მთავარი,სიახლეები

BMW X1 და მინიკუპერი – ოპოზიციონერი დეპუტატის საჩუქრები ცოტნე ანანიძეს და ტურიზმის დეპარტამენტს

07.06.2017 • 16268
BMW X1 და მინიკუპერი – ოპოზიციონერი დეპუტატის საჩუქრები ცოტნე ანანიძეს და ტურიზმის დეპარტამენტს

„ომეგა მოტორსმა“ დღეს, 7 ივნისს, ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე BMW-სა და MINI-ს სადილერო ცენტრები გახსნა. ცენტრების გახსნის ცერემონიალზე „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, ზაზა ოქუაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს BMW X1-ის მარკის ავტომობილი გადასცა. თუმცა, როგორც მოგვიანებით განმარტა, ავტომობილი კონკრეტულად დეპუტატ ცოტნე ანანიძის საჩუქარი იყო. ცოტნე ანანიძის გარდა საჩუქარი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმაც მიიღო ახალთახალი მინიკუპერის სახით.

„ომეგას დარჩა  სახელმწიფოებრივი აზროვნება, იფიქროს რა გააკეთოს ბიზნესისთვის, რა გააკეთოს ქვეყნისთვის, რა გააკეთოს ხალხისთვის. მე გამოვიკვლიე, რომ მთავრობა და უმაღლესი საბჭო აპირებს გადაცემას კონკრეტულ პიროვნებაზე, ცოტნე ანანიძეზე და თუ ნებას მომცემს, დავეკითხები მთავრობის მეთაურს, მე პირადად გადავცემდი დიდი სიამოვნებით ჩემ შეძენილ ავტომობილს, რომელიც პირველად გაიყიდა აჭარაში. ეს არ არის პოლიტიკური, არის მხოლოდ პირადული მხარდაჭერა“, – განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა დეპუტატ ცოტნე ანანიძისათვის ავტომობილის გადაცემისას.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ცოტნე ანანიძის სამსახურეობრივი ავტომობილი ბათუმში 11-12 მარტის აქციის დროის დაწვეს.

„ეს არის საუკეთესო პასუხი 11 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ. იმ ადამიანებისადმი, რომლებმაც გაანადგურეს სახელმწიფო ქონება. დღეს ბატონმა ზაზა ოქუაშვილმა ამ ცენტრში [„ომეგა მოტორსი“] პირველი ეს ავტომობილი შეიძინა და შემდგომში გადმოგვცა ჩვენ [აჭარის უმაღლეს საბჭოს]. ეს არის მართლაც სამაგალითო, ძალიან სახელმწიფოებრივი ნაბიჯი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ ზაზა ოქუაშვილს და „ომეგა ჯგუფს“ ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისთვის. პასუხი, რომელიც 11 მარტის მოვლენებთან მიმართებაში არის ძალიან ორიგინალური,“ – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ცოტნე ანანიძემ საჩუქრის მიღების შემდეგ.

რაც შეეხება მინიკუპერს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს აჩუქა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დეპარტამენტის თავმჯდომარის სულხან ღლონტის თქმით, მისთვის ეს საჩუქარი სიურპრიზი იყო.

„ჯერ ეს მანქანა გადაეცემა ეკონომიკის სამინისტროს, ამის შემდეგ მოხვდება ტურიზმის დეპარტამენტში. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის სურპრიზი იყო ეს ამბავი, თუმცა დამერწმუნეთ, ეს იქნება სახელმწიფო ქონება, ტურიზმის დეპარტამენტის ბალანსზე  და გამოვიყენებთ. ახლა რაც შემიძლია გითხრათ, ძალიან კარგი სარეკლამო საშუალება არის ტურიზმის დეპარტამენტისთვის. მე არ ვაპირებ  მის გამოყენებას პირადი საქმიანობისთვის, სამსახურეობრივი მანქანა უკვე მყავს. გამოიყენებს ტურიზმის დეპარტამენტი და გამოიყენებს აბსოლუტურად საქმიანად“, – განაცხადა სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ნაჩუქარი ავტომობილით სეირნობისას

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ნაჩუქარი ავტომობილით სეირნობისას.

ბათუმში სადილერო ცენტრის გახსნის  ცერემონიაზე, ორი ავტომობილის – BMW 5 სერიისა და MINI COUNTRYMAN-ის პრეზენტაცია მოეწყო.

 

ცოტნე ანანიძე ნაჩუქარ ავტომობილთან

ცოტნე ანანიძე ნაჩუქარ ავტომობილთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: