არჩილ ხაბაძე მამის ფინანსთა სამინისტროდან გათავისუფლებაზე

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის და საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრის, არჩილ ხაბაძის მამა, რომელიც წლების განმავლობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში პრივატიზებისა და ქონების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, სამსახურს დღეს დატოვებს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ თავად არჩილ ხაბაძემ დაუდასტურა:

„დიახ, სავარაუდოდ, ტოვებს სამსახურს. გუშინ იყო ამაზე საუბარი. გადაწყვეტილების მიზეზია რეორგანიზაცია. პრივატიზების დეპარტამენტი უქმდება და სხვა დეპარტამენტს უერთდება. გუშინ იყო გადაწყვეტილი, რომ სამსახური უნდა დაეტოვებინა, დღეს თუ რაიმეს შესთავაზებენ, არ ვიცი“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს გადაწყვეტილება შპს „ჰიგიენა 2009“- დან ხუთი მილიონი ლარის მითვისებას? – არჩილ ხაბაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის ვარაუდობდა ასეთი კითხვების გაჩენას: „ სწორედ ამიტომ მერჩივნა მე, რომ ეს რეორგანიზაცია გამოძიების დასრულების შემდეგ ჩატარებულიყო. ამაზე მინისტრთან არ მისაუბრია, თუმცა მე პირადად ასე მერჩივნა.“

სამინისტროში დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ მინისტრმა გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მინისტრის ინფორმაციით, ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს გამოეყოფა საინვესტიციო პროექტების განყოფილება, ხოლო ეკონომიკურ დეპარტამენტს – ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილება. ამ ორი განყოფილების ბაზაზე კი შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული საინვესტიციო დეპარტამენტის სახით.

სამინისტროს კომენტარს ამ საკითხზე „ბათუმელები“ მისი მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.

ტუალეტის კაბინაში გადამალული 13 ათასი დოლარი

თურქეთის ორ მოქალაქეს დიდი ოდენობით ფულის ქურდობისთვის მოსამართლე ირაკლი შავაძემ 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოპარული ფული მსჯავრდებულებს ბათუმში, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის ტუალეტში ჰქონდათ გადამალული.

დაზარალებული ასევე თურქეთის მოქალაქეა, რომელიც ბათუმში ცხოვრობს და ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესშია ჩართული. მსჯავრდებული ქალი და კაცი კი, მისი მეგობრები იყვნენ. დაზარალებულმა მოსამართლეს მოუყვა, რომ მეგობრები თურქეთიდან ესტუმრნენ რამდენიმე დღით. ფულის მოპარვის დღეს ავტობუსის ბილეთების საყიდლად დაზარალებულმა თავისი მანქანით წაიყვანა სტუმრები „მეტროს“ ავტოსადგურში. ბილეთების შესაძენად მანქანიდან დაზარალებული და ერთ-ერთი მსჯავრდებული გადმოვიდნენ, ქალი – მანქანაში დარჩა.

„დავემშვიდობე და წამოვედი. ავტოსადგურიდან დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ მანქანის სათავსოში დილით დადებული 13 100 ამერიკული დოლარი აღარ იყო. დავურეკე მეგობრებს, თქვენ ხომ არ აგიღიათ, ხომ არ იხუმრეთ-მეთქი. უარყვეს, არაო. არადა, მათ გარდა იმ დღეს ჩემს მანქანაში არავინ ყოფილა. მაშინვე პოლიციას მივმართე,“ – ყვება დაზარალებული.

პოლიციამ უკვე თურქეთის მიმართულებით წასული ავტობუსი ბათუმიდან გასვლამდე, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან გააჩერა. ამ დროს კაცმა მსჯავრდებულმა ტუალეტში შესვლა მოიმიზეზა და მოპარული ფული ტუალეტის კაბინაში, ქაღალდის ყუთში დატოვა.

ტუალეტიდან გამოსულ მსჯავრდებულს პოლიციამ ვიდეოკადრები აჩვენა, სადაც ავტოსადგურში ბილეთების შეძენა იყო დაფიქსირებული და მანქანა, საიდანაც მარტოდ დარჩენილი ქალი გადმოდის და მერე უკან ბრუნდება.

„ამ კადრებში არ ჩანდა ფულის აღება, მაგრამ მისმა ჩვენებამ მსჯავრდებულები დააბნია. მათ მაშინვე მიუთითეს, სადაც ინახებოდა ფული. გამოძიებამ ტუალეტის კაბინიდან თანხა ამოიღო, თუმცა თურქეთის მოქალაქეები არ დაუკავებია. ისინი მოწმის სახით დასაკითხად წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში,“ – გვიყვება „იურიდიული დახმარების სამსახურის“ იურისტი, ლაშა რომანაძე.

გამოძიებას შეეძლო „გადაუდებელი საჭიროების მოთხოვნით“ დაკითხული პირები დაეკავებინა, თუმცა ამის ნაცვლად, სასამართლოს მიმართა დაკავების ორდერის მისაღებად. ადვოკატის, ლაშა რომანაძის ინფორმაციით,  ორდერის გამოცემის შემდეგ, სამართალდამცველებმა თურქეთის მოქალაქეებს ვეღარ მიაგნეს და მათზე ძებნა გამოცხადდა.

„ოფიციალურად არ გადაუკვეთავთ საქართველოს საზღვარი, ეს უფლება შეზღუდული ჰქონდათ, – გვიყვება ლაშა რომანაძე, – სასამართლოში ჩვენ ვაპელირებდით იმაზე, რომ მტკიცებულებებით არ დგინდებოდა წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ ორგანიზებულად დანაშაულის ჩადენა, მაგრამ ეს მოსამართლემ არ გაიზიარა“.

რაც შეეხება ტუალეტში ფულის დატოვებას, ლაშა რომანაძე ვარაუდობს, რომ მსჯავრდებულებმა ფულის მოშორება გადაწყვიტეს, რადგან პოლიციელები გამოჩნდნენ: „ან გადაწყვიტეს, რომ სარფის საბაჟოდან დაბრუნდებოდნენ იმავე დღეს უკან და თანხას წაიღებდნენ“.

წინასწარ შეთანხმებით ორგანიზებული ქურდობისთვის საქართველოს კანონმდებლობა 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლების წესს თურქეთის მოქალაქე ასაჩივრებს

სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლების წესი საკონსტიტუციო სასამართლოში თურქეთის მოქალაქემ გაასაჩივრა. მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაშს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ სარჩელის არსებით განხილვაზე უარი უთხრა.

სასამართლო ბაჟის გადახდის წესი კანონითაა განსაზღვრული და მოსამართლე ცალკეულ შემთხვევაში განსაზღვრავს მის ოდენობას. მოსარჩელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ სამართლებრივ ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც საერთო სასამართლოების მოსამართლეს შეუძლია მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს პირი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. მეჰმეთ ბერქთაში მიიჩნევს, რომ კანონში არის დაკონკრეტებული რა უნდა ჩაითვალოს „უტყუარ მტკიცებულებად“ და შესაბამისად, მოქალაქეს კონსტიტუციით დაცული – სამართლიანი სასამართლოს სარგებლობის უფლება ეზღუდება.

მეჰმეთ ბერქთაშს საქართველოში ბიზნესი აქვს. მისი ადვოკატი, ჯუმბერ ქართველიშვილი ამბობს, რომ მან სააპელაციო სასამართლოში საქმის გასაჩივრების უფლებით სწორედ ბაჟის გადაუხდელობის გამო ვერ ისარგებლა: „დადგენილი ბაჟიდან 3 ათასი ლარი გადაიხადა და 5 ათასი კიდევ ჰქონდა გადასახდელი. ამ ბაჟის კონკრეტულ ვადაში გადაუხდელობის გამო, საქმის განხილვა ვერ შედგა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება,“ – განმარტავს ჯუმბერ ქართველიშვილი. ის ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს დასაბუთებას სარჩელის განუხილველად დატოვებაზე, არ გაცნობია.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია. განჩინებაში ვკითხულობთ:

„აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, სადავო ნორმების განმარტების და მათგან მომდინარე შეზღუდვის თაობაზე. სადავო ნორმების მიხედვით, მხარის მიერ უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, მოსამართლეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, გადაუვადოს ან შეუმციროს მისი ოდენობა. შესაბამისად, აღნიშნული ნორმები გულისხმობს ნებისმიერი ისეთი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის აუცილებლობას, რომელიც დაადასტურებს, რომ მხარეს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა. ის, რომ ამ გარემოების დამადასტურებლად ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება ჩაითვალოს განსხვავებული მტკიცებულებები, ეს განპირობებულია არა ნორმის ბუნდოვანების პრობლემით, არამედ ყოველი კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური ხასიათით და იმ ობიექტური გარემოებით, რომ სხვადასხვა შემთხვევაში მოსამართლისათვის პირის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი შეიძლება გახდეს სხვადასხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოსარჩელეს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ მან სასამართლოს წარუდგინა მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება და სასამართლომ სადავო ნორმების საფუძველზე არ მიიჩნია ისინი უტყუარ მტკიცებულებებად.“

ბსუ ახალი სასწავლო კორპუსისა და საერთო საცხოვრებლის პროექტებს შეისყიდის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქ. ბათუმში, ლეონიძის ქ. № 15-ში მდებარე უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული ტერიტორიის განაშენიანების გეგმას, საერთო საცხოვრებლისa და სასწავლო კორპუსის შენობების მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციას შეისყიდის.

ბათუმის უნივერსიტეტი ქობულეთში, კაიკაციშვილის ქ. N1-ის მიმდებარედ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობასაც ააშენებს. მთლიანად, ქობულეთში ასაშენებელი კორპუსის ჩათვლით, მშენებლობებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში კი უნივერსიტეტი 127 ათასამდე ლარს გადაიხდის. უნივერსიტეტმა შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც 26 აპრილს დასრულდება.

ბსუ ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, დაახლოებით 65 ათას კვადრატულ მეტრზე სპორტული მოედნის, რამდენიმე საერთო საცხოვრებლის, სასწავლო კორპუსის, საუნივერსიტეტო სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობას გეგმავს. უნივერსიტეტის კანცლერის, ჯემალ ანანიძის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ლარია, თუმცა უნივერსიტეტს მიმდინარე წელს მხოლოდ საერთო საცხოვრებლის და გარკვეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქვს დაგეგმილი; საერთო საცხოვრებლის მშენებლობისთვის კი 3 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც უნივერსიტეტმა, მწვანე კონცხზე არსებული აგრარული ფაკულტეტის სასწავლო კორპუსისა და საერთო საცხოვრებლის გასხვისებით, კერძო კომპანიისგან მიიღო.


ბათუმში, მწვანე კონცხზე მდებარე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობები, რომლებიც ბსუ-ს საკუთრება იყო, ასევე მიმდებარე ტერიტორია, პირობებიან აუქციონზე კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტმა“ ორ ნაწილად შეიძინა. ორივე აუქციონში მხოლოდ ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც ქონება ჯამში 7 456 000 ლარად იყიდა.

პირველ აუქციონზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასწავლებლის ტერიტორიის ნაწილი – 25 160 კვ/მ მიწის ფართობი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, აჭარის ქონებად სექტემბერში დაარეგისტრირა; აქედან 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს დანიშნულება შეუცვალა და მთელი ეს ქონება, 200 კვ/მ ფართობის ნაგებობებთან ერთად, საკუთრებაში გაფორმებიდან ერთ კვირაში პირობებიან აუქციონზე გაიტანა. საწყისი გასაყიდი ფასი – 2,8 მილიონი ლარი იყო. „ბიზნეს დეველოპმენტმა“ და ქონება 2016 წლის 12 ოქტომბერს 2 მილიონ 856 ათას ლარად შეიძინა.

მეორე აუქციონზე ქონება 4 500 000 ლარად იყო გამოტანილი – ორი შენობა [3239,62 კვ/მ და 4912,07 კვ/მ] და მათზე დამაგრებული 13 640 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ეს ქონება კომპანიამ 4 600 000 ლარად შეიძინა. შესაბამისად, „ბიზნეს დეველოპმენტს“, რომელსაც აუქციონზე კონკურენტი არ ჰყოლია, 1 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთში დაახლოებით 337 ლარის გადახდა მოუწევს. მაშინ, როდესაც ზღვისპირა ზოლში მიწის საბაზრო ფასი გაცილებით მაღალია. ეს ქონება „ბიზნეს დეველოპმენტმა“ საკუთრებაში 2017 წლის პირველ მარტს დაირეგისტრირა.

ამავე თემაზე:

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი „ბენზეში“ სათბურს აშენებს.

ევროპული გაზაფხულის ხმა – მუსიკის ფესტივალი ბათუმში

ბათუმის მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, 21 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით ბათუმში მუსიკალური ფესტივალი – European Spring Sound-ი გაიმართება. 21 აპრილს ფესტივალი გაიხსნება ქართული ფოლკლორით, სადაც წარმოდგენილი იქნება აჭარული, აფხაზური, ლაზური, ოსური პერფომანსები.

22 აპრილს  უკრაინული ჯგუფი  LUIKU დაუკრავს;

23 აპრილი – როკის დღე  – Tim Ripper Owens (ex-Judas priest), Doogie White (ex-Rainbow);

24 აპრილი – იმრე კალმანი „ჩარდაშის დედოფალი“ – უნგრეთის თეატრის სოლისტები, უნგრეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ბუდაპეშტის ცეკვის აკადემიის კორდებალეტი;

ფესტივალს 25 აპრილს   70-იანი წლების ცნობილი როკჯგუფი NAZARETH-ი დახურავს.

ბილეთის მინიმალური ფასი 10 ლარი იქნება, მაქსიმალური – 20 ლარი.

მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, მუსიკის ფესტივალის ჩატარება  მთავრობის ინიციატივაა და ტურისტული სეზონის წინა წლებთან შედარებით უფრო ადრე დაწყებას უკავშირდება.

მუსიკალური ცენტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ჰონორარი 59 არტისტისთვის არის გათვალისწინებული, რაც მთლიანობაში 136 000 ლარს შეადგენს.  „ფესტივალის სხვა ხარჯების დაზუსტება შესაძლებელი იქნება გაწეული ფაქტობრივი ხარჯის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე“.

 

სასწავლო ცენტრში ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში  სისტემის თანამშრომელთა გადამზადება განხორციელდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რაც დადებითად აისახება ცენტრის მუშაობის ხარისხსა და ეფექტურობაზე.

დაზიანების აღრიცხვა PPTC CoE EU (4) - Copyევროკავშირთან და ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში სასწავლო ცენტრში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სისტემის თანამშრომელთა გადამზადება თემაზე – „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა / მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვა“.

ტრენინგი სასწავლო ცენტრში შემუშავებული პროგრამის მიხედვით ჩატარდა. სასწავლო პროგრამის მონაწილეებმა მომზადება გაიარეს საკითხებზე:

  • სავალდებულო შეტყობინების წესი და მისი დოკუმენტირება შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისას;
  • დაზიანების ფოტოგრაფირება;
  • ფოტოაპარატის და მასში არსებული ინფორმაციის შენახვისა და უფლებამოსილი პირებისათვის წარდგენის წესი და პირობები;
  • ინტერვიუ პაციენტთან;
  • შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მტკიცებულებათა შეკრებისა და დიაგნოსტიკური გამოკვლევის მეთოდები;
  • სხეულის დაზიანების სახეების მიმოხილვა, მათი იდენტიფიცირება, ლოკალიზაციისა და ხანდახმულობის სავარაუდო ვადის განსაზღვრა;
  • სამედიცინო შემოწმების დაწყების წინაპირობები და მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობისა და შემდგომი რეაგირების საკითხები;
  • პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვა და დოკუმენტირება.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურეთა და ყველა პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მომზადებას. კურსის ფარგლებში გადამზადება სასწავლო ცენტრში  150-მდე თანამშრომელმა გაიარა.

ტრენინგზე მიღებული ცოდნა უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიების ხელშეწყობას, ექიმის მიერ შესაბამისი სამედიცინო სახის მტკიცებულებათა დროული და ზუსტი დოკუმენტირების მეშვეობით.

სასწავლო პროგრამა  – „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვა“, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ „სტამბოლის პროტოკოლით“ გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე 2016 წლის 26 ოქტომბერს მიღებული №131  ბრძანების შესაბამისად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრსა და ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის პროექტის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II“ თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა.

დაზიანების აღრიცხვა PPTC CoE EU (3) - Copy დაზიანების აღრიცხვა PPTC CoE EU (1)

 

წიგნი რუსულ პროპაგანდაზე – პრეზენტაცია ბათუმში

დღეს, 18:00 საათზე, ბათუმში, მაღაზია „წიგნები ბათუმში“, „რადარამი“ მე-18 თარგმანის, პიტერ პომერანცევის წიგნის – „არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“ პრეზენტაციას გამართავს.

როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და რა გავლენა აქვს მას დღევანდელ მსოფლიოზე? როგორ ცდილობს კრემლი ადამიანის გონებაში შეღწევას? როგორ იქმნება ალტერნატიული რეალობა თანამედროვე რუსეთში? სწორედ ამ შეკითხვებს პასუხობს პიტერ პომერანცევის წიგნი, რომელიც 2014 წელს გამოიცა.

პიტერ პომერანცევი ბრიტანელი ჟურნალისტი, ავტორი და ტელეპროდიუსერია. იგი 1977 წელს კიევში დაიბადა; მისი დაბადების შემდეგ მშობლები მალევე გერმანიაში გადასახლდნენ, ხოლო მოგვიანებით ლონდონსა და მიუნხენში ცხოვრობდნენ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პიტერი 2001 წელს რუსეთში გაემგზავრა და ცხრა წლის განმავლობაში სატელევიოზი არხ „ტნტ“-ში იმუშავა. 2010 წელს პომერანცევი ლონდონში დაბრუნდა. 2013 წლიდან ის აქტიურად წერს და მუშაობს რუსულ პროპაგანდაზე, აქვეყნებს სტატიებს ცნობილ ჟურნალებსა და ფლატფორმებზე, როგორიცაა: Financial Times-ი, NewYorker.com-ი, Wall Street Journal-ი, Foreign Policy, Daily Beast-ი, Newsweek-ი, Atlanic Montly.

წიგნზე ისაუბრებენ  ილიაუნის მკვლევარი თაკო თოლორდავა და „რადარამის“ წარმომადგენელი მაია მესტუმრე.

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია, სტუმრებს წიგნები გადაეცემათ საჩქურად.

პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება „რადარამის“ ძველი თარგმანები.

 

მდინარე კინტრიშში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში, მდინარე კინტრიშში, სამართალდამცავებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, ცხედარი გუშინ, ღამით  იპოვეს და გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი არ არის ქობულეთის მკვიდრი. „ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, როგორც ვიცით, ნაგირავებ ბინაში ცხოვრობდა გელაურში,“-ამბობს გამგებელი.

აღენიშნება თუ არა გარდაცვლილ მამაკაცს სხეულზე ძალადობის კვალი, შს სამინისტროში ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

სოფელ კორომხეთის მცხოვრებლები კომისიის შექმნას და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ

დღეს, 10 აპრილს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში, ქედის მუნიციპალიტეტის მცხოვრებმა პირებმა მაღალმთიან რეგიონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზარალზე ისაუბრეს. სოფელ კორომხეთის მცხოვრებთა თქმით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გაყვანის გამო მათი საკუთრება დაზიანდა, რის გამო ისინი კომპენსაციას ითხოვენ.

„ჩვენი საკარმიდამო ნაკვეთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის გამო დაზიანდა. შემოვიდნენ, მითხარ-მოთხარეს ყველაფერი და წავიდნენ. ის ადგილი, სადაც ანძა უნდა აგებულიყო, ჩამოიშალა და ამის გამო პასუხი არავის უგია.

არც გზა გვაქვს ამ წუთებში და არც სამეზობლო მიჯნებია აგებული. რაც იყო, ყველაფერი მოშლილია. დაპირებები იყო, დღეს-ხვალ, მაგრამ არაფერი გაკეთებულა“- გვეუბნება კორომხეთის მცხოვრები მიქაელ ფარტენაძე.

ამავე სოფლიდანაა დავით ფარტენაძეც. ის ამბობს, რომ სოფლის მცხოვრებლები ხელისუფლებას კომისიის გამოყოფას სთხოვენ,  მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის დასადგენად.

„ვერ მივაღწიეთ იმას, რომ კომისია შეექმნათ, ღობეები დაზიანდა, საკარმიდამო ნაკვეთები ჩამოიშალა, გზა დაზიანებულია, ამას ხომ სჭირდება ზარალის დათვლა, რომ კომპენსაცია გაიცეს. ერთი გზა გაიყვანეს და ანძა ვერ დადგეს, მიწა ჩამოიშალა, ახლა მეორე გზა გაჰყავთ. სახლში მისასვლელი გზა აღარ მაქვს, დააზიანეს. გზა მაინც გაასწორონ, რომ სახლში მივიდე“.

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სამუშაოების დაწყებამდე მათ დაჰპირდნენ, რომ ზარალის შემთხვევაში კომპენსაციას მიიღებდნენ.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე. მისი თქმით, მოსახლეობა გაღიზიანებულია იმის გამო, რომ მათი უფლებები ხშირად ირღვევა ხელისუფლების მხრიდან.

სოფელ კორომხეთის მცხოვრებლები ზარალის კომპენსაციას მოითხოვენ
სოფელ კორომხეთის მცხოვრებლები ზარალის კომპენსაციას მოითხოვენ.

„მაღალმთიან რეგიონში სხვადასხვა კომპანიის მხრიდამ ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები,  ამის დასტურია ის საპროტესტო აქციებიც, რომლებიც ხშირად იმართება ხოლმე მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში. ეს ხდება იმ ფონზე, როცა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელის ხელფასი არის თვეში 27 ათასი ლარი, ამხელა ხელფასს იღებენ და ელემენტარულ საკითხებს ვერ აგვარებენ, მათ შორის მოსახლეობასთან კომუნიკაციას და  ვერ იცავენ ადამიანის უფლებებს, ასეთი დამოკიდებულება მოქალაქეების ქონების მიმართ არის უპასუხისმგებლობა და გულგრილობა,“-ამბობს თამაზ ბაკურიძე.

თამაზ ბაკურიძის თქმით, თუკი უახლოეს პერიოდში არ მოგვარდება აღნიშნული პრობლემები, საპროტესტო აქციები დაიწყება: „ჩვენ შევეცდებით არაერთი სოფელი გავაერთიანოთ და საპროტესტო აქცია ჩავატაროთ,“-ამბობს ის.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის დროს მათი მიწის ნაკვეთები დაზიანდა
სოფლის მცხოვრებლების თქმით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის დროს მათი მიწის ნაკვეთები დაზიანდა.

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, ახალციხე-ბათუმის 220- კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში, ინდური კომპანია KEC-ი ააშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის. მშენებლობა 2018 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს. ამ ხაზით ახალაშენებული ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ერთ სისტემაში მოქცევა და თურქეთისთვის მიწოდება იგეგმება.

საკრებულოს წევრი: ხელვაჩაურის გამგებელმა 20-ზე მეტი თანამშრომელი კონკურსის გარეშე დანიშნა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ხელვაჩაურის გამგებელმა, ნადიმ ვარშანიძემ, გამგეობის 20-ზე მეტი თანამშრომელი თანამდებობებზე კონკურსის გარეშე დანიშნა.

„დანიშნულია აპარატის უფროსი, ინფრასტრუქტურის სამსახურის და განყოფილებების უფროსები, შესყიდვების განყოფილების უფროსი და ა.შ. 20-ზე მეტი თანამშრომელია კონკურსის გარეშე დანიშნული, მაშინ როცა კანონი ითვალისწინებს კონკურსის ჩატარებას ამ თანამდებობების დასაკავებლად.

ნადიმ ვარშანიძე ერთპიროვნულად წყვეტს საკადრო პოლიტიკას, მაშინ როცა ბევრი კვალიფიციური კადრია დაუსაქმებელი,“ – ამბობს ნუგზარ ბოლქვაძე.

მისი თქმით,  საჯარო სამსახურებში არც კონკურსები ტარდება გამჭვირვალედ, „თუმცა გამგებელმა ამასაც კი აურა გვერდი და ერთპიროვნულად ნიშნავს კადრებს“.

„ბათუმელები“ ხელვაჩაურის გამგებელს ნადიმ ვარშანიძეს დაუკავშირდა. გამგებლის თქმით, აპარატის უფროსი კონკურსს არ ექვემდებარება, ინფრასტრუქტურისა და შესყიდვების განყოფილებების უფროსები კი მოვალეობის შემსრულებლებად არიან დანიშნულები.

„2015 წელს ჩვენ ჩავატარეთ ორი კონკურსი, ფაქტობრივად, ყველა თანამშრომელი კონკურსით გვყავს აყვანილი, მაგრამ ამის შემდეგ ზოგი წავიდა სამსახურიდან, ზოგი შეიცვალა, რამდენიმე ვაკანსია გვაქვს 4 თუ 5, სადაც მოვალეობის შემსრულებლები არიან, მათ შორისაა ინფრასტრუქტურის სამსახური და შესყიდვების სამსახური. ორი განყოფილების უფროსის ვაკანსია გვაქვს კიდევ ეკონომიკის და სტატიკის განყოფილებაში“.

გამგებელი ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადებას ზაფხულში აპირებს.

ერთი დაღუპული და 5 დაშავებული საქართველოს მოქალაქე – ავტოავარია თურქეთში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თურქეთში დაღუპული საქართველოს ერთი მოქალაქე უკვე გადმოსვენებულია. დაშავებული მოქალაქეები კი რიზეს საავადმყოფოში იმყოფებიან. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 5 მოქალაქე დაშავდა.

სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებთან იმყოფება საქართველოს კონსული ტრაპიზონში, რომელიც გუშინ ჩავიდა რიზეში.

სამინისტროს ინფორმაციითვე, მომხდარის თაობაზე ინფორმირებულები არიან დაღუპულისა და დაშავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები.

„დაშავებულებს უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება,“ – განაცხადეს სამინისტროში.

თოვლი ქვემო თხილვანაში [ფოტო]

აჭარის მაღალმთიანეთ სოფლებში თოვა გუშინ, 9 აპრილს, დღის მეორე ნახევარში დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 5 სანტიმეტრს, ხოლო შუახევის სოფლებში 3 სანტიმეტრს მიაღწია. მუნიციპალიტეტების გამგეობებში აცხადებენ, რომ გაზაფხულის თოვლს პრობლემები არ შეუქმნია.

ნინო ქამაშიძის ფოტოები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თხილვანადან:

17858239_715185398669378_1496184369_o
ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი თხილვანა / 10.04.2017 / ნინო ქამაშიძის ფოტოები

17837024_715182525336332_1831981003_o17837455_715172462004005_2122513182_o17886692_715181178669800_2074948218_o17859075_715172585337326_535251400_o17887122_715172465337338_197245154_o17887244_715172445337340_2049088589_o

გათავისუფლებული პოლიციელი კახა ბუხრაძის წინააღმდეგ

პატრულ-ინსპექტორი გია ხალვაში, რომელმაც 11 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისმა მეწყვილემ ჩვენება მეუღლის, სუს-ის თანამშრომლის დავალებით შეცვალა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გათავისუფლების ბრძანებაში საუბარია რამდენიმე სამსახურებრივ გადაცდომაზე, მათ შორის პატრულ-ინსპექტორის მიერ 11 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან გაკეთებულ განცხადებაზე. როგორც გათავისუფლების ბრძანებაში წერია, მას ეს განცხადება სამინისტროსთვის არ შეუთანხმებია, რაც მედიასთან ურთიერთობის ინსტრუქციის დარღვევაა. ეს ინსტრუქცია მინისტრის ბრძანებით ყოფილა დამტკიცებული. თავად გია ხალვაში აცხადებს, რომ ის საპატრულო პოლიციის უფროსთან, კახა ბუხრაძესთან დაპირისპირების გამო გაათავისუფლეს.

ბატონო გია, რა გახდა თქვენი გათავისუფლების საფუძველი?
კახა ბუხრაძესთან ჩემი უთანხმოების საფუძველი გახდა ის, რომ რაღაც საკითხებზე ხმამაღლა გამოვხატე ჩემი აზრი. როცა მოვიდა, თავისებური რეჟიმის დამყარება სცადა. ინსპექტორებს შესვენება შეგვიმცირა, გვიწესებდა წესებს, თუ სად უნდა გვეჭამა, სახლში მისვლა აგვიკრაძლა. წამოვიდა აგრესია იმასთან დაკავშირებით, რომ მკაცრად უნდა ყოფილიყო საჯარიმო ქვითრები დაწერილი. გამოვთქვი აზრი, რომ არ შეიძლებოდა ასე. პატარა ქალაქია, შეგვეძლო მიგვეღო პრევენციული ზომები. ვფიქრობდი, რომ პირდაპირ 200-ლარიანი და 500-ლარიანი ჯარიმა ზედმეტი იყო და ეს ხალხში ცუდ რეაქციას გამოიწვევდა.

ანუ მოთხოვნა იყო მისგან, რომ 200-ლარიანი ჯარიმები დაგეწერათ?

დიახ, რისთვისაც ვარ ჩამოსული, იმას გავაკეთებო. როცა ვუთხარი, რომ უმჯობესი იქნებოდა ჯერ ქუჩები მოეწესრიგებინათ, დაიხაზოს, ნიშნები დაიდგას, რომ მოვთხოვოთ მოქალაქესაც შესაბამისად. სად გააჩეროს ადამიანმა, როცა შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს ? – ამას პატრულ-ინსპექტორებიც ვხვდებით. დილით თათბირს ამით ვიწყებდით და ამით ვამთავრებდით, რომ ქალაქში რეალურად არ არის გასაჩერებელი ადგილი. ხან მგზავრი ჩამოსვა მძღოლმა, ხან აიყვანა. ამიტომ ასე მკაცრად ვერ მოვთხოვთ.

ანუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ქალაქში ამ მხრივ არ იყო პოლიტიკა გასამკაცრებელი, მძღოლების დაუდევრობამ ქალაქში ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ზებრაზე მძღოლები იშვიათად უთმობენ ქვეითს, ეს ნორმალურია?

გარკვეულწილად გასამკაცრებელი რომ იყო, ამას ჩვენ ყველა ვეთანხმებით. რა თქმა უნდა, უნდა დაიწეროს ჯარიმა დარღვევაზე და დამნაშავე უნდა დავიჭიროთ, აბა, პოლიცია რისთვის ვართ, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს თავისი მიდგომაც, რაზეც გვასწავლეს აკადემიაში. ფსიქოლოგები გვასწავლიდნენ ადამიანთან მოქცევას. ამ ყველაფერს თავისი ნორმა აქვს და ნორმების შიგნით უნდა მოექცეს. აგრესია როგორც კი დაინერგა საპატრულო პოლიციაში კახა ბუხრაძის მხრიდან, ეს გადაედო საზოგადოებას, ამან გამოიწვია ის შედეგი, რაც მივიღეთ ბოლოს. ვეუბნებოდი, რომ ეს არ შეიძლებოდა, რადგან ეს მარტო პოლიციას არ ეხება, ეს ეხება საზოგადოებას, ეს ეხება ქალაქს და ეს ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს-მეთქი.

როდის ისაუბრეთ ამაზე?

მისი დანიშვნიდან დაახლოებით ათი დღის შემდეგ.

ათი დღე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბუხრაძის მხრიდან აგრესიული მიდგომების თემაზე გესაუბრაათ?
დიახ, პირველივე დღიდან დაეტყო ეს მის მუშაობას. უცებ გაათავისუფლა ოცმეთაურები. გადანიშნა ათმეთაურები. დანიშნა ახლები.

მართალია ის, რომ ადგილობრივი კადრები დააქვეითა?

დიახ, მართალია. ზოგმა არც იკადრა ამაზე ხმამაღლა საუბარი და მე მესმის მათი. ზოგი დაქვეითებული საერთოდ წავიდა სამსახურიდან. ის ამბობდა – შენ ჩვენს „სასტავში“ ვერ იმუშავებ, ჩვენს „სასტავში“ ვერ მოხვდები, თუ ჩვენ როგორც გვინდა ისე არ იმუშავებო. ეს იყო მისი პირველი სიტყვა ვისთანაც შეხება ჰქონდა. მან დაიწყო შემცირებებით, გათავისუფლებებით, სასაზღვრო პოლიციიდანაც ბევრი თანამშრომელი დაითხოვა. ეს ყველამ ვიგრძენით ჩვენს თავზე, დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება ჩვენც მოგვწეოდა გათავისუფლება. აქტიურ რეჟიმში მუშაობისას შეიძლება რაღაც შეცდომა გაგეპაროს – გადაღლილი ხარ, 24-საათიან რეჟიმში გიწევს მუშაობა, შესვენება არ გაქვს, არც შვებულება გაქვს. შეცდომა თუ ვინმეს არ აზიანებს და უფლებებს არ ულახავს, გამოსწორებადია. ეს ხელმძღვანელმა ადგილზე უნდა გადაწყვიტოს. ასეთი ბევრი ფაქტი ყოფილა წინა ხელმძღვანელის დროსაც, მე ვმუშაობ 1998 წლიდან. 18-წლიანი გამოცდილება მაქვს. ამ ბოლო დროს კი თურმე ქვეყნის დამაქცევარი ვყოფილვარ.
კახა ბუხრაძის დროს შენიშვნა გამორიცხული იყო, დარღვევის შესახებ პირდაპირ იგზავნება გენერალურ ინსპექციაში და გენერალური იწყებდა მოკვლევას, რასაც მოჰყვებოდა ინსპექტორის დასჯა. აქედან გამომდინარე ინსპექტორსაც ეშინოდა რაღაცის გაკეთება. დავაკავო თუ არა, ხომ იცი ამას რა მოყვება და ასე შემდეგ… ვიდეომასალა მომთხოვეს დაჯარიმებაზე, ჩემს სიტყვას აღარავინ იჯერებს, უამრავი განცხადება შემოვიდა, რომლებზე დაყრდნობითაც პირდაპირ აუქმებენ ოქმებს. პატრულ- ინსპექტორის მიერ შედგენილ ქვითარს აუქმებენ – ამაზე ამოვიღე ხმა და ამაზე ვილაპარაკე. შენ ბუნტი ატეხე საპატრულო პოლიციაში, გიჩვენებ როგორც არის საჭიროო და მიჩვენა.

ანუ ამბობთ, რომ ფაქტები, რომლებზეც თქვენ გათავისუფლების ბრძანებაში წერია, ინტერპრეტირებულია?

რა თქმა უნდა.

 გამოთავისუფლებულ ადგილებზე ვინ დაინიშნა?

მისი გუნდის წევრები ჩამოჰყავს. აქციის შემდეგ რამდენიმე ინსპექტორი ჩაანაცვლა, ორი თუ სამი ადგილობრივი ინსპექტორი დააწინაურა, ოცმეთაურად დანიშნა. ერთ-ერთი მასთან მუშაობდა გორში. აქაურია, თუმცა გორში მასთან ერთად მუშაობდა. ეს არის სულხან ხალვაში, რომელიც განყოფილების უფროსად დანიშნეს.

ბუხრაძის დისკრიმინაციული განცხადებები თქვენ მოგისმენიათ?

არ მომისმენია იმაზე, რასაც ამბობენ. მე, პირადად, მოვისმინე ასეთი რაღაც: ილო ბაბუციძე, მისი პირველი მოადგილე გამოვიდა თათბირზე სიტყვით და თქვა – მე შიდა ქართლის ენაზე ვსაუბრობ და იმედია, მიხვდებით რას ვამბობო. ინსპექტორები შოკირებულები ვიყავით, ვერ მივხვდით რა თქვა, რამდენიმე წუთი ამაზე ვფიქრობდით. აჭარა თათრებიაო ეს გაგვახსენდა…

თქვენ არ გაგიგონიათ და მაინც გჯერათ, რომ ბუხრაძემ ეს თქვა?

დარწმუნებული ვარ იტყოდა. ვინც გაიგონა, ის არ ადასტურებს ამას.

პოლიციელია?

დიახ, პოლიციელია. ეს მოხდა მაშინ, როცა სუს-ის თანამშრომელთან მოუვიდა შელაპარაკება კახა ბუხრაძეს.

რას იტყვით ამ დაპირისპირებაზე?

ეს პიროვენები, ვინც სუს-ში მუშაობდნენ, ადამიანური თვალსაზრისით ძალიან მოწესრიგებული და კანონმორჩილი ბიჭები არიან. ძმები არიან. სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ერთ-ერთ ძმას პუშკინის ქუჩაზე საჯარიმო ქვითარი დაუწერეს, რაზეც გამოხატა უკმაყოფილება. ეს იყო გადაცემული ავტომანქანა. ის დააჯარიმეს გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე. მე არ ვამართლებ ინსპექტორების მიმართ დაჯარიმებისას აგრესიის გამოხატვას. ამას აქვს თავისი გასაჩივრების წესი. თუმცა მან გამოხატა უკმაყოფილება და ის დააკავეს 173- ე მუხლით. ის იყო სუსის თანამშრომლის ძმა. სუს-ის თანამშრომელი თავის კოლეგებთან ერთად მივიდა ბუხრაძესთან კაბინეტში, არ ვიცი რა მოილაპარაკეს იქ, ფაქტი კი ისაა, რომ ეს პიროვნება დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს და საერთოდ შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება. მანამდე ასეთი რამ არ მომხდარა. სუს-ის თანამშრომლების კაბინეტიდან გასვლის შემდეგ უთქვამს ის, რაზეც საუბრობენ… აქციის დროს ის ბათუმში არ იმყოფებოდა, როცა დაურეკეს, მისი რეაქცია იყო, სუს-მა გამიჩალიჩაო. მე როდესაც მივედი აქციაზე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეძებდნენ მიზეზს, თუ ვის დაბრალებოდა ეს ყველაფერი. მე თანამშრომლებმაც გამაფრთხილეს, რომ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი. ამ დროს ჩემზე უკვე იყო დაწყებული ზეწოლა, რადგან მანამდე ღიად ვსაუბრობდი სხვადასხვა პრობლემის შესახებ. გახსოვთ ალბათ, რომ მე და ჩემმა მეწყვილემ დავაკავეთ ხიმშიაშვილი, ვარშანიძის დაკავებისას მე იქ არ ვყოფილვარ.

რას აპირებთ?

სასამართლოში ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ.

ბათუმში ცხრა აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მთავრობის წევრებმა ცხრა აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. სიმბოლურია ჩვენი შეკრებაც. დღევანდელ დღეს აქვს ორმაგი დატვირთვა. ერთი მხრივ, ეს არის დიდი ტრაგედიის დღე, რომელიც დატრიალდა 1989 წლის 9 აპრილს, მეორე მხრივ, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ჩვენ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. არასოდეს უნდა დავივიწყოთ მათი სახელები,“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ ცხრა აპრილის მემორიალთან.


1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

ფოტო: მემორიალი ბათუმის ბულვარში / 9 აპრილი, 2017 / აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ფოტო

ხულოში თოვს

აჭარის მაღალმთიანეთში დღეს დილიდან თოვს. ხულოში ამ დროისთვის თოვლის საფარმა ორ სანტიმეტრს მიაღწია, მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, უამინდობას მუნიციპალიტეტში პრობლემები არ შეუქმნია.

თოვს შუახევის ზოგიერთ სოფელშიც.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის ინფორმაციით, ხვალიდან ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში გამოიდარებს და თბილი ამინდი მომავალი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

ფოტო: ავთანდილ შერვაშიძე
ფოტო: ავთანდილ შერვაშიძე
ფოტო: ავთანდილ შერვაშიძე
ფოტო: ავთანდილ შერვაშიძე

ბათუმის მერია გამწვანებულ ნაკვეთს ყიდის

ბათუმში, ხელვაჩაურში, მერია 104 კვ.მ მიწის ნაკვეთს პირობებიანი აუქციონის წესით ყიდის. აუციონის პირობებთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ გასაყიდად გამოტანილ ტერიტორიაზე მრავალწლიანი ხეებია გაშენებული.

download (2)

აუქციონის პირობების მიხედვით, მერია გასაყიდ ტერიტორიაზე მშენებლობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

აუქციონის პირობები ერთადერთ შეზღუდვას ითვალისწინებს: ნაკვეთზე მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ აუქციონზე შეძენილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან (ნაკვეთებთან) გაერთიანების შემთხვევაში.download (1)

მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურას მოაწყობენ

აჭარის მთავრობა ზემო აჭარაში, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილისტაციისათვის კონცეფციის შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა. მისვე ინფორმაციით, მთავრობა გეგმავს წელს დაიწყოს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, წელსვე მთავრობა უზრუნველყოფს ადგილზე სასმელი წყლის მიყვანას.

მწვანე ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, არსიანის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს. ტბასთან მისვლა გვიან გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომის პირველ ნახევარშია შესაძლებელი. ზამთრობით ტბასთან მისვლა შეუძლებელია, თოვლის დიდი საფარის გამო. მწვანე ტბა განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე და ამ დროს აქ ტურისტები ხშირად არიან.


რას ნახავენ ტურისტები მაღალმთიან აჭარაში

 

საცხოვრებელი სახლის ხარვეზების აღმოსაფხვრელად ბათუმის ბიუჯეტიდან 307 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსისთვის, რომელიც ბიუჯეტის ფულით ერთხელ უკვე „გაალამაზეს“, 300 ათასი ლარი დამატებით დაიხარჯება. ამჯერად, თავის დროზე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო არსებული „ხარვეზების აღმოსაფხვრელად“.

გოგებაშვილის ქ. N32-ში მდებარე ამ საცხოვრებელი სახლის „ხარვეზების აღმოფხვრისთვის“ ბათუმის მერიის ბიუჯეტში 307 ათას 360 ლარია გათვალისწინებული. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მერიის ა[ა]იპ-მა – „ბათუმის კორპუსმა“, უკვე გამოაცხადა.

ტენდერში გამარჯვებულს, ძირითადად, შემდეგი სამუშაოების შესრულება მოუწევს:

საკეტები: არსებული მეტალოპლასტმასის ორფრთიანი შემინული კარის ბლოკის შეკეთება-რეგულირება; ჰერმეტულობისათვის ახალი რეზინების მოწყობა; სადარბაზოს კარის ბლოკზე ასევე არსებული გუმბათის ფანჯრის ბლოკზე საკეტი მექანიზმების შეცვლა.

სახურავთან დაკავშირებული სამუშაოები: სადარბაზოს გუმბათის სახურავისა და სახლის არსებული სახურავის შეკეთება ახალი მასალის დამატებით; თუნუქის მოწყობა.

ფასადთან დაკავშირებული სამუშაოები: ფასადის კედლებზე ბზარების დამუშავება, აივნის კედლებისა და კარის ფერდობების შეღებვა; არსებული კერამიკული ფილებისა და დეკორატიული თაბაშირის კალათების დემონტაჟი, ხელახლა ჩამოსხმა და მონტაჟი; ლითონის მხატვრული მოაჯირების მოწყობა.

იატაკსა და კედლებთან დაკავშირებული სამუშაოები: დათბუნება აივნის იატაკის ქაფპლასტით; აივნის იატაკის მოპირკეთება; ხის პარკეტის იატაკის შეცვლა, მოხვეწა და შეღებვა ლაქით; პლასტიკატის ჭერის მოწყობა; ჭერის შეღებვა; შპალერის აკვრა.

ასევე, ცემენტის მჭიმის მოწყობა 4 სმ სისქის ლითონის ბადეზე; ელ/სამონტაჟო სამუშაოები.

სატენდერო პირობის მიხედვით, სამუშაოები 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. საგარანტიო პერიოდი ერთი წელია. ტენდერში წინადადებების მიღება კი მიმდინარე წლის  27 აპრილს დასრულდება.


2017 წლისთვის „ბათუმის კორპუსმა“ შარშან ბათუმის მერიას 11 მილიონი ლარით დაფინანსება მოსთხოვა, თუმცა ქალაქის ბიუჯეტის პროექტში მხოლოდ 6 მილიონი ლარი  გაითვალისწინეს. „გვაქვს მზა პროექტები, რომლებიც აუცილებლად დაფინანსდება…  აკაკი შანიძის N28-ში ხუთსართულიანი კორპუსია გასამაგრებელი; ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში მდებარე სახლში, რომელიც გაალამაზეს თავის დროზე, დაადგეს გუმბათი, მაგრამ ავარიულია და წყალი ჩადის მოსახლეობას; ასევე რუსთაველის N41-ში ბამბუკის მოაჯირებიანი სახლი რომ არის,  იქ მოაჯირები უნდა გამოიცვალოს, დამპალია და სახურავიდანაც წყალი ჩადის,“ – განაცხადა გასული წლის დეკემბერში „ბათუმელებთან“ ზურაბ ნაკაიძემ, „ბათუმის კორპუსის“ ხელმძღვანელმა.

შეხვედრა და ფოტოგამოფენა 9 აპრილის თემაზე

ხვალ 9 აპრილს, თვითმმართველობისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალურ დაფას ყვავილებით შეამკობენ. მემორიალური დაფა ბათუმის ბულვარში, რუსთაველის უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს არის განთავსებული.

13:00 საათზე კი ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში სტუდენტები 9 აპრილის მოვლენების თემაზე ისტორიკოს ირაკლი ბარამიძის ლექციას დაესწრებიან.

„ღონისძიებაზე მოეწყობა ფოტოგამოფენა და ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი 9 აპრილის თემაზე“-ნათქვამია მერიის განცხადებაში.

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ნაცემ საქართველოს მოქალაქეს ბრალი მოეხსნა

სახალხო დამცველის რეგიონალური დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის ციალა ქათამიძის ინფორმაციით, გუშინ 7 აპრილს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მომხდარი ინციდენტის დროის დაშავებული საქართველოს მოქალაქე როინ ლეონიძე საქართველოში დაბრუნდა. მან სარფის სასაზღვრო პუნქტი უკვე გადმოკვეთა.

ციალა ქათამიძის ინფორმაციით, პროკურატურამ როინ ლეონიძეს ბრალდება მოუხსნა და ის დაზარალებულად ცნეს.

„კონსულისგან მიღებული ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერებზე და ექსპერტიზის მასალებზე დაყრდნობით საქართველოს მოქალაქეს არ დაუდგინდა არც სიმთვრალე და არც ის, რომ პირველად საქართველოს მოქალაქემ დაარტყა პოლიციელს.

სასამართლო ალბათ მაინც გაიმართება, თუმცა საქართველოს მოქალაქე წარსდგება როგორც დაზარალებული და არა ბრალდებული“ – გვეუბნება ციალა ქათამიძე.

დაზარალებულის ახლობლების თქმით, საქართველოს მოქალაქის ცემაში კიდევ რამდენიმე პოლიციელი მონაწილეობდა, თუმცა გამოძიება მხოლოდ ერთის მისამართით დაიწყო. ციალა ქათამიძე ამბობს, რომ ეს დეტალებიც გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

როინ ლეონიძემ სარფის სასაზღვრო პუნქტი დღეს გადმოკვეთა
როინ ლეონიძემ სარფის სასაზღვრო პუნქტი დღეს გადმოკვეთა

 

აჭარის მთავრობა „რედისონში“ მენაშენეებს შეხვდა

დღეს, 8 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ბესიკ ლილუაშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის მთავრობაში არსებული ქალაქმშენებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი, ჰუმანიტარულ-ეკონომიკური, თავდაცვითი და კულტურული ამოცანების  გადაწყვეტის მიზნით საინვესტიციო პროექტის K2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის რეკომენდაციების შემმუშავებელი კომისიის წევრები, მენაშენეებს შეხვდნენ.

მენაშენეებთან საუბარი შეეხო 2017 წელს მიღებულ მთავრობის 41 დადგენილებას, რაც  ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებს.

„ ეს რეგულაციები შეეხება ყველა იმ პროექტს, რომელიც  სამომავლოდ აშენდება. თუმცა, მანამდეც არსებობდა კანონმდებლობა, რაც ითვალისწინებდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე დაუკვამლიანებელი კიბეების მოწყობას, სამეზობლო მიჯნის მოწყობას და სხვა ნორმებს. თუმცა, დაცულია თუ არა ეს ნორმები აქამდე აშენებულ სახლებში, მე ამაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ამას საფუძვლიანი შესწავლა დასჭირდება.

ფაქტი ერთია, რომ რაც შევისწავლეთ ცენტრალურ ნაწილში, არსებული მდგომარეობით ის სიმჭიდროვე რაც არის დადგენილი, არის გადამეტებული. აქედან გამომდინარე, ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ რეგულაციების მიღება, რომ მოვახდინოთ ცენტრიდან განტვირთვა და განვითარება უფრო მეტად მივცეთ ქალაქის ცენტრში სასტუმროების მშენებლობას,“-გვეუბნება აღნიშნული კომისიის ერთ-ერი წევრი, არქიტექტორი მანუჩარ მახათაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუკი ახალი მშენებლობების შემთხვევაშიც მოხდება სამშენებლო და საპროექტო ნორმების დარღვევა, ან დასრულებულ მშენებლობაზე გაიცემა  K2 კოეფიციენტის გაზრდის უფლება, ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს? – მანუჩარ მახათაძე ამბობს, რომ ალბათ გასაძლიერებელი იქნება ის ჯგუფი, რომელიც განიხილავს და გასცემს ნებართვებს.

„როგორც ვხედავ, არ ჰყოფნით ადამიანური რესურსი, თანამშრომლების რაოდენობაა მცირე და ვერ აუდიან შემოსული პროექტების განხილვას. დღეში 70 პროექტის განხილვა არის ძალიან რთული“.

შეხვედრაზე მენაშენეები არ აქტიურობდნენ კითხვების დასმით, მხოლოდ რამდენიმე მათგანს ჰქონდა კითხვა თავიანთ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ეძლევათ  K2 კოეფიციენტის გაზრდის უფლება, მაშინ როცა  მშენებლობა დასრულებულია, თუმცა  მშენებელს მასში ცვლილების შეტანა სურს. მენაშენეები სვამდნენ კითხვას იმის თაობაზე,  „თუ მე ვაშენებ შვიდსართულიან სახლს და ჩემ გვერდით ააშენეს 12 და 16-სართულიანი სახლი, მე რატომ არ უნდა გავზადო კოეფიციენტი?“ და ა.შ.

„ხშირად ჩვენ არქიტექტორებმა ჩვენს პრინციპებს უნდა ვუღალატოთ და დეველოპერის მოთხოვნები უნდა გავითვალისწინოთ დაშენება-არდაშენებაზე, მე ვერ ვხედავ პრინციპს, ერთხელ გავზრდით, ათჯერ თუ ოცჯერ ამასთან მიმართებაში კამათს, რადგან ნებისმიერ არქიტექტურულ ნაგებობაში შედის ცვლილებები მშენებლობის პროცესში და შეიძლება გამოჩნდეს გზადაგზა მშენებლობის პროცესში ცვლილებების აუცილებლობა და კოეფიციენტის ცვლილება შეიძლება 15-ჯერ მოგვიწიოს, მაგრამ მთავარია კომისიამაც დაიტოვოს ჩვენთან არქიტექტურული შემოქმედება.

თუ არქიტექტურულად კარგი იქნება, თუნდაც ცხრაჯერ დავამატოთ კოეფიციენტი, ამაში მე ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ვხედავ“- ამბობს ზაზა ქათამაძე, არქიტექტურული კომპანია „მაურერ“-ის წარმომადგენელი.

ბესიკ ლილუაშვილის თქმით, ქალაქის განაშენიანებას თავისი წესები აქვს და სურვილის მიხედვით კოეფიციენტების გაზრდა დაუშვებელია: „თქვენ შეიძლება თქვათ რაღაცაზე რომ მოგწონთ, მაგრამ მეორე არქიტექტორი გეტყვით, რომ არ მოსწონს, ქალაქს აქვს თავისი რეგულაციის ნორმები, წესები რომლის ზევითაც გაზრდა არ შეიძლება, ამიტომ რამდენჯერაც მოგინდებათ კოეფიციენტის გაზრდა, ასე არ გამოვა“.

მთავრობის ინფორმაციით, მენაშეების ინტერესი K2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით მაშინ იქნება განხილული, თუ კოეფიციენტის გაზრდა საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ ან კულტურულ მიზანს ემსახურება.

მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა მენაშენეებთან „რედისონში“
მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა მენაშენეებთან „რედისონში“

„პარტიზანი მებაღეები“და „დაიცავი ძველი ბათუმი“ ხეების გადატანის წინააღმდეგ

დღეს, 8 აპრილს, მახინჯაურში,  იქ, საიდანაც ბიძინა ივანიშვილს ახალი პარკის განაშენიანებისთვის ხეები გადააქვს, „პარტიზანი მებაღეები“ და „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნათია აფხაზავა, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ აქციის წევრები ხეების გადატანის შეჩერებას ითხოვენ. „მახინჯაურიდანაც დაწყებულია ხეების გადატანა და გადათხრილია ადგილები, ციხისძირშიც დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და გარემო, საიდანაც ხეები ამოიღეს, ამიტომ სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებებმა უნდა წარმოადგინონ კონკრეტული გეგმა, თუ რას აპირებენ ამ ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის, რადგან ძალიან დაზიანებულია გარემო.

გარდა ამისა, როგორც ვიცით, კიდევ გეგმავენ  ხეების გადარგვას, ამიტომ ეს პროცესი უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს. ხეების ამოთხრა და გადატანა უნდა შეჩერდეს, მაგრამ რაც დააზიანეს, იმის აღდგენაზე უნდა იზრუნონ და პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეთ იმ პირებს საზოგადოების წინაშე, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, რადგან გარემო, ბუნება, რომელიც ხელშეუხებელი იყო ციხისძირში, მახინჯაურში, ახლა არის გადათხრილი და რთულ მდგომარეობაში.“

საპროტესტო აქცია ხეების გადატანის წინააღმდეგ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

პარტიზანი მებაღეების და დაიცავი ძველი ბათუმის საპროტესტო აქცია ხეების გადატანის წინააღმდეგ
პარტიზანი მებაღეების და დაიცავი ძველი ბათუმის საპროტესტო აქცია ხეების გადატანის წინააღმდეგ.

 

ქირავდება კერძო სახლი ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოსთან

ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოსთან, კომახიძის ქუჩა N149-ში ქირავდება კერძო სახლი – 180 კვ/მ, ავეჯით, ბუნებრივი აირით, ცხელი წყლით. ფასი შეთანხმებით. მობ.: 555 55 02 90, გიორგი.

8 მილიონ ლარამდე ღირებულების ყალბი დოკუმენტების დამზადებაზე ორი მეწარმე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი მეწარმეა დაკავებული.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2017 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, განახორციელეს ფიქტიური უსაქონლო ოპერაციები, რა დროსაც მათივე შექმნილ ორგანიზაციებში, დამატებითი ღირებულების გადასახადში უკანონო ჩათვლების მიღების მიზნით დაამზადეს 8 000 000 ლარამდე ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს მაიდგა 1 225 610 ლარის ზიანი“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ბათუმში, ჯავახიშვილისა და კომახიძის ქუჩების კვეთაში, ხანძარია [ფოტო]

ამ წუთებში ბათუმში, ჯავახიშვილისა და კომახიძის [ყოფილი მოსკოვის] ქუჩების კვეთაში ხანძარია. ხანძარი საცხოვრებელ სახლში რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია ბათუმისა და ხელვაჩაურის სახანძრო ბრიგადები და საპატრულო პოლიცია. ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია.

დღეს, 7 აპრილს, ცეცხლი ორსართულიანი სახლის სახურავს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სახლში არავინ იმყოფებოდა: „არ არიან ბათუმში, ეტყობა ცეცხლი ელექტროგაყვანილობის გამო გაჩნდა. სახურავი მთლიანად დაიწვა“.

17523430_10213549071227391_7386657126826696186_n17796456_10213549070587375_5080581181585749911_n

ხანძარი ბათუმში / 7.04.2017 / ნანა კვაჭაძის ფოტოები.

დოქს, არღანს, პატეფონს, ოთხთავს – სულ 52 ნივთს, მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

52 ნივთს, რომლებიც, ძირითადად, სხვადასხვა მუზეუმებში ინახება, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ამ 52 ნივთს შორისაა დოქი, სხვადასხვა ხელნაწერი ოთხთავი, მრავალთავი, დასაკრავი ინსტრუმენტები, საბეჭდი დაზგა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს აღნიშნული ნივთების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა; ხოლო სააგენტოს იურიდიულ სამსახურს, მათი მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

ფარული სატელეფონო ჩანაწერებით გამოჭერილი პროკურატურა

გაზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული იაკობ აზარაძე მოსამართლე ირაკლი შავაძემ უდანაშაულოდ სცნო. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა. გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურორების და ადვოკატების შემაჯამებელი და საპაექრო სიტყვები ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 7 აპრილს მოისმინა.

ყველაფერი  რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, როცა სასამართლო პროცესზე პროკურორების გამოსვლის შემდეგ, ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ ფარული სატელეფონო ჩანაწერები ააფრიალა და მათ კითხვას შეუდგა. ფარულად პროკურატურამ ბრალდებულს და მისი ახლობლების სატელეფონო საუბრები ჩაიწერა, თუმცა არც ერთი მათგანი გამოძიებისთვის სასარგებლო არ აღმოჩნდა. შესაბამისად, დაახლოებით ერთსაათიანი შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლის დროს, პროკურორ რამაზ შავაძეს სატელეფონო ჩანაწერი საერთოდ არ უხსნებია.

პროკურორები – რამაზ შავაძემ და ალექსანდრე ძირკვაძე სასამართლოს მოუყვნენ, რა მოხდა მათი ვერსიით თხილნარის ერთ-ერთ ღია კაფეში გასული წლის ივლისის ერთ საღამოს…

2016 წლის 18 ივლისს თხილნარის ერთ-ერთ კაფეში ჩხუბი მას შემდეგ ატყდა, როცა აჭარულს ცეკვავდა და-ძმა, ხოლო ბრალდებულმა ცეკვაში ჩართვა სცადა. პროკურატურა, ძირითადად, მუცლის არეში დანით დაჭრილი გიზო დუმბაძის დის და ახლობლის ჩვენებებს დაეყრდნო. მათი თქმით, სიტყვიერი კამათის შემდეგ გიზო დუმბაძე დაჭრა აზარაძემ. პროკურორები აქცენტს იმაზე აკეთებდნენ, რომ ბრალდებულის ფეხსაცმელს ექსპერტიზა ჩაუტარდა და მასზე დაჭრილის სისხლის ლაქა აღმოჩნდა.

„გენეტიკური ექსპერტიზა არ ცდება. თუკი ბრალდებული დამნაშავე არ არის, როგორ აღმოჩნდა სისხლის ლაქა მის ფეხსაცმელზე? თან ბრალდებული და დაცვის მხარის მოწმეები აღნიშნავდნენ, რომ ბრალდებული ახლოსაც კი არ მისულა შემთხვევის ადგილას“, – პროკურორ რამაზ შავაძის ამ კითხვას ადვოკატმა უპასუხა, რომ სისხლის ლაქა ფეხსაცმლის ლანჩზე იყო და სრულიად შესაძლებელია ლაქა სხვების ფეხსაცმელზეც შემორჩენილიყო, ვინც იქ გაიარა.

პროკურორებმა თავიანთ გამოსვლაში ისაუბრეს ირაკლი გოგიტიძეზეც. ეს ის პირია, რომელიც საქმეში ბრალდებულის დაკავებიდან რამდენიმე დღეში გამოჩნდა. ირაკლი გოგიტიძე ბრალდებულ იაკობ აზარაძის სიძეა. ის ადვოკატს მოუყვა და წერილობითაც დაუდასტურა, რომ გიზო დუმბაძე მან დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით მან სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ეს უარყო.

„ირაკლი გოგიტიძე  დაცვის მხარემ შემოიყვანა განზრახ, რათა ჩიხში შეეყვანა გამოძიება. ირაკლიმ ცალსახად უარყო დაჭრის მცდელობა და თქვა, რომ არ წაუკითხავს რა წერილზე მოუწერა ხელი ადვოკატს,“ – შენიშნა პროკურორმა რამაზ შავაძემ.

„სასამართლოს ჩვენება მაია აზარაძემაც მისცა, ირაკლი გოგიტიძის ცოლმა. მან თქვა, რომ ირაკლი აღიარებითი ჩვენების მოსაცემად მივიდა ადვოკატებთან… მაიას ნათესავია ბრალდებული და ამიტომაც სიმართლე თქვა. ირაკლი გოგოტიტიძეს სასამართლოში ვკითხეთ ჩვენ და არ უთქვამს, რომ ვინმემ აიძულა ჩემთვის ჩვენების მოცემა. მან ისიც დაადასტურა, რომ იმავე დღეს პოლიციის განყოფილებაში მოვიდა თავისი ნებით და თქვენ ის არ დაკითხეთ“, – მიმართა პროკურორს ადვოკატმა, ზვიად მარკოიძემ.

„ირაკლი გოგიტიძემ თქვა, რომ ჩხუბის დაწყების დროს, მას სიდედრმა უთხრა, წასულიყო, რომ ჩხუბში არ ჩართულიყო,“ – თქვა პროკურორმა.

„რა უფრო დამაჯერებელია, ირაკლი გოგიტიძე არ ჩართულა ჩხუბში და გაუჩინარება ისე, რომ იმ საღამოს ვერც კი იპოვეს, ის ტყე-ტყე გარბოდა; თუ ის, რომ იაკობ აზარაძე, რომელმაც თითქოს ადამიანი დაჭრა, ჩაჯდა „მარშუტკაში“ და ბათუმისკენ წამოვიდა?” – იკითხა ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ.

„რანაირი გამომძიებლები არიან მაგენი, რამე ინტერესი აქვთ ჩემი, თუ რა ხდება?“ – ეს ბრალდებულს უთქვამს საკუთარი მამისთვის, როცა ციხიდან ტელეფონით ესაუბრა. ადვოკატმა ფარული სატელეფონო ჩანაწერიდან რამდენიმე ნაწყვეტი წაიკითხა. ფარულ მიყურადებაზე უფლება პროკურატურამ სასამართლოსგან მიიღო. ამ შემთხვევაში სავალდებულო იყო ჩანაწერების დაცვის მხარისთვის გადაცემაც. ჩანაწერებში ბრალდებულის, ასევე მისი რამდენიმე ახლო ნათესავის საუბარია ჩაწერილი. ისინი საუბრობენ უდანაშაულო იაკობის დასჯასა და სიძეზე, რომელმაც, მათი თქმით, ადამიანი დაჭრა.

როგორც სასამართლო დარბაზში ბრალდებულის ახლობლემა გვითხრეს, ჩვენების მიცემის შემდეგ ირაკლი ქვეყნიდან წავიდა.

„რატომ არ გადმოგვეცით დაჭრილის ახლობლების სატელეფონო ჩანაწერები, ვინც პირდაპირ დაადო ხელი იაკობს?“ – იკითხა დაცვის მხარემ. ადვოკატის განმარტებით, პროკურატურა დაჭრილის რამდენიმე ახლობელსაც უსმენდა, თუმცა ამ საუბრის ჩანაწერი დაცვის მხარისთვის არ გადაუციათ.

„საერთოდ რატომ უსმენდით იმ ადამიანებს, მათ ხომ თქვენთვის სასარგებლო ჩვენება თავიდანვე მოგცეს? იქნებ იმიტომ უსმენდით, რომ მაკომპრომეტირებელი მასალის მოგროვება გინდოდათ, რადგან არსებობდა რისკი მათ იგივე აღარ ეთქვათ სასამართლოში, რაც გამომძიებლებს უთხრეს“, – აღნიშნა ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ.

„აბსურდული ბრალდებაა. ჩვენ ყველა ჩანაწერი განვახორციელეთ კანონის სრული დაცვით და ყველა მასალა გადმოგეცით“, – მოკლედ მოუჭრა პროკურორმა ადვოკატს.

გამოძიებამ ვერ ამოიღო დანა, რითაც დანაშაული განხორციელდა. პროკურატურის მტკიცებით, დამნაშავემ სამზარეულოს დანა გამოიყენა, რასაც დაცვის მხარე კატეგორიულად გამორიცხავს კაფეს მომსახურე პერსონალის ჩვენებებზე დაყრდნობით. მათი თქმით, საცეკვაო მოედნის სიახლოვეს კაფეს სამზარეულოს დანა არ იქნებოდა დადებული.

რაც შეეხება დაზარალებულ გიზო დუმბაძეს, მას მკურნალობა ჩაუტარდა და გამოჯანმრთელდა. ჩვენების მიცემის დროს, მან გამომძიებლებს უთხრა, რომ ნასვამი იყო და აღარ ახსოვს, ვინ დაჭრა.

იმავე საღამოს თხილნარის კაფეში კიდევ რამდენიმე პირმა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება. იაკობ აზარაძის მიმართ სწორედ ამ ნაწილში გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლე ირაკლი შავაძემ და მას 9 თვით პატიმრობა შეეფარდა. იაკობ აზარაძე თითქმის 9 თვე უკვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას დაახლოებით 10 დღე მოუწევს ისევ ციხეში ყოფნა.

იაკობ აზარაძის ახლობლები სასამართლო პროცესის შემდეგ

 

მთავარი ფოტო: პროკურორი რამაზ შავაძე

 

 

 

 

 

საქართველოს კონსული ტრაპიზონში: საქართველოს მოქალაქე და პოლიციელი დაკავებულები არიან

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კოსნულის, ავთანდილ მიქაცაძის განცხადებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე და თურქი პოლიციელი დაკავებული არიან. „ბათუმელები“ კონსულს ტელეფონით ესაუბრა.

ბატონო ავთანდილ, კონკრეტულად რა ინფორმაციას ფლობთ სარფის საბაჟო გამშვებ პუნტქზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და თუ მოინახულეთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც როგორც ამბობენ, საავადმყოფოშია გადაყვანილი?

ვიცე კონსული და კონსული ადგილზე არიან და არკვევენ სიტუაციას. ორივე პირი – პოლიციელიც [თურქეთის მოქალაქე] და საქართველოს მოქალაქეც  დაკავებულია ხოფის პროკურატურის მიერ, რადგან ორივე მხარე მონაწილეობდა ინციდენტში.

რამდენად მძიმეა დაზიანებები, რომელიც მიიღო საქართველოს მოქალაქემ?

მას ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა და ამ დროისთვის უკვე გადაყვანილია საავადმყოფოდან. აქედან გამომდინარე, სერიოზული დაზიანებები არ იქნება. დაზიანებები ორივე პირს აქვს მიღებული. დანარჩენს სასამართლო გაარკვევს.  ორივე დაიკითხება  ეჭვმიტანილის სტატუსით.

ითქვა, რომ საქართველოს მოქალაქე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ?

ეს თურქული მხარის პოზიციაა, მაგრამ საქართველოს მოქალაქე ამ ფაქტს არ ადასტურებს. ექსპერტიზა ჩაუტარდათ, ამიტომ მასალებში ოფიციალური ვერსია დაიდება.

ამჟამად სად იმყოფებიან დაკავებულები?

საქართველოს მოქალაქე იყო საავადმყოფოში ხოფაში და უკვე გადმოყვანილია საბაჟო ზონაში, სარფში და ახლა ვარკვევთ მის მომავალს, რადგან ორივეს ემუქრება ციხე და ვცდილობთ, რომ ეს ავაცილოთ. როგორც თურქული მხარე გვიმტკიცებს, პირველი ჩვენმა მოქალაქემ დაარღვია კანონი. თუმცა, კანონდარღვევა ორივეს მხრიდან დასტურდება.

ოფიციალური პირებიდან კიდევ ვინ არის ინფორმირებული ფაქტის შესახებ?

დღეს ჩამოფრინდა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, გაიარა სარფში და ინფორმირებულია ამ ფაქტის შესახებ. ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი ჩატარდება კანონის ფარგლებში. რადგან ადგილზე იმყოფებიან ვიცე კონსული და კონსული, მე აღარ წავედი, რადგან  შს მინისტრს აქ ველოდები, ტრაპზონში, კონფერენციაზე და იმედია შევხვდები და ვთხოვ, რომ ეს საქმე აიყვანოს კონტროლზე.

ბატონო ავთანდილ, ვინ იცავს საქართველოს მოქალაქის უფლებებს, ადვოკატი ჰყავს?  

ადვოკატი დანიშნული ჰყავთ სახაზინო წესით, თუმცა  ჩვენც ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქის უფლებები იყოს დაცული. კონტაქტი გვაქვს სახალხო დამცველის ოფისთანაც [საქართველოში] და განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმირებული იქნებიან.

 

 

ვაკანსიები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა.

ერთი ვაკანსია სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტშია, მთავარი სპეციალისტის პოსტზე, მეორე კი  ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პროგრამების მართვისა და სამედიცინო მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 13 აპრილი.

საკონსტიტუციოს სამი მოსამართლის განსხვავებული პოზიცია

„მიღებული გადაწყვეტილება ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, ემყარება სამართლებრივი ნორმების მცდარ ინტერპრეტაციას და არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არდაკმაყოფილების საფუძველი,“ – წერენ საკუთარ „განსხვავებულ აზრში“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები: ირინე იმერლიშვილი, მაია კოპალეიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დანარჩენ მოსამართლეებს არ ეთანხმებიან.

დღეს, 7 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესზე, რომლის მიხედვითაც ძალაში რჩება რეგულაცია და ისევ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ექნება უფლება, ფარული ჯენჭისყრის გზით შეარჩიოს მოსამართლეები, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ დაასაბუთოს.

სასამართლოს პლენუმმა განმარტა, რომ მიმდინარე წლის თებერვალში კანონი შეიცვალა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება უკვე არსებობს. 

სამი მოსამართლე თავის „განსხვავებულ აზრში“ ხაზს უსვამს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღება დააგვიანა.

„სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო იმდენად გვიან, რომ ფაქტობრივად კანონმდებელს მიეცა შესაძლებლობა, ცვლილება შეეტანა მოქმედ კანონმდებლობაში. აღნიშნული გარემოება შემდგომ სასამართლომ გამოიყენა კონსტიტუციური სარჩელის არდაკმაყოფილებისთვის,“ – ვკითხულობთ „განსხვავებულ აზრში“.

სამი მოსამართლე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, საკანონმდებლო ცვლილებებით დადგენილმა რეგულაციებმა რამდენად შეცვალა რეალობა. „განსხვავებული აზრის“ ავტორები ღიად აფიქსირებენ პოზიციას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია „უკანონო, თვითნებური, ან მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების პრევენციისთვის“.

„საბოლოოდ, მოსამართლეობის კანდიდატი ფასდება მარტოოდენ მშრალი სიტყვების მითითებით: არ აკმაყოფილებს, აკმაყოფილებს, სრულად აკმაყოფილებს,“ – ვკითხულობთ სამი მოსამართლის გადაწყვეტილებაში: „აღნიშნული რეგულირება ბადებს ბუნდოვნებას და სამართლებრივი განუჭვრეტლობის განცდას, რადგან სრულიად გაურკვეველია, კეთილსინდისიერების კრიტერიუმის რომელი მახასიათებლის შეფასების შედეგად მივიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკრეტულ დასკვნამდე“.

ამავე განცხადებაში მოსამართლეები მიუთითებენ იმას, რომ რეალურად არ არსებობს შესაძლებლობა გადამოწმდეს ამა თუ იმ კანდიდატს რამდენად სამართლიანად უთხრეს უარი მოსამართლედ გამწესებაზე.

სამი განსხვავებული პოზიციის მოსამართლე შაბლონს უწოდებს არსებულ რეგულაციას: „შაბლონური გადაწყვეტილებები აზიანებს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს“.

ლიფტის შახტაში ჩავარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა

6 აპრილს ბათუმში, სასტუმრო „სანაპიროს“ ლიფტის შახტაში ჩავარდნილი მამაკაცი, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურმა მრავლობითი მოტეხილობებით რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, გარდაიცვალა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის დროს ცოცხალი იყო. „აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობები“.

„ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის  240-ე მუხლით, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტრომანის ბარათით ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტშიც ისარგებლებთ

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს მეტრომანის ბარათითაც გადაიხდით. ასეთი ბარათით სარგებლობა საქართველოს ორ ქალაქშია შესაძლებელი, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს – თბილისსა და ბათუმში [რაც შეეხება რუსთავს, იქ ამ ბარათით ვერ ისარგებლებთ, ქვეყნის სხვა ქალაქებში კი მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემა არ აქვთ].

სიახლე, რომელიც უკვე მოქმედებს ბათუმში, გადახდის სისტემის ცვლილებას უკავშირდება. ამ ახალი სისტემით, მგზავრობის საფასურის გადახდა „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ბარათების ნაცვლად, სპეციალური სატრანსპორტო და „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათებითაცაა შესაძლებელი. „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ბარათების გამოყენება მაისის თვიდან აღარ იქნება შესაძლებელი.

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, პაატა დუმბაძის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი გაჩერებებთან დამონტაჟებული საინფორმაციო დაფებისა თუ ელექტროტაბლოების განახლება ან დამატება. წელს მოსაცდელებზე არც ისეთი საინფორმაციო დაფების განთავსებაა დაგეგმილი, რომლებზეც ქალაქის რუკა, სამარშრუტო ხაზები და მოძრაობის გრაფიკი იქნება მითითებული.

„ახლა მიდის მუშაობა და ტურიზმის სააგენტო ბეჭდავს სატრანსპორტო რუკებს, სამომავლოდ ჩვენც ვგეგმავთ და განვათავსებთ. ამ ეტაპზე კი შესაბამისი ხარჯის გაწევა არ ღირს, ვინაიდან მიმდინარეობს მწვანე ქალაქების პროექტზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა მთლიანად მოხდეს სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაცია და საერთოდ ყველაფერი შეიცვალოს – მარშრუტიც, გაჩერების ადგილები… 2019 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს იდეაში ეს სამუშაო, შესაძლოა უფრო ადრეც,“ – ამბობს პაატა დუმბაძე.

ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორის თქმით, მაქსიმუმ ორ თვეში გამოცხადდება ტენდერი 30 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე, მათგან 10 იქნება ელექტროავტობუსი.

პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს პირველკლასელთა დეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს დასრულდება.

პირველ ეტაპზე სკოლაში ის პირველკლასელები დარეგისტრირდებიან, ვისი და-ძმაც სწავლობს იმ კონკრეტულ სკოლაში, სადაც გადის რეგისტრაციას, ასევე ის ბავშვები, ვისი მშობელიც სკოლის თანამშრომელია და ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

მეორე ეტაპზე ონლაინრეგისტრაცია 2017 წლის 8 მაისს, დილის ცხრა საათზე დაიწყება, რომელიც პირველი ივნისის ჩათვლით იწარმოებს. პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

მესამე ეტაპი დაიწყება 19 ივნისს და დასრულდება  30 ივნისს. რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში მე-2 ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

რეგისტრაცია პირველკლასელებმა უნდა გაიარონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად.

სამინისტროს ინფორმაციით, 2016-2017 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისას უსრულდებათ 6 წელი.

2017-2018 სასწავლო წელი  15 სექტემბერს დაიწყება.

თევზის ფესტივალი ბათუმში [Photo]

ბათუმში თევზის ფესტივალი პირველად გაიმართა.  ზღვისპირას მოწყობილ დახლებზე სხვადასხვა ჯიშის თევზი იყო გამოტანილი. იქვე სახელდახელოდ მოწყობილ მინიაუზებში დამთვალიერებელს ცოცხალი თევზის ნახვაც შეეძლო.  ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, თევზპროდუქტები დაეგემოვნებინათ.

 

ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ:  ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი”,  აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა და აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 

თევზის ფესტივალი
თევზის ფესტივალი

IMG_0018 (Copy)

 

IMG_0028 (Copy)

IMG_0024 (Copy)

IMG_0062 (Copy)

IMG_0045 (Copy)

მოსამართლის შერჩევას დასაბუთება ისევ არ დასჭირდება

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას დასაბუთება ისევ არ დასჭირდება. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 7 აპრილს მიიღო.

სარჩელის ავტორები არიან მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატები: მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი. მათ გასულ წლებში არაერთხელ უთხრა უარი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. საბჭოს, მოქმედი კანონმდებლობით, არ აქვს ვალდებულება, დაასაბუთოს გადაწყვეტილება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას და დასაბუთებული პასუხის გაცემა შეუძლებელიცაა. მოსამართლეობის მსურველებს გასულ წლებში არც უარის გასაჩივრების საშუალება მიეცათ.

საკონსტიტუციო სასამართლოს უარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მიმდინარე წლის 13 თებერვალს შესულ ცვლილებას დაეყრდნო. ამ ცვლილების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მოსამართლეობის კანდიდატმა შესაძლოა გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ცვლილებას არსებითად არაფერი შეუცვლია, რადგან გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარულ კენჭისყრაზე იღებს და შესაბამისად, მას დასაბუთების ვალდებულება ისევ არ აქვს.

9 მოსამართლიდან სამი საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ირინე იმერლიშვილის, მაია კოპალეიშვილის და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებულ პოზიციებს სასამართლო დღეს გამოაქვეყნებს.

მოქალაქე: სარფის საბაჟოს თურქულ ნაწილში ჩემს დისშვილს სცემეს

მოქალაქე დოდო სამნიძე აცხადებს, რომ დღეს დილით მის დისშვილს სცემეს სარფის საბაჟოს თურქულ ნაწილში. ის ამბობს, რომ არის თვითმხილველი, თუ როგორ სცემეს სარფის საბაჟოზე თურქმა მებაჟეებმა მის დისშვილს: „მე თვითონ დავინახე, როგორ იყო სასტიკად ნაცემი და წაიყვანეს საავადმყოფოში. შემდეგ კი უხადეს ბოდიში, მაგრამ ბოდიში რას შველის. საავადმყოფოში გაყვა მეუღლე და დედა. დაკავშირებას ტელეფონზე ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ, თუმცა გუბერნატორი გველაპარაკა და გვითხრა, რომ ნახევარ საათში საქართველოს საზღვარზე გადმოიყვანენ“.

სარფის საბაჟოზე ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. უწყების განცხადებით, „ტრაპზონში საქართველოს საკონსულოსთვის ცნობილია აღნიშნული ფაქტის შესახებ. მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ თურქულ მხარესთან. თურქი სამართალდამცავების ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით დილის 6 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ სიტყვიერი და ფიზიკური შეუაცხყოფა მიაყენა თურქ პოლიციელს. თურქი სამართალდამცავების ინფორმაციით, როგორც თურქი პოლიციელი, ასევე საქართველოს მოქალაქე გაივლიან სამედიცინო შემოწმებას და შემდგომ დაიკითხებიან პროკურატურაში. საქართველოს საკონსულო მაქსიმალურად არის ჩართული, რათა გამოძიების პროცესი წარიმართოს საქართველოს მოქალაქის უფლებების სრული დაცვით“.

სარფში შეკრებილი ნაცემი მოქალაქის ოჯახის წევრები მის ნასვამობას უარყოფენ და იმედს გამოთქვამენ, რომ პროკურატურა ალკოტესტს ჩაატარებს.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის ასევე დაუკავშირდა თურქეთის საკონსულოს ბათუმში, სადაც გვითხრეს, რომ ხელმძღვანელი ადგილზე არ იმყოფება, ხოლო მათ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია საბაჟოზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე აცხადებს, ამ დროისთვის სარფში, საქართველოს მხარეს შეკრებილია მოქალაქეთა ერთი ჯგუფი.

თამაზ ბაკურიძის თქმით, „ერთ-ერთ მოქალაქეს, რ. ლ.-ს, რომელიც თურქეთში გადადიოდა, მებაჟემ უთხრა, რომ უკან გამობრუნებულიყო, მოქალაქემ არ იცის თურქული ენა, შესაბამისად, ვერ გაიგო რას ითხოვდა მისგან მებაჟე. ამის გამო, როგორც თვითმხილველებმა მითხრეს, მოხდა ინციდენტი. იყო  ფიზიკური ზეწოლა, შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ხალხის აღშფოთება. ერთი პერიოდი ხმა გავრცელდა, რომ გარდაიცვალაო, რამაც სიტუაცია უმართავი გახადა საბაჟოზე, თუმცა შემდეგ გადავამოწმეთ და ეს ინფორმაცია და ზუსტი არ აღმოჩნდა“.

სარფში მყოფი თამაზ ბაკურიძე აცხადებს, რომ საბაჟო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე როინ ლეონიძის ახლობლები არიან შეკრებილი
სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან რ. ლ-ს ახლობლები არიან შეკრებილი
Exit mobile version