კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

პროექტი, რომლითაც ძველ ბულვარში ბილიკი უქმდება

15.01.2016 •
პროექტი, რომლითაც ძველ ბულვარში ბილიკი უქმდება

ბათუმის ძველ ბულვარში მიმდინარე სამუშაოების დაწყებაზე ნებართვა აჭარის  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2015 წლის 16 სექტემბერს გასცა. ბულვარის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერში გამარჯვებულ რუსულ კომპანია „ლიტომთან“ [ООО „ЛИТОМ“] 2015 წლის 26 ნოემბერს გააფორმა. კომპანია სამუშაოებს აწარმოებს პროექტით, რომელსაც მხარი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაუჭირა და რომლითაც ძველ ბულვარში სამი სავალი ბილიკიდან [ალეადან] ერთი უქმდება. მის ნაცვლად ბალახის კორდის მოწყობაა გათვალისწინებული.

კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ასევე ბულვარში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე, სავალი ბილიკის გაუქმებაზე მითითებული  არ არის. ასეთი სამუშაოს შესრულება არც ქალაქ ბათუმის მერის შესაბამის წერილშია აღნიშნული, რომელიც ბულვარში შესასრულებელი სამუშაოების პროექტს ეხება.

ბათუმის მერის თანხმობის წერილი ბულვარში სამუშაოების ჩატარებაზე

ბათუმის მერის თანხმობის წერილი ბულვარში სამუშაოების ჩატარებაზე

ზემოაღნიშნულის შესახებ „ბათუმელებმა“ დაწერა. მაშინ აჭარის  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი აცხადებდა, რომ არსებობდა პროექტი, ტარდებოდა  გეგმიური სამუშაოები და ეს ყველაფერი სააგენტოსთან შეთანხმებული იყო.

“ბათუმელებმა” სააგენტოდან პროექტის ელექტრონული ვერსია გამოითხოვა. სააგენტოდან გვაცნობეს, რომ „არ აქვთ ელექტრონული ვერსია და არც A3 სკანერი, რომ პროექტი დაასკანერონ“.

“ბათუმელებმა” სააგენტოს ჩვენს მიერ სხვა წყაროებით მოპოვებული პროექტის დანართი გადაუგზავნა და თხოვა წერილობით დაედასტურებინათ, რომ ამ დანართის [პროექტის] მიხედვით უქმდებოდა  ბულვარში ბილიკი…

პროექტი, რომლის მიხედვითაც სამი პარალელური ბილიკიდან შუა უქმდება და კეთდება გაზონი [აღნიშნულია მწვანე ფერით]

სააგენტოს მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, სააგენტოს დირექტორის სათათბირო ორგანომ – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ, 2015 წლის 31 ივლისის სხდომაზე ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის გაცემის პროექტზე უარი თქვა. ამ სხდომას ესწრებოდნენ: ზაურ ახვლედიანი, შოთა გუჯაბიძე, ტარიელ ტუსკია, ნინო ინაიშვილი და ლაშა ჟღენტი. როგორც სხდომის ოქმშია აღნიშნული, უარის მიზეზი ფილების დიზაინი იყო, რაც უნდა შეცვლილიყო.

„ბათუმის ბულვარმა“ სარეაბილიტაციო სამუშაოების გადამუშავებული პროექტი სააგენტოს ხელახლა წარუდგინა 11 სექტემბერს. ბულვარის მაშინდელი დირექტორის, გიორგი ზირაქაშვილის წერილის მიხედვით, პროექტი ხელახლა დამუშავდა.

გიორგი ზირაქაშვილის წერილი მირანდა ჩარკვიანს

გიორგი ზირაქაშვილის წერილი მირანდა ჩარკვიანს

ალეას გაუქმება და მის ნაცვლად ბალახის გაზონის მოწყობაზე საუბარი არც ამ წერილშია, თუმცა, სააგენტოს მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნულ  წერილს ახლდა პროექტის ორი ვარიანტი და ასევე პროექტის განმარტებითი ბარათი, სადაც ბოლოში აღნიშნულია: „შუა ალეის ადგილას მოეწყობა ბალახის გაზონი“. განმარტებით ბარათში  გაზონთან დაკავშირებით სხვა არაფერი წერია.

პროექტის განმარტებითი ბარათი

პროექტის განმარტებითი ბარათი

სააგენტოს ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ ბულვარში სამუშაოების დაწყების ნებართვის გაცემაზე თანხმობის მიცემის საკითხი 2015 წლის 15 სექტემბერს განიხილა და ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყვეტა. სააგენტოსგან მოწოდებული ოქმის მიხედვით, თანხმობა განაცხადეს ზაურ ახვლედიანმა, თეა ვადაჭკორიამ, ლაშა ჟღენტმა; წინააღმდეგი წავიდა ნინო ინაიშვილი [ოქმის მიხედვით, სხდომაზე საუბარი ბილიკის გაუქმებაზე არ ყოფილა. როგორც ოქმშია აღნიშნული ნინო ინაიშვილი წინააღმდეგი იყო იმ მასალის/გრანიტის გამოყენებაზე, რაც ბულვარში უნდა დაიგოს].

ბულვარში სამუშაოების სანებართვო მოწმობა

ბულვარში სამუშაოების სანებართვო მოწმობა

„- გთხოვთ გვიპასუხოთ, ნიშნავს თუ არა ძველ ბულვარში სავალი ბილიკის გაუქმება ძველი ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტიკურობის დაკარგვას, მისი იერსახის დამახინჯებას [გთხოვთ პასუხი დაგვისაბუთოთ];

– რატომ არის აუცილებელი ძველ ბულვარში ერთი სავალი ბილიკის გაუქმება?“ – ამ ორ კითხვაზე პასუხი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან ვერ მივიღეთ.

სატენდერო დოკუმენტაციის თავსართი [ამ დოკუმენტაციის საფუძველზე ბულვარში ერთ-ერთი ბილიკის ნაცვლად ბალახის გაზონი კეთდება]

სატენდერო დოკუმენტაციის თავსართი [ამ დოკუმენტაციის საფუძველზე ბულვარში ერთ-ერთი ბილიკის ნაცვლად ბალახის გაზონი კეთდება]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: