ფემინისტური ჯგუფები რუსთაველის უნივერსიტეტს, სახალხო დამცველს და პროკურატურას მიმართავენ

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი, ქალთა მოძრაობა, კავშირი “ქალების ინიციატივა თანასწორობისთვის”. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (ვისგი), პლატფორმა „ქალები საქართველოდან“, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები, „ქალთა მზერა“, აუდიტორია 115 და „უხილავი შრომა“ მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, სახალხო დამცველს,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს, აჭარის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს, შეისწავლონ batumelebi.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში – სტუდენტი სექსუალურ ძალადობაში პროფესორს ადანაშაულებ – მოყვანილი ფაქტები. 

„ჩვენ, ფემინისტები, ფემინისტური ჯგუფები და ორგანიზაციები ვეხმაურებითგაზეთ ‘ბათუმელების’ სტატიაში გაშუქებულ ამბავს, სადაც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა პროფესორი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ის ფაქტი, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალი ალაპარაკდა, მოძალადეს უჩივლა და საქმის დეტალები მედიის საშუალებით გაასაჯაროვა, გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ამ საქმის მიჩუმათება და ყურადღების მიღმა დატოვება ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა.  ვთვლით, რომ მედიაში ამ ამბის გაშუქების შემდეგ გამეფებული სიჩუმე სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ მორიგ ქალზე სექსუალური ძალადობის ფაქტი არ იქნა სერიოზულად აღქმული.“ – აღნიშნულია განცხადებაში. 

სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულზე გამოძიება აჭარის პროკურატურამ 2017 წლის 3 იანვარს დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალური კონტაქტის იძულებას. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

„გამომდინარე იქიდან, რომ ცალსახად იკვეთება მსხვერპლის დადანაშაულების მცდელობები, ასევე, დანაშაულის დაფარვისა და მისი გახმაურებისათვის ხელშეშლის ფაქტები, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა უწყებებმა მიუკერძოებლად, დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით უზრუნველყონ საქმის ობიექტური გამოძიება და ქმედებისათვის საბოლოო კვალიფიკაციის მისადაგება.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა დაპროკურატურას – ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულყოფილად შეისწავლოს ზემოაღნიშნულ საქმეში სქესობრივი კავშირის იძულების შესაძლო ფაქტი.

მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს – შეისწავლოს ზემოთხსენებული საქმე და მოახდინოს დანაშაულის გამოძების პროცესში სამართალდამცავი უწყებების მოქმედებების მონიტორინგი. ამასთან, საქმეში უკვე არსებულ მასალებზე დაყრდობით მოამზადოს დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაციით მიმართოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს შესაბამისი რეაგირების განხორციელებისათვის.

 მივმართავთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს დამოვითხოვთ – დადგეს პატრიარქალურ ღირებულებეზე მაღლა, და ოფიციალური გამოძიების გარდა, უზრუნველყოს აღნიშნული საქმის შესწავლა, განახორციელოს პროფესორის შესახებ მოკვლევა და მისი ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაში, განახორციელოს მისთვის ადეკვატური დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრება, მათ შორის დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლება.“ – აღნიშნულია განცხადებაში. 

ფემინისტური ჯგუფები ასევე მიმართავენ საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას, შეიმუშაონ სექსუალური შევიწროების/ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის მექანიზმები და დანერგონ დამოუკიდებელი  მონიტორინგის პრაქტიკა, უზრუნველყონ ამ მექანიზმების შესახებ პროფესორების, ადმინისტრაციისა და სტუდენტების სისტემური ინფორმირება და მიიღონ ყველა ზომა სტუდენტებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შესაქმნელად.

__________________________________________________________

ამავე თემაზე: 

სტუდენტი სექსუალურ ძალადობაში პროფესორს ადანაშაულებს 

სექსუალური შევიწროება – დანაშაული, რომელსაც დუმილით პასუხობენ

 

დეპრესია – ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემა

დღეს, 7 აპრილს, 15:00 საათზე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, საქართველოს კუნგ-ფუსა და კარატეს ასოციაციასთან ერთად, 6 მაისის პარკში გამართავს ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სპორტულ ღონისძიებას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს თემას, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური პრობლემაა და ყურადღებას ამახვილებს მისი გადაჭრის გზებზე. წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა დეპრესია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დეპრესია გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, რომელიც ეხება ნებისმიერი ასაკის თუ სოციალური მდგომარეობის ადამიანს. იგი იწვევს ფსიქიკურ პრობლემებს და ზემოქმედებს ადამიანის ყოველდღიური საქმიანობის შესრულების უნარზე;

  • მსოფლიოში, ყველა ასაკობრივი ჯგუფის 300 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება ამ მდგომარეობით
  • დეპრესია უნარშეზღუდულობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია
  • ქალები, კაცებთან შედარებით, მეტად იტანჯებიან დეპრესიით
  • დეპრესია თვითმკვლელობის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია
  • იგი სიკვდილობის  მეორე წამყვანი მიზეზია 15-29 წლის ასაკში.

მარტივი აერობიკა, გიმნასტიკა, იოგა და სეირნობა დეპრესიის პერევენციის ერთ-ერთი საშუალებაა – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში – დეპრესიის, მისი პრევენციისა და მკურნალობის შესახებ ინფორმირებულობის ზრდა ხელს შეუწყობს ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული სტიგმის შემცირებას, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს  სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების გაზრდას.

ღონისძიების  მხარდამჭერები არიან: აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 6 მაისის პარკის დირექცია.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა უკავშირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს – 7 აპრილი, 1948 წელი.


როგორ ამოვიცნოთ დეპრესია

დეპრესია – ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემა

 

 

 

პატიმრობა 5-დან 7 წლამდე – „ბორჯომისა“ და „ლიკანის“ ფალსიფიკატორი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქართული მინერალური წყლების -„ლიკანისა“ და „ბორჯომის“ ფალსიფიცირების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს ერთი მოქალაქე.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს საცხოვრებელი სახლის სარდაფში კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი სასმელების ჩამოსასხმელი დანადგარები და შემდგომი რეალიზაციის მიზნით სისტემატურად ახდენდა ქართული მინერალური წყლების -„ბორჯომისა“ და „ლიკანის“ ფალსიფიკაციას. საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია კუსტარული დანადგარები და დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული მინერალური წყალი. ექსპერტიზის დასკვნით, რეალიზაციისთვის განკუთვნილი  პროდუქცია დამზადებულია არასათანადო სანიტარულ პირობებში და ის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,“ – აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.

აჭარაში შუქის გათიშვის გრაფიკით ენერგოომბუდსმენი დაინტერესდება

რამდენიმე დღეა, რაც აჭარის მაღალმთიან სოფლებში შუქი მოსახლეობას დღის საათებში არ მიეწოდება. შუქი არ მიეწოდება საჯარო სკოლებს, ასევე საბავშვო ბაღებს, სადაც ხორცსა და სხვა მალფუჭებად პროდუქტებს მაცივარში ინახავენ. ენერგოკომპანია „ენერგო პრო-ჯორჯია“ შუქის გათიშვასთან დაკავშირებით აბონენტებს სრულყოფილ ინფორმაციას არ აწვდის და შეტყობინებას შუქის გამორთვასთან დაკავშირებით მაშინ უგზავნის აბონენტებს, როდესაც შუქი უკვე რამდენიმე საათის გამორთულია. ამასთან, შუქი დაანონსებულ დროზე რამდენიმე საათით გვიან ირთვება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ენერგოომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში, ბექა სიორდია მბობს, რომ ამ ინფორმაციას არ ფლობდა და პრობლემის მოსაგვარებლად კომპანიას დაუკავშირდება: „ამ პრობლემებით აჭარის მთიანეთიდან ჩემთვის არავის მოუმართავს. თუ შუქის მიწოდება სცდება დაანონსებულ გრაფიკს, ჩვენ დავუკავშირდებით ენერგოკომპანიას; გავიგებთ, თუ რატომ არ ხდება შუქის მოწოდება დაანონსებულ დროს და მოგაწვდით ინფორმაციას მომხმარებლებსაც“.

ბექა სიორდიას თქმით, მოსახლეობამ მიმართა ქობულეთიდან, ციხისძირიდან, მაგრამ „ეს გეგმიური გათიშვები არ იყო. მას შემდეგ რაც კომპანიას მივმართეთ, პრობლემა აღმოიფხვრა. აბონენტები შუქის გათიშვასთან დაკაშირებით მანამდე უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, ვიდრე შუქი გაითიშება. იმ შეთხვევაში, თუ შუქის მასიური გათიშვის გამო ვინმე დაზარალდა, ზარალის ასანაზღაურებლად შეუძლია მიმართოს ენერგოკომპანიას“.

კითხაზე, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მოსახლეობას, მას შემდეგ, რაც აღნიშნული პრობლემით ენერგოომბუდსმენის სამსახური უკვე ინფორმირებულია? – ბექა სიორდია პასუხობს: „ხვალიდან ვითარება აუცილებლად გაუმჯობესდება, დავუკავშირდები კომპანიას და გავიგებ, რატომ ირღვევა დაანონსებული ვადები“.

მიუხედავად „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლის განცხადებისა, რომ შუქის გათიშვა სოფელში სამდღიან გრაფიკს არ გასცდებოდა, აჭარის რიგ სოფლებში შუქი ზედიზედ 10 დღეზე მეტია ითიშება.

„ენერგო პრო-ჯორჯიას“ აჭარისა და გურიის სადისპეტჩერო განყოფილების უფროსმა, ჰაიდარ ფარტენაძემ რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით აჭარის მთიანეთში ელექტროენერგიის მიწოდებაში შეზღუდვები აპრილის თვის ბოლომდე გაგრძელდება. მისივე თქმით, დაანონსებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას აბონენტები sms-ით მიიღებენ, ხოლო სოფლებში ეტაპობრივად, სამდღიანი გრაფიკით, დღისით შეწყდებოდა შუქის მიწოდება.


რით ეხმარება ენერგოომბუდსმენი მომხმარებლებს

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის 20-მილიონიანი პროექტი

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, დაახლოებით 65 ათას კვადრატულ მეტრზე ახალი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპლექსში უნდა განთავსდეს სპორტული მოედანი, რამდენიმე საერთო საცხოვრებელი, სასწავლო კორპუსი, საუნივერსიტეტო სკოლა და საბავშვო ბაღი. პროექტის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ლარია, თუმცა უნივერსიტეტს მიმდინარე წელს მხოლოდ საერთო საცხოვრებლის და გარკვეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქვს დაგეგმილი.

უნივერსიტეტის კანცლერის, ჯემალ ანანიძის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებლის მშენებლობისთვის 3 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც უნივერსიტეტმა, მწვანე კონცხზე არსებული აგრარული ფაკულტეტის სასწავლო კორპუსის და საერთო საცხოვრებლის გასხვისებით, კერძო კომპანიისგან მიიღო.

„ჩვენ ამ დღეებში დავამუშავეთ საპროექტო დოკუმენტაცია და კონკურსის გამოცხადებას ვაპირებთ, რომელიც ლეონიძის ქუჩაზე არსებული ფართობის  საპროექტო განაშენიანებას ეხება. პროექტი ივნისში უნდა იყოს დასრულებული და  წელსვე დავიწყებთ საერთო საცხოვრებლის მშენებლობას.  მშენებლობის ღირებულება  განსაზღვრული იქნება  კონკურსის შემდეგ,“- გვეუბნება ჯემალ ანანიძე.

მისივე ინფორმაციით, რადგან მთლიანი კომპლექსის აშენებას სოლიდური თანხა  სჭირდება, ფინანსებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ეტაპობრივად მოიძიებს.

რაც შეეხება აგრარულ ფაკულტეტს, რომელიც მწვანე კონცხის სასწავლო კორპუსში იყო განთავსებული, შენობის გასხვისების შემდეგ, თამარის დასახლებაში არსებულ კვლევითი ინსტიტუტის შენობაში განთავსდა.  ახალი კომპლექსის აშენებამდე ფაკულტეტი ინსტიტუტის შენობაში დარჩება.

„იქ ეწყობა ინფრასტრუტურა, სასათბურე მეურნეობასაც ვაკეთებთ და ახალ ფართობში კომპლექსის დასრულების შემდეგ გადმოვლენ. უნივერსიტეტი ასევე გადაწყვეტს ახალ ფართობში  სწავლების კიდევ რა მიმართულებები დანერგოს. შეიძლება თავი მოვუყაროთ  პროფესიული სწავლების მიმართულებებს, რომლებიც ამაჟამად სხვადასხვა ობიექტშია გაფანტული“.

ჯემალ ანანიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსის მშენებლობა ქობულეთშიც იგეგმება.

„ნაწილი თანხისა გვაქვს, ნაწილის მოძიებაზე კი მთავრობასთან გვექნება მოლაპარაკება,  როგორც კი რეალური, კონკრეტული პროექტები გაჩნდება, თანხაც იმის მიხედვით გამოიყოფა,“-ამბობს ანანიძე.

მისივე ინფორმაციით, ქობულეთში საერთო საცხოვრებელი 2000 კმ.მეტრზე განთავსდება, სასწავლო კორპუსი კი – 800 კვ.მეტრზე.

მშენებლობისთვის დაახლოებით 700 ათასი ლარი იქნება საჭირო.

 

პატიმარი ბათუმის ციხიდან აცხადებს, რომ მას უკანონოდ უთვალთვალებენ და მინისტრს მიმართავს

ბათუმის მე-3 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმარი ლეონიდე მ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს სთხოვს, მის საკანში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღონ. „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში პატიმარი მიუთითებს, რომ მას უკანონოდ უთვალთვალებენ.

„2017 წლის 31 მარტის დაახლოებით 19:00 საათიდან ვიმყოფები #110 საკანში, სადაც მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა მოხდეს ელექტრონულ-ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობა. კერძოდ, ის უნდა მიმდინარეობდეს პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად. ჩემზე კი ელსაშუალებით კონტროლი მიმდინარეობს უკანონოდ. კერძოდ, არ შედგენილა პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ოქმები, სადაც მითითებული უნდა იყოს, რა სახის ელ.საშუალებებით და რა მიზნით ხორციელდება ჩემზე თვალთვალი. ასევე არ არის დირექტორის ბრძანება“.

ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ასევე თავისი სიმართლის დასამტკიცებლად პატიმარი ითხოვს შეინახონ მის საკანში განთავსებული ვიდეო სათავლთავლო კამერის ჩანაწერები 31 მარტიდან იმ დრომდე, რა პერიოდშიც მას უთვალთვალებენ. პატიმარი ასევე ითხოვს დერეფანში განთავსებული კამერის ჩანაწერის ამოღებასაც. „მივმართავ სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრს, შეინახოს ზემომოთხოვნილი ჩანაწერები, რათა დამტკიცდეს ჩემ მიმართ განხორციელებული უკანონობა და მე შევძლო ჩემი უფლებების დაცვა სხვადასხვა ორგანოსა თუ სასამართლოში. ამ ჩანაწერის შენახვა აუცილებელია, ვინაიდან როგორც არაერთხელ მომხდარა, შედგება ცრუ ოქმები და ბრძანებები“, – წერს ლეონიდე მ.

პატიმარი თხოვნით  მიმართავს საქართველოს ომბუდსმენს და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორსაც. პატიმარი ასევე მიმართავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] თავმჯდომარეს. ის ანა ნაცვლიშვილს სთხოვს, საიამ გაუწიოს მას იურიდიული კონსულტაციები.

საპატიმრო დაწესებულებიდან წერილის გამოგზავნის თარიღად მითითებულია 4 აპრილი. „ბათუმელები“ დაუკავშირდა სასჯელაღსრულების სამინისტროს და იკითხა, აპირებეს თუ არა უწყება პატიმარ ლეონიდე მ-ს მიერ განცხადებაში მითითებული მოთხოვნის – კერძოდ, სათვალთვალო კამერის ჩანაწერების ამოღებასა და შენახვას? ამასთან დაკავშირებით სამინისტროდან წერილობით გვაცნობეს:

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციური დაწესებულება განსაკუთრებული რისკის დაწესებულების ტიპს მიეკუთვნება, რომელშიც საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულები იხდიან სასჯელს. კანონის შესაბამისად,  საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულზე მიმდინარეობს ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა.  ელექტრონული საშუალებებით  მეთვალყურეობის საკითხი „პატიმრობის კოდექსის“ 54-ე მუხლისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით რეგულირდება. ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის შემთხვევაში, დგება შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელშიც მეთვალყურეობის მიზანი და საფუძველია მითითებული. თუ მსჯავრდებული არ ეთანხმება მას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ღონისძიებით ილახება მისი უფლებები, შეუძლია სამართლებრივი აქტი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს. მეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადები და დაარქივების საფუძველი განსაზღვრულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით. გადაღებული მასალა ინახება არანაკლებ 120 საათისა. დაარქივება კი, ამავე ბრძანებით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ხდება“.

რაც შეეხება კონკრეტულად მსჯავრდებულ ლ.მ-ს, მასზე ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა კანონის თანახმად მიმდინარეობს, რაზეც შედგენილია შესაბამისი სამართლებრივი აქტი. მასალის დაარქივება მოხდება „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის“ შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში.

სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად ბულვარი აუქციონებს აცხადებს

დღეს, 6 აპრილს, 17:00 საათიდან „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად ელექტრონული აუქციონების გამოცხადებას იწყებს. აუქციონში გამარჯვებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს საშუალება მიეცემათ საკურორტო სეზონზე ზღვისპირა ბულვარში სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ.

ელექტრონული აუქციონი გამოცხადდება შემდეგ კატეგორიებზე:

ბატი-ბუტის აპარატი (ელექტრო), სუვენირების დახლი, გასართობი აპარატი, გასართობი ატრაქციონები, სასეირნო ველოსიპედი (რიგშა), სანაყინე ჯიხურები, ელექტრომობილი, ჩამოსასხმელი ლუდის კუთხე, სანაყინე კუთხე, საბავშო გასართობი კუთხე, ყავის კუთხე, ექსტრემალური პარკი, ბამბის ნაყინი, ტირი, ფოტოჯიხური, სათვალის დახლი, სასწორი, სამასაჟო კუთხე პლაჟზე, საინფორმაციო დახლი, ბურახის კასრი, ბატუტი (რკინის კონსტრუქციის), ბატუტი (გასაბერი), ლიტერატურული კუთხე, სეგვეი, გიროსკუტერი და სასეორნო გორგოლაჭები, ჩოგბურთის ან ბილიარდის მაგიდა, საპლაჟო ინფრასტრუქტურა, კვების ობიექტი, სკუტერები და წყლის გასართობი საშუალებების ბაზირება, ქართული პროდუქციის კუთხე, სასეირნო საბავშვო მანქანები, 3-5-7-9დ აპარატები, ფრეშისა და ნატურალური უალკოჰოლო სასმელების კუთხე, ყვავილების სტენდი და საპირფარეშო.

ბულვარის ადმინისტრაცია ასევე მზად არის განიხილოს ყველა საინტერესო ახალი შეთავაზება თუ პროექტი, რომელიც ადმინისტრაციაში იქნება წარდგენილი.

აუქციონში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონული აუქციონის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.eauction.ge.

 

შეზღუდვები აჭარის ენერგომომარაგებაში

ენერგო პროს ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალ, 7 აპრილს აჭარაში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, კერძოდ:

11:00-დან 18 საათამდე  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ბათუმში გორგილაძისა და მახარაძის ქუჩების კვეთაში მცხოვრებ 600-მდე აბონენტს.

ასევე 1:00-დან 15:00 საათამდე ლექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1172 აბონენტს შემდეგ დასახლებებში: მეჯინისწყალი, თოდოგაური, ინჯალო და მიმდებარე სოფლებში.

ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 500-მდე ადამიანი დაჯარიმდა – დღის სტატისტიკა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 490 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 389 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთის, 1  დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 1 – ორმაგი პარკირების გამო, 54 –  იშანში დგომისთვის, 24 – ტროტუარზე დგომისთვის, 1 – ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო, 17 დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 3 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

 

დღეს ბათუმში ველომარათონი ტარდება

დღეს, 17:00 საათზე, ბათუმის ახალ ბულვარში ველომარათონი იწყება. მარათონი სტარტს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს, ფინიში კი საოცრებათა პარკში იქნება.

ველომარათონში მონაწილეობა ბათუმის სპორტული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მარათონში გამარჯვებულ ქალს, კაცს, ყველაზე უხუცესსა და ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეს გადაეცემა სპორტული მაღაზიის ვაუჩერები, კერძოდ:

პირველი ადგილი – 900-ლარიანი ვაუჩერი (ქალი, კაცი);
მეორე ადგილი – 600-ლარიანი ვაუჩერი (ქალი, კაცი);
მესამე ადგილი – 300-ლარიანი ვაუჩერი (ქალი, კაცი);
მარათონის უხუცესი და  ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულები კი 200-200-ლარიანი ვაუჩერებით დაჯილდოვდებიან.

 

აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა

10-დან 29 აპრილამდე პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა. ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ 18 წელს მიღწეულ იმ პირებს, რომლებიც არ ფლობენ პირადობის მოწმობას და პირველად იღებენ მას.

აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 485 876-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 376 142 მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სამოქალაქო რეესტრის ბაზებში 2 862 018 მილიონზე მეტი ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მიზანი ზუსტი საარჩევნო სიის ფორმირებაა. მათივე ცნობით, იუსტიციის სამინისტრომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ ტიპის 24 აქცია გამოაცხადა, რის შედეგადაც 1 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ ან შეღავათიანი ფასით მიიღო.

დასუფთავების აქცია ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის დაბაში დღეს, 6 აპრილს, დასუფთავების აქცია მოეწყო. რუსთაველის ქუჩაზე არსებული „გამარჯვების პარკი“ და მიმდებარე ტერიტორია ქედის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურისა და ქედის კომუნალური სერვისის თანამშრომლებმა ახალგაზრდებთან ერთად დაასუფთავეს.

დასუფთავების აქცია დაბიდან დილის 10 საათზე დაიწყო და ქედის ყველაზე შორ სოფელში – ხარაულაში გაგრძელდება, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის კონტეინერები განთავსდება და სოფელში არსებული უკანონო ნაგავსაყრელი გაიწმინდება.

დასუფთავების კვირეულის ფარგლებში ქედის სოფლებში მოსახლეობას ცნობიერების ამაღლების მიზნით სპეციალურად დამზადებული ფლაერები დაურიგდება.

აქცია ქედის სოფლებში, ქედის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფიო ხაბაზის ორგანიზებითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „შავი ზღვის ეკო აკადემიის“ პარტნიორობით ხორციელდება.

აქციის ფარგლებში ახალგაზრდებმა დაბა ქედაში, პარკში არსებული სანაგვე კონტეინერები მოხატეს.

აქცია ქედაში / 6.04.2017 / ოთარ ცინარიძის ფოტოები
აქცია ქედაში / 6.04.2017 /. ოთარ ცინარიძის ფოტოები.

 

საქველმოქმედო აქცია უმწეოთათვის პასკებისა და კვერცხების შესაძენად

9 აპრილს, 14:00 საათზე, ქობულეთის მუზეუმის ფოიეში  ასოციაცია “ღირსეული სიბერე” ხელნაკეთი ნივთების წინასააღდგომო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას გამართავს.

გამოფენაზე გაიყიდება ქალთა კლუბის ბენეფიციარების შექმნილი სააღდგომო სუვენირები. აქციაზე შესული თანხით უმწეო ბენეფიციართათვის პასკებსა და კვერცხებს იყიდიან.
აქტივობა მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორები არიან დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.

ქობულეთის მუზეუმის მისამართია აღმაშენებლის გამზირის #100.

ქობულეთში ნაპირსამაგრი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება

 ქობულეთის სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელთა შედეგად გაიზარდა სანაპირო ზოლის პარამეტრები და შტორმის დროს ნაპირსამაგრსაფეხურებიან კედელზე ტალღების ზემოქმედება უნდა შემცირდეს, რამდენიმე დღეში დასრულდება.
სპეციალისტების შეფასებით, ქობულეთის სანაპიროზე პლაჟწარმომქნელი მასალის მკვეთრი დეფიციტის გამო სანაპირო ზოლი არასტაბილური მდგომარეობით გამოირჩევა. მისი პარამეტრები ვერ უზრუნველყოფს შტორმული ტალღების ჩახშობას, რაც იქ არსებულ საფეხურებიან ნაპირდამცავ კედელს აზიანებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებული ზიანი დამცავ კედელს 2014–2015 წლებში მიადგა.
გასულ წელს სპეციალისტებმა სანაპირო ზოლის ავარიული უბნები გამოიკვლიეს და სამი ლოკაციის ადგილი შეარჩიეს, სადაც ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად ყოველწლიურად  ნატანს შეიტანენ.
წელს პლაჟზე 195 000 კუბ/მ მოცულობის პლაჟშემქნელ მასალას შეიტანენ, ხოლო მომდევნო წლებში სანაპიროზე 50 000 კუბ/მ მოცულობის ინეტრული მასალა ჩაიყრება.
ქობულეთის გამგეობის ინფორმაციით, ნაპირდამცავი სამუშაოები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება; პროექტის ღირებულება 2 271 087 ლარია.

უკანონო მოსმენების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 44 სარჩელი შევიდა

ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუქმების მოთხოვნით 44 სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს “რესპუბლიკურმა პარტიამ” და “ევროპულმა საქართველომ” შეიტანეს. ანალოგიური მოთხოვნით სარჩელის შეტანას სხვა პოლიტიკური პარტიებიც აპირებენ.

ხვალ, 7 აპრილს, სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში კამპანია “ეს შენ გეხება” შეიტანს. ამ კამპანიის ფარგლებში სარჩელს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოქალაქეებიც ავსებენ. ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე 300-მდე მოქალაქემ ისარგებლა შესაბამისი აპლიკაციის ფორმით. ამ დროისთვის სარჩელი დაახლოებით 30-მა მოქალაქემ დაწერა ბათუმშიც. სარჩელის შეგროვება დღეს 18:00 საათამდე გრძელდება.

სარჩელის ავტორი ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გახდეს, ვინც მიიჩნევს, რომ უკანონო მიყურადების საფრთხე ისევ არსებობს.

“გამიკვირდება, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს ასობით მოქალაქის სარჩელს. კანონში არაფერი შეუცვლია პარლამენტს იმისთვის, რომ სასამართლოს წინა გადაწყვეტილება შესრულებულად ჩაითვალოს”, – ამბობს დავით ზურაბიშვილი, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი წევრი.

ნუგზარ მგელაძე, “ევროპული საქართველოს” წევრი: “არ მინდა, ჩემს ქვეყანაში ერთი მხრივ, დეკლარირებული იყოს დემოკრატიული ღირებულებები და მეორე მხრივ, უსმენდეს ხელისუფლება ხალხს უკანონოდ. ამიტომ შემაქვს სარჩელი”.

ფარულ მოსმენებზე კანონი პარლამენტმა მიმდინარე წლის პირველ მარტს შეცვალა. ცვლილების განხორციელება სავალდებულო იყო, რადგან 2016 წლის აპრილში საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ კანონმდებლობა, რაც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს არეგულირებს, ანტიკონსტიტუციურია.

სარჩელის ავტორები დღეს მიიჩნევენ, რომ ფორმალურ დონეზე შეცვლილი კანონი რეალობას ვერ შეცვლის, რადგან „გასაღები” ფარულ მოსმენაზე ისევ სუს-ის მიმართ დაქვემდებარებულ ახალ სააგენტოს ექნება. 

IMG_20170406_114022

 

IMG_20170406_111956

IMG_20170406_110831

  1. IMG_20170406_110354

 

წონიარისში ხუთსულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა

ქედის მუნიციპალიტეტს სოფელ წონიარისში, ხანძრის შედეგად გოგიტიძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.

ხანძარი ხის საცხოვრებელ სახლს, სადაც ხუთი წევრი ცხოვრობდა, ღამით გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა.

როგორც ქედის გამგეობაში თქვეს, დაზარალებულ ოჯახს ბინის ქირას შესთავაზებენ მანამდე, ვიდრე გამოძიება დაადგენს, თუ რის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი სახლი.

17820078_1358549550893516_1119623587_o
წონიარისში 5-სულიან ოჯახს სახლი დაეწვა / სოფიო ხაბაზის ფოტოები.

 

ტურისტები მახუნცეთის ჩანჩქერთან [ფოტორეპორტაჟი]

მაღალმთიან აჭარაში გასულ წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი, ტურიზმის სააგენტოს სტატისტიკიური მონაცემებით, მახუნცეთს ეწვია. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მნახველებს ძირითადად, თამარის თაღოვანი ხიდი და ჩანჩქერი იზიდავს.

მას შემდეგ, რაც მახუნცეთში ტურისტების რაოდენობამ იმატა, ადგილობრივებმა აქ კაფე-ბარები გახსნეს; მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა; აშენდება საზაფხულო თეატრიც; მახუნცეთში სასტუმროს კი უკრაინელი ინვესტორი აშენებს.

მახუნცეთში ტურისტები, ძირითადად, ტურისტულ კომპანიებს ავტობუსებით აჰყავთ. როგორც აქ ამბობენ, ტურისტების სიმრავლე დილის 10-საათიდან 3 საათამდეა.

ეკა ბარამიძის ფოტორეპორტაჟი მახუნცეთიდან:

მახუნცეთის ჩანჩქერი
მახუნცეთის ჩანჩქერი / 5.04.2017 / ეკა ბარამიძის ფოტოები /
მახუნცეთი
ფილიპინელი ჰილდა ნამური და პრისტი ბაროვაპო მახუნცეთის ჩანჩქერთან
მახუნცეთი
მუხამედ არჯემალი და მისი ცოლი – ჰედა ალმეპერიე, საუდის არაბეთიდან. „ბათუმში სამი დღის წინ ჩამოვედით, მანადმე სამი დღით თბილისში ვიყავით, დღეს მახუნცეთიც ვნახეთ, გვირჩიეს გვენახა… განსაკუთრებით ლამაზი ბუნება გაქვთ,“ – ამბობს მუხამედი.
მახუნცეთი
ტურისტები რუსეთიდან: ვენედიქტ დადიკინი, მეუღლესთან და შვილთან ერთად. ვენედიქტი პროფესიით ჟურნალისტია, ერთ-ერთ რუსულ ბეჭდურ გამოცემაში მუშაობს და უნივერსიტეტშიც ასწავლის. ამბობს, რომ რუსეთში დაბრუნების შემდეგ, პუბლიკაციის გამოქვეყნებას გეგმავს საქართველოზე.
მახუნცეთი
სულეიმან ოსტუკი თურქეთიდანაა, ის 5 წელია ბათუმში, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობს.
მახუნცეთი
ვიზიტორები საუდის არაბეთიდან.
მახუნცეთი
მახუნცეთი, ჩანჩქერის ტერიტორიაზე შესასვლელი.
მახუნცეთი
ადგილობრივები თამარის ხიდთან მისასვლელ გზაზე თაფლსა და ტკბილეულს – მურაბებს, ჯემებს, ტყლაპს, ჩირსა და ჩურჩხელას ყიდიან. აქ შეიძენთ საწებელსა და აჯიკასაც. 150-200 გრამამდე დაფასოებული მურაბა 3 ლარი, 300-480-გრამიანი ქილით თაფლი კი 10 ლარი ღირს.
მახუნცეთი
მახუნცეთიის ჩანჩქერთან გასაყიდად გამოტანილი პროდუქციის დასახელება და ფასი რამდენიმე ენაზე დაწერილი, მათ შორის არაბულად.
მახუნცეთი
მახუნცეთი, კაფე-ბარი მდინარე აჭარისწყლის ნაპირთან
ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზის მიმდებარედ, საკუთარი სახლის ეზოში კაფე-ბარი ასლან ფარტენაძეს აქვს გახსნილი. აქ ერთი ფინჯანი ყავა, ასევე ჩაი 1 ლარი ღირს.
ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზის მიმდებარედ, საკუთარი სახლის ეზოში, კაფე-ბარი ასლან ფარტენაძეს აქვს გახსნილი. აქ ერთი ფინჯანი ყავა, ასევე ჩაი, 1 ლარი ღირს.
მახუნცეთი
ტივი მდინარე აჭარისწყალზე, რომლითაც ტურისტებს ემსახურებიან / მახუნცეთი.
მახუნცეთი
მახუნცეთი, თამარის ხიდი.
მახუნცეთი
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მახუნცეთში.
მახუნცეთი
მახუნცეთში მშენებარე სასტუმრო, რომელსაც უკრაინელი ინვესტორი აშენებს.
მახუნცეთი
მახუნცეთი, თაღოვანი ხიდი.

რას ნახავენ ტურისტები მაღალმთიან აჭარაში

 

სარჩელის შეტანა უკანონო მოსმენებზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია – ვადა ხვალ იწურება

 

ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობის აკრძალვის მოთხოვნით კამპანია „ეს შენ გეხება“ ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. სარჩელის ავტორი ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება გახდეს.

ერთი წლის წინ, 2016 წლის 14 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის მექანიზმი ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია.  ერთი წლის შემდეგ პარლამენტმა კანონი შეცვალა, თუმცა ფარულ მოსმენებზე  წვდომა ისევ სუს-ს აქვს – „გასაღები“ ახალშექმნილ სააგენტოს გადაეცემა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ანუ ისევ სუს-ს ექვემდებარება.

„ახალი კანონმდებლობით არაფერი იცვლება, რადგან შინაარსი იგივე დარჩა. კანონმდებლობა ისევ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას,” –  ამბობს გიორგი ჩიტიძე, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ იურისტი.

საკონსტიტუციო სასამართლო თავდაპირველად განიხილავს სარჩელის დასაშვებობის საკითხს და შესაძლოა წარმოებაში არც კი მიიღოს საქმე, თუკი მიიჩნევს, რომ ახალი კანონმდებლობა ისევ ანტიკონსტიტუციურია. ამ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვის გარეშე გაუქმდება პარლამენტის მიერ პირველ მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილება „ფარულ მოსმენებზე“.

ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც მიიჩნევს, რომ ისევ არსებობს უკანონო მიყურადების საფრთხე, შეუძლია კონსტიტუციური სარჩელი ელექტრონულად შეავსოს ამ მისამართზე. საკონსტიტუციო სარჩელის წინასწარ მომზადებულ ვერსიაში მხოლოდ მოქალაქის პირადი მონაცემების შეყვანა არის საჭირო [სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ელფოსტა და ტელეფონის ნომერი].

სარჩელში მონაცემების შეყვანის შემდეგ ის უნდა ამობეჭდოთ და ხელი მოაწეროთ. შევსებული სარჩელი თქვენ შეგიძლიათ მიიტანოთ ბათუმში, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ოფისში [ფარნავაზ მეფის 74], ან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ [ვახტანგ გორგასლის 89].

გიორგი ჩიტიძე: „მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ უშუალოდ მობრძანდნენ დასახელებულ მისამართზე და ჩვენი წარმომადგენლები დაეხმარებიან ადგილზე შეავსონ სარჩელი. აუცილებელია მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ქონა“.

ელექტრონული სარჩელის შევსება ხვალ, 6 აპრილს, საღამოს 6 საათამდე შეიძლება.

 

 

კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატი მთავრობაში დაასაქმეს

ალექსანდრე ჩიტიშვილი უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატია, რომელიც აჭარის მთავრობამ დაასაქმა. იგი აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს. მთავრობის სხდომაზე, 4 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება პროფესიონალიზმის ნიშნით მიიღო.

ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსიც დანიშნეს და მოადგილეებიც.  უფროსი ჯემალ ნაკაშიძე გახდა. ის მანამდე სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. უფროსის სავარძელი აქ გასული წლის ოქტომბრიდან თავისუფალია, როცა ვახტანგ წულაძე უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა „ქართული ოცნებიდან“.

სამმართველოს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – ვახტანგ მჟავანაძე. ის აქამდე აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. მოადგილეობა ხელმძღვანელობის ცვლილების მიუხედავად, სამმართველოში ვახტანგ ბაგრატიონმა შეინარჩუნა.

„საჯარო სამსახურში ვიდრე ვიქნები, კომენტარს არ გავაკეთებ,“ – გვითხრა ალექსანდრე ჩიტიშვილმა, რომელიც დეპუტატობის დროს მედიასთან აქტიური კომუნიკაციით გამოირჩეოდა. გაჩუმების მიზეზად ჩიტიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა დაასახელა, თუმცა პოლიტიკაში დაბრუნების იმედიც გამოხატა: „არჩევნები არის ახლოს და ვნახოთ, იქნებ დავბრუნდე პოლიტიკაში ისევ…“ მან აღარ უპასუხა შეკითხვას, კონკრეტულად რა გეგმა აქვს არჩევნებთან დაკავშირებით.

ალექსანდრე ჩიტიშვილამდე, ასევე ყოფილ დეპუტატს, ანზორ თხილაიშვილს ჩააბარეს აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტი. ყოფილი დეპუტატი სულხან ღლონტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე გახდა, ხოლო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე მთავრობის აპარატში უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

მუსლიმთა სამმართველოს სარჩელი რელიგიის თავისუფლების დარღვევის მოტივით

მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო. სამმართველო რამდენიმე სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რომელიც  როგორც შიიტი, ისე სუნიტი მუსლიმებისაგან ითხოვს ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას, რომლებშიც გაერთიანდებიან როგორც შიიტი, ისე სუნიტი სასულიერო პირები. გაერთიანება ზიანის ანაზღაურების მიღებისთვის არის საჭირო.

საუბარია საქართველოს მთავრობის 2014 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც რელიგიურ ორგანიზაციებს, მათ შორის, მუსლიმ თემს, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი ნაწილობრივ უნდა აუნაზღაურდეთ.

მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო საქართველოში მცხოვრებ შიიტ მუსლიმთა რელიგიურ ინსტიტუტებს წარმოადგენს და არა – სუნიტების. საკონსტიტუციო სარჩელში სამმართველო რელიგიის თავისუფლების პრინციპის დარღვევაზე აკეთებს აქცენტს და იმაზე, რომ მსგავს გაერთიანებას ხელისუფლება არ სთხოვს ქრისტიანულ ეკლესიებს:

„მუსლიმთა ამ ორ ჯგუფს შორის არსებობს საკმაოდ ხანგრძლივი და ღრმა რელიგიური ხასიათის აზრთა სხვადასხვაობა (სქიზმა). ამ ორი ჯგუფის იძულება, მათი რელიგიური შეხედულებების  საწინააღმდეგოდ, ითანამშრომლონ ერთმანეთთან, წარმოადგენს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებული რელიგიის თავისუფლების დარღვევას. ის გარემოება, რომ შიიტებს არა აქვთ სუნიტებისაგან განცალკევებული გაერთიანების შექმნის უფლება, რომელიც მიიღებს ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებას, ამით ირღვევა კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი. სადავო ნორმა არ სთხოვს რომაულ კათოლიკურ ეკლესიას და სომხურ ეკლესიას ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას, მაშინ, როდესაც ამ ორ ქრისტიანულ ეკლესიას შორის არსებობს ისეთივე სქიზმა, როგორც შიიტ და სუნიტ მუსლიმებს შორის. ამ გარემოების გათვალისწინებით სადავო ნორმა არსებითად თანასწორებს ეპყრობა უთანასწოროდ, რასაც არავითარი გამართლება არ გააჩნია და სახეზეა კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევა“, – ვკითხულობთ კონსტიტუციურ სარჩელში.

„საქართველოს კონსტიტუციის“ მე-14 მუხლით თანასწორობის უფლებაა დაცული. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე კოლეგია განიხილავს.

აჭარის მუფთის, ბეგლარ ქამაშიძის მონაცემებით, აჭარაში მცხოვრები მუსლიმების უმრავლესობა სუნიტია. შიიტები კი ძირითადად მარნეულში ცხოვრობენ. შიიტები ძირითადად ეროვნებით აზერბაიჯანელები არიან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ.

 

საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის „ბათუმის ბულვარი“ 126 000 ლარს გადაიხდის

„ბათუმის ბულვარი“ საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის მაქსიმუმ 126 740 ლარს გადაიხდის.

ბულვარის სარგებლობაში არსებულ სანაპირო ზოლზე გასახდელების, საშხაპეების, ხის ბილიკებისა და სასმელი წყლის შადრევნის მოწყობაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

პლაჟზე 20 გასახდელი, ამდენივე საშხაპე და სასმელი წყლის ერთი  შადრევანი უნდა დამონტაჟდეს. ხის საფეხმავლო ბილიკები კი ჯამში 159 კვ/მ-ს დაფარავს.

ელექტრონული ტენდერი მიმდინარე წლის  10 აპრილს დასრულდება, გამარჯვებულმა კი საპლაჟე ინფრასტრუქტურა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა მოაწყოს.

ესკიზები:

gasaxdeli_crwyali

აჭარის მუზეუმებს და გალერეებს ახალი ვებგვერდები ექნებათ

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დაახლოებით 30 350 ლარს გადაიხდის აჭარის 15 მუზეუმისა და 2 გალერეის ვებგვერდის შექმნაში. ვებგვერდის შექმნა/განახლება, ასევე, ლოგოების შექმნა და ბრენდირებული მასალის დამზადება (სამი) მუზეუმისთვის, სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის – „სამუზეუმო მარკეტინგის გაუმჯობესება ადგილობრივ მუზეუმებში“ – ფარგლებში განხორციელდება.

ვებგვერდი‐პორტალი შეიქმნება შემდეგი მუზეუმებისა და გალერეებისთვის:

✔ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი;
✔ ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი (ბათუმი);
✔ აჭარის ხელოვნების მუზეუმი (ბათუმი);
✔ ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი (ბათუმი);
✔ გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი;
✔ ქობულეთის მუზეუმი;
✔ მაჭახლის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი (ხელვაჩაური);
✔ სარფის ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმი (ხელვაჩაური);
✔ ქედის ისტორიული მუზეუმი;
✔ ნიგაზეულის სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის ციხე-მუზეუმი (შუახევი);
✔ ოლადაურის ეთნოგრაფიული მუზეუმი (შუახევი);
✔ კვიახიძეების ეთნოგრაფიული მუზეუმი (შუახევი);
✔ ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;
✔ თხილვანის ეთნოგრაფიული მუზეუმი (ხულო);
✔ სხალთის შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი (ხულო);
✔ თანამედროვე ხელოვნების სივრცე (ბათუმი);
✔ აჭარისწყლის მხატვართა ნამუშევრების გალერეა (ხულო).

სამინისტრომ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 11 აპრილს დასრულდება. გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს:

  • ვებ პორტალის შექმნა 15 მუზეუმისთვის 2 გალერეისთვის;
  • ფოტოგრაფის მომსახურება ვებ-გვერდის დიზაინისთვის მთავარი გვერდის ფოტოს შექმნა, ფოტოგალერეისა და ბრენდირებული ნივთებისთვის მასალის დამუშავება;
  • საიტის (პროექტის) საერთო ლოგოს შექმნა;
  • ლოგოების დამზადება/განახლება 3 მუზეუმისთვის;
  • ბრენდირებული მასალის დამზადება 3 მუზეუმისთვის;
  • სოციალური ქსელების ანალიზის პროგრამის მომსახურება ერთწლიანი ექაუნთებით ყველა მუზეუმისთვის;
  • მუზეუმებისათვის სპეციალური რუკის შექმნა ორ ენაზე;
  • რუკების ბეჭდვა და მათი საინფორმაციო ცენტრებში განთავსება;
  • მუზეუმებისათვის ელექტრონული რუკის შექმნა (Google Map – თავისი “პინ”-ებით და ტექსტუალური ინფორმაციით);
  • ვიდეოგაკვეთილების დამზადება ადმინისტრატორებისათვის.

 

შსს 650 ათას ცალ ალკოტესტის მუშტუკს შეიძენს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 650 ათას ალკოტესტის ერთჯერად მუშტუკს შეიძენს, რაშიც 58 500 ლარამდე გადაიხდის.

შსს ალკოტესტის ერთჯერად მილაკებს [მუშტუკებს] გამარტივებული ტენდერით შეისყიდის, რომელიც 10 აპრილს დასრულდება.

გამარჯვებულმა სამინისტროს მუშტუკები ეტაპობრივად, 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად [200 შეკვრა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, დარჩენილი რაოდენობა კი მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, არაუმეტეს 150 შეკვრისა] უნდა მიაწოდოს.

საქონლის მიწოდების ადგილია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საწყობი, თბილისში.

სატენდერო პირობა
სატენდერო დოკუმენტაციიდან
alcotesti
ალკოტესტის ერთჯერადი მილაკი (მუშტუკი)

რას მიიღებენ გლეხები გაუქმებული აგრობარათების ნაცვლად

სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის აგრობარათების გაუქმებას აპროტესტებენ ხულოში. ვაჩერის ფარგლებში გლეხები მიწის ფართობებს უფასოდ ხნავდნენ, ასევე უფასოდ იძენდნენ სასუქის და სასოფლო-სამეურნეო იარაღის გარკვეულ ოდენობას.

„ეს არ იყო ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილება, მაგრამ ხულოს გამგეობამ და საკრებულომ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გლეხები დაეცვათ. საჯარო დაპირებები იყო, რომ გლეხებს ალტერნატიულ პროგრამებს შესთავაზებდნენ, მაგრამ გაზაფხული მოვიდა, მიწები დასახნავია, ვაუჩერი კი არ ჩანს,“ – ამბობს ოთარ შაინიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი.

აგრობარათების პროგრამა ქვეყნის მასშტაბით 2016 წლის ბოლოს დასრულდა. 2017 წლის დასაწყისში „ბათუმელებს“ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უთხრეს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოახერხებდნენ მოსახლეობისთვის ალტერნატიული პროგრამების შეთავაზებას. დღეს, 5 აპრილს, „ბათუმელებთან“ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ „აგრობარათები ჩაანაცვლა მოტობლოკებმა“.

ბესიკ ბაუჩაძემ სხვადასხვა პროგრამა ჩამოგვითვალა, რაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით ამჟამად ფინანსდება, თუმცა მან ვერ დაგვისახელა კონკრეტული პროგრამა, რომელიც გლეხებს ხვნის სამუშაოებს დაუფინანსებს. „ძირითადად შეძენილია მოტობლოკები და მოსახლეობას შეუძლია ამით ისარგებლოს. ასევე არსებობს შეღავათები სასუქების შეძენის დროს. ეს შეეხება კარტოფილს, მაგრამ კარტოფილი ხულოში ძირითადი კულტურაა.”

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ აგრობარათის პროგრამას ისინი არ ახორციელებდნენ და ვერ გვეტყვიან, რის გამო შეწყდა პროგრამა, ან რა ალტერნატივა შესთავაზეს გლეხებს. სამინისტრომ 30 %-იანი თანამონაწილეობით კარტოფილისა და ნიორის კულტურების შეძენას სთავაზობს გლეხებს.

„ამ პროგრამის ფარგლებში, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ფერმერებსა და აგრომეწარმეებისთვის თანადაფინანსების პრინციპით 101. 500 კილოგრამი ჰოლანდიიდან შემოტანილი, სილვანას ჯიშის კიბოს დაავადების გამძლე კარტოფილის სათესლე მასალა და სასუქები გაიცემა, რომელიც დაირგვება 29 ჰა. მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 283 053 ლარია გამოყოფილი. ასევე, მასში მონაწილე ფერმერებს პერიოდულად ჩაუტარდებათ სწავლება-კონსულტირება აგროტექნიკურ ღონისძიებებზე. ქვეპროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების პრინციპით ფერმერებსა და აგრომეწარმეებს მიეწოდება 101,5 ტ – კარტოფილის სარგავი მასალა, 48 ტ – ნიორის სარგავი მასალა, 15,250ტ – მინერალური სასუქი, NPK – 18,3 ტ, 197,5 ტ – ორგანული სასუქი, 256 ლ – ჰერბიციდი,“- გვითხრეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში.

„ბათომის“ კიდევ ერთი მიმართვა ზურაბ პატარაძეს

ბატონო ზურაბ,

უპირველესად გამოვხატავთ კმაყოფილებას იმ საქმიანი შეხვედრის გამო, რომელიც ჩვენ შორის შედგა მიმდინარე წლის 20 იანვარს და ველოდებით ამ შეხვედრისას მიღწეული შეთანხმებების შესრულებას.

ამჯერად გვსურს მოგმართოთ ორი მწვავე პრობლემის გამო, რომელთა დაუყოვნებლივ გადაჭრის აუცილებლობასაც ვხედავთ; ამასთან, ორივე ეს საკითხი უშუალოდ თქვენს კომპეტენციას განეკუთვნება.

[red_box]პირველი საკითხი[/red_box]

პირველი საკითხი  ეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის #18 დადგენილებით შექმნილ “კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს”, კერძოდ კი – მისი კომპლექტაციის წესსა და შემადგენლობას. იმისათვის, რომ ჩვენი კრიტიკა მოქმედი პრაქტიკის მიმართ მარტივად გასაგები გახდეს,  აღგიწერთ სრულ სურათს.

ზოგადად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა (თუ სამშენებლო საქმიანობა არ ეხება უშუალოდ ძეგლს ან მის საკადასტრო ერთეულში განთავსებულ სხვა შენობას) ე.წ. “ერთი ფანჯრის” პრინციპით ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოს (მერიის ან გამგეობის) მიერ. იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო სამუშაოები უნდა ჩატარდეს არა უშუალოდ უძრავ  ძეგლზე ან მის ტერიტორიაზე, არამედ მის სიახლოვეს, ანუ ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონაში (ფიზიკური ან/და ვიზუალური დაცვის არეალში), ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია, რომ ამ პროცესში ჩართოს სხვა ადმინისტრაციული ორგანო. სწორედ ამ “სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს” წარმოადგენს ზემოაღნიშნული  “კულტურული მემკვიდრეობის საბჭო”. დებულების შესაბამისად მისი მიზანია “ხელი შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ისტორიულად ჩამოყალიბებული სივრცით–არქიტექტურული გარემოს, განაშენიანების ტრადიციული ფორმებისა და იერ–სახის, ისტორიული ნაწილის, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული ორგანიზმის (დაგეგმარების სტრუქტურა, შენობების მასშტაბი, ხედი, პანორამა, ხასიათი, სილუეტი და სხვა) დაცვასა და შენარჩუნებას”.  რაც შეეხება ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონას, იგი დგინდება ავტომატურად, ობიექტისათვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების მომენტიდან და ქალაქისთვის ის შეადგენს 150 მეტრს.

ზურაბ პატარაძე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ფოტო: ლელა დუმბაძე
ზურაბ პატარაძე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე
ფოტო: ლელა დუმბაძე

“საბჭო” სანებართვო პროცედურებში 2–ჯერ ერთვება: პირველად იგი ადგენს დამატებით სანებართვო პირობებს ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე, მეორე ჯერზე ამოწმებს – შესრულდა თუ არა პირველ ეტაპზე დადგენილი მოთხოვნები.

დაარსების დღიდან ჩამოყალიბებული არასწორი ტრადიციის შესაბამისად საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა მხოლოდ საჯარო მოხელეებითაა დაკომპლექტებული. მათ საქმიანობაზე ზედაპირული დაკვირვებითაც კარგად ჩანს, რომ საბჭოს წევრთა უმეტესობას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტურ ფასეულობებზე, ზოგად სისტემაზე, ურბანული გარემოს ძირითად იდენტიფიკატორებზე. ამასთან, ფორმალურადაც არ ხდება პროცედურებისა და საკუთარი დებულების მოთხოვნების დაცვა. ასე მაგალითად: ბოლო პერიოდში გახმაურებულ ყველა ობიექტზე საბჭოს მიერ მიღებულია ხელოვნებათმცოდნის რეკომენდაციაში მოცემულის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

ამავე დროს  “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი”, რომელიც საბჭოს დებულებაზე იერარქიულად ზემდგომი სამართლებრივი აქტია, ადგენს საბჭოს დაკომპლექტების პრინციპს, რომლის თანახმადაც საბჭო უნდა შედგებოდეს შესაბამისი უნარების, ცოდნისა და პროფესიული კეთილსინდისიერების მქონე პირებისაგან. დღეს კი საბჭო თითქმის მთლიანად ისეთი საჯარო მოხელეებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც აღნიშნულ დარგთან მხოლოდ ირიბი შეხება აქვთ. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ საბჭოს კრიტიკა, თუნდაც მისი შემადგენლობიდან გამომდინარე, ლოგიკას მოკლებულია. შესაბამისად, საბჭოს საქმიანობაზე პასუხისმგებლობის გაზიარება მოუწევს მის ფორმირებაზე უფლებამოსილ პირს, ანუ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს.

გთხოვთ მიიღოთ ზომები, რათა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე მოახდინოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ფორმირება და ის დააკომპლექტოთ შესაბამისი პროფილის და კვალიფიკაციის სპეციალისტებით.

[red_box]მეორე საკითხი[/red_box]

მეორე საკითხი ეხება ცვლილებებს “ქალაქ ბათუმის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების  რეგულირების  წესებში”. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია მცირე შესავალის გაკეთება. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის 06 ივლისის #27 განკარგულების 1-ლი პუნქტით მოიწონა წინადადება “ქალაქ  ბათუმის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების  რეგულირების  წესებში” ცვლილებების შესახებ. ერთ–ერთი ცვლილების შესაბამისად განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (ე.წ. “კ–2”) დადგენილი ზღვრული მნიშვნელობის  გაზრდის პროცედურაში აღარ მონაწილეობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ეს საკითხი საკრებულოშივე წყდება, ოღონდ საკმაოდ გართულებული გზებით. ამავე დადგენილების მე–2 პუნქტით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა რეკომენდაცია შესაბამისი ორგანიზაციულ–სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებაზე ზემოაღნიშნული ცვლილებების რეალიზაციის მიზნით.

ამ მიმართულებით მერიის მხრიდან ჯერჯერობით არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯი, რადგანაც აღნიშნულ საკითხზე არ იცნობენ თქვენს დაზუსტებულ (წერილობით) პოზიციას, რაც იქნებოდა საფუძველი საკრებულოში მერიის მხრიდან საკითხის ინიცირებისა.

ამასთანავე, ჩვენთვის ცნობილია თქვენ მიერ არაერთხელ გაცხადებული პოზიცია იმის შესახებ, რომ არ ესწრაფვით მონაწილეობას  “კ–2”  კოეფიციენტის გაზრდის პროცედურაში. შესაბამისად, ვფიქრობთ, დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს თქვენი ამ მოსაზრების შეტყობინება მერისთვის, რაც იმედია, თავის მხრივ გამოიწვევს ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწვეტას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ  გულისხმიერებით გაეცნობით ზემოაღნიშნულ საკითხებს და მიიღებთ სათანადო გადაწყვეტილებებს.

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის ჩვენება

ქურდული სამყაროს წევრობას, თანხის გამოძალვასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გამოძიება რუსლან ჩ.-ს ედავება. მისი ჩვენება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს, 4 აპრილს მოისმინა.

„მე იმიტომ შევახვედრე ბიზნესმენები ერთმანეთს, რომ დაპირისპირება და ჩხუბი არ მომხდარიყო,“ – ასე დაიწყო ჩვენება რუსლან ჩ.-მ. „თურქმა მსახიობმა დამირეკა, ჩემი ახლობელია. მითხრა, მეგობარ თურქ ბიზნესმენს პრობლემა შეექმნა ქართველ პარტნიორთან, თანხას არ უბრუნებს და იქნებ დაალაპარაკო ერთმანეთსო. ოჯახში მოვიდა თურქი ბიზნესმენი, ქართველიც. ისინი საუბრობდნენ, რაღაც ორი თუ სამი ტრაქტორის გაყიდვაზე იყო საუბარი. მე არაფერში ჩავრეულვარ. დაახლოებით ერთი საათი ილაპარაკეს და ბოლოს მორიგდნენ, რომ დავით ა. [ქართველი ბიზნესმენი] მას 120 ათას ლარს გადაუხდიდა,“ – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა ბრალდებულმა შემთხვევა, რის გამოც მას ქურდულ სამყაროს წევრობასა და თანხის გამოძალვაში დაედო ბრალი.

საქმეში ბრალდებული კიდევ ერთი პირია – კაკო ტ. ის ამ დრომდე იძებნება. კაკოს შესახებ რუსლანმა მოსამართლეს უთხრა, რომ მას კარგად არც კი იცნობს. „მამამისს ვიცნობ, ერთად ვთამაშობდით ფეხბურთს, კაკო მაშინ პატარა იყო, 15 წლის იქნებოდა ალბათ,“ – ამბობს რუსლან ჩ.

გამოძიების ვერსიით, კაკო ტ. და რუსლან ჩ. დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ცდილობდნენ ორი ქართველი ბიზნესმენისგან. კაკო ტ. გამოძიებამ, სასამართლოს წინასწარი ნებართვის საფუძველზე, სკაიპით ფარულად ჩაწერა. სკაიპით და ასევე ტელეფონით არის ჩაწერილი რუსლან ჩ.-ს საუბრებიც, რაც ბიზნესმენებისგან თანხის აღებას უკავშირდება.

„სკაიპით რანაირად ვისაუბრებდი, საერთოდ არ მაქვს კომპიუტერი. ტელეფონშიც არაა დაფიქსირებული ჩემი ხმა. ამიტომაც მოვითხოვე ხმის ექსპერტიზა, რაც არ ჩაატარეს, ბატონო მოსამართლევ,“ – დაამატა ბრალდებულმა.

„თქვენი ფუნქცია რა იყო, თუკი ბიზნესმენების საუბარში არ ჩარეულხართ?“ – ჰკითხა რუსლან ჩ.-ს პროკურორმა, ალექსანდრე ძირკვაძემ.

„არანაირი,“ – თქვა ბრალდებულმა. მან ასევე თქვა, რომ ამ შეხვედრით არანირი ფინანსური სარგებელი არ მიუღია. რუსლან ჩ.-ს თქმით, ქურდული სამყაროს წევრობას მას 1999 წლიდან აბრალებენ, როცა ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს: „16 წელი ციხეში ვიჯექი. მანამდე აფხაზეთის ომში ვმონაწილეობდი მოხალისედ, იქ მძიმედ დავიჭერი… ტექნიკურ უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი. ახლა თქვენ მითხარით, როგორ შეიძლება ვიყო ქურდული სამყაროს წევრი, როცა ნაომარიც ვარ და ნასტუდენტარიც?“

პროკურორი დაინტერესდა, საიდან ჰქონდა ბრალდებულს ინფორმაცია, რა მოთხოვნები არსებობს ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის. რუსლან ჩ.-მ მას შეახსენა, რომ ის 16 წელი ციხეში იყო.

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის ჩვენების მოსმენამდე, მოსამართლემ დაცვის მხარის 5 მოწმის ჩვენება მოისმა. მოწმეებმა თითქმის დეტალურად აღწერეს გასული წლის 2 აგვისტოს საღამო, როცა რუსლან ჩ. ჭავჭავაძის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებამდე იგი ახლობელთან მივიდა 250 ლარის წამოსაღებად: „მეგობარს სჭირდებოდა საავადმყოფოში თანხა, ფული არ ეყო და მთხოვა, იქნებ მიშოვო სადმეო. ვიშოვე თანხა და წამოსაღებად მივედი, ლუდი დავლიეთ ერთად, წამოსვლის დროს დამაკავა 30-მა პოლიციელმა, თითქოს მართლა მქონდა იარაღი“.

მოწმეებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ბრალდებულს იმ საღამოს იარაღი არ ჰქონდა და ამას აუცილებლად შეამჩნევდნენ, რადგან ცხელოდა და შეკრებილი მეგობრები ეზოში ნახევარი საათი წელს ზემოთ შიშვლები იყვნენ.

მოსამართლე დავით მამისეიშვილი მომდევნო სხდომაზე პროკურორისა და ადვოკატების დასკვნით სიტყვებს მოისმენს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. ამ სასჯელს ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი ქურდული სამყაროს წევრობისთვის.

 

 

აჭარის ტელევიზიას სამი ახალი რედაქტორი ჰყავს

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს სამი ახალი რედაქტორი ჰყავს. ჟურნალისტები: მაია მერკვილაძე, სოფო ჟღენტი და ირინე ყურუა საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ საკონკურსო კომისიამ შეარჩია. მაუწყებელს მხოლოდ ერთი რედაქტორის ვაკანსია ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა კომისიამ კონკურსში მონაწილე სამივე ჟურნალისტის დასაქმების გადაწყვეტილება მიიღო.

„დარწმუნებული ვარ, სამივე მათგანი გააძლიერებს საზოგადოებრივ მაუწყებელს. შეფასებები იყო ძალიან მაღალი სამივე შემთხვევაში,“ – ამბობს ნათია კუპრაშვილი, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, რომელიც საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო.

ნათია კაპანაძე, „აჭარის ტელევიზიის“ ხელმძღვანელი ერთ საკონკურსო პოზიციაზე სამი რედაქტორის დასაქმებას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს. „ვაპირებთ, გვქონდეს წინასაარჩევნო დებატები, ასევე შემაჯამებელი გადაცემა კვირის განმავლობაში. ამ ადამიანების დახმარებით რეგიონულ მედიასთან პარტნიორობის უფრო მეტად გაძლიერების შესაძლებლობასაც ვხედავ“, გვითხრა ნათია კაპანაძემ.

„აჭარის ტელევიზიის“ საინფორმაციო სამსახურის სამი ახალი რედაქტორი მუშაობას ხვალიდან შეუდგება.

 

ზურაბ პატარაძე 11-12 მარტის აქციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა

დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა 11-12 მარტის აქციას ბათუმში. ზურაბ პატარაძემ მომხდარს პროვოკაცია უწდა და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება უახლოეს მომავალში დაადგენს, თუ ვინ იყო ამ პროვოკაციის ავტორი.

„მინდა გამოვეხმაურო 11-12 რიცხვში მომხდარ მოვლენებს, რაც განვითარდა ჩვენს რეგიონში. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც ემსახურებოდა ძალიან ცუდ მიზნებს, რომელიც იყო მიმართული იმისათვის, რომ არ განვითარდეს ჩვენი რეგიონი, არ შემოვიდეს ინვესტიციები, შეწყდეს სხვადასხვა პროექტების განხორციელება და დავარდეს ჩვენი რეიტინგები მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ არ დავუშვებთ ამას, ჩვენ მოწადინებული ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი რეგიონი განვითარდეს, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენ ვიყავით და ვიქნებით აუცილებლად უსაფრთხო ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ბევრი ამოცანა და ამბიციური გეგმები დ არავის არ მივცემთ საშუალებას ხელი შეგვიშალოს ამ გეგმებში. მოხარული ვარ, რომ მოსახლეობამ გააკეთა სწორი დასკვნები და მოსახლეობა ჩვენ გვიჭერს მხარს. არაერთი შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა დაწესებულებებში, სადაც მოქალაქეებმა დაგმეს ის საშინელი დღეები, რომლებიც ყველა ჩვენგანმა გავიარეთ.“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ სხდომაზე.

პატარაძის ინფრომაციით, 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო რამდენიმე პრესტური და ბიზნესფორუმი გადაიდო.


ანალოგიური ინფორმაცია ცოტა ადრე ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმაც გაავრცელა. მერის ინფორმაციით, 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო უცხოურმა ტურისტულმა კომპანიებმა ბათუმში ასობით ჯავშანი გააუქმეს. აღნიშნული ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. თუმცა, ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საპროტესტო აქციის დღეებში ირანულმა კომპანიამ ბათუმის ნაცვლად თბილისში გადაიტანა ტური.

11-12 მარტის აქციის შემდეგ პროკურატურამ 19 პირი დააკავა. მათ მასობრივ არეულობაში, პოლიციელებსა და საჯარო სამსახურების თავდასხმაში ედებათ ბრალი. ბრალის დადასტურების შემთხვევაში თითოეულ მათგანს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მარტის აქციის შემდეგ დაკავებულების მხარდამჭერი აქცია ბათუმში გადაიდო

„ბათუმის აქციის“ შემდეგ დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გადაიდო. აქცია რამდენიმე ახალგაზრდას დღეისთვის ჰქონდა დაგეგმილი პატიმრობაში მყოფი პირების ოჯახის წევრებთან ერთად. აქციის ლოზუნგი იყო „ციხე გამოსავალი არ არის“.

აქციის ორგანიზატორებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ისინი დღეს პარლამენტის წევრს, ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატს, მუხრან ვახტანგაძეს და  აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელს, გოჩა ჯაშს შეხვდნენ. აქციის ორგანიზატორები  აქციის შემდეგ დაკავებული პირების პატიმრობიდან გათავისუფლებას და მათთვის წარდგენილი ბრალდების შემსუბუქებას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, აქცია 10 დღის შემდეგ გაიმართება, თუკი ხელისუფლება მოთხოვნებს არ გაიზიარებს და შესაბამისი შუამდგომლობით არ მიმართავს პროკურატურას.

11-12 მარტის აქციის შემდეგ პროკურატურამ 19 პირი დააკავა. მათ მასობრივ არეულობაში, პოლიციელებსა და საჯარო სამსახურების თავდასხმაში ედებათ ბრალი. ბრალის დადასტურების შემთხვევაში თითოეულ მათგანს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ამავე თემაზე:

“ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება 

 

ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი ჩატარდება

7 აპრილს, 13:00 საათზე, ბათუმის ბულვარში, „ალი და ნინოს“ ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიაზე, თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი ჩატარდება.

ფესტივალზე მოეწყობა ადგილობრივი  წარმოების თევზპროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, გასინჯონ თევზპროდუქტებით მომზადებული კერძები, გაეცნონ ამ კერძების მომზადების რეცეპტებს და მონაწილეობა მიიღონ კერძების მომზადების მასტერკლასებში.

ფესტივალის მონაწილეები არიან: ქალაქ ბათუმის აკვარიუმი (დეკორატიული თევზები), ბათუმის თევზის ბაზარი (ზღვის პროდუქტები), კოლეჯები „ახალი ტალღა“ და „ბლექ სი“, გენო ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტი (კალმახი), მალხაზ შუბალიძე (ზუთხი), შპს „იხტიოსი“ (ზუთხი), ღვინის კომპანია „დუგლაძის ღვინო“, იმერული ღვინის მარანი, ქობულეთის ღვინის სახლი, როსტევან ბასილაია ((სენაკი) თევზი ლოქო) და კობა ნარიმანიშვილი (ტბორის თევზი (ზესტაფონი)).

ფესტივალის ორგანიზატორები არიან ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია “ფორეჯი”,  აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა და აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ფესტივალზე მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს შეასრულებენ ბათუმის მერიასთან არსებული ანსამბლი „აჭარული“, ქალთა ვოკალური ანსაბლი „ხალხური“  და ანსამბლი „ლაზური სიმღერა“ ხელვაჩაურიდან.

 

სავარაუდო ინვესტორს აჭარის მთავრობა არ ასახელებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღეს ბათუმსა და ქობულეთში ახალი მსხვილი ინვესტიციის შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით დააანონსა, თუმცა ინვესტორი არ დაასახელა. მისი განმარტებით, ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ დასრულებულა, ამიტომაც ინვესტორს ვერ დაასახელებენ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის განმარტებით საუბარია გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე, სადაც მთავრობას კიდევ სამი ნაკვეთის გასხვისებაზე შეუძლია გამოაცხადოს აუქციონი. იგეგმება ერთი აპარტამენტის და ერთი ასნომრიანი სასტუმროს მშენებლობა.

გარდა ამისა, ინვესტორი დაინტერესებულია მიწის ნაკვეთით ქობულეთის სანაპიროსთან, სადაც ასევე სასტუმროს მშენებლობა განიხილება.

ამ დროისთვის გმირთა ხეივანში ხუთი სამშენებლო პროექტი ხორციელდება, რომლის ინვესტიციის ჯამური ღირებულებაც 70 მილიონი დოლარია, პროექტების დასრულების შემდეგ კი ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით რეგიონს ჯამში ექვსასი სასტუმრო ნომერი დაემატება.

აჭარის მთავრობა საინვესტიციო დეპარტამენტს ქმნის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ახალი დეპარტამენტი დაემატება. მთავრობა სამინისტროში უკვე დაანონსებული რეორგანიზაციის შემდეგ ახალი საინვესტიციო დეპარტამენტის შექმნას გეგმავს. ამაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მინისტრის ინფორმაციით, ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს გამოეყოფა საინვესტიციო პროექტების განყოფილება, ხოლო ეკონომიკურ დეპარტამენტს – ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილება. ამ ორი განყოფილების ბაზაზე კი შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული საინვესტიციო დეპარტამენტის სახით.

„ … მოგეხსენებათ, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ძირითადი ფუნქციაა ბიუჯეტის შედგენა და ფაქტობრივად განკარგვაც, ასევე საინვესტიციო ფორუმების ჩატარება. საინვესტიციო წინადადებების დამუშავება და წარდგენა, შემოსული წინადადებების განხილვა დამუშავება, ხოლო შემდეგ მთავრობის სხდომაზე გამოტანა. ამ დრომდე ჩვენ არ გაგვაჩნდა ერთი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებდა“, – განაცხადა მინისტრმა სხდომაზე.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, მინისტრის ინფორმაციით, ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან გამოიყოფა სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება, რომელიც შეუერთდება საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტს. ეს საბოლოოდ ჩამოყალიბდება საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტად. ტექნიკური სამსახური კი ქალაქმშენებლობის დეპარტამენტს შეუერთდება, რის შემდეგაც ჩამოყალიბდება სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტი.

რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, ცვლილების მიზანია ეფექტური გახდეს სამინისტროს აპარატი. ცვლილებები საშტატო ნუსხის გაზრდას არ ითვალისწინებს, თუმცა ახალი საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის შესარჩევად სამინისტრო კონკურსის გამოცხადებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ სამინისტროში უკვე რამდენიმე თვეა ვაკანტურია მინისტრის ორი მოადგილის თანამდებობა.

ვინ შეაკეთებს ბათუმი-ახალციხის მაგისტრალს აჭარის მაღალმთიანეთში

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთი სოფელ დოლოგნიდან ერგემდე ორმოებადაა ქცეული, ამორტიზებულია ასევე გზის მონაკვეთები შუახევში – დაბა ხიჭაურიდან შუახევის მუნიციპალურ ცენტრამდე და ხულოში – დაბისა და მიმდებარე ტერიტორიები.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აჭარის საავტომობილო გზების დირექციის ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის თქმით, საავტომობილო გზაზე ქედის მონაკვეთამდე ორმოები ამოივსება, ხოლო ხულოსა და შუახევში მწყობრიდან გამოსულ ათკილომეტრიან მონაკვეთებს [მთლინობაში 20 კილომეტრს] რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

„საავტომობილო გზის ხულოს 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ორ თვეში დაიწყება ცეტრისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, რაც მასშტაბური სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს – გზის საფუძველი გამოიცვლება, გვერდულები გაკეთდება, კედლების არსებობის შემთხვევაში ახალი კედლები ჩამოისხმება და ახალი ასფალტი დაიგება. რაც შეეხება შუახევის მონაკვეთს – რომელიც ჰესების მშენებარე კომპანიის მძიმე ტექნიკამ გამოიყვანა მწყობრიდან – ჰესების მშენებელი კომპანია ვალდებულია სრული რეაბილიტაცია განახორციელოს სამუშაოების დასრულების შემდეგ. მოლაპარაკება გვქონდა ამ თემაზე კომპანიასთან  და პასუხს ველოდებით, საპასუხოდ კი ერთკვირიანი ვადა აქვს. ხელვაჩაურიდან ქედის მონაკვეთამდე ორმოების შევსება მიმდინარეობს, გარკვეულ ადგილებში ორმოები ამოივსო, თბილისის საზედამხედველო სამსახურიდან კომისიის ჩამოსვლას ველოდებით,  გვეტყვიან, თუ რა სახის სამუშაოები უნდა განვახორციელოთ საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე.“ – ამბობს ზურაბ სიხარულიძე.

მისივე თქმით, საავტომობილო გზები მწყობრიდან მაღალი გამავლობის იმ ავტომობილებს გამოჰყავს, რომლებსაც ინერტული მასალა გააქვთ მუნიციპალიტეტებიდან, ან ჰესების მშენებლობაზე მუშაობენ.

ბათუმი-ახალციხის სავტომობილო გზის აჭარის მონაკვეთზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გამგეობის კომპეტენცია მხოლოდ გარემოს დაბინძურების კონტროლია. მუნიციპალიტეტების გამგეობებში არსებული ზედამხედველობის სამსახურები უფლებამოსილნი არიან დააჯარიმონ ის ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც ტვირთის გადატანისას გზასა თუ მიმდებარე ტერიტორიას აბინძურებენ. რაც შეეხება მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილებას და ტვირთის წონას, აჭარბებს თუ არა კანონით დასაშვებ ნორმას –  ამას აქ არავინ აკონტროლებს.

„არ ხდება ტვირთის შემოწმება, თუ იქნება საპატრულო კონტროლი ტვირთის გადატანასთან დაკავშირებით, ბევრად უკეთესი იქნება გზების მდგომარეობა,“ – ამბობს ზურაბ სიხარულიძე.

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, მძიმე ტექნიკის გადაადგილებისას კონტროლდება თუ არა ტვირთის სიმძიმე? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, შსს-ს წერილობით უნდა მივმართოთ.

ფოტო: ბათუმი-ახალციხის ცენტრალური სავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთი 

„ჯეი-სმაილი“ – აირჩიე სტომატოლოგი, რომელსაც ენდობი

თუ პროფესიონალ სტომატოლოგს ეძებთ და ხელმისაწვდომ ფასად გსურთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ეს მისამართი უნდა დაიმახსოვროთ – ბათუმი, გორგილაძის 114.

აქ მდებარეობს სტომატოლოგიური, მრავალპროფილური კლინიკა „ჯეი-სმაილი“, რომელიც უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების მომსახურებას გთავაზობთ.

J smaili 4თერაპიული და ქირურგიული მკურნალობა, პარადონტოლოგიური მკურნალობა, დენტალური იმპლანტაცია, თანკბილვის გასწორება, ორთოპედიული მკურნალობა, ესთეტიკური სტომატოლოგია – კბილის გათეთრების ყველა მეთოდი – ეს „ჯეი-სმაილის“ სამედიცინო სერვისების არასრული ჩამონათვალია. კლინიკაში მკურნალობა და დიაგნოსტირება ხორციელდება თანამედროვე, ციფრული აპარატურით, რაც საუკეთესო შედეგს განაპირობებს.

რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი სტომატოლოგიურ კლინიკა „ჯეი-სმაილზე“

☑ „ჯეი-სმაილში“ ღრძილების მკურნალობა ხორციელდება Vector-ის აპარატურით, რაც თანამედროვე სტომატოლოგიაში უალტერნატივოდ მიიჩნევა. ამ მეთოდით მკურნალობისას შესაძლებელია პაროდონტიტის სრული განკურნება ქირურგიული ჩარევის გარეშე.

☑ „ჯეი-სმაილში“ კბილებზე პიგმენტაციის მოშორება ხდება Airflow (კავო) სისტემით, რაც პროფესიულ წმენდას უზრუნველყოფს კბილის მინანქრის დაზიანების გარეშე.

☑ „ჯეი-სმაილში“ კბილის იმპლანტაციისთვის გამოიყენება სერტიფიცირებული, გერმანული და შვეიცარიული იმპლანტები. იმპლანტაცია იგეგმება და სრულდება მაღალკვალიფიციური ქირურგ-იმპლანტოლოგის მიერ.

☑ „ჯეი-სმაილში“ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვთა თერაპიულ და ქირურგიულ მკურნალობას. კლინიკის ექიმები ზრუნავენ იმაზე, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი ბავშვისთვის სტრესული არ იყოს.

☑ „ჯეი-სმაილში“ ჰიგიენურ ნორმებს ზედმიწევნით იცავენ. ჰიგიენა პაციენტის კლინიკაში შესვლისთანავე, ერთჯერადი ბახილებით იწყება და უნიკალური სასტერილიზაციო სისტემებით მთავრდება. ყოველი ინსტრუმენტი სტერილიზაციის რამდენიმე ეტაპს გადის, ამიტომ საკუთარი ჯანმრთელობა თამამად შეიძლება ანდოთ „ჯეი-სმაილს“.

☑ „ჯეი-სმაილი“ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გუნდია, რომელიც სანიმუშო  წესრიგისა და ადამიანებზე განსაკუთრებული ზრუნვის მაგალითია. ექიმები მუდმივად გადიან გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სპეციალისტებთან.

j-smile logo2ბათუმი, გორგილაძის 114
0422 29 23 78;
557 56 12 29

ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ვიზიტორებს აფრთხილებს

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ვიზიტორებს მოსალოდნელ შეფერხებასთან დაკავშირებით აფრთხილებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის „ქვედა პარკის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დაწესდა გარკვეული შეზღუდვა, რომელმაც ბაღის ტერიტორიაზე ვიზიტორთა უსაფრთხო და კომფორტული შესვლა უნდა უზრუნველყოს.

„არსებული შეზღუდვით, ბაღის დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, „მწვანე კონცხის“ მხრიდან არსებული შემოსასვლელის და სალარო აპარატების ნაცვლად ისარგებლონ მიმდებარედ, დაცვის საგუშაგოსთან არსებული სამანქანო შემოსასვლელით, სადაც ასევე განთავსებული იქნება სალარო აპარატებიც.“ – აცხადებს ბაღის ადმინისტრაცია.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვა დღეიდან, 4 აპრილიდან მოქმედებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დასრულდება.

მწვანე კონცხი
მწვანე კონცხი, ბოტანიკური ბაღის შესასვლელი [ქვემოთ].

ბათუმის მერია მუნიციპალურ ქონებას ყიდის

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩის # 13ა-ში მერია მიწის ნაკვეთს პირობიანი აუქციონის წესით ყიდის. გასაყიდი მიწის ფართობი 214 კვ.მ – ია, ქონების საწყისი ფასი – 43 900 ლარი, ვაჭრობის ბიჯი კი – 2000 ლარი.

აუქციონის პირობის მიხედვით, მერია შეზღუდვას აწესებს მშენებლობაზე მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული კონფიგურაციით. შეძენილ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრეს მშენებლობის წამოწყება მხოლოდ მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან გაერთიანების შემთხვევაში შეეძლება. იმავე პირობით ყიდის მერია 26 კვ.მ მიწის ფართობს მელიქიშვილის ქ # 102ბ- ში.

მერია უპირობო აუქციონის წესით ყიდის ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის #25-ში მდებარე კომერციულ ფართობსაც.

გასაყიდი კომეციული ფართობი ვაჟა ფშაველას ქუჩაზე
გასაყიდი კომერციული ფართობი ვაჟა ფშაველას ქუჩაზე

ბათუმის მერიის ინფორმაციით, გასაყიდი ფართობი ამ დროისთვის დაკავებულია სხვა პირის მიერ, ასევე ფართობში გამოჭრილია სხვა ფართობში გამავალი ღიობი. ქონების საწყისი ფასია 53 500 ლარი, ვაჭრობის ბიჯი კი – 2000 ლარი.

გასაყიდი მიწი ნაკვეთი ურეხის დასხლებაში
გასაყიდი მიწის ნაკვეთი ურეხის დასახლებაში.

უპირობო აუქციონის წესით იყიდება ასევე ბათუმში, ურეხის დასახლებაში მდებარე 387 კვ.მ მიწის ფართობი. ქონების საწყისი ფასი 39 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 2000 ლარი.

ბათუმში, მახვილაურის დასახლებაში უპირობო აუქციონის წესით იყიდება 25 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მითითებულია ასევე, რომ ამ მიწის ნაკვეთზე გადის გაზსადენი მილი.

Exit mobile version