მთავარი,სიახლეები

მაშველის მოწოდება: ვიდრე თეთრ ალმებს არ დაინახავთ, ნუ შეხვალთ ზღვაში

06.07.2017 • 3890
მაშველის მოწოდება: ვიდრე თეთრ ალმებს არ დაინახავთ, ნუ შეხვალთ ზღვაში

მაშველები ამ დრომდე ეძებენ ზღვაში გაუჩინარებულ ორ მამაკაცს. სამაშველო სამუშაოებს შტორმი ართულებს. შტორმის დროს მაშველებმა გუშინ, 5 ივლისს, 20 დამსვენებლის გადარჩენა მოახერხეს.

რატომ შედიან ადამიანები შტორმის დროს ზღვაში საბანაოდ და რა მექანიზმი აქვთ მაშველებს, რომ მათ ამ დროს ბანაობა შეუზღუდონ? – „ბათუმელელები“ მამუკა თურმანიძეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ესაუბრა.

მამუკა თურმანიძე

მამუკა თურმანიძე

„შავი ზღვის აკვატორიაში გუშინ ფიქსირდებოდა 5 ბალი შტორმი. პლაჟზე განთავსებულ კოშკურებზე ყველგან აღმართული იყო წითელი ალმები. ამის მიუხედავად, მაინც შევიდნენ ადამიანები ზღვაში საბანაოდ. მაშველებმა სიცოცხლის ფასად მოახერხეს 20 დამსვენებლის გადარჩენა, მათ შორის, ჩვენდა სამწუხაროდ 18 დამსვენებელი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. არა მხოლოდ ხუთბალიან შტრომში, არამედ წყნარ ზღვაშიც კი იკრძალება ნასვამ მდგომარეობაში შესვლა,“ – გვიყვება მამუკა თურმანიძე.

სიმთვრალეს მაშველები მთავარ ფაქტორად ასახელებენ, რაც ზღვაში ბანაობის დროს კრიტიკულ სიტუაციას ქმნის. მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ „უდისციპლინო დამსვენებელი“ უქმნის პრობლემას, პირველ რიგში, საკუთარ სიცოცხლეს. პირადი გამოცდილების მიხედვით ამატებს მეორე მიზეზსაც – გამოუცდელობა.

„ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ კარგად იციან ცურვა. როცა ცხადდება ამინდის პროგნოზი და დღეს უმეტესად ზუსტია ეს პროგნოზები და წითელი ალამია აღმართული, არ უნდა შეხვიდე ზღვაში. ხვალაც შტორმი იქნება ზღვაზე. ამიტომ თქვენი მედიასაშუალებითაც მინდა მოვუწოდო დამსვენებლებს, რომ არ შევიდნენ ზღვაში საბანაოდ, ვიდრე თეთრ ალმებს არ დაინახავენ,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის განმარტებით, მაშველებს საქნციების გამოყენების უფლება არ აქვთ, თუმცა „მათ შეუძლიათ გამოიძახონ საპატრულო პოლიცია, თუკი შეამჩნევენ, რომ დამსვენებელი აშკარად ნასვამია და გაფრთხილების მიუხედავად, მაინც ცდილობს ზღვაში შესვლას. ასეთი შემთვხვევა წელს არ გვქონია,“ – ამატებს მამუკა თურმანიძე.

მისივე თქმით, მიმდინარე სეზონზე ბათუმის სანაპირო ზოლში ორი უბედური შემთხვევა დაფიქსირდა. 29 ივნისს 15 წლის მოზარდი დაიხრჩო. მამუკა თურმანიძის განმარტებით, მოზარდი მდინარეში იყო საბანაოდ შესული.

წუხელ ზღვაში გაუჩინარებული 25 წლის მამაკაცის ძებნა დილის 6 საათიდან განაახლა ორმა სწრაფმავალმა კატარღამ გონიოში. მუშაობენ მყვინთავებიც. უკვე მეოთხე დღეა გრძელდება კობა ბაკურიძის ძებნა ორი სწრაფმავალი სკუტერის და ერთი კატარღის მეშვეობით.

ბათუმის პლაჟი / წითელი ალამი - ბანაობა აკრძალულია / 6.07.2017

ბათუმის პლაჟი / წითელი ალამი – ბანაობა აკრძალულია / 6.07.2017

გადაბეჭდვის წესი


ასევე: