რა ტიპის საწვავის, გაბარიტებისა თუ ტექნიკური მონაცემების მქონე ავტობუსები იქნება ბათუმისთვის ოპტიმალური? – ბათუმის მერიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] მიერ დაქირავებული კონსულტანტების დასკვნას ელოდებიან, რის მიხედვითაც მუნიციპალიტეტისთვის ახალი ავტობუსები უნდა შემოიტანონ, თუმცა, ამით მოძველებული ავტობუსების მეხუთედის ჩანაცვლებაც კი ვერ მოხერხდება.
„როგორც კი დასკვნა დაიდება, მერე გვეცოდინება დეტალები, თუმცა არის საუბარი ასე – ალბათ ერთი ხაზი საცდელად დაკომპლექტდება ელექტროავტობუსით და დანარჩენი – „ევრო 5“ დიზელზე მომუშავე ავტობუსებით. დასკვნას სწორედ იმისთვის ველოდებით, რომ ეს დავაზუსტოთ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა, პაატა დუმბაძემ.
„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ არ გამორიცხავენ იმასაც, რომ შესაძლოა EBRD-მა წარმოადგინოს დასკვნა, რომ ბათუმში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ელექტროავტობუსები იმუშავებს. „რეკომენდაციებს უნდა გავყვეთ, რადგან ჩვენ არამარტო ავტობუსების რაოდენობრივად შეძენაზე ვართ ორიენტირებულები, არამედ გარემოს დაცვითი კუთხითაც ვმუშაობთ. რასაც შევიძენთ, ის უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირებისათვის, კონდიცირებით და ა.შ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პირობები ჩადებული“ – ამბობს პაატა დუმბაძე.
ახალ ავტობუსებს ბათუმისთვის EBRD-ის სესხით შეიძენენ. ბათუმისთვის ავტობუსების პარკის გასაახლებლად დაფინანსების მოზიდვის მიზნით კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან კონსულტაციებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მართავს.
დაზუსტებული არ არის, თუ რამდენ ავტობუსს შეიძენენ ბათუმისთვის: „ავტობუსების რაოდენობაც ფასის მიხედვით განისაზღვრება, რადგან ელექტროავტობუსები დიზელზე მომუშავე ავტობუსებთან შედარებით სამჯერ ძვირი ღირს. კონსულტანტებმა ტექნიკურადაც უნდა გათვალონ, შემდეგ – ფინანსურადაც და ისე უნდა დამტკიცდეს სესხი,“ – ამბობს პაატა დუმბაძე.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აღნიშნული სესხით 20-მდე ავტობუსი უნდა შეიძინონ. ახალი ავტობუსებით რომ ძველის ჩანაცვლება არ მოხდება, ამას „ავტოტრანსპორტშიც“ ადასტურებენ.
„ძველი ვერ ჩანაცვლდება, რადგან ახლა გვყავს 120 ავტობუსი და ამდენს ნამდვილად ვერ ვიყიდით, ეს გამორიცხულია… რაოდენობა როცა იქნება ზუსტად ცნობილი, გვეცოდინება იმ ძველს რა ბედი ეწევა და ა.შ.“ – ამბობს პაატა დუმბაძე.
EBRD-ის კონსულტანტებს დასკვნის მომზადებამდე კიდევ თვენახევარი აქვთ. შემდეგ, როგორც ავტოტრანსპორტში აცხადებენ, „დარჩება პატარ-პატარა ბიუროკრატიული საკითხები, მიწერ-მოწერები, ხელშეკრულებების გაფორმება და ა.შ.“ რის შემდეგაც გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი ავტობუსების შეძენაზე. „იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე უკვე ადგილზე იქნება ეს ავტობუსები,“ – ამბობს პაატა დუმბაძე.
ბათუმში ჩამოსული გარემოსდაცვითი, ასევე ფინანსური და ტექნიკური კონსულტანტები, თავად EBRD-მა დაიქირავა.
შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ქალაქ ბათუმის მერიის დაქვემდებარებაშია. კომპანიას ქალაქის ბიუჯეტიდან მერია ყოველწლიურად აფინანსებს. „მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარების მიზნით“ 2016-2019 წლებში ბათუმის ბიუჯეტიდან, პროექტის მიხედვით, ჯამში 23,6 მილიონი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი.