კვირის ამბები

შვიდ მილიონიანი ინვესტიციის პირობით

26.08.2014
შვიდ მილიონიანი ინვესტიციის პირობით

 

ლევან ხიმშიაშვილი
ლევან ხიმშიაშვილი

 

„მეგა პალასის“  50%-იანი წილის მფლობელის, ბიზნესმენ ლევან ხიმშიაშვილის შეფასებით, დღეს ბიზნესმენისთვის მუშაობა უფრო მარტივია, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს, რადგან ბიზნესი წნეხისგან თავისუფალია: „ადრე იყო ხისტი დამოკიდებულება ბიზნესმენების მიმართ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ არჩილ ხაბაძის მეგობარი ვარ“, _ უთხრა ლევან ხიმშიაშვილმა „ბათუმელებს“. 

 

 

ლევან ხიმშიაშვილის თქმით, მას არჩილ ხაბაძესთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა:

„რაში გამოიხატება ამ შემთხვევაში მეგობრობა? – არ უარვყოფ, რომ ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ნაცნობობა, მაგრამ ამ ურთიერთობას ვერ მივცემ იმ დატვირთვას, რომ ვთქვა მეგობარია-მეთქი. ბატონი არჩილი ქართუ ბანკის მენეჯერი იყო, როცა მე ამ ბანკიდან სესხი მქონდა. აქედან გამომდინარე, როგორც კლიენტს და მენეჯერს კარგი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. ნეტა იქნებოდეს კარგი მეგობარი, ეს დიდი პატივი იქნება ჩემთვის“.

 

ლევან ხიმშიაშვილის მტკიცებით, განმეორებით აუქციონში გამარჯვებაზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია მის „დიდი ხნის ნაცნობობას არჩილ ხაბაძესთან“:

 

„მიკვირს, როცა მეგობრობაზე საუბრობენ, რადგან მიწის ნაკვეთი, რომელიც ჩვენ შევისყიდეთ, ელექტრონული აუქციონით გაიყიდა. შეეძლო ვიღაცას ამერიკიდან ან თურქეთიდანაც კი ეყიდა. ან ვინმეს, ნებისმიერს. ეს იყო თავისუფალი ვაჭრობა და სამი-ოთხი თვე იდო ინფორმაცია აუქციონის შესახებ. გარდა ამისა, ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება ავიღეთ. აქ რაში გამოიხატა მეგობრობა, გაუგებარია ჩემთვის.“

 

კომპანია  „მეგა პალასი“ აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე, 29 იანვარს დარეგისტრირდა და განმეორებით აუქციონში გაიმარჯვა. აჭარის  მთავრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულების თანახმად შპს „მეგა პალასმა“ 2 მილიონნახევარი დოლარის ინვესტიციის განხორციელებისა და 70-ნომრიანი სასტუმროს აშენების ვალდებულება აიღო, თუმცა კომპანია 28-სართულიან სასტუმროში 105 ნომრის განთავსებას გეგმავს. მათ შორის ათ სართულზე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი განთავსდება. პროექტის მიხედვით, შენობის პირველ სართულზე იგეგმება რესტორნისა და კაზინოს გახსნა.

 

 

საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში მშენებლობის ნებართვა აიღოს, ხოლო მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 2 თვეში მინიმუმ 70 ნომერზე გათვლილი სასტუმროს მშენებლობა დაიწყოს. პირობების მიხედვით, ინვესტორმა სასტუმროს მშენებლობა მისი დაწყებიდან 36 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

 

ასევე აუქციონის პირობების მიხედვით, სასტუმროს მშენებლობაში ინვესტორმა, მინიმუმ 2,5 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

 

ინვესტორი ვალდებულია ასევე, სასტუმროს ამოქმედებიდან 10 წლის ვადაში ობიექტს პროფილი შეუნარჩუნოს, სადაც დასაქმებულთა 90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.

ლევან ხიმშიაშვილის თქმით, ის ვალდებულებები, რომლებიც კომპანიას ამ დრომდე უნდა შეესრულებინა, შესრულებულია:

 

„მზად გვაქვს მშენებლობის პროექტი და ნებართვაც მივიღეთ. უახლოეს დღეებში ჩვენ ოცამდე პირს დავასაქმებთ მშენებლობაზე.“

 

რაც შეეხება ინვესტიციას, ინვესტორის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ 2 მილიონ-ნახევარი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს, ის  აპირებს მისი ოდენობა შვიდ ან რვა მილიონამდე გაზარდოს.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „მეგა პალასი“ 2014 წელს დაფუძნებული კომპანიაა. კომპანიის 50-50% წილის მფლობელები ბიზნესმენები ლევან ხიმშიაშვილი და ჯუმბერ ზოიძე არიან. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.