სიახლეები

ახალი ბინები ბარაკების ნაცვლად

11.06.2014
ახალი ბინები ბარაკების ნაცვლად

 

ბარაკებში მცხოვრები ოჯახები ბინებს უფასოდ მიიღებენ, დეველოპერს კი მერია პროექტის გაცემისას შეუქმნის განსაკუთებულ პირობებს რაც მას მოგების საშუალებასაც მისცემს.

 

ბათუმის მთავარი არქიტექტორის განმარტებით ამ პროექტის გამო ქალაქში დაწესებული სამშენებლო ნორმები არ დაირღვევა. პროექტის პრეზენტაციას დღეს სასტუმროში „რედისონ ბლუ ბათუმი“ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც დაესწრო.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის ინფორმაციით პროექტი აჭარის მთავრობამ ბათუმის მერიასთან ერთად, ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისთვის შეიმუშავა.

 

„მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება. მოხდება ქალაქის განაშენიანების ხელშეწყობა და ასევე ინვესტიციების მოზიდვა. შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება,“ განაცხადა დავით ბალაძემშეხვედრაზე.

 

დღესვე საქართველოს ბანკსა და აჭარის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ნიკოლოზ ალავიძემ და დავით ბალაძემ მოაწერეს ხელი.

 

პროექტის მიხედვით ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამორტიზებული, უსახური, ბარაკული ტიპის, არადამაკმაყოფილებელი სანიტარული პირობის მქონე სახლების ნაცვლად ახალი სახლები უნდა აშენდეს.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გამოდის საფინანსო ორგანიზაციის წინაშე დაინტერესებული პირის თავდებად, რომელიც  ბათუმის ტერიტორიაზე ბარაკის ტიპის უსახური შენობების ნაცვლად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს განათავსებს.

 

 პროგრამის ფარგლებში თავდებობის თანხა  20 მილიონი  დოლარით განისაზღვრა. დაინტერესებულ მხარესა და საფინანსო ორგანიზაციას შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, საკითხს კომისია განიხილავს.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება იურიდულ პირსა და საფინანსო ორგანიზაციას შორის ფორმდება, შესაბამისად სამთავრობო თავდებობის გამოყენების შემთხვევაში მთავრობა დასრულებულ უძრავ ქონებას უშუალოდ ბანკისგან შეიძენს.

 

შეხვედრას აჭარის  მთავრობის, ბათუმის მერიის, საფინანსო ორგანიზაციების და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.