მთავარი,სიახლეები

რა „ცეკვა“ შეასრულა მინისტრმა დავით ბალაძემ ბათუმის ბულვარში [ვიდეო]

27.04.2016 • 2450
რა „ცეკვა“ შეასრულა მინისტრმა დავით ბალაძემ ბათუმის ბულვარში [ვიდეო]

კომპანია “ლიტომმა“ გასულ კვირას ბათუმის ბულვარში ახალდაგებული ფილების აყრა დაიწყო და დაასრულა კიდეც – „ბათუმელების“ ინფორმაციით, ორ სასეირნო ზოლში ფილების დაგების პროცესი მოულოდნელად იმიტომ შეიცვალა, რომ ფილები უხარისხო იყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბულვარში ადვილადტეხად ფილებს აგებდნენ, „ბათუმელებს“ ბულვარში ფილების შეტანისთანავე მოაწოდეს, მაგრამ სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, მისი გამოქვეყნებისგან თავს დღემდე ვიკავებდით.

ის, რომ ბულვარში ორი კვირის წინ დაგებული ფილები ნამდვილად გამოცვალა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ლიტომმა“, ახლახან დაუდასტურეს „ბათუმელებს“. ქობულეთში არსებული ფილების მწარმოებელი კომპანია „ლეგის“ გაყიდვების მენეჯერმა, შალვა კეთილაძემ გვითხრა, რომ გასულ პარასკევს ბულვარში შეტანილი ფილები სწორედ მათგან შეისყიდეს.

მან ასევე თქვა, რომ მანამდე ბულვარში დაგებული ფილები მათ კომპანიას არ ეკუთვნოდა. სხვა დეტალების შესახებ კეთილაძემ იმ მოტივით არ ისაუბრა, რომ „შეთანხმების თანახმად კლიენტთან დადებულ საკონტრაქტო პირობებზე ვერ ისაუბრებს“.

შალვა კეთილაძემ გვირჩია ამ საკითხის გასარკვევად ბულვარის ადმინისტრაციას მივმართოთ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ფილები, რომლებიც „ლიტომმა“ ჯერ დააგო და შემდეგ აყარა, შპს „ბლოკის“ საამქროში იყო წარმოებული. საამქრო ხელვაჩაურში მდებარეობს. 2015 წლის 25 მაისს დაფუძნებული „ბლოკის“ 100% წილის მფლობელი გიორგი ცინცაძეა, დირექტორი კი – დემურ დიასამიძე. ბიზნესში გადასვლამდე დემურ დიასამიძეს აჭარის მთავრობაში ერთ-ერთი საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა – 2015 წლის 20 მაისამდე იგი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.

დემურ დიასამიძეს ახლო ურთიერთობა აქვს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ არჩილ ხაბაძესთან, ხოლო დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძესთან.

ცოტა ხნის წინ დემურ დიასამიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ შპს „ბლოკი“ ეკუთვნის თავისი დის ქმარს, ხოლო გასულ კვირას დაადასტურა, რომ ბულვარისთვის ფილებს ნამდვილად შპს „ბლოკში“ ამზადებდნენ, ოღონდ არა ყველას. კითხვაზე, – რატომ აყარეს თქვენს კომპანიაში ჩამოსხმული ფილები, დემურ დიასამიძემ „ბათუმელებს“ უთხრა: „ვერ გეტყვი, რაღაც პარტია მე პირადად არ მიმიწოდებია, მაგრამ რაღაც მივაწოდე შუალედურ კომპანიას… [ეს შუალედური კომპანია არ არის „ლიტომი“] რომელსაც ტენდერი ჰქონდა მოგებული, იმას მივაწოდე. დანარჩენს ვერ გეტყვი“.

დემურ დიასამიძემ ასევე თქვა, რომ მან მიწოდებულ პროდუქციაზე ანაზღაურება მიიღო. „მე რაც გავყიდე ის, რა თქმა უნდა, ამინაზღაურეს. მე სრულ მოცულობას ვერ მივაწვდიდი, რადგან იმ ვადებში მსგავსი მოცულობის ფილებს ვერ მოვამზადებდი. ჩემთან დაკვეთა როცა მოვიდა, მაშინ ჩამოვასხით, ჩვენგან დაგვიანება არ ყოფილა. როგორც ვიცი, სხვებისგანაც ყიდულობდნენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ დემურ დიასამიძემ, რომელმაც ასევე თქვა, რომ მისთვის უცნობია, გასულ კვირამდე სხვა რომელი კომპანიის ჩამოსხმული ფილები შეჰქონდათ ბულვარში.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა „ლიტომის“ დირექტორის, როსტომ ნაკაშიძის მინდობილმა პირმა გოჩა აბაშიძემ. ბათუმის ბულვართან გაფორმებულ სატენდერო ხელშეკრულებაზე სწორედ ამ უკანასკნელს აქვს ხელი მოწერილი. შესაბამისად, ვერც იმის გარკვევა მოხერხდა, რატომ გადაწყვიტეს „ლიტომში“ ფილები ჩამოესხათ სწორედ მინისტრის მეგობრის მმართველობის ქვეშ არსებულ კომპანიაში [იგულისხმება დავით ბალაძე, რომელიც, ფაქტობრივად, უშუალოდ ზედამხედველობს ბულვარის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს].

გარდა ამისა, პასუხგაუცემელი რჩება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, ექსპერტიზაზე შემოწმებული ფილების ნაცვლად სხვა ფილების დაგება საკუთრივ კომპანიის გადაწყვეტილება იყო, თუ ვინმე სხვისი ჩარევით მოხდა ეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „ლიტომი“ აგებდა არა ექსპერტიზაგავლილ ფილებს, რაც თურქული წარმოების იყო, არამედ სხვა ფილებს. ფილებზე ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია ჩატარებული.

ბულვარის ადმინისტრაციის პრესცენტრში „ბათუმელებს“ არ დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა აღნიშნული სიყალბის გამოვლენის შემდეგ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ლიტომთან“ ხელშეკრულება მოშალა. „სამუშაოებს „ლიტომი“ აგრძელებს“, – აცხადებენ პრესცენტრში.

ბათუმის ბულვარში ახალდაგებული ფილების აყრის პროცესი

ბათუმის ბულვარში ახალდაგებული ფილების აყრის პროცესი

1 მილიონ 253 ათას 159-ლარიანი ტენდერი

სსიპ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 1 მილიონ 253 ათას 159 ლარზე ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებულ კომპანია „ლიტომს“ გასული წლის 26 ნოემბერს გაუფორმა. ხელშეკრულებაში წერია, რომ „დეკორატიული ფილებისა და ბეტონის ბორდიურების მოწყობა 2016 წლის 10 მარტს უნდა დასრულდეს“. ეს შეთანხმება ძალაში მხოლოდ 2016 წლის 10 აპრილის ჩათვლით იყო.

აქედან მოყოლებული კომპანია „ლიტომს“ „ბათუმის ბულვარმა“ 7-ჯერ შეუცვალა ხელშეკრულება – სამუშაოების შეფერხების მიზეზად კომპანია ასახელებს იმ საპროტესტო აქციებსაც, რომელიც ბულვარში მესამე სასეირნო ბილიკის გაუქმების განზრახვას მოჰყვა… ბოლო შეთანხმებით კი, „ლიტომმა“ დეკორატიული ფილები ბულვარში 2016 წლის მაისის ბოლომდე უნდა მოაწყოს.

რატომ აყარა კომპანიამ უკვე დაგებული ფილები, რა გახდა ამის მიზეზი? რა გარანტია არსებობს, რომ ნამდვილად დასრულდება ბულვარში მოსაპირკეთებელი სამუშაოები ტურისტული სეზონის წინ? – სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ახალდანიშნულმა დირექტორმა, ცისკარ გოგიტიძემ სამდღიანი მოლაპარაკების მიუხედავად, საზოგადოებისთვის ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მოწოდება საჭიროდ არ ჩათვალა: მან უარი თქვა ბულვარში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებულ კითხვებზე ეპასუხა.

კითხვებზე პასუხის მისაღებად სათანადო კვალიფიკაციის პირი ვერც აჭარის მთავრობაში გამონახეს – ყოველ შემთხვევაში ეს განმარტება მიიღო „ბათუმელებმა“ მთავრობის პრესცენტრიდან.

ერთადერთი ადამიანი, ვინც ოფიციალური სტრუქტურებიდან „ბათუმელებს“ უპასუხა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე იყო. მინისტრს „ბათუმელები“ მაშინ გადაეყარა ბულვარში, როცა ის გასულ პარასკევს ბულვარში შეტანილ ახალი ფილების გამძლეობას თავისი ფეხით ამოწმებდა და კმაყოფილიც ჩანდა. „ბათუმელების“ კითხვას – „აქ რას აკეთებთ, ბატონო დავით?“ მინისტრმა უპასუხა – „ვცეკვავ~. სხვა კითხვის დასმის შესაძლებლობა „ბათუმელებს“ აღარ მიეცა, რადგან მინისტრი წავიდა.

როგორ გაიმარჯვა ტენდერში „ლიტომმა“

შპს „ლიტომის“ წარმომადგენლობა საქართველოში 2015 წელს, ტენდერში გამარჯვებამდე 45 დღით ადრე, 12 ოქტომბერს დაფუძნებულა. მან 4 კონკურენტ კომპანიას ბულვარის მოსაპირკეთებლად გამოცხადებულ ტენდერში იმით აჯობა, რომ ფილებზე დაბალი ფასი მიუთითა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ორი ალეის ფილებისთვის კომპანია „ლიტომი“ 181 000 ლარის დახარჯვას გეგმავდა.

თუ დემურ დიასამიძის განმარტებით ვიმსჯელებთ, „ლიტომს“ ფილებისთვის გამოყოფილი თანხა უკვე გახარჯული აქვს იმ ფილებში, რომლებიც ბულვარში ჯერ დააგეს და შემდეგ აყარეს. შესაბამისად, კომპანია იძულებულია ახალი ფილები იყიდოს. გარდა ამისა, „ლიტომს“ ბევრად მეტი თანხის გადახდა მოუწევს ქობულეთში წარმოებულ ფილებში, ვიდრე მას სატენდერო ხელშეკრულებაში ჰქონდა მითითებული. და მესამე – სატენდერო ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე „ლიტომს“ მესამე ალეაში კორდი უნდა დაეგო. საპროტესტო აქციების შემდეგ, ხელისუფლებამ კორდი ისევ ფილებით ჩაანაცვლა. შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ჯერ არ ჩანს, აჭარის ხელისუფლება „ლიტომს“ თუნდაც მესამე ალეის ფილების შესასყიდად დაუმატებს თუ არა თანხას.

სწორედ ამიტომ კითხვა – მოესწრება თუ არა ბულვარში მოსაპირკეთებელი სამუშაოები ტურისტულ სეზონამდე, შეიძლება სულ არ აღმოჩნდეს რიტორიკული.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: