მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია 800 ათასი ლარით სათვალთვალო კამერებს ყიდულობს

07.07.2017 • 2406
ბათუმის მერია 800 ათასი ლარით  სათვალთვალო კამერებს ყიდულობს

ბათუმის მერიამ საბიუჯეტო ცვლილებების დროს თანხა გამოყო ვიდეოსათვალთვალო კამერების შესაძენად. მერიის ინფორმაციით, მთლიანობაში 223 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერა უნდა შეიძინონ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 830 500 ლარი დაიხარჯება.

როგორც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, არჩილ ვანაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, პირველ ეტაპზე 150 ვიდეოსათვალთვალო კამერის შესყიდვაა დაგეგმილი.

„შს სამინისტროდან იყო წერილი შემოსული, თუ რომელი მომწოდებლებისგან, როგორი პარამეტრებით უნდა მოხდეს კამერების შესყიდვა, იმიტომ, რომ შემდეგ ეს კამერები ვიდეოსათვალთვალო კამერების ერთიან ქსელში უნდა ჩაერთოს.

პირველ ეტაპზე ვაპირებთ 150 სელექციური რადარის შესყიდვას, რისთვისაც 538 500 ლარია გამოყოფილი, დანარჩენის შესყიდვა მოხდება შემდგომ ეტაპებზე,“-გვეუბნება ის.

არჩილ ვანაძის თქმით, ვიდეოსათვალთვალო კამერების მოვლა-პატრონობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს.

დოკუმენტის მიხედვით, რომელიც მერიამ საბიუჯეტო ცვლილებების დროს საკრებულოს სხდომაზე წარმოადგინა, სულ დაგეგმილია 24 სელექციური რადარის, 145 ზოგადი ხედის, 29 სახის ამომცნობი და 25 მართვადი ვიდეოკამერის შესყიდვა.

როგორც მერიაში გვითხრეს, აღნიშნული ვიდეოთვალები ქალაქის მასშტაბით განთავსდება, თუმცა ამ დროისთვის ვიდეოსათვალთავალო კამერების განთავსების ადგილები დაზუსტებული არ არის.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: