მთავარი,სიახლეები

რა პრობლემებზე ესაუბრნენ პატიმრები ცოტნე ანანიძეს

06.07.2017
რა პრობლემებზე ესაუბრნენ პატიმრები ცოტნე ანანიძეს

„მთავარი პრობლემა, რაზეც პატიმრები საუბრობენ, არის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურება,“ – უთხრა ბათუმის ციხიდან გამოსულმა ცოტნე ანანიძემ „ბათუმელებს“. აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის შეხვედრა პატიმრებთან რამდენიმე საათს გაგრძელდა. ცოტნე ანანიძე დაწესებულებაში სასჯელაღსრულების სამინისტროს ნებართვის საფუძველზე შევიდა.

ცოტნე ანანიძის თქმით, იგი ბათუმის ციხის მთავარ ექიმსაც შეხვდა: „მითხრა, რომ ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას უწევენ პატიმრებს. ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ მაქსიმალურად სრულფასოვანი, დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინონ პატიმრების ჩივილებზე,“ – ამბობს ცოტნე ანანიძე.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეს კითხვები აქვს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან. პატიმრებმა მას უთხრეს, რომ სადამსჯელო ღონისძიების გამოყენება ხშირად უსამართლოდ ხდება, მაგალითად, ტელეფონზე საუბრის შეზღუდვა. ცოტნე ანანიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ღონისძიება, რაც პატიმარს კონკრეტულ უფლებას უზღუდავს, უნდა იყოს სამართლიანი და ამ თემაზე ის შეხვედრას სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებთან აპირებს.

ცოტნე ანანიძე საუბრობს დადებით ტენდენციებზეც: „როცა პატიმარი ვიყავი, საკნები ძალიან გადატვირთული იყო პატიმრებით. ახლა როცა შევედი ციხეში, პირველად ამან მიიქცია ჩემი ყურადღება, საერთოდ გადატვირთულობაზე საუბარი ზედმეტია. მთლიანად დავათვალიერე ციხის ინფრასტრუქტურა. უკვე მოეწყო პირადი პაემნების ოთახი. პატიმრებს შეუძლიათ დროის გარკვეულ მონაკვეთში შეხვდნენ საკუთარი ოჯახის წევრებს და მათთან განმარტოებით ერთი დღე-ღამე გაატარონ. რაც მთავარია, არც ერთი პატიმარი აღარ საუბრობს ცემასა და არაჰუმანურ დამოკიდებულებაზე“.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე შეხვდა იმ პატიმრებსაც, ვინც ციხიდან წერილი გამოაგზავნეს და აღნიშნეს, რომ ცოტნე ანანიძე მათი პრობლემებით არ ინტერესდება. დეპუტატის თქმით, ზოგიერთი პატიმარი სამედიცინო დაწესებულებაში იყო გადაყვანილი, რამდენიმე მათგანის შესახებ კი, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ისაუბრებს.

ცოტნე ანანიძე ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს 30 პატიმარს ესაუბრა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: