მთავარი,სიახლეები

მსოფლიოს გაერთიანებული კოლეჯების კონკურსის გამარჯვებული ბათუმელი მოსწავლეები

07.07.2017 • 8468
მსოფლიოს გაერთიანებული კოლეჯების კონკურსის გამარჯვებული ბათუმელი მოსწავლეები

2017 წლის სექტემბერში სამი მე-12 კლასელი სწავლას არა ბათუმის სკოლაში, არამედ უცხოეთში, კოლეჯში გააგრძელებს. სამივე მათგანი საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაცია UWC (მსოფლიოს გაერთიანებული კოლეჯები)-ის კონკურსის გამარჯვებულია. წელს ეს ორგანიზაცია შვიდი ქართველი მოსწავლის სწავლას და ცხოვრებას დააფინანსებს უცხოეთში. „ბათუმელებს“ კონკურსის ორი გამარჯვებული მოსწავლე ესაუბრა.

ლუკა ჯაფარიძე, სკოლა-ლიცეუმ „მასტერკლასის“ მოსწავლე: 

მეგობრისგან გავიგე ამ პროგრამის შესახებ. პირველი ეტაპი იყო აპლიკაცია, შემდეგ იყო სკაიპით ინტერვიუ და შემდეგ კიდევ ერთი ეტაპი გავიარე თბილისში. ნიშნები, დახასიათებები, სერტიფიკატები… ბევრი დეტალი იყო, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე. საკმაოდ მალე მოვიდა პასუხი. მოხვდი სომხეთის კოლეჯში, ქალაქ დილიჯანსში, 2014 წელს გახსნილ საერთაშორისო კოლეჯში, სადაც 72 ქვეყნიდან ჩამოდიან სასწავლებლად. მშობლებს გაუხარდათ, რადგან მანქანითაც შესაძლებელია ჩასვლა.

იმედი მქონდა, რომ მოვხვდებოდი პროგრამაში. მინდოდა ამ პროგრამაში მონაწილეობა, რადგან UWC-ის კოლეჯები გამოირჩევიან სწავლების მაღალი ხარისხით.  როცა ამთავრებ სწავლას, იღებ საერთაშორისო დიპლომს, რომელიც განსაკუთრებით აშშ-შია პრესტიჟული და უნივერსიტეტში აბარებ „ტოეფელისა“ და IELTS-ს გარეშე, იმდენად სანდოა ამ ორგანიზაციის მიერ გაცემული დიპლომი. გარდა ამისა, საინტერესოა სწავლის პროცესი, კამპუსში ცხოვრება დამოუკიდებლად… მთელი ცხოვრების მანძილზე დასამახსოვრებელი გამოცდილებაა.

იქ სწავლის სხვა სისტემაა, ირჩევ ექვსს საგანს, მუდმივად ერთი კლასელები არ გყავს, სხვადასხვა ადამიანებთან გიწევს შეხვედრა და მუშაობა, რაც ასევე საინტერესოა.

ჯერჯერობით საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას. IB დიპლომი იძლევა იმის საშულებას, რომ საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელში ისწავლო.

უცხოეთში სწავლის გადაწყვეტილება თანდათან მოვიდა, დაახლოებით მე-7-8 კლასიდან ვფიქრობ ამაზე.

განსაკუთრებული ჰობი არ მაქვს, კითხვა მიყვარს, ახალგაზრდული პარლამენტის წევრი ვარ და ახლახან ნორვეგიაში ვიყავი საქართველოს დელეგაციის წევრი. ამანაც განსაზღვრა ჩემი არჩევანი, ადრე უფრო მედიცინისკენ ვიხრებოდი, ახლა დიპლომატიაზე ვფიქრობ.

 

მეგი დიასამიძე და ლუკა ჯაფარიძე

მეგი დიასამიძე და ლუკა ჯაფარიძე

მეგი დიასამიძე, ბათუმის #15 საჯარო სკოლის მოსწავლე 

ეს ამბავი გავიგე ძალიან უცნაურ სიტუაციაში. ლუკამ დამირეკა და მკითხა, მეილი შევამოწმე თუ არა. ორივე ველოდებოდით პასუხს. მივხვდი, რომ ლუკა უკვე გამარჯვებული იყო და მაინტერესებდა, რა შედეგი მქონდა მე. ინტერნეტთან წვდომა არ იყო, მთელის ამბით, ქიმიის გაკვეთილზე გავხსენი ინტერნეტი, რომ წამეკითხა წერილი. ძალიან დიდი სიხარული იყო.

მე გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგის კოლეჯში ვისწავლი. ეს სტუდენტური ქალაქია საფრანგეთის, გერმანიის და შვეიცარიის საზღვართან. ძალიან მულტიკულტურული გარემოა. „ფლექსის“ გაცვლით პროგრამაშიც გავიმარჯვე, მაგრამ არჩევანი მაინც ამ პროგრამაზე გავაკეთე, რადგან განათლების ხარისხი ძალიან მაღალია. ორი წლის განმავლობაში სწავლობ იმ საგნებს, რომელიც მომავალში დაგჭირდება. სწავლა რთულია, მაგრამ თუ მონდომება და სურვილი გაქვს, ყველაფერს გააკეთებ, მე ასე ვფიქრობ.

ვცდილობ ყველა პროექტში ჩავერთო, თუ კი რაიმე საინტერესო ხდება, თუნდაც იმიტომ, რომ ერთგვარი წრე იქმნება აქტიური ადამიანების, რაც ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს.  სწრაფად ვიღებთ ინფორმაცის ახალი პროექტების, საინტერესო ღონისძიებების შესახებ და ერთმანეთს ვუზიარებთ.

ევროპის ნებისმიერი ქვეყანა აღიარებს IB დიპლომს, თუნდაც იმის გამო, რომ იმდენად რთული გზის გავლა გიწევს ბოლოს ტესტის ჩასაბარებლად, რომ უნივერსიტეტები ენდობიან. სამწუხაროა, რომ საქართველო IB დიპლომს არ აღიარებს და დილემის წინაშე ვართ, მომავალ წელს უნდა ჩავაბაროთ საატესტატო გამოცდებიც, რომ ქართული ატესტატის მიღებაც შევძლოთ.

თავისუფალ დროს ფოტოების გადაღება მიყვარს, დებატები, გაეროს მოდელირებები, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი… 2015 წელს „ჯიფონის“ კინოფესტივალზე ვიყავი ჟიურის წევრი, კინო და ფილმების ნახვის შემდეგ მისი განხილვა ძალიან მიყვარს.

22 აგვისტოს მივდივარ ბათუმიდან, ბილეთი უკვე ვიყიდე და სასწავლო ვიზაც მივიღე.

ყველა მოსწავლეს ვურჩევ, არასდროს არ დანებდნენ. ისეც ხდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს სკოლაში მიდიხარ და იღებ „მეილს“, რომელიც გატყობინებს, რომ მოკლე ხანში მიდიხარ გერმანიაში სასწავლებლად. ამიტომ უნდა იბრძოლო მიზნისთვის და აუცილებლად მიაღწევ. ვინც შრომობს, მას აუცილებლად უფასდება შრომა, ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: