება გავაგზავენთ, მაგრამ ეს ნამდვილად იმ კომპანიის მისამართი იყო თუ არა, არ ვიცით“, – თქვა მოსამართლემ. მან მერიის წარმომადგენელს კომპანია „დარ ბილდინგის“ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების სასამართლოსთვის წარმოდგენა მოსთხოვა.

მერიის იურისტი, ნინო სურგულაძე ამბობს, რომ კომანიას გარე რეკლამა უნებართვოდ აქვს განთავსებული, რაც 500 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

კომპანია „დარ ბილდინგის“ დირექტორმა, რევაზ დარჩიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გარე რეკლამის განთავსებაზე შესაბამისი ნებართვა აქვს: „მერია რას ამბობს არ ვიცი, მე მაქვს ნებართვა. აბსოლუტურად ყველაფერი წესრიგშია“.

რევაზ დარჩიძემ უარი გვითხრა ნებართვის გაცნობაზე იმ მოტივით, რომ „ამის ვალდებულება მას არ აქვს“.

რაც შეეხება სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობას, კომპანია „დარ ბილდინგის“ ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ ამის შესახებ მათ წინასწარ შეტობინება არ ჩაბარებიათ.

 

 

სამ მილიონ ლარად სამინისტრო ელექტრონულ რესურსებს შექმნის

ელექტრონული ლაბორატორიები და ქართული ენის სწავლების ელექტრონული პროგრამა დიასპორებისთვის – ეს არის განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა, რომლის განხორციელებასაც ის 3 მილიონ ლარად აპირებს. რომელ სკოლებს ექნება ელექტრონულ ლაბორატორიებთან წვდომა და ვინ შეარჩევს ქართული ენის პედაგოგებს ონლაინგაკვეთილების ჩასატარებლად. ამ თემაზე „ბათუმელებთან“ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ ისაუბრა.

ბატონო თემურ, როგორც ვიცით დაგეგმილია ელექტრონული რესურსების შექმნა მიმდინარე წლისთვის, რისი გაკეთება იგეგმება სამ მილიონად და რატომ არის ეს პროექტები მნიშვნელოვანი?

მინისტრის ინიციატივით 2017 წელს დაიწყო ელექტრონული სწავლების პროგრამა, რომელსაც ორი ძირითადი ამოცანა აქვს. პირველი პროგრამის მიზანია ხელმისაწვდომობა გაზარდოს სწავლაზე იქ, სადაც შედარებით პრობლემატურია. მაგალითად, ქართული დიასპორები განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა ისწავლონ ქართულ ენაზე. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტი არის ის, რომ იქმნება ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსები, რომლებიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, თანამედროვე მეთოდოლოგიებითა და ტექნოლოგიებით ისწავლონ საბუნებისმეტყველო საგნები.

ქართველი ახალგაზრდების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ ცხოვრობს. რიგ შემთხვევებში ისეთ ადგილებში, სადაც ქართული სკოლა ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ, ეს რესურსი შესაძლებლობას მისცემს მათ, რომ ქართული ენა ისწავლონ და საქართველოსთან იდენტობის პრობლემა არ ჰქონდეთ.

ინტერნეტში გარკვეული რესურსი არსებობს ამ მიმართულებით და რითი იქნება ეს პროგრამა გამორჩეული?

ეს არ არის ტიპიური გაკვეთილი იმ თვალსაზრისით, რომ არ არის აუცილებელი გაკვეთილზე გამოცხადება. ქართულის მასწავლებლები თავისუფალ დროს ქმნიან ქართულის კლასებს, სადაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს შეუძლიათ ჩართვა. საკვირაო სკოლის ელექტრონული ვერსიაა, ოღონდ ძალიან საინტერესო. ამ პროექტის უპირატესობა არის ის, რომ თუ სკოლაში არ გხვდება ისეთი მასწავლებელი როგორც შენ მოგწონს, თუმცა არ გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მასწავლებელი გამოცვალო, ელექტრონული გაკვეთილების სისტემა ამის შესაძლებლობას გაძლევს.

თუ ერთი კონკრეტული მასწავლებლის კურსი არ მოგეწონა, შეგიძლია სცადო მეორე მასწავლებლის კურსი და ა.შ.  საბოლოოდ დარჩებიან მხოლოდ ის მასწავლებლები, რომელთა ქართული ენის კურსები იქნება  საინტერესო.

საათები ან გაკვეთილის ხანგრძლივობა განსაზღვრულია?

არის ორი მოდელი, – სინქრონული და ასინქრონული. სინქრონული გაკვეთილი საშუალებას აძლევს მოსწავლეს პირდაპირ, ვირტუალურ კლასში იმყოფებოდეს და ჰქონდეს კავშირი პედაგოგთან. ასინქრონულის დროს კი,  მოსწავლე მასწავლებლის ჩაწერილ კურსს ისმენს და პირდაპირი კონტაქტის შესაძლებლობა არ აქვს.

სინქრონული კურსი პატარა ასაკში გაცილებით მნიშვნელოვანია, თუმცა, ასინქრონული კურსებიც რიგ შემთხვევაში მუშაობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ორივე გვექნება გათვალისწინებული.

ვინ მუშაობს ამ პროგრამების შექმნაზე, ქართველები თუ უცხოელები?

წარმოიდგინეთ Microsoft-ს და სხვა მსგავსი დონის კომპანიების პარტნიორები არიან დაინტერეებულნი, რომ დაგვეხმარონ ამ პროდუქციის შექმნაში.

სამი მილიონი ლარი ორივე პროდუქტისთვის არის საკამრისი თუ თანხის დამატება კიდევ იქნება საჭირო?

სამი მილიონიდან ამ პროგრამებზე ყველაზე ნაკლები წილი მოდის, რადგან ტექნიკურ მხარეზე მნიშვნელოვანი არის შიგთავსი. ამიტომ, ჩვენ ქართველ გამომცემლებთან ერთად ვმუშაობთ პროგრამების კონტენტზე. რა თქმა უნდა, იმუშავებენ მასწავლებლებიც,  რომლებიც შექმნიან ტესტებს, საავარჯიშოებს და ა.შ.

მასწავლებლების ჰონორარებიც ამ თანხაში შედის?

სამ მილიონში შედის პედაგოგების ჰონორარიც და სისტემის შექმნაც. გაითვალისწინეთ, რომ სამი მილიონი ეს არის ამ წლის ბიუჯეტი და ჩვენი ამოცაანა განვითარდეს ეს პროექტი მომავალშიც. თუმცა, მომავალი წლის ბიუჯეტში ძალიან ცოტა თანხა იქნება გათვალისწინებული, ძირითად სამუშაოს წელს შევასრულებთ.

ქართული ენის პედაგოგები როგორ უნდა შეირჩეს, კონკურსი გამოცხადდება?

რა თქმა უნდა, კონკურსის წესით შეირჩევა, თუმცა მთავარი კონკურსი პედაგოგებს ელით არა სახელმწიფოსგან, არამედ იმ ბავშვებისგან, რომლებსაც უნდა ასწავლონ, რადგან როცა პედაგოგი გახსნის კლასს და შემდეგ ამ კლასს ვერ შეინარჩუნებს,  ეს იქნება სიგნალი იმის, რომ გაკვეთილი არ გამოვიდა. ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი გაკვეთილი, რომ მოსწავლემ მაინც გისმინოს მოსწონხარ თუ არა. აქ უპირატესობას რეალობა მიანიჭებს იმ მასწავლებლებს, რომლებიც ადვილად ახერხებენ პატარა ბავშვებთან ურთიერთობას.

რატომ გადაწყდა დიასპორებისთვის ამ პროგრამის გაკეთება, მოთხოვნა არსებობს? არის რაიმე კვლევები, რომ ნამდვილად ესაჭიროებათ?

აქ, ერთი მხრივ, იყო ძალიან დიდი დაკვეთა ქართული დიასპორიდან და ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროსგანაც. პირდაპირ მშობლების თხოვნაც იყო, რომ  მოგვეცით საშუალება ჩვენს ბავშვებს  ქართული ვასწავლოთო. დიდ დიასპორებში, როგორიცაა, მაგლითად, დიდ ბრიტანეთში ან ნიუ-იორკში, ქართული საკვირაო სკოლები არსებობს, მაგრამ ისეთ ადგილებში, სადაც ქართველები კომპაქტურად არ ცხოვრობენ და გაფანტულები არიან, საკვირაო სკოლებს ვერ გახსნი. ონლაინსწავლების სისტემა კი ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. ჩვენ ქართული პოლიტიკის განვითარების ნაწილად მივიჩნევთ იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების შვილები საქართველოსთან კავშირს გრძნობდნენ.

უკვე დაწყებულია მუშაობა სპეციალური პორტალის შექმნაზე, წლის ბოლომდე კი სრულად ამოქმედდება. თუმცა, საპილოტე სწავლებები უკვე დაწყებულია და „სკაიპის“ მეშვეობით ტარდება გაკვეთილები. ამ დროისთვის ტესტებში  20-მდე ადამიანი მონაწილეობს, პილოტი არის ძალიან საინტერესო, ჩანაწერებსაც ვაკეთებთ შეთანხმებით.

როგორც ვიცით, მეორე პროექტი ეხება ელექტრონული ლაბორატორიების შექმნას.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ არ ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ ლაბორატორია გვქონდეს ყველა სკოლაში. დღევანდელი კომპიუტერული პროგრამები კი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, დავინახოთ რა ხდება ექსპერიმენტების დროს. უფრო მეტიც, იმასაც კი გაჩვენებს, რასაც ცდის დროს ვერ დაინახავ. მაგალითად, ჟანგბადისა და წყალბადის ატომები მოლეკულაში როგორ ერთიანდებიან, ამას თვალით ვერ დაინახავ, მაგრამ კომპიუტერული პროგრამა ამის შესაძლებლობას გაძლევს. იგივე ხდება ბიოლოგიაშიც. სკოლის მოსწავლეს ადამიანის შიგნით ვერ შეახედებ, კომპიუტერული პროგრამა კი იძლევა შესაძლებლობას, მთელი ანატომია ისე ასწავლო, რომ იყოს ძალიან კომფორტული და საინტერესო.

ელექტრონული ლაბორატორიაც უცხოეთში შეიქმნება?

თუ თვალსაჩინოება უკვე გაკეთებულია ვიღაცისთვის, იმავეს დაკვეთა დიდი ხარჯი იქნება და აზრი არ აქვს, ამიტომ რიგ შემთხვევაში თვალსაჩინოებები იქნება შეძენილი, მაგრამ პროგრამებს რაც შეეხება, საქართველოში სრულიად თანამედროვე სტანდარტების ძალინ კარგი ხარისხის პროდუქტები იქმნება და ჩვენ, რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ ქართულს.

ამ პროგრამაზე წვდომა როდიდან ექნებათ მოსწავლეებს და სკოლის გარეთ თუ შეძლებენ მის გამოყენებას, მაგალითად სახლში?

ჩვენ როცა შევიძენთ პროგრმას, მისი სალიცენზიო პირობა გულისხმობს იმას, რომ ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოში განთავსებული ყველა სკოლის მოსწავლისთვის. აქ  საუბარია მხოლოდ საჯარო სკოლის მოსწავლეზე. კერძო სკოლებს თუკი ექნებათ სურვილი პროგრამაში ჩართვის, მათთვის ეს ალბათ ფასიანი იქნება, თუმცა ტექნიკურად შესაძლებელი.

რაც შეეხება სახლში წვდომას, სისტემა იქნება ერთიანი და როგორც გმაილ.ცომ -ში შედიხარ საკუთარი ანგარიშით, ასევე ექნებათ მოსწავლეებს სისტემაზე წვდომა პირადი ანგარიშების მეშვეობით. და რაც ყველაზე საინტრესოა, მშობლებსაც ექნებათ წვდომა გარკვეულ ფარგლებში, რაც აუცილებელია.

როდის ჩაირთვება პროგრამები?

დიასპორებისთვის პროგრამა ამოქმედდება ძალიან სწრაფად, ლაბორატორიებს რაც შეეხება,  აქ სერიოზულ ინვესტიციაზეა საუბარი და ჯერ გარკვეული ეტაპებია გასავლელი. უნდა დავტვირთოთ შიგთავსი, დავტესტოთ, შემდეგ უსაფრთხოების სისტემა შექვმნათ, რადგან ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. თუ დიასპორის პროგრამების გატეხვის შემთხვევაში ბევრი არ იქნება ზიანი, რადგან მხოლოდ გაკვეთილებზეა საუბარი, ამ სისტემაში შეღწევა ბევრ პრობლემას გამოიწვევს.

ამიტომ, არ გვაქვს იმის განცდა, რომ ერთ წელიწადში გადავცემთ ამ პროგრამას სკოლებს, თუმცა,  წელს იწყება მისი შექმნა  და პილოტირება მოხდება სექტემბერში.

უნივერსიტეტებისთვისაც ხომ არ არის დაგეგმილი მსგავსი პროგრამის შექმნა?

უნივერსიტეტების შემთხვევაში ასეთი უნიფიცირება რთულია, რადგან სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო გეგმა არსებობს, უნივერსიტეტებში სასწავლო სისტემა განსხვავებულია.

 

ფატი ხალვაშს ბიუროს ოფისის დასაქირავებლად საკმარისი თანხა არ აქვს

პარლამენტარი ფატი ხალვაში, ბათუმის მერიას, პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირებისთვის ოფისის გამოყოფას თხოვდა. ეს საკითხი დღეს, 27 თებერვალს, უნდა განეხილა საკრებულოს სხდომაზე. თუმცა, როგორც საკრებულოში თქვეს, პარლამენტარმა  განცხადება უკან გაითხოვა.

ფატი ხალვაშის განმარტებით, განცხადების გატანის მიზეზი ოფისის ქირის ფასია.

„ის ოთახი, რომელიც მერიას უნდა გამოეყო, დიდია და ფასიც ძვირი გამოდის. ჩვენ ბიუროებისთვის 4 000-მდე ლარი გვაქვს გათვალისწინებული ბიუჯეტში წლიურად, ამიტომ როცა ხარჯი დავიანგარიშე, თვის განმავლობაში რაც უნდა დამეხარჯა, იმ თანხაში ვეღარ ვეტეოდი,“- გვეუბნება ფატი ხალვაში.

დეპუტატის თქმით, იმავე შენობაში შედარებით პატარა ოთახიცაა და თუ მერია გადაწყვეტს, მაშინ პატარა ოთახს დაიქირავებს.

ფატი ხალვაში ამბობს, რომ ბიუროს გახსნის შემთხვევაში ამომრჩეველს  ბათუმში სესიებს შორის  შეხვდება.

„არის კომიტეტის სხდომები, რომლებიც თბილისში ტარდება და ზოგიც ქუთაისში, შუალედში კი, როცა ვიქნები ბათუმში, მექნება მიღება. თუ არა და ბიუროს ორი თანამშრომელი ავიყვანე, ზურაბ პატარაია და ნანუკა კვერენჩხილაძე, რომლებიც მუდმივად იქნებიან  ადგილზე და მოქალაქეებს შეხვდებიან.“

ზურაბ პატარაია ყოფილი პარლამენტარის მურმან დუმბაძის ბიუროს ხელმძღვანელადაც მუშაობდა. მაშინ ბიუროს ოფისი მერიის შენობაში იყო განთავსებული.

პარლამენტარი ბიუროსთვის ოფისის გამოყოფას ბონი-ბარცხანის ადმინისტრაციულ ერთეულში ითხოვდა.

 

შსს მილიონი ლარის შოკოლადსა და კარამელს შეისყიდის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შოკოლადის ნაწარმისა და კარამელის კანფეტის შესყიდვაზე ერთობლივი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა 1 მილიონ 58 ათას 989 ლარია.

სამინისტრო, სატენდერო პირობის თანახმად, 104 ტონაზე მეტ შოკოლადსა და 125 კილოგრამ კარამელის კანფეტს შეისყიდის.

აქედან:

  • ლოჯისტიკის დეპარტამენტისთვის – 76 260 კგ შოკოლადს და 110 კგ კარამელს;
  • სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისთვის – 5 500 კგ შოკოლადს და 15 კგ კარამელს;
  • სასაზღვრო პოლიციისთვის – 22 500 კგ შოკოლადს.

შსს-ს სატენდერო კომისიის შესაბამისი ოქმის მიხედვით, შოკოლადისა და კარამელის შესყიდვა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და BP-სთან გაფორმებული საერთაშორისო ხეკლშეკრულების საფუძველზე მიღებული გრანტით განხორციელდება. ტენდერში გამარჯვებული ზემოაღნიშნულ სამსახურებს კანფეტებს ეტაპობრივად მიაწვდის.

საწარმო „ნენამ“ ქედაში მუშაობა შეაჩერა

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქედის  ხილის გადამამუშავებელმა საწარმო „ნენამ“  მუშაობა გახსნიდან მეორე წელს შეაჩერა. საწარმოს მუშაობის შეჩერების მიზეზად კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე დადიანი „ბათუმელებთან“ დასაქმებული თანამშრომლების გათავისუფლებას ასახელებს. დირექტორის განმარტებით, ქედის საწარმოში დასაქმებული ყველა თანამშრომელი მათივე პირადი განცხადებების საფუძველზე გაათავისუფლეს.

„საწარმო არ დახურულა, მხოლოდ დროებით აქტიური ფუნქციონირება შეაჩერა. რაც აუცილებელია საწარმოსთვის ყველა საქმე კეთდება. რაც შეეხება დროებით შეჩერებას, ამის მიზეზი თანამშრომლების გათავსუფლება გახდა, მენეჯმენტში იყო უთანხმოება, 2-3 თვის წინ ყველა თანამშრომელმა გათავისუფლება მოითხოვა, რაც დავაკმაყოფილეთ, პირად განცხადებაში გათავისუფლების მოთხოვნის მიზეზი არ იყო ნახსენები,“ – ამბობს ალექსანდრე დადიანი.

საწარმოში მუშაობის შეჩერებამდე „ნენას“ მენეჯერი გოჩა გათენაძე ქედაში წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემაზე საუბრობდა. კითხვაზე რეალიზაციის პრობლემა ხომ არ გახდა თანამშრომლების გათავისუფლების წინაპირობა და დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება იყო თუ არა დამაკმაყოფილებელი? ალექსანდრე დადიანი პასუხობს:

„რეალიზაციის პრობლემა პირველად იყო, შემდეგ ამ კუთხით პრობლემა არ ყოფილა. ქედაში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ახლაც მიმდინარეობს, ექსპორტზეც გაგვაქვს ნაწარმი. რაც შეეხება თანამშრომელთა ანაზღაურებას, პირადული საკითხია, თუმცა ამაზე საკუთარი მოსაზრება არავის გამოუხატავს“.

ალექსანდრე დადიანი დასძენს, რომ  თანამშრომლების შესარჩევად ვაკანსია ოფიციალურად გამოაცხადებს, ხილის მიღებას კი ქედის საწარმო ხილის შემოსვლისას შეძლებს.

„ნენას“ ქედის საწარმოში 38 ადგილობრივი იყო დასაქმებული, საწამოს მუშაობის შეჩერების მიზეზთან დაკავშირებით ყოფილმა მენეჯერმა გოჩა გათენაძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

„ბათუმელები“ ამ დრომდე საწარმოს ყოფილ თანამშრომლებს ვერ დაუკავშირდა.

ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“, შპს „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ ქედაში 2014 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მოაწყო და პირველი პროდუქცია ჯემების, მურაბებისა და საწებლის სახით 2015 წელს გამოუშვა. ქედაში სხვადასხვა ხილისგან წარმოებული სამი სახის პროდუქცია [საწებელი, მურაბა, ჯემი] მწარმოებელმა ექსპორტზეც გაიტანა.

EMBLAS: შავ ზღვაში რამდენიმე ნივთიერების ტოქსიკურობის ზღვარი დასაშვებ ნორმას აჭარბებს

შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევის პირველადი შედეგებით შავ ზღვაში რამდენიმე ნივთიერების ტოქსიკურობის ზღვარი დასაშვენ ნორმას აჭარბებს – ეს ინფორმაცია შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროექტმა EMBLAS, თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

“ნიმუშები შემოწმდა თანამედროვე მეთოდოლოგიით, 2000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებაზე. დაბინძურების ნიმუშები შეიცავდა სამრეწველო ქიმიკატების ფართო სპექტრს, წამლებს, პირადი ჰიგიენის ნივთებს, არაალებად მატერიებსა და სხვა ნივთიერებებს მთელი შავი ზღვის მასშტაბით და აღმოჩენილია მასიური “ცხელი კერები”. ზოგიერთი ნივთიერების გადაჭარბებული ტოქსიკური ზღვარი, მათ სამომავლოდ მონიტორინგის კანდიდატებად აქცევთ შავი ზღვის ქვეყნებში.

იმის მიუხედავად რომ საბოლოო ჯამში პრიორიტეტული ნივთიერებების მიერ გამოწვეული დაბინძურების მაჩვენებელი არ არის გადაჭარბებული, ვერცხლის წყლისა და რამდენიმე ორგანული დამაბინძურებლების გადაჭარბებული ბარიერი საქართველოსა და უკრაინაში  შეშფოთების საგანია” – წერია ანგარიშში.

EMBLAS პროექტში, მარინო ლიტერის, ანუ ზღვის ხილული ნაგვის მონიტორინგის შედეგად,  ამ სახის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა შავი ზღვის ღია წყლებში, ევროპის რეგიონის სხვა ზღვებთან შედარებით.

შავი ზღვის კვლევის შედეგების სამეცნიერო ანგარიში შეჯამების პროცესშია.  EMBLAS ცნობით, ეს შედეგები გახდება შავი ზღვის მდგომარეობის გაუმჯობესების მეცნიერულად დასაბუთებული პოლიტიკის შემუშავების საფუძველი.

პროექტი EMBLAS  ევროკავშირის კომისიისა (EC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ არის დაფინანსებული. მისი მიზანია საქართველოსა და უკრაინის მიერ ზღვის სტრატეგიის შესახებ ევროკავშირის დირექტივების შესრულების ხელშეწყობა, რაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

სრული სამეცნიერო ანგარიშის გასაჯაროება აპრილში იგეგმება.

ამავე თემაზე: 

მოსალოდნელზე მეტად დაბინძურებული შავი ზღვა

შავი ზღვის სანაპიროს საქართველოში უცხოელი მეცნიერები იკვლევენ

 

საკრებულოს წევრი: ძეგლის სტატუსს იმიტომ ანიჭებენ, რომ შემდეგ კარგად ივაჭრონ ინვესტორებთან

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით მსჯელობდნენ დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. პირველი განმარტება საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა სირაბიძემ გააკეთა.

ჩემმა განცხადებამ გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია, როცა ჩემი შეხედულება გამოვხატე. ეტყობა სხვანაირად გაიგეს ადამიანებმა, მე არანაირ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან  შეხება არ მქონია, მოსაზრება გამოვთქვი ძველი, უსახური შენობის დანგრევაზე“. ლაშა სირაბიძე ამბობს, რომ ამის გარდა ის სხვა განმარტებას აღარ გააკეთებს ამ თემაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ოპოზიციის წევრებმა ლაშა სირაბიძეს შეახსენეს, რომ მან  ქალაქის განვითარების  მოწინააღმდეგეები უწოდა იმ პირებს, რომლებიც ქალაქის ხელისუფლებას კულტურული და ისტორიული  მემკვიდრეობის დაცვისაკენ მოუწოდებენ.

საკრებულოს წევრის დიმიტრი დარჩიას თქმით, სახელმწიფო არ უნდა წყვეტდეს კერძო  საკუთრებაზე კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებას. „ის ჯგუფი, რომელიც იცავს ქალაქს და ა.შ. შეიძლება დავჯდეთ და ვისაუბროთ. ჩვენთან მოდიან ადამიანები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ მათ საცხოვრებელს ყოველგვარი ნებართვის გარეშე, მათთან კონსულტაციების გარეშე მინიჭებული აქვს [ზოგიერთ უსახურ სახლს] ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.  კარგი იქნება ამას თუ გადავხედავთ. და ის მორატორიუმი, რომელზეც ვსაუბრობდით, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ გადაიხედოს ამ ძეგლებზე და დაერქვას სახელი, რა სახლია და რა ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

მე ვფიქრობ, ამით გადავარჩენთ ნამდვილად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ასევე მოვაშორებთ ძეგლის სტატუსს იმ სახლებს, რომლებსაც მართლა არ აქვთ კულტურული ღირებულება და ადამიანები იქ გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობენ“.

დიმა დარჩიას განცხადებას „სამოქალაქო ინსტიტუტის წარმომადგენელი“ ნათია აფხაზავა გამოეხმაურა. „მოვიშოროთ“ – ეს სიტყვა დავივიწყოთ, რადგან ჩვენ არ გვაქვს თავიდან მოსაშორებელი ძეგლები. მეტიც, სადღაც 40-მდე შენობაა კიდევ, რომელსაც  ძეგლის სტატუსი აქვს მისანიჭებელი“.

დარჩიას განცხადებას გამოეხმაურა საიას აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილიც: „როგორც დანაშაული ისჯება კანონით, ასევე ისჯება კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფა კანონით, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს იცავს კანონი. კულტურულ მემკვიდრეობაზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს და ურემონტებდეს იმ ადამიანებს შენობებს, სადაც ისინი ცხოვრობენ და არა ანგრევდნენ. თქვენ  ცდილობთ შექმნათ მტრის ხატი ჩვენგან, მაშინ, როცა ისე გაიცემა ნებართვები მშენებლობებზე, არც კი ავალდებულებთ მათ [მშენებლებს], რომ პარკინგი მოაწყონ“.

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი იმიტომ ენიჭება სახლებს, რომ შემდეგ სარფიანად ევაჭრონ ინვესტორებს“, – განაცხადა დიმა დარჩიამ.

საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძემ  უმრავლესობის წევრების რეაქციებს ზღვარგადასული უწოდა: „თქვენ ისეთი რეაქციები გაქვთ ჯანსაღ კრიტიკაზე, რომ  უკვე ყოველგვარ ზღვარს არის გადასული. იქნებ მითხრათ რა თანხა გაქვთ დღეს ჩადებული ბიუჯეტში კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად? თქვენ ამბობთ, რომ მთავრობა იმიტომ ანიჭებს სახლებს ძეგლის სტატუსს, რომ ინვესტორებს ევაჭროს. თქვენ არ ხართ მთავრობაში? თუ ასე ხდება, ეს არის კორუფცია და  როცა ასეთ განცხადებას აკეთებთ, მაშინ სახელები და გვარებიც უნდა დაასახელოთ, ხელი უნდა დაადოთ ამ ადამიანებს, სხვა შემთხვევაში ეს დანაშაულია“.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ ბათუმის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ ბათუმის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და საკრებულოს წევრებს კოლეგის ქცევისა და პოზიციისადმი გამიჯვნისკენ მოუწოდებს

ჩემს ნებაზე რომ იყოს, ამ წუთიდან აჭარიდან კი არა, ქვეყნიდან გაგაგდებდი“, – ასე მიმართა ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა (დიმიტრი დარჩია) „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელს საკრებულოში გამართულ კომისიის სხდომაზე (23 თებერვალი, 2017 წელი).

საჯარო მოხელის გაღიზიანება 1400 ბათუმელის მიერ წარდგენილ პეტიციას მოჰყვა. მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე არსებული გზის მონაკვეთს ქუჩის სტატუსი მიენიჭოს და ამ ტერიტორიას დაერქვას – „ევროპის ქუჩა“.

საკრებულოს დეპუტატმა (დიმიტრი დარჩია) კომისიის სხდომაზე დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელს ქუჩური გარჩევის ფორმით „დაუწუნა“ მოქალაქეთა მიერ გაცხადებული ინიციატივა, რომ ტერიტორიას – „ევროპის ქუჩის“’ სახელი მიენიჭოს. ამ იდეის (ევროპის ქუჩა) გაცხადების და დეპუტატის შეხედულების არგაზიარების გამო საკრებულოს დეპუტატი საჯაროდ დაუპირისპირდა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელს და გარდა სხვა მიუღებელი გამონათქვამებისა, განუცხადა: „ჩემს ნებაზე რომ იყოს, ამ წუთიდან აჭარიდან კი არა, ქვეყნიდან გაგაგდებდი“.

შენიშვნა: ბატონ დარჩიას 1400 მოქალაქის მიერ საკითხის დაყენების შემდეგ გაუჩნდა მოსაზრება, რომ ეს მოქალაქეები ცდებიან და ამ ქუჩას არა  „ევროპის“, არამედ გიორგი ანწუხელიძის (2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ეროვნული გმირი) სახელი უნდა დაერქვას.

ბუნებრივია ჩვენი წარმომადგენელი მხარს უჭერდა პოზიციას, რომელიც 1400 მოქალაქის პეტიციაშია მითითებული (სხვაგვარი უფლება არც ჰქონდა, რადგან იგი მოქალაქეთა ინიციატივას ახმოვანებდა) და სწორედ ამის გამო მიაყენა ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირმა შეურაცხყოფა.

დემოკრატიის ინსტიტუტი მიმართავს ბათუმის საკრებულოს (ყველა წევრს) და მოითხოვს:
1. საჯაროდ გამოხატონ პოზიცია მათი კოლეგის, ბატონი დარჩიას ქცევასთან დაკავშირებით, რომელმაც „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელს საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეურაცხყოფა მიაყენა. (საკრებულოს მხრიდან მკაფიო პოზიციის არგამოხატვის შემთხვევაში, მივიჩნევთ, რომ საკრებულო მხარს უჭერს და ახალისებს მათი კოლეგის საქციელს);

2.უმოკლეს ვადებში განიხილოს 1400 ბათუმელის მიერ კანონით დადგენილი წესით რვა თვის წინ საკრებულოსთვის წარდგენილი პეტიცია და მიიღოს გადაწყვეტილება უკვე შვიდი წელია უსტატუსოდ და უსახელოდ მდებარე ტერიტორიისთვის (რომელიც პეტიციამდე არავის ახსოვდა) ქუჩის სტატუსის მინიჭებისა და სახელდების (ევროპის ქუჩა) შესახებ. იმ შემთხვევაში თუ საკრებულო გაიზიარებს მათი კოლეგის აკვიატებულ მოსაზრებას და უმრავლესობით მიიჩნევს, რომ სახელწოდება – „ევროპის ქუჩა“ მიუღებელია და შესაბამისად 1400 მოქალაქის მოთხოვნა არასწორია – საკრებულომ საჯაროდ განმარტოს გადაწყვეტილების მიზეზი:

რატომ არის მიუღებელი ტერიტორიისთვის „ევროპის ქუჩის“ სახელწოდების მინიჭება, განსაკუთრებით საქართველოს საგარეო პოლიტიკის დღევანდელი მდგომარეობის და პერსპექტივის გათვალისწინებით;

3. უმოკლეს დროში შექმნას სამუშაო ჯგუფი/კომისია, რომელიც გააკეთებს ბათუმში სახელწოდების გარეშე არსებული ქუჩების, ასევე იმ ქუჩების ნუსხას, რომელთაც სხვადასხვა მიზეზით მიზანშეწონილია გადაერქვას სახელი და დაიწყოს შესაბამისი პროცედურები ამ ქუჩებისთვის ეროვნული გმირების (მათ შორის გიორგი ანწუხელიძე) სახელწოდების მინიჭების მიზნით.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ მზადყოფნას გამოთქვამს, უშუალო მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში (კომისიის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, სპეციალისტების მოწვევა და ყველა საჭირო პროცედურის უშუალო მხარდაჭერა);
4. მისასალმებელია საკრებულოს წევრის აქტიურობა, რითაც ის ცდილობს პატივი სცეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ეროვნული გმირის ხსოვნას, თუმცა ეს არ უნდა გააკეთოს მოქალაქეთა შეურაცხყოფით და მათი აზრის მიუღებლობით.

ფაქტია, რომ დეპუტატს, საკრებულოში 4 წლიანი მოღვაწეობის მხოლოდ ბოლო თვეებში „გაახსენდა“ ეს ამბავი და რატომღაც არც კი უცდია, რომ სწორად შეერჩია პროცედურა და მოქალაქეთა პეტიციის შეწინააღმდეგების ნაცვლად, სხვა ქუჩისთვის მოეთხოვა მისი ინიციატივით სახელწოდების მინიჭება (არც ახლაა გვიან და ამ ინიციატივაში „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ყველა ფორმით დაუჭერს მხარს ბათუმის საკრებულოს).
5. საკრებულოს წევრებმა არ დაუშვან მოქალაქეთა მიერ წარდგენილი პეტიციებისადმი ამგვარი არაჯანსაღი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. დაუშვებელია მიდგომა, რომ საკრებულოს ერთი წევრი უფრო გონიერია, ვიდრე 1400 მოქალაქე. საკითხის ასე დაყენება არასწორია.

საკრებულოს წევრი დიმა დარჩია და „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი რამინ გვარიშვილი
საკრებულოს წევრი დიმა დარჩია და „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი რამინ გვარიშვილი

შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა [ვიდეო]

რამდენიმე თვის წინ ევროკავშირისა და გაეროს მიერ დაფინანსებული პროექტით (EMBLAS), რომლის მიზანიც შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგია, ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემოწმებული ლოკაციების მიხედვით ყველაზე დიდი რაოდენობის მარინორიტერი საქართველოს წყლებში აღინიშნა.

გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ გასულ წელს აჭარის სანაპიროს მთელ პერიმეტრში, 8 წერტილში აღებული სინჯებიდან ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია,  სულ ახლახან კი EMBLAS-მა ზაფხულში ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ შავ ზღვაში რამდენიმე ნივთიერების ტოქსიკურობის ზღვარი დასაშვენ ნორმას აჭარბებს.

გაეროს ბავშვთა ფონდი ბავშვების ძალადობისგან დაცვაზე ბათუმში იმსჯელებს

ხვალ, 28 თებერვალს, ბათუმში, რუსთაველის უნივერსიტეტში, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოში გაეროს ფონდის წარმომადგენელი ლაილა ომარ გადი დაესწრება.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება ბავშვთა დაცვის რეფერირების მექანიზმის დანერგვისათვის აუცილებელი ღონისძიებები. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის [შეხვედრაზე იქნება ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი] წარმომადგენლები, რეფერირების მექანიზმში ჩართული უწყებები, გამგებლები, სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხისმგებელი პირები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის [რეფერირების] პროცედურები გასულ წელს, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით დამტკიცდა. ამ დადგენილების ფარგლებში, ბავშვთა მიმართ ძალადობის რეფერირების პასუხისმგებლობა რეფერალში ჩართულ სამინისტროებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ადგილობრივ თვითმმართველობებსაც ეკისრებათ.

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან ერთად თანამშრომლობს აჭარის მთავრობასთან რეგიონში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების ამოქმედების მიზნით. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით.

ქედის საკრებულოს ანგარიში დეპუტატების საქმიანობის გარეშე

ქედის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან ცინცაძის მიერ ქედის საკრებულოსთვის წარდგენილ 2016 წლის ანგარიშში საკრებულოს წევრების მიერ შესრულებული სამუშაოები ვერ მოხვდა.

კითხვებზე, დეპუტატებმა ინდივიდუალურად თუ ფრაქციის სახელით საკრებულოში განსახილველად 2016 წელს რამდენი საკითხი შეიტანეს? აქტიურობით ვინ გამოირჩეოდა და რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რაც, საკრებულომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადაჭრა? – საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ამ საკითხებს ბიუროს სხდომაზე წარმოადგენენ. საკრებულოს მიერ მიღებულ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად კი ამირან ცინცაძემ ადგილობრივი ბიუჯეტის მიღების საკითხი დაასახელა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ბიუჯეტის მიღებაა, რომელიც მოსახლეობის საკეთილდღეოდ მივიღეთ, ქედას მცირე ბიუჯეტი აქვს, თუმცა ვცდილობთ მაქსიმალურად მორგებული იყოს ხალხზე,“ – ამბობს ამირან ცინცაძე.

საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძემ კი თქვა, რომ  არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა განსახილველად საკრებულოში, თუმცა ისინი საკრებულომ დაბლოკა და განსახილველად დღის წესრიგში არ შეიტანა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები „უმოქმედოდ არიან, სამი წლის განმავლობაში მათ ერთი საკითხი, დადგენილების ან განკარგულების პროექტი არ შეუტანიათ. საკრებულოს განსახილველად 12 საკითხი წარვუდგინე, თუმცა არც ერთი საკითხი სხდომაზე განსახილველად არ გაიტანეს, რადგანაც საკრებულოში ოპოზიციას წარმოვადგენ, ჩემ მიერ წარმოდგენილ საკითხებს ბლოკავენ,“ – ამბობს ვაჟა ბოლქვაძე.

ქედის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ქედის საკრებულოში 25 სხდომა ჩატარდა, აქედან 13 რიგგარეშე. მორიგ სხდომებზე ქედის საკრებულომ 73, ხოლო რიგგარეშე სხდომებზე – 34 საკითხი განიხილა. ჩატარებულ 25 სხდომაზე საკრებულომ 88 განკარგულება და 21 დადგენილება მიიღო, ხოლო მთლიანობაში, წლის განმავლობაში, დღის წესრიგით გათვალისწინებული 107 საკითხიდან, 106 საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მიიღო.

გასულ წელს ქედის საკრებულოში 92 ინდივიდუალური, ხოლო 6 კოლექტიური განაცხადი შევიდა. სულ მიიღეს 490 მოქალაქე, ხოლო საკრებულოს სხდომებს წლის განმავლობაში მხოლოდ 18 მოქალაქე დაესწრო.

გამოხმაურება: კომპანია ფლობს ყველა უფლებას დუმბაძის ქუჩაზე მშენებლობა დაიწყოს 

ლევან ხიმშიაშვილი,შპს ახალი ერას დამფუძნებელი

შპს „ახალი ერა“-ს და მისი პარტნიორების ურყევი სულისკვეთებაა, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წარმოადგენენ საზოგადოების დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტურ ქვაკუთხედს და ნებიმისმიერი სახის გავრცელებული ინფორმაცია კონკრეტული პირისთვის რაც არუნდა მისაღები ან მიუღებელი იყოს თუ იგი ექცევა გამოხატვის უფლების ფარგლებში წარმოადგენს დაცული სიკეთეს. შპს „ახალ ერას“, აგრეთვე კომპანიის პარტნიორებს არასოდეს არ უთქვამთ უარი ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე  ამიტომ გაკვირვებულები დავრჩით, როცა „გაზეთ ბათუმელების“  2017 წლის  25 თებერვალს გამოსულ ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში „დუმბაძის ქუჩაზე რვასართულიანი სახლის აშენებას არჩილ ხაბაძის მეგობრის კომპანია გეგმავს“ საერთოდ არ იყო წარმოდგენილი კომპანიის პოზიცია. სტატიის მთელი შინაარსი მიმართულია ბიზნესმენ ლევან ხიმშიაშვილის მონაწილეობის თემატიკაზე ქ. ბათუმში დუმბაძის ქუჩა 12-14-ში დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით. იმ მიზეზით, რომ კომპანიას არ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი პოზიციის წარმოდგენის  სტატიაში, სამწუხაროდ, დაშვებულია ბევრი უზუსტობა, რის გამოც გადავწყვიტეთ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ ამ საკითხზე:

ლევან ხიმშიაშვილი
ლევან ხიმშიაშვილი

შპს „ახალმა ერამ“ ქ. ბათუმში დუმბაძის ქუჩა 12-14-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეებთან მოლაპარაკება დაიწყო  2014 წლის დეკემბრის ბოლოს, მას შემდეგ რაც შპს „ახალ ერას“ ძველმა ინვესტორმა ვერ შეძლო მოსახლეობასთან მოლაპარეკების პროცესის დასრულება და შპს „ახალ ერას“ მიმართა თხოვნით გაწეული დანახარჯების ანაზღაურების და პროცესის გაგრძელების. ყველა მესაკუთრესთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების  შემდეგ კომპანიის  მიერ  2015 წლის 13 მაისს მომზადდა არქიტექტორული პროექტი და სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებული იქნა ყველა სათანადო თანხმობა და ნებართვა, მათ შორის 2015 წლის 27 მარტს აჭარის ა.რ. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ შეითანხმა და დაამტკიცა არქიტექტორული პროექტი, რის საფუძველზეც 2015 წლის 13 მაისს ქ. ბათუმის მერიის მიერ გამოიცა ბრძანება არქიტექტორული პროექტის შეთანხმების შესახებ. ამ პროცესების დასრულების შემდგომ შპს „ახალი ერას“ დამფუძნებელ პარტნიორებს შეექმნათ ფინანსური პრობლემები, რის გამოც ვერ ახერხებდნენ პროექტის პროგრესირებას და მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილებას. ამ მიზნით 2016 წლის მარტის თვეში იურისტები, რომლებიც უშუალოდ უწევდნენ ზედამხედველობას ადგილობრივ მოსახლეობათან ხელშეკრულების დადების პროცესს დაუკავშირდნენ ბიზნესმენ ჯუმბერ ზოიძეს,  რომელმაც გამოხატა დაინტერესება პროექტის მიმართ და იურიდული კომპანია legal consulting centre-ის მიერ ფინანსური და იურიდიული ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ გადაწყვეტილება მიიღო უკვე შექმნილი ბიზნეს პროდუქტში ინვესტირების მიზნით პარტნიორებად მოეწვია თამაზ ბექაია და ლევან ხიმშიაშვილი. წილების ნასყიდობის ხელშეკრულები კანონმდებლობის დაცვით 2016 წლის 16 მარტს დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში, რაც არის საჯაროდ ხელმისაწვდომი ნებისმიერი დინტერესებული პირისთვის და რაც მთავარია ხაზგასმით ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული პირები შპს „ახალი ერას“ პარტნიორები   გახდნენ მაშინ,  როცა კომპანიას უკვე დიდი ხნის  დასრულებული ჰქონდა მოლაპარაკებები ქ. ბათუმში დუმბაძის ქუჩა 12-14-ის მაცხოვრებლებთან და მოპოვებული  ჰქონდათ ყველა სათანადო ნებართვა სახელმწიფო ორგანოებიდან, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის მიერ 2014 წელს გაცემული   კოეფიციენტის ჩათვლით. უფრო მეტიც კომპანიის არცერთ მოქმედ პარტნიორს არანაირი ინფორმაცია არ ქონდა დაგეგმილი პროექტის შესახებ 2016 წლის თებერვლის თვემდე. დღეს კომპანიის მიდგომაა თუ სახელმწიფო ორგანოებთან იქნება თანმხვედრა უკვე დამტკიცებულ სამშენებლო პროექტში შევიდეს ცვლილებები არქიტექტორული მხარის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით.

შპს „ახალი ერაში“ ახალი პარტნიორების წილობრივი მონაწილეობის განსაზღვრის შემდეგ სრულიად შეიცვალა მენეჯმენტი და დაუყოვნებლივ დაიწყო მოსახლეობასთან ფინანსური ვალდებულებების შესრულების პროცესი მოქმედი კონტრაქტების  საფუძველზე. ამჟამად ყველა მესაკუთრე გასახლებულია და დახარჯულია ასეულობით ათასი აშშ დოლარი, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით. კომპანია ფლობს ყველა უფლებას იმისთვის,  რომ მოახდინოს პროექტის პროგრესირება და დაწყოს სამშენებლო სამუშაოები.

შპს „ახალი ერა“ განმარტავს, რომ კომპანიას გააჩნია კანონიერი ნდობა სახელმწიფოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებლივი აქტების მიმართ, რაც წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოების წარმოების კანონიერ საფუძველს და ყველა დანახარჯს ეწევა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. გვწამს, რომ ვცხოვრობთ სამართლებლივ სახელწიფოში და სახელმწიფოს მიერ ბოლომდე იქნება დაცული, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლების ისე  შპს „ახალი ერას“ კანონიერი უფლებები.

დანგრეულია 1903 წელს აშენებული გულის საავადმყოფო ბათუმგორაზე

ბათუმგორაზე ყოფილი გულის საავადმყოფოს შენობა დღეს, 26 თებერვალს, დაანგრიეს. დემონტაჟის ნებართვა ბათუმის მერიამ კომპანია „ჰესტოკ ბათუმს“ 27 იანვარს მისცა. ამ კომპანიამ მოაწყო საბაგირო გზა და გასართობი ცენტრი „არგო“ ბათუმგორაზე. აქვე, „ჰესტოკ ბათუმი“ ფლობს კიდევ 25 594 კვ, მეტრ მიწის ფართობს, სადაც 1903 წელს აგებული ე.წ. გულის საავადმყოფო მდებარეობდა.

„ასე ხდება ისტორიის წაშლა,“ – მიიჩნევს ნინო ინაიშვილი, საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელი. მისი აზრით, ბათუმგორაზე შენობის გადარჩენა მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ იგი საუკუნეზე მეტს ითვლის და ქალაქის ისტორიის მოწმეა:

„ამ საავადმყოფოს არ ჰქონდა ძეგლის სტატუსი, მაგრამ ამოსავალი არის ისტორიული ღირებულება. ფაქტია, რომ ეს შენობა აგებულია 1903 წელს და იგი ააშენეს თავდაპირველად რუსი სამხედროებისთვის. არ შეიძლება, ასე, ერთი ხელის მოსმით მიიღო გადაწყვეტილება და წაშალო ისტორია. ეს უპატიებელია. აუცილებლად უნდა ჩააყენო ამ დროს საზოგადოება საქმის კურსში, კარგად აწონ-დაწონო, რა დევს სასწორზე. საუკეთესო ინტერესი იქნებოდა შენობის ადაპტაცია. შესაძლებელია, ფუნქცია შეცვლილიყო, მაგრამ ისტორიული შენობა, რომელიც სხვათა შორის სამი დღის განმავლობაში ძლივს დაანგრიეს, გადარჩენილიყო. ძველი და ისტორიული შენობა აბსოლუტურად შესაძლებელია მოარგოს მენაშენემ საკუთარ საჭიროებებს. ეს გაცილებით უფრო ღირებული იქნებოდა…“, – გვიყვება ნინო ინაიშვილი.

შენობის ისტორიული ღირებულება არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ბათუმის მერიისთვის. ირაკლი ახალაძე, მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი მიიჩნევს, რომ ყველა ძველი შენობის შენარჩუნებას მერია ინვესტორს არ უნდა სთხოვდეს, თუნდაც ადაპტაციის ფორმატში.

„ჩვენ გავეცით დემონტაჟზე ნებართვა, რადგან ყოფილი საავადმყოფოს შენობა არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. არც „გეოგრაფიკის“ ინვენტარიზაციის შედეგად გაცემულა რეკომენდაცია, რომ ამ საავადმყოფოს ძეგლის სტატუსი უნდა მინიჭებოდა. ბაბუა და მამაჩემიც ამ საავადმყოფოში მკურნალობდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ეს შენობა რაიმე სახის ღირებულებას არ წარმოადგენდა. ვიცი, ახლა რასაც ვამბობ, ამისთვის ძალიან გამაკრიტიკებენ, მაგრამ ფაქტია, რომ იგი მთლიანად ამორტიზებული იყო“, – ამბობს ირაკლი ახალაძე.

„ჰესტოკ ბათუმს“ ჯერ  ბათუმის მერიისთვის არ მიუმართავს ახალი მშენებელობის ნებართვის მისაღებად. ირაკლი ახალაძის ინფორმაციით, კომპანია ისტორიული საავადმყოფოს ადგილას სასტუმროს აშენებას გეგმავს.

„ბათუმელები“ ამ დრომდე ვერ დაუკავშირდა „ჰესტოკ ბათუმს“.

 

batumgora 2

batumgoraze
1903 წელს აგებული ყოფილი გული საავადმყოფოს შენობა ბათუმგორაზე, თედო ჯორბენაძის ფოტოები

 

 

 

საკრებულოს აპარატის ყოფილ უფროსს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხელახლა გაესაუბრებიან

ბათუმის საკრებულომ სასამართლოს სამივე ინსტანციაში წააგო საქმე ლიანა დიასამიძის წინააღმდეგ. ლიანა საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსია, გათავისუფლების პერიოდში კი, საქმისწარმოების განყოფილების უფროსად მუშაობდა. 2015 წელს, ატესტაციის გასაუბრების ეტაპიდან ლიანა დიასამიძე გაათავისუფლეს. გათავისუფლების ბრძანებას საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე, ირაკლი ჭეიშვილი აწერს ხელს. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლიანა დიასამიძეს საკრებულომ ხელახლა უნდა გაესაუბროს.

მას შემდეგ, რაც ლიანა დიასამიძემ სასამართლო პროცესი ბათუმში მოიგო, საკრებულომ გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა, საქმის წაგების შემდეგ – უზენაესში. რამდენიმე დღის წინ მხარეებს წერილი უზენაესი სასამართლოდან ჩაბარდათ, სადაც წერია, რომ საქმე აღარ განიხილება და ძალაში უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სასამართლომ მიიჩნია, რომ „დაირღვა კანონის იმპერატიული მოთხოვნა და არ იყო ნაწარმოები სხდომის ოქმი, არ იყო გამოკვლეული შესაბამისი მტკიცებულებები ლიანა დიასამიძის კვალიფიკაციასთან მიმართებით”.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ლიანა დიასამიძისთვის განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა.

ლიანა დიასამიძემ ატესტაციის პირველ ეტაპზე, ტესტირებაში, მაქსიმალური 60 ქულიდან 56 მიიღო. გასაუბრებაზე კი მაქსიმალური 6 ქულიდან 2.7 დააგროვა. გამსვლელი ქულების რაოდენობა 3.5 იყო.

რა უზრუნველყოფს ამჯერად საატესტატო კომისიისგან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას? – ლიანა დიასამიძე ამბობს, რომ ვიდეოგადაღებას მოითხოვს: „ასე დაფიქსირდება, რას ვუპასუხებ კომისიის წევრებს. სხვა არჩევანს ვერ ვხედავ“.

„ჯერ არ ჩაგვბარებია აღსრულების წერილი. გასაუბრების ეტაპს კომისია ჩაატარებს და იქნება ვიდეოკამერაც, თუკი მონაწილე მოითხოვს ამას“, – უთხრა „ბათუმელებს“ სულიკო შვენთიძემ, ის საკრებულოს აპარატის იურისტია.

გასაუბრების პროცესს დააკვირდება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“. ეს ორგანიზაცია სასამართლოში ლიანა დიასამიძის ინტერესებს იცავდა.

ლიანა დიასამიძე 2004 წლიდან ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, 2006 წლიდან – საკრებულოს აპარატის უფროსად. 2014 წლის სექტემბრიდან კი, საკრებულოს საქმისწარმოების განყოფილების უფროსად. ლიანა დიასამიძის გათავისუფლების შემდეგ საკრებულოს აპარატის უფროსად პაატა მგელაძე დაინიშნა, რომელიც ამჟამად საკრებულოს წევრია. პაატა მგელაძე საკრებულოს წევრი მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ჭეიშვილი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით უმაღლეს საბჭოში შევიდა.

 

ინვესტორები „ბათუმის სამშობიარო სახლში”

„ბათუმის სამშობიარო სახლი“ შესაძლოა გაიყიდოს. საავადმყოფოს ერთ-ერთი აქციონერი, ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში, ნუკრი ბეჟანიძე ამბობს, რომ მზადაა თავისი წილი ინვესტორს დაუთმოს, თუკი იგი მის განვითარებას და გაძლიერებას შეძლებს. მან “ბათუმელებს” უთხრა, რომ ინვესტორთან წილების შესყიდვაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. საწარმოს 187 აქციონერი ჰყავს, ხოლო ისტორიული შენობა რუსთაველზე, სადაც სამშობიარო სახლია განთავსებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას წარმოადგენს.

„აუცილებელია სპონსორის შესვლა მაგ დაწესებულებაში, შეიცვალა თამაშის წესები – ადრე ერთი იყო სამშობიარო, ახლა – ხუთია. მარტო იზოლირებულად სამშობიარო სახლის არსებობა მოძველებულია. აუცილებლად უნდა გახდეს მრავალპროფილური. ინვესტორი უკვე არსებობს, თუმცა საბოლოოდ კოლექტივმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე, პირადად, თანახმა ვარ დავთმო ჩემი წილი, რომელიც დაახლოებით ერთ პროცენტამდეა, ოღონდ ეს სამშობიარო სახლი გადარჩეს. დაახლოებით 4-5 მეწილეა ამ დროისთვის ინვესტორის შემოსვლის წინააღმდეგი“, – გვიყვება ნუკრი ბეჟანიძე.

დეპუტატმა არ გაგვიმხილა, ვინ არის სამშობიარო სახლის შეძენით დაინტერსებული. მხოლოდ ის გვითხრა, რომ იგი დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ჩადებას აპირებს ამ საწარმოში და დღევანდელ მეწილეებს ანუ სამედიცინო პერსონალს საავადმყოფოში მუშაობის პირობას აძლევს.

„საუბარია სამ ინვესტორზე. მეწილეებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელს შეარჩევენ, ვის უკეთესი პირობა ექნება“, – უთხრა „ბათუმელებს“ ჯუმბერ უნგიაძემ, შპს „ბათუმის სამშობიარო სახლის“ დირექტორმა. ინვესტორების ვინაობას არც დირექტორი გვიმხელს, რადგან მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. ამბობს, რომ 20 წლით სამშობიარო სახლის პროფილი მინიმუმ შენარჩუნდება და აუცილებელია სხვა სამედიცინო სერვისების დამატებაც.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ბათუმის სამშობიარო სახლის“ შეძენა ირის ბორჩაშვილს სურს. ის სამედიცინო კლინიკა „მედინას“ მესაკუთრეა. მოლაპარაკების დასრულებამდე საავადმყოფოს მეწილეები ინვესტორის ვინაობის გამხელისგან თავს იკავებენ.

ჯუმბერ უნგიაძესთან საუბრის დროს ირკვევა, რომ პრობლემას რამდენიმე მეწილე ქმნის, რომელთა თანხმობაც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად:

„ასე უწერიათ წესდებაში, რომ ერთიც რომ იყოს წინააღმდეგი, გადაწყვეტილება არ მიიღება. მათ ვინაობას ჯერ ვერ გეტყვით. მე იმედი მაქვს, რომ შეთანხმება შედგება“, – გვითხრა ჯუმბერ უნგიაძემ.

სამშობიარო სახლის დირექტორი მიიჩნევს, რომ ინვესტიცია მისცემს საშუალებას, სამშობიარო სახლი გარემონტდეს შესაბამისად, აღიჭურვოს ახალი ტექნიკით, ხოლო სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმი გაიზარდოს. „ძალიან დიდი გარდაქმნებია აქ საჭირო“, – მიიჩნევს ჯუმბერ უნგიაძე.

მისი ინფორმაციით, მოლაპარაკების პროცესში ჯერ ჩართული არ არის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც შენობის მესაკუთრეა. საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ჯერ გადაწყვეტილება საწარმოს მეწილეებმა უნდა მიიღონ და ამის შემდეგ დაელაპარაკოს სამინისტროს ინვესტორი, თუკი მას შენობის შეძენა სურს.

 

 

ნუკრი ბეჟანიძე: დუმბაძეზე რვასართულიანი კორპუსი იქნება ძალიან უშნო

„დუმბაძის ქუჩაზე რვასართლიანი სახლის აშენების მომხრე არ ვიქნები, ეს იქნება ძალიან უშნო“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნუკრი ბეჟანიძემ, ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში. არჩევნებამდე ის საზოგადოებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ჰპირდებოდა. დეპუტატმა ჩვენგან გაიგო ინფორმაცია ქალაქის ისტორიულ ნაწილში, დუმბაძის ქუჩაზე ახალი კორპუსის აშენების შესახებ, რომლის პროექტიც მერიასთან უკვე შეთანხმებულია, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ნუკრი ბეჟანიძე
ნუკრი ბეჟანიძე

მაღალსართულიანი სახლის აშენებას აქ შპს „ახალი ერა“ აპირებს, რომლის ერთ-ერთი მეწილე არჩილ ხაბაძის ახლო მეგობარია. არჩილ ხაბაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის დროს, მაღალსართულიანი სახლის აშენების შუამდგომლობით მერიას მიმართა.

„მაკეტი ჯერ არ მინახავს, რომ ვნახო, შესაძლოა, სხვა აზრი ჩამომიყალიბდეს, მაგრამ არა, რვასართულიანი ნამდვილად ძალიან მაღალია მაგ უბანში. ეს არის ქალაქის ისტორიული ნაწილი, მანდ არის ისტორიული შენობები ირგვლივ, რაც დამახასიათებელია ბათუმისთვის… ისიც გვეყოფა, რაც გაკეთდა ძველი ფოსტის შენობის უკან“, – ამბობს ნუკრი ბეჟანიძე,

რას გააკეთებს ბათუმის მაჟორიტარი ქალაქის ისტორიული ნაწილის გადასარჩენად? – კითხვაზე ნუკრი ბეჟანიძემ გვიპასუხა, რომ პირველ რიგში, საზოგადოება „ბათომს“ შეხვდება და პოზიციას ამის შემდეგ შეიმუშავებს. ის ასევე აპირებს შეხვდეს ბათუმის მერს და საკრებულოს წევრებს.

„მგონი, ქალაქის მერია ამოგვიდგება მხარში. აჭარის მთავრობაც დაინტერესებულია ძველი ბათუმის შენარჩუნებით. აქ მოგვეხმარება ხალხის აზრიც. ხალხის ხმაა მთავარი“, – გვითხრა პარლამენტის წევრმა, ნუკრი ბეჟანიძემ.

 

 

დუმბაძის ქუჩაზე რვასართულიანი სახლის აშენებას არჩილ ხაბაძის მეგობრის კომპანია გეგმავს

ბათუმში, ევროპის მოედნის გვერდით, დუმბაძის#12-24 -ა-ში, კაფე “ვინილის” ერთსართულიანი შენობის ადგილას რვასართულიანი სახლის მშენებლობას შპს “ახალი ერა” გეგმავს.

დუმბაძის #12-24 -ა-ს გვერდით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ყოფილი პირველი აფთიაქის სამსართულიანი შენობა მდებარეობს, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა აგებული, ანუ ეს ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დამცავ ზონაშია, სადაც კანონითაა განსაზღვრული, რა შეიძლება განთავსდეს და რა – არა.

კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ვკითხულობთ, რომ დამცავი ზონის დადგენის ერთ-ერთი მიზანია ისტორიულად ჩამოყალიბებული ხედებისა და პანორამების, ასევე იმ კულტურული კონტექსტის შენარჩუნება, რომელიც ხელს შეუწყობს ძეგლისა და მისი გარემოს დაცვას და ძეგლის, როგორც ისტორიის მოწმის, როლის შენარჩუნებას.

იმის მიუხედავად, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონას და ქალაქის ისტორიულ განაშენიანებას კანონი იცავს, ამ ადგილზე რვასართულიანი სახლის მშენებლობა დასაშვებად ჩათვალა აჭარის წინა მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, რომელმაც კომპანია “ახალ ერას” შუამდგომლობა გაუწია ბათუმის მერიასთან. არჩილ ხაბაძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრია “ქართული ოცნებიდან”.

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ პროექტი ე.წ. “ბარაკული პროგრამის” ფარგლებში იყო განხილული. ეს პროექტი ბათუმში ამორტიზებული, ბარაკული ტიპის სახლების ნაცვლად ახალი სახლების აშენებას ითვალისწინებდა დეველოპერების ხელშეწყობის სანაცვლოდ. 

აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ დეველოპერების ხელშეწყობა საჭიროდ ჩათვალეს დუმბაძის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში, სადაც 1 კვ მეტრი ფართობის ფასი ყველაზე მაღალია. კომპანია “ახალი ერას” ერთ-ერთი მეწილე, რომელსაც არჩილ ხაბაძემ მერიასთან გაუწია შუამდგომლობა დუმბაძის ქუჩაზე რვასართულიანი სახლის ასაშენებლად, ბიზნესმენი ლევან ხიმშიაშვილია, არჩილ ხაბაძის მეგობარი.

არჩილ ხაბაძესთან რომ დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს, ეს ლევან ხიმშიაშვილმა “ბათუმელებთანაც” დაადასტურა 2014 წელს, როცა ლევან ხიმშიაშვილის კიდევ ერთმა კომპანიამ, “მეგა პალასმა”, ნორმატიულ ფასზე 30 პროცენტით იაფად იყიდა მიწის ნაკვეთი გორგილაძის ქუჩაზე.

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, “ახალ ერას”, რომელიც დუმბაძის ქუჩაზე გეგმავს მშენებლობას, ამჟამად სამი მეწილე ჰყავს, რუსეთის მოქალაქე თამაზ ბექაია და საქართველოს მოქალაქეები  ლევან ხიმშიაშვილი და ჯუმბერ ზოიძე, რომელიც, ასევე, კომპანია “მეგა პალასის” 50-პროცენტიანი მეწილეა.

რვასართულიანი სახლის პროექტი შეთანხმებულია, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის – ამბობს ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე:

“მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ ეტაპად, პირველი ეტაპი გავლილი აქვს. ნებართვის გაცემის სტადია არ არის დასრულებული. რადგან ეს არის ე.წ. “ბარაკული პროგრამით”, ამას სჭირდებოდა სამმხრივი მემორანდუმი ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა და დამკვეთს შორის, სამივე მხარე იღებდა ვალდებულებას, რომ თუ, ვთქვათ, დეველოპერი ვერ შეასრულებდა ვალდებულებას, ამ ვალდებულებას აიღებდა თავზე ან ბანკი, ან აჭარის ფინანსთა სამინისტრო. მემორანდუმი არ ჰქონდათ, შესაბამისად, ნებართვა არ არის გაცემული.”

ამჟამად “ახალი ერა” დუმბაძის ქუჩაზე რვასართულიანი სახლის პროექტში ცვლილებების შეტანას ითხოვს. პროექტის ავტორებს ფასადის გადახალისება სურთ მოდერნის სტილში და კოლონების გადაადგილება. საკითხი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებულმა ზონალურმა საბჭომ უნდა განიხილოს.

ამ საბჭომ, სხვა შემადგენლობით, ერთხელ უკვე დაუჭირა მხარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაში რვასართულიანი სახლის მშენებლობას.  2015 წლის ოქტომბერში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ, რომელსაც ესწრებოდნენ: სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი, აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი  კახა შაშიკაძე, სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და შემდგომში დირექტორის მოადგილე ბიძინა აფხაზავა, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზაალ მამუჭაძე, ქალაქის არქიტეტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე და აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვლადიმერ მგალობლიშვილი, ერთხმად დაამტკიცა პროექტი.

ბოლო თვეებში საბჭოს რამდენიმე წევრი შეიცვალა. მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე, რომელიც ახლაც საბჭოს წევრია, ამბობს, რომ შეიცვალა ამ საკითხის განხილვის კონტექსტიც:

“თავის დროზე შუამდგომლობა პროექტს გაეწია აჭარის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარის მიერ ბარაკულ პროგრამაში მონაწილეობის გამო. იმ პერიოდში ასე გადაწყდა. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რაც ბარათაშვილის #24-ს უკავშირდება, აჟიოტაჟი და უკმაყოფილება საზოგადოების მხრიდან – უკვე სულ სხვა სურათს და რეალობას ხატავს. პროექტის ძველი ვარიანტი შეთანხმებულია და ახალი ვარიანტი, რაც არის წარმოდგენილი, სივრცითი ფორმითაც იგივეა, მაგრამ ამ რეალობიდან გამომდინარე, განხილვა თავიდან იქნება და წინასწარ ვინ რა პოზიციას დაიჭერს, ამის თქმა რთულია.”

ირაკლი ახალაძე თავს იკავებს პასუხისგან კითხვაზე – დაუჭერს თუ არა მხარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაში რვასართულიანი სახლის პროექტს.

რვასართულიანი სახლის პროექტი
რვასართულიანი სახლის პროექტი

დუმბაძის ქუჩა ისტორიული ბათუმის ერთ-ერთი უძველესი ქუჩაა და დღევანდელ ბათუმში გამონაკლისია, იმ თვალსაზრისით, რომ ქუჩას თითქმის შენარჩუნებული აქვს ისტორიული განაშენიანების მასშტაბი, სახლების უმრავლესობა აქ დაბალსართულიანია. ამ პატარა ქუჩაზე ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის გარდა მდებარეობს კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, შენობა, რომელშიც ძველ ბათუმში ბელგიის საკონსულო იყო განთავსებული.

ბელგიის ყოფილი საკონსულოს შენობა დუმბაძის ქუჩაზე
ბელგიის ყოფილი საკონსულოს შენობა დუმბაძის ქუჩაზე

დუმბაძის ქუჩა რომ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ბათუმში, ამას ბათუმის მერიის არჩევანიც მოწმობს, რომელიც, ბოლო წლებია, რამდენიმე ქუჩასთან ერთად, დუმბაძის ქუჩაზეც გეგმავს ქალაქის მთავარ სახალხო დღესასწაულს – “ბათუმობას”. ქალაქის დღესასწაულზე დუმბაძის ქუჩას სადღესასწაულოდ რთავენ და “ბათუმობისას” ყველაზე მეტ ფოტოს ბათუმელები და ქალაქში ჩამოსული ტურისტები, სწორედ ამ ქუჩაზე იღებენ.

"ბათუმობა". საღამო დუმბაძის ქუჩაზე. დათო ტრაპაიძის ფოტო
“ბათუმობა”, საღამო დუმბაძის ქუჩაზე. დათო ტრაპაიძის ფოტო

დახურული შეხვედრა აჭარის მთავრობაში კულტურული მემკვიდრეობის თემაზე

„ეს იყო სამუშაო შეხვედრა“, – ამ არგუმენტით დღეს მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრა დახურეს, სადაც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის ფოტოები და განხილული თემები აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააცნო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის განმარტებით, შეხვედრაზე, ძირითადად, კულტურის პროგრამებზე ისაუბრეს, ხოლო ძეგლების ინვენტარიზაციასთან მიმართებით მხოლოდ ხელახალ აღრიცხვიანობასა და თანამშრომლობის კოორდინაციის საკითხს შეეხნენ.

შეხვედრეს ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ნიკოლოზ ანთიძე. რეგიონულ ხელისუფლებას კი, სამუშაო შეხვედრაზე წარმოადგენდა: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, სულხან ღლონტი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ლაშა ასლანიშვილი და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნიკოლოზ ანთიძემ, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა. მისი თქმით, შეკრებილებმა, ძირითადად, კულტურული ღონისძიებების დაგეგმვაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ძეგლების ინვენტარიზაციას, რაც ბათუმის შემთხვევაში „გეოგრაფიკმა“ 2015 წელს განახორციელა. “გეოგრაფიკის” დასკვნის მიხედვით, ბათუმში 13 ძეგლს უნდა გაუუქმდეს ძეგლის სტატუსი, ხოლო 42-ს მიენიჭოს.

„ამ რეკომენდაციების განხილვას ახლა იწყებენ საბჭოები. შეხვედრაზე ჩვენ დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი. მაგალითად, ჩვენ შევიმუშავებთ რეკომენდაციებს და ამას გამოვიგზავნით ადგილობრივ სააგენტოს. ვისაუბრეთ გენერალური გეგმის შემუშავების აუცილებლობაზე და ასე შემდეგ. ჩვენ აუცილებლად გავაცნობთ დეტალებს საზოგადოებას, როცა გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები“, – ამბობს ნიკოლოზ ანთიძე „ბათუმელებთან“.

დახურული შეხვედრის შესახებ „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა ლაშა ასლანიშვილმა, აჭარის კულტურული მემკვiდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეხვედრაზე მიწვეული არ ჰყავდათ “ბათომისა” და “დაიცავი ძველი ბათუმის” წევრები, ანუ ის აქტივისტები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში იბრძვიან ისტორიული ბათუმის გადასარჩენად.

 

შუა ალეა – ბათუმის ბულვარს ნაჩუქარი 81 ათასი ლარის დაბრუნებას თხოვენ

ახალი კონცეფციის შემუშავებაც და პარალელურად, ძველ ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებამ ბულვარის ადმინისტრაცია საბოლოოდ სასამართლომდე მიიყვანა. კომპანია „დრიმლენდ ოაზისის“ სასამართლო დავის პარალელურად კი, „ბათუმის ბულვარს“ კომპანია „ლიტომიც“ უჩივის.

„ბათუმის ბულვარში“ აცხადებენ, რომ „ლიტომმა“ სრულად არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კომპანია კი საპირისპიროს ამტკიცებს და ბულვარისგან, სხვა თანხასთან ერთად, ნაჩუქარი 81 566 ლარის დაბრუნებასაც ითხოვს. ეს თანხა გასულ წელს შუა ალეაში წარმოებული სამუშაოების ღირებულებაა.

მაშინ ბულვარის დავალებით შუა ალეის გაუქმება დაიწყო და იქ კომპანიამ მიწა შეიტანა. ძველ ბულვარში შუა ხეივნის გაუქმებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, რის შედეგადაც ალეა აღადგინეს, „ლიტომმა“ კი მის მიერ წარმოებული სამუშაო შეაფასა და ბულვართან ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა.

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ლიტომმა“, 2016 წლის 12 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით და მოითხოვა:

  • სსიპ ბათუმის ბულვარსა და შპს ლიტომს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათუმის ბულვარის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტა და ამ მოტივით ლიტომის მიერ სს ბანკი რესპუბლიკას მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების სადაზღვევო გარანტიის თანხის – 125 316 ლარის და სს ტერა ბანკის მიერ გაცემული საავანსო გარანტიის თანხის – 35 570 ლარის გამოთხოვა სასამართლომ ცნოს უკანონოდ და ბათუმის ბულვარმა ლიტომს დაუბრუნოს 160 886 ლარი;
  • გაუქმდეს ბათუმის ბულვარსა და ლიტომს შორის 2016 წლის 9 მარტს დადებული ჩუქების ხელშეკრულება და ბათუმის ბულვარმა ლიტომს დაუბრუნოს ხელშეკრულებით ნაჩუქარი 81 566 ლარი;
  • ბათუმის ბულვარმა დაუბრუნოს ლიტომს შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაკავებული 5% – 56023,03 ლარი და 240 გრძ.მეტრი გოფრირებული მილებისა და მისი მოწყობის სამუშაოების ღირებულების 11 908,86 ლარი.

„აღნიშნულ სარჩელზე სსიპ ბათუმის ბულვარმა შეიტანა შესაბამისი შესაგებელი, რომ სრულად არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნებს. ამ ეტაპისათვის საქმის სასამართლო განხილვა ჯერ არ დაწყებულა და არ ჩატარებულა არც ერთი სასამართლო სხდომა“ – აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში.

ბულვარის ადმინისტრაციისგან მიღებული ინფორმაციით სსიპ ბათუმის ბულვარის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შპს ლიტომისათვის გადარიცხულია 972  ათას 559 ლარი და 67 თეთრი.


  • სსიპ ბათუმის ბულვარსა და ООО “ЛИТОМ”-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ბულვარის დირექტორის 2016 წლის პირველი აგვისტოს ბრძანებით შეწყდა – „მიმწოდებელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო“.
  • ბულვარის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერში გამარჯვებულ რუსულ კომპანია „ლიტომთან“ [ООО „ЛИТОМ“] 2015 წლის 26 ნოემბერს გააფორმა. კომპანია სამუშაოებს აწარმოებდა პროექტით, რომელსაც მხარი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაუჭირა და რომლითაც ძველ ბულვარში სამი სავალი ბილიკიდან [ალეადან] ერთი უქმდებოდა. მის ნაცვლად ბალახის კორდის მოწყობა იყო გათვალისწინებული.
  • საზოგადოების მხრიდან პროტესტის შემდეგ აჭარის მთავრობა იძულებული გახდა სავალი ბილიკი ძველ ბულვარში აღედგინა.
  • „შპს „ლიტომი“ იზიარებს რა საზოგადოების მაღალ ინტერესს შუა ალეასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ ის სამუშაოები, რომელიც უკვე ჩატარებული გვაქვს აღნიშნულ ალეაში, საჩუქრად გადავცეთ ბათუმის ბულვარს,“ – აღნიშნული იყო შპს „ლიტომის“ წარმომადგენლის წერილში.
  • კომპანიამ მოგვიანებით სასეირნო ბილიკებზე ფერადი ფილების დაგება დაიწყო, თუმცა ახალდაგებული ფილები აყარა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ფილები უხარისხო იყო. 
  • შუა ალეის გაუქმებას ბულვარის „ახალი კონცეფციაც“ ითვალისწინებდა, რომლის გამოც შპს „დრიმლენდ ოაზისი“ დღეს „ბათუმის ბულვარს“ სასამართლოში უჩივის. კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ მესამე ბილიკის გაუქმება შეთანხმებული მოწონებული იყო აჭარის მაშინდელ ხელმძღვანელობასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან, ბათუმის მერთან, ინსპექტირების ჯგუფთან.
IMG_20170225_123717
ბათუმის ბულვარი / 25.02.2017

საკონსტიტუციო სასამართლოზე დროშები დღის მეორე ნახევარში დაუშვეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დღეს, 25 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში დაუშვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე დროშები საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დაშვებული არ იყო. საკონსტიტუციო სასამართლოს წინა ფასადზე სახელმწიფო დროშა დღის მეორე ნახევარში ჩამოხსნეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს წინა ფასადზე სახელმწიფო დროშა დღის მეორე ნახევარში ჩამოხსნეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს წინა ფასადზე სახელმწიფო დროშა დღის მეორე ნახევარში ჩამოხსნეს.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, “ყოველი წლის 25 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო დროშები”.

ამ დროისთვის [17:00 საათი] ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინა ფასადზე საქართველოს ეროვნული დროშა ჩამოხსნილია, ხოლო უკანა ფასადზე დროშა დაშვებულია.

თვეში 1000 ლარი საკონსტიტუციოს მოსამართლეს ბინის ქირისთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი მოსამართლის ბინის ქირისთვის თვეში 1000 ლარი დაიხარჯება. გადაწყვეტილება სასამართლოს პლენუმმა გასული წლის ბოლოს მიიღო.

ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი ახალი მოსამართლე სარგებლობს ბინის ქირით: მერაბ ტურავა [პირველი იანვრიდან], გიორგი კვერენჩხილაძე და ირინე იმერლიშვილი [პირველი თებერვლიდან], მანანა კობახიძე [20 თებერვლიდან].

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ „ბინის ქირის ხარჯი არ გაწეულა 2017 წლის პირველ იანვრამდე“.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა 10 წელია. თუკი რომელიმე მოსამართლე საცხოვრებელ ბინას ბათუმში არ შეიძენს, გამოვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითო მოსამართლის ბინით უზრუნველყოფისთვის ჯამში 120 ათასი ლარი დაიხარჯება.

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ საცხოვრებელი ბინები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სიმბოლურ ფასად, თითოს 1000 ლარად, გადასცა. მათ შორის, ზაზა თავაძეს 2010 წელს. ის დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა.

ზაზა თავაძემ ხელისუფლებისგან გადაცემული ბინა ბათუმის ბულვარის შესასვლელში 250 ათას დოლარად გაყიდა. „ბათუმელებთან“ ინტერვიუში [17 ნოემბერი, 2016 წელი] ზაზა თავაძემ აღნიშნა, რომ თავად მოსამართლეების ახალმა შემადგენლობამ უნდა გადაწყვიტოს ბინები საკუთრებაში გადაეცეთ, თუ სარგებლობის უფლებით.

„სახელმწიფო თუ გააკეთებს ამას, ეს შეიძლება დისკრიმინაციულად შეფასდეს, რადგან შესაძლოა, ეს რომელიმეს არ მოეწონოს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში თანასწორობის პრინციპის კუთხით იქნება შეუსაბამობა“, – აცხადებდა ზაზა თავაძე.

ბინების ხელისუფლებისგან ჩუქების ნაცვლად, მოსამართლეებმა ამჯერად ბიუჯეტის ხარჯზე ქირის გადახდა არჩიეს. ეს შესაძლოა იმაზე ძვირი დაუჯდეს სახელმწიფო ბიუჯეტს, ვიდრე, ვთქვათ, საბინაო ფონდის შექმნა და მოსამართლეებისთვის ბინების 10 წლით სარგებლობის უფლებით გადაცემა.

ამ დრომდე გრძელდება სასამართლო პროცესი ბინაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გიორგი პაპუაშვილს, საკონსტიტუციო სასამართლოს წინა თავმჯდომარეს 2007 წელს გადასცა. მოდავე აბაშიძის ხელისუფლების მაღალჩინოსანი როლანდ ბლადაძეა, ვისაც ბინა მიხეილ სააკაშვილმა 2006 წელს ჩამოართვა. „მე საერთოდ გავდივარ ამ დავიდან, რადგან არავითარ კავშირში არ ვარ“, – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი პაპუაშვილმა გასული წლის მარტში.

კაპრეშუმში ახალი სკოლა აშენდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში ახალი სკოლა აშენდება. მშენებლობას დღეს, 25 თებერვალს საძირკველი ჩაუყარა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარის განათლების მინისტრთან ერთად.

kapreshumis skolaახალი სკოლა ეკომიგრანტების სოციალური სახლების გვერდით აშენდება და არა სკოლის ძველი შენობის ადგილზე. აჭარის განათლების მინისტრის, ინგა შამილიშვილის განმარტებით, „ეს ადგილი უფრო მოსახერხებელია მოსახლეობისთვის“.

კაპრეშუმის ახალი სკოლა ორსართულიანი იქნება და იგი 300 მოსწავლეზეა გათვლილი. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ლადა“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 911 ათასი ლარია.

ახალი სკოლის მშენებლობა წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა დასრულდეს.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს 5 ახალი სკოლა აშენდება აჭარაში, ხოლო 27 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

 

ზურაბ პატარაძე ბარათაშვილის 24-ში უნებართვოდ დანგრეულ ისტორიულ სახლზე

ბათუმში, ბარათაშვილის 24-ში უნებართვოდ დანგრეულ ისტორიულ სახლზე „ბათუმელების“ შეკითხვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ასე უპასუხა: „მნიშვნელოვანია, რა აშენდება იქ.“

რატომ არ აღმოჩნდა მთავრობისთვის  მნიშვნელოვანი ისტორიული სახლის ქალაქის ცენტრში უკანონოდ დანგრევა? – კითხვაზე ზურაბ პატარაძემ გვიპასუხა, რომ მერიასთან ერთად საერთო პოზიციის შემუშავებას ელოდება.

„მიმდინარეობს მუშაობა, შედგა საბჭოს სხდომა, სადაც მუშაობენ არქიტექტორები. აუცილებლად შემუშავდება საერთო პოზიცია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ქალაქის ძველი ნაწილი, რომ იქ არ მოხდეს სტიქიური მშენებლობები და მაღალი კორპუსების აშენება. ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ბათუმელების ინტერესებს. მე ჯერ-ჯერობით თავს ვიკავებ, დაველოდები საბოლოო შედეგს“.

რა იგულისხმება „საბოლოო შედეგში“, როცა ისტორიული სახლი უკვე განადგურებულია?

„იგულისხმება ის, რომ იქ უნდა განხორციელდეს მშენებლობა. არსებობს პროექტი ამასთან დაკავშირებით, მერია მუშაობს და უახლოეს პერიოდში იქნება სრული სურათი… მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ძველი ქალაქი, ისტორიულად ულამაზესი შენობები. ამ მიმართულებით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“, – ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

„რას კონკრეტულად?“  – ეს კითხვა ზურაბ პატარაძემ უპასუხოდ დატოვა. გვითხრა, რომ „ცოტა ხანში იქნება პასუხი“.

ბარათაშვილის 24-ში კომპანია „დარ ბილდინგი“ 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას აპირებს.

ბარათაშვილის #24 დანგრევამდე. შოთა გუჯაბიძის ფოტო
ბარათაშვილის #24 დანგრევამდე. შოთა გუჯაბიძის ფოტო

 

 

 

 

 

მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა აღარ განხორციელდება

2017  წელს მცირემიწიან ფერმერთა დახმარების სახელმწიფო პროგრამა აღარ განხორციელდება. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე, სოფლის მეურნეობის საკითხებში, მერაბ ტაკიძე ამბობს, რომ პროგრამის ვადებიდან გამომდინარე თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ეს პროგრამა 2017 წელს აღარ გაგრძელდებოდა.

„პროგრამა სამწლიანი იყო, თუმცა შემდეგ ერთი წელი დაამატეს და სულ ოთხ წელიწადს გაგრძელდა. წელს პროგრამა აღარ განხორციელდება, შესაბამისად, მოსახლეობას აგრო და ხვნის ბარათები აღარ დაურიგდებათ, დიდმა ნაწილმა ეს იცის, ვინც არ იცის და გვეკითხება, ვუხსნით“ – ამბობს მერაბ ტაკიძე.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მცხოვრები ნოდარ ართმელაძე აბობს, რომ აგრობარათები სოფლის მოსახლეობისთვის კარგი შეღავათი იყო: რადგანაც მიწას თვითონ ვამუშავებდი, ხვნის ბარათს არ ვიყენებდი ვაბრუნებდით, შემდეგ სანაცვლოდ აგრობარათზე დარიცხული თანხით კი აზოტს ვყიდულობდი, ოჯახისთვის ეს კარგი შეღავათი იყო, ჩვენი მთავარი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა, აზოტის გარეშე მოსავალი არ მოდის, ახლა აზოტი საკუთარი პენსიიდან უნდა ვიყიდო“.

ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლებში მცხოვრები მურმან არობელიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს მიზნობრივი პროგრამიდან მიღებული აგრობარათით აზოტთან ერთად შხამ-ქიმიკატებს ყიდულობდა და ოჯახის მთავარი შემოსავლის წყაროს – კარტოფილის შესაწამლად იყენებდა.

„აგრობარათები დიდი არაფერი იყო, მაგრამ გლეხისთვის ერთი თეთრი დახმარებაც კი მნიშვნელოვანია. გვითხრეს, წელს ბარათები აღარ იქნებაო, წინა წლებში, როგორც მე, ასევე ჩემი მეზობლებიც, ხვნის ბარათს არ ვიყენებდით, მიწას ხარებით ვამუშავებდით, ტრაქტორით მიწას მხოლოდ 10% ამუშავებდა, გასულ წელს კი პირიქით იყო, აგრო ბარათით ერთ ტომარა აზოტს და შხამ-ქიმიკატებს ვყიდულობდი, მთელი წელი მყოფნიდა კარტოფილიოს შესაწამლად“ – ამბობს მურმან არობელიძე.

მცირემიწიან ფერმერთა დახმარების სახელმწიფო პროგრამა 2013 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდა, პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ამავე სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებდა.

მთავრობის მიერ დამტკიცებული ამ პროგრამით გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით აგრობარათით 767 018-მა ფერმერმა ისარგებლა.


ფოტო: მაღალმთიანი აჭარა, სოფელი ღორჯომი. მანანა ქველიაშვილის ფოტო არქივიდან
Exit mobile version