მთავარი,სიახლეები

დედის ჩვენება შვილის წინააღმდეგ

22.11.2016 • 1737
დედის ჩვენება შვილის წინააღმდეგ

„ვუთხარი, რომ მეტის მოთმენა აღარ შემეძელო, წადი სახლიდან-მეთქი… გინება დამიწყო. მერე ყელში მწვდა, დახრჩობას მიპირებდა,” – ეს ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ეპიზოდია, რასაც ირინა მ. მოსამართლე ირაკლი შავაძეს მოუყვა. ბათუმის საქალაქო სასამართლო განაგრძობს მინდია ქ.-ს საქმის განხილვას. მას ოჯახში მრავალგზის ძალადობის გარდა, საბრძოლო მასალის შენახვას და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, მინდიამ რამდენჯერმე იძალადა საკუთარ დედასა და ბებიაზე. მოსამართლე დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ისმენდა დედის ჩვენებას. ბებია სასამართლოს ფოიეში ელოდებოდა მოწმის სახით დაბარებას, თუმცა სასამართლოს მის მოსასმენად დრო არ ეყო.

განსაკუთრებით ემოციური დაკითხვის ის მონაკვეთი იყო, როცა მოწმის სახით სასამართლოში გამოცხადებულ დედას კითხვები სასამართლო დარბაზის გისოსებიანი კუთხიდან შვილმა დაუსვა. მანამდე დედამ პროკურორის კითხვებს უპასუხა და ძალადობის შემთხვევები გაიხსენა:

„იმ დღეს სამსახურში მეზობლებმა დამირეკეს, სასწრაფოდ მოდიო. სირბილით მივედი სახლში. დედაჩემი იწვა და მეზობელი კოვზით უხსნიდა პირს, რძალიც ნაცემი იყო…მერე მომიყვა დედაჩემი, როგორ წვდა თურმე თმებში და კედელზე არტყმევინა თავი,” – ირინა მ.-ს თქმით, ის ძალადობის ამ შემთხვევას უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ პირველად შეესწრო. თქვა, რომ ბოლო 16 წელია საბერძნეთში მუშაობდა და ოჯახს არჩენდა. საქართველოში კი მას შემდეგ დაბრუნდა, როცა შვილის ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების ამბავი შეიტყო. ირინა მ. ამჟამად ქალაქში ერთ-ერთი სუპერმარკეტის მენეჯერია.

„უცხო ქვეყანაში იმიტომ წავედი, რომ შვილები მერჩინა. ერთი დღე არ უმუშავია ჩემს შვილს… ხშირად „სკაიპით“ ვესაუბრებოდი შვილს და რძალს, დედაჩემსაც. ხანდახან მეტყოდა დედაჩემი, უაზროდ გვიყვირის მინდიაო. მერე მეზობელმა მომწერა, ჩამოდი, თორემ კუბოს გაიტანენ შენი ოჯახიდანო, ცოლს ნაჯახით დასდევს შენი ბიჭიო. თურმე ნარკოტიკს იღებდა ჩემი შვილი, მერე მეტადონზე დაჯდა და არაყის სმა დაიწყო. დღეში დაახლოებით ორ ლიტრ არაყს სვამდა… ჩამოვედი. მინდია საერთოდ არაფერს ჭამდა. მარტო რაღაც აბებს ყლაპავდა და სვამდა. ხან ნარკოლოგიურში მივიყვანე, მერე ხონშიც წავედით, თბილისში რამდენჯერ ვიყავით, მაგრამ არაფერი გამოვიდა, როგორც კი დალევდა, მაშინვე ჭკუას კარგავდა. ჩემს რძალს ცხვირი უკვე გამრუდებული აქვს, იმდენჯერ სცემა. ბოლოს აბაზანაში ჩააგდო და ფეხებით შედგა… რამდენჯერმე ბებიას აგინა, მერე ჩემზე გადმოვიდა. მეც დამიწყო ცემა. პოლიცია მოვიდოდა, რამდენიმე დღით დააპატიმრებდნენ, მერე ისევ უკან უშვებდნენ. ბოლოს სასამართლომ რომ შეუფარდა პატიმრობა, ამოვისუნთქე, მაგრამ ისევ გამოვიდა….”

ირინა მ.-მ, მოსამართლე ირაკლი შავაძეს ოჯახში ძალადობაში ბრალდებული მინდია ქ. წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლება შეახსენა. მიმდინარე წლის ივლისში ირაკლი შავაძემ მინდია ქ.-ს მხოლოდ 3-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. მაშინ ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ ის 10 ათას ლარიანი გირაოს გადახდას ვერ ახერხებდა, რადგან უმუშევარი იყო. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მინდია ქ-ს ცოლის დედ-მამასთან უნდა ეცხოვრა.  

„გამიკვირდა, ასე როგორ მოიქცა მოსამართლე-მეთქი. საიაში მივედი და იქ ვითხოვე დახმარება, იქედან მოვდიოდი სახლისკენ და ვიღაც მომახტა უკნიდან. თურმე ჩემი შვილი იყო. რას აკეთებ, მოგკლავ იცოდეო… ოჯახში შემოსვლის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მაინც შემოვიდა. რძალი იჯდა და ტიროდა, არსადაც არ წამოგყვებიო. ბავშვი ეფარებოდა დედას… თურმე სამსახურშიც მიაკითხა ცოლს და დასალევის ფული მოსთხოვა. გადი გარეთ-მეთქი, ვუთხარი და როგორც იქნა, წავიდა. მერე სადარბაზოში დამხვდა და მხარზე ისე მიკბინა, ხორცი კინაღამ ამომგლიჯა. ეს ამბავი აქამდე არ მითქვამს გამომძიებლებისთვის… უკვე იმდენი იყო, აღარ ვიცი, რომელი მოვყვე… მაგ დღეს თავისით მდინარეზე წაუყვანია ბავშვი. ყოველ ნახევარ საათში ვურეკავდი, ბავშვს დამალაპარაკე-მეთქი. როცა დაბრუდნენ, ვუთხარი, რომ შემოსვლის უფლება არ ჰქონდა და სახლის დატოვება მოვთხოვე. მაგ დროს მცემა სადარბაზოში…”

ამ შემთხვევის შემდეგ მინდია ქ.-ს ისევ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

„თვალებში შემომხედე, რელიგიური ფიცი გაქვს დადებული,” – აგრესიულად მიმართა ბრალდებულმა დედას. მისი გაჩუმება მოსამართლემ ჩაქუჩის რამდენჯერმე ჩამოკვრის შემდეგ შეძლო. ბრალდების მხარის მოთხოვნის შესაბამისად, ირინა მ.-მ სასამართლოს საბრძოლო მასალის ამოღების ამბავიც მოუყვა:

„მინდიას კარადაში ვნახე უცნაური ნივთი. ვერ გავიგე, რა იყო… შემეშინდა, რადგან მინდია სულ იმუქრებოდა, ნახეთ რას გიზამთო. პოლიციაში დავრეკე. მოვიდნენ, ამოიღეს ტყვიები, ფოტოები გადაუღეს და მასალა წაიღეს…”.

მოწმემ ადვოკატის კითხვებსაც უპასუხა, რითაც გაირკვა, რომ მინდიას კარადით მხოლოდ მინდია არ სარგებლობდა. ასევე ის, რომ ექსპერტისთვის ძალადობის ყველა შემთხვევაში დაზარალებულებს არ მიუმართავთ: “ერთხელ წაგვიყვანეს პოლიციელებმა და გავედით ექპსერტიზაზე.  იმ დღეს მსუბუქად ვიყავი დაშავებული. მარტო ის დაფიქსირდა, რომ თითის ანაბეჭდები მაჩნდა კისერში შავ ლაქებად”.

ბრალდებულმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ის ირინა მ.-ს დედად არ აღიარებს.

მოსამართლე ირაკლი შავაძემ სხდომა გადადო. მიზეზად დროის ამოწურვა დაასახელა. გასვლამდე ბრალდებულმა პროკურორთან ითხოვა შეხვედრა, რაზეც პროკურორმა  უთხრა:  „თქვენთან შეხვედრას არ ვაპირებ”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: