მთავარი,სიახლეები

„ბათუმობა 2017“-ის სცენარს კულტურის სახლი 10 000 ლარად შეისყიდის

09.07.2017 • 4403
„ბათუმობა 2017“-ის სცენარს კულტურის სახლი 10 000 ლარად შეისყიდის

ბათუმის კულტურის ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა თანხმობისთვის, რათა სახალხო დღესასწაული „ბათუმობა 2017“-ის სცენარი გამარტივებული წესით 10 ათას ლარად შეისყიდოს რევაზ ახრახაძისგან. ტენდერის გარეშე შესყიდვის საფუძვლად კულტურის სახლი ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ასახელებს.

„აღნიშნული მომსახურების შესყიდვით შესაძლებელი გახდება ბათუმობის დღესასწაულის მაღალორგანიზებულად ჩატარება… რევაზ ახრახაძის ექსკლუზიური უფლებამოსილება კი დადასტურებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მიერ 2017 წლის 3 ივლისს გაცემული N7007 დეპონირების დამადასტურებელი მოწმობით“ – აღნიშნულია კულტურის ცენტრის განაცხადში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ბათუმის კულტურის ცენტრის განცხადება 13 ივლისამდე უნდა განიხილოს.

ცენტრის დირექტორის, ჯონი საბაშვილის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „ბათუმობა 2017“-ის თაობაზე წარდგენილი რევაზ ახრახაძის სცენარი – „ბათუმი საოცრებათა ქალაქი“, მოიწონა ბათუმის მერიაში არსებულმა ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების კომისიამ.

brZaneba

ჯონი საბაშვილის ბრძანების ფრაგმენტი

ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორს, რევაზ ახრახაძემ 10 000 ლარის სანაცვლოდ სცენარის გადაცემაზე ხელშეკრულების გაფორმება, მიმდინარე წლის 6 ივლისს შესთავაზა; ჯონი საბაშვილმა კი მეორე დღეს, 7 ივლისს, გამოსცა ბრძანება სცენარის შესყიდვის მიზნით თანხის გამოყოფაზე.

werili axraxaZe

რევაზ ახრახაძის განცხადება

„ბათუმობა 2016“  ბათუმში გასულ წელს, 3 და 4 სექტემბერს გაიმართა.

მთავარი ფოტო: „ბათუმობა 2016“-ის სამზადისი, „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: