დენდროლოგიურ პარკში გადასატანი ხე ბარჟიდან ნაწილობრივ ზღვაში ჩაუვარდათ

შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკში მორიგი მრავალწლოვანი ხე გადატანისას მახინჯაურის სანაპიროსთან ნაწილობრივ ზღვაში ჩაუვარდათ. ხე, რომელიც ყოფილი სანატორიუმ „კოლხიდას“ ტერიტორიაზე ამოიღეს, შპს „გზას“ გადააქვს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს დროებითი გზის მიყვანა ბარჟამდე, რათა ხესთან შესაბამისი ტექნიკა მივიდეს და ტვირთი ბარჟაზე ისე განთავსდეს, რომ მისი ზღვით ტრანსპორტირება შესაძლებელი გახდეს.

დენდროლოგიურ პარკს შეკვეთილში ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი აშენებს.

17572014_1504209722945407_280344672_o
ხე, რომელიც მახინჯაურიდან შეკვეთილში გადაჰქონდათ, ბარჟიდან ნაწილობრივ ზღვაში ჩაუვარდათ / 31.03.2017 / არჩილ კახაძის ფოტოები

ამავე თემაზე: აჭარის ფინანსთა მინისტრის განმარტება ხეების მოჭრასთან დაკავშირებით

აჭარის საპატრულოს უფროსის, კახა ბუხრაძის ჩვენება

„11 და 12 მარტს ქალაქში არ ვიმყოფებოდი, ვიყავი თბილისში და არ შემიძლია, როგორც თვითმხილველმა მოგიყვეთ მოვლენების წარმოშობის, მათი განვითარების და დასრულების შესახებ,“ – აღნიშნავს კახა ბუხრაძე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი. მას „ბათუმის აქციის საქმეზე“ ჩვენება გამოძიებისთვის 16 მარტს მიუცია.

საქმის მასალები 30 მარტს გადასცეს ადვოკატებს, რომლებიც აქციის შემდეგ სისხლის სამართლის წესით დაკავებულების ინტერესებს იცავენ.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში კახა ბუხრაძე ყველაზე მეტად მერაბ ღოღობერიძეზე საუბრობს. აღწერს, რომ მისი დანიშვნიდან დაახლოებით 10 დღეში მერაბ ღოღობერიძემ და გოჩა შავაძემ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა სთხოვეს. ამბობს, რომ შეხვედრის დროს მას ადგილობრივი ადათ-წესებისა და ძველი კადრების შენარჩუნება მოსთხოვეს.

კახა ბუხრაძის თქმით, მერაბ ღოღობერიძემ მას ასევე სთხოვა არ დაეჯარიმებია პატრულს, რადგან ის მართვის მოწმობის გარეშე მართავს ავტომანქანას. „უარი ვუთხარი. დამემუქრა, მალე კორუფციაში გამხელო“, – დასძენს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი.

ამავე ჩვენებაში კახა ბუხრაძე მერაბ ღოღობერიძესთან სატელეფონო მიმოწერაზე საუბრობს, რაც მას შენახული აქვს იმის დასტურად, რომ ღოღობერიძე მისგან თურქული ტრაილერების შეუფერხებლად გატარებასაც მოითხოვდა.

„მას შემდეგ, რაც მე მას უარი ვუთხარი თურქული ტრაილერების დაჩქარებულად გატარების თაობაზე, ფეისბუკგვერდზე, ტელევიზიასა და პრესაში ჩემი მისამართით დაიწყო ნეგატიური ხასიათის ინფორმაციის აქტიური განთავსება…“, – ვკითხულობთ კახა ბუხრაძის ჩვენებაში.

ამავე ჩვენებაში კახა ბუხრაძე კატეგორიულად უარყოფს შემდეგი ფრაზის – „თათრებში წესრიგს ვამყარებ“ გამოყენებას.

მერაბ ღოღობერიძე „ბათუმელებთან“ საუბრის დროს ადასტურებს შეხვედრას კახა ბუხრაძესთან და სატელეფონო კავშირსაც: „შეხვედრაზე ნამდვილად ვთხოვე დაეცვა ადათ-წესები და ადგილობრივი კადრები არ გაეშვა. მანქანის მოწმობაზე არაფერი მითხოვია, რადგან მე არც მოწმობა მაქვს და არც – მანქანა“, – ამბობს მერაბ ღოღობერიძე.

რაც შეეხება თხოვნას ტრაილერების გადაადგილებაზე, მერაბ ღოღობერიძის თქმით, პრობლემა კონკრეტულ მოქალაქეებს შეექმნათ და მხოლოდ დახმარება სთხოვა საპატრულო პოლიციის უფროსს.

17670969_1489037844454423_937317322_n (1)17579853_1489038517787689_593613854_n17671252_1489038841120990_2129800113_n17671222_1489039027787638_1182944079_n

 

ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის გამარჯვებული ბათუმიდან

ბათუმელი მარიამ სრესელი ინგლისურ ენაში მართლწერის ნაციონალური კონკურსის გამარჯვებულია. კონკურსი საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ (NESC-GE) მოხალისეების მხარდაჭერით 2012 წლიდან ხორციელდება და მასში ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

მარიამ სრესელი კონკურსში პირველად მონაწილეობდა, მან მეორე ადგილი აიღო ქვეყნის მასშტაბით.

„კონკურსის პრინციპი ასეთია, რომ გეძლევა გარკვეული რაოდენობის სიტყვები, რომელიც უნდა ისწავლო და კონკურსზე, რომელ სიტყვასაც ჟიური დაგისახელებს, სწორად უნდა დამარცვლო.

სირთულე ის არის, რომ ინგლისურში საკმაოდ ბევრი სიტყვა გამოითქმის ერთნაირად, ამიტომ შენ უნდა გამოიცნო ზუსტად რომელი სიტყვაა. თუ ძალიან გაგიჭირდა გარჩევა, უფლება გაქვს ითხოვო, რომ განგიმარტონ სიტყვის მნიშვნელობა. ბუნებრივია განმარტება ხდება ინგლისურ ენაზე,“ – გვეუბნება მარიამი.

პირველ ეტაპზე, როგორც მარიამი ამბობს, 150 სიტყვა იყო შესასწავლი, ფინალში კი – 2 500 სიტყვა.

„პირველი ეტაპი იყო სკოლის დონეზე, მეორე – რეგიონალურ დონეზე და ფინალი – ქვეყნის მასშტაბით. ფინალში 24 მონაწილე გადავედით, ბოლოს დავრჩით სამი მონაწილე. ფინალში რომ გადასულიყავი, მხოლოდ ერთი შეცდომის დაშვების უფლება გქონდა, მეორე შეცდომის შემთხვევაში კონკურსს ეთიშები. გადამწყვეტ ეტაპზე ერთი შეცდომა დავუშვი, ამიტომ მეორე ადგილზე გავედი,“ -ამბობს მარიამი.

პირველი ადგილი ახალციხელ მოსწავლეს, ვუსალა იუსუბოვას ერგო, მესამე კი – თბილისელ მარიამ ლოლაძეს.

„მესამე ადგილის მფლობელს ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი და პატარა დრონი აჩუქეს, მე დიდი დრონი, პირველი ადგილის მფლობელს კი პლანშეტი ერგო. დრონის გამოყენება ჯერ არ ვიცი, ნაკლებად პოპულარულია ჩვენთან, თუმცა მალე ვისწავლი მის გამოყენებას,“ – ამბობს მარიამი.

მართლწერის კონკურსი მარიამისთვის პირველი გამარჯვება არ ყოფილა, მან გაეროს ერთ-ერთ კონკურსშიც გაიმარჯვა, სადაც გარემოს დაცვაზე ჰქონდა პროექტი წარდგენილი.

„პროექტის ღირებულება 550 ლარია, რომლის ფარგლებშიც 50 მოხალისე უნდა ავიყვანო და გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ კამპანია ჩავატაროთ. დავბეჭდავთ ფლაერებს, ბანერებს და სხვადასხვა აქტივობას გავაკეთებთ. გარემოს დაბინძურება ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის, ძალიან ცუდად ვრეაგირებ, როცა ჩემ გვერდით ვიღაც ნაგავს აგდებს ქუჩაში და არ მიაქვს ურნამდე,“-გვეუბნება მარიამი.

მარიამ სრესელი ბათუმის #2  საჯარო სკოლის მე-11 კლასელია. „სწავლა მიყვარს, თითქმის ყველა საგანს ათებზე ვსწავლობ, თუმცა მაქვს გამორჩეული საგნები,  ინგლისური და მათემატიკა,“-გვეუბნება ის.  თავისუფალ დროს მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ატარებს. უყვარს კითხვა, თუმცა ამბობს, რომ ბოლო დროს დამატებითი მეცადინეობის გამო კითხვისთვის თავისუფალი დრო ნაკლებად რჩება.

„პარტიზანული მებაღეობა“, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ და „ბათომი“ – საჯარო შეხვედრა ბათუმში

31 მარტს,  11:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თბილისიდან მოწვეული ექსპერტები და სამოქალაქო აქტივისტები გამართავენ შეხვედრას თემაზე – „ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა და მართვა, თანამოაზრეების მოზიდვა და მედიასთან კომუნიკაცია.“

მოწვეული სტუმრები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ ხდება სამოქალაქო კამპანიის დაგეგმვა და წარმართვა,
ადვოკატირებისა და ქსელური მუშაობის რომელი მეთოდებია უფრო წარმატებული და როგორ უნდა განვითარდეს მედიასთან ეფექტიანი კომუნიკაცია კამპანიის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში. გავრცელებული პრესრელიზის თანახმად,  შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება ბათუმისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

შეხვედრაზე ისაუბრებენ: ნატა ფერაძე – „პარტიზანული მებაღეობა“, გურო იმნაძე – „თეთრი ხმაურის მოძრაობა“, შოთა გუჯაბიძე, ნათია აფხაზავა – „ბათომი“.

შეხვედრა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ორგანიზებით ტარდება. EWMI ACCESS-ი საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად ატარებს შეხვედრების ციკლს სახელწოდებით „საუკეთესო გამოცდილებისა და ინოვაციების გაზიარება“. შეხვედრების მიზანია რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების წარმატებული სტრატეგიების გაცნობა, ასევე თბილისის და რეგიონების არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. 

ნაპირსამაგრი სამუშაოების დროს ბულვარში სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა [ფოტო]

დღეს, 30 მარტს, რამდენიმე წუთის წინ, ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობისას, ახალი ბულვარის მიმდებარედ, პლაჟზე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა.

ნაპირგამაგრ სამუშაოებს ჰოლანდიური კომპანია  STRUIJK GROUP ატარებს.

გურამ მურვანიძის ფოტო
გურამ მურვანიძის ფოტო
გურამ მურვანიძის ფოტო
გურამ მურვანიძის ფოტო
გურამ მურვანიძის ფოტო
გურამ მურვანიძის ფოტო

ნაპირდაცვის პროექტს ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის მთავარი მიზანი ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვაა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „ბათუმის სანაპირო განიცდის ძლიერ ეროზიას დაახლოებით 2,5 კმ სირგძეზე. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით  2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანაპიროს აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ბულვარის აღდგენილ სანაპირო ზოლთან დაკავშირების მიზნით მოეწყობა 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი, რომლის სიგრძე 20 მეტრი იქნება, ხოლო სიგანე 1,5 მეტრი“.

პროექტის დასრულება 2018 წელს იგეგმება.

მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  30 მლ ლარით ფინანსდება.

ამავე თემაზე: ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

ბათუმში ავტომანქანა მამაკაცს დაეჯახა

დღეს,  30 მარტს, ბათუმში, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში  მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა. მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს რეფერალურ საავადმყოფოში.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი 75 წლისაა, იგი „თავის დახურული ტრავმით არის გადაყვანილი რეფერალურ საავადმყოფოში. მამაკაცი კონტაქტურია“.

ხუთი დღის წინ ამავე ადგილზე კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276  მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

გორგილაძის ქუჩაზე ხვალ მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ზებრა გადასასვლელების, გზის გამყოფი ზოლებისა და პარკირების ადგილების განახლება/გადაღებვის გამო ხვალ, 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე ნაწილობრივ გადაიკეტება გორგილაძის ქუჩა მელიქიშვილის ქუჩის კვეთამდე.

სამუშაოები სხვადასხვა ქუჩაზე ეტაპობრივად ხორციელდება და მოსახლეობას წინასწარ ეცნობება ინფორმაცია იმ ქუჩების შესახებ, რომლებზეც სამუშაოების განხორციელება იგეგმება, – აცხადებენ მერიაში.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია სამუშაოები ჩატარდეს მდგრად, მზიან ამინდში, „შესაბამისად, მონიშვნები მიმდინარეობს დღის განმავლობაში, რაც საგზაო მოძრაობის შეფერხებას იწვევს“.

 

ქედაში გზის გასაფართოებლად მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს

ქედაში, მერისი-ოქტომბრის მიმართულებით, საავტომობილო გზის გაფართოება მიმდინარეობს. დაბის ტერიტორიაზე გზის გაფართოებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ქედის გამგეობა ახორციელებს, რისთვისაც გზის მიმდებარედ მწვანე ნარგავები მოჭრეს.

ქედის გამგეობის ინფორმაციით, სულ შვიდი ნაძვის ხეა მოჭრილი. „აღნიშნული მონაკვეთის გაფართოების საჭიროება იყო, რადგანაც ამ ზამთარმა აჩვენა, რომ გზის ამ მონაკვეთზე შეიძლება ფატალურად დასრულებულიყო ავტოსაგზაო შემთხვევა. სულ შვიდი ხე მოვჭარით ნებართვით, ეს სახეობა წითელ ნუსხაში არ არის შეტანილი,“ – ამბობს დავით დუმბაძე, ქედის გამგებელი.

ტერიტორია, სადაც ნაძვები მოჭრეს, გამგეობის ბალანსზეა. ხეების მოჭრის ნებართვა კი გამგეობაში არსებულმა კომისიამ გასცა.

დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, გზის გაფართოებას და საყრდენი კედლის მოწყობას ტენდერში გამარჯვებული შპს „ზადუ“ ახორციელებს. ქედის გამგეობას ხელშეკრულება კომპანიასთან 180 273 ლარზე აქვს გაფორმებული. სამუშაოები სექტემბრის შუა რიცხვებამდე უნდა დასრულდეს.

საავტომობილო გზის გაფართოების სამუშაო ქედაში / ეკა ბარამიძის ფოტო
საავტომობილო გზის გაფართოება ქედაში / ეკა ბარამიძის ფოტო

 

ბათუმის „გუდვილში“ ერთი კილო ალუჩა – 125, ბაზარში კი 80-90 ლარი ღირს

თბილისის „გუდვილში“ 100 გრამი ალუჩის ფასი 10 ლარი და 90 თეთრია, ბათუმში კი, იმავე ქსელის მაღაზიაში ალუჩის ასგრამიანი შეფუთვა კიდევ უფრო ძვირი, 12 ლარი და 50 თეთრი ღირს.

ალუჩა ბათუმის "გუდვილში"
ალუჩა ბათუმის “გუდვილში”

„გუდვილში“ ამბობენ, რომ ალუჩა ჰოლანდიიდან შემოაქვთ. „იმპორტირებული ხილი ყოველთვის უფრო ძვირია და მითუმეტეს ალუჩა. ჰოლანდიაში ასე იყიდება. რახან ალუჩაა, ამიტომაც ღირს ასეთი ძვირი“ – განუცხადეს „ნეტგაზეთს“ კომპანია „გუდვილის“ მარკეტინგის სამსახურში, სადაც ისიც აღნიშნეს, რომ ფასის მიუხედავად, ალუჩა თბილისის „გუდვილში“ მთლიანად გაიყიდა.

ალუჩის შეძენა ბათუმში, ბაზარშიცაა შესაძლებელი. იგივე, ასგრამიანი შეფუთვა ბათუმში, ბონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საბითუმო მაღაზიაში, 9 ლარია, შევაჭრების შემთხვევაში 100 გრამი ალუჩის შეძენას 8 ლარადაც შეძლებთ.

ალუჩა ბაზარში
ალუჩა ბაზარში

„ეს ახლა გაიაფდა, თორემ 15 ლარი ღირდა ასი გრამი, ორი-სამი კვირაა შემოვიტანეთ. მას მყიდველი ჰყავს, ძირითადად ფეხმძიმე ქალები ყიდულობენ“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საბითუმო მაღაზიაში.

ამავე თემაზე: 

გუდვილი: 109 ლარიანი ალუჩა დღენახევარში გაიყიდა

ისმეთ დინდარის პასუხი შპს „აიკონ გრუპის“ განცხადებაზე

ისმეთ დინდარი,
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო
ჰოსპიტლის დირექტორი

მინდა გამოვეხმაურო შპს BROTHERS-ის  45-%იანი წილის მესაკუთრე პარტნიორს შპს „აიკონ გრუპის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას და წარმოვადგინო ინფორმაცია ფაქტების შესახებ, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის, კერძოდ, სამეწარმეო რეესტრის სარეგისტრაციო ჩანაწერებით, ხოლო სად არის  სიმართლე, ეს თავად საზოგადოებამ შეაფასოს.

ა) 2015 წლის 15 მაისს მიიღეს კომპანიის შპს „BROTHERS“-ის „ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“   წესდება, რომელსაც  ხელს აწერს მხოლოდ 45%-იანი წილის მესაკუთრე შპს „აიკონ გრუპი“. წესდების არც ერთ ადგილზე ხელს არ  აწერენ  საკონტროლო 55%-იანი წილის მესაკუთრე პარტნიორები- ბურაქ ბაშლილარი, ერქან ოზმენი, ისმეთ დინდარი. აღნიშნული წესდების ჩანაწერით  ჩვენ- საკონტოლო წილის მესაკუთრეებს ხელოვნურად შეგვიზღუდეს (დაგვიბლოკეს) გადაწყვეტილების უნარიანობა, თუკი კრებას არ დაესწრება 45%-იანი არასაკონტროლო წილის მესაკუთრე შპს „აიკონ გრუპი“.

ბ) 2016 წლის  14 მარტს მიიღეს დამატებითი ოქმი #12,რომელსაც  ხელს აწერს მხოლოდ პარტნიორი შპს „აიკონ გრუპი“. ოქმის არც ერთ ადგილზე ხელს არ აწერენ საკონტროლო წილის მესაკუთრე პარტნიორები- ბურაქ ბაშლილარი, ერქან ოზმენი, ისმეთ დინდარი. ოქმის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებით საწარმოში  დაინიშნა 3 დირექტორი-  იღით თუღრულ თოქმანი, მეჰმეთ ჯან ასლანჯა და მე, ისმეთ დინდარი. კომპანიის მართვის უფლება ჰქონდა სამიდან მხოლოდ ორ დირექტორს და დოკუმენტაციის ხელმოწერის უფლებაც მხოლოდ ორ დირექტორს ჰქონდა. შექმნილი ვითარებით თავის დროზე  ისარგებლეს დირექტორებმა იღით თურთულ თოქმანმა და მეჰმეთ ჯან ასლანჯამ და ისინი მოქმედებდნენ შეთანხმებულად. შესაბამისად ჩემი დირექტორად ყოფნა ყოველგვარ ლოგიკურ აზრს კარგავდა.

დ) ფაქტობრივად, ორივე დოკუმენტი ( 2015 წლის 15 მაისს მიღებული    შპს BROTHERS-ის   წესდება და 2016 წლის  14 მარტს მიღებული დამატებითი ოქმი #12) მიიღეს  ისე, რომ საკონტროლო წილის მესაკუთრე პარტნიორებისათვის ბურაქ ბაშლილარისთვის ერქან ოზმენისა და ისმეთ დინდარისათვის არ უცნობებიათ წერილობით კრების მოწვევის ან დღის წესრიგის შესახებ.

ვ) 2016 წლის 25 აპრილს იღით თურღულ თოქმანმა და მეჰმეთ ჯან ასლანჯამ კომპანიაში დანიშნეს თურქეთიდან ჩამოყვანილი არაკვალიფიციური /საექიმო ნებართვის(ლიცენზიის) არმქონე სპეციალისტები -ვინმე ონურ ოზმენი, რომელსაც დაუნიშნეს ხელფასი 8 000 ა.შ.შ დოლარი.  ასევე დანიშნეს ვინმე   სელმან ქონაქჯი, რომელსაც ხელშეკრულებით დაუნიშნეს 10 000 ა.შ.შ დოლარი, ასევე თითოეული ოპერაციიდან ღირებულების 5%. დღემდე გაუგებარია რაში იხდიდნენ აღნიშნულ თანხებს-თეთრი ხალათებით სიარულსა თუ უკანონო საექიმო საქმიანობის სანაცვლოდ?ასევე იღით თურღულ თოქმანის მიერ IT დირექტორად დაინიშნა ვინმე მურად შენდოღანი, რომლის სახელფასო თანხა გახლდათ 5000 აშშ დოლარი. აღნიშნულმა პიროვნებამ მიითვისა საავადმყოფოს კუთვნილი თანხები და დასაქმებულებს მოტყუებით გამოსძალა დიდი ოდენობით თანხა. დღესდღეობით მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე თაღლითობაზე. ამას ემატება ისიც, რომ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გარეშე დირექტორმა  მეჰმედ ჯან ასლანჯამ დაინიშნა და საკუთარ ანგარიშზე  ირიცხავდა ხელფასს 10 000 აშშ დოლარს. ასევე პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გარეშე დირექტორმა იღით თუღრულ თოქმანმა დაინიშნა და  საკუთარ ანგარიშზე ირიცხავდა  ხელფასს 12 000 აშშ დოლარს. კომპანიაში შესყიდვებს ორგანიზებას უწევდა კომპანიის ე.წ. გენერალური დირექტორი  იღით თუღრულ თოქმანი, შესყიდვები კი ხორციელდებოდა ღირებულების თითქმის ორმაგ ფასებში.

აქვე მინდა ვუპასუხო პარტნიორ შპს „აიკონ გრუპს“, მე დღემდე არ ამიღია ანაზღაურება როგორც ჰოსპიტლის დირექტორს. ანაზღაურებას ვიღებ არა როგორც კლინიკის დირექტორი, არამედ    როგორც  პროფესორი, ექიმი-კარდიოლოგი და ინტერვენციული კარდიოლოგიის სპეციალისტი. თუ როგორ მაღალ შეფასებას აძლევენ ჩემს პროფესიონალიზმსა და საექიმო საქმიანობას პაციენტები, ამის შესახებ  ფართო საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. შესაბამისად, ჩემი შრომითი ანაზღაურება ცალსახად ჩემი მრავალწლიანი მუხლჩაუდრეკელი შრომის შედეგია და თავისთავად  განსხვავდება იმ დირექტორების ანაზღაურებისგან, რომლებმაც ის თვითნებურად დაინიშნეს მეწარმეთა შესახებ კანონის დარღვევით, პარტნიორთა გადაწყვეტილების გარეშე საეჭვო დოკუმენტაციის საფუძველზე და რეალურად მათი საქმიანობა არანაირი შემოსავლისუნარიანი არ ყოფილა.

თ) ზემოაღნიშნული ხელფასებისა და ხარჯების  გასტუმრების  მიზნით  დირექტორები ი. თოქმანი და მ. ასლანჯა ყოველთვიურად დებდნენ არაგონივრული 3(სამ)თვიანი ვადის  სესხის ხელშეკრულებებს  თავად პარტნიორის შპს „აიკონ გრუპთან“, ხოლო სესხად აღებული თანხის ძირითადი ნაწილი მიდიოდა საექიმო საქმიანობის ნებართვის არმქონე,  ე.წ. თეთრი ხალათით მოსიარულე თურქი სპეციალისტების ო. ოზმენის  ს. ქონაქჯის, თაღლითი IT დირექტორის მ.შენდოღანის, ასევე დირექტორების ი. თოქმნანისა და მ.ასლანჯას ჯიბეებში. ამავდროულად დაახლოებით 100 000 ლარს უხდიდნენ ფირმას,  რომელიც თანამშრომელთა კვებას უზრუნველყოფდა.  ამ დროს  45%-იანი წილის მესაკუთრე შპს „აიკონ გრუპი“ რიცხავდა თანხებს პროცენტიანი სესხის ფორმით და მისი  კრედიტორული მოთხოვნა დღითი დღე იზრდებოდა. ბუნებრივია, აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა- რაში სჭირდებოდა პარტნიორს- შპს „აიკონ გრუპს“ თანხების საავადმყოფოში სესხად  შემოტანა პარტნიორთა თანხმობის გარეშე  მაშინ,  როცა მის მიერ შემოტნილი თანხების საკმაო დიდი ნაწილი ყოველგვარი რეზულტატის გარეშე რამდენიმე კაცის ჯიბეში მიდიოდა ???

ი) აქ პასუხი  მარტივია, იგი ფაქტებით ჩანს. შპს „აიკონ გრუპი“, რომელსაც თითქოს   საავადმყოფოსა  და პარტნიორების მიმართ კეთილი სურვილები ამოძრავებდა, თავისივე წილობრივად კუთვნილ საავადმყოფოს სასამართლოში სარჩელით ედავება და  მის მიერ დადებული 3-თვიანი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ცდილობს დაახლოებით ორმილიონ-ნახევარი ლარის დაკისრებას. თუ რა მიზანს ემსახურებოდა საავადმყოფოში სესხის ფორმით თანხების შემოტანა, ეს თავად საზოგადოებამ შეაფასოს.

ე)  პიროვნება, რომელმაც მინდობილობით ისარგებლა და ჩვენთან -საკონტროლო წილის მესაკუთრეებთან (ბურაქ ბაშლილართან, ერქან ოზმენთან და ისმეთ დინდართან)  შეთანხმების გარეშე ხელი მოაწერა  კომპანიის წესდებას, ოქმი #12-სა და სხვა დოკუმენტაციას,  დღემდე მუშაობს შპს „აიკონ გრუპისა“ და აჭარა ტექსტილის თანამშრომლად- იურისტად/ადვოკატად.

მას შემდეგ, რაც ი. თოქმანსა და მ. ასლანჯას უფლებამოსილება შეუჩერდათ, ჩემი- ისმეთ დინდარის მმართველობის პერიოდში დასრულდა სესხების  ხელოვნურად აღება პარტნიორისგან, შპს ,,აიკონ გრუპის’’-გან, გავისტუმრეთ სს „იშ ბანკის საქართველოს“-გან აღებული მილიონ ლარზე მეტი ოდენობის  ვალი.  მედპერსონალის ძირითად ნაწილთან, რომელიც გაგებით მოეკიდა არსებულ ეკონომიკურ პრობლემას, მოხდა ურთიერთშეთანხმება და ხელფასების კორექცია. საექიმო პერსონალი გადადის გამომუშავებით სისტემაზე, ეტაპობრივად  იცვლება შეუსაბამოდ დიდი ფიქსირებული სახელფასო ანაზღაურების სისტემა, რომელიც დასაქმებულებს შრომითი საქმიანობისას ყოველგვარ მოტივაციას უკარგავდა.

რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ პარტნიორებს შორის დღეისათვის მიმდინარეობს სამოქალაქო დავა, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ზოგიერთი არაკეთილმოსურნე ზოგიერთ  დასაქმებულ ექიმს პარტნიორთა შორის დავის იარაღად იყენებს.   

 საქართველოში ჩემი, როგორც ქართველის, ჩამოსვლისა და ყოფნის იდეა გახლდათ ის, რომ ქართველი ხალხისათვის შევქმნა და ვაჩუქო მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულება, რათა მათ არ მოუწიოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ძვირადღირებულ კლინიკებში სიმწრით მოგროვებული თანხის ხარჯვა.

სტატია გამოქვეყნებულია სარეკლამო ფორმატში. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი.

საკრებულოს წევრი: ხულოში სასწრაფოს ავტომობილები მწყობრიდანაა გამოსული

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულს წევრის,  ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხულოს ცენტრში მომუშავე ავტომობილები მწყობრიდანაა გამოსული. საკრებულოს წევრი ხელისფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვს.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს, რომელიც შეაკეთეს და მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ექვსი თვის წინ ზარზეიმით ღორჯომში თვითონ აიყვანა, ერთი თვეც კი არ უმუშავია, მწყობრიდანაა გამოსული. დღეს ხულოში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მხოლოდ ორი ავტომობილი მუშაობს, უჭირთ გამოძახების ადგილზე მისვლა. მოვითხოვთ, ხელისუფლებამ პიარის ნაცვლად საქმე აკეთოს“, – ამბობს საკრებულოს წევრი პარტია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“  ირაკლი ჯორბენაძე.

სასწრაფო დახმარების ავტომობილებთან დაკავშირებით, ხულოს საკრებულოს წევრის განცხადებას ხულოს სასწრაფო სამედიციო დახმარების ცენტრის მენეჯერი დავით შავაძე უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ის ამბობს, რომ ცენტრში მომუშავე ყველა ავტომობილი გამართულია და შეუფერხებლად მუშაობს.

„ხულოს მუნიციპალიტეტს ოთხი ბრიგადა ემსახურება, ოთხი ავტომობილი გვაქვს და ოთხივე გამართულ მდგომარეობაშია, ავტომობილის გამო პრობლემები არ გვქონია,  შიგადაშიგ პატარა პრობლემები შესაძლოა გამოვლინდეს, თუმცა ადგილზე ვაგვარებთ. ღორჯომის ბრიგადის ავოტომობილი გასული წლის დეკემბრის თვეში დაზიანდა, შევაკეთეთ, დღეს შეფერხების გარეშე მუშაობს. ოთხი ავტომობილის გარდა რეზერვში ერთი ავტომობილი გვაქვს, უაზის ტიპის, რომელსაც საჭირების შემთხვევაში ვიყენებთ“ – ამბობს დავით შავაძე.

ხულოს სასწრაფო სამედიციო დახმარების ცენტრის მენეჯერის თქმით, ავტოპარკი ხულოში არც დამატებას საჭიროებს და არც განახლებას – „საუბარია ავტოპარკის განახლებაზე, თუმცა ჩვენი ავტოპარკი განახლებას არ საჭიროებს, რადგანაც ავტომობილები კარგ მდგომარეობაშია“.

გაქირავებული ბინები ქედის სოციალურ სახლში

ქედის მუნიციპალიტეტის დაბაში, ეკნარას უბანში, 12- ბინიან სოციალურ სახლში ბინები, რომლებიც სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრებ პირველ კატეგორიაში მყოფ 12 ეკომიგრანტ ოჯახს სახელმწიფომ 2015 წელს სიმბოლურ ფასად გადასცა, ნაწილი ახლა გაქირავებულია, ნაწილი კი – დაგირავებული.

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით, ხელისუფლებამ ბინები ორი წლის წინ ეკომიგრანტებს ხელშეკრულებით გადასცა, რომლითაც ეკომიგრანტები ვალდებულებას იღებდნენ, რომ ბინის მიღების შემთხვევაში ისინი სიცოცხლისთვის საშიშ საცხოვრებელ სახლებს დაშლიდნენ, თუმცა, ეკომიგრანტებმა სოფელ ჯალაბაშვილებში სახლები არ დაშალეს და უფრო მეტიც, ბევრი მათგანი დღეს სიცოცხლისთვის საშიშ სახლში აგრძელებს ცხოვრებას.

ეკომიგრანტებისთვის მოწყობილ სოციალურ სახლში 12 ბინიდან რამდენი ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს დღეს და რამდენი დაუბრუნდა სოფელს, ზუსტ ინფორმაციას გამგეობა არ ფლობს. ქედის გამგებელი ამბობს, რომ თუ ეკომიგრანტები უახლოეს პერიოდში ყოფილ საცხოვრებლებს საკუთარი ნებით არ დაშლიან, სიცოცხლისთვის საშიში სახლების დასაშლელად გამგეობა კანონის ფარგლებში ალტერნატიულ გზას გამონახავს.

„ეს მათი საკუთრებაა, შეუძლიათ გააქირაონ, არის ფაქტები, რომ ქედაში მიღებული ბინა გააქირავა და რადგანაც ბათუმში მუშაობს იქ იქირავა, მაგრამ, არის ოჯახები, რომლებსაც სოციალურ სახლში არასდროს უცხოვრიათ და არც გაუქირავებიათ. ჩვენ, ამ 12-ბინიანი კორპუსით ორიენტირებული ვიყავით, რომ მოგვეგვარებინა ერთი სოფლის პრობლემა, მით უმეტეს, რომ გეოლოგიურ დასკვნით იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია,” – ამბობს გამგებელი.

სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრები პირველი კატეგორიის ოჯახებისთვის, 12-ბიანიანი სოციალური სახლი ქედაში 2014 წელს მოეწყო – დაბა ქედაში, ყოფილი პოლიკლინიკის შენობა 12-ბინიან საცხოვრებელ სახლად „სოციალური სახლის“ პროგრამის ფარგლებში 2014 გარემონტდა და პირველ კატეგორიაში მცხოვრებ ოჯახებს 2015 წელს გადაეცა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 12-ბინიან სოციალურ სახლის ორ ბინაში სუს-ის თანამშრომლები ცხოვრობენ, ბინები მათ გირაოთი აქვთ აღებული.

ბარათაშვილის ქუჩაზე დღეს მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს,  17:00 სთ-მდე ნაწილობრივ გადაიკეტება ბარათაშვილის ქუჩა, ვინაიდან მიმდინარეობს ზებრა გადასასვლელების, გზის გამყოფი ზოლებისა და პარკირების ადგილების განახლება/გადაღებვა.

სამუშაოები სხვადასხვა ქუჩაზე ეტაპობრივად ხორციელდება და მოსახლეობას წინასწარ ეცნობება ინფორმაცია იმ ქუჩების შესახებ, რომლებზეც სამუშაოების განხორციელება იგეგმება, – აცხადებენ მერიაში.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია სამუშაოები ჩატარდეს მდგრად, მზიან ამინდში, „შესაბამისად, მონიშვნები მიმდინარეობს დღის განმავლობაში, რაც საგზაო მოძრაობის შეფერხებას იწვევს“.

 

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში პარკის რეაბილიტაცია იგეგმება

ბათუმში, რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ეზოში არსებული პარკის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი შპს „სტადიონმა“ გამოაცხადა.

„სტადიონი“ არის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს, რომელიც „რესპუბლიკურის“ ტერიტორიაზე არსებული პარკის მიმდებარედ ახალი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობას კურირებს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში არსებული პარკის [დაახლოებით 6500 კვ/მ ფართობი] რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაში „სტადიონი“ მაქსიმუმ 24 500 ლარს გადაიხდის.

მიმწოდებელი ვალდებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარადგინოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის განმავლობაში.

დოკუმენტაციაში შედის:

  • არსებული ტერიტორიის ტოპოგრაფიული რუკის მომზადება;
  • არსებული პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის ლანდშაფტის არქიტექტურის პროექტი;
  • პარკში არსებული შადრევანის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი;
  • არსებული სკვერის ლანდშაფტურ-დენდროლოგიური პროექტის მომზადება (არსებული ხე-ნარგავების და მცენარეების აღწერა/შეფასება);
  • პროექტირების დროს გათვალისწინებული უნდა იქნას საპროექტო ობიექტის მშენებარე კლინიკური საავადმყოფოს ვერტიკალურ გეგმარებასთან თავსებადობისა და არსებული პროექტით გათვალისწინებული ტერიტორიის მოწყობის ინფრასტრუქტურული საკითხები;
  • არსებულ პარკის ტერიტორიაზე წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მოწყობის პროექტი;
  • არსებული პარკის ტერიტორიის ელექტრომომარაგებისა და განათების პროექტი.

რომელი პასპორტით შეგვიძლია წავიდეთ ევროპაში?

ვიზალიბერალიზაციის პირობებით სარგებლობა ბიომეტრული პასპორტებითაა შესაძლებელი. ამ პასპორტის აღების საფასური 104 ლარია. ბიომეტრულ პასპორტებს იუსტიციის სახლები 2011 წლიდან გასცემენ.

„ბათუმელების“ კითხვაზე, არის თუ არა ამ დროიდან გაცემული ნებისმიერი პასპორტი ბიომეტრული, „იუსტიციის სახლის“ ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ ყველა პასპორტი არ არის ბიომეტრიული: „ზოგჯერ, როცა მოქალაქე ვერ ახერხებს იუსტიციის სახლში მისვლას და შეუძლებელია მისი თითის ანაბეჭდის აღება,  ჩვეულებრივი პასპორტი გაიცემა. ასევე, ბიომეტრული პასპორტი არ გაიცემა იმ შემთხვევაში, როცა მოქალაქე კატეგორიულად მოითხოვს, მის პასპორტზე ჩიპი არ იყოს“.

ბიომეტრული პასპორტი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს  ევროპაში წასვლა შეუძლიათ, 48-გვერდიანი უნდა იყოს და მასზე გარედან დატანილი უნდა იყოს ჩიპი. იუსტიციის სახლში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ფასდაკლება პასპორტის გაცემაზე არ იგეგმება.

ბიომეტრიული პასპორტის ვადა 10 წელია.

იუსტიციის სახლის ვებგვერდის მონაცემებით, ბიომეტრული პასპორტის საფასურის გადახდის დროს შეღავათით სარგებლობენ:

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები მომსახურეობის საფასურის 50%-იანი შეღავათით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები მომსახურების საფასურის 50%-იანი შეღავათით;

მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები  მომსახურების საფასურის 50%-იანი შეღავათით;

18 წლამდე პირები –  მომსახურების საფასურის 50%-იანი შეღავათით;

სრულწლოვანი პირი, რომელიც  არის უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი  და რომელიც ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას სტატუსით „სტუდენტი” თავისუფლდება ბიომეტრიული პასპორტისათვის გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან 5% – ით.

ამავე თემაზე:

60-მდე ქვეყანა, სადაც საქართველოს პასპორტით უვიზოდ იმოგზაურებთ

ბავშვის ცემისთვის მაქსიმალური სასჯელი 2 წელია

სახალხო დამცველის აპარატმა სკოლაში მეორეკლასელი ბავშვის ცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. საუბარია ბათუმში, მე-15 სკოლაში 28 მარტს მომხდარ შემთხვევაზე, როცა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა შვილის პარალელურ კლასელს სცემა.

სკოლის დირექტორის მოადგილემ, ნანა ქათამაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მშობელი, ვინც შვილის კლასელს სკოლის ეზოში  სცემა, დედაა. „ამ ფაქტს შეესწრო მანდატური და ერთ-ერთი მშობელი. ჩვენ მაშინვე შევატყობინეთ ამის შესახებ უბნის ინსპექტორს. მიმდინარეობს გამოძიება, მეტს ვერაფერს გეტყვით“, – ამბობს ნანა ქათამაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარ შეცნობით ჩადენილ დანაშაულზე. სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 180-დან 240 საათამდე, ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საზეპიროების ნაცვლად თამაშები – რას გეგმავს სამინისტრო სკოლებისთვის

„იმის ნაცვლად, რომ მოსწავლეებმა საზეპიროები მოყვნენ ისტორიის წიგნიდან, მათ შეუძლიათ ითამაშონ ისტორიული ფაქტების ირგვლივ და განიხილონ რა სტარატეგია იქნებოდა უფრო საინტერესო, კონკრეტულ შემთხვევაში“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში განათლების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია. ის მინისტრის ინიციატივაზე გვესაუბრება, რომელიც სკოლებში სამაგიდო თამაშების დანერგვას ითვალისწინებს.

თემურ მურღულიას თქმით, სამინისტრომ სამაგიდო თამაშების იდეების მიღებაზე კონკურსი უკვე გამოაცხადა. მისი თქმით, სამინისტრო მინიმუმ სამი ყველაზე საინტერესო პროექტის შესყიდვას აპირებს, თუმცა რაოდენობა შეზღუდული არ არის.

„შეზღუდული არ იქნება თემატიკაც, სამაგიდო თამაშები შეიძლება გათვლილი იყოს როგორც ჰუმანიტარულ, ასევე საბუნებისმეტყველო საგნებზეც“-გვეუბნება თემურ მურღულია.

სამაგიდო თამაშები, თემურ მურღულიას თქმით, განათლების რეფორმის ფარგლებშია დაგეგმილი, ის პოპულარულია ამერიკულ სკოლებში და ფინეთშიც.

„სამაგიდო თამაშები ძალიან სახალისო, საინტერესო და სოციალური უნარების განმავითარებელია. კარგი სამაგიდო თამაში ავითარებს გუნდურობას, კომუნიკაციას და ა.შ მაგალითად ამერიკაში ძალიან პოპულარულია „სკრაბლი“,  ჩვენ ბუნებრივია ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ და ქართულ რეალობაზე, ქართულ კულტურაზე მორგებული თამაშები უნდა შევქმნათ. შესაძლებელია უკვე გამოსული თამაშების ქართულ რეალობაზე ადაპტირებაც მოხდეს, რადგან თამაშების ინდუსტრიაში ბევრი კონცეფციაა უკვე გამოყენებული“.

თემურ მურღულია ამბობს, რომ სამინისტრო იმდენ თამაშს შეისყიდის, რამდენიც იქნება სახელმწიფო კომისიის მხრიდან მოწონებული. „ჩვენ უნდა ვასწავლოთ სკოლებს ამ თამაშების გამოყენება, რომ შემდეგ სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდეს.  1-იდან მე-6 კლასების ჩათვლით რასაც ბავშვი სკოლაში აკეთებს უნდა იყოს სასიამოვნო და სასიხარულო“-ამბობს მურღულია.

მისივე ინფორმაციით, პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების გამოხმაურებას სამინისტრო 10 აპრილამდე ელოდება, შემდეგ კი გაწერილი იქნება სამაგიდო თამაშის შესაქმნელად კონკრეტული ვადები.

„წელს აუცილებლად შევისყიდით რამდენიმე თამაშს, თუმცა ჯერ უნდა ვნახოთ პროექტები“.

თემურ მურღულია ამბობს, რომ სამაგიდო თამაშებისთვის თანხა სახელმძღვანელობის ბიუჯეტიდან დაიზოგება.

„სახელმძღვანელოებზე 7 მილიონ ნახევარი ლარია გამოყოფილი, აქედან რა თანხაც დაიზოგება, იმით მოხდება სამაგიდო თამაშების შესყიდვა. თუ რა დაჯდება ერთი სამაგიდო თამაში, დაკონკრეტებული არ არის, სალიცენზიო თანხა შეიძლება იყოს როგორც 10 ათასი ასევე, 30 ათასი“.

თემურ მურღულიას თქმით, სამაგიდო თამაშები შესაძლებელია სკოლებში ახალი სასწავლო წლისთვის დაინერგოს.

წყლის სისტემა ხელვაჩაურის გამგეობისგან და უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა

ხელვაჩაურში, სოფელ ფერიის გიგინეიშვილების დასახლებაში წყლის სისტემა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს მოაწყო. მოსახლეობა ამბობს, რომ აღდგენიდან დღემდე ანუ ორ წელზე მეტია სასმელი წყალი არ მიეწოდება.

„დაახლოებით ნახევარი დღე მოდიოდა ონკანიდან ჟანგიანი, ყვითელი წყალი. მერე მილებიც დასკდა და წყალიც წავიდა,“ – ამბობს ნარგიზ ბეჟანიძე. ის და კიდევ 83 ოჯახი გიგინეიშვილების დასახლებაში ცხოვრობს.

„მე ჩემი სახსრებით მოვიყვანე წყალი მეზობელი სოფლიდან, კიდევ რამდენიმე ოჯახმაც მოახერხა იგივე და სხვები ჩვენგან ეზიდებიან წყალს, ზოგს წყაროდან მოაქვს, მაგრამ ზაფხულში შრება ესეც, უწყლოდ ვრჩებით ყველა,“ – გვიყვება ნარგიზ ბეჟანიძე.

ფერიაში წყლის სისტემის მოსაწყობად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2015 წელს 146 ათასი ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კომპანია „ლაზარე 2008“-მ ჩაატარა.

„სამუშაოები ჩაიბარა ხელვაჩაურის გამგებელმა, ნადიმ ვარშანიძემ უპასუხისმგებლოდ. ოჯახებს ორ წელზე მეტია არ მიეწოდებათ წყალი და ამ პერიოდში სისტემის გამართვაც ვერ მოახერხა გამგეობამ, მიუხედავად იმისა, რომ სისტემის მოწყობიდან ორი წლის განმავლობაში შემსრულებელ კომპანიას აღებული ჰქონდა ვალდებულება შეკეთებაზე, თუკი რამე გაფუჭდებოდა,“ – ამბობს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძე. მან დღეს ფერიაში ბრიფინგი გამართა.

„ტყუილია ეს ინფორმაციები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნადიმ ვარშანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მისი თქმით, მოსახლეობას მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში შეექმნა პრობლემა, რადგან გზის გაყვანის გამო მილები დაზიანდა და „ეს დრო ბიუროკრატიულ პროცედურებს დასჭირდა“. ნადიმ ვარშანიძე ამბობს, რომ ფერიის მოსახლეობას დაახლოებით 5 დღეში აღუდგება წყლის მიწოდება.

„საიდან იქნებოდა ბინძური, როცა მტირალადან მოდიოდა ეს წყალი, მთელი ბათუმი მაგას სვამს. რომელიმე ღელიდან რომ ყოფილიყო აღებული, მაშინ შეიძლება ყოფილიყო ბინძური… მაგ ხალხს საერთოდ არ ჰქონდა წყალი მანამდე, პირველად გაკეთდა. კიდევ იქნება ხარვეზები, რადგან იქ, სადაც მუშაობა მიდის, ყოველთვის არის რაღაც ხარვეზი“, – გვითხრა ნადიმ ვარშანიძემ.

კონკურსი 6 პოზიციაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა სამინისტროს ცენტრალური აპარატის 6 ვაკანტურ პოზიციაზე:

  • პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
  • დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი;
  • პოლიტიკის დაგეგმვისა და შესრულების მონიტორინგის განყოფილების უფროსი;
  • პოლიტიკის დაგეგმვისა და შესრულების მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
  • აგრობიზნესის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
  • იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

სამინისტროს ინფორმაციით, დარგობრივი მიმართულების ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი ჩატარდება ოთხ ეტაპად – განცხადების გადარჩევა; ტესტირება; წერითი დავალება და გასაუბრება, ხოლო იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი ჩატარება სამ ეტაპად: განცხადების გადარჩევა; ტესტირება; გასაუბრება.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა აპლიკაციებთან ერთად www. hr.gov.ge-ზე უნდა ატვირთონ და გააგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • უმაღლესი განათლებისა/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
  • შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლითაც დადასტურდება სტაჟი.

ამასთან, ყველა დოკუმენტი უნდა იყოს წარდგენილი ქართულ ენაზე, დოკუმენტის უცხო ენაზე არსებობის შემთხვევაში სავალდებულოა მისი ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანის წარდგენა.

„კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. კონკურსში მონაწილე მსურველებმა სხვა მოთხოვნები იხილეთ ზემოთ აღნიშნულ ვებ გვერდზე. განცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 18 აპრილი“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

„ბათუმის აქციის“ კიდევ ერთი მონაწილე გაამართლა სასამართლომ

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დღეს, 29 მარტს, მამუკა ბერიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა. მამუკა ერთ-ერთი იყო იმ 80 პირს შირის, ვინც სამართალდამცველებმა 12 მარტს, დილით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

„ჩვენ იმ საღამოს ღამის კლუბში ვიყავით ერთად. დილით სახლისკენ მივდიოდით, როცა ჯავახიშვილის ქუჩაზე დაგვაკავეს, სპეცრაზმელებიც იყვნენ… არაფერი აუხსნიათ. რამდენიმე საათის შემდეგ გამოგვიშვეს, მამუკა იქედან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შაქარი აწუხებს და ცუდად გახდა,“ – უთხრა მისამართლეს ფრიდონ კიკნაძემ, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა.

მამუკა ბერიძის ადვოკატმა, თენგიზ კახიძემ ყურადღება გაამახვილა პოლიციის მხრიდან „მტკიცების ტვირთის“ დაუცველობაზე, რადგან სამართალდარღვევის ოქმის გარდა პოლიციელებმა სხდომაზე ვერც მოწმე წარმოადგინეს და ვერც ვიდეოჩანაწერი.

11-12 მარტის აქციის შემდეგ მასობრივი არეულობის მოწყობისა და პოლიციელებისადმი თავდასხმის ბრალდებით პროკურატურამ 19 პირი დააკავა. ადმინისტრაციული წესით დაკავებული 80 პირის საქმეების განხილვა ამ დრომდე გრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მათ უმრავლესობას სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა.

რა ეტაპზეა ქობულეთში დამწვარი სასტუმროს საქმე, რასაც ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმის საქალაქო სასამართლო განაგრძობს ზაზა ართმელაძის საქმის განხილვას. მას პროკურატურა უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც რამდენიმე პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საუბარია ქობულეთში 2015 წლის 10 მაისს სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ ხანძარზე, რამაც გასტროლზე მყოფი რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის, „სიხარული 2“-ის 3 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მოსამართლე ირაკლი შავაძემ უკვე მოისმინა პოლიციელებისა და რამდენიმე მოწმის ჩვენება, ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტების, რომლებმაც დასკვნა დადეს და სასტუმროში უსაფრთხოების წესების დარღვევა დაადასტურეს.

„ჩვენ ჩავატარეთ ალტერნატიული ექსპერტიზა, სადაც განსხვავებული დასკვნა დაიდო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ზაზა ართმელაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო ამ საქმეზე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. „ბრალდების მხარის მოწმეებით პირდაპირ არ დასტურდება უსაფრთხოების წესების დაუცველობა“, – ამბობს ტარიელ კაკაბაძე.

მორიგ სხდომაზე სასამართლო დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს, მათ შორის, დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელმაც ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე დასკვნა მოამზადა.

ზაზა ართმელაძე წინასასამართლო სხდომის ეტაპზე გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა მოსამართლე ირაკლი შავაძემ.

2014 წელს, ქობულეთის ხანძრის შემდეგ, ქვეყნის სხვადასხვა თანამდებობის პირმა და პრემიერ-მინისტრმა საჯარო პირობა დადეს, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესები გამკაცრდებოდა, თუმცა დღემდე პარლამენტში ამ კუთხით საკანონმდებლო ინიციატივა არ დარეგისტრირებულა.

2017 წლის 2 აპრილიდან ძალადაკარგულად მიიჩნევა კანონი „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს კანონი 2013 წელს უნდა გაუქმებულიყო, როცა „სამოქალაქო უსაფრთხოების კანონი“ ამოქმედდა.

„ეს კანონი არეგულირებს სახანძრო უსაფრთხოებას და ამჯერად მხოლოდ ხარვეზის გამოსწორება ხდება. სხვა ახალი ინიციატივა ამ კუთხით ჯერ არ დარეგისტრირებულა,“ – გვითხრა ზურაბ დეკანოიძემ, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატის უფროსმა.

ბათუმის საკრებულოში მრჩეველთა საბჭოს ახალ წევრებს აირჩევენ

ბათუმის საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შემადგენლობის განახლებას გეგმავს. ეს არის საკრებულოს სათათბირო–საკონსულტაციო ორგანო, რომლის მიზანიც თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობაა. საბჭოს ორი წლის ვადით სამოქალაქო სექტორი ირჩევს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა ხელმძღვანელობდა. მისი მოსაზრებით, ახალმა საბჭომ მუშაობა ქალაქის ურბანული დაგეგმვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ბიუჯეტის დაგეგმვის საკითხებზე უნდა გააძლიეროს: „საბჭოს მიზანი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაზე დაკვირვება და ბიუჯეტის, როგორც დაგეგმვის ეფექტურობის, ასვე ხარჯვის კონტროლია, საბჭო საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობს.“

საბჭოს არსებულ შემადგენლობას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და ახალი წევრების წარდგენა, შემდეგ კი არჩევა პირველ აპრილამდე უნდა დასრულდეს.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ფილიალი, როგორც საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სპიკერი ორგანიზაცია, 30 მარტს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მართავს შეხვედრას ბათუმში არსებულ საზოგადოებრივ და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სადაც ორგანიზაცია აირჩევს ორ წარმომადგენელს საბჭოში.

შეხვედრაზე აირჩევენ ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნესსექტორისა და მასმედიის საშუალებების ორ-ორ წარმომადგენელს, რომელთა არჩევა ხდება უშუალოდ თითოეული სექტორის მიერ.

ბათუმის 13 ტერიტორიული ერთეულიდან კი წარმომადგენლებს ირჩევენ უბნებში არსებული საზოგადოებრივი დარბაზების წევრები [დარბაზის თავმჯდომარე]. საბჭოს 19 წევრი აირჩევა 2 წლის ვადით.

ყოფილი კოლეჯის შენობაზე სამუშაოები დაიწყო

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის განთავსებისათვის ბათუმში, ზურაბ გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მდებარე შენობაზე [ყოფილი კოლეჯი] სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია.

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება განსაზღვრულია 2 162 520 ლარით. სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული შპს „ალიგატორი 1“ ატარებს. ორსართულიან შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მესამე სართულს და მანსარდას დააშენებენ.

ამ შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია/მშენებლობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებულია შპს ,,Live Design“ -ის მიერ, რაშიც ხელოვნების უნივერსიტეტს 39 100 ლარი აქვს გადახდილი. სამშენებლო სამუშაოებზე საავტორო ზედამხედველობასაც ეს კომპანია განახორციელებს, რაშიც მას უნივერსიტეტი დამატებით 15 ათას ლარს გადაუხდის.

IMG_20170329_095250
სამშენებლო სამუშაოები დამცავი ღობის გარეშე ბათუმში, გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში / 29.03.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო

სამშენებლო სამუშაოები დამცავი ღობის გარეშე მიმდინარეობს, ბეტონის ბლოკები ზედ ტროტუარზეა ჩამოსხმული. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა უნივერსიტეტის რექტორს, ერმილე მესხიას განცხადებას დროებითი ღობის მოწყობაზე წერილობით უპასუხა, რომ „…აღნიშნულ მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. ამავე დროს მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის სამშენებლო რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები“.

17629711_1658458877516865_453925066819843266_n

მიმდინარე წლის 27 მარტიდან ბათუმში ასევე ამოქმედდა საკრებულოს დადგენილება, საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესის შესახებ, რომლითაც რეგულირდება ბათუმის ტერიტორიაზე სამშენებლო-სარემონტო სამუ­შაო­ების წარმოებისას საზოგადოებრივი ტერი­ტო­რიის/სივრცის დროებით სარგებლობასთან, ასევე სა­ზო­გადოებრივ ტერი­ტო­რიაზე/სივრცეში სხვადასხვა ნივთის განთავსებასთან დაკავ­ში­რე­ბული სამართ­ლებ­რი­ვი, ორგანიზაციული, ტექნიკური და ფინანსური საკითხები.

შესყიდვების ვებგვერდზე ხელოვნების უნივერსიტეტის მიერ ატვირთული განცხადების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმებოდა 2017 წლის პირველი აპრილიდან, „რის შემდეგაც მოხდება მიღება-ჩაბარების პროცედურები და შენობის ექსპლოატაციაში მიღება, რაც თავის მხრივ გარკვეულ დროსთანაა კავშირში. შესაბამისად, საავტორო ზედამხედველობის მოწოდების ვადა განისაზღვრება 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით. ამასთან, გაცნობებთ, რომ მომსახურების დაფინანსება განხორციელდება 2017 და 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მრავაწლიან შესყიდვაზე გაცემული თანხმობის წერილის შესაბამისად“.

„ბათომის“ საჯარო ლექცია და დისკუსია კონსერვაციაზე

31 მარტს, 12 საათზე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საზოგადოება „ბათომი“, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტთან  თანამშრომლობით, ატარებს საჯარო ლექციასა და დისკუსიას თემაზე: კედლის მხატვრობისა და ფასადის დეკორატიული ელემენტების საკონსერვაციო პროექტის მომზადება და პრაქტიკა.

ლექციაზე  განხილული იქნება კედლის მხატვრობისა და ისტორიული შენობის დეკორატიული ელემენტების კონსერვაცია–რესტავრაციის საკითხები – პროექტირება, მართვა და რესტავრაცია. ასევე, განხილული იქნება დაფინანსების შესაძლო ვარიანტები, წინასაკონსერვაციო კვლევის მნიშვნელობა, დესტრუქციული და არადესტრუქციული, თანამედროვე და ტრადიციული მეთოდები კონკრეტული მაგალითების გამოყენებით.

ლექციას გაუძღვება  ლელა ნინოშვილი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მაგისტრი ქვის რესტავრაციისა და კედლის მხატვრობის მიმართულებით. ლელა სწავლობდა რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტში არქიტექტურის რესტავრაციას და შვეიცარიის ლუგანოს უნივერსიტეტში (SUPSI) ქვისა და კედლის მხატვრობის კონსერვაციას, გავლილი აქვს ICCROM-ის მე–19 საერთაშორისო საწვრთნელი კურსი ქვის კონსერვაციის მიმართულებით.

2006–2010 წლებში ლელა მუშაობდა შუასაუკუნეების კედლის მხატვრობის რესტავრაციის მიმართულებით. 2012 წლიდან მუშაობს ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნულ კომიტეტში (ICOMOS- საქართველო) კედლის მხატვრობის, ქვის რესტავრაციისა და სამშენებლო მასალების სპეციალისტის მიმართულებით.

ლექცია ორ საათს გაგრძელდება. ფორმატი თავისუფალია, შესაძლებელი იქნება კითხვების დასმა და დისკუსიაში მონაწილეობის მიღება.

ფოტოზე: კედლის მხატვრობის გადარჩენის სამუშაოები ვარძიაში

 

ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლის ექიმებს მაღალი გამავლობის ავტომანქანებს გადასცემენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების  სოფლის ექიმებს მაღალი გამავლობის ავტომაქანებს დღეს, 29 მარტს, გადასცემს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში შეძენილ იქნა ცხრა ავტომანქანა. აქედან ხუთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ხოლო ოთხი – ხელვაჩაურის პირველად ჯანდაცვის ცენტრებს გადაეცემა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში პჯდ ცენტრების ავტოპარკის შევსება სამინისტროს 2017 წლის პროგრამის ფარგლებში დასრულდება.

2014 წელს სამინისტრომ მაღალი გამავლობის 21 ავტომანქანა ხულოს, შუახევისა და  ქედის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანადაფინანსებით შეუსყიდა და გადასცა.

პროექტში გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითთმართველი ორგანოების ჩართულობა, რომლის თანახმად მუნიციპალიტეტები დაფარავენ ავტომანქანების შენახვის, საწვავის ხარჯებსა და მძღოლის ხელფასს.

პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტომანქანებით აღჭურვა უზრუნველყოფს სოფლის ექიმების მობილობის გაზრდას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 49 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და 184 თემის სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს.

„ფინკა ბანკმა“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის აუდიოწიგნი შექმნა

„ფინკა ბანკმა“ უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის აუდიოწიგნი „ჩვენი კლასის წიგნი“ შექმნა. აუდიოწიგნებით 28 მარტს 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაასაჩუქრეს.

„ფინკა ბანკის“ მიერ მომზადებული „ჩვენი კლასის წიგნი“ ბავშვებს ფინანსური განათლების ელემენტებს აცნობს და მათ ბიზნესუნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება. წიგნი შარშან გამოიცა, წელს კი მოხდა მისი სრული ადაპტაცია და დისკრიფცია უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის, წიგნიდან სასარგებლო რჩევები და სახალისო დავალებები ბავშვებმა გაახმოვანეს.

წიგნის პრეზენტაცია 202 -ე საჯარო სკოლაში
წიგნის პრეზენტაცია 202 -ე საჯარო სკოლაში

„ეს არის ფინკა ბანკის კიდევ ერთი საინტერესო და ამავე დროს, ძალიან სასარგებლო სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი. აღსანიშნავია, რომ შშმ პირების ინტეგრაცია და ინფორმირება ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა, მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ბავშვებს დავეხმაროთ ბიზნესუნარ-ჩვევების გამომუშავებაში და მივცეთ საბაზისო ცოდნა ფინანსური განათლების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ეს არის მათთვის სრულიად ახალი ცოდნა და ინფორმაცია, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომი არ არის, ვინაიდან ასეთი სახით სკოლაში არ ასწავლიან,“ – აღნიშნა „ფინკა ბანკის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ესებუამ.

202-ე საჯარო სკოლის დირექტორის, ხათუნა ჯალაღონიას თქმით, მსგავსი პროექტები ეხმარება ბავშვებს მიიღონ მეტი ინფორმაცია და მოახდინონ სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებაში.

„დიდ მადლობას ვუხდით ფინკა ბანკს ამ ინიციატივისთვის, დარწმუნებული ვარ ბავშვებს ეს აუდიოწიგნი ძალიან გამოადგებათ,“ – აღნიშნა ხათუნა ჯალაღონიამ.

აუდიოწიგნი სოციალურ საწარმო „ჰერაში“ ჩაიწერა, სადაც შშმ პირები არიან დასაქმებულები.

პროექტის ფარგლებში მომზადდა რამდენიმე ასეული წიგნი, რომლებიც გაიგზავნება საქართველოს რეგიონების ყველა ბიბლიოთეკაში, რომლებითაც შშმ ბავშები სარგებლობენ. აუდიოწიგნი ასევე ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტში.

რა გაახსენა ვახტანგ ხმალაძემ მანანა კობახიძეს

„სამართლიანი საარჩევნო მოდელის შექმნა შესაძლებელია. მიმაჩნია, რომ მანდატების გადანაწილების წესი არღვევს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანასწორობას“, – უთხრა მოსამართლეებს კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 28 მარტს არსებითად განიხილა სარჩელი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე და ცესკოს წარმომადგენლების გარდა, ექსპერტების პოზიციაც მოისმინა.

ვახტანგ ხმალაძე არ დაეთანხმა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი შარაბიძეს, რომლის პოზიციაც დღეს მოისმინა სასამართლომ. მისი შეფასებით, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოვა პროპორციულობის გადანაწილების წესის შეცვლა.

„კონსტიტუცია აკრძალვას არ აწესებს. იქ მხოლოდ წერია ის, რომ თანასწორობა უნდა იყოს დაცული და რაოდენობები, რამდენი დეპუტატი რომელი სისტემით უნდა აირჩეს,“ – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

მოსამართლე მაია კოპალეიშვილი დაინტერესდა, ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქის შემთხვევაში, რამდენად არის შესაძლებელი იმუშაოს სხვა ფორმულამ, რომელიც კონსტიტუციური იქნება.

ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ მანდატების გადანაწილების პრინციპის შეზღუდვას კონსტიტუცია არ აწესებს. მისი აზრით, არსებული მოდელი მიუღებელია, რადგან იგი ქმნის ერთპარტიული დომინირირების საფრთხეს.

კონსტიტუციონალისტმა თავის გამოსვლაში ასევე გაამახვილა ყურადღება საარჩევნო ბარიერზე. თვლის, რომ თუკი ბარიერი იქნებოდა დაბალი, გასულ საპარლამენტო არჩევნებზე გაცილებით მეტი პარტია შევიდოდა პარლამენტში და ე.წ. “დაკარგული ხმების” რაოდენობა იქნებოდა დაახლოებით 10 პროცენტი და არა 19,8.

„ხომ შეიძლება მოცემულობა შეიცვალოს და დეპუტატები, რომლებიც უმრავლესობაში არიან, ხვალ სხვა პარტიაში გადავიდნენ?“, – იკითხა მანანა კობახიძემ. მას არ დაუმალავს სხდომაზე, რომ მისთვის სასარჩელო მოთხოვნები გაუგებარია, რადგან პროპორციული წესით მანდატების გადანაწილება ცალკე ფორმულით ხდება და ეს არ უკავშირდება მაჟორიტარებს.

ვახტანგ ხმალაძემ მანანა კობახიძეს 2016 წლის საპარალმენტო არჩევნების შედეგი გაახსენა: „მხოლოდ ორი დამოუკიდებელი დეპუტატი გავიდა. ერთის შემთხვევაში, მმართველმა ძალამ თავისი კანდიდატურა მოხსნა, მეორე გამარჯვებული კი, არჩევნებიდან მეორე დღეს უმრავლესობის წევრი გახდა… ახლა თქვენ განსაჯეთ, როგორი იყო მათი დამოუკიდებლობის ხარისხი“.

ვახტანგ ხმალაძემ გაიხსენა ისტორიაც, როგორ დამკვიდრდა ქვეყანაში პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემები.

„ეს იყო 1990 წელს, როცა არსებობდა კომუნისტური პარტია და ყველა დანარჩენი ყველა იყო ოპოზიცია. მაშინ ოპოზიცია ითხოვდა მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ხოლო მმართველი ძალა – მაჟორიტარებს. მოგვიანებით მოხერხდა შეთანხმება და მივიღეთ შერეული საარჩევნო სისტემის მიდელი.  შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ ნათლად დაინახა, რომ მაჟორიტარული სისტემა მას აძლევს სერიოზულ ფორას მომდევნო არჩევნებისთვის და ამაზე უარის თქმა უკვე ვეღარავინ შეძლო… ასეა, მადა ჭამაში მოდის“, – დასძინა ვახტანგ ხმალაძემ.IMG_20170328_172119

 

 

რატომ დგება ბათუმი კანალიზაციის წყლით დატბორვის საფრთხის წინაშე

კანალიზაციის სატუმბი სადგურები ბათუმში შეუფერხებლად მუშაობს -გვითხრეს „ბათუმის წყალში“. რამდენიმე დღის წინ კი ბათუმის N2 სატუმბ სადგურში, ამავე კომპანიის განცხადებით, ოთხიდან ორი ტუმბო მუშაობდა, დიდი იყო მუშა ტუმბოების დაზიანების რისკიც, რაც ქალაქის დიდი ნაწილის კანალიზაციის წყლით და ფეკალიებით დატბორვას  გამოიწვევდა.

„შესყიდვების გვერდზე განთავსებულ დოკუმენტაციაში რა პრობლემებზეც იყო საუბარი, ის პრობლემა დღის წესრიგში აღარ დგას. ეს ტუმბოები შეაკეთეს“, – გვითხრეს „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში.

„ბათუმის წყალი“ დაზიანებული ტუმბოებისთვის სათადარიგო ნაწილების გამარტივებული შესყიდვით შეძენაზე თანხმობას ითხოვდა. თანხმობა შესყიდვების სააგენტოსგან მიმდინარე წლის 13 მარტს მიიღო. სათადარიგო ნაწილებისთვის 20 ათას 183 ევროა საჭირო. ნაწილების მწარმოებლისგან კი შესაბამისი თანხმობა ნაწილების მოწოდებაზე არის.

„ბათუმის წყალს“, როგორც კომპანიაში გვითხრეს, აქვს 9 სატუმბო სადგური, რომლებიც საკანალიზაციო სისტემაშია ჩართული: 2 სადგური ბათუმში, თითო – ახალსოფელში, კვარიათში, სარფში და 4 სადგური – გონიოში.

„ამ სატუმბ სადგურებს აქვს დიდი მნიშვნელობა ბათუმისთვის. მათი საშუალებით ხდება კანალიზაციის წყლის თავმოყრა ადლიის გამწმენდ ნაგებობაში. ტუმბოების დაზიანება მოხდა მექანიკური ნარჩენების გამო, რომლებიც აღწევს ტუმბოს შახტაში. მინდა გითხრათ, რომ მოსახლეობა ძალიან აბინძურებს საკანალიზაციო სისტემას – სატუმბო სადგურებიდან ამოგვაქვს ბორბლები, ნაფოტები, მაისურები, ჯინსის შარვალი, ბაწრები, კატანკები, სამშენებლო ნარჩენები… როცა დინება ძლიერია და მაღალ წარმადობაზე მუშაობს ტუმბო, შეუძლია შეისრუტოს  ნარჩენი და გატეხოს კვანძი. ამისი პრევენცია კი შეგვიძლია იმით, რომ სასწარაფოდ მივიღოთ ზომები სათადარიგო ნაწილების შეძენაზე“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში მარიკა გვიანიძემ, სატუმბო სადგურებისა და ადლიის წყალარინების სამსახურის ხელმძღვანელმა.

მარიკა გვიანიძის თქმით, „ბათუმის წყალმა“ 2016 წლის ბოლოს მოამზადა 9 სატუმბო სადგურისა და ადლიის გამწმენდი ნაგებობის ტუმბოებისთვის სათადარიგო ნაწილების შეძენაზე დოკუმენტაცია, გაიგზავნა ბაზრის კვლევაზე. „ველოდებოდით ფასებს და მოხდა ისე, რომ დაზიანდა 2 ტუმბო… ტუმბოები შევაკეთეთ და აღარ დაგვრჩა სათადარიგო ნაწილები… ტენდერით შესყიდვას დრო სჭირდება. ამიტომ, მოგვიწია ასეთი გადაუდებელი წესით გამარტივებული შესყიდვა, თორემ სხვა მიზეზი და მიზანი არ ყოფილა მაგ შესყიდვის გამოცხადებით“.

თუმცა, როგორც შესყიდვების გვერდზე ატვირთული დოკუმენტებით ირკვევა, ორი ტუმბო წელს, პირველ მარტს დაზიანდა. ტენდერი კი სათადარიგო ნაწილების შეძენაზე „ბათუმის წყალს“ დღემდე არ გამოუცხადებია. მეტიც, ანალოგიური პრობლემა ერთი წლის წინაც შეიქმნა.

შარშან, ნახევარმილიონიან ტენდერში, ორი კომპანია მონაწილეობდა. 7 აპრილს კი „ბათუმის წყალმა“ ტუმბოებსა და ტუმბოების ნაწილების შეძენაზე, ხელშეკრულება გერმანულ კომპანია LIAG Technik Transfer-თან, 476 ათას ლარზე გააფორმა. ისე, რომ ახალი ტუმბოები არ იყო მიწოდებული, ერთ-ერთ სადგურში 4-დან სამი ტუმბო გამოვიდა მწყობრიდან.

„№1 საკანალიზაციო სატუმბო სადგურში უეცრად მწყობრიდან გამოვიდა სამი ცალი საკანალიზაციო ტუმბო, რომელთაგან ერთი ტუმბოს შეკეთება შევძელით საკუთარი ძალებით და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გვესაჭიროება 2 ტუმბოს სასწრაფოდ შეკეთება“, – აცხადებდა იმ დროს „ბათუმის წყალი“, რომელმაც სათადარიგო ნაწილების პრდაპირი შესყიდვით შეძენაზე თანხმობა გასული წლის 25 აპრილს მიიღო. მაშინ „ბათუმის წყალმა“ ტენდერის გარეშე მხოლოდ 8400 ლარი დახარჯა ტუმბოების შეკეთებაში.

„ეს არის ძვირადღირებული ტუმბოები და სათადარიგო ნაწილებიც არის ძვირი. ამასთან, ეს ნაწილები აუცილებლად მწარმოებლისგან [გერმანული კომპანია  LIAG Technik Transfer] უნდა შევიძინოთ, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. მინდა მოსახლეობის საყურადღებოდ ვთქვა, რომ საკანალიზაციო სისტემა არ არის სანაგვე ყუთი. კანალიზაციის სისტემაში უნდა მოხვდეს აბაზანის წყალი, საპირფარეშოდან  ფეკალიები, სამზარეულოდან ჭურჭლის ნარეცხი წყალი და არა ის, რომ ახადო ჭას თავი და მთელი ეზოს ნარეცხი ჩაუშვა შიგ… ძვირი ჯდება დაზიანებული ტუმბოების შეკეთება, რაშიც ფულის გადახდა ბიუჯეტს, ანუ ისევ მოსახლეობას უწევს“, – ამბობს მარიკა გვიანიძე. მისივე თქმით, ბათუმის საკანალიზაციო ქსელს, ადლიის გამწმენდი ნაგებობის ტუმბოების ჩათვლით 70-ზე მეტი ტუმბო ემსახურება.

რამდენიმე მოქალაქემ გონიოდან მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ დასახლებაში ხშირად დგას სპეციფიკური სუნი. უკავშირდება თუ არა ეს გონიოში გამავალ კანალიზაციის ქსელს ან სატუმბ სადგურებს? – მარიკა გვიანიძე ამბობს, რომ ეს სუნი არის მდინარე ჭოროხის პირას მდებარე ნაგავსაყრელიდან: „ამას ნაგავსაყრელს ვერც უწოდებ, ესაა უკონტროლო პოლიგონი, სადაც მახინჯაურის, ბათუმის, ხელვაჩაურისა და გონიო-სარფიდან ყრიან ნაგავს ყოველდღიურად. იქედან წარმოიშვება ეს სუნი. ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე ჰაერის კვლევებიც ჩავატარეთ მაგის გამო და დადგინდა, რომ ასეთი სუნების, თუ გაზების ემისია გამწმენდი ნაგებობიდან არ ხდება“.

ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2015 წლიდან დამოუკიდებლად, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო სამშობლოში ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამის განხორციელება. აღნიშნულის მისაღწევად სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა გრანტის სახით გადასცა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სარეინტეგრაციო სერვისების მიწოდებას დაბრუნებული მიგრანტებისთვის.

აჭარასა და გურიაში 2016 წლის 01 ივნისიდან აღნიშნულ პროგრამას ანხორციელებს ჩვენი ორგანიზაცია, კავშირი „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-ბათუმი“(GCRT-Batumi).

5

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს (საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით), რომლებიც:

  • საზღვარგარეთ ბოლო მიგრაციაში იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით;
  • სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში დარეგისტრირდებიან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამაში ჩართვის მიზნით.

პროგრამა მოიცავს შემდეგ სერვისებს:

ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სოციალური  ბიზნესპროექტების დაფინანსება (მაქსიმუმ 4000 ლარი ).

ბენეფიციართა დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება/გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართვაში ხელშეწყობა.

IMG_2264

სამედიცინო რეაბილიტაცია, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შესახებ ბენეფიციართა ინფორმირებას, ამ სერვისებში მათ ჩართვას. გრანტის ფარგლებში ბენეფიციართათვის სამედიცინო გამოკვლევების, მკურნალობის ჩატარებას და შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფას, ასევე ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას (მაქსიმუმ 1000 ლარი).

IMG_20170323_142708

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სარეინტეგრაციო საგრანტო პროგრამა მნიშვნელოვანი დახმარებაა მიგრანტებისთვის. საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებას ჩვენი ორგანიზაცია უკანასკნელი 10 თვის განმავლობაში ახორციელებდა. ამ პერიოდში რეინტეგრაციის პროგრამაში დარეგისტრირდა აჭარასა და გურიაში მცხოვრები 49 მიგრანტი, მათგან 29-ს დაუფინანსდა სხვადასხვა საქმიანობა, მათ შორის: მესაქონლეობა, მეფუტკრეობა, სასათბურე მეურნეობა, განხორციელდა ინვენტარისა და სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, მათ შორის: 3 მინიტრაქტორი მიწის დასამუშავებლად, ავტომანქანა ტაქსით მომსახურებისთვის,  სადურგლო, ბინების, მანქანების სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტები, სილამაზის სალონში სამუშაო ინვენტარი, საოჯახო სასტუმროსა და ტანსაცმლით სავაჭროდ საჭირო ნივთები; ოთხ ბენეფიციარს დაუფინანსდა ძვირადღირებული, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები, მედიკამენტები, ოპერაციული ჩარევისას ბენეფიციარის წილი.

6

ბენეფიციართა დიდი ნაწილი რამდენიმე თვეა დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ ინსტრუმენტების ან მუშაობისთვის საჭირო სხვა მატერიალური საშუალებების არქონის გამო იყვნენ დაუსაქმებლები, მშობლების პენსიით ან ნათესავების  მხარდაჭერით გაჰქონდათ თავი. მკვეთრად შეიცვალა სურათი რეინტეგრაციის პროგრამით მათი საქმიანობის დაფინანსების შემდეგ, ზოგიერთი მათგანი გახდა მოთხოვნადი სპეციალისტი, გაუჩნდათ საკუთარი შემოსავალი, რამაც მათი და მათი ოჯახის წევრების ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა, საცხოვრისისა და პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შედეგად, გაუჩნდათ სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა.

მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა 2017 წელს ფარავს მთელ საქართველოს. სერვისები, რომლებსაც ბენეფიციარებს ვთავაზობთ, მორგებული იქნება მათ კონკრეტულ საჭიროებებზე, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მათ ღირსეულ რეინტეგრაციას, რაც თავის მხრივ შეამცირებს  ემიგრაციაში არალეგალურად განმეორებითი გამგზავრების რისკებს.

ნანა გორგილაძე

GCRT-ბათუმის დირექტორი

ლოგოები ჩვენი და დევნ სამინისტროს

 

დავა საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურობაზე

საარჩევნო სისტემის კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. დღეს, 28 მარტს, მოსამართლეებმა მხარეთა არგუმენტების გარდა ექსპერტებისა და ცესკოს წარმომადგენლების პოზიციები მოისმინეს.

“ამომრჩეველს უნდა გააჩნდეს იმის გარანტია, რომ მის მიერ მხარდაჭერილი პარტია წარმომადგენლობით ორგანოში მიიღებს მანდატების იმდენ პროცენტს, რამდენი პროცენტი ამომრჩეველიც მას მხარს უჭერს,” – მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს იურისტმა ვახუშტი მენაბდემ. ის ამომრჩევლების – თამარ პაპაშვილისა და ანა ბერიძის ინტერესებს იცავს, რომლებმაც კონსტიტუციური სარჩელით მიმართეს სასამართლოს. ისინი მიიჩნევენ, რომ არსებული საარჩევნო სისტემა საქართველოში უსამართლოა.

მოსარჩელე მხარე ძირითადად პროპორციულობის პრინციპის დარღვევაზე აკეთებს აქცენტს.

“მაგალითად, დღეს 48 პროცენტი მიიღო კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ და მან მანდატების 80 პროცენტი მიიღო, ანუ დაახლოებით მიღებული ხმების ერთნახევარჯერ მეტი. გამოდის, რომ ვინც უმრავლესობას უჭერს მხარს, მისი ერთი ხმა ერთნახევარს იწონის, უმცირესობის ხმა – 50 პროცენტს,” – აცხადებს იურისტი ვახუშტი მენაბდე.

“სხვაგვარად შეუძლებელია,” – უპასუხა მოსარჩელეს პარლამენტის წარმომადგენელმა, გიორგი ჩიბჩიურმა: “უმრავლესობა ყოველთვის არის ერთი, უმცირესობა – რამდენიმე. თითოეული არჩევნები ემსახურება ხელისუფლების უმრავლესობისთვის გადაცემას. არავის ხმა არ იკარგება, რადგან ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გააკეთოს არჩევანი, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით.”

“ეს არ არის საარჩევნო უფლების შინაარსი,” – გამოეპასუხა პარლამენტის იურისტს ვახუშტი მენაბდე, მოსარჩელე მხარის იურისტი: “ჩემი ხმა, რომელიც მე დავაფიქსირე, ადეკვატურად უნდა აისახოს მანდატებში. საარჩევნო სისტემის მიზანი ეს უნდა იყოს”.

მოსარჩელე ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემისაც, რადგან არჩევნებს იგებს ის კანდიდატი, ვინც 50 პროცენტს პლუს ერთ ხმას მიიღებს.

ვახუშტი მენაბდე: “გამოდის, რომ 49 პროცენტი კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში ყოველთვის წარმომადგენლის გარეშე რჩება”.

გიორგი ჩიბჩიურს, პარლამენტის წარმომადგენელს ამ არგუმენტმა პრეზიდენტი გაახსენა:

“პერსონიფიცირებული პირის არჩევა თავისთავად გულისხმობს ვიღაცის დამარცხებას… პრეზიდენტის არჩევნებზე როგორ მოვიქცეთ მაშინ, რამდენიმე პრეზიდენტი ავირჩიოთ?”

“შედეგზე უნდა აისახოს თუ არა ჩემი ხმა, თუ ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ის არის, რომ წავედი არჩევნებზე და ბიულეტენზე კონკრეტული ციფრი შემოვხაზე?” – ეს შეკითხვა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი შარაბიძეს დაუსვა.

“თუკი მაჟორიტარულ სისტემაში დაიკარგა ამომრჩევლის ხმა, ეს განწყობა აუცილებლად გამოჩნდება პარალელურ სისტემაში, ანუ პროპორციული არჩევნების დროს. 2012 წლის თუ გასული წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ ვინც აძლევდა პარტიას ხმას, იმ პარტიის მაჟორიტარ კანდიდატს ირჩევდა ამომრჩეველი”, – აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.

ცესკოს წარმომადგენლის მკაფიო პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ უნივერსალური საარჩევნო სისტემა არ არსებობს და ძლიერი და სუსტი მხარეები თითოეულ სისტემას აქვს. გიორგი შარაბიძემ განმარტა, რომ კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობა მაჟორიტარული კანდიდატებისთვის და პარტიებისთვის ცალ-ცალკე უნდა დაითვალონ. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტში სულ 150 წევრია, აქედან 77 პროპორციული სისტემით აითვლება, 73 – მაჟორიტარულით.

“შესაძლებელია ხმები დავთვალოთ 150-დან?”- იკითხა მოსამართლე მანანა კობახიძემ, რაზეც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ თქვა – “არა”.

“აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,” – დასძინა მანანა კობახიძემ.

IMG_20170328_123112

 

 

 

 

80 წლის ვენერა ზაქარიაძე მთავრობასა და საზოგადოებას მიმართავს

ვენერა ზაქარიაძე, ურეხის დასახლება #13 სახლი

მოგმართავთ ურეხში მცხოვრები 80 წლის ვენერა ზაქარიაძე, რათა ჩემი სატკივარი გულთან მიიტანოთ. 25 წლის  შვილიშვილი რამდენიმე წლის წინ გარდამეცვალა, სახლში ჩემი ავადმყოფი შვილი, რძალი და შვილთაშვილი დავრჩით. არ გვაქვს არანაირი შემოსავალი, რითაც არსებობას შევძლებთ. 180 ლარი პენსია რაში უნდა გვეყოს? სახლი ავარიულ მდგომარეობაში, მარჩენალიც არავინ გვყავს.

რა ვიზალიბერალიზაცია, დანიშნული სოციალური დახმარებაც მომიხსნეს, მაშინ, როცა საყოფაცხოვრებო ნივთებიც კი არ გაგვაჩნია.
უკიდურეს გაჭირვებაში მრავალი წელია რაც უკვე ვართ და არავინ ყურს არ გვიგდებს. არ მაქვს სარეცხი მანქანა, გაზი და პირველადი მოხმარების საგნები…

უმორჩილესად გთხოვთ, რომ ჩემი სატკივარი გულთან მიიტანოთ.

მეტი გზა აღარ დამრჩა.

 

 

ზურაბ პატარაძე სტუდენტებს შეხვდა

დღეს, 28 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მან  ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას ის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებიც გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იმყოფებოდნენ.

„ვიზალიბერალიზაცია შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო მეტი ჩართულობა გვქონდეს ევროპასთან, უფრო მეტად ვიყოთ ჩართული სხვადასხვა პროექტში და კულტურულ-ჰუმანიტარული, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ.

გუშინ ვიყავი მაღალმთიან აჭარაში, ხულოში და იქაც აფრიალდა ევროკავშირის დროშები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებდა ამ ინიციატივას, მაგრამ ჩვენმა სწრაფვამ ევროპისკენ მიგვიყვანა დადებით შედეგებამდე.

დღეს, თითოეულ ჩვენგანს, არა დიპლომატიური პასპორტით ან ვიზით, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქის პასპორტით შეუძლია შევიდეს ევროპის ქვეყნებში. უვიზო რეჟიმი ხელს  შეუწყობს ურთიერთობების გარღმავებას, სწორედ ახალგაზრდების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ გვჭირდება განათლებული, ძლიერი კადრები და თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც მიიღებთ ევროპულ განათლებას და მაქსიმალურ სარგებელს მოუტანთ ჩვენს ქვეყანას.

მინდა გთხოვოთ თითოეულ სტუდენტს, განსაკუთრებით მათ, ვინც უკვე იყავით ევროპაში სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით, რომ მეტი ჩართულობა იყოს თქვენი მხრიდან, მეტი განმარტებები უნდა მისცეთ ახალგაზრდებს, თუ რა პერსპექტივებია ევროპაში“- აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

ზურაბ პატარაძის თქმით, საქართველო გაერთიანდა ტურიზმის საერთაშორისო ასოციციაში, რაც მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ მეტი ტურისტი ჩამოვა ქვეყანაში და საერთაშორისო დონის შეხვედრები გაიმართება.

ზურაბ პატარაძის სტუდენტებთან შეხვედრას აჭარის განათლების მინისიტრი, ინგა შამილიშვილიც ესწრებოდა.

ზურაბ პატარაძე ბსუ-ში
ზურაბ პატარაძე ბსუ-ში

 

 

 

შპს „აიკონ გრუპ“-ის განცხადება

შპს „აიკონ გრუპ“,

შპს “BROTHERS”-ის საწესდებო კაპიტალის 45% წილის მფლობელი პარტნიორი 

განცხადება

ჩვენ, როგორც შპს „BROTHERS“-ის საწესდებო კაპიტალის 45%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი შპს „აიკონ გრუპ“-ი იძულებული ვართ ვუპასუხოდ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის ამჟამინდელი ერთ ერთი დირექტორის ისმეთ დინდარის უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც არაერთი სატელევიზიო ინტერვიუში თუ საგაზეთო სტატიაში გააჟღერა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისმეთ დინდარის აღნიშნული (უსაფუძვლო და ცილისწამებლური) განცხადებები მიმართულია საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, ხოლო ჩვენი აღნიშნული განცხადება მიმართულია მხოლოდ იმისაკენ რომ საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში ისმეთ დინდარის მიერ გაკეთებული ცილისწამებლური განცხადებებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ვეცდებით გავცეთ დასაბუთებული პასუხი ყველა იმ უსაფუძვლო ბრალდებას, რომელიც გასული დღეების განმავლობაში მომდინარეობს ისმეთ დინდარისაგან.

2012 წლის 28 ივნისს დაფუძნდა შპს „BROTHERS“-ი, რომლის იმდროინდელ პარტნიორებს წარმოადგენდა შპს „აიკონ გრუპ“-ი (საწესდებო კაპიტალის 45 %-იანი წილის მფლობელი პარტნიორი), ბურაქ ბაშლილარი (საწესდებო კაპიტალის 45%-იანი წილის მფლობელი) და ისმეთ დინდარი (საწესდებო კაპიტალის 10%-იანი წილის მფლობელი). კომპანიამ 2012 წლის 09 აგვისტოს აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საკუთრების უფლებით შეიძინა ქ. ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძს ქ.N14/ბაგრატიონისა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე 15 005 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რა დროსაც კომპანიამ სამინისტროს წინაშე აიღო ვალდებულება აეშენებინა და ექსპლუატაციაში შეეყვანა მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულება, სადაც განთავსდებოდა ასევე შესაბამისი ლაბორატორია და დასაქმდებოდა არანაკლებ 250 საქართველოს მოქალაქე. სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ კომპანიამ დაიწყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად დაიწყო მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა, რა დროსაც პარტნიორების შპს „აიკონ გრუპ“-ის, ერქან ოზმენისა და ბურაქ ბაშლილარის მიერ განხორციელდა სოლიდური ინვესტიცია (2014 წლის 23 ოქტომბერს ბურაქ ბაშლილარმა ერქან ოზმენს მიჰყიდა თავისი წილის ნაწილი 22,5%-ის ოდენობით შესაბამისად ამ პერიოდიდან კომპანიის ერთ ერთ პარტნიორს წარმოადგენდა ასევე ერქან ოზმენიც). ისმეთ დინდარს კი როგორც პარტნიორს არცერთი თეთრი არ ჩაუდია ინვესტიციების განხორციელებაში, უფრო მეტიც მას კომპანიაში დღემდე არ აქვს შეტანილი კუთვნილი საწესდებო კაპიტალი.

2015 წლის 27 მაისს შპს „BROTHERS“-ის (რომელის საკუთრებაშიც არის საერთაშორისო ჰოსპიტალი) დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნენ ბატონი იღით თუღრულ თოქმანი და ირაკლი ტაკიძე, რომლებიც ერთობლივი ხელწერით და ერთობლივი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით ახორციელებდნენ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, აღნიშნული პირების დირექტორად დანიშნვასთან დაკავშრებით გადაწყვეტილება პარტნიორების მიერ მიღებულ იქნა ერთხმად.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნულ დირექტორებს შორის გამიჯნული იყო უფლებამოსილებებიც, კერძოდ: იღით თუღრულ თოქმანი ახორციელებდა სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრირების სფეროში მმართველობას, ხოლო ირაკლი ტაკიძე კურირებდა კომპანიის მიერ განხორციელებულ შესყიდვებს, რომელიც შემდგომ გადაიბარა სამედიცინო დაწესებულების ერთ ერთი პარტნიორის ბურაქ ბაშლილარის ახლო ნათესავმა ქადირ ბაშლილარმა.

2016 წლის 15 მარტს (მას შემდგომ როდესაც სამედიცინო დაწესებულება შევიდა ექსპლუატაციაში და სრული დატვირთვით დაიწყო ფუნქციონირება) კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა ბატონი ირაკლი ტაკიძე და სამედიცინო დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნენ ბატონი მეჰმეთ ჯან ასლანჯა, ბატონი იღით თუღრულ თოქმანი და ისმეთ დინდარი. პარტნიორთა გადაწყვეტილებით სამი დირექტორიდან არანაკლებ ორ დირექტორს უნდა წარმოედგინა კომპანია ანუ არანაკლებ ორ დირექტორს მიენიჭა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

შესაბამისად აღნიშნული პერიოდიდან დაიწყო ისმეთ დინდარსა და კომპანიის დანარჩენ ორ დირექტორს შორის უთანხმოება, ხოლო უთანხმოების მიზეზი კი კარგად არის ცნობილი ისმეთ დინდარისათვის.

ისმეთ დინდარმა 2016 წლის პირველ ივლისს ჩაიდინა თანამდებობისათვის შეუფერებელი საქციელი და სამედიცინო დაწესებულების ფოიეში პაციენტებისა და თანამშრომლების წინაშე ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა კომპანიის ერთ ერთ დირექტორს ბატონ იღით თუღრულ თოქმანს, რითაც მან შელახა იღით თუღრულ თოქმანის უფლება და ზიანი მიაყენა სამედიცინო დაწესებულების საქმიან რეპუტაციას. აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 სექტემბრის განაჩენით ისმეთ დინდარი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ასევე სასამართლოში სარჩელი შეიტანა ბატონმა იღით თუღრულ თოქმანმა ისმეთ დინდარის წინააღმდეგ, რომლითაც დაზარალებული ისმეთ დინდარისაგან მოითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას.

2016 წლის 13 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების რეჟიმში მიღებულ იქნა განჩინება, რომლის საფუძველზეც კომპანიის სამეურნეო და ეკონომიკური მართვა ერთპიროვნულად გადაეცა ისმეთ დინდარს, შესაბამისად მართალია ამ ნაწილში კომპანიის ორ დირექტორს შეუჩერდა უფლებამოსილება, თუმცა ამავე განჩინებით კომპანიის სამივე დირექტორს (იღით თუღრულ თოქმანს, მეჰმეთ ჯან ასლანჯასა და ისმეთ დინდარს) ერთობლივი ხელწერითა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მიენიჭათ შემდეგი უფლებამოსილებები, კერძოდ: კომპანიის მიერ სესხის აღება, სესხის დაბრუნება, უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება, დატვირთვა და სხვა. შესაბამისად სასამართლოს აღნიშნული განჩინებით უდაოდ დასტურდება ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ კომპანიის დირექტორები მეჰმეთ ჯან ასლანჯა და იღით თუღრულ თოქმანი დღემდე არიან დირექტორის თანამდებობებზე და ახორციელებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, შესაბამისად ისმეთ დინდარის განცხადება თითქოსდა მეჰმეთ ჯან ასლანჯას და იღით თუღრულ თოქმანს შეჩერებული აქვს დირექტორის უფლებამოსილება არის უსაფუძვლო და ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას (რომლის არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი ისმეთ დინდარს არ გააჩნია).

ისმეთ დინდარმა სატელევზიო თუ საგაზეთო სივრეცში არაერთხელ მისცა ინტერვიუ, სადაც მან აღნიშნა, რომ თურმე შპს „აიკონ გრუპ“-მა ბოროტად გამოიყენა მინდობილობები, ვითომდა შპს „აიკონ გრუპ“-ის მიერ დანიშნულმა დირექტორებმა ხელოვნურად მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულება ფინანსურ კრიზისამდე, თითქოსდა მათ დანიშნული ჰქონდათ შეუსაბამოდ მაღალი ხელფასები, თითქოსდა შეუსაბამოდ მაღალ პროცენტებში ღებულობდნენ სესხს იმისათვის რომ კომპანია გაეკოტრებინათ, და სხვა.

იმისათვის, რომ საზოგადოებისათვის უფრო ნათელი იყოს ისმეთ დინდარის მიერ შპს „აიკონ გრუპ“-ის და დირექტორების იღით თუღრულ თოქმანისა და მეჰმეთ ჯან ასლანჯას მისამართით განხორციელებული ცილისწამებლური განცხადებები და უსაფუძვლო ბრალდებები ცალ ცალკე დასაბუთებულად ვუპასუხებთ ისმეთ დინდარის ბრალდებებს, კერძოდ:

ა) შპს „აიკონ გრუპმა“ თითქოსდა ბოროტად ისარგებლა პარტნიორების მინდობილობებით და მიიღო პარტნიორებისათვის მიუღებელი წესდება – მოცემულ შემთხვევაში საზოგადოების ყურადღებას გავამახვილებთ იმ გარემოებაზე, რომ 2016 წლის 15 მარტს შპს „BROTHERS“-ის  პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ისმეთ დინდარი, ბატონი მეჰმეთ ჯან ასლანჯა და ბატონი იღით თუღრულ თოქმანი, რა დროსაც მიღებულ იქნა აგრეთვე კომპანიის სამოქმედო დოკუმენტი წესდება. თუ აღნიშნული ჩანაწერი თავის დროზევე მიუღებელი იყო პარტნიორებისათვის და განსაკუთრებით ისმეთ დინდარისათვის, მაშინ რატომ არ გახადა სადაოდ ისმეთ დინდარმა დირექტორის თანამდებობაზე ისმეთ დინდარის დანიშვნიდან ერთ ორ ან სამ თვეში? და რატომ გახდა სადაოდ აღნიშნული წესდება მიღებიდან 18 თვეში? (გაცნობებთ, რომ წესდება პირველად შეიცვალა 2015 წლის მაისის თვეში) თუ მაშინ არ აღელვებდა ისმეთ დინდარს ჩანაწერის არსებობა? თუ ისმეთ დინდარი ამბობს, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ასეთი ჩანაწერის არსებობის თაობაზე, მას როგორც პარტნიორს რატომ არ გაუჩნდა სურვილი გადაემოწმებინა მის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე შედგენილი ოქმისა და წესდების სისწორე? აღნიშნული ხომ არ მეტყველებს ისმეთ დიდნარის როგორც პარტნიორის გულგრილობაზე და პარტნიორული მოვალეობების უგულებელყოფაზე?

ბ) კომპანიის დირექტორები იღით თუღრულ თოქმანი და მეჰმეთ ჯან ასლანჯა-ს მიერ ხორციელდებოდა მაღალი საპროცენტო განაკვეთით სესხის აღება – მოცემულ შემთხვევაში მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნულ დირექტორებს მაღალი საპროცენტო განაკვეთით არ აუღიათ სესხი. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იურიდიულ პირებს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობისას იურიდიული პირები ვალდებულნი არიან საპროცენტო განაკვეთის ნაწილში იხელმძღვანელონ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთით, მოცემულ შემთხვევაში კი კომპანიის მიერ სესხის აღება ხორციელდებოდა იმ განაკვეთის ფარგლებში რომელიც დადგენილი იყო ეროვნული ბანკის მიერ, ხოლო აღებული სესხით დროულად იფარებოდა სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სახელფასო დავალიანებები, მესამე პირებთან არსებული კრედიტორული დავალიანებები, ბიუჯეტის წინაშე არსებული საგადასახადო დავალიანებები, კომუნალური გადასახადები და სხვა (რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო სამედიცინო დაწესებულების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის). აღსანიშნავია ასევე ის გარემოებაც, რომ სწორედაც რომ აღნიშნული სესხის საფუძველზე მიღებული თანხებიდან ხორციელდებოდა ისმეთ დინდარის კუთვნილი ხელფასის გაცემაც, რომელიც შეადგენდა 10 000 აშშ დოლარს (იმ დროისათვის დაალხობეით 24 000 ლარს). ასევე იფარებოდა ისმეთ დინდარის შვილის ილქერ დინდარის კუთვნილი კომპანიიდან შეძენილი მასალების ღირებულებაც. რატომ არ განაცხადა ისმეთ დინდარმა  იმ თავითვე პრეტენზია თუ ის როგორც პარტნიორი წინააღმდეგი იყო სესხის აღებაზე? აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა კი საზოგადოებისათვის მიგვინდია…

3) მეჰმეთ ჯან ასლანჯამ და იღით თუღრულ თოქმანმა თვითნებურად დაინიშნეს არაადეკვატური ხელფასები, თითეულმა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით – აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ იღით თუღრულ თოქმანისა და მეჰმეთ ჯან ასლანჯას სამსახურში მიღების დროს მათთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულებები, სადაც განისაზღვრა მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოები, დასაკავებელი პოზიციები და სახელფასო განაკვეთი. მოცემულ შემთხვევაში როგორც ავღნიშნეთ ისმეთ დინდარსაც ჰქონდა დანიშნული 10 000, აშშ დოლარი, რომელსაც ღებულობდა ყოველთვიურად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით. აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით თუ იღით თუღრულ თოქმანის და მეჰმეთ ჯან ასლანჯას მიერ მიღებული ხელფასები იყო არაადეკვატური და სოლიდური, მაშინ რატომ არის ადეკვატური ისმეთ დინდარის მიერ ხელფასის სახით აღებული 10 000 აშშ დოლარი? ისმეთ დინდარი დღეს კიდევ ხელფასის სახით ღებულობს აღნიშნულ თანხას, ასევე კლინიკაში არის ექიმთა კატეგორია, რომელიც გაცილებით უფრო მეთ ხელფასს ღებულობდნენ და ღებულობენ (ვიდრე მეჰმეთ ჯან ასლანჯა და იღით თუღრულ თოქმანი)  და რომელიც მართლაც რომ თვითნებურად აქვს დანიშნული ისმეთ დინდარს, ისე რომ აღნიშნულის თაობაზე არც კი უკითხავს (რომ არაფერი ვთქვათ შეთანხმებაზე) შპს „აიკონ გრუპი“-სათვის, როგორც პარტნიორისათვის.

4) იღით თუღრულ თოქმანი და მეჰმეთ ჯან ასლანჯა შესყიდვებს ახორციელებდნენ შეუსაბამო მაღალ ფასებში – ისევე როგორც სხვა ბრალდებები აღნიშნულ ნაწილშიც ისმეთ დინდარის ბრალდება არის უსაფუძვლო, მოცმეულ შემთხვევაში როგორც ზემოთ ავღნიშნეთ შეწყიდვების ნაწილს თავდაპირველად კურირებდა კომპანიის ერთ ერთი დირექტორი ირაკლი ტაკიძე, ხოლო შემდგომ სამედიცინო დაწესებულების ერთ ერთი პარტნიორის ბურაქ ბაშლილარის ახლო ნათესავი ქადირ ბაშლილარი. ჩვენი ინფორმაციით დღეის მდგომარეობით შესყიდვებს ერთპიროვნულად კურირებს ისმეთ დინდარი, რომელიც მასთან დაახლოებული კოპანიებისაგან (მათ შორის მისი შვილის ილქერ დინდარის კუთვნილი კომპანიისაგან) ახორციელებს შესყიდვებს, ყოველგვარი საჭიროების გარეშე, რასაც სამომავლოდ აუცილებლად შეისწავლის შესაბმისი ორგანოები.

5) იღით თუღრულ თოქმანმა და მეჰმეთ ჯან ასლანჯამ თურქეთიდან ჩამოიყვანეს და დანიშნეს ვინმე მურად შენდოღანი, რომელმაც მიითვისა დიდი ოდენობით თანხები – აღნიშნულთან დაკავშრებით გაცნობებთ, რომ არც მეჰმეთ ჯან ასლანჯას და არც იღით თუღრულ თოქმანს არ ჩამოუყვანია მურად შენდოღანი. აღნიშნული პიროვნება ისედაც იმყოფებოდა საქართველოში, რომელიც იმ დროისათვის ერთ ერთი დირექტორის ირაკლი ტაკიძის ხელმოწერით აყვანილ იქნა სამსახურში (იმ დროისათვის მეჰმეთ ჯან ასლანჯა არ იყო კომპანიის დირექტორი). რაც შეეხება აღნიშნული პიროვნების მიერ თანხის მითვისების ფაქტს, მინდა ავღნიშნო, რომ მეჰმეთ ჯან ასლანჯასა და იღით თუღრულ თოქმანის მიერ დაიწყო შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების განხორციელება, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინების საფუძველზე ვინაიდან იღით თუღრულ თოქმანსა და მეჰმეთ ჯან ასლანჯას წარმომადგენლობით უფლებამოსილება გარკვეულ საკითებში შეეზღუდათ და მიენიჭა ისმეთ დინდარს, ისმეთ დინდარი იყო ვალდებული განეხორციელებინა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.

სწორედაც რომ ისმეთ დინდარის მმართველობის დროს დაიწყო სამედიცინო დაწესებულებაში პრობლემები, ვინაიდან ისმეთ დინდარის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში დაინერგა შანტაჟის, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ნეპოტიზმის პოლიტიკა, რამაც აიძულა სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალი მიემართა კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური პროტესტის ფორმას, რათა ხმა მიეწვდინათ, როგორც კომპანიის პარტნიროებისათვის, ასევე საზოგადოებისათვის სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ვითარებასთან დაკავშირებით. ფაქტიურად ისმეთ დინდარის მიერ არაერთხელ უხეშად დაირღვა დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, დროულად ვერ განახორციელა პერსონალისათვის კუთვნილი ხელფასების დარიცხვა, ასევე აიძულებდა პერსონალს მოეწერა ხელი მათვის მიუღებელ და კაბალურ შრომით ხელშეკრულებებს (რომელიც ითვალისწინებდა შრომითი ანაზღაურების განახევრებას და სამუშაო საათების გაზრდას), რის თაობაზეც არაერთხელ გაიმართა სატელევზიო მიმართვა, ასევე ისმეთ დინდარმა დაუსაბუთებლად გაუშვა ათეულობით ადამიანი სამსახურიდან და დატოვა ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. სამედიცინო დაწესებულებაში შექმნილი ვითარების გამო სამედიცინო დაწესებულებაში არსებული განყოფილებების ხელმძღვანელებმა და წამყვანმა ექიმებმა (რომლებიც წარმოადგენდნენ სამედიცინო დაწესებულების ინტელექტუალურ ბირთვს) საკუთარი განცხადებით მიმართეს ისმეთ დინდარს და მოითხოვეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა იმ საფუძვლით რომ ფაქტიურად შეუძლებელი იყო საექიმო საქმიანობის შესრულება ისეთ გარემოში, სადაც მუდამ სუფევდა შიში, სტრესი, შანტაჟი, რევანშისტული დამოკიდებულება და ა.შ. ასევე დასაქმებულების თქმით მნიშვნელოვნად შემცირდა მოსმახურეობის ხარისხი, პაციენტთა რიცხვი და სამედიცინო დაწესებულების შემოსავალი.

ისმეთ დინდარი საკუთარი განცხადებებით ცდილობს გადაფაროს მის მიერ განხორციელებული მენეჯმენტის წარუმატებლობა და სრული კრახი, რამაც სამედიცინო დაწესებულება მიიყვანა მძიმე ფინანსურ მდგომარეობამდე. ჩვენთვის წარმოუდგენელია თუ როგორ უნდა ჩარეულიყო შპს „აიკონ გრუპ“-ი და აეძულებინა 350 დასაქმებულიდან დაახლოებით 300 დასაქმებული ბუნტის განხორციელებისათვის (როგორც უწოდებს ისმეთ დინდარი), მაშინ როდესაც მენეჯმენტის სათავეში იმყოფება ისმეთ დინდარი და თვითონ დამოუკიდებლად განსაზღვრავს სამედიცინო დაწესებულების განვითარების (თუ განუვითარებლობის) პოლიტიკას. სწორედაც რომ ისმეთ დინდარი ცდილობს ხელი შეახოცოს მისი თქმით წინა მენემენტს, წარუმატებლობის გადაფარვის და მოსალოდნელი პასუხისგმებლობის თავიდან აცილების მიზნით. თუ გავიზიარებთ ისმეთ დინდარის ამ ჰიპოტეტურ განცხადებას და დავიჯერებთ რომ თურმე შპს „აიკონ გრუპ“-ი და წინა მენეჯმენტი აბუნტებს დასაქმებულებს, მაშინ გამოდის რომ ისმეთ დინდარი როგორც მენეჯერი და მმართველი არის უუნარო და მას არ შეუძლია მართოს სამედიცინო დაწესებულება ისე როგორც ამას მოითხოვს არსებული სტანდარტები, ანუ იმ პირობებში როდესაც ორ დირექტორს არ აქვს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი ბერკეტი ზემოქმედება მოახდინოს დასაქმებულზე (ანუ აიყვანოს ან/და გაუშვას სამსახურიდან, ან არ გადაუხადოს ხელფასი და ა.შ) ჩვენთვის გაუგებარია თუ რა ფორმით ახდენენ იღით თუღრულ თოქმანი, მეჰმეთ ჯან ასლანჯა ან/და აიკონ გრუპი ზემოქმედებას დასაქმებულებზე.

ჩვენ მოვუწოდებთ ისმეთ დინდარს, როგორც მოქმედ დირექტორს კეთილსინდისიერად და ჯეროვნად განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და სასამართლოს განჩინებით დაკისრებული მოვალეობები, გაუფრთხილდეს სამედიცინო დაწესებულების იმიჯსა და საქმიან რეპუტაციას, წინააღდეგ შემთხვევაში მასვე დაეკისრება სამედიცინო დაწესებულებისა და შპს „აიკონ გრუპ“-ისათვის (როგორც პარტნიორისათვის) მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ასევე , მოვუწოდებთ ისმეთ დინდარს თუ სამედიცინო დაწესებულებაში არსებობს ფინანსური კრიზისი, დროულად შეიტანოს საწესდებო კაპიტალში თანხა მისი წილის პროპორციულად, რომელიც დღემდე არ შეუტანია და რომელიც წარმოადგენს სოლიდურ თანხას, რათა თავიდან იქნას აცილებული სამედიცინო დაწესებულების ფინანსური კოლაფსი.

რაც შეეხება პარტნიორებს შორის არსებულ დავას, აღნიშნული დავის განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში, შესაბამისად სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე და მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოვუწოდებთ ისმეთ დინდარს თავი შეიკავოს ისეთი განცხადებების გაკეთებისაგან, რომელიც ისედაც სადავოა მხარეების მიერ და სასარჩელო წესით იხილება სასამართლოში.

სტატია გამოქვეყნებულია სარეკლამო ფორმატში. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი.

ვიზალიბერალიზაციაზე ვიდეორგოლში მთავრობა 130 ათას ლარს გადაიხდის

საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებასთან დაკავშირებულ  ვიდეორგოლში ბიუჯეტიდან 130 ათას 95 ლარს გადაიხდის. მთავრობა ვიდეორგოლს გამარტივებული წესით შეისყიდის, რაზეც თანხმობა შესყიდვების სააგენტომ 30 მარტამდე უნდა მისცეს.

მთავრობის განცხადებით, ვიდეორგოლის მომზადების მიზანია ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ ქვეყნის მოსახლეობისათვის მიღწეული შედეგების გაცნობა და აღნიშნულის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატეტების შესახებ

klipp„ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების ზუსტი თარიღი წინასწარ არ იყო ცნობილი და მხოლოდ აღნიშნულის გარკვევის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ვიზალიბერალიზაციის პროცესის შესახებ საზოგადოების აქტიურ ინფორმირებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ვიდეორგოლი ტელესივრცეში უნდა განთავსდეს ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებისთანავე, ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხორციელება გამოიწვევს თარიღის გადაწევას საშუალოდ 40 დან 60 კალენდარულ დღემდე. აღნიშნული პერიოდის შემდეგ ღონისძიების განხორციელება დაკარგავს ძირითად მიზანს.“ – აცხადებს საქართველოს მთავრობა.


საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დღეს, 28 მარტს ამოქმედდა

აჭარის სოფლებში დენის გათიშვის მორიგი გრაფიკი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გამოქვეყნებული ელექტროენერგიის შეზღუდვის გრაფიკის მიხედვით, დღეს, 28 მარტს, ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში დროებით შეუწყდება:

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კაპანდიდში 125 აბონენტს, დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე;

დაბა ჩაქვში 6446 აბონენტს დილის 7:30 საათიდან საღამოს 6 საათამდე;

ზემო აჭარის რაიონის სოფლებში: ქედა, მერისი და მიმდებარე სოფლებში 1830 აბონენტს, დილის 10:30 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

გრანტების გაცემის დროს ექსპერტების ვინაობა ცნობილი გახდება

სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებული ფონდებისგან გრანტების გაცემის დროს ჟიურის წევრი ექსპერტების ვინაობა ცნობილი იქნება. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს, 27 მარტს, გამოაცხადა.

სარჩელის ავტორი გიორგი კრავეიშვილი იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ ნებისმიერი სახის გრანტის მოპოვების დროს საჯარო უნდა იყოს ექსპერტების ვინაობა, ვინც პროექტს არჩევს. მოსარჩელე კონკრეტულად რუსთაველის ეროვნულ ფონდში გრანტების განხილვის პრაქტიკას აპროტესტებდა. 

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია მთავრობის დადგენილება „ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“. ეს სამართლებრივი აქტი გრანტის გამცემ ორგანიზაციას აქამდე არ ავალდებულებდა საჯარო გაეხადა ჟიურის შემადგენლობა.

მოსარჩელის, გიორგი კრავეიშვილის აზრით, გრანტის შერჩევის პროცესში ექსპერტების ვინაობის დაფარვა ეწინააღმდეგებოდა „საქართველოს კონსტიტუციის“ 41-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც ადამიანს აქვს უფლება გაეცნოს მის შესახებ არსებულ ინფორმაციას.

 

Exit mobile version