მთავარი,სიახლეები

მოსამართლეები სუს-ის წარმომადგენელს უსმენენ

07.07.2017
მოსამართლეები სუს-ის წარმომადგენელს უსმენენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, ბექა ზეგარდელი, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კითხვებს პასუხობს. სასამართლო 326 მოქალაქის სარჩელს განიხილავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სუს-ს ისევ აქვს თითოეული ჩვენგანის უკანონოდ მოსმენის უფლება და შესაძლებლობა ნებისმიერ დროს.

ბექა ზეგარდელს მაშინვე შეაწყვეტინა სიტყვა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა, როცა მან ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტოს უფროსის დანიშვნის ახალი წესის დემოკრატიულობაზე დაიწყო ლაპარაკი. ეს სააგენტო პარლამენტის გადაწყვეტილებით 30 მარტიდან გვისმენს. ახალი უწყება ანგარიშვალდებულია სუს-ის უფროსთან, თუმცა სუს-ის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ამ უწყების ხელმძღვანელს სპეციალური კომისია შეარჩევს სუს-ის უფროსის წარდგენით. კომისია შერჩეულ კანდიდატს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს დასანიშნად. პროცესი შეიძლება განუსაზღვრელად გაგრძელდეს, თუკი კომისია სუს-ის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან სასურველს ვერ შეარჩევს.

“იქნებ იმაზეც გაამახვილოთ ყურადღება, ვინ შეარჩევს პარლამენტის წარმომადგენელს, ვინც ამ კომისიაში იქნება”, – მიმართა სუს-ის წარმომადგენელს მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა.

“მოგეხსენებათ, უმრავლესობით ხდება გადაწყვეტილების მიღება,”- თქვა ბექა ზეგარდელმა.

მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა იკითხა: “არის კი ეს ის ორგანო, რომელიც ამდენად უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ პროცესებზე?”.

სუს-ის წარმომადგენელმა კითხვაზე პასუხად თქვა, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო თავისი არსით აღმასრულებელი ორგანოა. “მე ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რა იყო და რა არის ახლა. კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ, კომისია არჩევს ამ ორგანოს უფროსს და არა სუს-ის უფროსი, როგორც აქამდე ხდებოდა. სიტუაცია არის რადიკალურად შეცვლილი,” – დასძინა ბექა ზეგარდელმა.

სუს-ის წარმომადგენელმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა სააგენტოს უფროსის გათავისუფლების შესაძლებლობაზე არაჯეროვანი მუშაობის დროს. იურისტის თქმით, აქაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება პრემიერ-მინისტრს შეუძლია.

მოსამართლეებს კითხვები ამ ნაწილშიც გაუჩნდათ.

გიორგი კვერენჩხილაძე: “პრემიერს აქვს უფლება სუს-ის გარეშე გაათავისუფლოს, ან როცა სუს-ი მას კანდიდატს წარუდგენს, არ დანიშნოს?”

ირინე იმერლიშვილი: “სად შეიძლება პრემიერმა გადაამოწმოს, ასრულებს თუ არა სააგენტოს უფროსი უფლებამოსილებას არაჯეროვნად, თუ არა სუს-ის უფროსთან?”

“პრემიერს შეუძლია უშუალოდ დაიბაროს სააგენტოს უფროსი და გაესაუბროს,” – უპასუხა მოსამართლეს სუს-ის წარმომადგენელმა.

წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლე მანანა კობახიძე დაინტერესდა, როგორ დაადგენდა სუს-ის უფროსი, ასრულებდა თუ არა თავის საქმეს ჯეროვნად სააგენტოს უფროსი.

“მოუსმენს, მანანა, მოუსმენს”, – იხუმრა მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: